საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უბიწოების შენარჩუნება ბიწიერებით სავსე წუთისოფელში
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივლისი
    • უბიწოების შენარჩუნება ბიწიერებით სავსე წუთისოფელში

      „ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ. რათა იყოთ უბიწონი და სუფთანი, ღვთის უმანკო შვილები მზაკვარ და უკუღმართ თაობაში“ (ფილიპელთა 2:14, 15).

      1, 2. რატომ მოითხოვდა ღმერთი ქანაანელების ამოწყვეტას?

      იეჰოვას ბრძანებები დათმობას არ ითვალისწინებს. როცა ისრაელები აპირებდნენ აღთქმულ მიწაზე შესვლას, მოსემ მათ უთხრა: „პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა“ (მეორე რჯული 7:2; 20:17).

      2 თუ იეჰოვა მწყალობელი ღმერთია, რატომ მოითხოვდა ქანაანის მოსახლეობის ამოწყვეტას? (გამოსვლა 34:6). ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ‘ქანაანელებს არ შეეჩვიათ ისრაელი ყველა იმ სისაძაგლისთვის, რასაც ისინი სჩადიოდნენ თავიანთი ღმერთებისთვის, და ისრაელს არ შეეცოდა იეჰოვას, თავისი ღმერთის წინაშე’ (მეორე რჯული 20:18). მოსემ აგრეთვე თქვა: „მათი სიბოროტის გამო აყარა შენგან ეს ხალხები უფალმა“ (მეორე რჯული 9:4). ქანაანელები ბიწიერების ჭეშმარიტი განსახიერება იყვნენ. სექსუალური სიბილწე და კერპთმსახურება მათი თაყვანისმცემლობის დამახასიათებელი იყო (გამოსვლა 23:24; 34:12, 13; რიცხვნი 33:52; მეორე რჯული 7:5). სისხლის აღრევა, სოდომია და ზოოფილია ‘ქანაანის ქვეყნის საქციელი’ იყო (ლევიანნი 18:3–25). უდანაშაულო ბავშვებს უმოწყალოდ სწირავდნენ ცრუ ღმერთებს (მეორე რჯული 18:9–12). გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ თავისი ხალხის ფიზიკური, ზნეობრივი და სულიერი კეთილდღეობისთვის იმ ერების მხოლოდ არსებობაც კი საშიშროებად ჩათვალა! (გამოსვლა 34:14–16).

      3. რა იყო იმის შედეგი, რომ ისრაელებმა ბოლომდე არ შეასრულეს ღვთის ბრძანებები ქანაანელ მოსახლეობასთან დაკავშირებით?

      3 ვინაიდან ისრაელებმა ღვთის ბრძანებები ბოლომდე არ შეასრულეს, ქანაანის მრავალი მოსახლე გადაურჩა მათ აღთქმული მიწის დაპყრობისას (მსაჯულნი 1:19–21). დროთა განმავლობაში შეიგრძნობოდა ქანაანელების მზაკვრული ზეგავლენა და შეიძლებოდა შემდეგის თქმა: „[ისრაელებმა] შეიძულეს [იეჰოვას] წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამა-პაპას, და გაფრთხილებები, რითაც აფრთხილებდა მათ; მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. წახედეს მეზობელ ხალხებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად“ (მეოთხე მეფეთა 17:15). დიახ, წლების მანძილზე მრავალი ისრაელი სჩადიოდა სწორედ იმ ბიწიერ საქმეებს — კერპთმსახურებას, ავხორცობას და ბავშვთა შეწირვასაც კი — რომლის გამოც ღმერთმა ქანაანელების ამოწყვეტის ბრძანება გასცა! (მსაჯულნი 10:6; მეოთხე მეფეთა 17:17; იერემია 13:27).

      4, 5. ა) რა დაემართა ორგულ ისრაელსა და იუდას? ბ) რისკენ მოგვიწოდებს ფილიპელთა 2:14, 15 და რა კითხვები წამოიჭრება?

      4 ამის გამო წინასწარმეტყველმა ოსიამ განაცხადა: „ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან არ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე. წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს. ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ“ (ოსია 4:1–3). ძვ. წ. 740 წელს ისრაელის გახრწნილი ჩრდილოეთი სამეფო დაიპყრეს ასურელებმა. სადღაც ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ბაბილონმა ორგული იუდას სამხრეთი სამეფო დაიპყრო.

      5 ეს მოვლენები ცხადყოფს, თუ რამდენად საშიშია, თავს ნება დართო, ჩაეფლო ბიწიერებაში. ღმერთს ეზიზღება ურჯულოება და ამას თავის ხალხში არ მოითმენს (1 პეტრე 1:14–16). მართალია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ‘ახლანდელ ბოროტ წუთისოფელში’, ქვეყნიერებაში, რომელიც უფრო და უფრო იხრწნება (გალატელთა 1:4; 2 ტიმოთე 3:13). და მაინც, ღვთის სიტყვა მოუწოდებს ქრისტიანებს ისე მოიქცნენ, რომ იყვნენ „უბიწონი და სუფთანი, ღვთის უმანკო შვილები მზაკვარ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც [ისინი ანათებენ], როგორც მნათობნი სამყაროში“ (ფილიპელთა 2:14, 15). მაგრამ როგორ შევინარჩუნოთ უბიწოება ბიწიერებით სავსე წუთისოფელში? ნამდვილად შესაძლებელია თუ არა ეს?

      ბიწიერებით სავსე რომაული სამყარო

      6. რატომ იყო ძნელი პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის უბიწოების შენარჩუნება?

      6 პირველი საუკუნის ქრისტიანები წააწყდნენ სიძნელეს — უნდა შეენარჩუნებინათ უბიწოება, რადგან რომაული საზოგადოების ყოველი სფერო ბიწიერებით იყო გაჟღენთილი. რომაელი ფილოსოფოსი სენეკა თავის თანამედროვეებზე ამბობდა: „ხალხი გაცხარებით ეჯიბრება ერთმანეთს ბოროტებაში. დანაშაულის ჩადენის სურვილი ყოველდღე იზრდება, მის მიმართ შიში კი კლებულობს“. მან რომაული საზოგადოება „ნადირთა საზოგადოებას“ შეადარა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ გართობისთვის რომაელები სადისტურ გლადიატორთა ბრძოლებსა და გარყვნილ თეატრალურ წარმოდგენებს მიმართავდნენ.

      7. როგორ აღწერა პავლემ ის ბიწიერი საქმეები, რომლებიც გავრცელებული იყო ახ. წ. პირველ საუკუნეში მცხოვრებ მრავალ ადამიანს შორის?

      7 მოციქულმა პავლემ შეიძლება პირველ საუკუნეში მცხოვრები ადამიანების ეს დაცემული საქმეები იგულისხმა, როცა დაწერა: „გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის“ (რომაელთა 1:26, 27). უწმინდური ხორციელი სურვილების გამოდევნებამ რომაული საზოგადოება ბიწიერებაში ჩაძირა.

      8. ხშირად როგორ იყენებდნენ ბავშვებს ბერძნულ და რომაულ საზოგადოებებში?

      8 ისტორია არ აზუსტებს იმას, თუ რამდენად იყო გავრცელებული რომაელებს შორის ჰომოსექსუალიზმი. მაგრამ, უეჭველია, რომ მათი წინამორბედი ბერძნები, რომელთა შორისაც ეს ფართოდ იყო გავრცელებული, მათზე ზეგავლენას მოახდენდნენ. ჩვეულებრივი რამ იყო, რომ უფროსი ასაკის მამაკაცს გაერყვნა ყმაწვილი ბიჭები — როგორც აღმზრდელი აიყვანდა ხოლმე მათ თავის მფარველობაში, რასაც ხშირად ახალგაზრდები გახრწნილი სექსუალური მოქმედებისკენ მიჰყავდა. ეჭვგარეშეა, ასეთ ბიწიერ საქმეებსა და ბავშვების გახრწნას სატანა და მისი დემონები უწყობდნენ ხელს (იოველი 4:3; იუდა 6, 7).

      9, 10. ა) როგორ სდებს მსჯავრს 1-ლი კორინთელთა 6:9, 10 სხვადასხვა ბიწიერ საქმეს? ბ) როგორი წარსული ჰქონდა ზოგს კორინთის კრებაში და რა შეიცვალა მათ შემთხვევაში?

      9 ღვთის შთაგონებით პავლე სწერდა კორინთელ ქრისტიანებს: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“ (1 კორინთელთა 6:9–11).

      10 მაშასადამე, პავლეს ინსპირირებული წერილი მსჯავრს სდებდა სექსუალურ უზნეობას, როცა ამბობდა, რომ ‘მეძავნი ვერ დაიმკვიდრებდნენ ღვთის სასუფეველს’. მაგრამ რამდენიმე ბიწიერი საქმის ჩამოთვლის შემდეგ პავლემ თქვა: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ“. ღვთის დახმარებით ცოდვილი ადამიანებისთვის შესაძლებელი იყო ღვთის თვალში სუფთანი გამხდარიყვნენ.

      11. როგორ ცხოვრებას ეწეოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები იმ დროის ბოროტ გარემოცვაში?

      11 დიახ, ბიწიერებით სავსე პირველი საუკუნის წუთისოფელშიც კი ქრისტიანული უბიწოება ყვაოდა. მორწმუნეები ‘იცვლებოდნენ თავიანთი გონების განახლებით’ (რომაელთა 12:2). მათ მიატოვეს „წინანდელი ცხოვრება“ და ‘განახლდნენ გონების სულით’. ამით თავი დააღწიეს წუთისოფლის ბიწიერებას და ‘შეიმოსეს ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:22–24).

      ბიწიერებით სავსე დღევანდელი წუთისოფელი

      12. რა ცვლილება განიცადა მსოფლიომ 1914 წლიდან?

      12 დღეს რა მდგომარეობაა? წუთისოფელი, რომელშიც ვცხოვრობთ, წინანდელ დროსთან შედარებით უფრო გაჟღენთილია ბიწიერებით. განსაკუთრებით 1914 წლიდან დაიწყო გლობალური ზნეობრივი დაცემა (2 ტიმოთე 3:1–5). უბიწოებაზე, ზნეობაზე, პატიოსნებასა და ეთიკაზე ტრადიციული შეხედულებების უარყოფით მრავალი ადამიანი თავისი აზროვნებით ეგოცენტრული გახდა და ზნეობის საკითხებში ‘გრძნობა დაკარგა’ (ეფესელთა 4:19). ჟურნალ „ნიუსუიტში“ ნათქვამი იყო: „ჩვენ მორალური რელატივიზმის საუკუნეში ვცხოვრობთ“. შემდეგ გრძელდებოდა, რომ გაბატონებულმა მორალურმა ატმოსფერომ „ყველანაირი წარმოდგენა კარგსა თუ ცუდზე დაიყვანა პირადი გემოვნების, ემოციური უპირატესობისა და კულტურული არჩევნის საკითხებამდე“.

      13. ა) როგორ უწყობს ხელს ბიწიერებას დღევანდელი გართობების უმეტესობა? ბ) რა ცუდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანებზე შეუფერებელმა გართობამ?

      13 ისევე როგორც პირველ საუკუნეში, დღესაც გავრცელებულია დაცემული სახის გართობები. ტელევიზიის, რადიოს, კინო- და ვიდეოფილმების საშუალებით უწყვეტად მოედინება სექსთან დაკავშირებული მასალები. ბიწიერებამ კომპიუტერულ ქსელებშიც შეაღწია. ერთი უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, კომპიუტერული პორნოგრაფია ახლა არის „ერთ-ერთი უდიდესი (თუ უმთავრესი არა) გამრთობი საშუალება კომპიუტერული ქსელების გამომყენებლებისთვის“. რა შედეგები მოაქვს ყოველივე ამას? გაზეთის მიმომხილველი ამბობს: „როცა ჩვენი პოპულარული კულტურა სისხლის ღვრით, დასახიჩრებითა და ბინძური სექსით არის გაჟღენთილი, ჩვენ ვეჩვევით სისხლის ღვრას, დასახიჩრებას და ბინძურ სექსს. ჩვენ ვჩლუნგდებით. გარყვნილება უფრო და უფრო ასატანი ხდება ჩვენთვის, რადგან უფრო ნაკლებად იწვევს ჩვენში აღშფოთებას“ (შეადარე 1 ტიმოთე 4:1, 2).

      14, 15. რა ფაქტები არსებობს, რომ სექსუალური ზნეობა დაეცა მთელ მსოფლიოში?

      14 ყურადღება მიაქციე „ნიუ-იორკ ტაიმზში“ მოცემულ ცნობას: „ვინმესთან თანაცხოვრება, რასაც 25 წლის წინათ აღმაშფოთებლად ჩათვლიდნენ, დღეს მიღებულ წესად ითვლება. წყვილთა რაოდენობამ, რომლებმაც დაქორწინების გარეშე ცხოვრება აირჩიეს, [ამერიკის შეერთებულ შტატებში] 1980—1991 წლებში 80 პროცენტს მიაღწია“. ეს მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ფენომენი არ არის. ერთი ჟურნალი იტყობინება: „[აზიის] ქვეყნებში მძვინვარებს კამათი კულტურასთან დაკავშირებით. საკამათოა შემდეგი საკითხი: სექსუალური თავისუფლება ტრადიციული ფასეულობების წინააღმდეგ; ზეგავლენა ცვლილებების მოსახდენად განუწყვეტლივ იზრდება“ (Asiaweek). სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მრავალ ქვეყანაში სულ უფრო იწონებენ მრუშობასა და ქორწინებამდე სქესობრივ კავშირს.

      15 ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ სატანური მოქმედება გაძლიერდებოდა ჩვენს დღეებში (გამოცხადება 12:12). ამიტომ არ უნდა გაგვაკვირვოს, რომ ბიწიერება ასე შემაშფოთებლად იკრებს ძალას. მაგალითად, ბავშვების სექსუალური მიზნებით ექსპლუატაციამ სასწაულ ზღვარს მიაღწიაa. გაეროს ბავშვთა ფონდი იტყობინება, რომ „სექსუალურ ექსპლუატაციას კომერციული მიზნებით ზიანი მოაქვს ბავშვებისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში“. ყოველწლიურად, „ცნობების თანახმად, მილიონზე მეტ ბავშვს მსოფლიო მასშტაბით აიძულებენ ბავშვთა პროსტიტუციაში ჩაბმას, ისინი უკანონოდ გადაჰყავთ საზღვარზე და ყიდიან სექსუალური მიზნებით და იყენებენ ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოებაში“. აგრეთვე გავრცელებულია ჰომოსექსუალიზმი და ზოგი პოლიტიკოსი და რელიგიური ხელმძღვანელი პირველები უწყობენ ხელს ჰომოსექსუალიზმს, როგორც „ცხოვრების ალტერნატიულ წესს“.

      წუთისოფლის ბიწიერი საქმეების უარყოფა

      16. რა პოზიცია უკავიათ იეჰოვას მოწმეებს სექსუალური მორალის საკითხში?

      16 იეჰოვას მოწმეები არ უერთდებიან მათ, რომლებიც მოწონებით უყურებენ სექსუალური მორალის ყველაფერზე ნების დამრთველ ნორმებს. ტიტეს 2:11, 12-ში ნათქვამია: „გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი, ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით“. დიახ, ჩვენ ნამდვილ ზიზღს, სიძულვილს ვავითარებთ ჩვენში ისეთი ბიწიერი საქმეების მიმართ, როგორიცაა ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი, მრუშობა და ჰომოსექსუალიზმიb (რომაელთა 12:9; ეფესელთა 5:3–5). პავლემ მოგვიწოდა: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“ (2 ტიმოთე 2:19).

      17. რა თვალსაზრისი აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ალკოჰოლური სასმელების გამოყენებაზე?

      17 ჭეშმარიტი ქრისტიანები ისეთ ბიწიერ საქმეებსაც უარყოფენ, რომლებიც, წუთისოფლის აზრით, უმნიშვნელოა. მაგალითად, დღეს მრავალ ადამიანს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება გართობად მიაჩნია. მაგრამ იეჰოვას ხალხი მისდევს ეფესელთა 5:18-ში მოცემულ რჩევას: „ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით“. თუ ქრისტიანი დააპირებს დალევას, ამას ზომიერ ფარგლებში გააკეთებს (იგავნი 23:29–32).

      18. როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვას მსახურებს ბიბლიური პრინციპები ოჯახის წევრებთან მოპყრობისას?

      18 როგორც იეჰოვას მსახურები, ჩვენ უარვყოფთ ზოგი ქვეყნიური ადამიანის თვალსაზრისსაც, რომლებსაც კივილი და ყვირილი მეუღლისა თუ შვილების მისამართით ან მათ მიმართ სალანძღავი სიტყვების გამოყენება მისაღებ საქციელად მიაჩნიათ. ქრისტიანი ქმრები და ცოლები, რომლებმაც უბიწოების გზა ამოირჩიეს, თანამშრომლობენ, რათა ცხოვრებაში გამოიყენონ პავლეს რჩევა: „ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:31, 32).

      19. რამდენად გავრცელებულია ბიწიერება ბიზნესის სამყაროში?

