საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ ჯობია დახარჯვას გადანახვა?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | სექტემბერი
    • რატომ ჯობია დახარჯვას გადანახვა?

      „ფულის შენახვა არ არის ადვილი საქმე. გიხარია, როცა ტანსაცმელს, ტექნიკას და ასეთ რაღაცებს ყიდულობ“, — ასე ფიქრობს დღეს ბევრი.

      მიუხედავად იმისა, გარკვეულწილად, თქვენზეც მოახდინა თუ არა გავლენა ეკონომიკის მსოფლიო კრიზისმა, უდავოდ დაგეხმარებათ იმაზე დაფიქრება, თუ როგორ გადაინახოთ თანხა და ამასთანავე, როგორ ხარჯოთ ფული გონივრულად. ახლა მიმოვიხილავთ იმ სანდო წყაროს მიერ მოცემულ რჩევებს, რომლის წყალობითაც საუკუნეების მანძილზე მილიონები ბრძნულად განკარგავდნენ თავიანთ შემოსავლებს.

      სამი უძველესი გამონათქვამი

      იესო ნაზარეთელმა ერთ-ერთი თავისი იგავით მნიშვნელოვანი რჩევა მოგვცა ფინანსურ საკითხებზე. ამ მონათხრობში ბატონი ტუქსავს თავის მონას. როგორც ბიბლიის ერთ თანამედროვე თარგმანში წერია, მას ასეთ რამეს ეუბნება: „ჩემი ფული ბანკში უნდა შეგეტანა და როცა დავბრუნდებოდი, ჩემსას სარგებლით მივიღებდი“ (მათე 25:27 [New American Standard Bible]). ამ სიტყვებს განსაკუთრებით დღეს აქვს დიდი მნიშვნელობა. რატომ?

      ბოლო წლებში ზოგიერთ ქვეყანაში ბანკის მიერ გაცემულმა საპროცენტო სარგებელმა ათ წელიწადში გადააჭარბა ბანკში ჩადებულ საწყის თანხას. თუმცა ბევრი ბანკი ვეღარ სთავაზობს კლიენტებს ასეთ მიმზიდველ საპროცენტო მოგებას და აღარც საინვესტიციო მოგებაა ყოველთვის ისეთი მაღალი, როგორსაც ინვესტორები ელიან. ნამდვილად ბრძნული ნაბიჯი იქნება თქვენი მხრიდან, თუ ფულს შავი დღისთვის გადაინახავთ.

      ბიბლია სწორედ ამ აზრს უსვამს ხაზს და ამბობს: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც“ (ეკლესიასტე 7:12). მაგრამ ფული ვერ დაგიცავს, თუ არა გაქვს გადანახული. ბიბლია მოგვიწოდებს: „თითოეულმა თქვენგანმა თავის სახლში გადადოს და გადაინახოს, ვისაც რისი საშუალება აქვს“ (1 კორინთელები 16:2).

      როგორ გადაინახოთ?

      პირველი. სანამ რაიმე ძვირადღირებულ ნივთს იყიდით, დაფიქრდით, მართლა აუცილებელია მისი ყიდვა?

      მეორე. თუ რაიმეს შეძენას აპირებთ, ან ფასდაკლებით იყიდეთ ან კიდევ მეორადი მოხმარების, ოღონდ კარგ მდგომარეობაში. ერთ ნორვეგიელ ცოლ-ქმარს, ესპენსა და იანას, საბავშვო ეტლის ყიდვა უნდოდათ თავიანთი პატარა დანიელისთვის. მათ მეორადებში ნახევარ ფასში შეიძინეს თითქმის ახალი საბავშვო ეტლი. ესპენი ამბობს: „როცა დანიელი წამოიზრდება, ამას კარგ ფასში გავყიდი“. თუმცა ის ასეთ გაფრთხილებასაც იძლევა: „ხარისხიანი ნივთების მოძებნას ბევრი დრო მიაქვს“. a

      მესამე. არ აჩქარდეთ, კარგად მოიფიქრეთ. და თუ მაინც ჩათვლით, რომ ამ რაღაცის ყიდვა აუცილებელია, შეგიძლიათ სხვა ნივთებიც შეათვალიეროთ მისი მსგავსი და შეიძინოთ ის ფასდაკლებით ან მეორადში. თანხას იმითაც დაზოგავთ, თუ ყოველთვის ცნობილი ბრენდების საქონელს არ შეიძენთ. ნაცვლად იმისა, რომ შვილებისთვის ბოლო მოდის ძვირიანი ტანსაცმელი გეყიდათ, სხვების ნაქონი ხომ არ გამოგადგებოდათ?

      ახალბედა დედას შეუძლია გამოიყენოს ბავშვის ისეთი ნაჭრის საფენები, რომელიც ირეცხება. დენიზ ჩამბერსი თავის წიგნში ასეთ რამეს აღნიშნავს: „ორი წლის განმავლობაში ერთჯერადი საფენების შეძენა სულ მცირე 2 000 დოლარი დაგიჯდებათ, ნაჭრის საფენებისა კი . . . იმავე ორი წლის განმავლობაში — 300-დან 500 დოლარამდე“. წიგნში აგრეთვე ნათქვამია: „თანამედროვე ნაჭრის საფენები საკმაოდ ადვილი გამოსაყენებელია და ამავე დროს გარემოსაც არ აბინძურებს“ (Budgeting — Personal Spending and Money Management a Key to Weathering the Storm).

      მეოთხე. ჩვეულებრივ, საჭმლის სახლში მომზადება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გარეთ ჭამა. თუ სკოლის ასაკის ბავშვები გყავთ, ჯობია მათ ბუტერბროდების მომზადება ასწავლოთ, ვიდრე ფული მისცეთ და საჭმელი იყიდონ, რომელიც უფრო ძვირი ჯდება. ძვირიანი სასმელების მაგიერ წყურვილი შეგიძლიათ წყლით მოიკლათ. ეს უფრო მეტად მოუხდება თქვენს ჯანმრთელობას და ცოტათი თქვენს ჯიბესაც წაადგება.

      არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბევრ ოჯახს საკუთარი ბოსტანი ჰქონდა. თქვენც ხომ არ გიფიქრიათ, სახლის პირობებში მოგეყვანათ ბოსტნეული ან სხვა რამ? ბევრს, მათ შორის, ვინც ბინებში ან პატარა სახლებში ცხოვრობს, აქვს პატარა მიწის ნაკვეთი და ბოსტნად იყენებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი რამის მოყვანა შეიძლება თუნდაც ერთი ციცქნა მიწის ნაკვეთზე!

      თუ გაქვთ მობილური ტელეფონი, შეგიძლიათ მისით მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში ისარგებლოთ და კარგი იქნება, თუ წინასწარ ჩარიცხავთ განსაზღვრული სალაპარაკო დროის საფასურს. თუ გაქვთ ტანსაცმლის საშრობი მანქანა, იმის მაგივრად, რომ ყოველთვის მასში გააშროთ სარეცხი, შეგიძლიათ ხანდახან ნაწილი ტანსაცმელი ან თუნდაც მთლიანი სარეცხი თოკებზე გაფინოთ. არ არის საჭირო, 24 საათი ჩართული გქონდეთ კონდიციონერი და გამათბობელი. სანამ ჩართავთ, დააკვირდით ამინდს, მართლა ძალიან ცხელა? ან მართლა ძალიან ცივა? ურიგო არ იქნება, თუ სხვებსაც შეეკითხებით, როგორ ზოგავენ ელექტროენერგიას.

      როგორ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ ვალებს?

      პირველი. ნუ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რამდენის გადახდაც ყოველთვიურად გიწევთ; ეცადეთ, ცოტა მეტი გადაიხადოთ — იქნება ეს საკრედიტო ბარათებისა თუ სხვა სესხების შემთხვევაში.

      მეორე. ძირითადი ყურადღება გაამახვილეთ იმ სესხებზე, რომლებზეც მეტ პროცენტს იხდით.

      მესამე. გახსენით შემნახველი ანაბარი. სამხრეთ აფრიკაში მომუშავე ერთი მოხალისე, სახელად ჰილტონი გვირჩევს: „ყველაფერს, რაც გაქვს, ერთ ადგილას ნუ დააგროვებ. დროდადრო ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები კოტრდებიან; ჩვენ ამის საკმარისი გამოცდილება გვაქვს“. ასე რომ, წინასწარ გაარკვიეთ, აგინაზღაურებთ თუ არა მთავრობა თანხას ბანკის გაკოტრების შემთხვევაში.

      მეოთხე. თუ ფულის ხარჯვა გიყვართ, აკონტროლეთ საკუთარი თავი. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

      მაცდურმა რეკლამებმა შეცდომაში ხომ არ შეგიყვანათ? შვედეთში მცხოვრები დანი ამბობს, რომ ის ერთ დროს რეკლამების მსხვერპლი გახდა. მას კრედიტის დასაფარავად კარგად აწყობილი ბიზნესის გაყიდვა მოუწია. ეს დანისთვის კარგი გაკვეთილი იყო და დღეს უკვე მკაცრად აკონტროლებს, რაში ხარჯავს ფულს. ის გვირჩევს: „ნუ დახარბდებით. იმყოფინეთ, რაც გაქვთ“.

      სესხები

      ბევრს არა აქვს საშუალება, რომ იყიდოს სახლი და ერთიანად გადაიხადოს მისი საფასური. ამიტომ ზოგიერთი ამას კრედიტის მეშვეობით აკეთებს. და იმ თანხას, რომელსაც ყოველთვე ბანკში იხდის, შეიძლება შევხედოთ ისე, თითქოს ბინის ქირას იხდიდეს. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, სახლი უკვე მის საკუთრებაში გადადის.

      ბევრი ისეთ მანქანას ყიდულობს კრედიტით, რომელიც შედარებით ნაკლებ საწვავს წვავს. სესხის რაც შეიძლება სწრაფად დაფარვის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ მანქანის ისევ ფულად ქცევა. ანუ ეს არის ფულის შენახვის კიდევ ერთი ფორმა.b ზოგი მიხვდა, რომ გონივრულია ისეთი მანქანის ყიდვა, რომელიც კარგ მდგომარეობაშია და რომელსაც შედარებით ნაკლები მანძილი აქვს გავლილი. სხვები კი ფულს იმით ზოგავენ, რომ ავტომობილის მაგივრად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით დადიან.

      ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმეს ყიდვისას ზედმეტს ნუ მოინდომებთ, რეალურად შეაფასეთ სიტუაცია და დაუფიქრებლად არაფერი იყიდოთ. ფულის ფლანგვა შეიძლება ჩვევად გექცეთ; ამან კი შეიძლება სულის სიმშვიდე წაგართვათ. თუ გნებავთ მშვიდი და წყნარი ცხოვრება, იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ ფული ყაირათიანად ხარჯოთ.

      თუ გსურთ, ფულიც დაზოგოთ და აუცილებელიც არ მოიკლოთ, ანუ არც მწვადი დაწვათ და არც შამფური, უნდა იცოდეთ, რაში დახარჯოთ ფული და რაში — არა. ამ საკითხს შევეხებით შემდეგ სტატიაში.

      [სქოლიოები]

      a თუ გნებავთ დარწმუნდეთ იმაში, რომ მოპარულ ნივთს არ ყიდულობთ, ვისგანაც შეიძენთ ამ ნივთს, გამოართვით პირადობის მოწმობის ასლი ან ქვითარი.

      b გახსოვდეთ, რომ თუ შემოსავლის წყაროს დაკარგავთ და ვეღარ შეძლებთ სესხის გადახდას, შეიძლება დაკარგოთ სახლი ან მანქანა და უკვე გადახდილი თანხაც.

      [სურათები 5 გვერდზე]

      ფულის დაზოგვის გზები

      მოძებნეთ, სად არის ფასდაკლება

      იყიდეთ ტანსაცმელი ფასდაკლებით ან მეორადების მაღაზიაში

      ასწავლეთ ბავშვებს ბუტერბროდების მომზადება

      [სურათი 6 გვერდზე]

      ხარჯებს შეამცირებთ, თუ სახლში მოიყვანთ ბოსტნეულს და სარეცხს თოკებზე გააშრობთ

  • როგორ გავანაწილოთ შემოსავალი?
    გამოიღვიძეთ! — 2011 | სექტემბერი
    • როგორ გავანაწილოთ შემოსავალი?

      უმთავრესად სად მიდის ჩვენი შემოსავალი? 1) ვხარჯავთ, 2) ვინახავთ ან 3) სხვებს ვაძლევთ. ჯერ ვისაუბროთ იმაზე, როგორ ვხარჯოთ ფული გონივრულად.

      ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „დიდმა ვარდნამ“ ის მაინც გვასწავლა, თუ რამდენად სასარგებლოა კარგად შედგენილი ბიუჯეტი. რა არის ბიუჯეტი? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის იმის ცოდნა, თუ როგორ განკარგო შემოსავალი. ბიუჯეტის შედგენა სასარგებლოა როგორც ცალკეული პირებისა და ოჯახებისთვის, ისე საქმიანი ადამიანებისა და მთავრობებისთვის.

      ოჯახმა ერთად შეადგინეთ ბიუჯეტი

      დენიზ ჩამბერსის საავტორო წიგნში „ბიუჯეტის შედგენა“ ნათქვამია: „ოჯახის ყველა წევრი უნდა მონაწილეობდეს ბიუჯეტის შედგენაში, რათა ყველა გრძნობდეს ვალდებულებას, მიჰყვეს შედგენილ გეგმას“. პერიოდულად ერთად უნდა გადახედონ, რამდენად ამართლებს მათ მიერ შედგენილი გეგმა. ერთად შედგენილი კარგი ბიუჯეტი დაეხმარება ოჯახის თითოეულ წევრს, იმყოფინოს შემოსავალი.

      ბიუჯეტს ზოგი კომპიუტერში ადგენს. სხვები ამ საქმისთვის უბრალოდ ფანქარსა და ფურცელს იყენებენ. ფურცელს ორ სვეტად ყოფენ, ერთში წერენ რა შემოსავალი ექნებათ, მეორეში — რა ხარჯები. მნიშვნელოვანია, ასევე ხარჯებში ჩართოთ გარკვეული თანხა, რომელსაც ყოველთვე გადადებთ წლიური ხარჯების დასაფარავად, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის ან შვებულებისთვის.

      ბიუჯეტის შედგენის დროში ნაცადი მეთოდია კონვერტებისა და საქაღალდეების გამოყენება, რომლებსაც აწერია „საკვები“, „ქირა“, „ტრანსპორტი“, „ელექტროენერგია“, „მკურნალობა“ და ასე შემდეგ. ადრე ხალხი ასეთი ხარჯების დასაფარავად ყოველთვე ფულს კონვერტებში ინახავდა. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ უფრო ადვილია და უსაფრთხო, თუ ფულს ბანკში შეინახავს და საჭირო დროს გამოიტანს.

      იონათანი და ენი, რომლებიც თავიანთ ორ გოგონასთან ერთად სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ, ფულს საქაღალდეებში ინახავენ. იონათანი ამბობს: „თუ ხელფასს ბანკში იღებთ, მკაცრად უნდა აკონტროლოთ რისთვის გამოგაქვთ ფული და რისთვის არა. თუ ხორცის ფული ამოგეწურათ, კარგი იქნება, თუ დანაზოგიდან არ აიღებთ“.

      იონათანს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. მოგვიანებით, მთელმა ოჯახმა გადაწყვიტა, მოხალისედ ემსახურა. დღესდღეობით ისინი მონაწილეობას იღებენ თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების აშენებაში. და რაკი მათ სურთ, კვლავაც განაგრძონ ასეთი მსახურება, საჭიროა, ზედმიწევნით მიჰყვნენ შედგენილ ბიუჯეტს. ეს ოჯახი ხშირად ამოწმებს იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს მათივე შედგენილი ბიუჯეტი და თუ საჭიროა, ცვლილებებიც შეაქვთ მასში.

      გაცილებით დიდი ბედნიერება

      გამოკვლევები აჩვენებს, რომ ადამიანი ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ იღებს, როცა სხვების სასარგებლოდ გასცემს თავის დროს, ენერგიასა და სახსრებს. შესავალში მოხსენიებული სამი ფაქტორიდან საუკეთესოა გაცემა — იმდენის გაცემა, რამდენის საშუალებასაც შენი მდგომარეობა გაძლევს.

      კრის ფარელი თავის წიგნში ამბობს, რომ „დანაზოგი სხვების დახმარების საშუალებას იძლევა“. ის გვირჩევს: „ყველაზე კარგი და გონივრული ის იქნება, თუ თქვენს დანაზოგს სხვებს გაუზიარებთ“.a ფარელი განაგრძობს: „როცა ფიქრობ, რა უფრო ღირებულია ცხოვრებაში, ხვდები, რომ ფულზე და ქონებაზე ძვირფასი ურთიერთობები, საინტერესო საქმეების კეთება და სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვაა“ (The New Frugality).

      ეკონომისტი მაიკლ ვაგნერიც მსგავს აზრს გამოთქვამს. თავის წიგნში ის ახალგაზრდებს ფულის დაზოგვისკენ მოუწოდებს და ამბობს: „თუ ინიციატივას გამოიჩენ და დაეხმარები ნაკლებად შეძლებულებს, შენი სიკეთე უკანვე დაგიბრუნდება სხვადასხვა გზით. მაგრამ ყველაზე დიდ კმაყოფილებას სხვების დახმარებით მიღებული ის სასიამოვნო გრძნობა მოგანიჭებს, რომელიც ამ დროს გულში ჭარბად გექნება“ (Your Money, Day One).

      ბიბლია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ გაცემას უდიდესი ბედნიერება სდევს თან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასში მრავლად არის ისეთი გამონათქვამები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი შემოსავლების გონივრულად გადანაწილებაში. ახლა ვისაუბროთ სხვა შვიდ ბრძნულ აზრზე.

      [სქოლიო]

      a ფული შეიძლება საჩუქრის სახით გავცეთ ან სტუმართმოყვარეობა გამოვავლინოთ, მაგალითად, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს საჭმელი მოვუმზადოთ.

  • შვიდი ბრძნული აზრი
    გამოიღვიძეთ! — 2011 | სექტემბერი
    • შვიდი ბრძნული აზრი

      ქვემოთ მოყვანილი გამონათქვამები ჩაწერილია ერთ უძველეს წიგნში — წიგნში, რომელიც სავსეა ბრძნული აზრებით. ეს აზრები პრაქტიკულია და დღემდეა გამოსადეგი. განვიხილოთ, როგორ დაგვეხმარება ისინი ფულის სწორად განკარგვაში.

      1. „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:10). ეს სიტყვები არ ეკუთვნის შურიან კაცს, რომელსაც ცოტა ფული ჰქონდა. ამ სიტყვების ავტორი არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ისრაელის მეფე სოლომონი. მას ეს სიტყვები დაკვირვებამ და საკუთარმა გამოცდილებამ დააწერინა. იმავეს ამბობენ დღეს მცხოვრები მდიდრებიც.

      2. „თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ. ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში“ (1 ტიმოთე 6:8, 9). ამ სიტყვებს წერს მოციქული პავლე, რომელმაც დიდ კარიერაზე თქვა უარი და გახდა იესო ქრისტეს მიმდევარი. დღევანდელი რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, პავლეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ყოველგვარი საფასურის გარეშე ესწავლებინა თავისი მოსწავლეებისთვის და სხვებისთვის. მას შეეძლო სუფთა სინდისით ეთქვა: „არავისი არც ვერცხლი მისურვია, არც ოქრო და არც ტანსაცმელი. თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს“ (საქმეები 20:33, 34).

      3. „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს, რომ ნახოს, აქვს თუ არა საკმარისი სახსრები მის დასამთავრებლად?“ (ლუკა 14:28). იესოს მოყვანილი ეს მაგალითი შეგიძლიათ შემდეგნაირად გამოიყენოთ: ნაცვლად იმისა, რომ ნაჩქარევად იყიდოთ რამე, განსაკუთრებით, საკრედიტო ბარათით, მოთმინება გამოავლინეთ და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ეს ნივთი და გაქვთ თუ არა მისი შეძენის საშუალება.

      4. „მოვალე მევალის მონაა“ (იგავები 22:7 „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იფეთქა, ყველასთვის ცხადი გახადა, თუ რა დიდი საფრთხე ახლავს თან განვადებებსა და სხვა სახის სესხებს. მაიკლ ვაგნერი 2009 წელს გამოცემულ თავის წიგნში ამბობს: „დღეს ჩვეულებრივი რამ არის, რომ ადამიანს სულ ცოტა 9 000 დოლარი ერიცხებოდეს ვალის სახით ოთხ ან მეტ საკრედიტო ბარათზე“ (Your Money, Day One).

      5. „ბოროტი სესხულობს და აღარ აბრუნებს, მართალი კი წყალობას ავლენს და ძღვენს გასცემს“ (ფსალმუნი 37:21). ბევრს მიაჩნია, რომ ვალისგან თავის დაღწევის იოლი გამოსავალი თავის გაკოტრებულად გამოცხადებაა. მეორე მხრივ, კეთილსინდისიერი ადამიანი, ვინც აფასებს ღმერთთან ურთიერთობას, აბრუნებს ვალს, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ამასთანავე, გულუხვია ყველაფერში, რაც აქვს.

      6. „ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმუნი 37:25). კაცი, რომელმაც ეს სიტყვები წარმოთქვა, მრავალი უსამართლობის მსხვერპლი გახლდათ. ის დევნილი იყო წლების განმავლობაში, ხან გამოქვაბულებში ათევდა ღამეს, ხან უცხო ქვეყანას აფარებდა თავს. ეს კაცი იყო დავითი, რომელიც მოგვიანებით, ისრაელის მეფე გახდა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ზემოხსენებული სიტყვების ჭეშმარიტება.

      7. „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). ამ სიტყვების ავტორია ყველაზე დიდებული ადამიანი. „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა“, იესომ თავისი მიწიერი ცხოვრება სხვების სამსახურს შეალია. დღეს ის ზეცაში უკვდავი სულიერი ქმნილებაა და „ბედნიერი ღმერთის“, იეჰოვას, მარჯვნივ ზის (ებრაელები 12:2; 1 ტიმოთე 1:11).

      იმაზე უფრო დიდი მიზანი რა უნდა იყოს, რომ ჰბაძავდე იესოს და ყველაფერს აკეთებდე სხვების დასახმარებლად. ალბათ, ეთანხმებით იმ აზრს, რომ უკეთესია იყო წინდახედული შემნახველი, რათა შეგეძლოს გულუხვად გაცემა, და არ იყო ეგოისტი მხარჯველი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება