-
სასწაულები სინამდვილეა თუ მონაგონი?საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 თებერვალი
-
-
სასწაულები სინამდვილეა თუ მონაგონი?
უეცრად მამაკაცის ყურადღება მიიპყრო ჩამვლელ მანქანაზე მიკრულმა წარწერამ: „სასწაულები ხდება — ჰკითხეთ მათ შესახებ ანგელოზებს“. თუმცა მამაკაცი მორწმუნე იყო, ვერ გაიგო, რა იგულისხმებოდა ამაში. ნიშნავდა მანქანაზე გაკრული წარწერა იმას, რომ მძღოლს სასწაულების სწამდა? ან იქნებ ამით ირონიულად ამბობდა, რომ არც სასწაულების სჯეროდა და არც ანგელოზების?
თქვენთვის, ალბათ, საინტერესო იქნება გერმანელი მწერლის მანფრედ ბარტელის სიტყვები: „სასწაული — ეს არის სიტყვა, რომელიც მკითხველებს მაშინვე ორ ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფად ყოფს“. ისინი, ვისაც სწამს სასწაულების, დარწმუნებულნი არიან, რომ სასწაულები ხდება და, შესაძლოა, არცთუ იშვიათადa. მაგალითად, საბერძნეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მორწმუნეები ამტკიცებდნენ, სასწაულები დაახლოებით თვეში ერთხელ ხდებაო. ამას მოჰყვა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის გაფრთხილება: „მორწმუნეებს მიდრეკილება აქვთ, რომ ღმერთს, მარიამს და წმინდანებს ადამიანთა თავისებურებები მიაწერონ. მორწმუნეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით“.
ზოგიერთ ქვეყანაში ნაკლებად სწამთ სასწაულები. 2002 წელს გერმანიაში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 71 პროცენტი სასწაულებს მონაგონად თვლის და არა — სინამდვილედ. სასწაულების მომხრე უმცირესობას შორის, რომელიც ერთ მესამედზე ნაკლებია, არის სამი ქალი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალწული მარიამისგან ხილვა ჰქონდათ. რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მათ, როგორც თვითონ ამბობენ, ანგელოზებისა და მტრედის თანხლებით მარიამი გამოეცხადათ, გერმანული გაზეთი „ვესტფალენპოსტი“ იუწყებოდა: „დღემდე დაახლოებით 50 000 პილიგრიმი, განკურნების მსურველი, თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს იმ ხილვებს, რომლებსაც ეს ქალები ხედავენ“. დამატებით დაახლოებით 10 000 კაციანი ჯგუფი აპირებდა სოფელში ჩასვლას, რათა საკუთარი თვალით ენახათ მარიამის გამოცხადება. როგორც ამბობენ, ქალწული მარიამის შესახებ მსგავსი ხილვა ჰქონდათ 1858 წელს ლურდში (საფრანგეთი) და 1917 წელს ფატიმაში (პორტუგალია).
რას ფიქრობენ ამის შესახებ არაქრისტიანული რელიგიები?
სასწაულებისადმი რწმენა თითქმის ყველა რელიგიაში გვხვდება. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია, რომ ბუდიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის დამაარსებლებს სასწაულების შესახებ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. მაგრამ როგორც ეს ენციკლოპედია ამბობს, „ამ რელიგიების შემდგომმა ისტორიამ უდავოდ ცხადყო, რომ სასწაულები და ამბები სასწაულების შესახებ ადამიანთა რელიგიური მრწამსის განუყოფელი ნაწილია“. მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ „ბუდა ხანდახან თვითონაც ახდენდა სასწაულებს“. მოგვიანებით, როდესაც „ბუდიზმმა ჩინეთშიც მოიკიდა ფეხი, მისიონერები ხშირად ახდენდნენ თავიანთი სასწაულებრივი ძალის დემონსტრირებას“.
რამდენიმე ასეთი სავარაუდო სასწაულის მოხსენიების შემდეგ ენციკლოპედია ასკვნის: „შესაძლებელია ადამიანმა ვერ დაიჯეროს ღვთისმოსავი ბიოგრაფების მიერ აღწერილი ყველა ეს სასწაულებრივი შემთხვევა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბები კარგი განზრახვებით დაიწერა. მიზანი ის იყო, რომ განდიდებულიყო ბუდა, რომელსაც თავისი ერთგული მიმდევრების ასეთი სასწაულებრივი ძალით დაჯილდოება შეეძლო“. იგივე ავტორიტეტული წყარო ისლამის შესახებ ამბობს: „ისლამურ სამყაროში უმრავლესობა მუდამ მოელის სასწაულებს. ტრადიციის მიხედვით, მუჰამედი ხშირად საჯაროდ ახდენდა სასწაულებს . . . წმინდანებთან დაკავშირებით კი, მორწმუნეებს სჯერათ, რომ ისინი საფლავიდანაც ახდენენ სასწაულებს ერთგულთა სასარგებლოდ. ამიტომ მათ ხშირად სთხოვენ დახმარებას“.
რას ფიქრობს სასწაულებზე ქრისტიანული სამყარო?
ბევრს, ვინც თავს ქრისტიანად თვლის, ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული თვალსაზრისი აქვს. ზოგი ფაქტად მიიჩნევს იესო ქრისტეს მიერ ან ქრისტემდე მცხოვრები ღვთის მსახურების მიერ მოხდენილ სასწაულებს, რომლებიც ბიბლიაშია მოხსენიებული. მაგრამ მრავალი იზიარებს პროტესტანტი რეფორმატორის, მარტინ ლუთერის, აზრს. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ მის შესახებ ნათქვამია: „ლუთერიც და კალვინიც წერდნენ, რომ სასწაულების დრო წავიდა და მათი მოხდენის მოლოდინი აღარ უნდა გვქონდეს“. კათოლიკური ეკლესია ისე აღიარებდა სასწაულებს, რომ „არც კი ცდილობდა მათ რამენაირად ახსნას“ — ნათქვამია ენციკლოპედიაში. მიუხედავად ამისა, „პროტესტანტი მოაზროვნეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქრისტიანობაში უმთავრესი მნიშვნელობა მორალს ენიჭება და რომ არც ღმერთი და არც სულიერი სამყაროდან რომელიმე ქმნილება მნიშვნელოვნად არ ერევა ადამიანთა რეალურ ცხოვრებაში“.
სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობათა წარმომადგენლების, მათ შორის ზოგიერთი სასულიერო პირის, განცხადებით, საეჭვოა, რომ ბიბლიაში მოხსენიებული სასწაულები სინამდვილეს შეესაბამებოდეს. მაგალითისთვის ავიღოთ ბიბლიაში, გამოსვლის 3:1—5-ში, მოთხრობილი ამბავი ცეცხლმოკიდებული ბუჩქის შესახებ. წიგნში „რას ამბობს ბიბლია სინამდვილეში?“ ახსნილია, რომ ზოგი გერმანელი თეოლოგი ამ ამბავს პირდაპირი მნიშვნელობით არ იგებს და სასწაულად არ მიიჩნევს. ნაცვლად ამისა, ისინი თავისებურად ხსნიან მას, როგორც „მოსეს შინაგანი წინააღმდეგობის, სინდისთან ინტენსიური ბრძოლის სიმბოლოს“. წიგნში გრძელდება, რომ „ცეცხლის ალით შეიძლება გამოხატული იყოს ღვთის იქ ყოფნის შედეგად წარმოქმნილ კაშკაშა სინათლეზე უეცრად გაფურჩქნული ყვავილები“.
შეიძლება ასეთი ახსნა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიოთ. მაგრამ რა უნდა ირწმუნოთ? რეალურია იმის დაჯერება, რომ სასწაულები ოდესმე მომხდარა? და რა შეიძლება ითქვას თანამედროვე სასწაულებზე? ვინაიდან არ შეგვიძლია მათ შესახებ ანგელოზებს ვკითხოთ, მაშ, ვის უნდა მივმართოთ?
ბიბლიის თვალსაზრისი
ვერავინ უარყოფს, რომ ბიბლიის თანახმად, ძველ დროში ღმერთი დროდადრო იმას აკეთებდა, რისი გაკეთებაც ადამიანისთვის შეუძლებელი იყო. მაგალითად, ღვთის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „გამოიყვანე შენი ერი, ისრაელი, ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშნებითა და სასწაულებით, და ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით და დიდი საოცრებით“ (იერემია 32:21). წარმოიდგინეთ, ღვთისგან მოვლენილმა ათმა სასჯელმა, მათ შორის პირმშოების სიკვდილმა, მოსეს დღეებში ყველაზე ძლიერ ერს ქედი მოახრევინა. ყველა სასჯელი ნამდვილად სასწაული იყო! (გამოსვლა, 7—14 თავები).
საუკუნეების შემდეგ ოთხი სახარების დამწერებმა იესოს მიერ მოხდენილი 35 სასწაული აღწერეს. ფაქტობრივად, მათი სიტყვებიდან ვიგებთ, რომ იესომ უფრო მეტი სასწაული მოახდინა, ვიდრე მათ ჩაწერეს. სინამდვილეა ისინი თუ მონაგონი?b (მათე 9:35; ლუკა 9:11).
თუ ბიბლია, როგორც თვითონ მასშია ნათქვამი, ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა, მაშინ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, მასში ჩაწერილი სასწაულები გწამდეთ. ბიბლია არაორაზროვნად ამბობს, რომ ძველ დროში ხდებოდა სასწაულებრივი განკურნება, მკვდრეთით აღდგენა და სხვა სასწაულები. მაგრამ ის ასევე არაორაზროვნად გვეუბნება, რომ ასეთი სასწაულები მეტად აღარ ხდება (იხილეთ ჩარჩო „რატომ აღარ ხდება მსგავსი სასწაულები?“, გვ. 4). ნიშნავს ეს იმას, რომ ისინიც კი, ვისაც ბიბლიაში მოთხრობილი სასწაულები სწამს, თანამედროვე სასწაულებს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ? ამ კითხვაზე პასუხი შემდეგ სტატიაშია მოცემული.
[სქოლიოები]
a ამ სტატიაში გამოყენებული სიტყვა „სასწაული“ ბიბლიურ ლექსიკონში განიმარტება როგორც „ფიზიკურ სამყაროში მომხდარი მოვლენა, რომელიც ყველა ცნობილ ადამიანურ თუ ბუნებრივ ძალას აღემატება და ამიტომ ზებუნებრივ ძალებს მიეწერება“.
b იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ბიბლია ნდობას იმსახურებს, შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო 4 გვერდზე]
რატომ აღარ ხდება მსგავსი სასწაულები?
ბიბლიაში მოხსენიებულია სხვადასხვა სახის სასწაული (გამოსვლა 7:19—21; 3 მეფეთა 17:1—7; 18:22—38; 4 მეფეთა 5:1—14; მათე 8:24—27; ლუკა 17:11—19; იოანე 2:1—11; 9:1—7). ამ სასწაულებიდან ბევრი იმისთვის ხდებოდა, რომ ხალხს ცხადად დაენახა, იესო მესია იყო და ღმერთი მას უჭერდა მხარს. იესოს პირველ მიმდევრებს ღვთისგან სხვადასხვა სახის სასწაულებრივი ძღვენი ჰქონდათ მიცემული — მაგალითად, ენებზე ლაპარაკი და შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების გარჩევის უნარი (საქმეები 2:5—12; 1 კორინთელები 12:28—31). ქრისტიანულ კრებაში ყველა ასეთი სასწაულებრივი ძღვენი საჭირო იყო მანამ, სანამ ის მყარად დადგებოდა ფეხზე. რატომ?
პირველი მიზეზი ის იყო, რომ წმინდა წერილების ძალიან ცოტა ეგზემპლარი არსებობდა. ჩვეულებრივ, მხოლოდ მდიდრები ფლობდნენ სხვადასხვა გრაგნილს ან წიგნს. უცხოტომელებმა კი საერთოდ არაფერი იცოდნენ ბიბლიისა და მისი ავტორის — იეჰოვას შესახებ. ამიტომ ქრისტიანული სწავლებების ზეპირად გადაცემა ხდებოდა. სასწაულებრივი ძღვენი იმის მაჩვენებელი იყო, რომ ღმერთი იყენებდა ქრისტიანულ კრებას.
მაგრამ, პავლემ ახსნა, რომ ერთხელაც ყოველგვარი სასწაულებრივი ძღვენი წარსულს ჩაჰბარდებოდა, რადგან მათი არსებობა მეტად აღარ იქნებოდა საჭირო. „წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება, ენები შეწყდება, ცოდნაც გაუქმდება. ნაწილობრივი ცოდნა გვაქვს და ნაწილობრივ ვწინასწარმეტყველებთ, მაგრამ, როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი გაუქმდება“ (1 კორინთელები 13:8—10).
დღეს ხალხისთვის ხელმისაწვდომია ბიბლია ისევე, როგორც ბიბლიის სიმფონიები და ენციკლოპედიები. ექვს მილიონზე მეტი კარგად მომზადებული ქრისტიანი სხვებს ღვთის შესახებ ბიბლიაზე დაფუძნებული შემეცნების მიღებაში ეხმარება. ასე რომ, სასწაულები მეტად აღარ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ იესო ქრისტე მხსნელია, რომელსაც ღვთის მხარდაჭერა აქვს ან, რომ იეჰოვა მხარში უდგას თავის მსახურებს.
-
-
სასწაულები, რომლებიც თქვენც გინახავთ!საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 თებერვალი
-
-
სასწაულები, რომლებიც თქვენც გინახავთ!
სიტყვა „სასწაული“ აგრეთვე განიმარტება, როგორც „არაჩვეულებრივი, განსაცვიფრებელი, საკვირველი რამე“. ჩვენ ყველანი ვხედავთ ასეთ სასწაულებს, რომლებიც ღვთის უშუალო ჩარევაზე არაა დამოკიდებული.
ბუნების ფიზიკური კანონების შესახებ ცოდნის გაღრმავებამ ადამიანებს საშუალება მისცა, რომ იმისთვის მიეღწიათ, რაც ერთ დროს შეუძლებლად ეჩვენებოდათ. მაგალითად, ასი წლის წინ ხალხისთვის, ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა კომპიუტერის, ტელევიზორის, კოსმოსური ტექნიკის არსებობა და სხვა მსგავსი თანამედროვე მიღწევები.
მეცნიერებს ესმით, რომ მწირი ცოდნა აქვთ სამყაროს შესახებ. ამიტომ ზოგი მეცნიერი დანამდვილებით ვეღარ ამბობს, რომ რაღაც შეუძლებელია. მათ შეიძლება მხოლოდ ის თქვან, რომ ეს „ნაკლებად დასაშვებია“. ამით კი არ გამორიცხავენ მომავალში „სასწაულების“ მოხდენის შესაძლებლობებს.
მაშინაც კი, თუ გამოვიყენებთ სიტყვა „სასწაულის“ ძირითად მნიშვნელობას, რომლითაც საგნებს „ზებუნებრივი ძალის თვისებები“ მიეწერება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ ჩვენგანს გვინახავს სასწაულები. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს — ყველაფერს, რაც „ზებუნებრივი ძალის“, ღვთის მიერ არის შექმნილი. გარდა ამისა, ვის შეუძლია დეტალურად ახსნას, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ორგანიზმი? როგორ ფუნქციონირებს ტვინი? ან როგორ ვითარდება ადამიანის ემბრიონი? ერთ წიგნში აღნიშნულია, რომ „ადამიანის ორგანიზმი, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა უწევს კოორდინირებას, არის რთული სენსორული აპარატი; მექანიზმი, რომელიც საკუთარ თავს თავად უწევს რეგულირებას; კომპიუტერი, რომელსაც თვითრეპროდუქციის უნარი აქვს; დიახ, ის სასწაულებრივი და ბოლომდე ამოუცნობია (The Body Machine). ღმერთმა „ადამიანის ორგანიზმის“ შექმნით ნამდვილად სასწაული მოახდინა, რაც ჩვენს გაოცებას იწვევს. არსებობს აგრეთვე სხვა სასწაულებიც, რომლებიც თქვენც გინახავთ, თუმცა შეიძლება სასწაულებად არც კი აღგიქვამთ.
შეიძლება წიგნი სასწაული იყოს?
არც ერთი წიგნი არ არის იმდენად გავრცელებული, როგორც ბიბლია. ხედავთ მასში სასწაულს? შეგვიძლია მისი არსებობა „ზებუნებრივ ძალას“ მივაწეროთ? მართალია ბიბლია ადამიანებმა დაწერეს, მაგრამ ისინი აცხადებდნენ, რომ ღვთის აზრებს წერდნენ და არა თავისას (2 მეფეთა 23:1, 2; 2 პეტრე 1:20, 21). დაფიქრდით ამაზე. ბიბლია დაიწერა დაახლოებით 40 ადამიანის მიერ, რომლებიც 1 600 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ. მათი ცხოვრება ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან; ისინი იყვნენ მწყემსები, მეომრები, მეთევზეები, სახელმწიფო მოხელეები, ექიმები, მღვდლები და მეფეები. მიუხედავად ამისა, ისინი გადმოსცემდნენ ერთი და იმავე ცნობას იმედის შესახებ, რომელიც უტყუარია.
იეჰოვას მოწმეები გულმოდგინე შესწავლის საფუძველზე ბიბლიას იღებენ „არა როგორც ადამიანის სიტყვას, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვას“ (1 თესალონიკელები 2:13). იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციებში წლების განმავლობაში იხსნებოდა, რომ ბიბლიაში ეგრეთ წოდებული ურთიერთგამომრიცხავი აზრები შეთანხმებულია ბიბლიის მთლიან ცნობასთან, რაც იმას ადასტურებს, რომ ბიბლიის ავტორი ღმერთიაa.
არც ერთი წიგნის განადგურება არ უცდიათ ისე ძლიერ, როგორც ბიბლიის. მიუხედავად ამისა, ის გადარჩა და, ნაწილობრივ თუ მთლიანად, 2000-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ბიბლიამ ჩვენამდე მოაღწია და მისი შინაარსი არ შეცვლილა, რაც იმას ცხადყოფს, რომ ამაში ღვთის ხელი ურევია. ბიბლია მართლაც რომ სასწაულია!
„ცოცხალი [და] მოქმედი“ სასწაული
ისეთი სასწაულები, როგორიცაა განკურნება და მკვდრეთით აღდგენა, დღეს აღარ ხდება. მაგრამ, ჩვენ გვაქვს საფუძველი, გვწამდეს, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ასეთი სასწაულები კვლავაც მოხდება, ოღონდ ამჯერად გლობალური მასშტაბით. ეს მარადიულ შვებას მოგვიტანს და იმაზე მეტ კურთხევებს, რის წარმოდგენაც დღეს შეგვიძლია.
ბიბლია დღესაც ახდენს სასწაულებს, რაც იმაში ვლინდება, რომ აღძრავს ადამიანებს, თავიანთი პიროვნება უკეთესობისკენ შეცვალონ (იხილეთ ჩარჩო „ღვთის სიტყვის ძალა“, გვ. 8). ებრაელთა 4:12-ში ნათქვამია, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“. დიახ, ბიბლია ის „იარაღია“, რომელმაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ექვს მილიონზე მეტი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, მათ სიცოცხლეს აზრი მისცა და მომავლის სასწაულებრივი იმედით აავსო.
რატომ არ დართავთ ნებას, რომ ბიბლიამ თქვენს ცხოვრებაშიც მოახდინოს სასწაული?
[სქოლიოები]
a თუ გსურთ, გამოიკვლიოთ, ეს ეგრეთ წოდებული შეუსაბამობები სინამდვილეში როგორ შეესაბამება ბიბლიის მთლიან ცნობას, უამრავი მაგალითის ნახვა შეგიძლიათ წიგნში „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“, თავი 7 (რუს.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]
უკვე მკვდარი იყო თუ ჯერ კიდევ ცოცხალი?
იოანეს 19:33, 34-ის თანახმად, იესო უკვე მკვდარი იყო, როდესაც „ერთმა ჯარისკაცმა შუბი გაუყარა ფერდში და მაშინვე სისხლი და წყალი წამოუვიდა“. მაგრამ, მათეს 27:49, 50-ში წერია, რომ როცა ეს მოხდა, იესო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. რატომ არის ამ ორ მუხლს შორის ასეთი განსხვავება?
მოსეს კანონი კრძალავდა მთელი ღამით ბოროტმოქმედის ბოძზე დატოვებას (მეორე რჯული 21:22, 23). აქედან გამომდინარე, ბოძზე გაკრული ბოროტმოქმედი თუ დღის ბოლომდე ცოცხალი რჩებოდა, ფეხებს უმტვრევდნენ, რითაც სიკვდილს უჩქარებდნენ. ამის შემდეგ ის ვეღარ გაიმართებოდა წელში და ვეღარ შეძლებდა ნორმალურად სუნთქვას. ის ფაქტი, რომ ჯარისკაცებმა იესოს გვერდით დაკიდებულ ორ ბოროტმოქმედს ფეხები გადაუმტვრიეს, ხოლო იესოს — არა, იმაზე მიუთითებს, რომ, მათი აზრით, იესო მკვდარი იყო. ჯარისკაცმა შესაძლოა მხოლოდ იმიტომ გაუყარა იესოს ფერდში შუბი, რომ ეჭვები გაეფანტა და თავიდან აერიდებინა ნებისმიერი შემდგომი „გამოცოცხლება“, რომელიც შეიძლება ტყუილად გამოეცხადებინათ მკვდრეთით აღდგომად.
მათეს 27:49, 50-ში მოვლენათა განსხვავებული თანმიმდევრობაა მოცემული. იქ ნათქვამია: „მეორემ შუბი აიღო, ფერდში გაუყარა და სისხლი და წყალი წამოუვიდა. იესომ კვლავ ხმამაღლა დაიძახა და სული განუტევა“. მაგრამ დახრილი წინადადება არ გვხვდება ბიბლიის ყველა ძველ ხელნაწერში. ბევრი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ის მოგვიანებით ჩაამატეს იოანეს სახარებიდან, მაგრამ არა თავის ადგილზე. ამიტომ მრავალ თარგმანში ეს წინადადება ჩასმულია ფრჩხილებში ან ორმაგ კავებში, დამატებული აქვს სქოლიო ან, უბრალოდ, გამოტოვებულია.
უესკოტისა და ჰორტის მიერ ბერძნულ ენაზე გამოცემულ ტექსტში, რომელიც საფუძვლად დაედო „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“, ეს წინადადება ორმაგ კავებშია ჩასმული. იქვე იხსნება, რომ ეს წინადადება „აშკარად გადამწერების მიერ არის ჩამატებული“.
ამ მტკიცებებით საკმაოდ საფუძვლიანად დასტურდება, რომ იოანეს 19:33, 34 სინამდვილეს შეესაბამება და იესო უკვე მკვდარი იყო, როცა რომაელმა ჯარისკაცმა მას ფერდში შუბი გაუყარა.
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
ღვთის სიტყვის ძალა
ახალგაზრდა დეტლეფმა, რომლის მშობლებიც განქორწინებულები იყვნენ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენება დაიწყოb. ის ჰევი-მეტალმა გაიტაცა და მოგვიანებით სკინჰედი გახდა. თავაშვებული საქციელის გამო მალე მას პოლიციასთან სერიოზული პრობლემები შეექმნა.
1992 წელს 60 სკინჰედსა და 35 პანკს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ბარ-რესტორანში. ერთი პანკი, თომასი, ისე იყო ნაცემი, რომ მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ჩხუბის რამდენიმე წამომწყები, მათ შორის დეტლეფიც, სასამართლომ საქმის გარჩევის შემდეგ ციხეში ჩასვა. ეს შემთხვევა მასმედიამ ფართოდ გააშუქა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მალევე, იეჰოვას მოწმეებმა დეტლეფს ტრაქტატი მისცეს, სათაურით „რატომ არის ცხოვრება პრობლემებით აღსავსე?“ დეტლეფი მაშინვე მიხვდა, რომ ის, რაც ტრაქტატში ეწერა, ჭეშმარიტება იყო და იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ამან რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება. 1996 წლიდან ის ერთგულად ემსახურება იეჰოვას.
ზიგფრიდი, ყოფილი პანკი, თომასის კარგი მეგობარი იყო, იმ ახალგაზრდა კაცისა, რომელიც სკინჰედებმა მოკლეს; მოგვიანებით ისიც იეჰოვას მოწმე გახდა და ახლა უხუცესად მსახურობს კრებაში. როდესაც ზიგფრიდი დეტლეფის კრებას ეწვია საჯარო მოხსენებით (ზოგჯერ თომასის დედაც ესწრება ხოლმე აქ კრების შეხვედრებს), დეტლეფმა ის თავისთან მიიწვია სადილად. ათი წლის წინ დეტლეფსა და ზიგფრიდს სძულდათ ერთმანეთი, დღეს კი მათ ძმური სიყვარული აერთიანებთ.
დეტლეფი და ზიგფრიდი ოცნებობენ იმ დროზე, როცა თომასს სიცოცხლე დაუბრუნდება სამოთხეში დედამიწაზე. დეტლეფი ამბობს: „ამის გაფიქრებაზეც კი თვალებზე ცრემლი მადგება. ძალიან ვნანობ, რომ ასეთი რამ ჩავიდინე“. ორივეს ძალიან სურს, რომ ისევე დაეხმარონ თომასს, გაიცნოს იეჰოვა და გაიხაროს ბიბლიური იმედით, როგორც დღეს სხვებს ეხმარებიან.
დიახ, ღვთის სიტყვას მართლაც დიდი ძალა აქვს!
[სქოლიოები]
b სახელები შეცვლილია.
-