ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულია
„სანამ მომავალ თაობას არ მივხედავთ, კაცთა მოდგმის უმთავრესი მოუგვარებელი პრობლემები კვლავ უმთავრეს მოუგვარებელ პრობლემებად დარჩება“ (გაერთიანებული ერების ბავშვთა დახმარების საგანგებო ფონდი).
მთელ მსოფლიოში ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულია. ამ ტრაგედიის დიდმასშტაბიანობის სარწმუნო ფაქტები წარმოდგენილი იყო 1996 წელს სტოკჰოლმში (შვედეთი), ბავშვთა კომერციულ-სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ მებრძოლ მსოფლიო კონგრესზე, რომელსაც 130 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. მაგალითად, დასაბუთებული იყო, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონობით გოგონას, რომელთაგანაც ზოგი ათ წელსაც არ გადასცილებია, აიძულებენ, იმეძაონ.
ავსტრალიის ერთ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ასეთ იძულებით პროსტიტუციას უწოდეს „მონობის ყველაზე საშინელი სახეობა“ (Melbourne University Law Review). წლების განმავლობაში ფიზიკური, გონებრივი და ემოციური გვემის შემდეგ ეს გოგონები მთელი ცხოვრების მანძილზე გაუბედურებული რჩებიან. უმეტეს შემთხვევაში ისინი ამ დაუნდობელ სისასტიკეს ემორჩილებიან მხოლოდ იმიტომ, რომ შიმშილით სული არ ამოხდეთ. მათს შემთხვევაში არჩევანია ან შიმშილით სიკვდილი, ან პროსტიტუცია. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი საკუთარი მშობლების „წყალობითაა“ მეძავი, რომელთაც უკიდურესი სიღატაკის გამო გაყიდეს ისინი.
ამ აშკარა ტრაგედიასთან ერთად ცხარე კამათის საგანი ბავშვების იძულებითი მუშაობაა. აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და მსოფლიოს მრავალ მხარეში, აგრეთვე აშშ-ში სეზონურად მომუშავეთა შორის ბავშვებს ხუთი წლიდან აიძულებენ, მონურად იმუშაონ. ისინი პატარა რობოტებივით მუშაობენ შემაძრწუნებელ პირობებში, რაც მათს ნორჩ სხეულსა და გონებას ანადგურებს. უმეტესობას არა აქვს მიღებული განათლება, არასოდეს უგრძვნია მშობლის სიყვარული, უსახლკარობის გამო თავს უშიშრად ვერ გრძნობს, არ ჰქონია სათამაშოები და სკვერებში ბავშვებთან არ უთამაშია. ბევრს მშობლები ენით აუწერელი სისასტიკით ეპყრობიან.
მცირეწლოვანი ჯარისკაცები და ობლები
ბავშვთა ტრაგედია მხოლოდ ამით არ ამოიწურება; პარტიზანულ რაზმებში უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ბავშვებს. მათ იტაცებენ ან მონათა ბაზარზე ყიდულობენ და დროდადრო მკვლელობებს აყურებინებენ, რომ ისინი გაამხეცონ. ზოგს მშობლებსაც ახოცვინებენ ან ნარკოტიკებს აღებინებენ, რომ უფრო გააძლიერონ მათში მკვლელის ინსტინქტები.
ქვემოთ მოყვანილი დიალოგი ათასობით მცირეწლოვანი აფრიკელი ჯარისკაცი ბავშვის იდეოლოგიური დამუშავების მაგალითია. ეს შემზარავი საუბარი შედგა სოციალური პრობლემების სფეროში მომუშავესა და მცირეწლოვან ჯარისკაცს შორის, რომელსაც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შემორჩენოდა მცირეოდენი ბავშვური მიამიტობა:
— მოგიკლავს კაცი?
— არა.
— იარაღი თუ გქონია?
— დიახ.
— უმიზნებდი ადამიანებს?
— დიახ.
— ესროდი მათ?
— დიახ.
— სროლის შემდეგ რა ხდებოდა?
— ხალხი, უბრალოდ, ეცემოდა“.
ჯარისკაცთაგან ბევრი ძალიან პატარაა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ზოგი ჯერ მხოლოდ ექვსი წლისაა. როგორც იუწყებიან, ჯერ კიდევ 1988 წელს მცირეწლოვან ჯარისკაცთა რიცხვი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 200 000-ს შეადგენდა.
ცნობილია, რომ 1988—1992 წლებში აზიური ქვეყნების უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში 550 ბავშვი, უმეტესწილად გოგონები, შიმშილით სიკვდილისთვის გასწირეს. ექიმი გვამცნობს: „ობლებს არ აძლევდნენ ტკივილგამაყუჩებლებს, მომაკვდავებს კი ლოგინებზე აბამდნენ“.
რა მდგომარეობაა ევროპაში? ერთ-ერთი ქვეყანა შეზარა იმ ფაქტმა, რომ არსებობდა ბავშვთა პორნოგრაფიის საერთაშორისო დაჯგუფება, რომლის წევრებიც გოგონებს იტაცებდნენ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. ზოგი საბრალო გოგონა დახოცეს, ზოგს კი შიმშილით სული ამოხადეს.
ეს ცნობები, ფაქტია, იმაზე მიუთითებს, რომ მრავალ ქვეყანაში რეალური პრობლემაა ბავშვების ექსპლუატაციასა და მათზე ძალადობასთან დაკავშირებით. გაზვიადება ხომ არ იქნებოდა ყოველივე ამის მსოფლიო მასშტაბის პრობლემად მიჩნევა? ამ კითხვაზე პასუხს შემდეგი სტატია გაგვცემს.
[სურათი 4 გვერდზე]
მცირეწლოვანი ჯარისკაცი ლიბერიაში.
[საავტორო უფლება]
John Gunston/Sipa press
[სურათი 4 გვერდზე]
კოლუმბიის აგურის ქარხანაში ბავშვებს აზიდვინებენ აგურს.
[საავტორო უფლება]
UN PHOTO 14800/Jean Pierre Laffont.
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
FAO photo/F. Botts