      19 დღეს ასევე გავრცელებულია უპატიოსნობა, თაღლითობა, სიცრუე, დაუნდობელი საქმიანი სვლები და ქურდობა. საქმოსნებისთვის განკუთვნილი ჟურნალის ერთ-ერთი სტატია იტყობინება: „4 000 მუშაკის გამოკითხვამ. . . ცხადყო, რომ გასულ წელს მათგან 31 პროცენტი გახდა ‘ძალიან ცუდი ყოფაქცევის’ თვითმხილველი“. ამ ცუდ ყოფაქცევაში შედიოდა მოტყუება, ყალბი ჩანაწერები, სექსუალური ჩაცივება და ქურდობა. თუ იეჰოვას თვალში გვსურს ზნეობრივად სუფთად დარჩენა, უნდა მოვერიდოთ ასეთ საქციელს და საქმიან ურთიერთობებში პატიოსნები ვიყოთ (მიქა 6:10, 11).

      20. რატომ არ უნდა იყვნენ ქრისტიანები ‘ვერცხლისმოყვარეები’?

      20 ყურადღება მიაქციე, თუ რა დაემართა ერთ მამაკაცს, რომელიც ფიქრობდა, რომ ღვთისადმი მსახურებისთვის უფრო მეტი დრო გამოუჩნდებოდა, თუ სწრაფი მოგება ექნებოდა სარისკო საქმეში. მომავალი მოგების გაზვიადების საშუალებით მან სხვებიც ჩაითრია ფულის დაბანდების ინტრიგაში. როცა არაფერი გამოუვიდა, ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა იმის გამო, რომ უნდა აენაზღაურებინა დიდი დანაკარგი, რომ მისთვის მინდობილი ფული მოიპარა. თავისი მოქმედებისა და მოუნანიებელი პოზიციის გამო ის გაირიცხა ქრისტიანული კრებიდან. მართლაც ჭეშმარიტია ბიბლიური გაფრთხილება: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:9, 10).

      21. რა საქციელია გაბატონებული ძალაუფლების მქონე ქვეყნიურ ადამიანებს შორის, მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანულ კრებაში პასუხისმგებლობების მქონე პიროვნებები?

      21 ქვეყნიურ ადამიანებს, რომლებსაც ხელთ უპყრიათ ძალაუფლება და გავლენა, ხშირად აკლიათ უბიწო თვისებები და ამით ცხადყოფენ უმაღლეს ჭეშმარიტებას: ‘ძალაუფლება ხრწნის’ (ეკლესიასტე 8:9). ზოგ ქვეყანაში მექრთამეობა და კორუფციის სხვა ფორმები მოსამართლეების, პოლიციელებისა და პოლიტიკოსების ცხოვრების გზაა. მაგრამ ისინი, ვინც ქრისტიანულ კრებაში ხელმძღვანელობას სწევენ, უბიწონი უნდა იყვნენ და არ უნდა იბატონონ სხვებზე (ლუკა 22:25, 26). უხუცესები და აგრეთვე სამსახურებრივი თანაშემწეები არ მსახურობენ „ბილწი ანგარებისათვის“. მათ არ უნდა დაუშვან, რომ პირადი გამდიდრების პერსპექტივებმა დაუმახინჯოს საღი აზროვნება ან ზეგავლენა იქონიოს მათ მსჯელობაზე (1 პეტრე 5:2; გამოსვლა 23:8; იგავნი 17:23; 1 ტიმოთე 5:21).

      22. რას განიხილავს მომდევნო სტატია?

      22 საერთო ჯამში, ქრისტიანები წარმატებით ართმევენ თავს დღევანდელ გამოწვევას, შეინარჩუნონ უბიწოება ბიწიერებით სავსე წუთისოფელში. მაგრამ უბიწოება ბოროტი საქმეებისგან მორიდებაზე მეტს ნიშნავს. მომდევნო სტატია განიხილავს, თუ სინამდვილეში, რა მოითხოვება უბიწოების განვითარებისთვის.

  • მისდევ უბიწოებას?
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ივლისი
    • მისდევ უბიწოებას?

      „ყოველივე, რაც სათნო [უბიწო, აქ] და ქებულია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელთა 4:8).

      1. რა არის ბიწიერება და რატომ ვერ ხრწნის ის იეჰოვასადმი თაყვანისცემას?

      ბიწიერება არის ზნეობრივი გარყვნილება, ანუ გახრწნილება. მთელი წუთისოფელი, რომელშიც ვცხოვრობთ, გაჟღენთილია მისით (ეფესელთა 2:1–3). მაგრამ იეჰოვა ღმერთი არ დაუშვებს მისადმი წმინდა თაყვანისცემის წაბილწვას. ქრისტიანული პუბლიკაციები, კრების შეხვედრები, დიდი და პატარა კონგრესები დროულ გაფრთხილებებს გვაწვდის უღვთო საქციელის წინააღმდეგ. ჩვენ გვეძლევა გონივრული ბიბლიური დახმარება, რათა ‘მივეკრათ’ იმას, რაც ღვთის თვალში კეთილია (რომაელთა 12:9). ამიტომ, როგორც ორგანიზაცია, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ სუფთად, უბიწოდ დარჩენას. მაგრამ რა შეიძლება ითქვას თითოეულ ჩვენგანზე? პირადად შენ თუ მისდევ უბიწოებას?

      2. რა არის უბიწოება და რატომ არის საჭირო ძალისხმევა უბიწოდ დარჩენისთვის?

      2 უბიწოება არის მორალური ღირსება, სიკეთე, სწორი მოქმედება და აზროვნება. ეს პასიური თვისება კი არ არის, არამედ დადებითი, აქტიური. უბიწოებაში ცოდვისგან თავის არიდებაზე მეტი შედის; ის ნიშნავს მისდიო იმას, რაც კარგია (1 ტიმოთე 6:11). მოციქული პეტრე შეაგონებდა თანაქრისტიანებს: ‘წარმოაჩინეთ თქვენს რწმენაში სათნოება [„უბიწოება“, აქ]’. როგორ? „[ღვთის ძვირფასი აღთქმების საპასუხოდ] ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ“ (2 პეტრე 1:5). ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო საჭიროა ნამდვილი ძალისხმევა, რომ უბიწონი დავრჩეთ. და ღვთისმოშიშმა პიროვნებებმა წარსულში შეძლეს ამის გაკეთება, თუმცა ძალიან დიდი დაბრკოლებებიც ხვდებოდათ.

      ის უბიწოებას მისდევდა

      3. რომელ ბოროტ საქმეებში იყო დამნაშავე მეფე ახაზი?  

      3 საღვთო წერილი მრავალ ცნობას შეიცავს მათ შესახებ, რომლებიც უბიწოებას მისდევდნენ. მაგალითისთვის განვიხილოთ უბიწო ხიზკიას შემთხვევა. მისი მამა, იუდას მეფე ახაზი, როგორც ჩანს, მოლოქს სცემდა თაყვანს. „ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ იქცეოდა სწორად უფლის, თავისი ღვთის თვალში, როგორც იქცეოდა მამამისი დავითი. დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით; თავისი შვილიც კი ცეცხლში გაატარა, იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ“ (მეოთხე მეფეთა 16:2–4). ზოგი ამტკიცებს, რომ ‘ცეცხლში გატარება’ ნიშნავდა არა ადამიანის შეწირვას, არამედ რაღაც განმწმენდ რიტუალს. მაგრამ ჯონ დეი წიგნში „მოლოქი — ადამიანური შესაწირის ღმერთი ძველ აღთქმაში“ (Molech — A God of Human Sacrifice in the Old Testament) ამბობს: „ქანაანის ქვეყანაში ადამიანების მსხვერპლად შეწირვის ფაქტები არსებობს როგორც კლასიკურ და კართაგენულ წყაროებში, ასევე არქეოლოგიურ წყაროებში. . . ასე რომ, ეჭვის მიზეზი არ არსებობს იმის მიმართ, რასაც ძველი აღთქმა ამბობს [ადამიანურ შესაწირზე]“. უფრო მეტიც, „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ თანახმად [ინგლ.], მეორე ნეშტთა 28:3 კონკრეტულად ამბობს, რომ ახაზი ‘ცეცხლში სწვავდა თავის შვილებს’ (შეადარე მეორე რჯული 12:31; ფსალმუნი 105:37, 38). რა დიდი ბოროტება იყო!

      4. როგორ იქცეოდა ხიზკია ბიწიერებით გაჟღენთილ გარემოში?

      4 როგორ ცხოვრობდა ხიზკია ბიწიერებით გაჟღენთილ გარემოში? საინტერესოა 118-ე ფსალმუნი, რადგან მრავალი ფიქრობს, რომ ის ხიზკიამ შეადგინა, როცა ჯერ კიდევ უფლისწული იყო (ფსალმუნი 118:46, 99, 100). ასე რომ, მისი მდგომარეობა შეიძლება ნაჩვენები იყოს შემდეგი სიტყვებით: „დასხდებიან კიდეც თავადნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ; შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე. დადნა [‘უძილოა’, აქ] სული ჩემი ნაღვლიანობით“ (ფსალმუნი 118:23, 28). ცრუ რელიგიის მიმდევარი სამეფო კარის წევრების გარემოცვაში ხიზკია, შესაძლოა, ძლიერი დაცინვის ობიექტი იყო და ამის გამო მას ძილი უტყდებოდა. მიუხედავად ამისა, ის მისდევდა უბიწოებას, დროთა განმავლობაში მეფე გახდა და მაინც „სწორად იქცეოდა იგი უფლის თვალში. . . უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი“ (მეოთხე მეფეთა 18:1–5).

      ისინი უბიწონი დარჩნენ

      5. რა გამოცდების წინაშე იდგნენ დანიელი და მისი სამი მეგობარი?

      5 აგრეთვე უბიწოებაში სამაგალითოები იყვნენ დანიელი და მისი სამი ებრაელი მეგობარი, სახელად ხანანია, მისაელი და ყაზარია. ისინი სამშობლოდან ბაბილონში გადაასახლეს. ამ ოთხ ყმაწვილს დაარქვეს ბაბილონური სახელები — ბელტეშაცარი, შადრაქი, მეშაქი, ყაბედ-ნეგო. მათ „მეფის სუფრიდან“ შესთავაზეს კვება ისეთი საჭმელებით, რომლებიც ღვთის რჯულით იკრძალებოდა. უფრო მეტიც, მათ იძულებით გაატარეს სამწლიანი მომზადების კურსი, რომელიც დაკავშირებული იყო ‘ქალდეველთა მწიგნობრობასა და ენის შესწავლასთან’. ეს მხოლოდ ენის შესწავლაზე მეტს ნიშნავდა, ვინაიდან სიტყვა ‘ქალდეველნი’, სრულიად შესაძლებელია, რომ აქ აღნიშნავდეს სწავლულთა კლასს. ასე რომ, ამ ებრაელ ახალგაზრდებს ბაბილონელების უკუღმართი სწავლებების საფრთხე დაემუქრა (დანიელი 1:1–7).

      6. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ დანიელი მისდევდა უბიწოებას?

      6 დანიელმა და მისმა სამმა მეგობარმა ბიწიერებას უბიწოება არჩიეს, მიუხედავად ძლიერი ზეგავლენისა, დამორჩილებოდნენ იქაურ წესებს. დანიელის 1:21-ში ნათქვამია: „იყო იქ დანიელი მეფე კიროსის პირველ წლამდე“. დიახ, დანიელი იეჰოვას უბიწო მსახური „იყო“ 80 წელზე მეტი ხნის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც რამდენიმე ძლიერი ხელისუფალი აღზევდა და დაემხო კიდეც. სექსუალური ბიწიერებისა და ზნეობრივად დაცემული თანამდებობის პირების ხრიკებისა და შეთქმულებების მიუხედავად, რომლითაც გაჟღენთილი იყო ბაბილონელების რელიგია, დანიელი ღვთის ერთგული დარჩა. ის განუწყვეტლივ მისდევდა უბიწოებას.

      7. რის სწავლა შეიძლება დანიელისა და მისი სამი მეგობრის მიერ არჩეული გზიდან?

      7 ღვთისმოშიში დანიელისა და მისი მეგობრებისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია. ისინი მისდევდნენ უბიწოებას და ამიტომ ბაბილონურმა კულტურამ ვერ შთანთქა ისინი. თუმცა ბაბილონური სახელები შეარქვეს, მათ არ დაკარგეს თავიანთი, როგორც იეჰოვას მსახურების, ვინაობა. და დაახლოებით 70 წლის შემდეგაც კი ბაბილონის მეფემ დანიელს ებრაული სახელით მიმართა! (დანიელი 5:13). თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე დანიელი მცირე საკითხებშიც კი არ მიდიოდა კომპრომისზე. როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მან „გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით“ (დანიელი 1:8). უეჭველია, ამ უკომპრომისო პოზიციამ გააძლიერა დანიელი და მისი სამი მეგობარი, რომ გადაეტანათ სამკვდრო-სასიცოცხლო გამოცდები, რომლებიც მოგვიანებით გადახდათ (დანიელი, მე-3 და მე-6 თავები).

      უბიწოების მიყოლა დღეს

      8. როგორ შეუძლია ქრისტიან ახალგაზრდობას წინააღმდეგობა გაუწიოს იმას, რომ არ შეეთვისოს სატანის წუთისოფელს?

      8 დანიელისა და მისი სამი მეგობრის მსგავსად იეჰოვას ხალხი დღეს მთელი ძალებით უწევს წინააღმდეგობას იმას, რომ არ შეეთვისონ სატანის ბოროტ წუთისოფელს (1 იოანე 5:19). თუ შენ ახალგაზრდა ქრისტიანი ხარ, შესაძლოა, განიცდი თანატოლების ზეგავლენას, რომ მიბაძო მათ უკიდურეს გემოვნებას ჩაცმულობაში, ვარცხნილობაში, კოსმეტიკასა და მუსიკაში. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მიჰყვე ყველანაირ მოდასა თუ სტილს, რომელიც ახლა პოპულარობით სარგებლობს, მტკიცედ დადექი და თავს ნება არ დართო, რომ ‘დაემსგავსო ამ წუთისოფელს’ (რომაელთა 12:2). ‘უარყავით უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი და იცხოვრეთ ამ წუთისოფელში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით’ (ტიტე 2:11, 12). უფრო მთავარია დაიმსახურო მოწონება იეჰოვასგან და არა შენი თანატოლებისგან (იგავნი 12:2).

      9. რა ზეგავლენას შეიძლება წააწყდნენ ბიზნესის სამყაროში ქრისტიანები და როგორი მოქცევა მართებთ მათ?

      9 უფროსი ასაკის ქრისტიანებსაც აქვთ სხვადასხვა ზეგავლენა და ისინიც უბიწონი უნდა იყვნენ. ქრისტიანი ბიზნესმენი შეიძლება ჩავარდეს ცდუნებაში, საეჭვო მეთოდებს მიმართოს თავის საქმეში ან უგულებელყოს მთავრობის დადგენილებები და საგადასახადო წესები. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევიან კონკურენტები თუ თანამშრომლები, «გვსურს ყველაფერში კეთილად [„პატიოსნად“, აქ] ვიქცეოდეთ» (ებრაელთა 13:18). ბიბლია ჩვენგან მოითხოვს, რომ პატიოსნად და წრფელად მოვექცეთ ჩვენს უფროსებს სამუშაოზე, ჩვენს ხელქვეით მყოფ მუშა-მოსამსახურეებს, მყიდველებსა და ქვეყნიურ მთავრობას (მეორე რჯული 25:13–16; მათე 5:37; რომაელთა 13:1; 1 ტიმოთე 5:18; ტიტე 2:9, 10). მოდი ჩვენც ვეცადოთ, ჩვენი ბიზნესის საქმეები წესრიგში გვქონდეს. ზუსტი ჩანაწერების წარმოებით და შეთანხმებების წერილობით შედგენით, ხშირ შემთხვევებში, გაუგებრობებს ავირიდებთ.

      ფხიზლად იყავი!

      10. რატომ არის საჭირო სიფხიზლე, როცა საქმე მუსიკის შერჩევას ეხება?

      10 ფსალმუნის 118:9-ში აღნიშნულია ღვთის წინაშე უბიწოდ დარჩენის სხვა მხარე. ფსალმუნმომღერალი ამბობდა: „რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას [ანუ ფხიზლად იყოს] შენი სიტყვისამებრ“. სატანის ყველაზე ეფექტური იარაღი მუსიკაა, რომელსაც ემოციების აღძვრა შეუძლია. სამწუხაროდ, ზოგი ქრისტიანი არ ფხიზლობს, როცა საქმე მუსიკას ეხება, და ისინი გატაცებული არიან მუსიკის ისეთ უკიდურეს ფორმებში, როგორიცაა „რეპი“ და „ჰევი-მეტალი“. ზოგი შეიძლება ამტკიცებს, რომ ასეთი მუსიკა არ ავნებს მათ ან რომ ისინი ყურადღებას არ აქცევენ სიტყვებს. სხვები კი ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ძლიერი რიტმი ან გიტარების ხმამაღალი დაკვრა მოსწონთ. მაგრამ ქრისტიანებისთვის მთავარი ის კი არ არის, რაღაცა სასიამოვნოა თუ არა. მათ აწუხებთ საკითხი, ‘მოსაწონია თუ არა ეს უფლისთვის’ (ეფესელთა 5:10). საერთოდ, „ჰევი-მეტალი“ და „რეპ-მუსიკა“ ისეთ ბიწიერებებს უწყობს ხელს, როგორიცაა ბილწსიტყვაობა, მრუშობა და თვით სატანიზმიცa — ყოველივე ამას, რასაკვირველია, ადგილი არ უნდა ჰქონდეს ღვთის ხალხში (ეფესელთა 5:3). ახალგაზრდები ვართ თუ უფროსი ასაკის, კარგია, თუ დავფიქრდებით შემდეგ კითხვაზე: „მუსიკის არჩევით უბიწოებას მივდევ თუ ბიწიერებას?“

      11. როგორ შეუძლია ქრისტიანს ფხიზლად იყოს სატელევიზიო პროგრამების, კინო- და ვიდეოფილმების საკითხში?

      11 მრავალი სატელევიზიო პროგრამა, კინო- და ვიდეოფილმები ხელს უწყობს ბიწიერებას. ერთი გამოჩენილი ფსიქიატრის თანახმად, ‘ავხორცობა, სექსი, ძალადობა, სიხარბე და ეგოიზმი’ ჭარბობს მრავალ ფილმში, რომლებსაც დღეს უჩვენებენ. მაშასადამე, ფხიზლად ყოფნაში შედის იმის შერჩევაც, თუ რას ვუყურებთ. ფსალმუნმომღერალი ლოცულობდა: „ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას“ (ფსალმუნი 118:37). ჯოზეფმა, ახალგაზრდა ქრისტიანმა, გამოიყენა ეს პრინციპი. როცა ერთ-ერთ ფილმში სექსისა და ძალადობის ამსახველი კადრები გამოჩნდა, ის წამოვიდა კინოთეატრიდან. უხერხულად ხომ არ გრძნობდა თავს, როცა გამოდიოდა? „სრულიადაც არა, — ამბობს ჯოზეფი. — უპირველესად, მე იეჰოვაზე ვფიქრობდი და იმაზე, თუ როგორ მესიამოვნებინა მისთვის“.

      შესწავლისა და შესწავლილზე დაფიქრების როლი

      12. რატომ არის აუცილებელი პირადი შესწავლა და შესწავლილზე დაფიქრება, რომ მივდიოთ უბიწოებას?

      12 საკმარისი არ არის, მოერიდო ცუდს. მისდიო უბიწოებას აგრეთვე შეიცავს ღვთის სიტყვაში ჩაწერილი კარგი აზრების შესწავლასა და მათზე დაფიქრებას, რათა მისი სამართლიანი პრინციპების გამოყენება შეგეძლოს ცხოვრებაში. „რარიგად მიყვარს რჯული შენი“, — წამოიძახა ფსალმუნმომღერალმა, — ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ“ (ფსალმუნი 118:97). ჩართული გაქვს თუ არა ყოველკვირეულ განრიგში ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების პირადი შესწავლა? მართალია, დროის გამონახვა იმისთვის, რომ საგულდაგულოდ შეისწავლო ღვთის სიტყვა და ლოცვით იფიქრო შესწავლილზე, შეიძლება ძნელი იყოს. მაგრამ ხშირად ეს შესაძლებელია, თუ დროს სხვა საქმეებისგან გამოისყიდი (ეფესელთა 5:15, 16, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). ალბათ, ადრიანი დილის საათები კარგ სამსახურს გაგიწევს, რომ დრო გამონახო ლოცვისთვის, შესწავლისა და შესწავლილზე დაფიქრებისთვის (შეადარე ფსალმუნი 118:147).

      13, 14. ა) რატომ არის შესწავლილზე დაფიქრება ფასდაუდებელი? ბ) რომელ ბიბლიურ მუხლებზე დაფიქრება დაგვეხმარება სექსუალური უზნეობის სიძულვილში?

      13 შესწავლილზე დაფიქრება ფასდაუდებელია, ვინაიდან ის გვეხმარება ნასწავლის შენარჩუნებაში. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ღვთისმოსაწონი შეხედულებების განვითარებაში გვეხმარება. მაგალითისთვის: ერთია, იცოდე, რომ ღმერთი კრძალავს მრუშობას, ხოლო სულ სხვაა, ‘განერიდო ბოროტებას და მიეკრა კეთილს’ (რომაელთა 12:9). სინამდვილეში, ჩვენ იეჰოვას მსგავსი თვალსაზრისი გვექნება სექსუალურ უზნეობასთან დაკავშირებით, თუ ვიფიქრებთ ძირითად ბიბლიურ მუხლებზე, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა კოლასელთა 3:5, რომელიც მოგვიწოდებს: „მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა“. შეეკითხე საკუთარ თავს: „როგორი სახის ვნება უნდა მოვაკვდინო ჩემში? რას უნდა მოვერიდო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უწმინდური სურვილები? საჭიროა თუ არა რამე ცვლილებების შეტანა საპირისპირო სქესის პირებთან ჩემს ურთიერთობაში?“ (შეადარე 1 ტიმოთე 5:1, 2).

      14 პავლე მოუწოდებს ქრისტიანებს, მოერიდონ მრუშობას და თავშეკავება გამოავლინონ, „რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა“ (1 თესალონიკელთა 4:3–7). შეეკითხე საკუთარ თავს: „რით არის საზიანო მრუშობა? რა ზიანს მოვუტან საკუთარ თავსა და სხვას, თუ შევცოდავ ამ მხრივ? როგორ იმოქმედებს ეს ჩემს სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე? რა დაემართათ კრების იმ წევრებს, რომლებმაც დაარღვიეს ღვთის კანონი და არ ინანიებდნენ? რით დამთავრდა ყველაფერი მათ შემთხვევაში?“ თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რასაც ბიბლია ასეთ საქციელზე ამბობს, ეს გააძლიერებს ჩვენს სიძულვილს იმის მიმართ, რაც ღვთის თვალში ცუდია (გამოსვლა 20:14; 1 კორინთელთა 5:11–13; 6:9, 10; გალატელთა 5:19–21; გამოცხადება 21:8). პავლე ამბობს, რომ მრუში „ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს“ (1 თესალონიკელთა 4:8). რომელი ჭეშმარიტი ქრისტიანი მოისურვებდა ზეციერი მამისადმი ურჩობას?

      უბიწოება და მეგობრული ურთიერთობები

      15. რა წვლილი შეაქვს მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს მიერ უბიწოების მიყოლაში?

      15 სხვა საშუალება, რომელიც უბიწოდ დარჩენაში დაგვეხმარება, არის კარგი საზოგადოება. ფსალმუნმომღერალი გალობდა: „თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც შენი მოშიშია [იეჰოვა] და იცავს შენს მცნებებს“ (ფსალმუნი 118:63). ჩვენ გვესაჭიროება ჯანსაღ საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორიც ქრისტიანულ შეხვედრებზე გვაქვს (ებრაელთა 10:24, 25). თუ სხვებისგან განვცალკევდებით, შეიძლება ეგოცენტრულები გავხდეთ აზროვნებით და ბიწიერება ადვილად შეძლებს ჩვენს დაძლევას (იგავნი 18:1). მაგრამ თბილ ქრისტიანულ ურთიერთობას შეუძლია გაგვაძლიეროს გადაწყვეტილებაში, დავრჩეთ უბიწონი. რა თქმა უნდა, ცუდ საზოგადოებასაც უნდა მოვერიდოთ. ჩვენ გულთბილად უნდა მოვეპყროთ მეზობლებს, თანამშრომლებსა და თანაკლასელებს. მაგრამ, თუ მართლაც სიბრძნით დავდივართ, მოვერიდებით მათთან დაახლოებას, რომლებიც არ მისდევენ ქრისტიანულ უბიწოებას (შეადარე კოლასელთა 4:5).

      16. როგორ გვეხმარება 1-ლი კორინთელთა 15:33-ის გამოყენება, რომ უბიწოებას მივდიოთ დღეს?

      16 პავლე წერდა: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“. ამ სიტყვებით ის აფრთხილებდა მორწმუნეებს, რომ ისინი დაკარგავდნენ რწმენას, თუ დაუმეგობრდებოდნენ ვითომ ქრისტიანებს, რომლებიც უარყოფდნენ ბიბლიურ სწავლებას აღდგომის შესახებ. პრინციპი, რომელიც ჩადებულია პავლეს გაფრთხილებაში, ეხება ჩვენს ურთიერთობებს როგორც კრების გარეთ, ისე თვით კრებაშიც (1 კორინთელთა 15:12, 33). რასაკვირველია, ჩვენ თავს არ ავარიდებთ ჩვენს სულიერ და-ძმებს იმის გამო, რომ ისინი არ ეთანხმებიან, განსაკუთრებით, ჩვენს პირად აზრს რაღაცასთან დაკავშირებით (მათე 7:4, 5; რომაელთა 14:1–12). და მაინც, საჭიროა სიფრთხილე, როცა კრების რომელიმე წევრი საეჭვოდ იქცევა ან ავლენს არასასიამოვნო ან მდრტვინავ სულს (2 ტიმოთე 2:20–22). ბრძნულია, ვიყოთ ახლო ურთიერთობებში მათთან, ვისთანაც შევძლებთ ‘ერთიანი რწმენიდან ნუგეშის მიღებას’ (რომაელთა 1:11, 12). ეს დაგვეხმარება უბიწოდ სიარულსა და ‘ცხოვრების გზაზე’ დარჩენაში (ფსალმუნი 15:11).

      განუწყვეტლივ მისდიე უბიწოებას

      17. რიცხვნის 25-ე თავის თანახმად, რა უბედურება დაატყდათ თავს ისრაელებს და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?

      17 ისრაელებს ცოტაღა რჩებოდათ აღთქმული მიწის დამკვიდრებამდე და ზუსტად მაშინ მათგან მრავალმა ათასმა ბიწიერება აირჩია და უბედურებაც დაიტეხა (რიცხვნი, 25-ე თავი). დღეს იეჰოვას ხალხი სამართლიანი ახალი ქვეყნიერების ზღურბლზე დგას. იქ შესვლა კურთხეულ უპირატესობად მათ მიეცემათ, რომლებიც განაგრძობენ წუთისოფლისეული ბიწიერების უარყოფას. როგორც არასრულყოფილ ადამიანებს, შეიძლება გვაქვს არასწორი მიდრეკილებები, მაგრამ ღმერთი დაგვეხმარება, რომ მივყვეთ მისი სულიწმიდის სამართლიან ხელმძღვანელობას (გალატელთა 5:16; 1 თესალონიკელთა 4:3, 4). ამიტომ მოვუსმინოთ იესო ნავეს ძის შეგონებას, რომელიც მან ისრაელს მისცა: „გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად“ (იესო ნავეს ძე 24:14). პატივისცემით აღსავსე შიში, რომ არ ვაწყენინოთ იეჰოვას, დაგვეხმარება უბიწოდ სიარულში.

      18. რა გადაწყვეტილებით აღსავსე უნდა იყოს ყველა ქრისტიანი ბიწიერებასა და უბიწოებასთან დაკავშირებით?

      18 თუ გულით გწადია, ასიამოვნო ღმერთს, დაუყოვნებლივ მიყევი პავლეს მოწოდებას: „ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, ყოველივე, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ“. რას მოგიტანს ამგვარად მოქცევა? პავლემ თქვა: „[ეს ყოველივე] შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან“ (ფილიპელთა 4:8, 9). დიახ, იეჰოვას დახმარებით შენ შეძლებ ბიწიერების უარყოფას და უბიწოების მიყოლას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება