-
„მშვიდობას ბოლო არ ექნება“გამოიღვიძეთ! — 2019 | No. 1
-
-
ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲐᲓᲐᲭᲠᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐᲡ
„მშვიდობას ბოლო არ ექნება“
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი კონცეფცია, სახელწოდებით „გლობალური მოქალაქეობა“. ეს ახალი ინიციატივა ითვალისწინებს საერთაშორისო თანამშრომლობას, ადამიანთა უფლებების პატივისცემას და ჩვენი პლანეტის დაცვას. რამ განაპირობა ახალი კონცეფციის შემუშავება? როგორც გაეროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაჰერ ნასერმა, ერთ ჟურნალში აღნიშნა, „კლიმატის ცვლილება, ორგანიზებული დანაშაული, მზარდი უსამართლობა, გადაუჭრელი კონფლიქტები, ხალხის მასიურად გადაადგილება, გლობალური ტერორიზმი [და] ინფექციური დაავადებები“ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებზე ახდენს გავლენას (UN Chronicle).
სხვების აზრით კი პრობლემები მხოლოდ მაშინ მოგვარდება, თუ მსოფლიოს ერთი ხელისუფლება ეყოლება. ასეთებს შორის იყვნენ იტალიელი ფილოსოფოსი, პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე დანტე ალიგიერი (1265—1321) და ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი (1879—1955). დანტეს ღრმა რწმენით, მშვიდობა ვერ დაისადგურებდა პოლიტიკურად დაყოფილ მსოფლიოში. ბიბლიაშიც წერია, რომ „გაყოფილი სამეფო დაემხობა“ (ლუკა 11:17).
მას შემდეგ მალევე, რაც მეორე მსოფლიო ომში ორი ატომური ბომბი გამოიყენეს, ალბერტ აინშტაინმა გაეროს გენერალური ასამბლეის მისამართით გაზეთში ღია წერილი გამოაქვეყნა: „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაერომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ შექმნას ხელისუფლება, რომელიც მთელ მსოფლიოზე იმმართველებს“.
მაგრამ არსებობს იმის გარანტია, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც შექმნიან ამგვარ ხელისუფლებას, არ იქნებიან კორუმპირებულები, არაკომპეტენტურები და მჩაგვრელები? ან რა გარანტიაა, რომ ისინი სხვა ცუდი მმართველების კვალს არ გაჰყვებიან? ეს კითხვები გვახსენებს ინგლისელი ისტორიკოსის, ლორდ ექტონის ცნობილ სიტყვებს: „ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის“.
მსოფლიოში რომ ნამდვილი მშვიდობა დამყარდეს, ჯერ ხალხი უნდა გაერთიანდეს. მაგრამ როგორ შეიძლება ამის მიღწევა? არის კი ეს რეალური? ბიბლია გვარწმუნებს, რომ ამ მიზნის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. მაგრამ როგორ? ამას კორუმპირებული პოლიტიკოსებისგან შემდგარი მთავრობა კი არა, ღვთის მიერ შექმნილი ხელისუფლება შეძლებს! მეტიც, ამ ხელისუფლების მეშვეობით ღმერთი ყველას დაანახვებს, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება, იმმართველოს. ამ ხელისუფლებას ბიბლიაში „ღვთის სამეფო“ ეწოდება (ლუკა 4:43).
„ᲛᲝᲕᲘᲓᲔᲡ ᲨᲔᲜᲘ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ“
იესო ქრისტემ ლოცვის ნიმუშში სწორედ ღვთის სამეფო მოიხსენია: „მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება . . . დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). დიახ, ღვთის სამეფო დედამიწაზე ღვთის ნებას შეასრულებს და არა ძალაუფლებას მოწყურებული ეგოისტი ადამიანების ნებას.
ღვთის სამეფოს აგრეთვე „ზეციერი სამეფოც“ ეწოდება, რადგან ის დედამიწაზე იმმართველებს ზეციდან და არა დედამიწიდან (მათე 5:3). უბრალოდ დაფიქრდით: ამ ხელისუფლებას არ სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. რამხელა შვებაა ასეთი ხელისუფლების ქვეშევრდომობა!
სიტყვა „სამეფო“ იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის სამეფო ხელისუფლება. მას ჰყავს მეფე, იესო ქრისტე, რომელსაც ღმერთმა მისცა ეს უფლებამოსილება. იესოს შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ:
„მას მიენდობა მმართველობა . . . მისი მმართველობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ესაია 9:6, 7).
„მას მიეცა ძალაუფლება, დიდება და სამეფო, რათა ყველანი — ხალხები, ერები და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენი — მისი მსახურები ყოფილიყვნენ. მისი მმართველობა . . . არ დასრულდება“ (დანიელი 7:14).
„ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა [ღვთისა] და მისი ცხებულის სამეფო გახდა“ (გამოცხადება 11:15).
როგორც იესომ აღნიშნა ლოცვის ნიმუშში, ღვთის სამეფო დედამიწაზე ღვთის ნებას შეასრულებს. მისი მმართველობის დროს ადამიანები ისწავლიან, როგორ იზრუნონ ჩვენს პლანეტაზე ისე, რომ დედამიწამ დაიბრუნოს თავდაპირველი სახე და კვლავაც ჩქეფდეს მასზე სიცოცხლე.
რაც ყველაზე მთავარია, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები საუკეთესო განათლებას მიიღებენ. ყველა ისწავლის ერთი და იმავე ნორმებით ცხოვრებას. აღარ იარსებებს განხეთქილება და აღარ დაიქსაქსება საზოგადოება. ესაიას 11:9-ში ვკითხულობთ: „ზიანს აღარავის მიაყენებენ და აღარაფერს მოსპობენ . . . რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“.
ის, რისი მიღწევაც გაეროს უნდოდა, რეალობად იქცევა — დედამიწის მოსახლეობა მართლაც გაერთიანდება და ერთმანეთთან მშვიდობა ექნებათ. ფსალმუნის 37:11-ში ნათქვამია: „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. დროის სვლასთან ერთად დავიწყებას მიეცემა ისეთი სიტყვები, როგორიცაა: დანაშაული, დაბინძურება, სიღარიბე, ომი. როდის დადგება ეს სანატრელი დრო? როდის დაიწყებს ღვთის სამეფო მმართველობას დედამიწაზე? როგორ განახორციელებს თავის მმართველობას და პირადად თქვენ რა სიკეთეს მოგიტანთ? ამას შემდეგი სტატიიდან გაიგებთ.
-
-
ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „იმეფებს მშვიდობა“გამოიღვიძეთ! — 2019 | No. 1
-
-
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ
ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „იმეფებს მშვიდობა“
მალე დიდი ხნის ნანატრი ღვთის სამეფო — ღვთის მიერ დაფუძნებული ხელისუფლება — მშვიდობას მოიტანს მთელ დედამიწაზე. როგორც 72-ე ფსალმუნის მე-7 მუხლში ვკითხულობთ, „იმეფებს მშვიდობა“. მაგრამ როდის დაიწყებს ეს სამეფო მმართველობას? როგორ განახორციელებს თავის მმართველობას და როგორ მოემსახურება ეს თქვენს სიკეთეს?
ᲠᲝᲓᲘᲡ ᲓᲐᲘᲬᲧᲔᲑᲡ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐᲡ?
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია გასაოცარი მოვლენები, რომლებიც ღვთის სამეფოს მოსვლაზე მიანიშნებს. ეს მოვლენები იესოს მიერ მოხსენიებული ნიშნის შემადგენელი სხვადასხვა ნაწილია; ეს ნიშანი ერთდროულად ბევრ მოვლენას მოიცავს, მათ შორის მსოფლიო ომებს, შიმშილს, ავადმყოფობას, მიწისძვრებს და უკანონობის გამრავლებას (მათე 24:3, 7, 12; ლუკა 21:11; გამოცხადება 6:2—8).
ღვთის სიტყვაში კიდევ ერთ წინასწარმეტყველებას ვკითხულობთ: „ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, გულცივები, ჯიუტები, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები . . . გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4). მართალია, ყოველთვის არსებობდნენ ასეთი ადამიანები, მაგრამ დღეს უმეტესობა ავლენს ამგვარ თვისებებს.
ზემოხსენებული წინასწარმეტყველებების შესრულება 1914 წლიდან დაიწყო. არაერთმა სახელმწიფო მოღვაწემ, ისტორიკოსმა და მწერალმა აღნიშნა, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო მას შემდეგ. მაგალითად დანიელი ისტორიკოსი პეტერ მუნკი წერდა: „1914 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში. უსაფრთხო მომავლის იმედი გვქონდა . . . მაგრამ კატასტროფების ეპოქაში შევაბიჯეთ; ყოველ ფეხის ნაბიჯზე შიში და სიძულვილი სუფევს და ვერსად გრძნობ თავს უსაფრთხოდ“.
საბედნიეროდ, დღევანდელი გაუსაძლისი ყოფა მალე დასრულდება და მთელ მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ის, რაც დღეს ხდება, იმაზე მიანიშნებს, რომ მალე მთელ დედამიწაზე ღვთის სამეფო დაიწყებს მმართველობას. იესომ ზემოხსენებულ შემაშფოთებელ მოვლენებთან ერთად სასიხარულო მოვლენაც მოიხსენია, რომელიც ნიშნის შემადგენელი ნაწილია. მან თქვა: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).
ეს სასიხარულო ცნობა იეჰოვას მოწმეების ქადაგების მთავარი თემაა. მათი ძირითადი პუბლიკაციის სახელწოდებაა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. ამ პუბლიკაციაში განიხილება, რას გააკეთებს ღვთის სამეფო ადამიანებისთვის და ჩვენი პლანეტისთვის.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲘᲦᲔᲑᲡ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲓᲐᲕᲔᲔᲑᲡ ᲮᲔᲚᲨᲘ?
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ოთხი რამ:
ეს სამეფო დღევანდელი პოლიტიკური მმართველების მეშვეობით არ განახორციელებს მმართველობას.
თანამედროვე პოლიტიკური ლიდერები, ძალაუფლება რომ არ დაკარგონ, უგუნურად მოიქცევიან და ღვთის სამეფოს წინააღმდეგ გაილაშქრებენ (ფსალმუნი 2:2—9).
ღვთის სამეფო გაანადგურებს დღევანდელ სამეფოებს, რომელთაც ადამიანებზე ბატონობა სურთ (დანიელი 2:44; გამოცხადება 19:17—21). ამ გადამწყვეტ ბრძოლას, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს, არმაგედონი ეწოდება (გამოცხადება 16:14, 16).
ყველა, ვინც მზადაა, გახდეს ღვთის სამეფოს მორჩილი ქვეშევრდომი, არმაგედონის დროს გადარჩება და მშვიდობიანად იცხოვრებს ახალ ქვეყნიერებაში. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ესენი იქნებიან „უამრავი ხალხი“, რომელთა რიცხვიც მილიონებს მიაღწევს (გამოცხადება 7:9, 10, 13, 14).
ᲠᲐ ᲡᲘᲙᲔᲗᲔᲡ ᲛᲝᲒᲘᲢᲐᲜᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ?
ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები უპირველესად განისწავლებიან. იესომ ღვთისადმი აღვლენილ ლოცვაში თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
როდესაც ხალხი ეცნობა იეჰოვა ღმერთს, ეს მათზე მრავალმხრივ აისახება სასიკეთოდ. დავფიქრდეთ ორ მხარეზე: პირველი, მათ ძლიერი რწმენა უვითარდებათ ღვთის მიმართ. მათი რწმენა ფაქტებს ეფუძნება, ამიტომ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ღვთის სამეფო რეალურია და მალე დაიწყებს მმართველობას (ებრაელები 11:1). მეორე, მათ უფრო მეტად უყვარდებათ ღმერთი და მოყვასი. ღვთისადმი სიყვარული აღძრავს მათ, მთელი გულით დაემორჩილონ მას; მოყვასის სიყვარული კი უბიძგებს, გაითვალისწინონ იესოს სიტყვები და მოიქცნენ ოქროს წესის თანახმად: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31).
ჩვენს მოსიყვარულე შემოქმედს საუკეთესო სურს ჩვენთვის. მას უნდა, გავიხაროთ „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ (1 ტიმოთე 6:19). დღევანდელ ცხოვრებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“. დღეს მილიონობით ადამიანს გაუსაძლისი ყოფა აქვს — ისინი არსებობისთვის იბრძვიან. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, როგორი იქნება „ჭეშმარიტი სიცოცხლე“, ვნახოთ, რას გააკეთებს ღვთის სამეფო თავისი ქვეშევრდომებისთვის.
იესო თავის გარშემო შეკრებილ ხალხს ასწავლის
-