-
„ბარბაროსული დანაშაული“გამოიღვიძეთ! — 2003 | თებერვალი 8
-
-
„ბარბაროსული დანაშაული“
მარიამa 14 წლის ასაკში დაიწყო მეძაობა. ამ სისაძაგლისკენ მას უბიძგა საკუთარმა დედამ, რომელიც ეუბნებოდა, რომ ლამაზი იყო და მამაკაცებს ძალიან მოეწონებოდათ. იმასაც ეუბნებოდა, რომ ბევრ ფულს იშოვიდა. საღამოობით დედას მარია მიჰყავდა სასტუმროში, სადაც ისინი მამაკაცებს ხვდებოდნენ. დედა იქვე ახლოს რჩებოდა და „კლიენტებისგან“ ფულს იღებდა. ყოველღამე მარიას სამ-ოთხ მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი.
მარიას სახლისგან არც ისე შორს მცხოვრებ 13 წლის კარინასაც აიძულეს პროსტიტუციის დაწყება. მათ დასახლებაში მცხოვრები სხვა მრავალი ღატაკი ოჯახის მსგავსად, რომლებიც შაქრის ლერწმის პლანტაციებში მუშაობდნენ, ოჯახმა კარინასაც უბიძგა, სხეულით ვაჭრობა დაეწყო, რათა ცოტა წელში გამართულიყვნენ. სხვაგან მცხოვრებმა ესტელამ ადრეულ ასაკში მიატოვა სკოლა ისე, რომ წერა-კითხვაც კი არ იცოდა და ქუჩაში მეძაობა დაიწყო. დეიზი დაახლოებით ექვსი წლის იყო, როდესაც ერთ-ერთმა უფროსმა ძმამ სექსუალურად შეურაცხყო; ამ შემთხვევის შემდეგ ის ხშირად გამხდარა სისხლის აღრევის მსხვერპლი. 14 წლის ასაკში დეიზი მეძავი გახდა.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვთა პროსტიტუცია შემაშფოთებელ სახეს იძენს, რასაც თან სდევს ტრაგიკული შედეგები. ხშირ შემთხვევაში, ის ბავშვები, რომლებიც დროდადრო ან განუწყვეტლივ მეძაობენ, დანაშაულსაც სჩადიან და ნარკოტიკებსაც იღებენ. ბევრ მათგანს ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული და თავს უღირსად თვლის, რადგან, ფაქტობრივად, ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავს, რომ ასეთ აუტანელ ცხოვრებას თავი დააღწიოს.
გავლენიან პირებს ესმით, რა საშინელი შედეგები მოსდევს ბავშვთა პროსტიტუციას. ბრაზილიის ექს-პრეზიდენტმა ფერნანდუ ენრიკე კარდოზუმ მართებულად განაცხადა: „ბავშვთა პროსტიტუცია ბარბაროსული დანაშაულია“. ბრაზილიაში გამომავალ ერთ გაზეთში კი ამ პრობლემის შესახებ საყურადღებო რამ ითქვა: «იმ ქვეყნებში, სადაც [ბავშვთა პროსტიტუციაა] გავრცელებული და სადაც მასზე არათუ თვალს ხუჭავენ, არამედ იწონებენ კიდეც იმის გამო, რომ [დიდი მოგება] მოაქვს, ყოველდღიურად იმკიან ამ „საქმიანობის“ თანმდევ დამღუპველ შედეგებს. ნებისმიერ ფინანსურ მოგებას, რომლის მოტანაც მას შეუძლია, აბათილებს მის მიერ უცილობლად გამოწვეული პირადი, ოჯახური თუ საზოგადოებრივი ტრაგედია».
ზოგი ადამიანის კეთილშობილური მისწრაფებების მიუხედავად, რომლებიც ბავშვთა პროსტიტუციის შეჩერებისკენაა მიმართული, ეს პრობლემა უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. რა არის ამ შემაძრწუნებელი სიტუაციის მიზეზი? რატომ არის, რომ ბევრი თვალს ხუჭავს ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე ან ხელსაც კი უწყობს მას?
[სქოლიო]
a სტატიათა ამ სერიაში სახელები შეცვლილია.
[ჩანართი 3 გვერდზე]
„ბავშვთა პროსტიტუცია ბარბაროსული დანაშაულია“ (ბრაზილიის ექს-პრეზიდენტი ფერნანდუ ენრიკე კარდოზუ).
[ჩანართი 4 გვერდზე]
„სექსუალური ექსპლუატაციის ნებისმიერი ფორმა შეუთავსებელია ადამიანურ ღირსებასთან და ამიტომაც, ადამიანის ასაკის, სქესის, რასობრივი და ეთნიკური წარმოშობისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, არღვევს მის ძირითად უფლებებს“ („იუნესკო სორსიზი“).
-
-
ბავშვთა პროსტიტუცია — რა ამწვავებს მდგომარეობას?გამოიღვიძეთ! — 2003 | თებერვალი 8
-
-
ბავშვთა პროსტიტუცია — რა ამწვავებს მდგომარეობას?
იცოდით თუ არა, რომ მსოფლიოს ყველაზე მომგებიან კომერციულ საქმიანობებს შორის ტრეფიკინგს მესამე ადგილი უკავია? მას მხოლოდ ნარკოტიკებით და იარაღით არალეგალური ვაჭრობა უსწრებს. როგორც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაცია იტყობინება, განუწყვეტლივ იზრდება ნებისმიერი სახის პროსტიტუციაში ჩაბმულთა რიცხვი.
ლათინური ამერიკის ერთ ქვეყანაში ადგილობრივი კონგრესის მიერ დანიშნული საგამოძიებო კომიტეტი იტყობინებოდა, რომ პროსტიტუციის აკრძალვის მიუხედავად, ამ ქვეყანაში 500 000-ზე მეტი მცირეწლოვანი მეძავი იყო.
სხვა ქვეყანაში დაახლოებით 300 000 ბავშვი მეძაობს ქუჩაში, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობენ.
როგორც იტყობინებიან, აზიის ქვეყნებში ერთ მილიონამდე გოგონა, ფაქტობრივად მონად არის ქცეული — მათ სექს-ინდუსტრიაში „მუშაობას“ აიძულებენ. ზოგ ქვეყანას ბავშვთა პროსტიტუციისა და სექს-ტურიზმის ცენტრის რეპუტაცია აქვს შექმნილი.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (მაგალითად შიდს-ის) გახშირებული შემთხვევების გამო ბევრს ურჩევნია, გაცილებით მეტი თანხა გადაიხადოს და სქესობრივი კავშირი ბავშვთან დაამყაროს, ვინაიდან არსებობს უფრო მეტი ალბათობა იმისა, რომ ის ჯერ შეუბილწავია და, აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, ინფიცირებული იყოს. „შიდს-ის შიშით მამაკაცები უფრო ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებს ეძებენ, რაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს“, — ხსნის ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, ლუიზა ნაჟიბ ელუფი. ის დასძენს: „გოგონებისა და მოზარდების სექსუალური ექსპლუატაცია ბრაზილიაში მცხოვრებ ღარიბ ქალთა ყველაზე სერიოზულ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს“.
სიღარიბე და ბავშვთა პროსტიტუცია
ბავშვთა პროსტიტუცია კარგად იკიდებს ფეხს ისეთ გარემოში, სადაც სიღატაკეა. როგორც მთავრობის ერთმა წარმომადგენელმა თქვა, მის ქვეყანაში ფესვგადგმული ბავშვთა ექსპლუატაცია და პროსტიტუცია „პირდაპირ კავშირშია ოჯახების რღვევასთან და სიღატაკისა და შიმშილის ნაყოფს წარმოადგენს“. ზოგი მშობელი შვილს სამეძაოდ იმეტებს და თავს სიღარიბით იმართლებს. უპატრონო ბავშვები კი იმის გამო იწყებენ სხეულით ვაჭრობას, რომ თავის გატანის სხვა საშუალებას ვერ ხედავენ.
გაზეთ „ესტადუ დი სან-პაულუში“ ნათქვამია, რომ თუკი გოგონა ქუჩის ბანდას შეუერთდება, ის, საბოლოო ჯამში, შეიძლება მეძავად იქცეს. საჭმლის საშოვნელად მან შეიძლება ქურდობას მიჰყოს ხელი, ხოლო შიგადაშიგ სხეულითაც ივაჭროს. შემდგომში კი, ის „პროფესიონალი“ მეძავი ხდება.
ზოგჯერ, მოზარდებს სხვა ქვეყნებში აგზავნიან საროსკიპოდ. «ემიგრანტი მეძავების მიერ თავიანთი ოჯახებისთვის გაგზავნილი ფული ხშირად საკმაო თანხას წარმოადგენს აზიისა და აფრიკის ზოგ ღარიბ ქვეყანაში, — ნათქვამია „იუნესკო სორსიზში“. — ამ ქვეყნებში პროსტიტუციის გავრცელებას მდიდარი ქვეყნებიდან ჩასული ტურისტებიც უწყობენ ხელს, რომლებიც სპეციალურად იმისთვის ჩადიან, რომ ახალგაზრდებისა და ბავშვების „მომსახურებით“ ისარგებლონ».
ჟურნალი „ტაიმი“ შეეხო იმ საშიშროებებს, რომლებიც ქუჩაში მოხვედრილ მეძავ ბავშვებს ემუქრება ლათინური ამერიკის ერთ ქალაქში. პროსტიტუციასთან დაკავშირებით ჟურნალში ითქვა: „ზოგი მეძავი სულ 12 წლისაა. ხშირად ისინი დანგრეული ოჯახებიდან არიან გამოსული, დღის განმავლობაში სძინავთ იქ, სადაც კი საამისო ადგილს მოიხელთებენ, ღამე კი დაძრწიან დისკოთეკებზე, სადაც მეზღვაურები დროს კლავენ“.
ნარკოტიკებით გაბრუებულ მეძავ ბავშვს შეიძლება ისეთი შეურაცხმყოფელი რამ გაუკეთონ, რის უფლებასაც ნორმალურ მდგომარეობაში არავის არასოდეს მისცემდა. მაგალითად, ჟურნალ „ვეჟაში“ მოთხრობილი იყო პოლიციის მიერ აღმოჩენილი 92 ვიდეოფირის შესახებ, რომლებზეც ექიმი კაცის მიერ გადაღებული იყო მომენტები, როდესაც ის 50-ზე მეტ ქალს — მათ შორის არასრულწლოვანებსაც — არაადამიანურად აწამებდა.
ამ შემაძრწუნებელი რეალობის მიუხედავად, ერთმა ახალგაზრდა მეძავმა თქვა: „სამსახურს თუ მოვძებნი, იმდენს მაინც ვერ ვიშოვი, საჭმელზე რომ მეყოს — მე ხომ არანაირი პროფესია არა მაქვს. ჩემმა ოჯახმა ყველაფერი იცის და მეც არ მინდა ამ ცხოვრების მიტოვება. სხეული ჩემია და როგორც მინდა, ისე მოვექცევი“.
მაგრამ ამ გოგონებს მეძავებად გახდომა მიზნად არასოდეს დაუსახავთ. როგორც ერთი სოციოლოგი ამბობს, ბევრ ახალგაზრდა მეძავს „გათხოვება სურს“ და „ზღაპრულ უფლისწულზე“ ოცნებობს. მათ სხვადასხვა რთულმა სიტუაციამ გადაადგმევინა ის ნაბიჯი, რომ მეძავის ცხოვრება დაეწყოთ. ერთი მკვლევარი ამბობს: „ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ უმრავლესობა საკუთარ სახლში გააუპატიურეს“.
მოეღება ბოლო ბავშვთა პროსტიტუციას?
გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ამ საცოდავი ბავშვებისთვისაც არსებობს იმედი. ბევრმა მეძავმა, განურჩევლად ასაკისა, შეძლო თავისი ცხოვრების შეცვლა (იხილეთ ჩარჩო „ადამიანებს შეუძლიათ შეცვლა“, გვ. 7). ღვთის სიტყვა, ბიბლია, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს დაეხმარა იმაში, რომ უკეთესი პიროვნებები გამხდარიყვნენ და ოჯახის წევრებისადმი ერთგულება შეენარჩუნებინათ. იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც წინათ მეძაობდნენ, მრუშობდნენ, ქურდობდნენ, სიხარბეს ავლენდნენ ან სასმელს ეტანებოდნენ, ბიბლიაში ვკითხულობთ: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“ (1 კორინთელთა 6:9—11).
ისევე, როგორც ბიბლიურ დროში, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც უკეთესობისკენ იცვლებიან. ხოლო რაც შეეხება სექსუალური ექსპლუატაციის შეჩერებას, ამ მხრივ გაცილებით მეტი რამ არის გასაკეთებელი. ზოგი მთავრობა და ორგანიზაცია ებრძვის სექს-ტურიზმსა და ბავშვთა პროსტიტუციას. თუმცაღა, სიტუაციას რეალურად თუ შევაფასებთ, ადამიანებს არ ძალუძთ სიღატაკისა და სიღარიბის აღმოფხვრა. კანონმდებლებს არ შეუძლიათ, ადამიანს შეუცვალონ აზროვნება, რომელსაც ის უზნეობამდე მიჰყავს.
ადამიანთა მცდელობა ვერ გადაჭრის ყველა ამ პრობლემას; ამისთვის სხვა საშუალება არსებობს — ესაა ღვთის სამეფო. სწორედ ამ თემას ეძღვნება ჩვენი მომდევნო სტატია.
[ჩანართი 6 გვერდზე]
სიღარიბე ხშირად ხელს უწყობს ბავშვთა პროსტიტუციას.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
დიდ ფასად
დეიზი სულ რაღაც ექვსი წლის იყო, როდესაც ერთ-ერთმა უფროსმა ძმამ სექსუალურად შეურაცხყო. იმ დროიდან, სანამ 14 წლის გახდებოდა, მას საკუთარ ძმასთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი, მერე კი ღამის კლუბში დაიწყო მუშაობა. მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დეიზი ავად გახდა. როდესაც გამოკეთდა, კლუბის მეპატრონეებმა უთხრეს, რომ მათი ვალი ჰქონდა და აიძულეს, მეძაობა დაეწყო. დაახლოებით ერთ წელიწადში მას ჯერ კიდევ გასასტუმრებელი ჰქონდა ვალი და ისე ჩანდა, რომ ვერასოდეს გათავისუფლდებოდა მისგან. ერთხელაც, ერთმა მეზღვაურმა გადაიხადა დეიზის დარჩენილი ვალი და სხვა ქალაქში წაიყვანა. იქ ის მონასავით ეპყრობოდა მას. დეიზიმ მიატოვა თავისი „კეთილისმყოფელი“ და მოგვიანებით სხვა მამაკაცთან დაიწყო ცხოვრება. ამ უკანასკნელთან მან სამი წელი გაატარა, რის შემდეგაც ისინი დაქორწინდნენ. მრავალი ოჯახური პრობლემის გამო მან სამჯერ სცადა თავის მოკვლა.
ბოლოს, მან და მისმა ქმარმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, მაგრამ დეიზი თავს უღირსად თვლიდა, რომ იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. როდესაც ბიბლიიდან დაანახვეს, რომ იეჰოვა ღმერთი იღებს ყველას, ვინც საჭირო ცვლილებებს ახდენს, თავი მიუძღვნა მას და მოინათლა. დეიზი ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ სწორად მოქცეულიყო, მაგრამ ეჭვობდა, რომ ეს საკმარისი იყო. ამის გამო, ის დროდადრო დეპრესიაში ვარდებოდა. საბედნიეროდ, მას უარი არ უთქვამს შეთავაზებულ დახმარებაზე, რის წყალობითაც დასძლია სექსუალური შეურაცხყოფითა და მეძავი ბავშვის ცხოვრებით გამოწვეული ემოციური ჭრილობები და მიაღწია ემოციურ სტაბილურობას.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
ადამიანებს შეუძლიათ შეცვლა
როდესაც იესო ქრისტე დედამიწაზე იმყოფებოდა, მას ებრალებოდა ცოდვილი, გატანჯული ხალხი. მას ესმოდა, რომ მეძავებს, ასაკისდა მიუხედავად, შეეძლოთ ცხოვრების შეცვლა. იესომ ასეთი სიტყვებითაც კი მიმართა რელიგიურ წინამძღოლებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავები თქვენზე წინ შევლენ ღვთის სასუფეველში“ (მათე 21:31). თუმცა ცხოვრების უკუღმართი წესის გამო ხალხს სძულდა ისინი, ღვთის ძისადმი გამოვლენილი რწმენის საფუძველზე ამ გულმართალმა ადამიანებმა ღვთისგან პატიება მიიღეს. მომნანიე ცოდვილებს სურდათ გარყვნილი ცხოვრების მიტოვება, რათა ღვთის სამეფოს კურთხევები მიეღოთ. ამ ცვლილებების მოხდენის შემდეგ ისინი უკვე ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრობდნენ. დღესაც ყველანაირი ადამიანი ითავისებს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას და იცვლის ცხოვრებას.
ვნახოთ, რა შეემთხვათ პირველ სტატიაში მოხსენიებულ მარიას, კარინასა და ესტელას. გარდა იმისა, რომ მარიას წინააღმდეგობის გაწევა უწევდა დედისთვის, რომელიც მეძაობის გაგრძელებას სთხოვდა, მას მთელი ნებისყოფის მოკრება დასჭირდა ნარკოტიკებისთვის თავის დასანებებლად. ის იხსენებს: „ნარკოტიკებს იმიტომ ვიღებდი, რომ მეძაობის გამო გაჩენილი უღირსობის გრძნობა ჩამეკლა“. მარია მოგვითხრობს, თუ როგორ მიიღეს ის იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებაში: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კრების წევრების მიერ ჩემდამი გამოვლენილმა სიყვარულმა. ყველა, დიდი თუ პატარა, პატივისცემით მეპყრობოდა. შევნიშნე, რომ დაქორწინებული მამაკაცები თავიანთი ცოლების ერთგულები იყვნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეგობრად მიმიღეს“.
კარინასაც მიაკითხეს იეჰოვას მოწმეებმა. ამ დროს ის 17 წლის იყო. მან დაიწყო ბიბლიის შესწავლა, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში არ იშლიდა ცხოვრების ჩვეულ წესს. თანდათანობით მან დაიწყო ბიბლიური ჭეშმარიტების დაფასება. იქაურობას რომ გასცლოდა, მან გადაწყვიტა, რომელიმე მოშორებულ ქალაქში გადასახლებულიყო. ის ასეც მოიქცა და იეჰოვას მოწმე გახდა.
ესტელა, რომელიც პატარაობიდანვე მეძაობდა, ღრეობებში ატარებდა დროს და უზომოდ სვამდა, ბიბლიით დაინტერესდა, მაგრამ დაასკვნა, რომ ღმერთი არასოდეს აპატიებდა. დროთა განმავლობაში კი მიხვდა, რომ იეჰოვა ღმერთს ნამდვილად სურს მომნანიე ადამიანების პატიება. ამჟამად ესტელა ქრისტიანული კრების წევრია, გათხოვილია და სამ შვილს ზრდის. ის ამბობს: „ძალიან ბედნიერი ვარ და ვმადლობ იეჰოვას, რომ წუმპედან ამომიყვანა და თავის სუფთა ორგანიზაციაში მიმიღო“.
ეს შემთხვევები ადასტურებს ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს, რომ ღვთის ნებაა, «ყველა [„ყველანაირი“, აქ] ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას» (1 ტიმოთე 2:4).
[სურათი 7 გვერდზე]
მეძავი ბავშვები ხშირად ნარკოტიკებს იღებენ.
[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]
© Jan Banning/Panos Pictures, 1997
-
-
ბავშვთა ექსპლუატაციას მალე ბოლო მოეღება!გამოიღვიძეთ! — 2003 | თებერვალი 8
-
-
ბავშვთა ექსპლუატაციას მალე ბოლო მოეღება!
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გაერომ განაცხადა, რომ ბავშვები განსაკუთრებულ ზრუნვასა და დახმარებას საჭიროებენ“, — ნათქვამია ბავშვის უფლებათა კონვენციის პრეამბულაში. ოჯახის მნიშვნელოვან როლთან დაკავშირებით იქვე ითქვა: „ბავშვის პიროვნება რომ სრულად და ჰარმონიულად განვითარდეს, ის უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში“. მაგრამ, ეს იდეალი ჯერჯერობით მიუღწეველია.
მხოლოდ ლაპარაკი იმაზე, რომ ბავშვები უკეთეს მსოფლიოში უნდა ცხოვრობდნენ, საკმარისი არ არის. საზოგადოება მორალურად დეგრადირებულია, რაც ბევრს ნორმალურად მიაჩნია. სამართალდამცავ ორგანოებს არ შეუძლიათ საყოველთაოდ გავრცელებული უზნეობისა და სიხარბის გაკონტროლება. მშობლებიც კი, შვილებისადმი სიყვარულის გამოვლენისა და მათი დაცვის ნაცვლად, ხშირად ხელს უწყობენ ყველაფერზე ნების დამრთველი დამოკიდებულების განვითარებას. მაშ, რატომ გვაქვს იმედი, რომ ბავშვთა პროსტიტუციას ბოლო მოეღება?
თუმცა ამ ზნეობრივად დაცემულმა სისტემამ მრავალი ბავშვი მოსიყვარულე ოჯახის გარეშე და გაურკვეველი მომავლის ანაბარა დატოვა, ჩვენი შემოქმედი მალე წერტილს დაუსვამს ყოველგვარ უზნეობასა და სექსუალურ აღვირახსნილობას, ბავშვთა პროსტიტუციის ჩათვლით. მალე, მთელი მსოფლიოს გასაოცრად, იეჰოვა ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით ჩაერევა ადამიანთა საქმეებში. სხვების გამრყვნელები და ექსპლუატატორები ვერ გაექცევიან ღვთის სასჯელს. მხოლოდ მოყვასის მოყვარული ადამიანები გადარჩებიან და იცხოვრებენ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. „წრფელნი ქვეყნად იცხოვრებენ და უბიწონი დარჩებიან მასში. ბოროტნი კი ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მოღალატენი აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22).
წარმოიდგინეთ, რა შვება იქნება, როდესაც არც ბავშვები და არც მოზარდები არ გახდებიან უზნეობისა და სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლნი! ექსპლუატაციითა და ძალადობით გამოწვეული ემოციური და ფიზიკური ჭრილობებიც კი მოშუშდება და წარსულს ჩაჰბარდება. მათ, ვინც წინათ სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი იყო, აღარ წამოუტივტივდებათ მტანჯველი მოგონებები. „აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა“ (ესაია 65:17, სსგ).
იმ დროს, არც ერთ ბავშვს არ მოეპყრობიან ცუდად და არც სექსუალურ შეურაცხყოფას მიაყენებენ. გარემო, სადაც ბედნიერება, სიყვარული და ურთიერთგაგებაა გამეფებული, რეალობად იქცევა. ღვთის ახალი ქვეყნიერების მკვიდრთა შესახებ ესაიას 11:9-ში (სსგ) ნათქვამია: „არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე“.
მართლაც, რა სასიხარულო იქნება, როდესაც სიღარიბე აღმოიფხვრება, აღარავინ გაავრცელებს და მიიღებს ნარკოტიკებს, ვერსად შეხვდებით უბედურ ოჯახებს და უზნეობასაც ბოლო მოეღება! ყველგან დაივანებს მშვიდობა, სამართლიანობა და უსაფრთხოება. „დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის ბინაში, საიმედო სავანეებში და უზრუნველ სამყოფლებში“ (ესაია 32:18).
-
-
ბავშვთა ექსპლუატაციას მალე ბოლო მოეღება!გამოიღვიძეთ! — 2003 | თებერვალი 8
-
-
[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]
მზრუნველ მშობლებს შეუძლიათ ოჯახის დაცვა
● „მშობლები მირჩევდნენ, რომ სწავლის პერიოდი გონივრულად გამომეყენებინა და პროფესია შემეძინა. ისინი არ ცდილობდნენ თავიანთი აზრის მოხვევას, მაგრამ ისეთი სასწავლებლების არჩევაში დამეხმარნენ, სადაც საჭირო პროფესიას დავეუფლებოდი“ (ტაისი).
● „როდესაც მე და ჩემი და საყიდლებზე მივდიოდით, დედაც თან დაგვყვებოდა ხოლმე. ყაირათიანობის სწავლის გარდა ის იმაშიც გვეხმარებოდა, რომ მოვრიდებოდით ექსტრავაგანტურ ან ზედმეტად ღია ტანსაცმელს“ (ბიანკა).
● „როდესაც წვეულებებზე მივდიოდით, მშობლები ყოველთვის გვეკითხებოდნენ, კიდევ ვინ იყო იქ მიწვეული, როგორ მუსიკას მოვისმენდით და როდის დაიწყებოდა და დამთავრდებოდა წვეულება. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ერთად დავდიოდით ხოლმე ასეთ შეხვედრებზე“ (პრისილა).
● «ბავშვობისა და მოზარდობის წლებში მე და ჩემი მშობლები ყოველთვის გულახდილად ვსაუბრობდით. ჩემმა თანაკლასელმა ეს შენიშნა და მითხრა: „კეთილი შურით მშურს შენი, რომ ნებისმიერ საკითხზე ასე თავისუფლად ესაუბრები მშობლებს. დედასთან დალაპარაკებაც კი მიჭირს და ხშირად ისე ხდება, რომ, თუ რამე მაინტერესებს, ვცდილობ ეს სხვებისგან გავიგო“» (სამარა).
● „ბედნიერი და სიხარულით სავსე მოზარდი ვიყავი. არავის ვუყურებდი ეჭვის თვალით და ყოველთვის ვიცინოდი. მეგობრებთან თავს თავისუფლად ვგრძნობდი და ერთად რომ შევიყრებოდით, სასაცილო ამბებს ვყვებოდით. ჩემს მშობლებს ესმოდათ, რომ ასეთი ბუნების ვიყავი და არ უცდიათ ჩემი შეცვლა, თუმცა რბილად დამანახვეს იმის აუცილებლობა, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას წინდახედული ვყოფილიყავი და გონივრულად მოვქცეულიყავი“ (ტაისი).
● „ახალგაზრდების უმრავლესობის მსგავსად მეც მინდოდა შეყვარებული მყოლოდა. მამამ განსაზღვრული ასაკი დამიდგინა, როდიდანაც შემეძლო ვინმესთან შეხვედრა. ამაზე გული არ დამწყვეტია. პირიქით, მესმოდა, რომ მშობლები ზრუნავდნენ ჩემზე და ჩემი დაცვა სურდათ“ (ბიანკა).
● „ქორწინებას ყოველთვის ღირსეულ რამედ ვთვლიდი, განსაკუთრებით, ჩემი მშობლების მაგალითის გამო. მათ ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მახსოვს, როდესაც შეყვარებულს ვხვდებოდი, დედამ მირჩია, როგორ მოვქცეულიყავი გარკვეულ სიტუაციებში და ამიხსნა, როგორ იმოქმედებდა ეს ჩემს ქორწინებაზე“ (პრისილა).
-