საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ არის მოკრძალება მნიშვნელოვანი?
    საგუშაგო კოშკი — 2017 | იანვარი
    • სამუელი კიცხავს მეფე საულს

      რატომ არის მოკრძალება მნიშვნელოვანი?

      „სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“ (იგავ. 11:2).

      სიმღერები: 38, 69

      შეგიძლიათ ახსნათ?

      • რატომ არის მოკრძალება მნიშვნელოვანი თვისება?

      • რა კავშირია მოკრძალებასა და თავმდაბლობას შორის?

      • რა დაგვეხმარება, სიხარულით შევასრულოთ ჩვენი დავალება ღვთის ორგანიზაციაში?

      1, 2. რატომ უარყო ღმერთმა ერთ დროს მოკრძალებული საული? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

      თავისი მმართველობის დასაწყისში ისრაელის მეფე საული მოკრძალებული და პატივდებული ადამიანი იყო (1 სამ. 9:1, 2, 21; 10:20—24). თუმცა გამეფებიდან მალევე ის არაერთხელ მოიქცა კადნიერად. საულმა მოთმინება დაკარგა, როცა ღვთის წინასწარმეტყველი სამუელი დათქმულ დროს არ მივიდა გილგალში. ის ხედავდა, რომ ფილისტიმელები საბრძოლველად ემზადებოდნენ, მას კი ხალხი ეფანტებოდა. ის ალბათ ფიქრობდა: „რაღაც უნდა ვიღონო, და თანაც სასწრაფოდ!“. მან მსხვერპლი შესწირა ღმერთს, რისი გაკეთების უფლებაც არ ჰქონდა. მისმა საქციელმა იეჰოვას გულისწყრომა გამოიწვია (1 სამ. 13:5—9).

      2 გილგალში ჩასულმა სამუელმა გაკიცხა საული. ნაცვლად იმისა, რომ ყურად ეღო შეგონება, საულმა თავის მართლება და სხვების დადანაშაულება დაიწყო და ჩადენილი საქციელი გააუბრალოვა (1 სამ. 13:10—14). ამას მოჰყვა არაერთი საშინელი ქმედება, რომელთა შედეგადაც საულმა საბოლოოდ მეფობა და, რაც ყველაზე სამწუხარო იყო, იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგა (1 სამ. 15:22, 23). კარგი დასაწყისის მიუხედავად, საულის მმართველობა ტრაგიკულად დასრულდა (1 სამ. 31:1—6).

      3. ა) რას ფიქრობს ბევრი მოკრძალებაზე? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი?

      3 მეტოქეობის სულით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში ბევრი ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად სხვებისგან უნდა გამოირჩეოდეს. ხშირად ისინი, ვინც ამ პრინციპით ცხოვრობენ, მოკრძალებას კარგავენ. მაგალითად, ერთმა კინოვარსკვლავმა და პოლიტიკოსმა თქვა: „საერთო არაფერი მაქვს მოკრძალებასთან და იმედია, არც არასდროს მექნება“. ასე რომ, წამოიჭრება კითხვები: რატომ არის მოკრძალება მნიშვნელოვანი? რას ნიშნავს მოკრძალება და რას არა? როგორ შეგვიძლია ვიყოთ მოკრძალებული მაშინაც კი, როცა ეს ადვილი არ არის? პირველ ორ კითხვაზე პასუხს ამ სტატიიდან გავიგებთ, მესამე კითხვას კი მომდევნო სტატია გასცემს პასუხს.

      რატომ არის მოკრძალება მნიშვნელოვანი თვისება?

      4. რა იგულისხმება „კადნიერ საქციელში“?

      4 ბიბლიაში მოკრძალება დაპირისპირებულია კადნიერებასთან (წაიკითხეთ იგავების 11:2). ამიტომ დავითი ბრძნულად მოიქცა, როცა იეჰოვას სთხოვა: „შეაკავე შენი მსახური კადნიერი საქციელისგან“ (ფსალმ. 19:13). რა იგულისხმება „კადნიერ საქციელში“? ბიბლიური გაგებით, კადნიერ საქციელში იგულისხმება დაუფიქრებლად და თავხედურად იმის კეთება, რისი უფლებამოსილებაც ადამიანს არა აქვს. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო დროდადრო ყველანი ვავლენთ კადნიერებას. მაგრამ, როგორც მეფე საულის მაგალითიდან ჩანს, თუ ხშირად გავცდებით ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებს, ადრე თუ გვიან ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება. 119-ე ფსალმუნის 21-ე მუხლში იეჰოვაზე ნათქვამია: „შენ კიცხავ . . . კადნიერ ხალხს“. რატომ იქცევა იეჰოვა ასე?

      5. რატომ არ არის კადნიერი საქციელი უბრალო შეცდომა?

      5 კადნიერი საქციელი არ არის უბრალო შეცდომა. ასეთი საქციელით უპატივცემულობას ვავლენთ იეჰოვას მიმართ, რომელიც სამართლიანადაა ჩვენი უზენაესი მმართველი. გარდა ამისა, უფლებამოსილების გადაჭარბების შედეგად შეიძლება სხვებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს (იგავ. 13:10). ამასთან, როცა ჩვენი კადნიერი საქციელი გამოაშკარავდება, შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ ან შევრცხვეთ (ლუკ. 14:8, 9). როგორც ბიბლიიდან ჩანს, მოკრძალებული ქმედება ყოველთვის სწორია, კადნიერი საქციელი კი საბოლოოდ ცუდი შედეგით მთავრდება.

      რას მოიცავს მოკრძალება?

      6, 7. რას მოიცავს თავმდაბლობა და რა კავშირია თავმდაბლობასა და მოკრძალებას შორის?

      6 მოკრძალება და თავმდაბლობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ბიბლია თავმდაბლობას სიამაყისა და ქედმაღლობის საპირისპირო თვისებად მოიხსენიებს (ფილ. 2:3). თავმდაბალი ადამიანი, ჩვეულებრივ, მოკრძალებულიცაა; ის საკუთარ უნარსა და მიღწევებს სწორად აფასებს, თავის შეცდომებს აღიარებს და მზად არის რჩევისა თუ ახალი აზრის მოსასმენად და გასათვალისწინებლად. თავმდაბლობა ღვთისმოსაწონი თვისებაა.

      7 ბიბლიაში მოკრძალებაშიც იგულისხმება საკუთარი თავის სწორად შეფასება და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნა. როგორც ჩანს, დედნისეული სიტყვა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნამ სხვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე.

      8. რა შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ფიქრსა თუ ქცევაში მოკრძალება გვაკლია?

      8 რა შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ფიქრსა თუ ქცევაში მოკრძალება გვაკლია? განვიხილოთ რამდენიმე ნიშანი. ჩვენ შეიძლება საკუთარ თავსა და თეოკრატიულ პასუხისმგებლობებზე დიდი წარმოდგენა შეგვექმნას (რომ. 12:16). შეიძლება არასწორი გზებით ვეცადოთ სხვების ყურადღების მიქცევას (1 ტიმ. 2:9, 10). ან შეიძლება ჩვენი მდგომარეობიდან, კავშირებიდან თუ შეხედულებებიდან გამომდინარე რაიმე აზრის გატანას შევეცადოთ (1 კორ. 4:6). ხშირად, როცა ასე ვიქცევით, შეიძლება ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ მოკრძალების ზღვარს გადავედით.

      9. რამ მიიყვანა ზოგი კადნიერებამდე? მოიყვანეთ ბიბლიური მაგალითი.

      9 ნებისმიერი შეიძლება მოიქცეს კადნიერად, თუ მცირე ხნით მაინც მისცემს გასაქანს თავის სურვილებს. პატივმოყვარეობამ, შურმა და გაუკონტროლებელმა რისხვამ ბევრი მიიყვანა კადნიერ საქციელამდე. ბიბლიური პერსონაჟები, მაგალითად აბესალომი, უზია და ნაბუქოდონოსორი, აჰყვნენ ხორცის სურვილებს და კადნიერად მოიქცნენ, ამიტომ იეჰოვამ დაამცირა ისინი (2 სამ. 15:1—6; 18:9—17; 2 მატ. 26:16—21; დან. 5:18—21).

      10. რატომ არ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ სხვების მოტივები? მოიყვანეთ ბიბლიური მაგალითი.

      10 ადამიანი შეიძლება სხვა მიზეზების გამოც მოიქცეს კადნიერად. დაფიქრდით დაბადების 20:2—7-სა და მათეს 26:31—35-ში ჩაწერილ შემთხვევებზე. ცოდვილი სურვილების გამო ჩაიდინეს აბიმელექმა და პეტრემ ერთი შეხედვით კადნიერი საქციელი? იქნებ მათ ყველა ფაქტი არ იცოდნენ ან სიფხიზლე დაკარგეს? ჩვენ გულების წაკითხვა არ შეგვიძლია, ამიტომ გონივრული იქნება, თუ ნაჩქარევად არ დავაყენებთ ეჭვქვეშ სხვების მოტივებს (წაიკითხეთ იაკობის 4:12).

      ჩვენი ადგილი ღვთის ორგანიზაციაში

      11. როგორ უკავშირდება მოკრძალება ღვთის ორგანიზაციაში ჩვენი ადგილის ცოდნას?

      11 მოკრძალებისთვის საჭიროა გავაცნობიეროთ, რა ადგილი გვიკავია ღვთის ორგანიზაციაში. იეჰოვამ, წესრიგის ღმერთმა, სულიერ ოჯახში თითოეულს ჩვენი ადგილი მოგვიჩინა, ანუ პასუხისმგებლობები მოგვცა. კრებაში ყველა სხვადასხვა როლს ვასრულებთ და ყველანი საჭირონი ვართ. იეჰოვამ თავისი წყალობიდან გამომდინარე თითოეულს გვიბოძა გარკვეული ძღვენი, უნარი და ნიჭი. ჩვენ შეგვიძლია ისინი მის განსადიდებლად და სხვების სასარგებლოდ გამოვიყენოთ (რომ. 12:4—8). მან მმართველებად დაგვნიშნა და გვაფასებს, გვენდობა და პასუხისმგებლობებს გვაძლევს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:10).

      იესო ღმერთს ეხმარებოდა შემოქმედებაში, დაიბადა ადამიანად, ასწავლიდა მოწაფეებს, ჩვენთვის შეეწირა. დღეს ის ღვთის სამეფოს მეფეა

      რის სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან, როცა ჩვენი პასუხისმგებლობა იცვლება? (იხილეთ აბზაცები 12—14)

      12, 13. რატომ არ უნდა გაგვაკვირვოს იმან, რომ ჩვენი მდგომარეობა ან პასუხისმგებლობები დროდადრო შეიცვლება?

      12 თუმცა ღვთის ორგანიზაციაში ჩვენი პასუხისმგებლობები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. განვიხილოთ იესოს მაგალითი. თავიდან ის მარტო იყო იეჰოვასთან (იგავ. 8:22). შემდეგ მისი დახმარებით ღმერთმა შექმნა სხვა სულიერი ქმნილებები, ფიზიკური სამყარო და ბოლოს ადამიანი (კოლ. 1:16). მოგვიანებით იესომ ახალი დავალება მიიღო — ის უმწეო ბავშვად უნდა დაბადებულიყო და დედამიწაზე ეცხოვრა (ფილ. 2:7). მსხვერპლად სიცოცხლის გაღების შემდეგ იესო ზეცაში დაბრუნდა როგორც სულიერი ქმნილება და 1914 წელს ღვთის სამეფოს მეფე გახდა (ებრ. 2:9). თუმცა მისი მდგომარეობა კიდევ შეიცვლება. ათასწლიანი მმართველობის შემდეგ იესო იეჰოვას გადასცემს თავის სამეფოს, „რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორ. 15:28).

      13 მსგავსად მოსალოდნელია, რომ ჩვენი მდგომარეობა და პასუხისმგებლობები დროდადრო შეიცვლება. ხშირად მიზეზი შეიძლება ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს. მაგალითად, დაქორწინება, შვილების ყოლა ან მოგვიანებით ცხოვრების გამარტივება და სრული დროით მსახურების დაწყება. თითოეულ ამ გადაწყვეტილებას თავისი დადებითი მხარეები და გარკვეული პასუხისმგებლობები აქვს. მდგომარეობის შეცვლამ ან შეიძლება შეზღუდოს ჩვენი მსახურება, ან მეტის გაკეთების შესაძლებლობა მოგვცეს. მნიშვნელობა არა აქვს, ახალგაზრდები ვართ თუ ხანში შესულები, კარგი ჯანმრთელობა გვაქვს თუ სუსტი, იეჰოვა ყოველთვის ითვალისწინებს, რის გაკეთებას შევძლებთ საუკეთესოდ მის მსახურებაში. ის იმაზე მეტს არ მოგვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია, და ძალიან აფასებს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ (ებრ. 6:10).

      14. როგორ გვეხმარება მოკრძალება, რომ კმაყოფილები ვიყოთ და სიხარული შევინარჩუნოთ ნებისმიერ სიტუაციაში?

      14 იესოს სიხარულს ანიჭებდა ნებისმიერი დავალების შესრულება და ჩვენც შეგვიძლია სიხარულით შევასრულოთ ჩვენთვის მოცემული დავალებები (იგავ. 8:30, 31). მოკრძალებული ადამიანი კმაყოფილია იმ პასუხისმგებლობებით, რომლებიც კრებაში აქვს. ის არ წუხს იმაზე, მიიღებს თუ არა სხვა პასუხისმგებლობებს მომავალში და არც სხვისი წარმატებები შურს. ნაცვლად ამისა, ის ყველანაირად ცდილობს, დააფასოს თავისი დავალება და სიხარულით შეასრულოს ის, რადგან თვლის, რომ ის ღვთისგან აქვს. ამასთან, ის გულწრფელად აფასებს იეჰოვას მიერ სხვებისთვის მიცემულ პასუხისმგებლობებსაც. მოკრძალება გვეხმარება, რომ სიხარულით ვცეთ სხვებს პატივი და მხარი დავუჭიროთ მათ (რომ. 12:10).

      რას არ ნიშნავს მოკრძალება?

      15. რის სწავლა შეგვიძლია გედეონის მაგალითიდან?

      15 გედეონმა მოკრძალების შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. როცა პირველად გამოეცხადა იეჰოვას ანგელოზი, მან თავმდაბლად აღიარა, რომ არც წარმოშობით გამოირჩეოდა და არც უფლებამოსილებით (მსაჯ. 6:15). იეჰოვასგან დავალების მიღების შემდეგ გედეონმა შეამოწმა, რამდენად სწორად ესმოდა, რას მოითხოვდა ღმერთი მისგან და ხელმძღვანელობისთვის მას მიმართა (მსაჯ. 6:36—40). მიუხედავად იმისა, რომ გედეონი გაბედული ადამიანი იყო, ის ფრთხილად და წინდახედულად მოქმედებდა (მსაჯ. 6:11, 27). მას ეს დავალება სახელის მოსახვეჭად არ გამოუყენებია. პირიქით, მისი შესრულების შემდეგ ის სიამოვნებით დაუბრუნდა თავის ძველ საქმიანობას (მსაჯ. 8:22, 23, 29).

      16, 17. რას იღებს მხედველობაში მოკრძალებული ადამიანი, როცა სულიერ წინსვლაზე ფიქრობს?

      16 მოკრძალება არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვისწრაფოთ კრებაში სხვა პასუხისმგებლობებისკენ ან არ უნდა მივიღოთ ისინი. წმინდა წერილები მოგვიწოდებს, რომ წინ წავიწიოთ სულიერად (1 ტიმ. 4:13—15). მაგრამ ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს ახალი დავალების ან პასუხისმგებლობის მიღებას. იეჰოვას დახმარებით ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ სულიერად იმის მიუხედავად, თუ ახლა რა გვავალია. ჩვენ შეგვიძლია დავხვეწოთ ღვთისგან ბოძებული უნარი და მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ.

      17 მოკრძალებული ადამიანი ჯერ გაიგებს, რა მოეთხოვება და შემდეგ დათანხმდება ახალ დავალებაზე. ამ შემთხვევაში მას შეეძლება, გულწრფელად შეაფასოს თავისი მდგომარეობა. მაგალითად, შეძლებს ის არსებული მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას მეტი დავალების ან პასუხისმგებლობის აღების შემდეგაც? შეუძლია მას, რომელიმე თავისი საქმე სხვას გადასცეს, რათა ახალი პასუხისმგებლობისთვის დრო გამოითავისუფლოს? თუ ამ კითხვებიდან ერთზე ან ორივეზე პასუხი უარყოფითია, შეიძლება სხვამ უკეთ შეძლოს ამ საქმის შესრულება. თუ ვილოცებთ და რეალურად შევაფასებთ სიტუაციას, არ გავცდებით ჩვენი შესაძლებლობებისა თუ შეზღუდვების ფარგლებს. მოკრძალებამ შეიძლება აღგვძრას, რომ უარი ვთქვათ დამატებით პასუხისმგებლობაზე.

      18. ა) რისკენ უნდა აღგვძრას მოკრძალებამ ახალი დავალების მიღების დროს? ბ) როგორ არის აღწერილი რომაელების 12:3-ში მოკრძალებული ადამიანი?

      18 გედეონის მაგალითი შეგვახსენებს, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობისა და კურთხევის გარეშე შეუძლებელია ახალი დავალების წარმატებით შესრულება. ბიბლია ყველას მოგვიწოდებს, რომ მოკრძალებულად ვიაროთ ჩვენს ღმერთთან ერთად (მიქ. 6:8). ამიტომ ახალი პასუხისმგებლობის მიღების დროს უნდა ვილოცოთ და დავფიქრდეთ, რას გვეუბნება იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძალებით ვერ შევძლებთ ამ დავალების შესრულებას და იეჰოვას ხელმძღვანელობა გვჭირდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ იეჰოვას თავმდაბლობა განგვადიდებს და არა ჩვენი ნიჭი! (ფსალმ. 18:35). ღმერთთან ერთად მოკრძალებულად სიარული დაგვეხმარება, რომ საკუთარ თავზე არც იმაზე მეტი ვიფიქროთ და არც იმაზე ნაკლები, ვიდრე უნდა ვფიქრობდეთ (წაიკითხეთ რომაელების 12:3).

      19. რა მიზეზების გამო უნდა განვივითაროთ მოკრძალება?

      19 მოკრძალებული ადამიანი დამსახურებულ პატივს მიაგებს იეჰოვას, რადგან ის ჩვენი შემოქმედი და სამყაროს უზენაესი მმართველია (გამოცხ. 4:11). მოკრძალება გვეხმარება, კმაყოფილები ვიყოთ ღვთისგან მოცემული დავალებით და ის ხარისხიანად შევასრულოთ. ის გვიცავს კადნიერი საქციელისგან და ხელს უწყობს იეჰოვას ხალხის ერთიანობას; აღგვძრავს, საკუთარ თავზე წინ სხვები დავაყენოთ და სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რითაც სერიოზულ შეცდომებს ავირიდებთ თავიდან. ამ მიზეზების გამო მოკრძალების გამოვლენა მნიშვნელოვანია ღვთის ყველა მსახურისთვის. იეჰოვა აფასებს მათ, ვინც ცდილობს ამ თვისების განვითარებას. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ შევინარჩუნოთ მოკრძალება რთულ სიტუაციებში.

  • თქვენ შეგიძლიათ მოკრძალების შენარჩუნება რთულ სიტუაციებში!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | იანვარი
    • მოხუც კაცს შეცდომაში შეჰყავს წინასწარმეტყველი

      თქვენ შეგიძლიათ მოკრძალების შენარჩუნება რთულ სიტუაციებში!

      „რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა . . . მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“ (მიქ. 6:8).

      სიმღერები: 48, 95

      როგორ გვეხმარება მოკრძალება . . .

      • წარმატებით შევასრულოთ ჩვენი დავალებები?

      • ქების ან უსამართლო კრიტიკის დროს?

      • გაურკვევლობის პირისპირ?

      1—3. რა შეცდომა დაუშვა ერთმა წინასწარმეტყველმა და რა იყო შედეგი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

      ერთხელ, იერობოამის მეფობის დროს, იეჰოვამ იუდადან წინასწარმეტყველი გაგზავნა ისრაელის ამ განდგომილი მეფისთვის მკაცრი განაჩენის გასაცხადებლად. თავმდაბალმა წინასწარმეტყველმა მეფეს ღვთის განაჩენი გადასცა და იეჰოვამაც დაიცვა ის იერობოამის რისხვისგან (1 მეფ. 13:1—10).

      2 როცა წინასწარმეტყველი უკან ბრუნდებოდა, გზად ერთ მოხუც კაცს შეხვდა, რომელიც ახლომდებარე ბეთელიდან იყო. მოხუცმა კაცმა მას თავი იეჰოვას წინასწარმეტყველად წარუდგინა. მან შეცდომაში შეიყვანა ახალგაზრდა წინასწარმეტყველი და ღვთის ნათელი მითითების დარღვევისკენ უბიძგა, რომლის თანახმადაც, მას არ უნდა ეჭამა პური და არ უნდა დაელია წყალი ისრაელში; ის არც იმავე გზით უნდა დაბრუნებულიყო სახლში. იეჰოვა განრისხდა ახალგაზრდა წინასწარმეტყველზე. მოგვიანებით სახლისკენ მიმავალ წინასწარმეტყველს გზად ლომი გადაეყარა და მოკლა იგი (1 მეფ. 13:11—24).

      3 რატომ მოიქცა კადნიერად ეს ერთ დროს მოკრძალებული წინასწარმეტყველი და რატომ გაჰყვა სახლში ცბიერ მოხუცს? ბიბლია არაფერს ამბობს ამის შესახებ. შესაძლოა, მან დაივიწყა, რომ ღმერთთან ერთად მოკრძალებულად სიარული მოეთხოვებოდა (წაიკითხეთ მიქას 6:8). როცა ბიბლია იეჰოვასთან ერთად სიარულზე ლაპარაკობს, გულისხმობს მასზე მინდობას, მისი უზენაესობის მხარდაჭერასა და მისი ხელმძღვანელობის მიყოლას. მოკრძალებულ ადამიანს კარგად ესმის, რომ მოსიყვარულე და ყოვლისშემძლე მამასთან გამუდმებით უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. წინასწარმეტყველს შეეძლო, იეჰოვასთვის ეთხოვა, ნათელი მოეფინა თავისი მითითებებისთვის, მაგრამ ბიბლია არ ამბობს, რომ ის ასე მოიქცა. დროდადრო ჩვენც ვდგებით რთული გადაწყვეტილებების წინაშე და შეიძლება გაგვიჭირდეს იმის განსაზღვრა, რა იქნებოდა ამ დროს სწორი. როცა მოკრძალებით ვეძებთ იეჰოვას ხელმძღვანელობას, თავს ვიცავთ სერიოზული შეცდომებისგან.

      4. რას გავიგებთ ამ სტატიიდან?

      4 წინა სტატიიდან გავიგეთ, რატომ არის მოკრძალება ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი თვისება და რას მოიცავს ის. ამ სტატიიდან კი გავიგებთ, თუ რამ შეიძლება გამოსცადოს ჩვენი მოკრძალება და როგორ შეგვიძლია ამ სასურველი თვისების განვითარება და რთულ სიტუაციებში გამოვლენა. ამისთვის განვიხილავთ სამ ნაცნობ სიტუაციას, რომლებმაც შეიძლება ჩვენი მოკრძალება გამოსცადოს. აგრეთვე დავინახავთ, როგორ შეგვიძლია ბრძნულად მოვიქცეთ თითოეულ სიტუაციაში (იგავ. 11:2).

      როცა მდგომარეობა იცვლება

      5, 6. როგორ გამოავლინა ბარზილაიმ მოკრძალება?

      5 საკუთარი მდგომარეობის ან დავალების ცვლილებამ შეიძლება ჩვენი მოკრძალება გამოსცადოს. როცა დავითმა 80 წლის ბარზილაის მეფის სასახლეში ცხოვრება შესთავაზა, ალბათ, ბარზილაი ამას დიდ პატივად ჩათვლიდა. თანხმობის შემთხვევაში მას მეფესთან ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემოდა. მიუხედავად ამისა, ბარზილაიმ მეფეს უარი უთხრა შეთავაზებაზე. რატომ მოიქცა ის ასე? ბარზილაი უკვე ასაკში იყო შესული, ამიტომ არ სურდა, ტვირთად დასწოლოდა მეფეს. მან შესთავაზა დავითს, რომ მის ნაცვლად ქიმჰამი წაეყვანა, რომელიც სავარაუდოდ მისი ერთ-ერთი ვაჟი იყო (2 სამ. 19:31—37).

      6 მოკრძალება ბარზილაის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. მან დავითის შეთავაზებაზე უარი იმიტომ არ თქვა, რომ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევდა ან უნდოდა, უშფოთველად გაეტარებინა ცხოვრების დარჩენილი წლები. ის აცნობიერებდა თავის მდგომარეობასა და შეზღუდულ შესაძლებლობებს. მას არ სურდა საკუთარ თავზე იმაზე მეტი აეღო, ვიდრე რეალურად შეეძლო (წაიკითხეთ გალატელების 6:4, 5). მდგომარეობის დაკავებაზე, სახელის მოხვეჭასა და აღიარების მოპოვებაზე გამუდმებული ფიქრი საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას შეგვიქმნის, მეტოქეობისკენ გვიბიძგებს და საბოლოოდ გულგატეხილობამდე მიგვიყვანს (გალ. 5:26). ამის საპირისპიროდ, მოკრძალება დაგვეხმარება, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი უნარითა და საერთო ძალებით განვადიდოთ ღმერთი და ყველაფერი გავაკეთოთ სხვების დასახმარებლად (1 კორ. 10:31).

      7, 8. როგორ გვეხმარება მოკრძალება, რომ საკუთარ ძალებს არ დავენდოთ?

      7 მეტ პასუხისმგებლობას ხშირად მეტი ძალაუფლება ახლავს, რამაც შეიძლება ჩვენი მოკრძალება გამოსცადოს. როცა ნეემიამ გაიგო იერუსალიმში მცხოვრები ხალხის გასაჭირის შესახებ, მხურვალედ მიმართა იეჰოვას ლოცვით (ნეემ. 1:4, 11). იეჰოვამ შეისმინა მისი ლოცვა და აღძრა მეფე არტაქსერქსე, ნეემია იუდეის გამგებლად დაენიშნა. გამოჩენილი მდგომარეობის, სიმდიდრისა და დიდი ძალაუფლების მიუხედავად, ნეემია არასდროს დანდობია საკუთარ გამოცდილებასა და უნარს. ის კვლავაც დადიოდა ღმერთთან ერთად და განუწყვეტლივ ეძებდა ხელმძღვანელობას ღვთის კანონში (ნეემ. 8:1, 8, 9). ის არ ბატონობდა ხალხზე და თავად სწევდა ხარჯს ხალხის მოსამსახურებლად (ნეემ. 5:14—19).

      8 ნეემიას მაგალითიდან ჩანს, როგორ გვეხმარება მოკრძალება, რომ ახალი დავალების ან მეტი პასუხისმგებლობის მიღების შემდეგ საკუთარ ძალებს არ დავენდოთ. უხუცესი, რომელიც მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ენდობა, შეიძლება ისე შეუდგეს კრების საქმეების კეთებას, რომ იეჰოვას არ მიმართოს ლოცვით ხელმძღვანელობისთვის. სხვებმა შეიძლება ჯერ გადაწყვეტილება მიიღონ და შემდეგ სთხოვონ იეჰოვას, რომ აკურთხოს მათი გადაწყვეტილება. მაგრამ იქნება ეს მოკრძალებული საქციელი?! მოკრძალებულ ადამიანს ყოველთვის ახსოვს, რა მდგომარეობა უკავია ღვთის წინაშე და რა როლს ასრულებს ღვთის ორგანიზაციაში. ჩვენი უნარისა და შესაძლებლობების მიუხედავად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საკუთარ თავს არ დავენდოთ, განსაკუთრებით ნაცნობი სიტუაციებისა თუ პრობლემების დროს (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6). როგორც ღვთის დიდი ოჯახის წევრებმა, მთელი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ ოჯახსა თუ კრებაში ჩვენთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას და არა „დაწინაურებისკენ“ სწრაფვას (1 ტიმ. 3:15).

      როცა გვაკრიტიკებენ ან გვაქებენ

      9, 10. როგორ გვეხმარება მოკრძალება უსამართლო კრიტიკის დროს?

      9 ადვილი არ არის ემოციების გაკონტროლება, როცა უსამართლოდ გვაკრიტიკებენ. ხანა ხშირად ტიროდა, რადგან მისი მეტოქე, ფენინა გამუდმებით დასცინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქმარს უყვარდა, ხანა ძალიან განიცდიდა უშვილობას. ერთხელ, როცა კარავში ლოცულობდა, მღვდელმთავარმა ელიმ შეცდომით დაასკვნა, რომ ის მთვრალი იყო და უსაყვედურა. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა თავს ხანა! ყველაფრის მიუხედავად, მოკრძალებულმა ხანამ თავი შეიკავა და ელის პატივისცემით ელაპარაკა. მისი გულში ჩამწვდომი ლოცვა ბიბლიაში ჩაიწერა. მასში მრავლადაა რწმენის, ქებისა და მადლიერების გამომხატველი სიტყვები (1 სამ. 1:5—7, 12—16; 2:1—10).

      10 მოკრძალება აგრეთვე გვეხმარება, ბოროტებას სიკეთით ვძლიოთ (რომ. 12:21). მიუხედავად იმისა, რომ სატანის ქვეყნიერებაში ხშირად ვხვდებით უსამართლობას, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ განვრისხდეთ ბოროტმოქმედთა გამო (ფსალმ. 37:1). ბევრად მტკივნეულია, როცა პრობლემები თანაქრისტიანებს შორის იჩენს თავს. ამ დროს მოკრძალებული ადამიანი იესოს ჰბაძავს. „როცა [მას] ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, . . არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტ. 2:23). იესომ იცოდა, რომ შურისძიება იეჰოვასია (რომ. 12:19). ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, იესოს მიჰბაძონ თავმდაბლობაში და სამაგიერო არავის გადაუხადონ (1 პეტ. 3:8, 9).

      11, 12. ა) როგორ გვეხმარება მოკრძალება ზედმეტი ქათინაურებისა და ქების დროს? ბ) როგორ უნდა ახდენდეს მოკრძალება გავლენას ჩვენს ჩაცმულობაზე, გარეგნობასა და საქციელზე?

      11 ჩვენი მოკრძალება შეიძლება ზედმეტმა ქათინაურებმა და ქებამაც გამოსცადოს. დაფიქრდით, რა შესანიშნავად მოიქცა ესთერი, როცა მისი მდგომარეობა მოულოდნელად შეიცვალა. ამ მშვენიერ ქალწულს ერთი წლის მანძილზე სილამაზის პროცედურებით ანებივრებდნენ. მას ყოველდღე ჰქონდა ურთიერთობა ახალგაზრდა ქალწულებთან, რომლებიც სპარსეთის იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან იყვნენ და მეფის გულის მოგებას ცდილობდნენ. მაგრამ ესთერი ყოველთვის მოკრძალებული და თავშეკავებული იყო. ის მას შემდეგაც არ გაამაყებულა, რაც მეფემ დედოფლად აირჩია (ესთ. 2:9, 12, 15, 17).

      სამაგალითო და არასამაგალითო ჩაცმულობა და ვარცხნილობა სამეფო დარბაზში

      რაზე მეტყველებს ჩვენი ჩაცმულობა და გარეგნობა — იეჰოვასა და სხვების მიმართ პატივისცემაზე თუ მოკრძალების ნაკლებობაზე? (იხილეთ აბზაცი 12)

      12 მოკრძალება გვეხმარება, რომ ჩვენი ჩაცმულობა, გარეგნობა და საქციელი ყოველთვის ღირსეული იყოს და პატივისცემას ირეკლავდეს. ჩვენ გვესმის, რომ სხვების გულს „სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ მოვიგებთ და არა ტრაბახითა თუ საკუთარ თავზე ზედმეტი ყურადღების მიქცევით (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:3, 4; იერ. 9:23, 24). გულში დაბუდებული პატივმოყვარეობა საბოლოოდ საქციელში გამოვლინდება. მაგალითად, შეიძლება გადაკვრით ვახსენოთ, რომ პრივილეგიებით ვსარგებლობთ, კონფიდენციალურ ინფორმაციას ვფლობთ ან პასუხისმგებელ ძმებთან ახლოს ვართ. შეიძლება ისე წარმოვაჩინოთ საქმე, თითქოს რაიმე იდეის ავტორები ვართ ან მიღწეული წარმატება ჩვენი დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში სხვებმაც შეიტანეს წვლილი. ამ დროსაც უნდა გვახსოვდეს იესოს შესანიშნავი მაგალითი. ბევრი რამ, რაც მან თქვა, ან აზრი იყო ებრაული წერილებიდან, ან პირდაპირი ციტატა. თავისი მოკრძალებული საუბრით ის მსმენელებს ახვედრებდა, რომ ყველაფერი, რასაც ამბობდა, იეჰოვას დამსახურება იყო და არა მისი გონიერებისა თუ სიბრძნის დამსახურება (იოან. 8:28).

      გაურკვევლობის პირისპირ

      13, 14. როგორ გვეხმარება მოკრძალება გადაწყვეტილების მიღების დროს?

      13 ჩვენი მოკრძალება გადაწყვეტილების მიღების დროსაც შეიძლება გამოიცადოს. კესარეაში ყოფნის დროს მოციქულ პავლეს წინასწარმეტყველმა აგაბემ უთხრა, რომ იერუსალიმში ჩასვლის შემთხვევაში დააპატიმრებდნენ და შეიძლებოდა მოეკლათ კიდეც. ძმებს ძალიან შეეშინდათ, ამიტომ შეეხვეწნენ პავლეს, არ წასულიყო, მაგრამ ვერ გადაათქმევინეს. პავლე არც ზედმეტად თავდაჯერებული იყო და არც შიშით შეპყრობილი. ის სრულად ენდობოდა იეჰოვას და მზად იყო, ბოლომდე შეესრულებინა თავისი დავალება, მიუხედავად იმისა, თუ სად მოუწევდა წასვლა. ამის გაგების შემდეგ ძმებმა მოკრძალება გამოავლინეს და აღარ შეეწინააღმდეგნენ პავლეს (საქ. 21:10—14).

      14 მოკრძალება მაშინაც გვეხმარება გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში, როცა ბოლომდე არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ან ვერ ვაკონტროლებთ მათ. მაგალითად, თუ სრული დროით მსახურებას დავიწყებთ, ვინ იზრუნებს ჩვენზე ავადმყოფობის შემთხვევაში? როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მშობლებს ჩვენი დახმარება დასჭირდებათ? ან როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, როცა დავბერდებით? რამდენიც არ უნდა ვილოცოთ და გამოვიკვლიოთ ეს საკითხები, სრულ პასუხს მაინც ვერ მივიღებთ (ეკლ. 8:16, 17). იეჰოვასადმი ნდობა გვეხმარება ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების გათვითცნობიერებასა და მათთან შეგუებაში. გამოკვლევის, რჩევის კითხვისა და ლოცვის შემდეგ უნდა მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:4—6). ამის წყალობით იეჰოვა გვაკურთხებს ან მიზნების შეცვლაში დაგვეხმარება (იგავ. 16:3, 9).

      მოკრძალების განვითარება

      15. როგორ გვეხმარება იეჰოვაზე ფიქრი, ვიყოთ თავმდაბლები?

      15 როგორც დავინახეთ, მოკრძალება მრავალმხრივ სასურველი თვისებაა. მაგრამ როგორ შეგვიძლია მეტად განვივითაროთ ის? განვიხილოთ ამის ოთხი საშუალება. პირველი, იეჰოვასადმი მეტი მოკრძალება და მოწიწება გვექნება, თუ მადლიერებით დავფიქრდებით მის უსაზღვროდ აღმატებულ თვისებებსა და მდგომარეობაზე (ეს. 8:13). უნდა გვახსოვდეს, რომ ანგელოზთან ან ადამიანთან ერთად კი არ დავდივართ, არამედ ყოვლისშემძლე ღმერთთან ერთად. ამის გათვითცნობიერება აღგვძრავს, დავიმდაბლოთ თავი „ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ“ (1 პეტ. 5:6).

      16. როგორ აღგვძრავს ღვთის სიყვარულზე ფიქრი, მოკრძალებულები ვიყოთ?

      16 მეორე, იეჰოვას სიყვარულზე ფიქრი ხელს უწყობს მოკრძალების განვითარებას. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ იეჰოვამ ადამიანის სხეულის იმ ნაწილს, რომელსაც რაღაც აკლდა, „უფრო მეტი პატივი“ არგუნა (1 კორ. 12:23, 24). მსგავსად, იეჰოვა ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებისა თუ ნაკლოვანებების მიუხედავად. ის არ ადარებს თავის მსახურებს ერთმანეთს და შეცდომების გამო არ გვრიყავს. სადაც არ უნდა ვმსახურობდეთ, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, რადგან მას ვუყვარვართ.

      17. როგორ აისახება ჩვენზე ის, რომ სხვებში კარგის დანახვას ვცდილობთ?

      17 მესამე, მეტად დავაფასებთ ჩვენს ადგილს იეჰოვას ორგანიზაციაში, თუ ღვთის მსგავსად შევეცდებით, სხვებში კარგი დავინახოთ. ნაცვლად იმისა, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყოთ ან სადავეების ხელში ჩასაგდებად ყოველთვის საქმეში ჩავერიოთ, ჩვენ მოკრძალებულად მივმართავთ სხვებს რჩევისთვის და ვითვალისწინებთ მათ აზრს (იგავ. 13:10). ჩვენ მათთან ერთად გავიხარებთ, როცა ისინი მეტ პასუხისმგებლობას მიიღებენ. იმის დანახვა, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა მთელ ჩვენს საძმოს, აღგვძრავს, ხოტბა შევასხათ მას (1 პეტ. 5:9).

      18. როგორ გვეხმარება სინდისის გაწვრთნა ღვთისმოსაწონი მოკრძალების განვითარებაში?

      18 მეოთხე, ბიბლიური პრინციპებით სინდისის გაწვრთნა უფრო მოკრძალებულს გვხდის. განსჯის უნარს დავხვეწთ, თუ შევეცდებით, ყველაფერს იეჰოვას თვალით შევხედოთ. რეგულარული შესწავლის, ლოცვისა და ნასწავლის გათვალისწინების შედეგად ჩვენი სინდისი გაიწაფება (1 ტიმ. 1:5). ამასთან, ვისწავლით, რომ საკუთარ თავზე წინ სხვები დავაყენოთ. თუ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ გავაკეთებთ, იეჰოვა თავისი დაპირების თანახმად დაასრულებს ჩვენს მომზადებას და დაგვეხმარება მოკრძალებისა თუ სხვა ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში (1 პეტ. 5:10).

      19. რა დაგვეხმარება, მარადიულად გამოვავლინოთ მოკრძალება?

      19 სტატიის დასაწყისში მოხსენიებულმა წინასწარმეტყველმა ერთი კადნიერი საქციელის გამო დაკარგა სიცოცხლე და ღმერთთან კარგი სახელი. მიუხედავად ამისა, მოკრძალების შენარჩუნება რთულ სიტუაციებშიც კი შესაძლებელია, რასაც ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული ადამიანებისა თუ ჩვენს დროში მცხოვრები ღვთის მოკრძალებული მსახურების მაგალითები ადასტურებს. იეჰოვასთან ერთად დიდხანს სიარულმა უფრო მოკრძალებულები უნდა გაგვხადოს (იგავ. 8:13). ჩვენი დავალებისა თუ პასუხისმგებლობის მიუხედავად, იეჰოვასთან ერთად სიარული შეუდარებელი პატივია. დააფასეთ ის და ყველაფერი გააკეთეთ, რომ მოკრძალებულად იაროთ იეჰოვასთან ერთად მარადიულად!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება