საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ იპყრობს ჩვენს ყურადღებას სასწაულები?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აგვისტო
    • რატომ იპყრობს ჩვენს ყურადღებას სასწაულები?

      «საკმარისია სიტყვა „სასწაულის“ განმარტება წავიკითხოთ, რომ დავინახავთ, როგორ ეწინააღმდეგება ის მეცნიერებას» (რიჩარდ დოკინზი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი).

      „ნამდვილად არსებობს იმის საფუძველი, გვჯეროდეს, რომ სასწაულები მართლაც ხდება. სასწაულები არ ეწინააღმდეგება რწმენას. პირიქით, იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთს თავისი ქმნილებები უყვარს და მათი ბედი ყოველთვის აღელვებს“ (რობერტ ლარმერი, ფილოსოფიის პროფესორი).

      გჯერა სასწაულების? როგორც ზემოხსენებული ციტატებიდანაც გამოჩნდა, ამ საკითხზე ხალხის თვალსაზრისი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ შენ თვითონ როგორ უპასუხებდი ამ კითხვას?

      შეიძლება ყოყმანობ, თქვა, რომ გჯერა სასწაულების ან შესაძლოა შიშობ, რომ თუ ამას ხმამაღლა აღიარებ, ცრუმორწმუნე და გაუნათლებელ ადამიანად შეგრაცხავენ. ბევრი მართლაც ასე ფიქრობს.

      არადა, შესაძლოა მართლა გჯერა, რომ სასწაულები ხდება. შეიძლება იმაშიც დარწმუნებული ხარ, რომ მართლაც მოხდა ის სასწაულები, რომლებსაც ბიბლიაში ვკითხულობთ; მაგალითად წითელი ზღვის ორად გაყოფა. იქნებ ისიც გჯერა, რომ დღესაც ხდება სასწაულები? ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ „დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა, რომ სასწაულები ხდება. მაგალითად, შეერთებული შტატების მოსახლეობის დაახლოებით 75 პროცენტი და ბრიტანეთის მოსახლეობის 38 პროცენტი დარწმუნებულია ამაში“ (The Cambridge Companion to Miracles, რედაქტორი გრემ თველფტრი). თუმცა, მხოლოდ ქრისტიანებს არ სჯერათ, რომ სასწაულები ხდება. ერთ-ერთი ენციკლოპედიის თანახმად, „ფაქტობრივად ყველა რელიგია აღიარებს“, რომ სასწაულები ხდება (Britannica Encyclopedia of World Religions).

      ან იქნებ მესამე კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებიც ამბობენ: „არ ვიცი, არ მაინტერესებს! ჩემს ცხოვრებაში სასწაულები არ ხდება“. სინამდვილეში რატომ უნდა დავინტერესდეთ სასწაულებით?

      წარმოიდგინე, რომ უკურნებელი სენი გჭირს. ერთ-ერთ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში რომ წაგეკითხა ახალი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც შენი დაავადების განკურნება შეუძლია, განა არ გამოყოფდი მცირე დროს მაინც იმის გამოსაკვლევად, რომ ეს მედიკამენტი მართლაც ეფექტურია? ბიბლია გვპირდება, რომ მალე გასაოცარი სასწაულები მოხდება და მათი თვითმხილველი დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გახდება. ნუთუ არ ღირს, დრო გამოყო იმის გასაგებად, თუ რამდენად სარწმუნოა ეს დანაპირები?

      მაგრამ სანამ გავიგებთ, რა სასწაულები მოხდება მომავალში, მოდი, ჯერ განვიხილოთ სასწაულებთან დაკავშირებული სამი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება.

      [ჩარჩო 3 გვერდზე]

      რა არის სასწაული?

      ეს არის მოვლენა, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ თუ ბუნებრივ ძალას აღემატება და ზებუნებრივი ძალის ჩარევით ხდება.

