საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ინსტინქტურად გონიერნი
    გამოიღვიძეთ! — 2007 | ივლისი
    • ინსტინქტზე აღმატებული

      ღვთის შემოქმედების გვირგვინი — ადამიანი, როგორც წესი, ინსტინქტით არ მოქმედებს. პირიქით, ღმერთმა ჩვენ ნების თავისუფლება მოგვცა, და სინდისითა და სიყვარულის უნარით დაგვაჯილდოვა (დაბადება 1:27; 1 იოანე 4:8). ამის წყალობით შეგვიძლია სწორი და ზნეობრივად გამართლებული გადაწყვეტილებების მიღება, რაშიც დროდადრო განსაკუთრებული სიყვარული და თავგანწირვის სულისკვეთება ვლინდება.

      ცხადია, ადამიანის აზროვნებასა და საქციელს ის ზნეობრივი თუ სულიერი ფასეულობები განსაზღვრავს, რომლებიც მას ბავშვობაში ჩაუნერგეს. შედეგად, ადამიანებს შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სწორი და არასწორი, მისაღები და მიუღებელი. თავის მხრივ, ამგვარმა სხვაობამ შეიძლება გაუგებრობა, შეუწყნარებლობა და სიძულვილიც კი გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები თავიანთი კულტურის, ნაციონალიზმისა და რელიგიის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

      რამდენად უკეთესი იქნებოდა, ადამიანებს სულიერობისა და ზნეობრივობის საკითხშიც ჰქონოდათ კანონთა ისეთი კრებული, რომელსაც ყველა ისევე დაემორჩილებოდა, როგორც ფიზიკურ კანონებს! მაგრამ აქვს ვინმეს ასეთი უნივერსალური ნორმების დასადგენად საჭირო უნარი და ცოდნა? და თუ ვინმეს აქვს ასეთი უნარი, გამოუყენებია ან გამოიყენებს მას? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატიები გაგვცემს.

  • ინსტინქტზე აღმატებული
    გამოიღვიძეთ! — 2007 | ივლისი
    • ინსტინქტზე აღმატებული

      „თუ ადამიანისთვის ზნეობა სხვა არაფერია, თუ არა ნების თავისუფლების საკუთარი სურვილისამებრ გამოყენება, როცა ის არავითარი ზნეობრივი პრინციპით არ ხელმძღვანელობს, წარმოიქმნება ზნეობრივი ვაკუუმი, რომელიც კანონმა უნდა შეავსოს“ (დ-რ დენიელ კალეჰანი).

      კალეჰანის სიტყვები საფუძვლიანი აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ზნეობრივი ვაკუუმის შესავსებად და ბოროტმოქმედების აღსაკვეთად მთავრობა იძულებული გახდა, უამრავი კანონი გამოეცა. ნიგერიელ დედათა პირველ სამიტზე ნიგერიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფიქრებდა თავისი ქვეყნის მომავალი. მას მხედველობაში ჰქონდა არა პოლიტიკური მდგომარეობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, არამედ „უფრო სერიოზული პრობლემა — ძირითად ფასეულობათა გაქრობა ოჯახში, სამსახურში, ამა თუ იმ საზოგადოებასა თუ მთლიანად ერში“.

      დიდ ბრიტანეთში 1 736 დედის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ „ტრადიციულ ოჯახთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, რასაც ზნეობრივ ფასეულობათა გაუფასურება და მარტოხელა მშობელთა რიცხვის ზრდა მოჰყვა“. ზნეობა სწრაფად ეცემა ჩინეთშიც. ჟურნალ „ტაიმის“ თანახმად, იქ სქესობრივ ცხოვრებას ადრეულ ასაკში იწყებენ, და დღეს პარტნიორთა რიცხვიც ისე გაიზარდა, როგორც არასდროს. ერთმა ახალგაზრდა ჩინელმა გოგომ, რომელიც იკვეხნიდა, რომ 100-ზე მეტი პარტნიორი გამოიცვალა, თქვა: „ეს ჩემი ცხოვრებაა და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ“.

      ზნეობა მთავრობის წარმომადგენელთა შორისაც ეცემა. „ხალხი პატივს აღარ სცემს თავის წინამძღოლებს, და ისინი აღარც სამაგალითონი არიან ზნეობის საკითხში“, — თქვა ჯევედ აკბარმა კანადის გაზეთ „ტორონტო სტარში“. მისი სიტყვების თანახმად, პოლიტიკოსებს, კორპორაციათა ხელმძღვანელებსა და თვით რელიგიურ წინამძღოლებსაც კი „არა აქვთ სათანადო ზნეობა“.

      რატომ ეცემა ზნეობა?

      ზნეობის დაცემის ტენდენციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი ფაქტორი ტრადიციულ ფასეულობათა წინააღმდეგ გალაშქრებაა. მაგალითად, შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში ჩატარებულმა გამოკითხვამ ნათელყო კოლეჯის მოსწავლეთა უმრავლესობის თვალსაზრისი, რომ „თითოეულმა ადამიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, რა არის სწორი და რა — არასწორი“.

      პუბლიცისტმა ზბიგნევ ბჟეზინსკმა მეორე ფაქტორი მოიხსენია. ის წერს, რომ დღევანდელი საზოგადოება „ძირითადად ყურადღებას პირადი სურვილების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე ამახვილებს; ასე რომ, ნებისმიერ ქმედებას ინდივიდუალური და კოლექტიური ჰედონიზმიa განსაზღვრავს“. ზნეობრივი დამოუკიდებლობა, სიხარბე და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება შეიძლება გარკვეულწილად მიმზიდველი ჩანდეს, მაგრამ უწყობს ეს ყველაფერი ხელს ნამდვილ ბედნიერებას, მოაქვს კმაყოფილება და აუმჯობესებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს?

      „სიბრძნის სიმართლეს . . . მისი საქმეები ამტკიცებს“ — თქვა იესომ (მათე 11:19). დღეს, ზნეობრივი ფასეულობების გაუფასურების შემდეგ უფრო ბედნიერია ხალხი ან უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს? დაფიქრდით შედეგებზე: ნდობისა და უსაფრთხოების დაკარგვა; ურთიერთობების გაწყვეტა; დედის ან მამის გარეშე დარჩენილი ბავშვები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პანდემია, არასასურველი ფეხმძიმობა, ნარკომანია და ძალადობა. ამგვარი რეალობა შორს არის კმაყოფილებისა და წარმატებისგან; მასში დიდია მწუხარება და წარუმატებლობა (გალატელები 6:7, 8).

      ღვთის წინასწარმეტყველი იერემიაც იყო მსგავსი მდგომარეობის მოწმე, რის შემყურემაც ღვთის შთაგონებით დაწერა: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). დიახ, ღმერთს ისე არ შევუქმნივათ, რომ მისგან დამოუკიდებლად შეგვძლებოდა განგვესაზღვრა, რა არის სწორი და რა — არასწორი. ფაქტობრივად, ის, რაც ჩვენ კარგი გვგონია, შეიძლება ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. „არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, მისი ბოლო კი სიკვდილია“, — ნათქვამია ბიბლიაში, იგავების 14:12-ში.

      ჩვენში ჩასახლებული მტერი!

      რა არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზნეობის საკითხში ხელმძღვანელობა გვჭირდება? კაცის გული მაცდურია. „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ — ამბობს ბიბლია იერემიას 17:9-ში. ენდობოდით ვერაგსა და უმართავ კაცს? ცხადია, არა! სწორედ ეს თვისებები ახასიათებს თითოეული ჩვენგანის გულს. ამიტომ ღმერთი მკაცრად, მაგრამ სიყვარულით გვაფრთხილებს: „საკუთარ გულზე დაიმედებული სულელია; სიბრძნით მავალი გადარჩება“ (იგავები 28:26).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება