მკითხველთა შეკითხვები
მათეს 17:20-ის თანახმად, მოციქულებმა ვერ განკურნეს გატანჯული ბიჭი ‘თავიანთი მცირე რწმენის გამო’. მაგრამ მარკოზის 9:29-ში ამის მიზეზად ლოცვა არის მოხსენიებული. რატომ არის სხვადასხვა მიზეზი მოხსენიებული სხვადასხვა სახარების ცნობაში?
ფაქტობრივად, ეს ორი ცნობა ერთმანეთს ავსებს და არ წარმოადგენს ურთიერთსაწინააღმდეგოს. თავდაპირველად განვიხილოთ მათეს 17:14–20. მამაკაცმა თქვა, რომ მისი ძე მთვარეული იყო და მოციქულებმა ვერ განკურნეს ის. იესომ კი განკურნა — განდევნა დემონი, რომელიც ტანჯავდა მას. მოციქულებმა ჰკითხეს, თუ თვითონ რატომ ვერ შეძლეს დემონის განდევნა. მათეს ცნობის თანახმად, იესომ უპასუხა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“.
ახლა გადავხედოთ მარკოზის 9:14–29-ს. აქ უფრო მეტ წვრილმანს ვნახულობთ. მაგალითად, მარკოზის 9:17 გვაწვდის დაწვრილებით ცნობას იმაზე, რომ ამ შემთხვევაში სამთვარიოთი შეპყრობა გამოწვეული იყო ბოროტი სულით. აღსანიშნავია, რომ ბიბლია სხვა ადგილას იხსენიებს, რომ იესომ განკურნა მთვარეულები და დემონებით შეპყრობილები (მათე 4:24). ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში კი ავადმყოფობა გამოწვეული იყო ‘უტყვი და ყრუ სულის’, ბოროტი სულის, მიერ, რასაც ექიმი ლუკა ადასტურებს (ლუკა 9:39; კოლასელთა 4:14). ყურადღება მიაქციეთ მარკოზის 9:18-ში მოცემულ სიტყვებს — „სადაც კი [დემონი] შეიპყრობს“. ესე იგი ბიჭი განუწყვეტლივ არ იყო დემონით გატანჯული — მხოლოდ ზოგჯერ. მიუხედავად ამისა, მოციქულებმა ვერ განდევნეს დემონი და ვერ განკურნეს ბიჭი. როცა იესოს ამის მიზეზი ჰკითხეს, მან უპასუხა: „ეს მოდგმა სხვანაირად ვერ გამოვა, თუ არა ლოცვით“.
თუ მარკოზის ცნობას გულდასმით წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ სულაც არ ეწინააღმდეგება მათეს ჩანაწერს. მარკოზის 9:19 გვიჩვენებს, რომ იესო გულდაწყვეტილი იყო იმ მოდგმის ურწმუნოებით. 23-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ მან უთხრა ბიჭის მამას: „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“. ასე რომ, მარკოზიც რწმენის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და 29-ე მუხლში დამატებით ცნობას გვაწვდის. ის დამატებით ინფორმაციას იძლევა იმაზე, რაც იესომ თქვა ლოცვის შესახებ, რასაც არც მათე და არც ლუკა არ იხსენიებს.
ამიტომ რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან? სხვა შემთხვევებში 12-მა მოციქულმაც და 70-მა მოწაფემაც განდევნეს ბოროტი სულები (მარკოზი 3:15; 6:13; ლუკა 10:17). მაგრამ ამ შემთხვევაში მოწაფეებმა ვერ განდევნეს დემონი. რატომ? თუ სხვადასხვა ცნობაში მოხსენიებულ წვრილმანებს გავაერთიანებთ, დავასკვნით, რომ ამ შემთხვევაში ისინი არ იყვნენ საამისოდ მზად. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, თუ როგორი დემონით იყო შეპყრობილი ბიჭი, რადგან, როგორც ჩანს, დემონებს სხვადასხვაგვარი თვისებები, ინტერესები და შესაძლებლობებიც კი აქვთ. ამ დემონის განდევნისთვის კი საჭირო იყო განსაკუთრებულად ძლიერი რწმენა და ღვთისგან დახმარებისთვის მგზნებარე ლოცვა. რა თქმა უნდა, იესოს ჰქონდა ასეთი რწმენა. მას აგრეთვე ეხმარებოდა ლოცვების მომსმენი, ზეციერი მამა (ფსალმუნი 64:3). ასე რომ, მას არა მარტო შეეძლო ტანჯული ბიჭის განკურნება დემონის განდევნით, არამედ განკურნა კიდეც ის.