  • მართლა ხდება სასწაულები? — სამი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აგვისტო
    • მართლა ხდება სასწაულები? — სამი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი

      1. შეუძლებელია, სასწაული ხდებოდეს, რადგან ის ბუნების კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. ცოდნა, რომელსაც ბუნების კანონების შესახებ ვფლობთ, მეცნიერულ დაკვირვებებს ეფუძნება. ეს კანონები ძლიერ წააგავს ამა თუ იმ ენის გრამატიკულ წესებს. თუმცა, გრამატიკაში გამონაკლისებიც არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებაში არსებულ „წესებზე“ ბევრი რამ არ ვიცით (იობი 38:4). მეცნიერმა შესაძლოა მთელი თავისი ცხოვრება ბუნების რომელიმე კანონის კვლევა-ძიებას მიუძღვნას, მაგრამ საკმარისია, აღმოაჩინოს ერთი „გამონაკლისიც“ კი, რომ ამ კანონთან დაკავშირებით საკუთარი თეორიის გადახედვა მოუწიოს. როგორც ერთი უცხოური ანდაზა ამბობს, „ერთი შავი გედიც კი საკმარისია, დავასკვნათ, რომ ყველა გედი თეთრი არაა“.

      ქვემოთ მოთხრობილი ღიმილის მომგვრელი ამბიდან კარგად ჩანს, თუ რა ადვილად შეიძლება მცდარი დასკვნა გააკეთო, როცა რაღაც ბოლომდე არ გესმის. ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა (1632—1704) მოჰყვა, რა კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ჰოლანდიის ელჩი და სიამის (დღევანდელი ტაილანდი) მეფე. როცა ელჩი მეფეს თავის ქვეყანას აცნობდა, თქვა, რომ ჰოლანდიაში ზოგჯერ ისიც კი იყო შესაძლებელი, რომ სპილოებს წყალზე გაევლოთ. მეფემ არ დაუჯერა და იფიქრა, რომ ატყუებდა. სინამდვილეში ელჩი ისეთ რამეს ეუბნებოდა, რაზეც მას წარმოდგენაც არ ჰქონდა. მეფეს აზრადაც არ მოსვლია, რომ გაყინულ წყალზე სპილოსაც შეეძლო გავლა. იგი რეალურად ვერ აღიქვამდა ნათქვამს, რადგან გაყინული წყალი თვალით არ ენახა.

      მოდი, ახლა ვისაუბროთ თანამედროვე მიღწევებზე, რომლებიც, სულ რაღაც, რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ:

      ● თვითმფრინავს შეუძლია საათში 900 კილომეტრი სიჩქარის განვითარება და ერთ ჯერზე ნიუ-იორკიდან სინგაპურში 800-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა.

      ● ვიდეოკავშირის საშუალებით შესაძლებელი გახდა, რომ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს პირისპირ ესაუბრონ.

      ● ათასობით სიმღერის განთავსებაა შესაძლებელი ასანთის კოლოფზე პატარა ზომის მოწყობილობებში.

      ● ქირურგებს შეუძლიათ გულისა და სხვა ორგანოების გადანერგვა.

      რა ლოგიკურ დასკვნამდე მივყავართ ასეთ ფაქტებს? თუ ადამიანს შეუძლია ისეთი რამის გამოგონება, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო, მით უმეტეს ღმერთს, რომელმაც სამყარო და ყოველივე მასში არსებული შექმნა, შეუძლია ისეთი გასაოცარი რამ მოახდინოს, რასაც დღეს ბოლომდე ვერ ჩავწვდებით და რის გაკეთებასაც თვითონ ვერასდროს შევძლებთ (დაბადება 18:14; მათე 19:26).a

      2. ბიბლიაში იმიტომ ჩაიწერა სასწაულები, რომ ხალხმა ღვთის არსებობა ირწმუნოს. ბიბლია არ მოგვიწოდებს, რომ ყველა სასწაულის გვჯეროდეს. უფრო მეტიც, ის გვაფრთხილებს, რომ არ დავუჯეროთ ყველა სასწაულსა თუ საკვირველ ნიშანს. ყურადღება მიაქციეთ ამ ნათელ გაფრთხილებას: „მას, ვისი მოსვლაც არის სატანის შეწევნით, მთელი ძალით და ნიშნებით და ცრუ სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცდურით“ (2 თესალონიკელები 2:9, 10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

      იესო ქრისტემაც გაგვაფრთხილა, რომ ბევრი უწოდებდა საკუთარ თავს ქრისტიანს, მაგრამ მისი ნამდვილი მიმდევრები არ იქნებოდნენ. ბევრი ამასაც კი ეტყოდა: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ (მათე 7:22). მაგრამ იესომ თქვა, რომ მათ არ ცნობდა თავის მიმდევრებად (მათე 7:23). აშკარაა, იესო არ ასწავლიდა, რომ ყველა სასწაული ღვთისგან იყო მოვლენილი.

      ღმერთი არ მოუწოდებს თავის თაყვანისმცემლებს, რომ თავიანთი რწმენა სასწაულებზე ააგონ. პირიქით, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ რწმენა სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს უნდა ემყარებოდეს (ებრაელები 11:1).

      მაგალითად, განვიხილოთ ბიბლიაში ჩაწერილი ყველასთვის კარგად ცნობილი სასწაული — იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. ამ მოვლენიდან წლების გასვლის შემდეგ ზოგმა კორინთელმა ქრისტიანმა ეჭვქვეშ დააყენა იესოს აღდგომის ფაქტი. როგორ დაეხმარა პავლე მოციქული ამ ქრისტიანებს? მხოლოდ იმისკენ ხომ არ მოუწოდა, რომ მეტი რწმენა ჰქონოდათ? რასაკვირველია, არა. მან კორინთელებს მათთვის კარგად ნაცნობი ფაქტები შეახსენა. მან თქვა, რომ იესო „დაკრძალულ იქნა, მაგრამ მესამე დღეს აღდგა წმინდა წერილების თანახმად და ეჩვენა კეფას, შემდეგ კი — თორმეტს. შემდეგ ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთა უმრავლესობაც ცოცხალია“ (1 კორინთელები 15:4—8).

      ექნებოდა რაიმე მნიშვნელობა იმას, დაიჯერებდნენ თუ არა ქრისტიანები ამ სასწაულს? პავლემ ისიც დასძინა: „თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც“ (1 კორინთელები 15:14). პავლე ამ საკითხს მეტად საყურადღებოდ თვლიდა. მისთვის ნამდვილად არ იყო სულერთი, ქრისტიანები ირწმუნებდნენ თუ არა იმას, რომ ქრისტე აღდგა. პავლემ ასობით თვითმხილველისგან, რომლებიც მის დროს ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, იცოდა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა. ისინი მზად იყვნენ, მომკვდარიყვნენ, ვიდრე უარეყოთ ის, რაც საკუთარი თვალით იხილეს (1 კორინთელები 15:17—19).

      3. სასწაულები უბრალოდ ბუნებრივი მოვლენებია, რომლებსაც გაუნათლებელი ადამიანები ვერ სწვდებიან. ზოგიერთი სწავლული ცდილობს, ბიბლიაში ჩაწერილ სასწაულებს ისეთი ახსნა მოუნახოს, თითქოს ისინი ბუნებრივი მოვლენები იყო და მათში სრულებით არ ერია ღვთის ხელი. მათი აზრით, ამგვარი ახსნა ბიბლიურ ცნობას უფრო სარწმუნოს ხდის. მართალია, ზოგ სასწაულს მართლაც სდევდა თან ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა მიწისძვრა, მეწყერი თუ სხვა უბედურებები, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ყველა სასწაულს ერთი რამ ჰქონდა საერთო — როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, თითოეული მათგანი საჭირო დროს მოხდა.

      ზოგი ამტკიცებს, რომ პირველი უბედურება, რომელიც ეგვიპტეს დაატყდა თავს და მდინარე ნილოსის წყალი სისხლად იქცა, სასწაული არ იყო. მათი აზრით, მდინარე სისხლისფრად მასში მოხვედრილი წითელი მიწისა და მოწითალო ფერის მიკროორგანიზმების, შოლტიანების, გამო შეიღება. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ მდინარის წყალი სისხლად იქცა და არა წითელ ტალახად. გარდა ამისა, თუ გულისყურით წავიკითხავთ გამოსვლის 7:14—21-ს, აღმოვაჩენთ, რომ ეს სასწაული სწორედ მაშინ მოხდა, როცა აარონმა, მოსეს მითითებისამებრ, მდინარე ნილოსს ჯოხი დაჰკრა. მაშინაც კი, თუ ეს სასწაული მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა იყო და მეტი არაფერი, ის ხომ მაინც არის სასწაული, რომ წყალი ზუსტად მაშინ შეიღება წითლად, როცა აარონმა ჯოხი დაჰკრა მდინარე ნილოსს!

      მოდი, ახლა კიდევ ერთი შემთხვევა განვიხილოთ, რომელიც ზუსტად საჭირო დროს მოხდა. ისრაელი აღთქმულ მიწაზე შესვლას აპირებდა. მათ გზად ეღობებოდა ადიდებული მდინარე იორდანე. ბიბლიაში ვკითხულობთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები: „როგორც კი მიადგნენ იორდანეს მღვდლები, რომლებიც კიდობანს ატარებდნენ, და ჩადგეს ფეხი წყალში . . . გაჩერდა ზემოდან მომდინარე წყალი და კედლად აღიმართა შორს, ქალაქ ადამთან“ (იესო ნავეს ძე 3:15, 16). მოხდა ეს მიწისძვრის ან მეწყრის გამო? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ერთი რამ ცხადია: ეს მოვლენა მეტად საჭირო დროს მოხდა, რაც უკვე სასწაულია! ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ამის შესახებ იეჰოვამ განაცხადა (იესო ნავეს ძე 3:7, 8, 13).

      ასე რომ, არის ზემოთ მოყვანილი შემთხვევები სასწაულები? ბიბლია ამას სასწაულს უწოდებს. თუ მისი მონათხრობით ვიმსჯელებთ, ეს ბუნებრივ მოვლენებზე მეტია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია იმის მტკიცება, რომ შეუძლებელია მოხდეს სასწაულები მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველდღე არ ხდება?

      [სქოლიო]

      a თუ ეჭვი გეპარებათ ღვთის არსებობაში, წაიკითხეთ ბროშურები „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“ და „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ) ან ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გაესაუბრეთ მას, ვინც ეს ჟურნალი მოგცათ.

      [სურათი 5 გვერდზე]

      სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ თვითმფრინავი საათში ასობით კილომეტრი სიჩქარით იფრენდა

  • როგორ ფიქრობთ, მართლა მოხდა ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები?
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აგვისტო
    • როგორ ფიქრობთ, მართლა მოხდა ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები?

      თუ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელ ისტორიას მოგიყვებოდათ სანდო ადამიანი, დაეჭვდებოდით მის ნათქვამში? მის სიტყვებს დამაჯერებლობას შეჰმატებდა არა მხოლოდ ის, თუ როგორ მოგიყვებოდათ ამ ამბავს, არამედ ისიც, თუ როგორი რეპუტაციით სარგებლობს იგი თქვენს თვალში. თუ წლების მანძილზე ეს ადამიანი ყოველთვის სიმართლეს გეუბნებოდათ და განზრახ არასდროს მოუტყუებიხართ, განა ამჯერადაც არ ერწმუნებოდით მის სიტყვებს?!

      იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაში ჩაწერილ სასწაულებზეც. არც ერთ ჩვენგანს არ გვინახავს საკუთარი თვალით ეს საკვირველი მოვლენები. მაგრამ შეგვიძლია დავადგინოთ, რამდენად სანდოა ბიბლიური ისტორიები და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს. ახლა ვისაუბრებთ რამდენიმე მხარეზე, რაც ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულების უტყუარობაში დაგვარწმუნებს.

      ბევრი სასწაული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოხდა. ზოგჯერ სასწაულების თვითმხილველი მილიონობით თუ არა, ათასობით კაცი მაინც იყო (გამოსვლა 14:21—31; 19:16—19). ეს სასწაულები არ ხდებოდა ხალხის თვალისგან მალულად.

      სასწაულები არ იყო პომპეზური. სასწაულები, რომლებიც ბიბლიაშია მოხსენიებული, არ იყო სანახაობრივი და თან არ ახლდა სპეცეფექტები. ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულების უმეტესობა დაუგეგმავად ხდებოდა და თანაც მაშინ, როცა ხალხი ითხოვდა დახმარებას (მარკოზი 5:25—29; ლუკა 7:11—16). ასეთ დროს შეუძლებელი იყო, სასწაული დადგმული სანახაობა ყოფილიყო.

      სასწაულებს საკუთარი დიდებისა და სიმდიდრის მოსაპოვებლად არ ახდენდნენ. სასწაულები განადიდებდა ღმერთს (იოანე 11:1—4, 15, 40). ნებისმიერი, ვინც ცდილობდა, ამ სასწაულებით ხელი მოეთბო, ისჯებოდა (2 მეფეები 5:15, 16, 20, 25—27; საქმეები 8:18—23).

      ის ფაქტი, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სასწაულები ათასგვარი იყო, იმაზე მეტყველებს, რომ მათ მიღმა ზეადამიანური ძალა იდგა. აი, ამ სასწაულებიდან ზოგიერთი: ზღვის დაწყნარება და ქარის ჩადგომა, წყლის ღვინოდ გადაქცევა, წვიმის შეწყვეტა თუ წამოსვლა, ავადმყოფების განკურნება და უსინათლოებისთვის თვალის ახელა. ამ და კიდევ ბევრი სხვა სასწაულიდან ჩანს, რომ ზებუნებრივი ძალის დახმარების გარეშე მათი მოხდენა შეუძლებელი იქნებოდა (1 მეფეები 17:1—7; 18:41—45; მათე 8:24—27; ლუკა 17:11—19; იოანე 2:1—11; 9:1—7).

      მოწინააღმდეგეებიც კი, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს სასწაულები, აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც მოხდა. როცა იესომ მკვდრეთით აღადგინა თავისი მეგობარი ლაზარე, მისმა მტრებმა ეჭვქვეშ ვერ დააყენეს ის ფაქტი, რომ ლაზარე მართლაც მკვდარი იყო. მიზეზი ის იყო, რომ ლაზარე უკვე ოთხი დღე იყო სამარხში (იოანე 11:45—48; 12:9—11). იესოს სიკვდილიდან საუკუნეების გასვლის შემდეგაც კი თალმუდის დამწერები აღიარებდნენ, რომ იესოს სასწაულების მოხდენის ძალა ჰქონდა. ისინი მხოლოდ იმას აყენებდნენ ეჭვქვეშ, თუ ვინ აძლევდა მას სასწაულების მოხდენის ძალას. მსგავსად, როცა იესოს მოწაფეები სასამართლოს წინაშე წარადგინეს, ის კი არ ჰკითხეს, მართლა მოახდინეთო სასწაულიო, არამედ უთხრეს, რა ძალით ან ვისი სახელით გააკეთეთო ეს? (საქმეები 4:1—13).

      შენ რაღას იტყვი? გჯერა, რომ მართლა მოხდა ბიბლიაში მოხსენიებული სასწაულები? ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ის, რასაც ბიბლია მოგვითხრობს სასწაულების შესახებ, ნამდვილად სარწმუნოა. გარდა ამისა, არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც უნდა ვერწმუნოთ ბიბლიურ ცნობებს. მაგალითად, როდესაც საუბარია რაიმე მოვლენაზე, დასახელებულია დრო, ადგილი და მოქმედ პირთა სახელები. ბიბლიის კრიტიკოსებიც კი გაოცებას ვერ მალავენ, როცა კითხულობენ, რა სიზუსტითაა აღწერილი ღვთის სიტყვაში ესა თუ ის ისტორიული მოვლენა. ბიბლიის ასობით წინასწარმეტყველება დეტალურად შესრულდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიბლიაში მოცემულია უამრავი რჩევა იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან; ეს რჩევები უკვე ყველა ასაკისა თუ სოციალური ფენის ადამიანს დაეხმარა. როცა საქმე ადამიანურ ურთიერთობებს ეხება, ბიბლიაში ჩაწერილ რჩევებს ბადალი არ მოეძებნება.

      თუ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული ღვთის სიტყვის უტყუარობაში, კარგი იქნება, თუ საგულდაგულოდ გამოიკვლევ ამ წიგნს. რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენ ბიბლიიდან, მით უფრო განგიმტკიცდება მის მიმართ ნდობა (იოანე 17:17). მაშინ დაიჯერებ, რომ ბიბლიურ დროში მომხდარი სასწაულები მართლაც მოხდა. თუ ამ ცნობების უტყუარობაში დარწმუნდები, ეჭვი აღარც იმაში შეგეპარება, რომ ახლო მომავალში სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებებიც შესრულდება.

      [სურათი 7 გვერდზე]

      იესოს მტრებმა ეჭვქვეშ ვერ დააყენეს ის ფაქტი, რომ ლაზარე მართლაც მკვდარი იყო

  • სასწაულები, რომლებიც მომავალში მოხდება
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 აგვისტო
    • სასწაულები, რომლებიც მომავალში მოხდება

      თუ ისეთმა ქირურგმა უნდა გაგიკეთოთ რთული ოპერაცია, რომელზეც გაიგეთ, რომ პირველად ატარებს მსგავსი სირთულის ოპერაციას, რას იგრძნობდით? რასაკვირველია, ძალიან აღელდებოდით. მაგრამ რა შეიძლება ითქვას მაშინ, თუ გაიგებთ, რომ თავისი საქმის კარგად მცოდნე ექიმი გიკეთებთ ოპერაციას, რომელმაც ასობით მსგავს ოპერაციას წარმატებით გაართვა თავი? განა უფრო მეტად არ ენდობოდით ასეთ ექიმს და არ იქნებოდით დარწმუნებული, რომ ის მართლაც აღმოგიჩენდათ საჭირო დახმარებას?

      „დაავადებული“ მსოფლიო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, საჭიროებს გადაუდებელ „ქირურგიულ ჩარევას“. თავის სიტყვაში, ბიბლიაში, იეჰოვა ღმერთი გვპირდება, რომ აღადგენს სამოთხეს დედამიწაზე (2 პეტრე 3:13). მაგრამ მანამდე ბოროტება ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას (ფსალმუნი 37:9—11; იგავები 2:21, 22). სანამ დედამიწა სამოთხედ იქცევა, სწორედ დღევანდელ სავალალო მდგომარეობას უნდა მოეღოს ბოლო. ამისთვის კი მართლაც სასწაულია საჭირო! (გამოცხადება 21:4, 5).

      იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ დედამიწაზე მალე ძირეული და მასშტაბური ცვლილებები მოხდება. ისინი ამაში იმიტომ არიან დარწმუნებული, რომ იეჰოვა ღმერთმა უკვე არაერთი სასწაული მოახდინა, რითაც დაგვიმტკიცა, რომ ნამდვილად შესწევს დანაპირების შესრულების ძალა. მოდი, ახლა შევადაროთ ბიბლიაში მოხსენიებული სასწაულებიდან ექვსი იმ დაპირებებს, რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს.

      უფრო მეტი გაიგეთ იმის შესახებ, თუ რას გვპირდება ღვთის სიტყვა მომავალში. რწმენის განმტკიცებასთან ერთად იმედიც განგიმტკიცდებათ, რომ იცხოვრებთ იმ დროს, როცა იეჰოვას არაერთი სასწაულის თვითმხილველნი გახდებით.

      [ჩარჩო/სურათები 8, 9 გვერდებზე]

      სასწაული:

      იესომ ათასობით ადამიანი რამდენიმე პურითა და თევზით დააპურა (მათე 14:13—21; მარკოზი 8:1—9; იოანე 6:1—14).

      დანაპირები:

      „დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს და გვაკურთხებს ღმერთი, ჩვენი ღმერთი“ (ფსალმუნი 67:6).

      რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?

      აღარავინ არასდროს იშიმშილებს.

      სასწაული:

      იესომ უსინათლოებს თვალი აუხილა (მათე 9:27—31; მარკოზი 8:22—26).

      დანაპირები:

      „ბრმებს თვალები აეხილებათ“ (ესაია 35:5).

      რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?

      ყველა უსინათლოს მხედველობა დაუბრუნდება.

      სასწაული:

      იესომ ხეიბრები განკურნა (მათე 11:5, 6; იოანე 5:3—9).

      დანაპირები:

      „კოჭლი ირემივით იხტუნებს“ (ესაია 35:6).

      რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?

      ყველა დავრდომილი განიკურნება.

      სასწაული:

      იესომ არაერთი ავადმყოფი განკურნა (მარკოზი 1:32—34; ლუკა 4:40).

      დანაპირები:

      „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

      რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?

      ყველანაირი დაავადება წარსულს ჩაჰბარდება. ყველანი ჯანმრთელები ვიქნებით.

      სასწაული:

      იესოს ბუნების ძალები ემორჩილებოდა (მათე 8:23—27; ლუკა 8:22—25).

      დანაპირები:

      „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს . . . ტყუილუბრალოდ არ იშრომებენ“ (ესაია 65:21, 23).

      „ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში, უსაფრთხო სამკვიდრებელში და მყუდრო მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს“ (ესაია 32:18).

      რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?

      სტიქიური უბედურებები მეტად აღარ მოხდება.

      სასწაული:

      იესომ მკვდრები გააცოცხლა

      (მათე 9:18—26; ლუკა 7:11—17).

      დანაპირები:

      „ყველანი, ვინც სამარხებში არიან . . . გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

      „ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები“ (გამოცხადება 20:13).

      რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?

      ჩვენი საყვარელი გარდაცვლილი ადამიანები აღდგებიან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება