საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „უფალო, გვასწავლე ლოცვა“
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 თებერვალი
    • „უფალო, გვასწავლე ლოცვა“

      «ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“» (ლუკა 11:1).

      1. რატომ სთხოვა ერთმა მოწაფემ იესოს, ლოცვა ესწავლებინა?

      ერთხელ, ახ. წ. 32 წელს, ერთმა მოწაფემ დაინახა, თუ როგორ ლოცულობდა თავისი მოძღვარი. მოწაფეს არ შეეძლო სიტყვების მოსმენა, რადგან, როგორც ჩანს, იესო გულში ლოცულობდა. ლოცვის დამთავრებისთანავე მოწაფემ სთხოვა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკა 11:1). რატომ მიმართა მოწაფემ იესოს ასეთი თხოვნით? ლოცვა ებრაელების ცხოვრებისა და თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი იყო. ებრაულ წერილებში, ფსალმუნებსა და სხვა წიგნებში, მრავალი ლოცვაა მოცემული. ასე რომ, მოწაფე ისეთი რამის სწავლას არ ითხოვდა, რის შესახებაც არაფერი იცოდა ან რაც არასოდეს გაუკეთებია. ცხადია, ის კარგად იცნობდა იუდაიზმის რელიგიურ წინამძღოლთა ფორმალურ ლოცვებს. მაგრამ ამჯერად მან დაინახა, როგორ ლოცულობდა იესო და, ალბათ, აშკარად იგრძნო, რა დიდი განსხვავება იყო რაბინების თვალთმაქცურ ლოცვებსა და ამ ლოცვას შორის (მათე 6:5—8).

      2. ა) რა მიუთითებს იმაზე, რომ არ არის საჭირო ლოცვის ნიმუშის სიტყვასიტყვით გამეორება? ბ) რატომ გვსურს, ვისწავლოთ, თუ როგორ ვილოცოთ?

      2 მანამდე დაახლოებით წელიწად-ნახევრით ადრე, მთაზე ქადაგებისას, იესომ მოწაფეებს ლოცვის ნიმუში მისცა, რომლის მიხედვითაც ისინი თავიანთი ლოცვების აგებას შეძლებდნენ (მათე 6:9—13). შესაძლოა, ზემოთ მოხსენიებული მოწაფე იმ დროს იქ არ იყო. ამიტომ იესომ გულთბილად გაუმეორა ნიმუშად მიცემული ლოცვის ძირითადი აზრები. მას სიტყვასიტყვით არ გაუმეორებია ყველაფერი, რითაც ცხადყო, რომ არ წარმოთქვამდა ლიტურგიულ ლოცვას, რომლის გაზეპირებაც აუცილებელი იყო (ლუკა 11:1—4). ჩვენთვისაც სასურველია იმის სწავლა, თუ როგორ მივმართოთ იეჰოვას, რათა ლოცვის საშუალებით კიდევ უფრო დავუახლოვდეთ მას. ამიტომ მოდი შევისწავლოთ მოციქულ მათეს მიერ უფრო სრულად ჩაწერილი ლოცვის ნიმუში. ის შედგება შვიდი თხოვნისგან, რომელთაგან სამი ღვთის განზრახვებს ეხება, ოთხი კი — ჩვენს მატერიალურ და სულიერ მოთხოვნილებებს. ამ სტატიაში პირველ სამ თხოვნას განვიხილავთ.

      მოსიყვარულე მამა

      3, 4. რისი მაჩვენებელია ის, რომ იეჰოვას მივმართავთ სიტყვებით: „ჩვენო ზეციერო მამა“?

      3 იესომ დასაწყისშივე ცხადყო, რომ ლოცვებში უნდა გამოჩენილიყო იეჰოვასთან ჩვენი ახლო ურთიერთობა და, ამასთანავე, მისდამი მოკრძალებული დამოკიდებულება. მან უმთავრესად მთაზე მასთან ახლოს მსხდომ მოწაფეებს უთხრა, რომ იეჰოვასთვის მიემართათ: „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათე 6:9, აქ). ერთი მეცნიერის აზრით, „მამის“ წარმოთქმისას — იყო ეს ხალხში გავრცელებულ ებრაულ დიალექტზე თუ არამეულ ენაზე — იესომ ისეთი სიტყვა გამოიყენა, რომელსაც პატარები ეტყოდნენ მამას. იეჰოვასთვის მამის წოდება კი იმის მაჩვენებელია, რომ მასთან თბილი, ნდობით აღსავსე ურთიერთობა გვაქვს.

      4 სიტყვებით „ჩვენო ზეციერო მამა“ ვაღიარებთ, რომ დიდი ოჯახის წევრები ვართ, სადაც კაციცა და ქალიც იეჰოვას სიცოცხლის მომცემად ცნობს (ესაია 64:8; საქმეები 17:24, 28). სულით ცხებული ქრისტიანები „ღვთის შვილებად“ არიან მიღებულნი და შეუძლიათ ღმერთს შეჰღაღადონ: „აბბა, მამაო!“ (რომაელთა 8:14, 15). მილიონობით ადამიანი მათი ერთგული თანამსახური გახდა და იეჰოვას მიუძღვნეს თავი, რის ნიშნადაც წყალში მოინათლნენ. ამ „სხვა ცხვრებიდანაც“ ყველას შეუძლია იეჰოვასთან იესო ქრისტეს სახელით მისვლა და მისთვის „მამის“ დაძახება (იოანე 10:16; 14:6). ასე რომ, შეგვიძლია რეგულარულად მივმართოთ ზეციერ მამას ლოცვით — განვადიდოთ, მადლობა ვუთხრათ ჩვენთვის გაკეთებული ყოველი სიკეთისთვის და გადავცეთ ჩვენი საწუხარი იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის ზრუნავს ჩვენზე (ფილიპელთა 4:6, 7; 1 პეტრე 5:6, 7).

      იეჰოვას სახელის მიმართ სიყვარულის გამოვლენა

      5. ნიმუშად მოცემულ ლოცვაში რა დგას პირველ ადგილზე და რატომ არის ეს მართებული?

      5 ლოცვის ნიმუშში პირველ რიგში მოხსენიებულია უმნიშვნელოვანესი საკითხი. იქ ნათქვამია: „განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9, აქ). დიახ, ჩვენთვის უმთავრესი იეჰოვას სახელის განწმენდა უნდა იყოს, რადგან გვიყვარს ჩვენი ღმერთი და მისი სახელის ნებისმიერი სახით შებღალვა გულს გვტკენს. სატანა ღვთის წინააღმდეგ გამოვიდა და ადამიანთა პირველ წყვილსაც უბიძგა, იეჰოვა ღმერთს არ დამორჩილებოდნენ. ამ დროს მან საეჭვო გახადა იეჰოვას უზენაესი მმართველობის მართებულობა, რითაც ჩირქი მოსცხო ღვთის სახელს (დაბადება 3:1—6). გარდა ამისა, საუკუნეებია, რაც იეჰოვას სახელს ჩირქს სცხებს იმ ადამიანთა მოქმედებები და სწავლებები, რომლებიც საკუთარ თავს ღვთის წარმომადგენლებს უწოდებენ.

      6. რის გაკეთებას მოვერიდებით, თუ იეჰოვას სახელის განწმენდაზე ვლოცულობთ?

      6 იეჰოვას სახელის განწმენდაზე ლოცვით ცხადვყოფთ ჩვენს პოზიციას მის უზენაესობასთან დაკავშირებით — აბსოლუტურად ვემხრობით, რომ იეჰოვას აქვს სამყაროს მართვის უფლება. იეჰოვას სურს, სამყაროში იყვნენ გონიერი ქმნილებები, რომლებიც ნებაყოფლობით და სიხარულით ემორჩილებიან მის სამართლიან უზენაეს მმართველობას, რადგან უყვართ ღმერთი და ყველაფერი, რაც მის სახელთანაა დაკავშირებული (1 ნეშტთა 29:10—13; ფსალმუნები 8:2; 148:13). იეჰოვას სახელის სიყვარული დაგვეხმარება, თავი შევიკავოთ ნებისმიერი ქმედებისგან, რაც მის წმინდა სახელს შებღალავდა (ეზეკიელი 36:20, 21; რომაელთა 2:21—24). სამყაროში მშვიდობის არსებობა დამოკიდებულია იეჰოვას სახელის განწმენდასა და მისი უზენაესი მმართველობისადმი სიყვარულით დამორჩილებაზე. ამიტომ თხოვნით „განიწმინდოს შენი სახელი“ გამოვხატავთ მტკიცე რწმენას, რომ იეჰოვას განზრახვა შესრულდება, რაც განადიდებს მის სახელს (ეზეკიელი 38:23).

      სამეფო, რომლის მოსვლის შესახებაც ვლოცულობთ

      7, 8. ა) რა არის სამეფო, რომლის მოსვლის შესახებაც იესომ გვასწავლა, რომ გველოცა? ბ) რას ვიგებთ ამ სამეფოს შესახებ „დანიელისა“ და „გამოცხადების“ წიგნებიდან?

      7 ლოცვის ნიმუშში მეორე თხოვნაა: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:10, აქ). ეს მჭიდრო კავშირშია წინა თხოვნასთან. იეჰოვა თავისი წმინდა სახელის განსაწმენდად მესიანურ სამეფოს, ზეციურ მთავრობას, იყენებს. მეფედ ღმერთს თავისი ძე, იესო ქრისტე, ჰყავს დანიშნული (ფსალმუნები 2:1—9). დანიელის წინასწარმეტყველებაში მესიანური სამეფო აღწერილია „ლოდად“, რომელიც „მთას“ მოსწყდა (დანიელი 2:34, 35, 44, 45). მთით იეჰოვას უზენაესი მმართველობაა წარმოდგენილი, ლოდით წარმოდგენილი სამეფო კი იეჰოვას უზენაესი მმართველობის ახლებური გამოვლენაა. ამ წინასწარმეტყველებაში ლოდი „ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა“, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დედამიწას მმართველობას გაუწევს მესიანური სამეფო, რომლითაც ღვთის უზენაესი მმართველობა იქნება წარმოდგენილი.

      8 სამეფოს მთავრობაში ქრისტესთან ერთად ‘ადამიანთაგან გამოსყიდული’ 144 000 თანამმართველიც შედის, რათა იესოსთან ერთად იმეფონ და მღვდლებად იმსახურონ (გამოცხადება 5:9, 10; 14:1—4, სსგ; 20:6). დანიელი მათ „უზენაესის წმიდებად“ მოიხსენიებს. ისინი თავიანთ წინამძღოლთან, ქრისტესთან, ერთად იღებენ ‘მეფობას, ხელმწიფებასა და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდებას. მათი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მათ მოემსახურება და დაემორჩილება’ (დანიელი 7:13, 14, 18, 27). ასეთია ზეციური მთავრობა, რომლის შესახებაც ქრისტემ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ელოცათ.

      რატომ ვლოცულობთ დღესაც სამეფოს მოსვლის შესახებ?

      9. რატომ არის მართებული, ვილოცოთ ღვთის სამეფოს მოსვლის შესახებ?

      9 ლოცვის ნიმუშში ქრისტემ გვასწავლა, ღვთის სამეფოს მოსვლის შესახებ გველოცა. ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება გვიჩვენებს, რომ მესიანური სამეფო 1914 წელს დამყარდა ზეცაშიa. ამიტომ, არის თუ არა დღესაც მართებული, ამ სამეფოს მოსვლის შესახებ ვილოცოთ? რა თქმა უნდა. დანიელის წინასწარმეტყველებაში ლოდით წარმოდგენილი მესიანური სამეფო ეჯახება, ანუ უშუალოდ ებრძვის, კერპით წარმოდგენილ ადამიანთა მთავრობებს. ეს ლოდი ჯერ არ დაძრულა და არ დასჯახებია კერპს, რათა გააცამტვეროს იგი. დანიელის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).

      10. რატომ გვსურს მთელი გულით ღვთის სამეფოს მოსვლა?

      10 მთელი გულით გვსურს სატანის ბოროტი წუთისოფლის წინააღმდეგ ღვთის სამეფოს გამოსვლის დანახვა, რადგან ეს იეჰოვას წმინდა სახელის განწმენდასა და მისი უზენაესი მმართველობის ყველა მოწინააღმდეგის მოსპობას ნიშნავს. ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ: „მოვიდეს შენი სამეფო“ და ვიმეორებთ მოციქულ იოანეს სიტყვებს: „ამინ. ჰე, მოდი, უფალო იესო“ (გამოცხადება 22:20). დიახ, დაე მოვიდეს იესო, რათა განწმინდოს იეჰოვას სახელი და გაამართლოს მისი უზენაესობა. დაე შესრულდეს ფსალმუნმომღერლის სიტყვები: «მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე» (ფსალმუნები 82:19).

      „იყოს ნება შენი“

      11, 12. ა) რას ვთხოვთ ღმერთს, როდესაც ვლოცულობთ: „იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“? ბ) კიდევ რას ნიშნავს იმაზე ლოცვა, რომ იეჰოვას ნება შესრულდეს?

      11 იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, ლოცვა ასე განეგრძოთ: „იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10). სამყარო იეჰოვას ნებით არსებობს. ძლიერი ზეციერი ქმნილებები ხმამაღლა ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“ (გამოცხადება 4:11). იეჰოვას ჰქონდა და აქვს განზრახვა იმ ყოველივეს მიმართ, „რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესელთა 1:8—10). როდესაც ვლოცულობთ, რომ იყოს ნება ღვთისა, ფაქტობრივად, იეჰოვას ვთხოვთ, შეასრულოს თავისი განზრახვა. გარდა ამისა, ამით ცხადვყოფთ, რომ ძალიან გვსურს, მთელ სამყაროში ღვთის ნება შესრულდეს.

      12 ამგვარად ლოცვით იმასაც ცხადვყოფთ, რომ მზად ვართ, საკუთარი ცხოვრება იეჰოვას ნებას შევუსაბამოთ. იესომ თქვა: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). ჩვენ, ღვთისადმი მიძღვნილ ქრისტიანებს, იესოს მსგავსად, დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ღვთის ნების შესრულება. იეჰოვასა და მისი ძისადმი სიყვარული აღგვძრავს, ვიცხოვროთ „არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით“ (1 პეტრე 4:1, 2; 2 კორინთელთა 5:14, 15). ვცდილობთ, მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ვიცით, რომ იეჰოვას ნების საწინააღმდეგოა (1 თესალონიკელთა 4:3—5). ბიბლიის წასაკითხად და შესასწავლად დროის გამოსყიდვის საშუალებით ‘შევიცნობთ, რა არის ღვთის ნება’. ეს ‘სასუფეველზე [სამეფოზე] სახარების’ აქტიურად ქადაგებასაც გულისხმობს (ეფესელთა 5:15—17; მათე 24:14).

      იეჰოვას ნება ზეცაში

      13. როგორ სრულდებოდა ღვთის ნება დიდი ხნის განმავლობაში მანამ, სანამ სატანა წავიდოდა იეჰოვას წინააღმდეგ?

      13 იეჰოვას ნება ზეცაში დიდი ხნის მანძილზე სრულდებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი სულიერი ძე წავიდოდა მის წინააღმდეგ და სატანა გახდებოდა. წიგნში „იგავები“ ღვთის პირმშო აღწერილია, როგორც სიბრძნის განსახიერება. აგრეთვე ნათქვამია, რომ ღვთის მხოლოდშობილი ძე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო „მოხარული მის [იეჰოვას] წინაშე ყოველ ჟამს“ და ბედნიერი — მამამისის ნების შესრულებით. შემდეგ ის იეჰოვას „ოსტატი“ გახდა და ღმერთმა მისი მონაწილეობით შექმნა ყველაფერი, „რაც ცაში და დედამიწაზეა, ხილული და უხილავი“ (იგავები 8:22—31; კოლასელთა 1:15—17). იეჰოვას იესო თავის სიტყვად ანუ წარმომადგენლად ჰყავდა (იოანე 1:1—3).

      14. რისი სწავლა შეგვიძლია 102-ე ფსალმუნიდან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებენ ანგელოზები იეჰოვას ნებას ზეცაში?

      14 ფსალმუნმომღერალი ცხადყოფს, რომ იეჰოვას უზენაესი მმართველობა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას და ანგელოზთა ურიცხვი რაოდენობა ისმენს მის დარიგებებსა თუ მითითებებს. ფსალმუნებში ნათქვამია: „უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი, და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს. ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნი ემორჩილებიან მის ნათქვამს. ადიდეთ უფალი ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო! ადიდეთ უფალი, ყოველნი საქმენი მისნი, მისი მეუფების [ანუ უზენაესი მმართველობის] ყველა ადგილას“ (ფსალმუნები 102:19—22).

      15. რა გავლენა იქონია იესოს მიერ სამეფო ძალაუფლების მიღებამ ზეცაში ღვთის ნების შესრულებაზე?

      15 წიგნ „იობიდან“ ვხედავთ, რომ სატანას ღვთის წინააღმდეგ წასვლის შემდეგაც შეეძლო ზეციერ ეზოებში შესვლა (იობი 1:6—12; 2:1—7). მაგრამ „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ დადგებოდა დრო, როდესაც სატანა და დემონები ზეციდან განიდევნებოდნენ. ეს დრო კი, როგორც ჩანს, 1914 წელს იესო ქრისტეს მიერ სამეფო ძალაუფლების მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ დადგა. მას შემდეგ ზეცაში აღარ არიან ღვთის მოწინააღმდეგენი. მათი მოქმედების სფერო მხოლოდ დედამიწით შემოიფარგლა (გამოცხადება 12:7—12). ზეცაში აღარ ისმის მოწინააღმდეგეთა ხმა, არამედ მხოლოდ მათი, რომლებიც „კრავთან“, იესო ქრისტესთან, ერთად მორჩილად და ერთხმად განადიდებენ იეჰოვას (გამოცხადება 4:9—11). იეჰოვას ნება ჭეშმარიტად სრულდება ზეცაში.

      იეჰოვას ნება დედამიწაზე

      16. როგორ ამტკიცებს ნიმუშად მოცემული ლოცვა, რომ კაცობრიობის მომავალთან დაკავშირებით ქრისტიანული სამყაროს სწავლება უსაფუძვლოა?

      16 ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ასწავლიან, რომ ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის, და ასეთი სახით დედამიწას ღვთის განზრახვებიდან გამორიცხავენ. იესომ კი გვასწავლა, გველოცა: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10, აქ). როგორი მდიდარი ფანტაზიაც უნდა გვქონდეს, განა შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში დღეს იეჰოვას ნება სრულდება დედამიწაზე, რომელიც ძალადობითა თუ უსამართლობითაა სავსე და რომელზეც ავადმყოფობა თუ სიკვდილი მეფობს? არა! ამიტომ მხურვალედ უნდა ვილოცოთ, რომ ღვთის ნება დედამიწაზეც შესრულდეს. ეს შეესაბამება მოციქულ პეტრეს მიერ ჩაწერილ დანაპირებს: „ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა [მესიანურ სამეფოს ქრისტეს მეთაურობით] და ახალ მიწას [მართალ ადამიანთა საზოგადოებას], სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).

      17. რა მიზნით შექმნა იეჰოვამ დედამიწა?

      17 იეჰოვამ დედამიწა კონკრეტული მიზნით შექმნა. ღმერთმა წინასწარმეტყველ ესაიას თავისი სულიწმიდის მეშვეობით დააწერინა: „ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა“ (ესაია 45:18, სსგ). ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი სამოთხის ბაღში დაასახლა და მითითება მისცა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას“ (დაბადება 1:27, 28; 2:15). ასე რომ, სავსებით ნათელია იეჰოვას განზრახვა — დედამიწა დაასახლოს სრულყოფილი, მართალი ადამიანებით, რომლებიც სიხარულით დაემორჩილებიან მის უზენაეს მმართველობას და მარადიულად იცხოვრებენ ქრისტეს მიერ დაპირებულ სამოთხეში (ფსალმუნები 36:11, 29; ლუკა 23:43, აქ).

      18, 19. ა) რა უნდა მოხდეს მანამ, სანამ დედამიწაზე ღვთის ნება ბოლომდე არ შესრულდება? ბ) იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუშის რომელი შემდგომი დარიგებები იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

      18 დედამიწაზე იეჰოვას ნება ბოლომდე არ შესრულდება, სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იეჰოვა ღმერთის უზენაესობას არ აღიარებენ. ძლევამოსილი სულიერი ქმნილებების მეშვეობით, რომელთაც ქრისტე ჩაუდგება სათავეში, ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’. სამუდამოდ განადგურდება სატანის მთელი ბოროტი სისტემა, რომელშიც ცრუ რელიგია, ბინძური პოლიტიკა, გაუმაძღარი და უპატიოსნო კომერციული წრეები და გამანადგურებელი სამხედრო ძალებიც შედის (გამოცხადება 11:18; 18:21; 19:1, 2, 11—18). იეჰოვას უზენაესი მმართველობის სამართლიანობა დამტკიცდება და მისი სახელი განიწმინდება. სწორედ ამისთვის ვლოცულობთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10, აქ).

      19 ლოცვის ნიმუშით იესომ გვიჩვენა, რომ ღმერთს პირად საკითხებზეც შეგვიძლია მივმართოთ. ლოცვასთან დაკავშირებით მისი შემდგომი დარიგებები მომდევნო სტატიაში განიხილება.

      [სქოლიოები]

      a იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი მე-6; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

  • იეჰოვა ზრუნავს ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 თებერვალი
    • იეჰოვა ზრუნავს ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე

      „ნუ შფოთავთ. ვინაიდან . . . თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი“ (ლუკა 12:29, 30).

      1. როგორ უზრუნველყოფს იეჰოვა თავის ქმნილებებს საკვებით?

      ოდესმე დაკვირვებიხართ ბეღურას ან სხვა ჩიტს, რომელიც რაღაცას კენკავს ისეთ ადგილას, სადაც ასაკენკი თითქოს არაფერია? ალბათ, გიფიქრიათ: „ნეტავ რას პოულობს ამ მოტიტვლებულ მიწაზე“. მთაზე ქადაგებისას იესომ გვიჩვენა, რა შეგვიძლია ვისწავლოთ იეჰოვას მიერ ჩიტებზე ზრუნვის მაგალითიდან. მან თქვა: „შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?“ (მათე 6:26). იეჰოვა თავის ყველა ქმნილებას უზრუნველყოფს საკვებით (ფსალმუნები 103:14, 21; 146:9).

      2, 3. სულიერობასთან დაკავშირებით რა გვასწავლა იესომ იმით, რომ ლოცვის ნიმუშში ყოველდღიურ პურზე თხოვნა ჩართო?

      2 აბა რატომ ჩართო იესომ ლოცვის ნიმუშში თხოვნა: „პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“ (მათე 6:11). ამ უბრალო თხოვნიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლაა შესაძლებელი. ის შეგვახსენებს, რომ იეჰოვა დიდებული უზრუნველმყოფელია (ფსალმუნები 144:15, 16). ადამიანს შეუძლია დარგვა და მოვლა, მაგრამ მხოლოდ ღმერთი ზრდის ყველაფერს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად (1 კორინთელთა 3:7). ყველაფერი, რასაც ვჭამთ და ვსვამთ, ღვთის საჩუქარია (საქმეები 14:17). ლოცვაში ყოველდღიური საზრდოს თხოვნით ღმერთს ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ მის მზრუნველობას. ცხადია, საზრდოს თხოვნა იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა ვიმუშაოთ, მაშინ როდესაც ამის ძალა შეგვწევს (ეფესელთა 4:28; 2 თესალონიკელთა 3:10).

      3 ყოველდღიური პურის შესახებ თხოვნა იმის მაჩვენებელია, რომ მომავალზე მეტისმეტად არ უნდა ვწუხდეთ. იესომ თქვა: „ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ. ამრიგად, ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე“ (მათე 6:31—34). ყოველდღიური პურის შესახებ ლოცვა იმასაც გვასწავლის, რომ ვიცხოვროთ უბრალოდ — ვიყოთ „ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გვაქვს“ (1 ტიმოთე 6:6—8, აქ).

      ყოველდღიური სულიერი საზრდო

      4. იესოსა და ისრაელების ცხოვრებიდან რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ სულიერი საზრდო მნიშვნელოვანია?

      4 ყოველდღიურ პურზე ლოცვა შეგვახსენებს, რომ სულიერი საზრდოც ყოველდღე გვჭირდება. ხანგრძლივი მარხვის შემდეგ იესოს ძალიან მოშივდა, მაგრამ არ მიიღო სატანის წინადადება იმის თაობაზე, რომ ქვები პურებად ექცია და თქვა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). იესო ამ დროს ციტირებდა წინასწარმეტყველ მოსეს სიტყვებს: „[იეჰოვა] გათვინიერებდა, გაშიმშილებდა, გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი შენ და არც შენმა მამებმა, რათა შეგეცნო, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მეორე რჯული 8:3). მანანის მიცემით იეჰოვა ისრაელებს არა მარტო ფიზიკურ საზრდოს აძლევდა, არამედ სულიერ საკითხებსაც ასწავლიდა. მაგალითად, მათ უნდა აეკრიფათ „დღის ულუფა“. თუ მეტს ააგროვებდნენ, მორჩენილი აყროლდებოდა და მატლი გაუჩნდებოდა (გამოსვლა 16:4, 20). მაგრამ ეს არ ხდებოდა მეექვსე დღეს, როდესაც ორჯერ მეტს აგროვებდნენ, რათა შაბათის სამყოფი საზრდოც ჰქონოდათ (გამოსვლა 16:5, 23, 24). ამგვარად, მანანა კარგად უბეჭდავდა ისრაელებს გონებაში მორჩილების საჭიროებას და ასწავლიდა, რომ მათი ცხოვრება მხოლოდ პურზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ „ღვთის პირიდან მომდინარე ყოველ სიტყვაზე“.

      5. როგორ გვაძლევს იეჰოვა ყოველდღიურ სულიერ საზრდოს?

      5 ჩვენც გვჭირდება, ყოველდღიურად ვიკვებოთ სულიერი საზრდოთი, რომელსაც იეჰოვა თავისი ძის მეშვეობით გვაძლევს. ამ მიზნით იესომ დანიშნა „ერთგული და გონიერი მონა“, რათა რწმენის საფუძველზე გაერთიანებული სახლეულისთვის მათ ‘დროულად მიეწოდებინათ საზრდო’ (მათე 24:45). გარდა იმისა, რომ უხვად გვაძლევს სულიერ საზრდოს ბიბლიის შესასწავლი დამხმარე პუბლიკაციების სახით, ერთგული მონის კლასი ბიბლიის ყოველდღიური კითხვისკენაც მოგვიწოდებს (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნები 1:1—3). თუ ყოველდღე ძალისხმევას მოვახმართ იეჰოვას ნების შესწავლასა და ნასწავლის თანახმად მოქმედებას, იესოს მსგავსად ჩვენც შევიძენთ სულიერ ძალებს (იოანე 4:34).

      ცოდვების მიტევება

      6. რომელი ვალების პატიება უნდა ვთხოვოთ ღმერთს და რა შემთხვევაშია იეჰოვა მზად, მოგვიტევოს?

      6 ლოცვის ნიმუშში შემდგომი თხოვნა ასეთია: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა“ (მათე 6:12, სსგ). იესო აქ ვალებში ფულს არ გულისხმობდა. მას მხედველობაში ჰქონდა ჩვენი ცოდვების პატიება. ლუკას მიერ ჩაწერილ ლოცვის ნიმუშში ეს თხოვნა ასე ჟღერს: „მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას“ (ლუკა 11:4, სსგ). როდესაც ვცოდავთ, ასე ვთქვათ, იეჰოვას მოვალეები ვხდებით. მაგრამ თუ გულწრფელად ვინანიებთ, ‘მოვიქცევით’ და ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე მიტევებას ვითხოვთ, მოსიყვარულე ღმერთი მზად არის, ‘აღხოცოს’ ანუ გააუქმოს ჩვენი ვალები (საქმეები 3:19; 10:43; 1 ტიმოთე 2:5, 6).

      7. რატომ უნდა ვილოცოთ ყოველდღე ჩვენი ცოდვების მიტევებაზე?

      7 ცოდვა იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას სამართლიანი ნორმების შესაბამისად არ მოვიქეცით. მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო ყველა ვცოდავთ სიტყვით, საქმით თუ ფიქრით ან იმით, რომ არ ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ (ეკლესიასტე 7:20; რომაელთა 3:23; იაკობი 3:2; 4:17). ამიტომ, იმისდა მიუხედავად, გაცნობიერებული გვაქვს თუ არა, დღის განმავლობაში რა შევცოდეთ, საჭიროა ლოცვებში ყოველდღე ვითხოვოთ ცოდვების პატიება (ფსალმუნები 18:13; 39:13).

      8. რისკენ უნდა აღგვძრას მიტევების შესახებ ლოცვამ და რა სარგებლობა მოაქვს ამას?

      8 პატიება კი მას შემდეგ უნდა ვითხოვოთ, რაც პატიოსნად გამოვიკვლევთ საკუთარ თავს, ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის გამომსყიდველური ძალის საფუძველზე მოვინანიებთ და ვაღიარებთ, რომ შევცდით (1 იოანე 1:7—9). იმის დასადასტურებლად, რომ გულწრფელად ვლოცულობთ, საჭიროა მიტევების შესახებ თხოვნას „მონანიების ღირსი საქმეები“ დავურთოთ თან (საქმეები 26:20). ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა მზად არის ჩვენი ცოდვების მისატევებლად (ფსალმუნები 85:5; 102:8—14). შედეგად კი გვექნება შეუდარებელი სიმშვიდე, „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“, რაც ‘დაიფარავს ჩვენს გულებსა და ფიქრებს ქრისტე იესოში’ (ფილიპელთა 4:7). იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუში გვასწავლის, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ, რათა ღმერთმა ცოდვები მოგვიტევოს.

      ღმერთმა რომ მოგვიტევოს, ჩვენც მიმტევებლები უნდა ვიყოთ

      9, 10. ა) რა განმარტება დაურთო იესომ ლოცვის ნიმუშს და რას გაუსვა ამით ხაზი? ბ) კიდევ როგორ ცხადყო იესომ, რომ საჭიროა მიმტევებლები ვიყოთ?

      9 საინტერესოა, რომ ლოცვის ნიმუშიდან იესომ განმარტება დაურთო მხოლოდ ერთ თხოვნას: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა“. ლოცვის დამთავრების შემდეგ მან თქვა: „თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მათე 6:14, 15). ამგვარად, იესომ ნათლად დაგვანახვა, რომ იეჰოვასგან მიტევების მისაღებად ჩვენც მზად უნდა ვიყოთ სხვების მისატევებლად (მარკოზი 11:25).

      10 სხვა შემთხვევისას იესომ იგავის დახმარებით ცხადყო, რომ იეჰოვასგან პატიება თუ გვსურს, საჭიროა ჩვენც მიმტევებლები ვიყოთ. ის მოჰყვა ამბავს ერთი მეფის შესახებ, რომელმაც თავის მონას დიდსულოვნად აპატია უზარმაზარი ვალი. ამავე მეფემ მოგვიანებით სასტიკად დასაჯა ეს მონა, როდესაც გაიგო, რომ მან გაცილებით პატარა ვალი არ აპატია სხვა მონას. იესომ იგავი ამ სიტყვებით დაასრულა: „ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს“ (მათე 18:23—35). გაკვეთილი ნათელია: იეჰოვას წინაშე ჩვენი ვალი, ცოდვების სახით, ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც ვინმე ჩვენთან ურთიერთობისას უშვებს. გარდა ამისა, იეჰოვა ყოველდღე გვპატიობს ცოდვებს. ასე რომ, ჩვენც შეგვიძლია ვაპატიოთ სხვებს ცოდვები, რომლებსაც ისინი ზოგჯერ ჩადიან ჩვენ წინაშე.

      11. მოციქულ პავლეს მიერ მოცემულ რომელ რჩევას გავითვალისწინებთ, თუ გვინდა, რომ იეჰოვამ მოგვიტევოს და რა კარგ შედეგებს მოიტანს ეს?

      11 მოციქულმა პავლემ დაწერა: „იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:32). ერთმანეთისადმი მიმტევებლური დამოკიდებულება ქრისტიანებს შორის მშვიდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. პავლემ თანაქრისტიანებს ასევე მოუწოდა: «როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს. როგორც ქრისტემ [„იეჰოვამ“, აქ] მოგიტევათ, ასევე თქვენც. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რაც სრულქმნილობის კავშირია» (კოლასელთა 3:12—14). ეს ყოველივე იგულისხმება იესოს მიერ მოცემულ ლოცვის ნიმუშში, სადაც ნათქვამია: „მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა“.

      ცდუნების წინაშე დაცვა

      12, 13. ა) რას არ ნიშნავს ლოცვის ნიმუშში ბოლოს წინა თხოვნა? ბ) ვინ არის დიდი მაცდური და რას ნიშნავს ლოცვის სიტყვები ‘ნუ შეგვიყვან ცდუნებაში’?

      12 იესოს მიერ მოცემულ ლოცვის ნიმუშში ბოლოს წინა თხოვნაა: „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“ (მათე 6:13 აქ). უნდოდა იესოს ამ სიტყვებით იმის თქმა, რომ იეჰოვასთვის გვეთხოვა, არ ვეცდუნებინეთ? შეუძლებელია, რადგან მოწაფე იაკობმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვინმეს სცდის“ (იაკობი 1:13). გარდა ამისა, ფსალმუნმომღერალმა თქვა: «თუ ცოდვებს შემოგვინახავ [„დაუწყებ ჩვენში ძებნას“, აქ], უფალო, ვინ დაგიდგება?» (ფსალმუნები 129:3). იეჰოვა არ ეძებს ჩვენში შეცდომებს და ნამდვილად არ ცდილობს ჩვენს გამოჭერას. მაშ, რას ნიშნავს ლოცვის ნიმუშის ეს ნაწილი?

      13 გამოჭერას, მზაკვრული ხრიკების გამოყენებით ჩვენს ძირს დაცემას და ჩაყლაპვასაც კი სატანა ეშმაკი ცდილობს (ეფესელთა 6:11). ის დიდი „მაცდურია“ (1 თესალონიკელთა 3:5). სიტყვებით, ‘ნუ შეგვიყვან ცდუნებაში’, იეჰოვას ვთხოვთ, რომ ცდუნების წინაშე ყოფნის დროს შეგვეხიდოს, რათა არ დავეცეთ; ვთხოვთ დაგვეხმაროს, რომ ‘სატანამ არ გვძლიოს’ და არ დაგვცეს მისმა ცდუნებებმა (2 კორინთელთა 2:11, სსგ). ჩვენ ვლოცულობთ, რათა დავრჩეთ „უზენაესის საფარქვეშ“ და მივიღოთ სულიერი დაცვა, რომელსაც იღებენ ისინი, რომლებიც ყველაფერში იეჰოვას უზენაესობას აღიარებენ (ფსალმუნები 90:1—3).

      14. როგორ გვარწმუნებს პავლე მოციქული, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს, თუ ცდუნების წინაშე ყოფნის დროს მას დახმარებას ვთხოვთ?

      14 შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს, თუ გულწრფელად გვსურს დაცვა, ამას ლოცვაში ვთხოვთ მას და სათანადოდ ვმოქმედებთ. პავლე მოციქული გვარწმუნებს: „არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანურისა, მაგრამ ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელთა 10:13, აქ).

      „გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან“

      15. რატომ არის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვილოცოთ, რომ იეჰოვამ ბოროტისგან გვიხსნას?

      15 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ყველაზე სანდო ხელნაწერების თანახმად, იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუში შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“a (მათე 6:13). ამ აღსასრულის ჟამს ეშმაკისგან დაცვა განსაკუთრებით გვჭირდება. სატანა და მისი დემონები ებრძვიან ცხებულთა დარჩენილი ნაწილის წევრებს, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა“, და მათ თანამსახურებს — „უამრავ ხალხს“ (გამოცხადება 7:9; 12:9, 17). მოციქულმა პეტრემ ქრისტიანები გააფრთხილა: „მღვიძარენი იყავით, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. წინაღუდექით მას მტკიცე რწმენით“ (1 პეტრე 5:8, 9). სატანას სურს შეაჩეროს ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა და რელიგიური, კომერციული თუ პოლიტიკური სფეროს თავისი წარმომადგენლების საშუალებით ჩვენს დაშინებას ცდილობს. მაგრამ მტკიცედ თუ დავდგებით, იეჰოვა გვიხსნის. მოწაფე იაკობი წერდა: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინაღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).

      16. როგორ ეხმარება იეჰოვა განსაცდელში მყოფ თავის მსახურებს?

      16 იეჰოვამ დაუშვა, რომ მისი ძე განსაცდელში ჩავარდნილიყო. მაგრამ, როდესაც იესომ ეშმაკისგან თავის დასაცავად ღვთის სიტყვა გამოიყენა, იეჰოვამ განსამტკიცებლად ანგელოზები მიუვლინა (მათე 4:1—11). მსგავსად ამისა, იეჰოვა ჩვენც გვეხმარება თავისი ანგელოზების საშუალებით, როდესაც რწმენით ვლოცულობთ და მას ვიხდით თავშესაფრად (ფსალმუნები 33:8; 90:9—11). მოციქული პეტრე წერდა: „იცის ღმერთმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო უკეთურნი შემოინახოს განკითხვის დღისათვის დასასჯელად“ (2 პეტრე 2:9).

      სრული გათავისუფლება ახლოსაა

      17. როგორ აჩვენა იესომ ლოცვის ნიმუშში, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია?

      17 ლოცვის ნიმუშში იესომ ყველა საკითხს სათანადო ადგილი მიუჩინა. ჩვენთვის უმთავრესი უნდა იყოს იეჰოვას დიდებული და წმინდა სახელის განწმენდა. რადგან ეს მესიანური სამეფოს საშუალებით მოხდება, ვლოცულობთ, რომ ეს სამეფო მოვიდეს, რათა გაანადგუროს ყველა არასრულყოფილი სამეფო, ანუ მთავრობა, და ბოლომდე შეასრულოს დედამიწაზე ღვთის ნება, ისევე როგორც ეს ზეცაშია. დედამიწაზე სამოთხეში ჩვენი მარადიული ცხოვრება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა იეჰოვას სახელი განიწმინდება და მისი სამართლიანი უზენაესი მმართველობა მთელ სამყაროში იქნება აღიარებული. ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ლოცვის შემდეგ შეგვიძლია ვილოცოთ ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებსა და ცოდვების მიტევებაზე; აგრეთვე იმაზე, რომ ღმერთმა ცდუნებებისგან და ბოროტის, სატანა ეშმაკის, მზაკვრობისგან გვიხსნას.

      18, 19. როგორ გვეხმარება იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუში სიფხიზლისა და იმედის ‘ბოლომდე მტკიცედ’ შენარჩუნებაში?

      18 ბოროტისგან და მისი გახრწნილი სისტემისგან სრული გათავისუფლება ახლოსაა. სატანამ კარგად იცის, რომ დედამიწაზე, განსაკუთრებით კი იეჰოვას ერთგულ მსახურებზე, „მძვინვარების“ გადმოსანთხევად „დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12, 17). „წუთისოფლის აღსასრულის“ ნიშნის მოცემისას იესომ იწინასწარმეტყველა მოვლენები, რომელთაგანაც ზოგი ჯერ არ შესრულებულა (მათე 24:3, 29—31). მათი შესრულების დანახვისას ხსნის იმედი კიდევ უფრო განგვიმტკიცდება. იესომ თქვა: „როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:25—28).

      19 ლოცვის მოკლე ნიმუში, რომელიც იესომ თავის მოწაფეებს მისცა, საიმედო სახელმძღვანელოა და მისი დახმარებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა ჩავრთოთ ჩვენს ლოცვებში დღეს, წუთისოფლის აღსასრულის მოახლოებისას. ყოველთვის დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა ბოლომდე განაგრძობს ჩვენს ყოველდღიურ სულიერ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვას. გამუდმებით ლოცვა და, ამგვარად, სიფხიზლის შენარჩუნება შეგვაძლებინებს, ‘ბოლომდე მტკიცე ვიყოთ იმაში, რაშიც დასაწყისში დავრწმუნდით’ (ებრაელთა 3:14, აქ; 1 პეტრე 4:7).

      [სქოლიო]

      a ქართულ და სხვა ენებზე გამოცემული ბიბლიების ძველ თარგმანებში უფლის ლოცვა ღვთისადმი ხოტბის შესხმით მთავრდება: „შენია სუფევა და ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ“. ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია: „ღვთისთვის ხოტბის შემსხმელი სიტყვები სანდო [ხელნაწერთა] უმეტესობაში არ არის მოცემული“ (The Jerome Biblical Commentary).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება