საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა ემართებათ ახალგაზრდებს?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 დეკემბერი
    • რა ემართებათ ახალგაზრდებს?

      კითხვაზე — თავდაპირველად კარგი ინფორმაციის მოსმენას ამჯობინებდი თუ ცუდის, მრავალი პასუხობს, ცუდის, რადგან იმედოვნებენ, რომ ამგვარად კარგი ინფორმაცია უფრო დიდხანს დარჩება გონებაში.

      იმის გასაგებად, თუ რა ემართებათ ახალგაზრდებს, თავდაპირველად განვიხილოთ დღევანდელი მდგომარეობა. უფროსი ასაკის ადამიანები, ჩვეულებრივ, ამბობენ, რომ დღევანდელი თაობა სულ სხვანაირია. მეორე მხრივ, ახალგაზრდები ვერ იტანენ შენიშვნას იმის შესახებ, რომ ისინი არ შეესაბამებიან წარსულის ნორმებს. და მაინც, ადამიანის ბუნების გამოცდილი მკვლევარები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა განსხვავდება წინა თაობისაგან.

      რით განსხვავდება?

      საერთოდ, ადამიანთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს კარგი მანერები, პასუხისმგებლობის გრძნობა და სხვებისადმი პატივისცემა უნდა ჰქონდეთ, სინამდვილე ხშირად ამ იდეალებისგან საკმაოდ შორსაა. ლონდონში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ახალგაზრდები «ავითარებენ „აჯანყების ახალ სულს“ წუთისოფლის წინააღმდეგ, რადგან ხშირ შემთხვევაში ის მათ იმედებს გაუცრუებს» (The Independent). ეს „აჯანყების ახალი სული“ ირეკლება გამოკვლევის შედეგებში, რომ თანამედროვე ახალგაზრდობიდან მცირეს თუ აქვს სურვილი, „გონიერი და პასუხისმგებლობის მქონის“ სახელი ჰქონდეს. მათ ურჩევნიათ „ველურ და წინასწარგანუჭვრეტელი საქციელის პიროვნებად“ იცნობდნენ.

      მაგალითად, ბრიტანეთში რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვი, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდების მიერ იყო ჩადენილი, 1950—1993 წლებში ათჯერ გაიზარდა. ასეთივე ზრდა აღინიშნება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებაში. ამავე დროს, აღნიშნავს ლონდონის გაზეთი „ტაიმზ“-ი (The Times), თითქმის ყველა განვითარებად ქვეყანაში „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ახალგაზრდებს შორის აღინიშნება ფსიქოლოგიური მოშლილობების მნიშვნელოვანი ზრდა“. დეივიდ ჯ. სმითი, პროფესორი კრიმინოლოგიის საკითხში, აღნიშნავს, რომ ეს მოშლილობები „დაკავშირებული არ არის სიმდიდრის დაკარგვასთან ან მის მომატებასთან, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება“. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ დღეს ძველ და ახალ თაობებს შორის სხვაობა უფრო შესამჩნევია.

      დღეს ბავშვები და მოზარდები მზარდ სტრესულ სიტუაციებს ხვდებიან. თვითმკვლელობის მცდელობის ან განხორციელების შემთხვევები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. გლაზგოს (შოტლანდია) გაზეთში ნათქვამია, რომ ათ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში 12 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ თვითმკვლელობის მცდელობები გაორმაგდა (Herald). გამოუვალი მდგომარეობის გამო იმავენაირად იქცევიან უფროსი ასაკის ბავშვებიც. „ახალგაზრდებს შორის მზარდი ფსიქიატრიული პრობლემების უკიდურესი შედეგია თვითმკვლელობის მცდელობები, რაც აშკარად ჯაბნის იმ ადამიანთა მცდელობებს, რომლებიც მათ დახმარებას სთავაზობენ“, — აღნიშნავს გაზეთი.

      ვინ არის დამნაშავე?

      უფროსები ადვილად ადანაშაულებენ ახალგაზრდებს მათი „განსხვავებული“ შეხედულებების გამო. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, განა უფროსები არ არიან იმაში დამნაშავე, რაც დღეს ახალგაზრდების ცხოვრებაში ხდება? შეურაცხყოფა, მშობლების უყურადღებობა, მიბაძვისა და ნდობის ღირსი პიროვნებების არარსებობა ხშირად მათი მოქმედების გამართლებას იწვევს. „საერთოდ მოსახლეობაში დეპრესია არ არის იმაზე მეტად გავრცელებული, როგორც 30 წლის წინათ იყო, — ამბობს ბრიტანეთის ბავშვთა ფსიქიატრიული გაერთიანების სამედიცინო კვლევითი საბჭოს ხელმძღვანელი, პროფესორი სერ მაიკლ რიუტერი. — მაგრამ, — ამატებს ის, — მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის მისი გავრცელების სფერო ძალიან გაიზარდა. . . ეჭვგარეშეა, რომ თავისი წვლილი შეაქვს ოჯახების სიმტკიცის შერყევას; და ამაში შედის არა მარტო განქორწინებები, არამედ უსიამოვნებების საერთო დონე და უფროსებს შორის კონფლიქტი“.

      ერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები „უარყოფენ ტრადიციებს“. რატომ? „იმიტომ, რომ ტრადიციები მათთვის არ არსებობს“. მაგალითად, ყურადღება მიაქციე სქესების როლის შესახებ შეცვლილ თვალსაზრისს. მრავალმა ახალგაზრდა ქალმა მამაკაცისთვის დამახასიათებელი აგრესიისა და ძალადობის გამომხატველი თვისებები შეიძინა, მაშინ როცა ახალგაზრდა მამაკაცები ქალურები გახდნენ. რამდენად განსხვავდება ყოველივე ეს წარსულის ნორმებისგან!

      მაგრამ რატომ ხდება დღეს ასეთი რადიკალური ცვლილებები? და რა კარგი ინფორმაცია არსებობს დღეს ახალგაზრდებისთვის? როგორ შეიძლება მათ საიმედო მომავალი ჰქონდეთ? ამ კითხვებზე პასუხი განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.

  • ახალგაზრდები საიმედო მომავლით
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 დეკემბერი
    • „ეს შემთხვევა ისეთივე შემაძრწუნებელი და აღმაშფოთებელია, როგორც ნებისმიერი [გაუპატიურების] შემთხვევა“, — ეს იყო თავმჯდომარე მოსამართლის სიტყვები, რომლითაც მან ახლახან სასამართლო პროცესზე ბოროტმოქმედება აღწერა. 14-დან 18 წლამდე ასაკის რვა მოზარდისგან შემდგარი ბანდა ლონდონის ცენტრში ჩაუსაფრდა ტურისტ ქალს, რომელიც მრავალჯერადი გაუპატიურების შემდეგ, მიუხედავად ქალის თქმისა, რომ ცურვა არ შეეძლო, ახლოს მდებარე არხში გადააგდეს. გასაგებია ერთ-ერთი მოზარდის დედის განაცხადი, რომ ის ცუდად გახდა, როცა ტელევიზიით ახალი ამბების გადმოცემისას თავისი ვაჟის ნამოქმედარი გაიგო.

      სამწუხაროა, მაგრამ ეს შემთხვევა დღეს საზოგადოებაში არსებული მოვლენების სარკეა. სისასტიკე წესად იქცა, ვლინდება ეს დამნაშავეობით, ოჯახში ჩხუბით, თუ ეთნიკური კონფლიქტებით ბალკანეთის ქვეყნებში, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკასა თუ სადმე სხვაგან. ახალგაზრდები ასეთ გარემოცვაში იზრდებიან ან ხშირად ესმით მის შესახებ. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ გარემოში გაზრდილი მრავალი პიროვნება ხდება უხეში, ‘მოძულე’ და ‘შეუკავებელი’ (2 ტიმოთე 3:3).

      „სასტიკნი“

      როცა ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ თანაუხუცეს ტიმოთეს მეორე წერილი მისწერა, რომი გაბატონებული მსოფლიო მპყრობელი იყო. მის არენებზე იმართებოდა ულმობელი და მხეცური წარმოდგენები. მაგრამ პავლეს გაფრთხილების თანახმად, მომავალში „საზარელი“ დრო დადგებოდა (2 ტიმოთე 3:1). საინტერესოა, რომ ბერძნულ სიტყვას, რომლითაც აღწერილია ეს დრო როგორც „საზარელი“, „სასტიკის“ მნიშვნელობაც აქვს. 30 წელზე მეტი ხნის წინათ, დედამიწაზე იესოს მსახურების დროს მომხდარი შემთხვევა ნათელყოფს, თუ რა იყო იმ დროს არსებული სისასტიკის მიზეზი.

      იესო ეს-ესაა ნავით მიადგა გალილეის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს. ნაპირზე ფეხის დადგმისთანავე ის ორი მამაკაცის პირისპირ აღმოჩნდა. მათი ველური გარეგნობა და ყვირილი ნათელს ხდიდა, რომ ძალიან ცუდი რამ სჭირდათ. ისინი „მეტისმეტად მრისხანენი“, ფაქტობრივად, დემონებით შეპყრობილი იყვნენa. მათი ყვირილისა და გაშმაგებული მოქმედების მიზეზი ბოროტი სულები იყვნენ. „რა გინდა ჩვენგან, ღვთის ძეო? — ყვიროდნენ მამაკაცები. — ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად?“ ბოროტმა სულებმა, რომლებსაც ეს ორი მამაკაცი ჰყავდათ შეპყრობილი, შესანიშნავად იცოდნენ, რომ ღმერთს უკვე დადგენილი ჰქონდა დემონებისთვის გამოტანილი განაჩენის შესრულების დრო. ეს განაჩენი მათი სამუდამო განადგურება იქნებოდა. მაგრამ იმ დადგენილ დრომდე ისინი თავიანთი ზეადამიანური უნარის სასტიკი ძალადობის გამოსაწვევად გამოყენებას აპირებდნენ. დემონების განდევნის მიზნით მხოლოდ იესოს სასწაულებრივმა მოქმედებამ მოუტანა ამ ორ მამაკაცს შვება (მათე 8:28–32; იუდა 6).

      დღეს, როდესაც ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები, გაშმაგებით მოქმედებენ, კარგი იქნებოდა, თუ ზემოაღწერილ შემთხვევას გავიხსენებდით. რატომ? იმიტომ, რომ მსგავს საშიშროებებს მე-20 საუკუნეშიც ვაწყდებით, როგორც ეს მოცემულია ბიბლიის ბოლო წიგნში „გამოცხადება“: „ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). გთხოვთ, დააკვირდეთ, რომ სატანის ამ დამცირებულ მდგომარეობაში გადაყვანას მისი ‘დიდი მძვინვარება’ მოჰყვა, ვინაიდან იცის, რომ ეს დრო მოკლეა.

      თავდასხმის სამიზნე

      ამ ჟურნალის გვერდებზე ხშირად აღინიშნება, რომ 1914 წელი ღვთის ზეციერი სამეფოს ტახტზე იესო ქრისტეს მეფედ აღზევების თარიღია. იესომ მაშინვე მიიღო ზომები ღვთის მთავარი მტრის, სატანის, წინააღმდეგ. ამგვარად, ეშმაკი და მისი დემონები განიდევნენ ზეციდან და ახლა მთელი მათი ყურადღება დედამიწისკენაა მოპყრობილი (გამოცხადება 12:7–9). სატანის გავლენის სფერო საკმაოდ შეიზღუდა, რის გამოც ის „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ვინ არის მისთვის ადვილად დასაჭერი მსხვერპლი? განა ნორმალური არ არის ვიფიქროთ, რომ ის ძირითადად ცხოვრებაში ნაკლები გამოცდილების მქონე და ადამიანებთან ურთიერთობებში ნაკლებად გათვითცნობიერებული პიროვნება იქნება? დღეს ეშმაკის ასეთ სამიზნეს ახალგაზრდები წარმოადგენენ. გარკვეული მუსიკის მოსმენითა და გართობებით ისინი ხელს უწყობენ ამ უხილავ ვერაგ მმართველს, ადვილად უხელმძღვანელოს მათ (ეფესელთა 6:11, 12).

      მაშინაც კი, როცა ახალგაზრდები ცდილობენ, რაღაცას მიაღწიონ ცხოვრებაში, ისინი ამას ძნელად თუ ახერხებენ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მრავალ ქვეყანაში ხალხი, რომელმაც ომი გადაიტანა, მატერიალური დანაკლისის შევსებას საკუთარი ოჯახისთვის სიმდიდრის დაგროვებით ცდილობდა. მატერიალური ქონება, თავაშვებული გართობა და სამსახური მთავარი მიზანი ხდებოდა. ამას მრავლის ტანჯვა მოჰყვა. ‘გამდიდრების მსურველნი’, — აფრთხილებდა პავლე ტიმოთეს, — ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთებმა ამით თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს’ (1 ტიმოთე 6:9, 10). საერთოდ, დღეს ვხედავთ, რომ მატერიალური ქონების დაგროვებისადმი ძლიერი მისწრაფების გამო ადამიანთა საზოგადოება ვარდება ეკონომიკურ, ფინანსურ და ემოციურ სირთულეებში. მათ შორის არის ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ღვთის ძირითადმა მტერმა ამ იარაღით გამოიჭირა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება