-
მდიდარი და ბრძენი მეფესაგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
-
-
მდიდარი და ბრძენი მეფე
როგორ ფიქრობთ, მოგიტანდათ ბედნიერებას სიმდიდრე? არ გესიამოვნებოდათ, ვინმეს რომ თქვენთვის დიდი თანხა ეჩუქებინა? ალბათ, გესიამოვნებოდათ. ალბათ, დაიწყებდით ფიქრს, თუ როგორ მოგეხმარათ ის.
მართალია, ბევრი რამის ყიდვა შეიძლება, რის საშუალებითაც უფრო კომფორტულ და სასიამოვნო ცხოვრებას მოიწყობდით. ფულმა შეიძლება ‘დაიფაროს’ კიდეც ადამიანი, ვთქვათ, მოულოდნელად ავადმყოფობის ან უმუშევრობის პრობლემის წამოჭრისას (ეკლესიასტე 7:12).
მაგრამ რა კავშირია ფულსა და ბედნიერებას შორის? თქვენც ისევე ფიქრობთ, როგორც მრავალი სხვა, რომ ბედნიერება სიმდიდრეს მოაქვს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეიძლება გაგიძნელდეთ, ვინაიდან ფულის დათვლა ადვილია, ხოლო ბედნიერებისა — არა. შეუძლებელია სასწორის პინებზე მოათავსო ბედნიერება და აწონო.
გარდა ამისა, ზოგი მდიდარი ბედნიერი გვეჩვენება, ზოგი კი — უბედური. იმავეს თქმა შეიძლება ღარიბებზეც. მიუხედავად ამისა, უმეტესობას — მათ შორის მდიდრებსაც კი — სჯერა, რომ მეტ ფულს მეტი ბედნიერება მოაქვს.
ამ საკითხებს შეეხო ძველი ისრაელის მეფე სოლომონი. ის უმდიდრესი ადამიანი იყო. მისი დიდძალი სიმდიდრის ამბავი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის, „მესამე მეფეთა“, მე-10 თავში. მაგალითად, შენიშნეთ, თუ რას ამბობს მე-14 მუხლი: „ექვსას სამოცდაექვსი ქანქარი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად“. ეს 25 ტონის ტოლია. დღეს ამდენი ოქროს საფასური 200 000 000 ამერიკულ დოლარს აღემატება.
მაგრამ სოლომონი მხოლოდ მდიდარი კი არ იყო, არამედ ღვთისგან სიბრძნითაც იყო კურთხეული. ბიბლია მოგვითხრობს: „ქვეყნიერების ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი დოვლათითა და სიბრძნით. მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა“ (მესამე მეფეთა 10:23, 24). სოლომონის სიბრძნით ჩვენც შეგვიძლია ვისარგებლოთ, რადგან მისი სიბრძნე ბიბლიაშია შეტანილი და მის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს. ვნახოთ, თუ რას ამბობს ის სიმდიდრესა და ბედნიერებას შორის კავშირზე.
-
-
მოგიტანთ ბედნიერებას სიმდიდრე?საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
-
-
მოგიტანთ ბედნიერებას სიმდიდრე?
მეფე სოლომონმა იცოდა ფულის ფასი. ის წერდა: „სამხიარულოდ იმართება პურობა; ღვინო სიხარულით ავსებს სიცოცხლეს, ხოლო ფული ყველაფერზე პასუხს აგებს“ (ეკლესიასტე 10:19). მეგობრებთან ქეიფი შეიძლება ძალიან სასიამოვნო იყოს, მაგრამ პურისა და ღვინის საყიდლად ფულია საჭირო. რადგან მატერიალურ ნივთებს ფულით იძენენ, ის ‘აგებს პასუხს ყველაფერზე’.
თუმცა სოლომონი ზღაპრულ სიმდიდრეს ფლობდა, იცოდა, რომ ქონების შესაძლებლობები უსაზღვრო არ იყო. მას ესმოდა, რომ მატერიალური სიმდიდრე არ იყო ბედნიერების გასაღები. ის წერდა: „ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით“ (ეკლესიასტე 5:9).
ვთქვათ, მდიდარი უფრო მდიდრდება. სოლომონი ამბობს: „ბევრ დოვლათს ბევრი მჭამელი ჰყავს“ (ეკლესიასტე 5:10). როდესაც ‘დოვლათი’ ანუ ქონება იზრდება, უფრო მეტ პიროვნებას უწევს მასზე ზრუნვა. შემკეთებლებს, მსახურებს, დარაჯებსა და სხვებს — ყველას უნდა გადაუხადო მომსახურებისთვის. ამას კი უფრო მეტი ფული სჭირდება.
ეს ყველაფერი ბედნიერებასთან უშუალო კავშირშია. ძვ. წ. IV საუკუნეში მცხოვრებმა ბერძენმა ისტორიკოსმა ქსენოფონტმა ჩაიწერა ერთი გამდიდრებული ღარიბის ნათქვამი:
„რატომ გგონიათ. . . რომ რაც უფრო მდიდარი ვარ, მით უფრო ბედნიერი ვარ? თქვენ არ იცით, — განაგრძობს ის, — რომ სიამოვნება, რომელსაც ახლა ჭამა-სმა ან ძილი მანიჭებს, წვეთით არ აღემატება იმ სიამოვნებას, რომელსაც ისინი მგვრიდნენ მაშინ, როდესაც ღარიბი ვიყავი. ერთადერთი, რაც სიმდიდრემ შემმატა, ეს არის უფრო მეტზე ზრუნვის, მეტის გაცემის ვალდებულება და, მეტი საზრუნავი. ახლა მე ვზრუნავ მრავალი მოსამსახურის ჭამა-სმასა და ჩაცმაზე; ზოგს ექიმი სჭირდება, ზოგი მოდის და მიყვება, თუ როგორ დაესხნენ მგლები ცხვრებს, თუ როგორ გადაიჩეხნენ ხარები უფსკრულში, ან როგორ გავრცელდა მსხვილფეხა საქონელში რაღაც დაავადება. ამგვარად, ვხედავ, რომ. . . მეტმა ქონებამ მეტი საზრუნავი გამიჩინა“.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხს მეტი ქონების დაგროვების სურვილი აქვს, არის იმით მოხიბლვა, რასაც იესო ‘სიმდიდრის საცდურს’ უწოდებს (მათე 13:22). ისინი მოტყუებული რჩებიან, რადგან სიმდიდრე, რომელსაც ასე ესწრაფვიან, ვერასოდეს მოუტანთ იმ კმაყოფილებასა და ბედნიერებას, რასაც მისგან მოელიან. მათი აზრით, სიმდიდრე იმის გაკეთების საშუალებას მისცემს, რასაც სიღარიბის გამო ვერ აკეთებდნენ. ამიტომ ხალხი გამუდმებით უფრო და უფრო მეტის დაგროვებას ცდილობს.
ფულის სიყვარული ბედნიერებას ვერ მოგიტანთ
სიმდიდრეზე ზრუნვამ ქონების პატრონს შეიძლება მშვიდი ძილი დაუფრთხოს. სოლომონი წერს: „ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდა ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს“ (ეკლესიასტე 5:11).
როდესაც სიმდიდრის შესაძლო დაკარგვაზე ნერვიულობა კულმინაციას აღწევს, ამას მხოლოდ ძილის დაკარგვა როდი მოჰყვება. ხარბი კაცის შესახებ სოლომონი წერს: „თავის დღეებს ბნელში ამოჭამს, დარდით, ტკივილით გულგასენილი“ (ეკლესიასტე 5:16). ნაცვლად იმისა, რომ სიმდიდრეში ბედნიერება ჰპოვოს, ის „დარდით“ ჭამს და საჭმელზე დახარჯული ფულიც კი ენანება. ასეთმა ავადმყოფურმა აზროვნებამ შეიძლება ადამიანს ჯანმრთელობა დააკარგვინოს. თავის მხრივ, ჯანმრთელობის დაკარგვა კიდევ უფრო ზრდის ხარბი ადამიანის დარდს, რადგან ცუდი ჯანმრთელობა ხელს უშლის უფრო მეტი სიმდიდრის დაგროვებაში.
