-
ღვთის თვალსაზრისი ზნეობრივ სიწმინდეზესაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ნოემბერი
-
-
ღვთის თვალსაზრისი ზნეობრივ სიწმინდეზე
„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17).
1, 2. ა) როგორია საერთოდ ხალხის შეხედულება სექსუალურ მორალთან დაკავშირებით? ბ) რა თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანებს სექსუალურ მორალთან დაკავშირებით?
დღეს მსოფლიოში ბევრგან ზნეობის საკითხებს პირად საქმედ მიიჩნევენ. სქესობრივ ურთიერთობებს გრძნობების ისეთ ბუნებრივ გამოვლენად თვლიან, რომელსაც როდესაც უნდათ მაშინ მიმართავენ და რომელიც მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის ურთიერობით არ უნდა იფარგლებოდეს. მათი აზრით, თუ არავის არაფერი უშავდება, არაფერია ცუდი იმაში, რომ თავად გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ. ფიქრობენ, რომ არავინ უნდა განისაჯოს, როდესაც საქმე ზნეობას, განსაკუთრებით კი სექსს, ეხება.
2 იმ ხალხს კი, ვინც იეჰოვას იცნობს, ამ საკითხზე სხვაგვარი შეხედულება აქვს. ისინი სიამოვნებით იცავენ საღვთო წერილის ნორმებს, რადგან უყვართ იეჰოვა და სურთ, მას ასიამოვნონ. მათ ესმით, რომ იეჰოვასაც უყვარს ისინი და ისეთ მითითებებს აძლევს, რომლებიც მათსავე კეთილდღეობას ემსახურება და რომლებიც ნამდვილად სასარგებლო და ბედნიერების მომტანია (ესაია 48:17). რადგან ღმერთია სიცოცხლის წყარო, გონივრულია, რომ საკუთარი სხეულისადმი დამოკიდებულების თაობაზე ხელმძღვანელობისთვის მას მივმართოთ; განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული სიცოცხლის გადაცემასთან.
მოსიყვარულე შემოქმედის საჩუქარი
3. რას ასწავლის მრავალ ადამიანს ქრისტიანული სამყარო სქესობრივი ურთიერთობის შესახებ და რა ირკვევა ამ სწავლების ბიბლიასთან შედარების შედეგად?
3 დღევანდელი წუთისოფლისგან განსხვავებით, ქრისტიანული სამყაროს ზოგი წარმომადგენელი ასწავლის, რომ სქესობრივი ურთიერთობები საძრახისია, ცოდვაა და რომ „პირველი ცოდვა“ ედემის ბაღში ევას მიერ ადამის შეცდენა იყო. ასეთი თვალსაზრისი ეწინააღმდეგება ღვთის შთაგონებით დაწერილი საღვთო წერილის სიტყვებს. ბიბლია პირველ წყვილს ‘ადამად და მის დედაკაცად’ მოიხსენიებს (დაბადება 2:25). ღვთის მითითებისამებრ, მათ შვილები უნდა ჰყოლოდათ: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:28). ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა, ღმერთს ადამისა და ევასთვის ებრძანებინა, შვილები ჰყოლოდათ, შემდეგ კი ამ დავალების შესრულების გამო დაესაჯა (ფსალმუნი 18:9).
4. რატომ მისცა ღმერთმა ადამიანებს სქესობრივი ურთიერთობის უნარი?
4 ჩვენი პირველი წინაპრებისთვის მიცემული მითითება, რომელიც შემდეგ ღმერთმა ნოესა და მის ვაჟებს გაუმეორა, გვიჩვენებს, თუ რა ძირითადი დანიშნულება აქვს სქესობრივ ურთიერთობას; ეს დანიშნულება შვილის ყოლაა (დაბადება 9:1). მაგრამ ბიბლია იმასაც ცხადყოფს, რომ ღვთის დაოჯახებულ მსახურებს არ მოეთხოვებათ, სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ შვილების გაჩენის მიზნით იქონიონ. ასეთმა ურთიერთობებმა შეიძლება სათანადოდ დააკმაყოფილოს ადამიანის ემოციური და ფიზიკური მოთხოვნილებები და დაქორწინებული წყვილისთვის სიამოვნების მომგვრელი იყოს. ამ ურთიერთობით ცოლ-ქმარი ერთმანეთისადმი დიდ სიყვარულს გამოხატავს (დაბადება 26:8, 9; იგავნი 5:18, 19; 1 კორინთელთა 7:3—5).
ღვთის მიერ დადგენილი შეზღუდვები
5. სქესობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით რა შეზღუდვები დაუდგინა ღმერთმა ადამიანებს?
5 თუმცა სექსი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, ამ საკითხში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მოქმედება არ შეიძლება. ეს პრინციპი ცოლ-ქმარსაც კი ეხება (ეფესელთა 5:28—30; 1 პეტრე 3:1, 7). ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობის დამყარება აკრძალულია. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლია საკმაოდ კონკრეტულია. ღვთის მიერ ისრაელებისთვის მიცემულ რჯულში აღნიშნული იყო: „არ იმრუშო“ (გამოსვლა 20:14). მოგვიანებით იესომ ‘მრუშობა’ და ‘სიძვა’ ‘ბოროტ ზრახვასთან’ გააიგივა, რომელიც კაცის გულიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს (მარკოზი 7:21, 22). მოციქული პავლე ღვთის შთაგონებით კორინთელ ქრისტიანებს აფრთხილებდა: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელთა 6:18). აგრეთვე პავლე ებრაელთა მიმართ წერილში წერდა: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (ებრაელთა 13:4).
6. ბიბლიაში რას მოიცავს სიტყვა „სიძვა“?
6 რას ნიშნავს სიტყვა „სიძვა“? ის ითარგმნა ბერძნული სიტყვიდან „პორნეია“, რომელიც ზოგჯერ დაუქორწინებელ ადამიანებს შორის სქესობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოიყენება (1 კორინთელთა 6:9). სხვაგან, მაგალითად, მათეს 5:32-სა და მათეს 19:9-ში ამ სიტყვას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს და ზემოხსენებულის გარდა მიუთითებს მრუშობაზე, სისხლის აღრევასა და სოდომიაზე. სხვა სახის სქესობრივი ურთიერთობები დაუქორწინებელ პირებს შორის — რომლებიც აგრეთვე „პორნეიაა“ — არის, მაგალითად, ორალური და ანალური სექსი, აგრეთვე სხვა ადამიანის სასქესო ორგანოების მანიპულირება. ყოველივე ამის გამკეთებლები ღვთის სიტყვაში განისჯებიან და ეს მოცემულია პირდაპირ განსჯის სახით ან განსჯა ნაგულისხმებია (ლევიანნი 20:10, 13, 15, 16; რომაელთა 1:24, 26, 27, 32)a.
სარგებლობა, რომელიც ღვთის რჯულის ზნეობრივი ნორმების დაცვას მოაქვს
7. რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას?
7 არასრულყოფილი ადამიანებისთვის სექსუალურ მოქმედებასთან დაკავშირებით იეჰოვას მიერ მოცემული მითითების დაცვა შეიძლება ადვილი არ იყოს. XII საუკუნის გამოჩენილი ებრაელი ფილოსოფოსი მაიმონიდი წერდა: „თორაში [მოსეს რჯულში] მოცემული არც ერთი აკრძალვა არ არის ისე ძნელი შესასრულებელი, როგორც აკრძალული კავშირები და უკანონო სქესობრივი ურთიერთობები“. მაგრამ ღვთის მოთხოვნების შესრულება დიდ სარგებლობას მოგვიტანს (ესაია 48:18). მაგალითად, ამ საკითხში მორჩილების გამოვლენა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან გვიცავს — დაავადებებისგან, რომელთაგან ზოგი არ იკურნება და შეიძლება სიკვდილის მიზეზიც კი გახდესb. გვიცავს აგრეთვე არასასურველი ორსულობისგან. ღვთიური სიბრძნის გამოყენება სუფთა სინდისის შენარჩუნებაშიც გვეხმარება. ასე მოქმედება საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გრძნობას გვიჩენს და ჩვენს მიმართ ამავე გრძნობას ანვითარებს სხვებშიც, მათ შორის ჩვენს ნათესავებში, მეუღლეში, შვილებში, ქრისტიან ძმებსა და დებში. ის სექსის მიმართ ჩვენში საღ, დადებით აზროვნებას ანვითარებს, რაც ბედნიერ ცოლქმრულ ცხოვრებას შეუწყობს ხელს. ერთი ქრისტიანი ქალი წერდა: „ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება საუკეთესო დამცავი საშუალებაა. ჯერ დაქორწინებული არა ვარ, მაგრამ, როდესაც გავთხოვდები, სიამაყით ვეტყვი მეუღლეს, რომ უბიწოება შევინარჩუნე“.
8. როგორ შეიძლება ჩვენმა უბიწო საქციელმა ხელი შეუწყოს წმინდა თაყვანისმცემლობას?
8 უბიწოების შენარჩუნებით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიმართ არასწორი შეხედულებების გასაქარწყლებლად და იმ ღმერთთან ხალხის მისაზიდად, რომელსაც ჩვენ ვცემთ თაყვანს. მოციქული პეტრე წერდა: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს“ (1 პეტრე 2:12). მაშინაც კი, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც იეჰოვას არ ემსახურებიან, ვერ ხედავენ ან არ იწონებენ ჩვენს უბიწო საქციელს, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა ხედავს, იწონებს და ხარობს კიდეც, როდესაც ჩვენ მისი მითითებების შესრულებას ვცდილობთ (იგავნი 27:11; ებრაელთა 4:13).
9. რატომ უნდა ვიყოთ დაჯერებული ღვთის მითითებების მართებულობაში, მაშინაც კი, როდესაც ბოლომდე ვერ ვხვდებით მათი მოცემის მიზეზებს? მოიყვანეთ თვალსაჩინო მაგალითი.
9 ღვთისადმი რწმენა იმაში დაჯერებულობასაც ნიშნავს, რომ ღმერთმა იცის, თუ რა არის ჩვენთვის საუკეთესო. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც კი, როდესაც ბოლომდე ვერ ვხვდებით, რატომ წარგვმართავს ის ამა თუ იმ სახით. განვიხილოთ მოსეს რჯულიდან ერთი მაგალითი. მტრის წინააღმდეგ ლაშქრობების შესახებ ერთ-ერთი კანონი ბანაკის გარეთ ექსკრემენტების დამარხვასაც ეხებოდა (მეორე რჯული 23:13, 14). შეიძლება ისრაელებისთვის გაუგებარი იყო, რატომ მისცა მათ ღმერთმა ასეთი მითითება; ზოგი, შესაძლოა, ამის აუცილებლობას ვერ ხედავდა. მაგრამ მოგვიანებით მედიცინამ აღიარა, რომ ეს კანონი წყალს დაბინძურებისგან, ხოლო ისრაელებს მრავალი ისეთი დაავადებისგან იცავდა, რომელთა გადამტანები მწერები იყვნენ. მსგავსად ამისა, არსებობს სულიერი, სოციალური, ემოციური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მიზეზები იმისა, თუ რატომ შემოფარგლავს ღმერთი სქესობრივ ურთიერთობას ქორწინებით. ახლა კი განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი იმ ადამიანთა შესახებ, რომლებმაც ზნეობრივი სიწმინდე შეინარჩუნეს.
იოსები — ზნეობრივად წმინდა საქციელისთვის კურთხეული
10. ვინ ცდილობდა იოსების შეცდენას და რა უპასუხა მან?
10 ალბათ, თქვენთვის უცნობი არ არის იოსების, იაკობის ძის, ბიბლიური მაგალითი. 17 წლის იოსები ფოტიფარის, ეგვიპტის ფარაონის პირად მცველთა უფროსის, მონა იყო. იეჰოვამ აკურთხა ის და ცოტა ხნის შემდეგ ფოტიფარმა თავისი სახლის ზედამხედველად დანიშნა. დაახლოებით 20 წლის იოსები „მშვენიერი იყო. . . თვალად და ტანად“. მან ფოტიფარის ცოლის ყურადღება მიიპყრო და ეს უკანასკნელი მის შეცდენას ცდილობდა. იოსებმა ქალს ნათლად დაანახვა თავისი პოზიცია და განუმარტა, რომ მისი სურვილისამებრ მოქმედება არა მარტო ფოტიფარის ღალატი, არამედ ‘ღვთის წინაშე ცოდვაც’ იქნებოდა. რატომ ფიქრობდა იოსები ასე? (დაბადება 39:1—9).
11, 12. რატომ უნდა ემსჯელა იოსებს ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მეძაობისა და მრუშობის ამკრძალავი წერილობითი კანონი?
11 როგორც ჩანს, იოსების გადაწყვეტილება არ იყო იმის შიშზე დაფუძნებული, რომ ადამიანთაგან ვინმე შეიტყობდა მის უზნეო საქციელს. ოჯახი მისგან საკმაოდ შორს იყო, ხოლო მამა მკვდრად მიიჩნევდა. თუ იოსები სქესობრივ უზნეობას ჩაიდენდა, მისი ოჯახი ამას ვერასოდეს გაიგებდა. ამას, ალბათ, ვერც ფოტიფარი და მისი მამაკაცი მსახურები შეამჩნევდნენ, რადგან ზოგჯერ ისინი სახლში არ იყვნენ (დაბადება 39:11). მაგრამ იოსებმა იცოდა, რომ ასეთი საქციელი ღვთისთვის არ დარჩებოდა შეუმჩნეველი.
12 იოსები, ალბათ, იმის საფუძველზე მსჯელობდა, რაც უკვე იცოდა იეჰოვას შესახებ. ეჭვგარეშეა, მან იცოდა იეჰოვას სიტყვები, რომლებიც ედემის ბაღში წარმოითქვა: „ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბადება 2:24). აგრეთვე იოსებისთვის უცნობი არ იქნებოდა, თუ რა უთხრა იეჰოვამ ფილისტიმელ მეფეს, რომელიც იოსების დიდი ბებიის, სარას, შეცდენას აპირებდა: „მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი. . . ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს“ (დაბადება 20:3, 6). ასე რომ, თუმცა ჯერ კიდევ არ არსებობდა წერილობითი სახით იეჰოვას რჯული, ქორწინებასთან დაკავშირებით მისი თვალსაზრისი აშკარა იყო. იოსებს თავისმა ზნეობრივმა კრედომ და იეჰოვასათვის სიამოვნების მინიჭების სურვილმა ათქმევინა უარი უზნეობის ჩადენაზე.
13. როგორც ჩანს, რატომ არ შეეძლო იოსებს ფოტიფარის ცოლთან შეხვედრის თავიდან არიდება?
13 მაგრამ ფოტიფარის ცოლი თავისას არ იშლიდა და „ყოველდღე ელაპარაკებოდა“, რომ მასთან დაწოლილიყო. რატომ არ არიდებდა თავს იოსები ამ ქალთან შეხვედრას? როგორც მონას, მას გარკვეული დავალებების შესრულება ევალებოდა, რის გამოც სიტუაციის შეცვლა არ შეეძლო. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაკეთებული დასკვნების თანახმად, ეგვიპტელთა სახლები ისე იყო ნაგები, რომ საკუჭნაომდე მისვლა მხოლოდ სახლის ძირითადი ნაწილის გავლით შეიძლებოდა. ამიტომ იოსებისთვის შეუძლებელი იქნებოდა თავისი ბატონის ცოლთან შეხვედრის თავიდან არიდება (დაბადება 39:10).
14. ა) რა გადახდა თავს იოსებს მას შემდეგ, რაც ფოტიფარის ცოლს გაექცა? ბ) როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ ერთგულებისთვის იოსები?
14 ერთხელაც დადგა დღე, როდესაც ისინი სახლში მარტო დარჩნენ. ფოტიფარის ცოლი ჩაებღაუჭა იოსებს და უთხრა: „დაწექი ჩემთან!“ იოსები გაიქცა. ამით შეურაცხყოფილმა ქალმა იოსები გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა. რა მოჰყვა ამას შედეგად? მაშინვე დააჯილდოვა იეჰოვამ იოსები ასე პატიოსნად მოქმედებისთვის? არა. იოსები საპყრობილეში ჩააგდეს და ფეხებზე ბორკილები დაადეს (დაბადება 39:12—20; ფსალმუნი 104:18). იეჰოვამ დაინახა ეს უსამართლობა და, საბოლოოდ, იოსები ციხიდან სასახლეში გადაიყვანა. ის ფარაონის შემდეგ პირველი კაცი გახდა მთელ ეგვიპტეში; ღმერთმა ეს ახალგაზრდა მამაკაცი ცოლ-შვილითაც აკურთხა (დაბადება 41:14, 15, 39—45, 50—52). გარდა ამისა, იოსების მიერ უმწიკვლობის შენარჩუნების შესახებ ეს ცნობა 3 500 წლის წინათ საღვთო წერილში ჩაიწერა, რათა ღვთის ყველა მსახური დაფიქრებულიყო ამაზე. რა შესანიშნავი ჯილდო მიიღო იოსებმა ღვთის სამართლიანი კანონებისადმი ერთგულებისთვის! მსგავსად ამისა, დღეს ჩვენ შეიძლება ყოველთვის დაუყოვნებლივ ვერ დავინახოთ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებით მოტანილი სარგებლობა, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა ხედავს და თავის დროზე აკურთხებს ჩვენს ასეთ ქმედებას (მეორე ნეშტთა 16:9).
აღთქმა, რომელიც იობმა ‘თავის თვალებს მისცა’
15. რა ‘აღთქმა მისცა’ იობმა ‘თავის თვალებს’?
15 უმწიკვლობის შენარჩუნების სხვა მაგალითი იობმა მოგვცა. სატანის მიერ მის თავს დატეხილი უბედურებების ჟამს იობმა გადახედა საკუთარ ცხოვრებას და განაცხადა, რომ მზად იყო სასტიკად დასჯილიყო იმ შემთხვევაში, თუ რამით მაინც, და მათ შორის სქესობრივი ურთიერთობის მორალის უგულებელყოფით, დაერღვიოს იეჰოვას პრინციპები. მან თქვა: „აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა“ (იობი 31:1). ამ სიტყვებით იობს იმის თქმა სურდა, რომ ღვთის წინაშე უმწიკვლობის შენარჩუნების მიზნით, გადაწყვეტილი ჰქონდა, არათუ არ ემრუშა, არამედ ქალს ნდომითაც კი არ მისჩერებოდა. რა თქმა უნდა, იობი ყოველდღე დაინახავდა ქალებს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა კიდეც, მაგრამ ის მათ იმ გაგებით არ შეხედავდა, რომ მათ მიმართ რომანტიკული გრძნობები განვითარებოდა. გაჭირვებაში ჩავარდნამდე იობი დიდი სიმდიდრის პატრონი, „აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო“ (იობი 1:3). მაგრამ მას თავისი სიმდიდრე ქალების მოსახიბლად არ გამოუყენებია. ცხადია, მას არასოდეს ჰქონია იმის სურვილი, რომ ახალგაზრდა ქალებთან უკანონო სქესობრივი კავშირით გაერთო თავი.
16. ა) რატომ არის იობის მაგალითი დიდებული დაქორწინებული ქრისტიანებისთვის? ბ) როგორ განსხვავდებოდა მალაქიას დროს მცხოვრებ მამაკაცთა საქციელი იობის საქციელისგან და რა შეიძლება ითქვას დღევანდელობაზე?
16 ამგვარად, გაჭირვებისა თუ ლხინის ჟამს, იობი ყოველთვის ზნეობრივ სიწმინდეს ინარჩუნებდა. იეჰოვას არ გამორჩენია ეს და უხვად აკურთხა თავისი მსახური (იობი 1:10; 42:12). რა დიდებული მაგალითი მისცა იობმა დაქორწინებულ ქრისტიანებს, როგორც კაცებს, ისე ქალებს! გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას ძალიან უყვარდა ის! ამის საპირისპიროდ, დღეს ბევრი იქცევა მალაქიას დროს მცხოვრებთა მსგავსად. წინასწარმეტყველი მრავალ მამაკაცს კიცხავდა იმისათვის, რომ ტოვებდნენ თავიანთ ცოლებს, რისი მიზეზიც ხშირად ახალგაზრდებზე დაქორწინების სურვილი იყო. იეჰოვას სამსხვერპლო ქმრებისგან მიტოვებული ცოლების ცრემლებით ირწყვებოდა; ამიტომაც ღმერთმა მსჯავრი დასდო მათ, ვინც ‘ღალატობდა’ თავის მეუღლეს (მალაქია 2:13—16).
უმწიკვლო ქალიშვილი
17. რით ჰგავდა სულამითი ‘დახშულ ბაღს’?
17 უმწიკვლობის დამცველი მესამე ადამიანი გასათხოვარი სულამითი იყო. ამ ახალგაზრდა, მომხიბვლელმა ქალიშვილმა არა მარტო მწყემსის, არამედ ისრაელის მდიდარი მეფის, სოლომონის, ყურადღებაც მიიპყრო. „ქებათა-ქებაში“ მოცემულ მთელ საუცხოო ისტორიაში სულამითი უმწიკვლობას ინარჩუნებს და, ამგვარად, ირგვლივ მყოფთა პატივისცემას იმსახურებს. სოლომონმა, მიუხედავად იმისა, რომ სულამითმა უარყო იგი, ღვთის შთაგონებით დაწერა ეს ამბავი. ამ ქალიშვილის სიწმინდეს მისთვის საყვარელი მწყემსიც აფასებდა. ერთხელ სიმღერაში მან ქალწული ‘დახშულ ბაღს’ შეადარა (ქებათა-ქება 4:12). ძველ დროს ისრაელის თვალწარმტაც ბაღებში საოცრად ლამაზი სხვადასხვაგვარი მცენარეულობა, სურნელოვანი ყვავილები და დიდი ხეები იზრდებოდა. ასეთ ბაღებს, ჩვეულებრივ, ცოცხალი ღობე ან კედლები ჰქონდა შემოვლებული და მასში მხოლოდ საკეტიანი კარის გავლით შეიძლებოდა შესვლა (ესაია 5:5). მწყემსისთვის სულამითის ზნეობრივი სიწმინდე და მშვენიერება იშვიათი სილამაზის მქონე ბაღის მსგავსი იყო. ეს ქალიშვილი აბსოლუტურად უბიწო იყო. მისი ნაზი გრძნობები მხოლოდ მომავალი ქმრისთვის იყო განკუთვნილი.
18. რას შეგვახსენებს იოსებზე, იობსა და სულამითზე ცნობები?
18 სულამითმა დღევანდელ ქრისტიან ქალებს ზნეობრივი სიწმინდის შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა. იეჰოვამ დაინახა და დააფასა სულამითის უბიწობა და ისიც ისევე აკურთხა, როგორც იოსები და იობი. მათი უმწიკვლობის მაგალითები ღვთის სიტყვაში ჩვენს სახელმძღვანელოდ არის ჩაწერილი. თუმცა უმწიკვლობის შესანარჩუნებლად ჩვენ მიერ გამოვლენილი ძალისხმევის შესახებ ბიბლიაში არ იწერება, იეჰოვას აქვს „სამახსოვრო წიგნი“, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც მისი ნების შესრულებას ცდილობს. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იეჰოვა „ყურს უგდებს“ და ხარობს, როდესაც ჩვენ ერთგულად ვცდილობთ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას (მალაქია 3:16).
19. ა) როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ზნეობრივ სიწმინდეზე? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 მიუხედავად იმისა, რომ ურწმუნოები შეიძლება დაგვცინოდნენ, ჩვენ გვსიამოვნებს ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედისადმი მორჩილება. ჩვენ მაღალი ზნეობრივი ნორმები, ღვთიური ზნეობა, გვაქვს. ამით შეიძლება ადამიანმა იამაყო; ამას უნდა გაუფრთხილდე! ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებისთვის ღმერთი გვაკურთხებს და მარადიული ცხოვრების ბრწყინვალე იმედსაც არ დავკარგავთ. მაგრამ პრაქტიკულად რის გაკეთება შეგვიძლია ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად? ამ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს მომდევნო სტატია გაგვცემს.
[სქოლიოები]
a იხილეთ 1983 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29—31, (ინგლ.).
b სამწუხაროდ, არის სიტუაციები, როდესაც უდანაშაულო ქრისტიანი ურწმუნო მეუღლისგან (რომელიც ღვთის მითითებებს არ იცავს) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ავადდება.
-
-
თქვენ შეგიძლიათ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებასაგუშაგო კოშკი — 2000 | 1 ნოემბერი
-
-
თქვენ შეგიძლიათ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება
„ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3).
1. რა მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება დღეს ადამიანთა მოქმედებებს შორის?
დიდი ხნის წინათ მალაქია ღვთის შთაგონებით წინასწარმეტყველებდა იმ დროზე, როდესაც ღვთის ხალხის მოქმედება რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა სხვა ხალხის მოქმედებისგან. წინასწარმეტყველი წერდა: „კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს“ (მალაქია 3:18). ეს წინასწარმეტყველება დღეს სრულდება. ღვთის მითითებების, და მათ შორის ზნეობრივი სიწმინდის შესახებ მოთხოვნის, შესრულება გონივრული და მართებულია ჩვენთვის, მაგრამ ეს ყოველთვის ადვილი არ არის. იესომ, არცთუ უსაფუძვლოდ, აღნიშნა, რომ ხსნისთვის ქრისტიანებს განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდებოდათ (ლუკა 13:23, 24).
2. გარემოს რა ზემოქმედება უძნელებს ზოგს ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებას?
2 რატომ არის ძნელი ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება? ერთ-ერთი მიზეზი გარემოს ზემოქმედებაა. შოუ-ბიზნესი უკანონო სქესობრივ კავშირს რომანტიკულ, სასიამოვნო და მოწიფულობის მაჩვენებელ რამედ წარმოგვიდგენს, მაშინ როდესაც, ფაქტობრივად, მის უარყოფით შედეგებს უგულებელყოფს (ეფესელთა 4:17—19). წარმოდგენილ ინტიმურ ურთიერთობათა უმეტესობა დაუქორწინებელ წყვილებს შორის ხდება. ხშირად კინოთეატრებსა და სატელევიზიო გადაცემებში აჩვენებენ სცენებს, სადაც სქესობრივი კავშირები წარმოდგენილია ისეთ კავშირებად, რომლებიც წყვილთაგან არც ერთს არავითარ პასუხისმგებლობას არ აკისრებს. ჩვეულებრივ, წყვილებს არა აქვთ თბილი დამოკიდებულება და ურთიერთპატივისცემა. მრავალი ასეთ კადრებს ბავშვობიდან უყურებს. გარდა ამისა, არსებობს საზოგადოების ზეგავლენაც იმ მხრივ, რომ უნდა იმოქმედო დღევანდელი ყველაფერზე ნების დამრთველი ზნეობრივი ატმოსფეროს შესაბამისად. მათ კი, რომლებიც ასე არ იქცევიან, ზოგჯერ დასცინიან ან სიტყვიერ შეურაცხყოფასაც კი აყენებენ (1 პეტრე 4:4).
3. რომელია ზოგი ის მიზეზი, რის გამოც წუთისოფელში ბევრი სჩადის უზნეობას?
3 შინაგანი ბრძოლაც აძნელებს ზნეობრივი სიწმინდის დაცვას. ადამიანებში იეჰოვას მიერაა ჩადებული სექსუალური ლტოლვა, რომელიც შეიძლება ძალზე ძლიერი იყოს. ეს ლტოლვა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე, ხოლო უზნეობა დაკავშირებულია ისეთ აზროვნებასთან, რომელიც იეჰოვას აზრებს არ შეესაბამება (იაკობი 1:14, 15). მაგალითად, „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის“ არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელ ნომერში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, მრავალს სქესობრივი კავშირი პირველად მხოლოდ იმისთვის ჰქონდა, რომ ენახა, თუ როგორი იყო სექსი. სხვები კი დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი ასაკის ახალგაზრდების უმეტესობა სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა და ამიტომაც თავადაც არ სურდათ უბიწობის შენარჩუნება. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც თქვეს, რომ იმ დროს გრძნობებს აჰყვნენ ან ოდნავ ნასვამები იყვნენ. ჩვენ კი, თუ გვსურს, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, სხვაგვარად უნდა ვიაზროვნოთ. როგორი აზროვნება დაგვეხმარება ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში?
მყარი შეხედულების განვითარება
4. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზნეობრივი სიწმინდე შევინარჩუნოთ?
4 ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად საჭიროა გვესმოდეს, რომ ამგვარი ცხოვრების წესი ღირს ძალიხმევად. ეს აზრი შეესაბამება რომაელი ქრისტიანებისთვის პავლეს მიერ მიწერილ სიტყვებს: ‘შეიცანით, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი’ (რომაელთა 12:2). იმის შეგნება, რომ ზნეობრივი სიწმინდე ღირს ძალისხმევად, უფრო მეტის მომცველია, ვიდრე მხოლოდ იმის ცოდნა, რომ უზნეობას ღვთის სიტყვა განსჯის. მასში შედის იმ მიზეზების გაგება, თუ რატომ განისჯება უზნეობა და რა სარგებლობა მოაქვს მისგან თავის არიდებას. ამ მიზეზთაგან ზოგი წინა სტატიაში იყო განხილული.
5. ძირითადად, რატომ უნდა შეინარჩუნონ ქრისტიანებმა ზნეობრივი სიწმინდე?
5 ფაქტობრივად, ქრისტიანები უზნეობას, ძირითადად, ღმერთთან ურთიერთობიდან გამომდინარე ერიდებიან. ჩვენ გვესმის, რომ მან იცის, თუ რა არის ჩვენთვის საუკეთესო. ღვთის სიყვარული არასწორი მოქმედების შეძულებაში დაგვეხმარება (ფსალმუნი 96:10). ღმერთია ‘ყველა კეთილი საბოძვარისა და ყველა სრულყოფილი ნიჭის’ მომცემი (იაკობი 1:17). მას ვუყვარვართ. მისადმი მორჩილებით ცხადვყოფთ, რომ ჩვენც გვიყვარს ის და ვაფასებთ ყველაფერს, რასაც გვიკეთებს (1 იოანე 5:3). დაე არასოდეს გავუმტყუნოთ იეჰოვას იმედი და არასოდეს ვატკინოთ გული მისი სამართლიანი მითითებების შეუსრულებლობით (ფსალმუნი 77:41, [78:41], აქ). არასოდეს ვიმოქმედოთ ისეთნაირად, რომ ამის გამო მისი წმინდა და სამართლიანი თაყვანისმცემლობა იგმობოდეს (ტიტე 2:5; 2 პეტრე 2:2). ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებით უზენაესი პიროვნების გულს ვახარებთ (იგავნი 27:11).
6. როგორ გვეხმარება სხვებისთვის ჩვენი ზნეობრივი ნორმების გაცნობა?
6 ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნების შესახებ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის თანახმად მოქმედებაში სხვებისთვის ამ გადაწყვეტილების გაზიარება შეგიწყობთ ხელს. დაე ყველამ იცოდეს, რომ თქვენ იეჰოვა ღმერთის მსახური ხართ და მისი მაღალი ზნეობრივი ნორმების შესაბამისად მოქმედების გაგრძელებას აპირებთ. საქმე თქვენს ცხოვრებასა და თქვენს სხეულს ეხება; ეს თქვენი არჩევანია. რა წყდება ამით? ზეციერ მამასთან თქვენი ურთიერთობის საკითხი, რაც ძალზე ძვირფასია. ასე რომ, ყველასთვის ცხადი გახადეთ, რომ ზნეობრივი უმწიკვლობის საკითხში კომპრომისზე არ მიდიხართ. გეამაყებოდეთ ღვთის პრინციპების დაცვა და ამგვარი მოქმედებით მის წარმომადგენლად ყოფნა (ფსალმუნი 63:11). არასოდეს შეგრცხვეთ, რომ სხვებთან თქვენი ზნეობრივი მრწამსის შესახებ ისაუბროთ. ამ მრწამსის ხმამაღლა გამოთქმას შეუძლია განგამტკიცოთ და დაგიცვათ თქვენ, სხვები კი თქვენი მაგალითის მისაბაძად აღძრას (1 ტიმოთე 4:12).
7. როგორ შეგვიძლია ზნეობრივ სიწმინდესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შენარჩუნება?
7 მას შემდეგ, რაც მაღალი ზნეობრივი ნორმების შენარჩუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეთ და თქვენი პოზიცია სხვებსაც გააცანით, ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად ზომების მიღებაა საჭირო. ერთ-ერთი საშუალება მეგობრების საგულდაგულოდ შერჩევაა. „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება“, — ამბობს ბიბლია. იმეგობრეთ მათთან, რომლებიც ისეთივე ზნეობრივი ნორმების შესაბამისად ცხოვრობენ, როგორი ნორმებითაც თქვენ ცხოვრობთ; ასეთი მეგობრები განგამტკიცებენ. საღვთო წერილის ეს მუხლი იმასაც ამბობს, რომ „ბრიყვთა მეგობარი . . . გაუბედურდება“ (იგავნი 13:20). შესაძლებლობისამებრ ეცადეთ, მოერიდოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება მოგასუსტონ თქვენი გადაწყვეტილების შესრულებაში (1 კორინთელთა 15:33).
8. ა) რატომ უნდა ვასაზრდოოთ გონება საღი „საკვებით“? ბ) რას უნდა მოვერიდოთ?
8 გარდა ამისა, საჭიროა გონება ვკვებოთ იმით, რაც ჭეშმარიტია, პატიოსანია, სამართლიანია, წმიდაა, საყვარელია, საქებარია, სათნო და ქებულია (ფილიპელთა 4:8). ამისათვის საჭიროა გონივრულად შევარჩიოთ ის, თუ რას ვუყურებთ და რას ვკითხულობთ და რა მუსიკას ვუსმენთ. იმის თქმა, რომ უზნეობით გამორჩეული ლიტერატურა გამხრწნელ გავლენას არ ახდენს, იგივე იქნებოდა, რომ გვეთქვა, ზნეობრივი სიწმინდით გამორჩეულ ლიტერატურას დადებითი გავლენა არა აქვსო. გახსოვდეთ, არასრულყოფილმა ადამიანებმა ძალიან ადვილად შეიძლება უზნეობა ჩაიდინონ. ასე რომ, სექსუალური გრძნობების აღმძვრელმა წიგნებმა, ჟურნალებმა, ფილმებმა და მუსიკამ შეიძლება ადამიანში ცუდი სურვილები წარმოშვას და, საბოლოოდ, ცოდვა ჩაადენინოს. ზნეობრივი სიწმინდის შესანარჩუნებლად გონება ღვთიური სიბრძნით უნდა ვასაზრდოოთ (იაკობი 3:17).
უზნეობამდე მიმყვანი ნაბიჯები
9—11. სოლომონის ცნობის თანახმად, რომელმა ნაბიჯებმა მიიყვანა ერთი ბიჭი უზნეობამდე?
9 ხშირად უზნეობამდე მიმყვანი ნაბიჯები ძნელად ამოსაცნობი არ არის. ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი კი უკან დაბრუნებას ართულებს. დააკვირდით, როგორ აღწერს ამას იგავნის 7:6—23. სოლომონი ხედავს «ჭკუათხელ [„უგულო“, აქ]», კეთილ მოტივებს მოკლებულ ბიჭს. ეს ახალგაზრდა „ქუჩაში მიდიოდა, იმის [მეძავის] კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა. მიმწუხრზე, დღის მიწურულზე“. ეს არის მისი პირველი შეცდომა. მიმწუხრზე ‘გულმა’ ის სხვაგან კი არ წაიყვანა, არამედ სწორედ იმ ქუჩისკენ, სადაც, როგორც უკვე იცოდა, ჩვეულებრივ, მეძავები იყვნენ.
10 შემდეგ ვკითხულობთ: „აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი“. ბიჭი უკვე ხედავს ამ ქალს! მას შეუძლია მიბრუნდეს და სახლში წავიდეს, მაგრამ ამის გაკეთება ახლა უფრო ძნელია, ვიდრე ადრე; ამას კი განსაკუთრებით მისი ზნეობრივი სისუსტე ართულებს. ქალი მკლავებში იქცევს მას და კოცნის. ბიჭი, რომელმაც ქალს კოცნის საშუალება მისცა, ახლა უკვე მის მაცდურ სიტყვებს ისმენს: „სამადლობელი მსხვერპლი მქონდა შესაწირავი, — ამბობს ის, — დღეს გადვიხადეო საღმრთო“. სამადლობელ მსხვერპლში ხორცი, ფქვილი, ზეთი და ღვინო შედიოდა (ლევიანნი 19:5, 6; 22:21; რიცხვნი 15:8—10). ამის მოხსენიებით მეძავი შეიძლება ბიჭს გადაკვრით ეუბნებოდა, რომ მას არ აკლდა სულიერობა და, ამავე დროს, იმაზეც მიანიშნებდა, რომ სახლში ბევრი კარგი საჭმელ-სასმელი ელოდათ. „წამო, — ეხვეწება ის, — დილამდე დავთვრეთ სიყვარულით, ალერსით ვინეტაროთ“.
11 ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას. ქალმა „ლაქარდიანი ენით შეიტყუა“ ბიჭი. ის კი მიჰყვა „როგორც დასაკლავი ხარი“ და „როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის“. სოლომონი ამ ამბის თხრობას გამომაფხიზლებელი სიტყვებით ამთავრებს: „არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს“. აქ ლაპარაკია სიცოცხლეზე, იმიტომ რომ „მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განსჯის“ (ებრაელთა 13:4, სსგ). რა კარგი გაკვეთილია ეს როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის! საჭიროა ისეთ ბილიკებზე პირველივე ნაბიჯების გადადგმისგანაც კი შევიკავოთ თავი, რომლებიც იქამდე მიგვიყვანდა, რომ ღმერთს მსჯავრი დაედო ჩვენთვის.
12. ა) რას ნიშნავს გამოთქმა „უგულო“? ბ) როგორ შეგვიძლია ზნეობრივი სიმტკიცის განვითარება?
12 შენიშნეთ, რომ მოხსენიებული ახალგაზრდა „უგულო“ იყო. ეს სიტყვა გვეუბნება, რომ მისი აზრები, სურვილები, მისწრაფებები, ემოციები და ცხოვრების მიზნები არ იყო ღვთისმოსაწონი. ზნეობრივმა სისუსტემ ის ტრაგიკულ შედეგამდე მიიყვანა. ამ საზარელ „უკანასკნელ დღეებში“ ზნეობრივი სიმტკიცის განვითარებას ძალისხმევა სჭირდება (2 ტიმოთე 3:1). ღმერთი ზრუნავს ჩვენს დასახმარებლად. ის ქრისტიანული კრების შეხვედრებით გვამხნევებს სიმართლის ბილიკებზე სიარულისას და საშუალებას გვაძლევს, ურთიერთობა გვქონდეს ისეთივე მიზნების მქონე ადამიანებთან, როგორიც ჩვენ გვაქვს (ებრაელთა 10:24, 25). იქ არიან კრების უხუცესები, რომლებიც გვმწყემსავენ და სამართლიანობის გზებზე სიარულს გვასწავლიან (ეფესელთა 4:11, 12). სახელმძღვანელოდ გვაქვს ღვთის სიტყვა, ბიბლია (2 ტიმოთე 3:16). გარდა ამისა, ნებისმიერ დროს გვაქვს იმაზე ლოცვის შესაძლებლობა, რომ ღმერთი სულიწმიდის მეშვეობით დაგვეხმაროს (მათე 26:41).
დავითის ცოდვები გაკვეთილი იყოს ჩვენთვის
13, 14. როგორ ჩაიდინა დავითმა დიდი ცოდვა?
13 სამწუხაროდ, ღვთის სამაგალითო მსახურებიც კი სჩადიოდნენ სქესობრივ უზნეობას. ერთ-ერთი მათგანი მეფე დავითი იყო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. ეჭვგარეშეა, მას ძალიან უყვარდა ღმერთი, მაგრამ ცოდვაში ჩაეფლო. როგორც სოლომონის მიერ აღწერილი ბიჭის შემთხვევაში, დავითიც გარკვეული ნაბიჯების გადადგმამ მიიყვანა ცოდვის ჩადენამდე და შემდეგ საქმის კიდევ უფრო გართულებამდე.
14 დავითი მაშინ შუახნის, შესაძლოა 50-ს გადაცილებული, იყო, როდესაც ბანიდან მობანავე მშვენიერი ბარშებაყი დაინახა. დავითმა იკითხა და გაიგო, ვინ იყო ეს ქალი. შეიტყო, რომ მისი ქმარი, ურია, ამონელთა ქალაქის, რაბას, ალყაში მომქცევთა შორის იბრძოდა. დავითმა ქალის სასახლეში მიყვანა ბრძანა, შემდეგ კი მასთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით მდგომარეობა გართულდა — ქალი დავითისგან დაორსულდა. მეფემ ომიდან გამოიწვია ურია იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი ღამეს ცოლთან გაატარებდა. ამგვარად, ყველას ეგონებოდა, რომ ბარშებაყს ბავშვი მისგან ეყოლებოდა. მაგრამ ურია სახლში არ მისულა. აწრიალებულმა დავითმა ცოდვის დასაფარავად ურია რაბაში დააბრუნა და თან სარდალთან წერილი გაატანა, რომელშიც ეწერა, რომ ეს კაცი ბრძოლაში ისეთ ადგილას გაემწესებინათ, სადაც სიკვდილი არ ასცდებოდა. ამგვარად გამოესალმა ურია სიცოცხლეს, ხოლო დავითმა მისი ქვრივი ცოლად შეირთო და ეს გააკეთა მანამ, სანამ ქალის ორსულობა გამოაშკარავდებოდა (მეორე მეფეთა 11:1—27).
15. ა) როგორ გამოაშკარავდა დავითის ცოდვა? ბ) როგორი იყო ნათანის მხილებაზე დავითის რეაქცია?
15 დავითის მიერ ცოდვის მისაჩქმალავად შედგენილი გეგმა თითქოს წარმატებით განხორციელდა. გავიდა თვეები და ბავშვი, ბიჭი, დაიბადა. თუ დავითი 31-ე ფსალმუნის წერისას ამ შემთხვევაზე ფიქრობდა, გასაგებია, ასე ძალიან რატომ ქენჯნიდა სინდისი (ფსალმუნი 31:3—5). ჩადენილი ცოდვა ღმერთს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ბიბლია ამბობს: „არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა“ (მეორე მეფეთა 11:27). იეჰოვამ მეფეს წინასწარმეტყველი ნათანი მიუგზავნა, რომელმაც შესანიშნავად დაანახვა, თუ რა ჩაიდინა. დავითმა მაშინვე აღიარა დანაშაული და იეჰოვას მიტევება სთხოვა. ამ ჭეშმარიტ მონანიებას ღმერთთან შერიგება მოჰყვა (მეორე მეფეთა 12:1—13). დავითი მხილებას არ გაუნაწყენებია. ამ საკითხისადმი მისი დამოკიდებულება ფსალმუნის 140:5-შია აღწერილი: „დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს“.
16. შეცოდებასთან დაკავშირებით რა გაფრთხილება და რჩევა მოგვცა სოლომონმა?
16 სოლომონი, დავითისა და ბარშებაყის მეორე ვაჟი, შეიძლება მამის ცხოვრების ამ შავბნელ ეპიზოდზე ფიქრობდა, როდესაც მოგვიანებით წერდა: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავნი 28:13). თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, ყურად უნდა ვიღოთ ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სიტყვები, რომლებიც გაფრთხილებაცაა და რჩევაც. ყველაფერი უნდა ვაღიაროთ იეჰოვას წინაშე და დახმარებისთვის კრების უხუცესებს მივმართოთ. უხუცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება ხომ შემცოდველთათვის გამოსწორებაში დახმარების აღმოჩენაა (იაკობი 5:14, 15).
ცოდვის შედეგები
17. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ცოდვებს გვპატიებს, რისგან არ გვიფარავს ის?
17 იეჰოვამ დავითს ცოდვა მიუტევა. რატომ? იმიტომ რომ ის ალალ-მართალი და სხვების მიმართ გულმოწყალე კაცი იყო; აგრეთვე იმიტომ, რომ დავითი ნამდვილად ინანიებდა. მიუხედავად ამისა, ის ღმერთს არ დაუფარავს იმ საშინელი შედეგებისგან, რომლებიც ყოველივე ამას მოჰყვა (მეორე მეფეთა 12:9—14). ასევეა დღესაც. იეჰოვა მომნანიებელ ადამიანს უბედურებას არ ატეხს თავს, მაგრამ არც იმ შედეგებისგან იცავს, რომლებიც მათ ცუდ საქმეებს მოჰყვება (გალატელთა 6:7). სქესობრივი უზნეობის შედეგებს შორის შეიძლება იყოს გაყრა, არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება და ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა.
18. ა) პავლეს რჩევის თანახმად, როგორ უნდა მოქცეოდა კორინთის კრება საშინელი სქესობრივი უზნეობის ჩამდენს? ბ) როგორ ავლენს იეჰოვა სიყვარულსა და გულმოწყალებას შემცოდველთა მიმართ?
18 როდესაც სერიოზულ შეცდომას ვუშვებთ, ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად გამოწვეული სირთულეების გამო ადვილად შეიძლება ძალა გამოგვეცალოს. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავუშვათ, რომ არ მოვინანიოთ და ღმერთს არ შევურიგდეთ. პირველ საუკუნეში პავლე კორინთელებს სწერდა, რომ კრებიდან მოეკვეთათ ის მამაკაცი, რომელიც სისხლის აღრევით სცოდავდა (1 კორინთელთა 5:1, 13). მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ კაცმა მთელი გულით მოინანია, პავლემ კრება დაარიგა: „აპატიეთ და ნუგეში ეცით. . . სიყვარული გამოიჩინეთ მის მიმართ“ (2 კორინთელთა 2:5—8). ღვთის შთაგონებით დაწერილ ამ რჩევაში მომნანიებელი ცოდვილებისადმი იეჰოვას სიყვარულსა და გულმოწყალებას ვხედავთ. ზეცაში ანგელოზები ხარობენ, როდესაც შემცოდველები ინანიებენ (ლუკა 15:10).
19. რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს არასწორი მოქმედების გამო სათანადოდ დამწუხრებამ?
19 მართალია, ცუდი საქციელი გვამწუხრებს, მაგრამ სინანული, რომელსაც ამ დროს ვგრძნობთ, ‘ბოროტისკენ მიქცევისგან’ გვიცავს (იობი 36:21). მართლაც, ცოდვის მწარე შედეგებმა უნდა შეგვაჩეროს, რათა არასოდეს გავიმეოროთ იგი. უფრო მეტიც, დავითმა ცოდვის ჩადენის შედეგად მიღებული მწარე გამოცდილება სხვების დასარიგებლად გამოიყენა. მან თქვა: „ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან“ (ფსალმუნი 50:15).
ბედნიერება იეჰოვასთვის მსახურებას მოაქვს
20. რა სარგებლობა მოაქვს ღვთის სამართლიანი მოთხოვნებისადმი მორჩილებას?
20 „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას“, — თქვა იესომ (ლუკა 11:28). ღვთის სამართლიანი მოთხოვნებისადმი მორჩილებას ბედნიერება მოაქვს ახლა, ხოლო მომავალში — მარადიული სიცოცხლე. თუ ზნეობრივი სიწმინდე დღემდე შევინარჩუნეთ იეჰოვას მიერ ჩვენ დასახმარებლად უზრუნველყოფილი ყველა ღონისძიების გამოყენებით, დაე კვლავაც გავუფრთხილდეთ მას. თუ უზნეობა ჩავიდინეთ, დაე გული გაგვიმაგროს იმის ცოდნამ, რომ იეჰოვა მზად არის, აპატიოს მათ, ვინც ნამდვილად ინანიებს, და დაე მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, არასოდეს გავიმეოროთ ცოდვილი მოქმედება (ესაია 55:7).
21. მოციქულ პეტრეს რომელი რჩევის გათვალისწინება გვეხმარება ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში?
21 ეს უსამართლო წუთისოფელი, თავისი უზნეო აზროვნებითა და მოქმედებით, მალე მოისპობა. ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება სარგებლობას მოგვიტანს ახლაც და მარადიულადაც. მოციქული პეტრე წერდა: „საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარსდგეთ მშვიდობით მის წინაშე. . . რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე“ (2 პეტრე 3:14, 17).
-