-
სიძულვილის ეპიდემიასაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
-
-
სიძულვილის ეპიდემია
„ადამიანები ვერასოდეს უგებენ მათ, ვინც სძულთ“ (ჯეიმზ რასელ ლოუელი, ესეისტი და დიპლომატი).
სიძულვილი, როგორც ჩანს, დღეს ყველგან არის გავრცელებული. ისეთ სახელწოდებებს, როგორიცაა აღმოსავლეთ ტიმორი, კოსოვო, ლიბერია, ლიტლტონი და სარაევო, აგრეთვე ნეონაცისტი, „თავგადაპარსულთა ბანდა“, უკიდურესი რასისტები, ჩვენს გონებაში წარუშლელი კვალი აქვთ დატოვებული და არაერთ ნგრევას, ახლად გათხრილ მასობრივ სასაფლაოებსა და დაღუპულთა გვამებს წარმოგვისახავს.
ოცნებები სიძულვილის, კონფლიქტებისა და ძალადობისგან თავისუფალი მომავლის შესახებ დაიმსხვრა. ქალბატონმა მიტერანმა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ, თავისი ახალგაზრდობის გახსენებისას აღნიშნა: „ხალხი ოცნებობდა ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებაზე, სადაც ძმური სიყვარულის საფუძველზე თავისუფლად მიენდობოდნენ ერთმანეთს; უნდოდათ, ჰქონოდათ როგორც შინაგანი სიმშვიდე, ისე სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა; ოცნებობდნენ ჯანსაღ, მშვიდობიან და ღირსეულ ცხოვრებაზე ძლიერ და მდიდარ მსოფლიოში, რომელიც მათზე იზრუნებდა“. რა მოუვიდა ამ იდეალებს? ქალბატონმა მიტერანმა სინანულით აღნიშნა: „უნდა ვაღიაროთ, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ჩვენი ოცნებები ეჭვქვეშ მოექცა“.
დღეს, უბრალოდ, შეუძლებელია თვალი დავხუჭოთ სიძულვილის განახლებული ძალებით შემოტევაზე. ის საყოველთაოდ არის გავრცელებული და უფრო და უფრო საშინელი სახით ვლინდება. ქრება პირადი უსაფრთხოების გრძნობა, რომელსაც მილიონები ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ, და ეს ხდება სიძულვილით გამოწვეული ქმედებების გამო, რომელთაგან თითოეული წინამორბედთან შედარებით სულ უფრო შემაძრწუნებელია. მაშინაც კი, როდესაც ჩვენს სახლებსა თუ ქვეყანაში სიძულვილს არ ვაწყდებით, ის შეიძლება სადმე სხვაგან იყოს ჩასაფრებული. შესაძლებელია, თითოეული ყოველდღიურად ვხედავთ ამის დამადასტურებელ ფაქტებს ტელევიზორის ეკრანებიდან ახალ ამბებში და ამის შესახებ გვესმის რადიო გადაცემებიდან. ამ ინფორმაციებიდან ზოგი ინტერნეტის საშუალებითაც კი ვრცელდება. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
გასული ათწლეული ნაციონალიზმის არნახული ზრდის მოწმე იყო. „ნაციონალიზმი, — შენიშნავს ჯოზეფ ნაი უმცროსი, ჰარვარდის საერთაშორისო საქმეთა ცენტრის დირექტორი, — მსოფლიოს უმეტეს ნაწილში კი არ სუსტდება, არამედ ძლიერდება. მსოფლიო არ გახდა ერთი დიდი სოფელი. ნაცვლად ამისა, დედამიწის ზურგზე მიმოფანტულია პატარ-პატარა სოფლები, რომლებიც ერთმანეთს გაფაციცებით ადევნებენ თვალყურს. ეს კი, თავის მხრივ, კონფლიქტების წარმოშობის შესაძლებლობებს ზრდის“.
სიძულვილის სხვა ფორმები უფრო შენიღბულია და ქვეყნის საზღვრებს ან ზოგჯერ მეზობლებთან შეზღუდულ ურთიერთობებსაც კი არის ამოფარებული. როდესაც კანადაში „თავგადაპარსულთა ბანდის“ ხუთმა წევრმა სიკჰიზმის მიმდევარი ხანდაზმული მამაკაცი მოკლა, ეს მოვლენა „იმის აღმნიშვნელი იყო, რასაც ზოგი სიძულვილის აღორძინებად მიიჩნევს, და ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც ხშირად თავისი რასობრივი შემწყნარებლობითაა ცნობილი“. გერმანიაში, მას შემდეგ, რაც წინა წლებში განუწყვეტლივ მცირდებოდა რასობრივი შეტაკებები, 1997 წელს ექსტრემისტების მიერ ამ განახლებულ შეტაკებათა რაოდენობამ 27%-ით იმატა. „ეს გულდასაწყვეტი ფაქტია“, — აღნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი მანფრედ კანტერი.
ჩრდილოეთ ალბანეთიდან მიღებულმა ცნობამ ცხადყო, რომ 6 000-ზე მეტი ბავშვი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში აღმოჩნდა, რადგან პატარებს ეშინიათ, ქუჩაში ოჯახის მტრის ტყვიის მსხვერპლი არ გახდნენ. ეს ბავშვები სისხლის აღების ადათის მსხვერპლნი არიან, „რომელმაც ათასობით ოჯახის არაერთი წევრის სიცოცხლე შეიწირა“. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) ანგარიშის თანახმად, „გფბ-ს მიერ 1998 წელს დაფიქსირებული სიძულვილის მიზეზით გამოწვეული 7 755 ბოროტმოქმედების ნახევარზე მეტი რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე იქნა ჩადენილი“. სიძულვილის მიზეზით გამოწვეული დანარჩენი ბოროტმოქმედებები რელიგიური, ეთნიკური თუ ნაციონალისტური წარმოშობის ან კიდევ დაავადებების საფუძველზე მოხდა.
გარდა ამისა, საგაზეთო წერილების სათაურები ყოველდღიურად მიუთითებენ ქსენოფობიის ეპიდემიაზე, რომელიც უშუალოდ ლტოლვილთა წინააღმდეგ არის მიმართული. ლტოლვილთა რიცხვი კი დღესდღეობით 21 მილიონს აღემატება. სამწუხაროა, მაგრამ უცხოელთა მოძულეების უმეტესობას ის ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებსაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და განტევების ვაცის მაძიებლები აქეზებენ. იმავე ფენომენის შედარებით ნაკლებად შესამჩნევ ნიშანს უნდობლობა, შეუწყნარებლობა და გარკვეული სტანდარტების მარწუხებში იმ ადამიანთა მოქცევის მცდელობა შედის, რომლებიც განსხვავებული არიან.
რა არის სიძულვილის ეპიდემიის ზოგი მიზეზი? რის გაკეთება შეიძლება მის აღმოსაფხვრელად? ეს საკითხები მომდევნო სტატიაში განიხილება.
-
-
ერთადერთი საშუალება სიძულვილის აღმოსაფხვრელადსაგუშაგო კოშკი — 2000 | 15 აგვისტო
-
-
ერთადერთი საშუალება სიძულვილის აღმოსაფხვრელად
„არ არსებობს სიძულვილი შიშის გარეშე. . . ჩვენ გვძულს ის, რისიც გვეშინია, და სადაც სიძულვილია, იქ შიშიც არის სადღაც მიმალული“ (სირილ კონოლი, კრიტიკოსი და რედაქტორი).
მრავალ სოციოლოგს სჯერა, რომ სიძულვილს ადამიანის ქვეცნობიერებაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. „მისი [სიძულვილის] საკმაოდ დიდი ნაწილი შეიძლება დაპროგრამებულიც კი იყოს“ ანუ ჩაკირული იყოს ადამიანთა ბუნებაში, — აღნიშნავს ერთი მეცნიერ-პოლიტიკოსი.
გასაკვირი არ არის, რომ ადამიანთა ბუნების შემსწავლელები ასეთ დასკვნამდე მიდიან. მათ შესასწავლ ობიექტს წარმოადგენენ მამაკაცები და ქალები, რომლებიც, ბიბლიის ინსპირირებული ცნობის თანახმად, ‘ნაკლიანი’ და ‘ცოდვაში’ შობილნი არიან (ფსალმუნი 51:5, აქ [50:7]). თავად ჩვენმა შემოქმედმაც კი არასრულყოფილი ადამიანი ათასწლეულების წინათ შემდეგნაირად შეაფასა: „დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება 6:5).
წინასწარ შექმნილი აზრი, დისკრიმინაცია და მათ შედეგად წარმოქმნილი სიძულვილი ადამიანების მიერ მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებისა და ეგოიზმის ნაყოფებია (მეორე რჯული 32:5). სამწუხაროდ, ადამიანთა არც ერთ წარმომადგენლობას ან მთავრობას, აღებული პოლიტიკური კურსის მიუხედავად, არ შეუძლია ასეთ საკითხებში ადამიანთა გულების შეცვლა. უცხოეთში მომსახურე კორესპონდენტმა, ჯოუანა მაკგირმა, აღნიშნა: «არანაირ „მსოფლიო პოლიციას“, ძალიან ძლიერსაც კი, არ შეუძლია მოსპოს სიძულვილი, რომელმაც ბოსნიასა და სომალიში, კაშმირსა და კავკასიაში საშინელი სისხლის ღვრა გამოიწვია».
მაგრამ ამ პრობლემის მოსაგვარებელი საშუალებების ძიების დაწყებამდე, ძირითადად, უნდა გვესმოდეს, რა დგას სიძულვილის გამოვლინების უკან.
შიშით ნასაზრდოები სიძულვილი
არსებობს მრავალგვარი სიძულვილი და თითოეულ მათგანს უამრავი ნიუანსი აქვს. მწერალი ენდრიუ სალივანი ამას სათანადოდ აჯამებს: „არსებობს სიძულვილი, რომელიც შიშის საფუძველზეა წარმოქმნილი და სიძულვილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიზღით არის გამოწვეული; არსებობს სიძულვილი, რომელიც ძალის გამოვლენის საშუალებაა და სიძულვილი, რომელსაც უძლურება წარმოშობს; არსებობს შურისძიებითა და შურით განპირობებული სიძულვილი. . . არსებობს მჩაგვრელისა და ჩაგრულის სიძულვილი. არის სიძულვილი, რომელიც უფრო და უფრო იზრდება და სიძულვილი, რომელიც ცხრება. არის სიძულვილი, რომელიც დუღს და გადმოდუღს და სიძულვილი, რომელიც არასოდეს ვლინდება“.
ეჭვგარეშეა, დღეს სიძულვილის საფუძველზე კონფლიქტების წარმოქმნას, ძირითადად, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები იწვევს. მყარი წინასწარშექმნილი აზრისა და სიძულვილის მკვეთრი გამოვლინება ხშირად იქ ხდება, სადაც ეკონომიკური კეთილდღეობით განებივრებული უმცირესობის ირგვლივ ღარიბები ცხოვრობენ. გარდა ამისა, ხშირად სიძულვილი ფეხს იკიდებს იქ, სადაც საზოგადოების გარკვეულ წევრთა ცხოვრების პირობებს დიდი რაოდენობით მოსული უცხოელების მხრიდან საფრთხე ემუქრება.
ზოგი ფიქრობს, რომ ეს ახალმოსულები კონკურენციას გაუწევენ სამუშაოს მხრივ, რადგან უცხოელები შედარებით დაბალ გასამრჯელოზეც თანხმდებიან ან კიდევ მათ გამო ქონების ფასდაკლება ხდება. გამართლებულია თუ არა ასეთი შიში, სხვა საქმეა, მაგრამ ეკონომიკური ზარალისა და საზოგადოების ცხოვრების დონის დაცემის შიში მნიშვნელოვანი ფაქტორებია წინასწარშექმნილი აზრისა და სიძულვილის განვითარებაში.
-