შეიძლება ამან მოციქულ პავლეს სიტყვები გაგახსენოთ: ‘ხოლო გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთებმა, რომლებიც მან გაიტაცა, თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს’ (1 ტიმოთე 6:9, 10). ფულის დაგროვებას გამოდევნებული ადამიანები თაღლითობენ, ცრუობენ, ქურდობენ, მეძაობენ და მკვლელობაზეც კი მიდიან. ყოველივე ამას ემოციური, ფიზიკური და სულიერი ტკივილი მოაქვს. არის ეს ბედნიერებისკენ მიმავალი გზა? სულაც არა!
დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს
სოლომონმა კიდევ რაღაცა თქვა სიმდიდრეზე გაწონასწორებული თვალსაზრისის შესახებ. მან დაწერა: „ისევ შიშველი გაბრუნდება, როგორც მოვიდა დედის მუცლიდან და ვეღარაფერს მოიხვეჭს შრომით. აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი“ (ეკლესიასტე 5:14, 17).
ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ ბედნიერება სულაც არ მოაქვს მომავლისთვის სიმდიდრის დაგროვებას; იმ მომავლისთვის, როდესაც შეიძლება სულაც არ ვიყოთ ცოცხლები. ბევრად უკეთესია დავკმაყოფილდეთ და გავიხაროთ ჩვენი ღვაწლის ნაყოფით. მოციქულმა პავლემ მსგავსი თვალსაზრისი გამოთქვა ტიმოთესთვის გაგზავნილ წერილში: „არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და, ცხადია, ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან. ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:7, 8; შეადარეთ ლუკა 12:16–21).
ბედნიერების გასაღები
სოლომონს უხვად ჰქონდა სიმდიდრეც და ღვთიური სიბრძნეც. მაგრამ ის ბედნიერებას სიბრძნეს უკავშირებდა და არა ფულს. მან თქვა: „ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი — ხალას ოქროს. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა; მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი“ (იგავნი 3:13–18).
რატომ უპირატესობს სიბრძნე სიმდიდრეზე? სოლომონმა დაწერა: „სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს, მაგრამ სიბრძნე უპირატესია; მის მფლობელს აცოცხლებს“ (ეკლესიასტე 7:12). ფულს გარკვეულწილად შეუძლია დაიფაროს ადამიანი, მისცეს იმის ყიდვის საშუალება, რაც სჭირდება, მაგრამ სიბრძნე მას სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისგან იცავს. ნამდვილი სიბრძნე არა მარტო უდროო სიკვდილისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენს, არამედ მას ადამიანის მარადიულ სიცოცხლემდე მიყვანა შეუძლია, რადგან ის ღვთისადმი მართებულ შიშზეა დაფუძნებული.
რატომ შეუძლია ღვთიურ სიბრძნეს ბედნიერების მოტანა? ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ იეჰოვა ღმერთისგან შეიძლება მომდინარეობდეს. გამოცდილება ცხადყოფს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება მხოლოდ უზენაესისადმი მორჩილებას მოაქვს. ბედნიერება ღვთისმოსაწონ ცხოვრებაზეა დამოკიდებული (მათე 5:3–10). ბიბლიიდან ნასწავლის გამოყენებით ‘მაღლიდან გარდმომავალ სიბრძნეს’ განვივითარებთ (იაკობი 3:17). და ის მოგვიტანს ისეთ ბედნიერებას, რასაც სიმდიდრე ვერასოდეს მოგვიტანს.
-