საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის რწმენა საჭიროა ამისთვის სასწაული?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მარტი
    • ღვთის რწმენა საჭიროა ამისთვის სასწაული?

      ალბერტი 20 წელს იყო გადაცილებული, როცა ღვთის ძებნა დაიწყო. მან ბევრი რელიგია გამოიკვლია, მაგრამ უკმაყოფილო დარჩა. ბიბლიიდან მონაკვეთების კითხვით მან გაიგო, როგორ დამოკიდებულებაში იყო ღმერთი ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა: ნოე, აბრაამი, სარა და მოსე. ალბერტი მიხვდა, რომ ბიბლიის ღმერთი იზიდავს. მაგრამ შეეძლო მას დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს?

      ერთ საღამოს ალბერტი განმარტოვდა და ილოცა: „გთხოვ, ღმერთო, მომეცი ნიშანი — შენი არსებობის დამამტკიცებელი რამ“. ალბერტი ელოდა და ელოდა. ის იხსენებს, რომ, როცა არაფერი მოხდა, მისი მოლოდინი „გულგატეხილობამ, სიცარიელემ, გულისწყრომამ შეცვალა“.

      ალბერტის მსგავსად, მრავალს მიაჩნია, რომ ღმერთს ამაოდ ეძებს. მათ, შესაძლებელია, მღვდლების ქადაგება აბნევს ან სატელევიზიო მქადაგებლების ვაჭრობა უკარგავს რწმენას. ზოგმა, მრავალი მეზობლის აშკარა თვალთმაქცობით სახტად დარჩენილმა, არ იცის, რა იწამოს. მაგრამ ძველი ისრაელის მეფე დავითმა თავისი ძე სოლომონი დაარწმუნა: „ძებნას თუ დაუწყებ [ღმერთს], იპოვი კიდეც“ (პირველი ნეშტთა 28:9).

      მაშ, როგორ ავლენს ღმერთი საკუთარ თავს? უნდა მოელოდე ნიშანს — რაღაც ზებუნებრივ შემთხვევას, რომელიც ღვთის არსებობას დაგიმტკიცებს? ჟურნალ „ტაიმში“ მოხსენიებული ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ორ მესამედზე მეტს სასწაულების სჯერა. სტატია აგრეთვე შენიშნავდა, რომ «ამერიკაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკლესიები ქარიზმატელთა და ორმოცდაათიანელთა კრებებია, რომელთა თაყვანისმცემლობაც „ნიშნებისა და სასწაულების“ გარშემო ტრიალებს».

      ნუთუ ნამდვილად „ნიშნები და სასწაულებია“ აუცილებელი, რომ ღმერთი იწამო? წარსულში ის იყენებდა სასწაულებს. მაგალითად, ტარსუსელ სავლეს, რომელიც ღვთის ძის, იესო ქრისტეს, მიმდევრებს დევნიდა, იერუსალიმი—დამასკოს გზაზე უჩვეულო რამ შეემთხვა. აღმდგარ იესოსთან ეს სასწაულებრივი შეხვედრა სავლეს მოქცევით დასრულდა (საქმეები 9:1–22). ამგვარად, ყოფილი მდევნელი გახდა პავლე მოციქული — ქრისტიანობის ერთ-ერთი გამოჩენილი მომხრე!

      მაგრამ ყოველთვის ასეთ დადებით გამოხმაურებას იწვევს სასწაულები? დამოკიდებულია ღვთის ნამდვილი რწმენა პიროვნების მიერ რაღაც სასწაულებრივი მოვლენის ნახვაზე?

  • რატომ არ წარმოქმნის რწმენას მხოლოდ სასწაულები
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 მარტი
    • რატომ არ წარმოქმნის რწმენას მხოლოდ სასწაულები

      ნუ დაუჯერებ ყურსაო, რაც არ უნახავს თვალსაო. მრავალს აქვს ასეთი შეხედულება. ზოგი ამბობს, რომ ღმერთს იწამებდა, თუ ის რაღაც სასწაულით გამოავლენდა საკუთარ თავს. შესაძლებელია, ეს ასეცაა, მაგრამ იქნებოდა ამგვარი დაჯერება ნამდვილ რწმენამდე მიმყვანი?

      განიხილე ისრაელების: კორახის, დათანისა და აბირამის, შემთხვევა. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ისინი ღვთის მიერ მოხდენილი შემდეგი შემაძრწუნებელი სასწაულების თვითმხილველები იყვნენ: ეგვიპტეზე დატეხილი ათი სასჯელი, ისრაელი ერის გადარჩენა მეწამული ზღვის გავლით და ეგვიპტელი ფარაონისა და მისი ჯარის განადგურება (გამოსვლა 7:19–11:10; 12:29–32; ფსალმუნი 135:15). კორახმა, დათანმა და აბირამმა სინაის მთასთან ზეციდან იეჰოვას ლაპარაკიც კი მოისმინეს (მეორე რჯული 4:11, 12). მაგრამ ამ სასწაულების მოხდენიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ ამ სამმა მამაკაცმა აჯანყება მოაწყო იეჰოვასა და მის მიერ დანიშნული მსახურების წინააღმდეგ (რიცხვნი 16:1–35; ფსალმუნი 105:16–18).

      დაახლოებით 40 წლის შემდეგ სასწაულის მოწმე გახდა აგრეთვე წინასწარმეტყველი, სახელად ბალაამი. ანგელოზის ჩარევამაც კი ვერ შეაკავა ის ღვთის მტრების, მოაბელების, მიმხრობისაგან. სასწაულის მიუხედავად, ბალაამმა უკან არ დაიხია და იეჰოვა ღმერთისა და მისი ხალხის საწინააღმდეგო მხარე დაიკავა (რიცხვნი 22:1–35; 2 პეტრე 2:15, 16). მაგრამ ბალაამის ურწმუნოება არაფერი იყო იუდა ისკარიოტელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ იესოს ახლო თანამგზავრსა და მრავალი სასწაულის თვითმხილველს წარმოადგენდა, იუდამ ოცდაათ ვერცხლად გასცა ის (მათე 26:14–16, 47–50; 27:3–5).

      იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმაც იცოდნენ იესოს მრავალი სასწაულის შესახებ. მის მიერ ლაზარეს აღდგენის შემდეგ მათ აღიარეს კიდეც: „ეს კაცი ბევრ სასწაულებს ახდენს“. მაგრამ მოულბო გულები და მისცა რწმენა მათ გაცოცხლებული ლაზარეს დანახვამ? ნამდვილად არა. ნაცვლად ამისა, მათ ორივეს, იესოსა და ლაზარეს, მოკვლა გადაწყვიტეს! (იოანე 11:47–53; 12:10).

      ღვთის უშუალო ჩარევამაც კი ვერ შეძლო ამ ბოროტ მამაკაცებში რწმენის წარმოქმნა. ერთხელ, ტაძრის ტერიტორიაზე ყოფნისას, იესო ხმამაღლა ლოცულობდა: „მამაო, განადიდე სახელი შენი“. ზეციდან გაისმა იეჰოვას პასუხი: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“. მაგრამ ამ სასწაულებრივ შემთხვევას არ წარმოუქმნია რწმენა იქ მყოფთა გულებში. ბიბლია ამბობს: „ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ იწამეს იგი“ (იოანე 12:28–30, 37; შეადარე ეფესელთა 3:17.

      რატომ არ წარმოქმნა სასწაულებმა რწმენა

      როგორ შეიძლება, რომ სასწაულების მიუხედავად, ასეთი ურწმუნოება არსებობდეს? იუდეველი რელიგიური წინამძღოლების მიერ იესოს უარყოფა განსაკუთრებით გაუგებრად გამოიყურება, როცა მხედველობაში იღებ, რომ სწორედ იმ დროს, როცა მან თავისი მსახურება დაიწყო, მთელი იუდევლობა ‘ქრისტეს,’ ანუ მესიის „მოლოდინში“ იყო (ლუკა 3:15). მაგრამ პრობლემა ის იყო, თუ რის მოლოდინი ჰქონდათ მათ. ლექსიკოგრაფი უ. ე. ვაინი ციტირებს ბიბლიის ცნობილი მკვლევარის სიტყვებს, როცა ამბობს, რომ იუდეველები შეიპყრო აზრმა მესიის შესახებ, რომელიც „ქვეყნიურ გამარჯვებასა“ და „მატერიალურ კეთილდღეობას“ მისცემდა მათ. აქედან გამომდინარე, ისინი მზად არ იყვნენ თავმდაბალი, არაპოლიტიკოსი იესო ნაზარეველისთვის, რომელიც ახ. წ. 29 წელს გამოჩნდა მათ შორის, როგორც ჭეშმარიტი მესია. რელიგიურ წინამძღოლებს აგრეთვე ეშინოდათ, რომ იესოს სწავლებები არსებულ საქმის ვითარებას ჩაშლიდა და მათ ცნობილ მდგომარეობას საფრთხეში ჩააგდებდა (იოანე 11:48). წინასწარაკვიატებული აზრები და ეგოიზმი აბრმავებდა მათ იესოს სასწაულების მნიშვნელობის დასანახად.

      მოგვიანებით იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა და სხვებმა უარყვეს სასწაულებრივი დამამტკიცებელი საბუთი, რომ იესოს მიმდევრები ღვთის კეთილგანწყობილებით სარგებლობდნენ. მაგალითად, როცა მისმა მოციქულებმა განკურნეს დაბადებიდან დავრდომილი მამაკაცი, იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს განრისხებულმა წევრებმა იკითხეს: „რა ვუყოთ ამ ხალხს? რადგან მათი ხელით რომ მოხდა ეს ცხადი სასწაული, ცნობილია იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის და ამას ჩვენ ვერ უარვყოფთ. მაგრამ, უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, რომ კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით“ (საქმეები 3:1–8; 4:13–17). ცხადია, ამ შესანიშნავ სასწაულს არ წარმოუქმნია ან არ გამოუწვევია რწმენა ამ მამაკაცთა გულებში.

      პატივმოყვარეობა, სიამაყე და სიხარბე ის ფაქტორებია, რომლებიც მრავალს უბიძგებს, გულები გაიქვავონ. ეს იყო დასაწყისში მოხსენიებული კორახის, დათანისა და აბირამის შემთხვევაში. შურმა, შიშმა და მრავალმა სხვა საზიანო გრძნობამ ხელი შეუშალა სხვებს. აგრეთვე გვახსენდება ურჩი ანგელოზები, დემონები, რომელთაც ერთ დროს უპირატესობა ჰქონდათ, ღვთის სახისთვისაც კი ეყურებინათ! (მათე 18:10). მათ ეჭვი არ ეპარებათ ღვთის არსებობაში. ნამდვილად, „ეშმაკებსაც სწამთ იგი და კანკალებენ“ (იაკობი 2:19). მიუხედავად ამისა, მათ არა აქვთ ღვთის რწმენა.

      ნამდვილი რწმენის მნიშვნელობა

      რწმენა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო დაჯერება. ის აგრეთვე უფრო მეტია, ვიდრე წამიერი ემოციური რეაქცია რამე სასწაულზე. ებრაელთა 11:1-ში ნათქვამია: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“. რწმენის მქონე პიროვნებას გულით სწამს, რომ ყველაფერი, რასაც იეჰოვა ღმერთი გვპირდება, ყოველთვის სრულდება. უფრო მეტიც, უხილავ სინამდვილეთა უდავო დამამტკიცებელი საბუთი იმდენად ძლიერია, რომ თვით რწმენაზე ითქმება, რომ ის ამ დადასტურების ეკვივალენტია. დიახ, რწმენა დადასტურებაზეა დაფუძნებული. და წარსულში სასწაულებს წვლილი შეჰქონდა რწმენის განვითარებაში ან წარმოქმნაში. იესოს მიერ მოხდენილი ნიშნები მოემსახურა სხვების დარწმუნებას, რომ ის იყო აღთქმული მესია (მათე 8:16, 17; ებრაელთა 2:2–4). მსგავსად ამისა, ღვთის სულიწმიდის ანუ მისი მოქმედი ძალის ისეთმა ნიჭებმა, როგორიცაა სასწაულებრივი განკურნება და ენებზე ლაპარაკი, დაამტკიცა, რომ იუდეველებს აღარ ჰქონდათ იეჰოვას კეთილგანწყობილება და რომ მისი მოწონება ახლა მისი ძის, იესო ქრისტეს, მიერ დაფუძნებულ ქრისტიანულ კრებაზე იყო დავანებული (1 კორინთელთა 12:7–11).

      სულის სასწაულებრივ ნიჭთა შორის იყო წინასწარმეტყველების უნარი. როცა ურწმუნოები უკვირდებოდნენ ამ სასწაულს, ზოგი აღიძვრებოდა, თაყვანი ეცა იეჰოვასთვის და აღიარებდა: „ჭეშმარიტად თქვენ შორის არის ღმერთი“ (1 კორინთელთა 14:22–25). მიუხედავად ამისა, იეჰოვა ღმერთს არ ჰქონია განზრახული, რომ სასწაულები ქრისტიანული თაყვანისმცემლობის მუდმივი თავისებურება ყოფილიყო. შესაბამისად, პავლე მოციქული წერდა: „წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება“ (1 კორინთელთა 13:8). ეს ნიჭები, როგორც ჩანს, შეწყდა მოციქულებისა და მათი მეშვეობით ასეთი ნიჭების მიმღები ადამიანების სიკვდილთან ერთად.

      დარჩებოდა ამის შემდეგ ხალხი რწმენისთვის საფუძვლის გარეშე? არა, რადგანაც პავლემ თქვა: „[ღმერთი] ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“ (საქმეები 14:17). ნამდვილად, გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არიან გონება და გული გაუხსნან ჩვენს გარშემო არსებულ დამამტკიცებელ საბუთს, იეჰოვა ღმერთის „უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე, რომ მათ [ღვთის უარმყოფელებს] პატიება არა აქვთ“ (რომაელთა 1:20).

      მაგრამ საჭიროა უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ღვთის არსებობის დაჯერება. პავლე მოუწოდებდა: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:2). ეს შეიძლება გაკეთდეს საღვთო წერილის გულმოდგინე შესწავლით ისეთი ქრისტიანული პუბლიკაციების დახმარებით, როგორიც ეს ჟურნალია. ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ზუსტ შემეცნებაზე დაფუძნებული რწმენა სუსტი ან ზერელე არ არის. ის, ვინც შეიგნო ღვთის ნება და რწმენით ასრულებს მას, ღვთისადმი წმინდა მსახურებას ეწევა (რომაელთა 12:1).

      დაუჯერე ყურსაო, თუნდ არ ენახოს თვალსაო

      მოციქულ თომას უჭირდა იესოს მკვდრეთით აღდგომის დაჯერება. „თუ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ და ნალურსმნევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში — საკუთარ ხელს, არ ვიწამებ“! — განაცხადა თომამ. როცა მოგვიანებით იესო ისეთი სხეულით მოევლინა, რომელზეც ძელზე გაკვრით მიღებული ჭრილობები ჩანდა, თომა კეთილგანწყობილებით გამოეხმაურა ამ სასწაულს. მაგრამ იესომ თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ“ (იოანე 20:25–29).

      დღეს მილიონობით იეჰოვას მოწმე ‘რწმენით დადის და არა ხილვით’ (2 კორინთელთა 5:7). თუმცა მათ არ უნახავთ ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები, მტკიცედ სწამთ, რომ ისინი მოხდა. მოწმეები რწმენას ავლენენ ღვთისა და მისი სიტყვის მიმართ. ღვთის სულის დახმარებით მათ შეუძლიათ ჩასწვდნენ ბიბლიის სწავლებებსა და მის მთავარ თემას — იეჰოვა ღმერთის უზენაესი ხელისუფლების გამართლებას მისი ზეციერი სამეფოს საშუალებით (მათე 6:9, 10; 2 ტიმოთე 3:16, 17). ეს ნამდვილი ქრისტიანები თავიანთ სასიკეთოდ იყენებენ ცხოვრებაში ბიბლიის ბრძნულ რჩევას (ფსალმუნი 118:105; ესაია 48:17, 18). ისინი ეთანხმებიან უდავო მტკიცებას, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები ჩვენს დროს აღნიშნავს, როგორც ‘უკანასკნელ დღეებს’, და მათ სწამთ, რომ ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერება ხელის გაწვდენაზეა (2 ტიმოთე 3:1–5; მათე 24:3–14; 2 პეტრე 3:13). მათთვის სიხარული მოაქვს სხვებისთვის ღვთის შემეცნების გაზიარებას (იგავნი 2:1–5). მათ იციან, რომ ვინც ღმერთს ეძებს, მხოლოდ საღვთო წერილის შესწავლის მეშვეობით შეუძლია ნამდვილად მისი პოვნა (საქმეები 17:26, 27).

      გახსოვს ალბერტი, რომელიც წინა სტატიაში იყო მოხსენიებული? იქიდან, რაც სასწაულის შესახებ ლოცვაზე პასუხი არ მიიღო, რამდენიმე დღის შემდეგ მას ეწვია ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, ხანში შესული ქალი, რომელმაც ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა დაუტოვა. შემდეგ ალბერტი დათანხმდა სახლში ბიბლიის უფასოდ შესწავლაზე. ბიბლიის ცნობის უკეთესად გაცნობასთან ერთად მისი გულგატეხილობა აღელვებამ შეცვალა. ის ხვდებოდა, რომ ყოველივეს შემდეგ იპოვა ღმერთი.

      საღვთო წერილი მოგვიწოდებს: „ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი“ (ესაია 55:6). შენ შეგიძლია ამის გაკეთება არა იმის ლოდინით, რომ ღმერთი დღეს სასწაულს მოახდენს, არამედ მისი სიტყვის ზუსტი შემეცნების მიღებით. ეს აუცილებელია, რადგანაც მხოლოდ სასწაულები არ წარმოქმნის რწმენას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება