-
‘ქრისტეს გონებასთან’ გაცნობასაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 თებერვალი
-
-
‘ქრისტეს გონებასთან’ გაცნობა
„ვინ შეიცნო გონება უფლისა, რათა განსაჯოს იგი? ხოლო ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს“ (1 კორინთელთა 2:16, სსგ).
1, 2. იესოს შესახებ რის გამხელა ჩათვალა საჭიროდ იეჰოვამ თავის სიტყვაში?
როგორ გამოიყურებოდა იესო? რა ფერის თმა ჰქონდა? როგორი კანი ან თვალები? რა სიმაღლის იყო? რამდენს იწონიდა? საუკუნეებია, რაც მხატვრები იესოს სხვადასხვაგვარად, ხან ბუნებრივად და ხანაც არაბუნებრივად, წარმოგვიდგენენ. ზოგის ნახატებში ის ვაჟკაცური და ჯან–ღონით აღსავსე მამაკაცი იყო, ზოგისაში კი სუსტი და ფერმიხდილი.
2 მაგრამ ბიბლია ყურადღებას არ ამახვილებს იესოს გარეგნობაზე. ნაცვლად ამისა, იეჰოვა საჭიროდ მიიჩნევს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამის გამხელას, იმის გამხელას, თუ როგორი პიროვნება იყო ის. სახარებები არა მარტო იმას გვეუბნება, რას ამბობდა და აკეთებდა იესო, არამედ იესოს სიტყვებითა და მოქმედებებით გვიმხელს მისი გრძნობების სიღრმესა და აზროვნების ნიმუშს. ღვთის შთაგონებით დაწერილი ოთხი ცნობა საშუალებას გვაძლევს ჩავიხედოთ, პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ‘ქრისტეს გონებაში’ (1 კორინთელთა 2:16, სსგ). ძალიან მნიშვნელოვანია, გავეცნოთ იესოს აზრებს, გრძნობებსა და პიროვნულ თვისებებს. რატომ? სულ მცირე, ორი მიზეზის გამო.
3. რაში გვაცნობიერებს ქრისტეს გონებასთან გაცნობა?
3 პირველი, ქრისტეს გონებასთან გაცნობა იეჰოვა ღმერთის გონებაზე გვიქმნის წარმოდგენას. იესო იმდენად ახლოს იცნობდა მამას, რომ შეეძლო ეთქვა: „არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა. და არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა, და იმისა, ვისაც ძემ უნდა განუცხადოს“ (ლუკა10:22, აქ). იესომ ერთხელ დაახლოებით ასეთი აზრი გამოთქვა: „თუ გსურთ გაიგოთ, როგორია იეჰოვა, შემომხედეთ მე“ (იოანე 14:9). ამგვარად, სახარებებიდან იესოს აზროვნებასა და გრძნობებთან გაცნობა, ფაქტობრივად, იეჰოვას აზროვნებასა და გრძნობებთან გაცნობაა. ეს კი ღმერთთან მიახლოების საშუალებას გვაძლევს (იაკობი 4:8).
4. რა უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში და რატომ, თუ ნამდვილად გვსურს, მივბაძოთ ქრისტეს მოქმედებას?
4 მეორე, იესოს გონებასთან გაცნობა ‘მისი კვალის მიყოლაში’ დაგვეხმარება (1 პეტრე 2:21). იესოს კვალზე სიარული მხოლოდ მისი სიტყვების გამეორებითა და საქმეების მიბაძვით არ ამოიწურება. რადგან საუბრებსა და მოქმედებებზე აზრები და გრძნობები ახდენს გავლენას, ქრისტეს კვალზე სიარულს იმავე ‘აზრების’ განვითარება სჭირდება, როგორიც თავად მას ჰქონდა (ფილიპელთა 2:5). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სინამდვილეში ქრისტეს მოქმედების მიბაძვა გვსურს, საჭიროა, პირველ რიგში, მასავით აზროვნება და შეგრძნება ვისწავლოთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია არასრულყოფილი ადამიანისთვის. მოდი სახარების მწერალთა დახმარებით ჩავწვდეთ ქრისტეს გონებას. პირველ რიგში, განვიხილოთ ქრისტეს აზრებსა და გრძნობებზე მოქმედი ფაქტორები.
განკაცებამდე
5, 6. ა) რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენზე იმან, თუ ვისთან გვაქვს ურთიერთობა? ბ) ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ღვთის მხოლოდშობილ ძეს დედამიწაზე მოსვლამდე და რა გავლენა იქონია ამან მასზე?
5 ისინი, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ ერთიმეორესთან, დადებითად ან უარყოფითად მოქმედებენ ერთმანეთის აზრებზე, გრძნობებსა და მოქმედებაზეa (იგავნი 13:20). განვიხილოთ, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა იესოს დედამიწაზე ჩამოსვლამდე, ზეცაში ყოფნისას. იოანეს სახარება იესოს განკაცებამდე „სიტყვას“ ანუ ღვთის წარმომადგენლად მოლაპარაკეს უწოდებს. იოანე ამბობს: «თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი [„ღვთაებრივი“, აქ]. ის იყო თავდაპირველად ღმერთთან» (იოანე 1:1, 2). რადგან იეჰოვას დასაბამი არა აქვს, ღმერთთან „თავდაპირველად“ ყოფნა შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისზე უნდა მიუთითებდეს (ფსალმუნი 89:2). იესო არის „პირმშო ყოველი ქმნილებისა“. მაშასადამე, ის სხვა სულიერი ქმნილებებისა და ფიზიკური სამყაროს შექმნამდე არსებობდა (კოლასელთა 1:15; გამოცხადება 3:14).
6 ზოგი მეცნიერის აზრით, ფიზიკური სამყარო უკვე დაახლოებით 12 მილიარდი წელია, რაც არსებობს. თუ მათი აზრი სიმართლესთან გარკვეულწილად მაინც არის ახლოს, ღვთის პირმშოს ადამის შექმნამდე საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში ჰქონდა მამასთან ახლო ურთიერთობა (შეადარეთ მიქა 5:1). ამ ხნის განმავლობაში ამ ორ პიროვნებას შორის თბილი და ღრმა გრძნობები განვითარდა. ბიბლიაში გაპიროვნებული სიბრძნის, ანუ განკაცებამდე ღვთის პირმშოს, შესახებ ნათქვამია: „დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის [იეჰოვას] წინაშე ვლაღობდი“ (იგავნი 8:30). დიახ, სიყვარულის წყაროსთან უთვალავი წლის განმავლობაში ახლო ურთიერთობამ ღვთის ძეზე უდიდესი გავლენა იქონია! (1 იოანე 4:8). ძემ შეუდარებლად კარგად გაიცნო და აირეკლა მამის აზრები, გრძნობები და გზები (მათე 11:27).
დედამიწაზე ცხოვრება და მასზე აქ მოხდენილი გავლენა
7. რა არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აუცილებელი იყო ღვთის მხოლოდშობილი ძის დედამიწაზე მოსვლა?
7 ღვთის ძეს ამ დროს კიდევ რაღაც უნდა ესწავლა, რადგან ღმერთს მისი მღვდელმთავრად მომზადება ჰქონდა განზრახული და თანაც ისეთ მღვდელმთავრად, რომელსაც შეეძლებოდა ‘თანაეგრძნო ჩვენს უძლურებაში’ (ებრაელთა 4:15). ამ როლის შესასრულებლად საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო იმის ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ძე დედამიწაზე ხორციელად მოევლინა. აქ სისხლისა და ხორცისგან შემდგარი სხეულის მქონე იესომ საკუთარ თავზე გამოსცადა ის სიტუაციები და გავლენა, რომლებსაც ადრე მხოლოდ ზეციდან დაჰყურებდა. ახლა მას უკვე თავად შეეძლო გამოეცადა ადამიანური გრძნობები და ემოციები. ზოგჯერ ის დაღლილობას, წყურვილსა და შიმშილს გრძნობდა (მათე 4:2; იოანე 4:6, 7). გარდა ამისა, მან აიტანა ყოველგვარი გაჭირვება და ტანჯვა. იესომ ამგვარად „ისწავლა მორჩილება“ და გახდა ისეთი პიროვნება, რომელიც მღვდელმთავრის როლის შესასრულებლად გამოდგებოდა (ებრაელთა 5:8–10).
8. რა ვიცით იესოს ბავშვობის წლების შესახებ?
8 რა გადახდა თავს იესოს დედამიწაზე ყოფნისას? მისი ბავშვობის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. მხოლოდ მათე და ლუკა მოგვიყვნენ მის დაბადებასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. სახარების მწერლებმა იცოდნენ, რომ იესო დედამიწაზე დაბადებამდე ზეცაში ცხოვრობდა. სწორედ ამ განკაცებამდელმა ცხოვრებამ განაპირობა, სხვა ყველაფერზე მეტად, იესოს ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბება, როგორიც ის დედამიწაზე ყოფნისას იყო. მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი იყო. თუმცა სრულყოფილი იყო, უნდა გაზრდილიყო და გაევლო ჩვილობისა თუ ბავშვობის, მოზარდობისა თუ ზრდადასრულებულობის პერიოდი და ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის რაღაც ესწავლა (ლუკა 2:51, 52). ბიბლია იესოს ბავშვობის შესახებ გვამცნობს გარკვეულ მომენტებს, რომლებმაც, ეჭვგარეშეა, გავლენა იქონია მასზე.
9. ა) რა გვიჩვენებს, რომ იესო ღარიბ ოჯახში დაიბადა? ბ) რა მდგომარეობაში იზრდებოდა, ალბათ, იესო?
9 როგორც ჩანს, იესო ღარიბ ოჯახში დაიბადა. ამაზე მიუთითებს მისი დაბადებიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ იოსებისა და მარიამის მიერ ტაძარში მიტანილი მსხვერპლი. აღსავლენ მსხვერპლად ბატკნის მიყვანისა და ცოდვის გამოსასყიდად მტრედის ხუნდის ან გვრიტის შეწირვის ნაცვლად, მათ „ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა“ მიიყვანეს (ლუკა 2:24). მოსეს რჯულის თანახმად, ასეთ მსხვერპლს ღარიბები სწირავდნენ (ლევიანნი 12:6–8). დროთა განმავლობაში ეს ღარიბი ოჯახი გაიზარდა. იესოს სასწაულებრივად დაბადების შემდეგ იოსებსა და მარიამს სულ მცირე ექვსი შვილი გაუჩნდათ (მათე 13:55, 56). ასე რომ, იესო დიდ, უბრალო ოჯახში აღიზარდა.
10. რა გვიჩვენებს, რომ მარიამი და იოსები ღვთისმოშიშები იყვნენ?
10 იესო ღვთისმოშიშმა მშობლებმა გაზარდეს, რომლებიც მას მზრუნველობას არ აკლებდნენ. დედამისი, მარიამი, შესანიშნავი ქალი იყო. გაიხსენეთ, მისთვის ანგელოზ გაბრიელის მიერ ნათქვამი სიტყვები: „გიხაროდეს, მომადლებულო, შენთანაა უფალი“ (ლუკა 1:28). იოსებიც ღვთისმოსავი კაცი იყო. იერუსალიმში პასექის ზეიმზე დასასწრებად ის ყოველწლიურად ერთგულად გადიოდა 150 კილომეტრს. მარიამიც ყოველთვის თან ახლდა ქმარს ამ დღესასწაულზე, თუმცა ეს მხოლოდ მამაკაცებისგან მოითხოვებოდა (გამოსვლა 23:17; ლუკა 2:41). ერთი ასეთი შემთხვევის დროს, იოსებმა და მარიამმა 12 წლის იესო გულმოდგინე ძებნის შემდეგ ტაძარში მოძღვართა შორის მჯდომი იპოვეს. ბავშვმა აღელვებულ მშობლებს უთხრა: „ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“ (ლუკა 2:49). „მამა“ — ყრმა იესოსთვის ეს სიტყვა თბილი და დადებითი გრძნობების მომცველი იქნებოდა, რადგან, როგორც ჩანს, მისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდათ, რომ იეჰოვა იყო მისი ნამდვილი მამა. გარდა ამისა, არც იოსები უნდა ყოფილიყო ცუდი მამობილი, რადგან იეჰოვა თავისი საყვარელი ძის აღსაზრდელად სასტიკ და მკაცრ პიროვნებას ნამდვილად არ შეარჩევდა!
11. რა ხელობას დაეუფლა იესო და ბიბლიურ დროში რა შედიოდა ამ საქმიანობაში?
11 ნაზარეთში ყოფნისას იესომ დურგლობა ისწავლა, ალბათ, თავისი მამობილისგან, იოსებისგან. იესო იმდენად კარგად დაეუფლა ამ ხელობას, რომ მასაც ‘ხუროს’ უწოდებდნენ (მარკოზი 6:3). ბიბლიურ დროში დურგლები აშენებდნენ სახლებს, აკეთებდნენ ავეჯს (მაგიდებს, ტაბურეტებს, სკამებს და სხვა) და ამზადებდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღს. „ტრიფოსთან დიალოგში“ იუსტინე წამებული ახ. წ. მეორე საუკუნეში იესოს შესახებ წერდა: „დედამიწაზე ყოფნისას მას ჩვეულებად ჰქონდა სადურგლო საქმეების კეთება, მაგალითად, გუთნისა და უღლის დამზადება“. ეს ადვილი საქმე არ იყო, რადგან ძველ დროში დურგალს არ ჰქონდა ხის ყიდვის საშუალება. ის თვითონ მიდიოდა, არჩევდა ხეს, ჭრიდა და სახლში მოჰქონდა. ასე რომ, იესოსთვის უცხო არ ყოფილა სასიცოცხლოდ აუცილებელი სახსრების გამომუშავების, შემკვეთებთან ურთიერთობისა და ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფის სირთულეები.
12. რა ცხადყოფს, რომ იოსები, ალბათ, იესოზე ადრე მოკვდა და რას ნიშნავდა ეს იესოსთვის?
12 როგორც უფროსი ვაჟი, იესო, ალბათ, ოჯახზე ზრუნვაშიც იღებდა მონაწილეობას, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც იოსები გარდაიცვალაb. 1900 წლის 1 იანვრის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „გადმოცემის თანახმად, იოსები მაშინ მოკვდა, როდესაც იესო ჯერ კიდევ ყრმა იყო. ბიჭმა დურგლობა დაიწყო და ამით ოჯახს ეხმარებოდა. ამ განაცხადს გარკვეულწილად ადასტურებს ის ბიბლიური ცნობა, სადაც იესოს ხუროს უწოდებენ და სადაც მოხსენიებულია მისი დედა და და-ძმები, მაგრამ არაფერია ნათქვამი იოსებზე (მარკოზი 6:3). . . ამიტომ სრულიად დასაშვებია, რომ ჩვენი უფალი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის, 18 წლის, განმავლობაში — ამ [ლუკას 2:41—49-ში მოცემული] შემთხვევიდან მონათვლამდე — ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას ეწეოდა“. მარიამისა და მისი შვილებისთვის, იესოს ჩათვლით, ალბათ, უცხო არ იყო საყვარელი მეუღლისა და მამის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი.
13. მსახურების დაწყებისას რატომ ჰქონდა იესოს ისეთი ცოდნა, გამჭრიახობა და ღრმა გრძნობები, როგორიც ვერც ერთ სხვა ადამიანს ვერ ექნებოდა?
13 ცხადია, იესო არ დაბადებულა ისეთ ოჯახში, სადაც იოლი ცხოვრება ექნებოდა. პირიქით, მან საკუთარ თავზე გამოსცადა უბრალო ხალხის ყოველდღიური ყოფა. ახ. წ. 29 წელს დადგა დრო, როდესაც იესოს ღვთის მიერ მიცემული დავალება უნდა შეესრულებინა. იმ წლის შემოდგომაზე ის წყალში მოინათლა და ღვთის სულიერ ძედ იშვა. ‘გაიხსნა ცა მისთვის’, რაც, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებდა, რომ მას შეეძლო გაეხსენებინა ზეცაში განკაცებამდელი ცხოვრება და, მათ შორის, ის აზრები და გრძნობები, რაც ადრე ჰქონდა (ლუკა 3:21, 22). ასე რომ, მსახურების დაწყებისას იესოს ისეთი ცოდნა, გამჭრიახობა და ღრმა გრძნობები ჰქონდა, როგორიც ვერც ერთ სხვა ადამიანს ვერ ექნებოდა. სწორედ ამიტომ, სახარებების მწერლებმა უმეტესწილად იესოს მსახურების ამსახველი მომენტები აღწერეს. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ჩაწერეს ყველაფერი, რაც მან თქვა და გააკეთა (იოანე 21:25). მაგრამ ღვთის შთაგონებით მათ მიერ გაკეთებული ჩანაწერები საშუალებას გვაძლევს, ჩავიხედოთ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის გონებაში.
როგორი პიროვნება იყო იესო
14. როგორ აღგვიწერს სახარებები იესოს დიდად თბილ და ღრმა გრძნობების მქონე ადამიანად?
14 სახარებებიდან ვხედავთ, რომ იესო დიდად თბილი და ღრმა გრძნობების მქონე ადამიანი იყო. მან მრავალმხრივ გამოავლინა თავისი ემოციები: ებრალებოდა კეთროვნები (მარკოზი 1:40, 41); წუხდა გულგრილ ხალხზე (ლუკა 19:41, 42); სამართლიანად აღშფოთდა ფულის გადამცვლელთა სიხარბეზე (იოანე 2:13—17). იესოს, თანაგრძნობით აღსავსე მამაკაცს, შეეძლო ატირებულიყო და არ დაემალა თავისი გრძნობები. როდესაც საყვარელი მეგობარი, ლაზარე, მოკვდა, მისი დის, მარიამის, ცრემლების დანახვამ იმდენად შეძრა, რომ თვითონაც ყველას წინაშე ატირდა (იოანე 11:32—36).
15. როგორ გამოჩნდა იესოს თბილი გრძნობები სხვების შესახებ მის თვალსაზრისსა და მათდამი მოპყრობაში?
15 იესოს თბილი გრძნობები განსაკუთრებით სხვების შესახებ მის თვალსაზრისსა და მათ მიმართ მოპყრობაში ვლინდებოდა. მას ურთიერთობა ჰქონდა ღარიბებსა და ჩაგრულებთან და მათ ‘სულის სიმშვიდის’ პოვნაში ეხმარებოდა (მათე 11:4, 5, 28—30). ის არასოდეს ყოფილა იმდენად დაკავებული, რომ ვერ გამოხმაურებოდა ტანჯულთა სატკივარს, იქნებოდა ეს სისხლდენით გაწამებული ქალი, რომელიც მალულად შეეხო მის სამოსელს თუ ბრმა მათხოვარი, რომელიც არაფრით ჩუმდებოდა (მათე 9:20—22; მარკოზი 10:46—52). იესო სხვებში კარგს ეძებდა და ამ კარგისთვის აქებდა მათ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამხელდა კიდეც (მათე 16:23; იოანე 1:47; 8:44). მაშინ როდესაც ქალების უფლებები შეზღუდული იყო, იესო მათ ღირსებას არ ლახავდა და სათანადო პატივით ეპყრობოდა (იოანე 4:9, 27). გასაკვირი არ არის, რომ ქალები დიდი სიამოვნებით „ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით“ (ლუკა 8:3).
16. რა ცხადყოფს, რომ იესოს ცხოვრებასა და მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებით გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა?
16 იესოს გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდა ცხოვრებაზე. მატერიალური საგნები მისთვის უმნიშვნელოვანესი არ იყო. მატერიალურად, როგორც ჩანს, მას ძალიან ცოტა რამ თუ ებადა. იესომ თავის თავზე თქვა: „კაცის ძეს. . . არ გააჩნია, სად მიიდრიკოს თავი“ (მათე 8:20). ამავე დროს, იესოს სხვებისთვის სიხარული მოჰქონდა. ქორწილში ყოფნისას — რომელზეც, ჩვეულებრივ, ჟღერს მუსიკა, მღერიან და ხარობენ — ცხადია, ის მოღუშული არ დადიოდა და სხვებს მხიარულებას არ უშხამავდა. მან აქ მოახდინა თავისი პირველი სასწაული. როდესაც ღვინო გაუთავდათ, წყალი ისეთ მშვენიერ ღვინოდ აქცია, რომელიც ‘კაცის გულს ამხიარულებს’ (ფსალმუნი 103:15; იოანე 2:1—11). ამგვარად, მან ქორწილში მყოფთ ლხინის გაგრძელების საშუალება მისცა, ხოლო სიძე-პატარძალი უხერხული მდგომარეობიდან გამოიყვანა. იესოს გაწონასწორებული თვალსაზრისი კიდევ უფრო ნათლად ირეკლება ბევრ სხვა შემთხვევაში, როდესაც ის მსახურებაში დიდხანს და მძიმედ შრომობდა (იოანე 4:34).
17. რატომ არ არის გასაკვირი, რომ იესო დახელოვნებული მასწავლებელი იყო და რა ირეკლებოდა მის სწავლებაში?
17 იესო დახელოვნებული მასწავლებელი იყო. მისი სწავლების უმეტეს ნაწილში ყოველდღიური ყოფა ირეკლებოდა; ამ ცხოვრებასთან ის საკმაოდ კარგად იყო გაცნობილი (მათე 13:33; ლუკა 15:8). ასწავლიდა საოცრად — ძალზე ნათლად, მარტივად და პრაქტიკული თვალსაზრისიდან გამომდინარე. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რასაც ასწავლიდა. მის სწავლებაში ირეკლებოდა იმის გულწრფელი სურვილი, რომ მსმენელი იეჰოვას აზრებს, გრძნობებსა და გზებს გასცნობოდა (იოანე 17:6—8).
18, 19. ა) რა ცოცხალი სურათებით წარმოგვიდგინა იესომ მამამისი? ბ) რაზე იქნება საუბარი მომდევნო სტატიაში
18 ხშირად მამის სხვებისთვის წარსადგენად იესო თვალსაჩინო მაგალითებად ისეთ ცოცხალ სურათებს იყენებდა, რომ მათი დავიწყება შეუძლებელი იყო. ერთია, ზოგადად ილაპარაკო ღვთის გულმოწყალებაზე, მაგრამ სრულიად სხვაა, ის შეადარო მოწყალე მამას, რომელიც იმდენად აღაფრთოვანა დაბრუნებული ძის დანახვამ, რომ „გაიქცა, კისერზე შემოეხვია და დაკოცნა“ (ლუკა 15:11—24). იესომ უკუაგდო რელიგიურ წინამძღოლთა მკაცრი ტრადიცია, რომლის თანახმადაც უბრალო ხალხს ზემოდან დაჰყურებდნენ და ახსნა, რომ მამამისი არის ღმერთი, რომელიც დიდი სიამოვნებით იღებს ყველას და თავმდაბალი მებაჟის თხოვნას ამჯობინებს ტრაბახა ფარისევლის თვალთმაქცურ ლოცვას (ლუკა 18:9—14). იესომ იეჰოვა აღწერა მზრუნველ ღმერთად, რომელსაც მიწაზე ბეღურის ჩამოვარდნაც კი არ გამორჩება მხედველობიდან. „ნუ გეშინიათ, — ამშვიდებდა თავის მოწაფეებს, — ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ“ (მათე 10:29, 31). გასაგებია, რომ ხალხი გაოცებული იყო მისი ‘მოძღვრებით’ და მათ იზიდავდა იესოს პიროვნება (მათე 7:28, 29). ამიტომაც ერთხელ „დიდძალმა ხალხმა“ მოიყარა თავი მასთან და სამი დღე არ მოშორებიან, მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი არ ჰქონდათ! (მარკოზი 8:1, 2).
19 რაოდენ მადლიერები უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ იეჰოვამ თავის სიტყვაში ქრისტეს გონება აღგვიწერა! მაგრამ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ და სხვებთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ქრისტეს გონება? ამაზე მომდევნო სტატიაში იქნება საუბარი.
[სქოლიოები]
a იმის დანახვა, რომ სულიერ ქმნილებებზეც ახდენს გავლენას, თუ ვისთან აქვთ ურთიერთობა, ჩანს გამოცხადების 12:3, 4-დან. იქ სატანა აღწერილია ‘გველეშაპად’, რომელმაც შეძლო გავლენა მოეხდინა სხვა ‘ვარსკვლავებზე’, ანუ სულიერ ძეებზე, ისინი თავის მხარეზე გადაიბირა და მოჯანყეები გახადა (შეადარეთ იობი 38:7).
b უკანასკნელად იოსები პირდაპირ მაშინ არის მოხსენიებული, როდესაც 12 წლის იესო ტაძარში იპოვეს. კანაში ქორწილისა და იესოს მიერ მსახურების დაწყების აღწერისას არაფერია ნათქვამი იოსების შესახებ (იოანე 2:1—3). ახ. წ. 33 წელს ძელზე გაკრულმა იესომ მარიამზე მზრუნველობა თავის საყვარელ მოციქულს, იოანეს, მიანდო. იოსები რომ ცოცხალი ყოფილიყო, იესო, ალბათ, ამას არ გააკეთებდა (იოანე 19:26, 27).
-
-
გაქვთ თქვენ ‘ქრისტეს გონება’?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 თებერვალი
-
-
გაქვთ თქვენ ‘ქრისტეს გონება’?
«მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ. . . ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ [„ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“, აქ]» (რომაელთა 15:5).
1. როგორ არის იესო ასახული ქრისტიანული სამყაროს მრავალი მხატვრის მიერ და რატომ არ არის ეს იესოს ნამდვილი პორტრეტი?
„არასოდეს უნახავთ ის მოცინარი“. ასეა ნათქვამი იესოზე ერთ–ერთ დოკუმენტში, რომლის ავტორობასაც არასწორად მიაწერენ რომის ერთ–ერთ ოფიციალურ პირს. ამბობენ, რომ ამ დოკუმენტმა, რომელიც თანამედროვე ფორმულირებით დაახლოებით XI საუკუნიდან გახდა ცნობილი, ბევრ მხატვარზე იქონია გავლენაa. მრავალ ნახატზე იესო ასახულია როგორც სევდიანი პიროვნება, რომელიც იშვიათად ან საერთოდ არ იღიმის. მაგრამ ასეთი სურათები არ გადმოსცემს იესოს ნამდვილ იერსახეს, იესოსი, რომელიც სახარებებში თბილ, გულკეთილ და ღრმა გრძნობების მქონე პიროვნებად არის წარმოდგენილი.
2. როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ‘ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქოდნა’ და რის გასაკეთებლად აღგვჭურავს ეს?
2 ცხადია, იესოსთან ნამდვილად გასაცნობად, საჭიროა, მთელი გონებითა და გულით ავითვისოთ ზუსტი გაგება იმისა, თუ როგორი პიროვნება იყო სინამდვილეში იესო აქ, დედამიწაზე, ყოფნის დროს. ამიტომ გამოვიკვლიოთ სახარებებიდან ცნობები, რომლებიც ‘ქრისტეს გონებაში’ — მის გრძნობებსა და აღქმის უნარში, აზრებსა და ლოგიკაში ჩაგვახედებს (1 კორინთელთა 2:16). ამისათვის კი განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია განვივითაროთ ‘ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა’ (რომაელთა 15:5, აქ). ამგვარად უკეთესად შევძლებთ ჩვენს ცხოვრებასა და სხვებთან ურთიერთობაში მის მიერ დატოვებული მაგალითის მიყოლას (იოანე 13:15).
მასთან თავისუფლად შეიძლებოდა მისვლა
3, 4. ა) როდის მოხდა მარკოზის 10:13—16-ში აღწერილი შემთხვევა? ბ) როგორი იყო იესოს რეაქცია თავისი მოწაფეების მცდელობაზე, ბავშვები არ მიეშვათ მასთან?
3 ხალხს იზიდავდა იესოს პიროვნება. სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ასაკისა და წარმოშობის ადამიანები თავისუფლად მიდიოდნენ მასთან. განვიხილოთ მარკოზის 10:13—16-ში აღწერილი შემთხვევა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მისი მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც იესო უკანასკნელად მიდიოდა იერუსალიმში, რათა წამებით მომკვდარიყო (მარკოზი 10:32—34).
4 წარმოიდგინეთ. ხალხი იესოსთან ბავშვების, მათ შორის ჩვილების, მოყვანასაც იწყებს, რათა მან აკურთხოს ისინიb. მაგრამ მოწაფეები ცდილობენ, ბავშვები იესოსთან არ მიუშვან. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ ამ უკანასკნელი გადამწყვეტი კვირის განმავლობაში იესოს ნამდვილად არ სურს, ბავშვებმა შეაწუხონ. მაგრამ ისინი ცდებიან. როდესაც იესო იგებს თავისი მოწაფეების განზრახვას, არ იწონებს მას. ეძახის ბავშვებს და ამბობს: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას“ (მარკოზი 10:14). მის შემდგომ საქციელში ნამდვილად ჩანს სითბო და სიყვარული. სახარება გვაუწყებს: „მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი“ (მარკოზი 10:16). ცხადია, იესოს მკლავებში ბავშვები თავს მშვიდად და შეუბოჭავად გრძნობენ.
5. მარკოზის 10:13—16-ის თანახმად, როგორი პიროვნება იყო იესო?
5 ეს პატარა მონაკვეთი ბევრ რამეს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორი პიროვნება იყო იესო. შენიშნეთ, მასთან თავისუფლად შეიძლებოდა მისვლა. მიუხედავად იმისა, რომ ზეცაში მაღალი მდგომარეობა ეჭირა, ის არც აშინებდა და არც ამცირებდა არასრულყოფილ ადამიანებს (იოანე 17:5). განა აღსანიშნავი არ არის ისიც, რომ ბავშვებიც კი მშვიდად და შეუბოჭავად გრძნობდნენ მასთან თავს? ცხადია, მათ არ მიიზიდავდა ცივი ადამიანი, რომელსაც სახე ჩამოსტირის და არასოდეს იღიმის ან იცინის! ყველა ასაკის ადამიანები თავისუფლად მიდიოდნენ მასთან, რადგან გრძნობდნენ, რომ ის თბილი, მზრუნველი ადამიანი იყო და დარწმუნებული იყვნენ, რომ არასოდეს შეაქცევდა მათ ზურგს.
6. როგორ შეუძლიათ უხუცესებს გახდნენ ისეთები, რომ სხვებს მათთან მისვლა არ გაუჭირდეთ?
6 ამ ცნობაზე დაფიქრების შემდეგ შეგვიძლია საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: „მაქვს მე ქრისტეს გონება? თავისუფლად შეუძლიათ ჩემთან მოსვლა?“. ამ საზარელ ჟამს ღვთის ცხვრებს ისეთი მწყემსები სჭირდებათ, რომლებთანაც თავისუფლად შეიძლება მისვლა და რომლებიც ‘ქარში საფარის’ მსგავსი არიან (ესაია 32:1, 2; 2 ტიმოთე 3:1). უხუცესებო, თუ ძმების მიმართ გულწრფელ, გულითად ინტერესს გამოავლენთ და მზად იქნებით, მათთვის თავი გადადოთ, ისინი აუცილებლად იგრძნობენ თქვენს მზრუნველობას. ისინი ამას დაინახავენ თქვენი სახის გამომეტყველებაში, ხმის ტონსა და თავაზიან მოპყრობაში. ასეთი ხალასი სითბო და მზრუნველობა ნდობის ატმოსფეროს შექმნის და სხვები, ბავშვების ჩათვლით, ადვილად მოვლენ თქვენთან. ერთი ქრისტიანი ქალი გვიხსნის, თუ რატომ შეძლო უხუცესისთვის გულის გადაშლა: „ის დიდი სითბოთი და თანაგრძნობით მელაპარაკა. სხვაგვარად, ალბათ, ხმასაც ვერ ამოვიღებდი. მან თავი უსაფრთხოდ მაგრძნობინა“.
სხვებისთვის ანგარიშის გაწევა
7. ა) როგორ ცხადყო იესომ, რომ სხვებს ანგარიშს უწევდა? ბ) რატომ აღუდგინა იესომ მხედველობა თანდათანობით ერთ ბრმა მამაკაცს?
7 იესო სხვებს ანგარიშს უწევდა. იზიარებდა მათ გრძნობებს. დამწუხრებულთა მხოლოდ დანახვაც კი იმდენად მოქმედებდა მასზე, რომ მაშინვე მზად იყო მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად (მათე 14:14). ის აგრეთვე ანგარიშს უწევდა სხვების მოთხოვნილებებსა და შეზღუდულ შესაძლებლობებს (იოანე 16:12). ერთხელ, მასთან ბრმა მამაკაცი მიიყვანეს და განკურნება სთხოვეს. იესომ თვალი აუხილა ბრმას, მაგრამ ეს თანდათანობით გააკეთა. ჯერ მამაკაცმა ადამიანების სილუეტები გაარჩია, როგორც ‘ირგვლივ მოარული ხეები’, შემდეგ კი ბოლომდე აღუდგინა მხედველობა. რატომ მოიქცა ასე იესო? შეიძლება იმიტომ, რომ სრულ წყვდიადში მყოფი ადამიანი მზით გაჩახჩახებული და მრავალფეროვანი სამყაროს ერთბაშად დანახვით გამოწვეული შოკისგან დაეცვა (მარკოზი 8:22—26).
8, 9. ა) რა მოხდა მალე მას შემდეგ, რაც იესო და მისი მოწაფეები დეკაპოლისში შევიდნენ? ბ) აღწერეთ, როგორ განკურნა იესომ ყრუ მამაკაცი.
8 განვიხილოთ აგრეთვე შემთხვევა, რომელიც ახ. წ. 32 წლის პასექის შემდეგ მოხდა. იესო და მისი მოწაფეები გალილეის ზღვის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში, დეკაპოლისში, შევიდნენ. დიდძალმა ხალხმა მალე იპოვა მისი ადგილ–სამყოფელი და მრავალი ავადმყოფი მიუყვანა. იესომ ყველა განკურნა (მათე 15:29, 30). საინტერესოა, რომ იესომ ერთ მამაკაცს მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. ეს შემთხვევა მხოლოდ მარკოზმა აღწერა (მარკოზი 7:31—35).
9 მამაკაცი ყრუ და ენაბლუ იყო. იესომ შეიძლება შენიშნა მისი განსაკუთრებული ნერვიულობა ან უხერხულობა. ამიტომ მან საკმაოდ უჩვეულო რამ მოიმოქმედა. მამაკაცი ცალკე, ხალხისგან მოშორებით, გაიყვანა. შემდეგ გარკვეული ნიშნებით მიანიშნა, რის გაკეთებას აპირებდა: „ყურებში ჩაუდო თითები, გადააფურთხა და შეეხო მის ენას“ (მარკოზი 7:33, სსგ). შემდეგ ცას ახედა და ლოცვა ოხვრით ამოთქვა. ასეთი თვალსაჩინო მოქმედებით იესო მამაკაცს ეუბნებოდა: „რის გაკეთებასაც ვაპირებ, მხოლოდ ღვთის ძალით არის შესაძლებელი“. ბოლოს კი თქვა: „განიხსენ!“ (მარკოზი 7:34). ამ დროს მამაკაცს სასმენელი გაეხსნა და გამართულადაც ამეტყველდა.
10, 11. როგორ შეგვიძლია სხვების გრძნობებს გავუწიოთ ანგარიში კრებაში? ოჯახში?
10 რამხელა ყურადღებას ავლენდა იესო სხვების მიმართ! ის მხედველობაში იღებდა სხვების გრძნობებს და თანაუგრძნობდა მათ, რაც, თავის მხრივ, ისე მოქმედებისკენ აღძრავდა, რომ გაფრთხილებოდა მათ გრძნობებს. ჩვენ, როგორც ქრისტიანები, კარგად ვიქცევით, როდესაც ამასთან დაკავშირებით ქრისტეს გონებას ვანვითარებთ და ვავლენთ. ბიბლია გვარიგებს: „იყავით ყველა ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი“ (1 პეტრე 3:8). ეს კი, რა თქმა უნდა, ჩვენგან ისეთნაირად ლაპარაკსა და მოქმედებას მოითხოვს, რომლითაც სხვების გრძნობებს გავუწევთ ანგარიშს.
11 კრებაში სხვების გრძნობებს შეიძლება ანგარიში გავუწიოთ იმით, რომ კრების წევრებს სათანადო ღირსებით, ანუ ისეთნაირად მოვეპყრათ, როგორც ჩვენ გვსურს, რომ გვექცეოდნენ (მათე 7:12). ამაში შევა ისიც, რომ ყურადღება მივაქციოთ, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ (კოლასელთა 4:6). გახსოვდეთ, რომ „გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს“ (იგავნი 12:18). რა შეიძლება ითქვას ოჯახურ წრეში მოქმედებასთან დაკავშირებით? ცოლ–ქმარი, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ერთმანეთი, გაუფრთხილდებიან კიდეც ერთმანეთის გრძნობებს (ეფესელთა 5:33). ისინი ერთმანეთს უხეშად და გესლიანი სარკაზმით არ მიმართავენ; აგრეთვე უმოწყალოდ არ აკრიტიკებენ, რადგან ყოველივე ამას შეიძლება ემოციური ტრავმირება მოჰყვეს, რის განკურნებაც ადვილი არ არის. გრძნობები ბავშვებსაც აქვთ და მოსიყვარულე მშობლები ამას ანგარიშს უწევენ. შენიშვნის მიცემის აუცილებელობის შემთხვევაში, მოსიყვარულე მშობლები ამას ისეთნაირად აკეთებენ, რომ ბავშვის ღირსება არ შელახონ და ზედმეტად არ შეაცბუნონc (კოლასელთა 3:21). როდესაც სხვების გრძნობებს ამგვარად ვუწევთ ანგარიშს, ცხადვყობთ, რომ ქრისტეს გონება გვაქვს.
ის მზად იყო სხვებისადმი ნდობის გამოსავლენად
12. როგორი გაწონასწორებული, რეალისტური წარმოდგენა ჰქონდა იესოს თავისი მოწაფეების შესახებ?
12 იესოს თავისი მოწაფეების მიმართ გაწონასწორებული, რეალისტური თვალსაზრისი ჰქონდა. მან შესანიშნავად იცოდა, რომ ისინი სრულყოფილები არ იყვნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას ადამიანთა გულის ზრახვების გაგება შეეძლო (იოანე 2:24, 25). მიუხედავად ამისა, იესო მათში არა მხოლოდ არასრულყოფილებას ხედავდა, არამედ დადებით თვისებებსაც. ის ხედავდა ამ მამაკაცების პოტენციურ შესაძლებლობებს, მამაკაცებისა, რომლებიც იეჰოვამ მიიყვანა მასთან (იოანე 6:44). თავის მოწაფეებზე დადებითი თვალსაზრისი მათდამი მის დამოკიდებულებასა და საქციელშიც გამოვლინდა. დავიწყოთ იქიდან, რომ ის მზად იყო მათ მიმართ ნდობის გამოსავლენად.
13. როგორ გამოავლინა იესომ თავისი მოწაფეებისადმი ნდობა?
13 როგორ ავლენდა იესო ამ ნდობას? დედამიწის დატოვებისას მან თავის ცხებულ მოწაფეებს დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. იესომ მათ მიანდო მთელ მსოფლიოში სამეფოს ინტერესებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა (მათე 25:14, 15; ლუკა 12:42—44). დედამიწაზე მსახურების დროს, პატარ–პატარა საქმეებშიც კი, მართალია, არაპირდაპირი გზით, მაგრამ ცხადყო, რომ ენდობოდა მათ. როდესაც მრავალი ადამიანის დასაპურებლად იესომ სასწაულებრივად გაამრავლა საკვები, მან თავის მოწაფეებს დაავალა მისი დანაწილება (მათე: 14:15—21; 15:32—37).
14. როგორ შეაჯამებდით მარკოზის 4:35—41-ში მოცემულ ცნობას?
14 განვიხილოთ მარკოზის 4:35—41-ში მოცემული ცნობაც. ამჯერად იესო და მისი მოწაფეები გალილეის ზღვაზე ნავში ჩასხდნენ და აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი. ნავი დაიძრა. იესო ნავში ჩაწვა და ჩაეძინა. მალე „ამოვარდა დიდი ქარიშხალი“. ასეთი შტორმი გალილეის ზღვისთვის უჩვეულო არ იყო. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის (ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მეტრით დაბლა) გამო ჰაერის ტემპერატურა იქ უფრო მაღალია, ვიდრე გარემომცველ ტერიტორიაზე, რაც ჰაერის მასების არამდგრადობას იწვევს. ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ ჩრდილოეთით მოსაზღვრე ხერმონის მთიდან იორდანეს ველზე ძლიერი ქარი უბერავს ხოლმე. ამიტომ იქ გამეფებული სიმშვიდე შეიძლება მოულოდნელად მოვარდნილმა ქარიშხალმა დაარღივოს. დაფიქრდით, იესომ, რომელიც გალილეაში გაიზარდა, ეჭვგარეშეა, იცის, რომ აქ შტორმი ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ გზაში მან მშვიდად ჩაიძინა, რადგან მიენდო თავისი მოწაფეების ოსტატობას, რომელთაგანაც ზოგი მეთევზე იყო (მათე 4:18, 19).
15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს მზადყოფნას, ნდობა გამოეცხადებინა თავისი მოწაფეებისთვის?
15 შეგვიძლია თუ არა, მივბაძოთ იესოს მზადყოფნას, ნდობა გამოეცხადებინა თავისი მოწაფეებისთვის? ზოგისთვის ძნელია პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადანაწილება. ასე ვთქვათ, მათ უნდათ, რომ თვითონ აკონტროლონ ყველაფერი. ისინი შეიძლება ფიქრობენ: „თუ მინდა, რომ ეს საქმე სწორად გაკეთდეს, მე თვითონ უნდა გავაკეთო!“. მაგრამ, თუ ყველაფერს თვითონ გავაკეთებთ, ძალის გამოცლის საშიშროების წინაშე დავდგებით და საკუთარ ოჯახსაც ზედმეტად წავართმევთ დროს. გარდა ამისა, თუ სხვებს არ ვუნაწილებთ სათანადო დავალებებსა და პასუხისმგებლობებს, მათ საჭირო დახელოვნებისა და გამოცდილების მიღების საშუალებას ვართმევთ. გონივრული იქნებოდა, გვესწავლა სხვებისადმი ნდობის გამოვლენა, რათა საქმეები მათთვის გადაგვებარებინა. კარგი იქნებოდა საკუთარი თავისთვის გულწრფელად გვეკითხა: „მაქვს თუ არა ამ საკითხში ქრისტეს გონება? სიამოვნებით გადავცემ თუ არა გარკვეულ დავალებებს სხვებს და ვენდობი თუ არა მათ იმაში, რომ ამ დავალების შესასრულებლად ძალ–ღონეს არ დაიშურებენ?“.
ქრისტემ თავისი მოწაფეებისადმი ნდობა გამოავლინა
16, 17. დედამიწაზე ცხოვრების ბოლო ღამეს რაში დაარწმუნა კიდევ ერთხელ იესომ თავისი მოციქულები, თუმცა იცოდა, რომ ისინი გარკვეულ მომენტში მიატოვებდნენ?
16 იესომ თავისი მოწაფეების შესახებ დადებითი თვალსაზრისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახით ცხადყო. მას მოწაფეებისთვის არ დაუმალავს, რომ სჯეროდა მათი. ეს აშკარად გამოჩნდა დედამიწაზე გატარებული ცხოვრების უკანასკნელ ღამეს მოციქულებისათვის ნათქვამი მისი გამამხნევებელი სიტყვებიდან. შენიშნეთ, თუ რა მოხდა მაშინ.
17 იესოსთვის ეს იყო მოვლენებით აღსავსე საღამო. მან მოციქულებს ფეხები დაბანა, რითაც თავმდაბლობის გაკვეთილი ჩაუტარა. შემდეგ დააფუძნა საღამო, რომელიც მისი სიკვდილის გასახსენებლად უნდა აღენიშნათ. იმავე საღამოს მოციქულებმა კიდევ ერთხელ გამართეს ცხარე კამათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მათ შორის დიდი. იესომ დიდი მოთმინება გამოავლინა და კი არ გაკიცხა ისინი, არამედ მათთან მსჯელობა დაიწყო. ის მოუყვა მათ, რა მოელოდათ: „თქვენ ყველანი ცდუნდებით ამაღამ ჩემს გამო, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემსს და გაიფანტებიან სამწყსოს ცხვრები’“ (მათე 26:31; ზაქარია 13:7). იესომ იცოდა, რომ ყველაზე საჭირო მომენტში თავისი ახლო მეგობრები მიატოვებდნენ. მიუხედავად ამისა, მას არ განუსჯია ისინი. პირიქით, უთხრა: „ჩემი აღდგომის შემდეგ თქვენ გაგიძღვებით წინ გალილეაში“ (მათე 26:32). დიახ, მან დაბეჯითებით უთხრა თავის მოციქულებს, რომ, თუმცა ისინი მიატოვებდნენ, თვითონ არასოდეს გააკეთებდა ამას, და როდესაც ეს საშინელი განსაცდელი გადაივლიდა, კვლავ შეხვდებოდა მათ.
18. რა მნიშვნელოვანი დავალება მიანდო იესომ თავის მოწაფეებს გალილეაში და როგორ შეასრულეს მოწაფეებმა ეს დავალება?
18 იესომ შეასრულა თავისი სიტყვა. მოგვიანებით, მკვდრეთით აღმდგარი, გალილეაში 11 ერთგულ მოციქულს ეჩვენა, რომლებიც, როგორც ჩანს, სხვებთან ერთად იყვნენ (მათე 28:16, 17; 1 კორინთელთა 15:6). მაშინ იესომ მათ მნიშვნელოვანი დავალება მისცა: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). მოციქულთა საქმეების წიგნიდან აშკარად ცხადი ხდება, რომ მოციქულებმა შეასრულეს ეს დავალება. ისინი პირველ საუკუნეში ერთგულად ქადაგებდნენ კეთილ ცნობას (საქმეები 2:41, 42; 4:33; 5:27—32).
19. რას გვასწავლის ქრისტეს გონებასთან დაკავშირებით მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოს მოქმედება?
19 რას გვასწავლის იესოს გონების შესახებ ზემოთ მოყვანილი ცნობა? იესო ხედავდა თავისი მოციქულების ცუდ მხარეებსაც, მაგრამ „ბოლომდე უყვარდა“ ისინი (იოანე 13:1). მათ მიერ დაშვებული შეცდომების მიუხედავად, იესოს თავისი მოწაფეებისთვის არ დაუმალავს, რომ სჯეროდა მათი. შენიშნეთ, რომ მათ გაამართლეს იესოს ნდობა. იესოს მიერ მოციქულების მიმართ გამოვლენილმა ნდობამ და რწმენამ ისინი, ეჭვგარეშეა, განამტკიცა და გადაწყვეტილებით აღავსო, რომ შეესრულებინათ მათთვის დაკისრებული დავალება.
20, 21. როგორ შეგვიძლია თანამორწმუნეების მიმართ დადებითი თვალსაზრისის გამოვლენა?
20 როგორ შეგვიძლია მსგავს საკითხში ქრისტეს გონების გამოვლენა? პესიმისტურად ნუ უყურებთ თანამორწმუნეებს. თუ მხოლოდ მათ უარყოფით მხარეებზე ფიქრობთ, ეს შეიძლება თქვენს სიტყვებსა და მოქმედებებში აირეკლოს (ლუკა 6:45). ბიბლია კი გვეუბნება, რომ სიყვარულს „ყველაფერი სწამს“ (1 კორინთელთა 13:7). სიყვარული დადებითია და არა უარყოფითი. ის კი არ ანგრევს, არამედ აშენებს. ადამიანები სიყვარულსა და გამხნევებაზე უფრო რეაგირებენ, ვიდრე დაშინებაზე. სხვების მიმართ ნდობის გამოვლენით შეიძლება აღვაშენოთ და გავამხნევოთ ისინი (1 თესალონიკელთა 5:11). თუ ქრისტეს მსგავსად, ძმებზე კარგი წარმოდგენა გვექნება, მათ ისე მოვექცევით, რომ აღვაშენოთ და მათი დადებითი მხარეები წამოვწიოთ წინ.
21 ქრისტეს გონების ჩვენს მიერ განვითარებასა და გამოვლინებაში იესოს მხოლოდ გარკვეულ საკითხებში მიბაძვაზე ბევრად უფრო მეტი რამ შედის. როგორც წინა სტატიაში იყო მოხსენიებული, თუ ნამდვილად ისე მოქმედებას ვაპირებთ, როგორც ქრისტე მოქმედებდა, უპირველესად საჭიროა ყველაფრის ისე დანახვა ვისწავლოთ, როგორც ამას ქრისტე აკეთებდა. როგორც მომდევნო სტატია გვიჩვენებს, სახარებები საშუალებას გვაძლევს იესოს შინაგანი ბუნების, აზრების, გრძნობებისა და მიცემული დავალებისადმი მისი დამოკიდებულების კიდევ ერთი მხარე დავინახოთ.
[სქოლიოები]
a დოკუმენტში ფალსიფიკატორი აღწერს იესოს სავარაუდო გარეგნობას და მათ შორის მოიხსენიებს მისი თმის, წვერისა და თვალების ფერს. ბიბლიის მთარგმნელი ედგარ გუდსპიდი განმარტავს, რომ ამ ყალბი საბუთის მიზანი იყო „იესოს გარეგნობის იმ აღწერილობის პოპულარიზაცია, რომელიც მხატვრებს თავიანთ ცნობარებში ჰქონდათ“.
b როგორც ჩანს, ეს ბავშვები სხვადასხვა ასაკის იყვნენ. სიტყვა, რომელიც აქ „ბავშვად“ გადმოითარგმნა, გამოყენებულია იაიროსის 12 წლის გოგონასთან დაკავშირებითაც (მარკოზი 5:39, 40; 10:13). მაგრამ პარალელურ ცნობაში ლუკა იყენებს სიტყვას, რომელიც ჩვილებთან მიმართებაშიც გამოიყენება (ლუკა 1:41; 2:12; 18:15).
c იხილეთ 1998 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია „პატივს სცემ თუ არა მათ ღირსებას?“.
-
-
ხართ თუ არა აღძრული, იმოქმედოთ ქრისტეს მსგავსად?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 თებერვალი
-
-
ხართ თუ არა აღძრული, იმოქმედოთ ქრისტეს მსგავსად?
„[იესომ] უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება“ (მარკოზი 6:34).
1. რატომ არის გასაგები, რომ ადამიანები შესანიშნავ თვისებებს ავლენენ?
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალ ადამიანს გამოუვლენია შესანიშნავი თვისებები. თქვენთვის გასაგებია, თუ რატომ. იეჰოვა ღმერთი ფლობს და ავლენს სიყვარულს, სიკეთეს, დიდსულოვნებასა და სხვა თვისებებს, რომლებსაც ძალიან ვაფასებთ. ადამიანები კი ღვთის ხატად ვართ შექმნილი. ამიტომ გასაგებია, რატომ ავლენს მრავალი გარკვეულწილად სიყვარულს, სიკეთეს, თანაგრძნობასა და სხვა ღვთიურ თვისებებს, მათ შორის სინდისიერებასაც (დაბადება 1:26; რომაელთა 2:14, 15). მაგრამ, ალბათ, ისიც კარგად გესმით, რომ ზოგი ამ თვისებებს უფრო ადვილად ავლენს, ზოგი — ვერა.
2. რა არის ის კეთილი საქმეები, რომლებსაც ადამიანები აკეთებენ და, შესაძლებელია, ჰგონიათ, რომ ამით ქრისტეს ბაძავენ?
2 შეიძლება თქვენ იცნობთ მათ, რომლებიც ხშირად მიდიან ან ეხმარებიან ავადმყოფებს, თანაუგრძნობენ ფიზიკურად დაუძლურებულებს ან ხელგაშლილები არიან ღარიბთა მიმართ. გაიხსენეთ ისინიც, რომლებიც თანაგრძნობამ აღძრა, ლეპროზორიუმებსა თუ ობოლთა თავშესაფრებში ემუშავათ; ისინი, რომლებიც მოხალისედ მუშაობენ საავადმყოფოებსა თუ დავრდომილთა თავშესაფრებში; ან ადამიანები, რომლებიც უსახლკაროთა და ლტოლვილთა დახმარებას ცდილობენ. ალბათ, ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ იესოს მსგავსად იქცევა, იესოსი, რომელმაც ქრისტიანებს მისაბაძი მაგალითი დაუტოვა. სახარებებში ვკითხულობთ, რომ ქრისტე კურნავდა ავადმყოფებს და აპურებდა მშივრებს (მარკოზი 1:34; 8:1—9; ლუკა 4:40). იესოს მიერ სიყვარულის, სიკეთისა და თანაგრძნობის გამოვლენა ‘ქრისტეს გონების’ გამოვლენაა, ქრისტესი, რომელიც თავის მხრივ ზეციერ მამას ბაძავდა (1 კორინთელთა 2:16, სსგ).
3. რა უნდა განვიხილოთ იმისათვის, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს იესოს კეთილ საქმეებზე?
3 მაგრამ თუ შეგიმჩნევიათ, რომ დღეს მრავალმა მათგანმა, ვისზეც იესოს სიყვარულმა და თანაგრძნობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვერ დაინახა ძირითადი — ქრისტეს გონება? ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ მის სიღრმეებს, თუ გულმოდგინედ განვიხილავთ მარკოზის მე-6 თავს. იქ ვკითხულობთ, რომ ხალხს თავისი ავადმყოფები მოჰყავდა იესოსთან, რათა მას განეკურნა ისინი. კონტექსტიდან იმასაც ვიგებთ, რომ იესომ სასწაულებრივად დააპურა მასთან მისული ათასობით ადამიანი, რომელთაც მოშივდათ (მარკოზი 6:35—44, 54—56). ავადმყოფების განკურნება და მშივრების დაპურება სიყვარულით აღსავსე თანაგრძნობის შესანიშნავი გამოვლინებაა; მაგრამ, ძირითადად, ეს იყო იესოს მიერ სხვებისთვის გაწეული დახმარება? როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ მივბაძოთ იესოს სიყვარულის, სიკეთისა და თანგრძნობის სრულყოფილ მაგალითს, სწორედ ისე, როგორც თავად ის ბაძავდა იეჰოვას?
სხვების სულიერ მოთხოვნილებებზე რეაგირებისთვის აღძრული
4. რა დროს ხდება მარკოზის 6:30—34-ში აღწერილი მოვლენები?
4 იესოს თავის ირგვლივ მყოფნი ძირითადად მათი სულიერი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის გამო ებრალებოდა. ეს მოთხოვნილებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფიზიკური. განვიხილოთ მარკოზის 6:30—34-ში მოცემული ცნობა. აქ აღწერილი მოვლენა ახ. წ. 32 წლის პასექის დამდეგს, გალილეის ზღვის სანაპიროზე ხდება. მოციქულები აღფრთოვანებული იყვნენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მათ ის-ის იყო დაასრულეს საკმაოდ დიდი მოგზაურობა და, ეჭვგარეშეა, ერთი სული ჰქონდათ, როდის მოუყვებოდნენ ყველაფერს იესოს. მაგრამ მათ გარშემო დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. ისინი იმდენად ბევრი იყვნენ, რომ იესოსა და მის მოციქულებს არც ჭამა შეეძლოთ და არც დასვენება. იესომ მოციქულებს უთხრა: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ“ (მარკოზი 6:31). ისინი, ალბათ, სადღაც კაპერნაუმის მახლობლად ჩასხდნენ ნავში და მყუდრო ადგილის საპოვნელად გალილეის ზღვა გადაცურეს, მაგრამ ხალხი ნაპირის გასწვრივ მისდევდა და იმ ადგილას ნავზე ადრე მივიდა. როგორი იყო იესოს რეაქცია? გაბრაზდა იმის გამო, რომ მარტო დარჩენის საშუალება არ მისცეს? სრულიადაც არა!
5. რას გრძნობდა იესო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მასთან მივიდნენ და როგორი იყო ამაზე მისი რეაქცია?
5 იესოს გული აუჩუყა ათასობით ადამიანის დანახვამ, რომელთა შორის ავადმყოფებიც იყვნენ და რომლებიც მთელი გულით ელოდებოდნენ (მათე 14:14; მარკოზი 6:44). მასში აღძრული თანაგრძნობის მიზეზისა და რეაქციის შესახებ მარკოზი წერდა: „უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება“ (მარკოზი 6:34). იესო მათში ხედავდა არა მხოლოდ ერთად თავმოყრილ უამრავ ადამიანს, არამედ ცალკეულ პიროვნებებს, რომლებსაც სულიერი მოთხოვნილებები ჰქონდათ. ისინი გზააბნეული, უმწეო უმწყემსო ცხვრების მსგავსი იყვნენ, რომლებსაც არავინ დაატარებდა საძოვარზე და არც არავინ იცავდა. იესომ იცოდა, რომ გულქვა რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც მზრუნველი მწყემსები უნდა ყოფილიყვნენ, ფაქტობრივად, სძულდათ უბრალო ხალხი და უგულებელყოფდნენ მათ სულიერ მოთხოვნილებებს (ეზეკიელი 34:2—4; იოანე 7:47—49). იესო ამ ადამიანებისადმი სრულიად სხვაგვარად მოპყრობას, უდიდესი სიკეთის გაკეთებას, აპირებდა. მან ღვთის სამეფოს შესახებ სწავლება დაუწყო მათ.
6, 7. ა) სახარებების თანახმად, რას ეთმობა უმთავრესი ადგილი ხალხის მოთხოვნილებებზე იესოს რეაქციაში? ბ) რამ აღძრა იესო ქადაგებისა და სწავლებისკენ?
6 ყურადღება მიაქციეთ, რას ცხადყოფს პარალელურ ცნობაში გადმოცემის თანმიმდევრობა და რაზე მიუთიებს ეს ცხოვრებაში უმთავრესისთვის პირველი ადგილის დათმობასთან დაკავშირებით. ეს ცნობა ექიმის, ლუკას, მიერ არის დაწერილი, რომელიც ძალიან იყო დაინტერესებული სხვების ფიზიკური ჯანმრთელობით. „მრავალრიცხოვანი ხალხი. . . გაჰყვა მას [იესოს]. ის ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღვთის სასუფეველზე, ხოლო, ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, მათ კურნავდა“ (ლუკა 9:11; კოლასელთა 4:14). რა იყო ღვთის შთაგონებით ლუკას მიერ დაწერილ ცნობაში პირველ ადგილზე დაყენებული, თუმცა სასწაულის შესახებ ყოველი ცნობის აღწერისას ეს ასე არ არის? ის, რომ იესო ასწავლიდა ხალხს.
7 ეს შეესაბამება იმ ხაზგასმას, რომელიც მარკოზის 6:34-ში აღინიშნება. ეს მუხლი აშკარად ცხადყოფს, თუ რა გააკეთა, ძირითადად, იესომ სიბრალულიდან გამომდინარე. ის ასწავლიდა ხალხს და უყურადღებოდ არ ტოვებდა მათ სულიერ მოთხოვნილებებს. მსახურების დასაწყისში იესომ თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღვთის სასუფეველი, ვინაიდან ამისთვის ვარ მოვლენილი“ (ლუკა 4:43). მაგრამ შევცდებოდით, თუ ვიფიქრებდით, რომ იესო სამეფოს შესახებ ცნობას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ქადაგებდა ან ზერელედ ასრულებდა თავის დავალებას. არა, სხვებისთვის კეთილი ცნობის გადასაცემად მას, ძირითადად, ხალხისადმი სიყვარული და თანაგრძნობა აღძრავდა. უდიდესი სიკეთე, რომელიც იესოს შეეძლო გაეკეთებინა — ავადმყოფებისთვის, დემონებით შეპყრობილების, ღარიბებისა თუ მშივრებისთვისაც კი — იყო ის, რომ დახმარებოდა მათ ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების გაგებაში, მიღებასა და შეყვარებაში. თუ მხედველობაში მივიღებთ სამეფოს როლს იეჰოვას უზენაესობის გამართლებასა და ადამიანებისთვის მარადიული კურთხევების მოტანაში, დავინახავთ, რომ ამ ჭეშმარიტებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
8. რა თვალსაზრისი ჰქონდა იესოს ქადაგებასა და სწავლებასთან დაკავშირებით?
8 სამეფოს შესახებ ქადაგება დედამიწაზე იესოს მოსვლის მთავარი მიზეზი იყო. მიწიერი მსახურების დასასრულს იესომ პილატეს უთხრა: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებიდანაა, ისმენს ჩემს ხმას“ (იოანე 18:37). წინა ორ სტატიაში აღვნიშნეთ, რომ იესო ღრმა გრძნობების მქონე პიროვნება იყო; ის იყო ადამიანი, რომელიც სხვებზე ზრუნავდა, რომელთანაც ადვილად შეიძლებოდა მისვლა, ვინც სხვებს ანგარიშს უწევდა, მიმნდობი და, რაც მთავარია, მოსიყვარულე იყო. თუ ნამდვილად გვსურს, ჩავწვდეთ ქრისტეს გონებას, საჭიროა მისი ხასიათის ამ მხარეების გაგება. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ქრისტეს გონების ქონა სამქადაგებლო საქმიანობისა და სწავლებისთვის იმ უმთავრესი ადგილის დათმობას ნიშნავს, რომელიც თავად მან გამოუყო.
ის სხვებს ქადაგებისკენ მოუწოდებდა
9. ვისთვის იყო უმთავრესი, რომ ექადაგა და ესწავლებინა?
9 სამქადაგებლო საქმიანობისა და სწავლებისთვის მთავარი ადგილის დათმობით სიყვარული და თანაგრძნობა მხოლოდ იესოს როდი უნდა გამოევლინა. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, ისეთივე აღძვრებით ემოქმედათ, როგორიც თავად ჰქონდა; გარკვეული საკითხებისთვის პრიორიტეტების მინიჭებაშიც მისთვის მიებაძათ და მასავით ემოქმედათ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც იესომ 12 მოციქული აირჩია, რა უნდა ეკეთებინათ მათ? მარკოზის 3:14, 15 გვეუბნება: „თორმეტი ამოირჩია, რომ მასთან ერთად ყოფილიყვნენ, რათა გაეგზავნა საქადაგებლად, და რათა ჰქონოდათ მათ განკურნებისა და ეშმაკების გამოდევნის ხელმწიფება“ (მარკოზი 3:14, 15). ხედავთ თუ არა მოციქულებისთვის მიცემულ დავალებაში რაიმე პრიორიტეტებს?
10, 11. ა) რის გაკეთება დაავალა იესომ მოციქულებს, როდესაც ისინი გაგზავნა? ბ) რა იყო მოციქულების გაგზავნის მთავარი მიზანი?
10 გარკვეული დროის შემდეგ იესომ 12 მოციქულს სხვების განსაკურნავად დემონების განდევნის უნარიც მისცა (მათე 10:1; ლუკა 9:1). შემდეგ კი ისინი „ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან“ გაგზავნა. რისთვის? „როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი. სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმიდეთ, ეშმაკები განდევნეთ“ — დაავალა იესომ (მათე 10:5—8; ლუკა 9:2). რა გააკეთეს მათ? „ისინი გავიდნენ და 1) ქადაგებდნენ მონანიებას. 2) სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სნეულებს სცხებდნენ ზეთს და კურნავდნენ“ (მარკოზი 6:12, 13).
11 რადგან სწავლება ყოველთვის პირველ ადგილზე არ არის მოხსენიებული, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ პრიორიტეტებისა და მოტივების შესახებ საკითხს ზედმეტ ყურადღებას ვუთმობთ? (ლუკა 10:1—9). ჩვენ არ უნდა შევამციროთ იმის მნიშვნელოვნება, რამდენად ხშირად არის სწავლება განკურნების წინ მოხსენიებული. განვიხილოთ ასეთი შემთხვევის კონტექსტი. 12 მოციქულის გაგზავნამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე იესოს გული აუჩუყა ხალხის მდგომარეობის დანახვამ. სახარებაში ვკითხულობთ: «დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას. ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ » (მათე 9:35—38).
12. რა დამატებით მიზანს შეიძლება მომსახურებოდა იესოსა და მოციქულების მიერ მოხდენილი სასწაულები?
12 იესოსთან ყოფნისას მოციქულებს შეეძლოთ ქრისტეს გონების გარკვეულწილად ათვისება. მათ შეეძლოთ გაეგოთ, რომ ხალხის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლენაში მათთვის სამეფოს შესახებ ქადაგება და სწავლება შედიოდა და რომ ძირითადად ეს იყო მათ მიმართ გაკეთებული კეთილი საქმეები. ამის შესაბამისად, ფიზიკურად კეთილი საქმეების კეთება, მაგალითად, ავადმყოფების განკურნება გაჭირვებულების დახმარებაზე უფრო მეტ დანიშნულებას ასრულებდა. ალბათ, არ გაგიძნელდებათ იმის წარმოდგენა, რომ ზოგი შეიძლება განკურნების შემთხვევის ან სასწაულებრივად საკვებით უზრუნველყოფის დანახვამ მიიზიდა (მათე 4:24, 25; 8:16; 9:32, 33; 14:35, 36; იოანე 6:26). მაგრამ ფიზიკური დახმარების გაწევის გარდა, ის საქმეები თვითმხილველებს სინამდვილეში იმის აღიარებაში ეხმარებოდა, რომ იესო ღვთის ძე და მოსეს მიერ ნაწინასწარმეტყველები „წინასწარმეტყველი“ იყო (იოანე 6:14; მეორე რჯული 18:15).
13. მეორე რჯულის 18:18-ში მოცემულ სიტყვებში რაზე მახვილდება ყურადღება „წინასწარმეტყველის“ როლთან დაკავშირებით?
13 რატომ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ იესო „წინასწარმეტყველი“ იყო? რა ძირითადი დანიშნულება უნდა შეესრულებინა ამ „წინასწარმეტყველს“? „წინასწარმეტყველი“ სასწაულებრივი განკურნებებით ან თანაგრძნობის გამო მშიერთა დაპურებით უნდა ყოფილიყო ცნობილი? მეორე რჯულის 18:18 წინასწარმეტყველებდა: „შენ [მოსე] რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ“. მოციქულებს თბილი გრძნობების განვითარებისა და მათი გამოვლენის სწავლის შემდეგ შეეძლოთ დაესკვნათ, რომ ქრისტეს გონება ქადაგებითა და სწავლებითაც უნდა გამოევლინათ. ეს იქნებოდა საუკეთესო, რის გაკეთებასაც ისინი ხალხისთვის შეძლებდნენ. ამით ავადმყოფები და ღარიბები მარადიულ სარგებლობას მიიღებდნენ და არა მოკლევადიანს, რომელიც ცხოვრების მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში გაჰყვებოდათ ან ერთი-ორი სადილით ამოიწურებოდა (იოანე 6:26—30).
განავითარეთ ქრისტეს გონება დღეს
14. როგორ მოქმედებს ჩვენს ქადაგებაზე ქრისტეს გონება?
14 არც ერთი ჩვენგანი არ მიიჩნევდა ქრისტეს გონებას მხოლოდ პირველი საუკუნისთვის — მხოლოდ იესოსა და პირველი საუკუნის მოწაფეებისთვის დამახასიათებლად, რომლებსაც მოციქული პავლე სწერდა: „ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს“ (1 კორინთელთა 2:16, სსგ). და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, ვაღიაროთ, რომ კეთილი ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადება ჩვენი მოვალეობაა (მათე 24:14; 28:19, 20). მაგრამ სასარგებლოა დავუკვირდეთ, რა აღგვძრავს ამ დავალების შესასრულებლად. საკმარისი არ არის, ამას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებდეთ. მთავარი მიზეზი, რის გამოც მსახურებაში ვმონაწილეობთ, ღვთისადმი სიყვარული და იმის სურვილია, რომ ნამდვილად ვიყოთ იესოს მსგავსი. ამაში ისიც შედის, რომ თანაგრძნობით აღძრულებმა სხვებს ვუქადაგოთ და ვასწავლოთ (მათე 22:37—39).
15. რატომ უჭირავს თანაგრძნობას ჩვენს საჯარო მსახურებაში სათანადო ადგილი?
15 ყოველთვის ადვილი არ არის თანაგრძნობით მოვეკიდოთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ; განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მათი მხრიდან გულგრილობას, უგულებელყოფას ან წინააღმდეგობას ვაწყდებით. მაგრამ, თუ ხალხისადმი სიყვარულსა და თანაგრძნობას დავკარგავთ, შეიძლება დავკარგოთ ის მთავარი სტიმული, რაც ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობისკენ გვიბიძგებს. მაშ, როგორ შევძლებთ ჩვენში თანაგრძნობის განვითარებას? შეგვიძლია ხალხს ისევე შევხედოთ, როგორც იესო უყურებდა, ვისთვისაც ისინი „დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36). განა დღეს მრავალი ასეთ დღეში არ არის? ისინი ცრუ რელიგიის მწყემსების მიერ მიტოვებული და სულიერად დაბრმავებული არიან, რის გამოც მათ არ იციან ის საღი რჩევები, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული; არც სამოთხეზე სმენიათ რამე, რომელიც მალე დედამიწაზე იქნება ღვთის სამეფოს ხელმძღვანელობით. ისინი ხომ იმ ყოველდღიური პრობლემების წინაშე დგანან, რომლებშიც სიღარიბე, ოჯახური უთანხმოებები, ავადმყოფობა და სიკვდილი შედის, და არ იციან იმ იმედის შესახებ, რომელიც სამეფოსთანაა დაკავშირებული. ჩვენ კი გვაქვს ის, რაც მათ სჭირდებათ — სიცოცხლის მომტანი კეთილი ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, სამეფოსი, რომელიც ზეცაში უკვე დამყარებულია
16. რატომ უნდა გვქონდეს კეთილი ცნობის სხვებთან გაზიარების სურვილი?
16 როდესაც ამგვარად ფიქრობთ ირგვლივ მყოფთა სულიერ მოთხოვნილებებზე, განა არ გიჩნდებათ იმის სურვილი, რომ გააკეთოთ ყველაფერი, რაც კი შეგიძლიათ, რათა მათ ღვთის სიყვარულით აღსავსე განზრახვის შესახებ მოუყვეთ? დიახ, ჩვენს საქმიანობაში თანაგრძნობის გამოვლენაა საჭირო. როდესაც ხალხის მიმართ ისეთივე გრძნობები გვექნება, როგორიც იესოს ჰქონდა, ეს გამოჩნდება ჩვენი ხმის ტონში, სახის გამომეტყველებასა და სწავლების მანერაში. ყოველივე ეს ჩვენს ცნობას მიმზიდველობას შეჰმატებს იმათ თვალში, ვინც ‘საუკუნო სიცოცხლისათვის არის განწესებული [„სწორად განწყობილი“ აქ]’ (საქმეები 13:48).
17. ა) რომელი სხვადახვა სახით შეგვიძლია სხვებისადმი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლენა. ბ) რატომ არ უნდა ვირჩევდეთ, რა ვქნათ — კეთილი საქმეების კეთებაში მივიღოთ მონაწილეობა თუ საჯარო მსახურებაში?
17 რა თქმა უნდა, სიყვარული და თანაგრძნობა ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უნდა ირეკლებოდეს. ამაში შედის გაჭირვებულთა, ავადმყოფთა და ღარიბთა მიმართ სიკეთის გამოვლენაც და ამის შეძლებისდაგვარად გაკეთება, რითაც მათ საკმაოდ შევუმსუბუქებთ მდგომარეობას. ასევე შედის სხვებისთვის სიტყვითა და საქმით ნუგეშისცემა, რაც შვებას მოჰგვრის დამწუხრებულს, რომელსაც საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა (ლუკა 7:11—15; იოანე 11:33—35). მაგრამ ზოგი ჰუმანისტივით სიყვარულის, გულკეთილობისა და თანაგრძნობის მსგავსმა გამოვლენამ არ უნდა დაიჭიროს ჩვენს კეთილ საქმეებში ცენტრალური ადგილი. ბევრად უფრო ხანგრძლივი სარგებლობა მოაქვს ძალისხმევას, რომელიც ზემოთ მოყვანილი ღვთიური თვისებების გამოვლენის შედეგია, მაგრამ ქრისტიანულ სამქადაგებლო და დასწავლების საქმეებში მონაწილეობას ხმარდება. გაიხსენეთ, რა თქვა იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა შესახებ: „იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ რაც უფრო მთავარია რჯულში — განკითხვა, წყალობა და სარწმუნოება. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ“ (მათე 23:23). იესო არ მდგარა არჩევნის წინაშე — ხალხს ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში დახმარებოდა თუ მათთვის სიცოცხლის მომცემი სულიერი საკითხები ესწავლებინა. ის ორივეს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ მისი კეთილი საქმეებიდან ყველაზე აღმატებული სწავლების საქმე იყო, რაც ხალხს მარადიულ სარგებლობას მოუტანდა (იოანე 20:16).
18. რისკენ უნდა აღგვძრას ქრისტეს გონების მხედველობაში მიღებამ?
18 რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ იეჰოვამ გვიჩვენა, როგორია ქრისტეს გონება! სახარებებიდან ჩვენ შეგვიძლია უკეთესად გავეცნოთ ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის აზრებს, გრძნობებს, თვისებებს, საქმეებსა და იმას, თუ რას უთმობდა ის ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს. ჩვენ უნდა ვიკითხოთ, ვიფიქროთ წაკითხულზე და ცხოვრებაში გამოვიყენოთ ყველაფერი, რასაც ბიბლია იესოს შესახებ გვეუბნება. უნდა გვახსოვდეს, თუ ნამდვილად ისე მოქმედებას ვაპირებთ, როგორც ამას იესო აკეთებდა, უპირველესად, უნდა ვისწავლოთ ისე ფიქრი, ისეთივე გრძნობები გამოვიმუშაოთ და ყველაფერი ისე შევაფასოთ, როგორც ამას იესო აკეთებდა და საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი, არასრულყოფილი ადამიანების, უნარი. ამიტომ, ვიყოთ გადაწყვეტილებით აღსავსე, განვავითაროთ და გამოვავლინოთ ქრისტეს გონება. არ არსებობს ცხოვრების უკეთესი გზა, ხალხთან ურთიერთობის უკეთესი საშუალება და ჩვენთვისაც და სხვებისთვის იმაზე უკეთესი რამ, ვიდრე იმ პიროვნებასთან დაახლოებაა, რომელსაც იესო სრულყოფილად ირეკლავდა. ეს პიროვნება ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი იეჰოვაა (2 კორინთელთა 1:3; ებრაელთა 1:3).
-
-
ხართ თუ არა აღძრული, იმოქმედოთ ქრისტეს მსგავსად?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 თებერვალი
-
-
[გვერდი 23 დათმობილი აქვს სურათს]
-