-
რატომ უნდა შევინარჩუნოთ უმწიკვლობა?საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
-
-
რატომ უნდა შევინარჩუნოთ უმწიკვლობა?
„იეჰოვა, გამასამართლე . . . ჩემი უმწიკვლობისამებრ!“ (ფსალმ. 7:8).
1, 2. რომელ სიტუაციებში შეიძლება გამოიცადოს ჩვენი უმწიკვლობა?
წარმოიდგინეთ სამი სხვადასხვა სიტუაცია. ბიჭს კლასელები მასხარად იგდებენ. მათ უნდათ, ბიჭმა მოთმინება დაკარგოს და უწმაწური სიტყვები თქვას ან იჩხუბოს. წამოეგება ის ანკესზე თუ თავს შეიკავებს და გზას გააგრძელებს? დაქორწინებული მამაკაცი სახლში მარტოა და ინტერნეტში რაღაცას ეძებს. უცებ ეკრანზე უხამსი ვებ-გვერდის სარეკლამო ფანჯარა ჩნდება. აჰყვება ცდუნებას და გააგრძელებს ყურებას თუ მოერიდება? ქრისტიანი ქალი სხვა ქრისტიანებთან საუბრისას ხვდება, რომ მათი საუბარი ერთ-ერთ დაზე ჭორაობაში გადადის. გააგრძელებს მასზე საუბარს თუ თემას შეცვლის?
2 სამივე სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ მათ საერთოც აქვთ. სამივე შემთხვევაში მათგან ქრისტიანული უმწიკვლობის შენარჩუნება მოითხოვება. გახსენდებათ თქვენც სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, რომ უმწიკვლობა უნდა შეინარჩუნოთ? ყოველდღიურად ადამიანები ბევრ რამეზე ფიქრობენ, მაგალითად გარეგნობაზე, ჯანმრთელობაზე, თავის რჩენაზე, სხვებთან წარმატებულ თუ წარუმატებელ ურთიერთობებზე, მათ შორის რომანტიკულ ურთიერთობებზე. ზოგჯერ ასეთ საკითხებზე ფიქრს დიდ დროს ვუთმობთ. მაგრამ ჩვენი გულების კვლევისას იეჰოვას ყველაზე მეტად ჩვენი უმწიკვლობის დანახვა სურს (ფსალმ. 139:23, 24).
3. რა არჩევნის გაკეთების უფლება მოგვცა იეჰოვამ და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 იეჰოვამ, რომელიც „ყოველ კარგ ძღვენსა და ყოველ სრულყოფილ საბოძვარს“ იძლევა, ბევრი რამით დაგვაჯილდოვა (იაკ. 1:17). მისი წყალობით გვაქვს სხეული, გონება, ჯანმრთელობა და სხვადასხვა უნარი (1 კორ. 4:7). მაგრამ იეჰოვა არ გვაიძულებს, რომ უმწიკვლონი ვიყოთ. ჩვენ თვითონ ვირჩევთ, გვექნება თუ არა ეს თვისება (კან. 30:19). ამიტომ უნდა გავიგოთ, რა არის უმწიკვლობა. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ სამ მიზეზზე, რატომ არის ეს თვისება ძალიან მნიშვნელოვანი.
რა არის უმწიკვლობა?
4. რა მნიშვნელობა აქვს „უმწიკვლობად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვების ფუძეს და რას ვიგებთ შესაწირავების შესახებ იეჰოვას კანონიდან?
4 ბევრი უმწიკვლობას პატიოსნებასთან აიგივებს. თუმცა ეს თვისებაც მნიშვნელოვანია, ის უმწიკვლობის მხოლოდ ერთ-ერთი მხარეა. „უმწიკვლობად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვების ფუძე ნიშნავს საღს, მთელს ან უნაკლოს. ამ სიტყვებიდან ერთ-ერთი იეჰოვასთვის განკუთვნილ შესაწირავთან დაკავშირებით გამოიყენება. იეჰოვასთვის მხოლოდ მაშინ იყო შესაწირავი მისაღები, თუ ის საღი, უნაკლო იყო (წაიკითხეთ ლევიანების 22:19, 20). იეჰოვა მკაცრად განსჯიდა მათ, ვინც შეგნებულად არღვევდა მის მითითებას და კოჭლ, სნეულ და ბრმა ცხოველებს სწირავდა (მალ. 1:6—8).
5, 6. ა) რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ ადამიანები აფასებენ იმას, რაც მთელია? ბ) საჭიროა უმწიკვლობის შესანარჩუნებლად სრულყოფილება? ახსენით.
5 ადამიანებიც აფასებენ იმას, რაც მთელია ან სრულია. წარმოიდგინეთ, რომ წიგნების კოლექციონერი ხანგრძლივი ძიების შემდეგ პოულობს ძვირფას წიგნს, მაგრამ ხედავს, რომ მას რამდენიმე მთავარი ფურცელი აკლია. იმედგაცრუებულმა შეიძლება წიგნი თაროზე დააბრუნოს. ან წარმოიდგინეთ ზღვის სანაპიროზე მოსეირნე ქალი, რომელიც ნაპირზე გამორიყულ ნიჟარებს აგროვებს. მათი სილამაზითა და მრავალფეროვნებით გაოცებული დროდადრო მათ ასაღებად იხრება. როგორ ნიჟარებს არჩევს ის? მთელ, დაუზიანებელ ნიჟარებს. მსგავსად, ღმერთიც ისეთ ადამიანებს ეძებს, რომელთაც „მთელი“, უმწიკვლო გული აქვთ (2 მატ. 16:9).
6 მაგრამ შეიძლება ფიქრობთ, რომ უმწიკვლობისთვის სრულყოფილება მოითხოვება. ჩვენ ცოდვილები და არასრულყოფილები ვართ, რის გამოც შეიძლება გვგონია, რომ ღვთის თვალში „ფურცლებამოხეული წიგნივით“ ან „დაზიანებულ ნიჟარასავით“ ვართ. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა არ ითხოვს სრულყოფილებას ამ სიტყვის სრული გაგებით. ის ჩვენს შესაძლებლობაზე მეტს არ გვთხოვს (ფსალმ. 103:14; იაკ. 3:2)a. მაგრამ ჩვენგან ის უმწიკვლობას მოელის, რადგან უმწიკვლობა და სრულყოფილება ერთი და იგივე არ არის. მაგალითად, ბიჭს უყვარს გოგო და მასზე დაქორწინებას აპირებს. არაგონივრული იქნება, თუ ის საცოლეს სრულყოფილებას მოსთხოვს. მაგრამ სავსებით გონივრულია, თუ მოელის, რომ მომავალ მეუღლეს მთელი გულით ეყვარება და რომანტიკული გრძნობები მხოლოდ მის მიმართ ექნება. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვაზე. ის „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთია“ (გამ. 20:5). ის არ ითხოვს სრულყოფილებას. მას სურს, მთელი გულით გვიყვარდეს ის და მხოლოდ მას ვცემდეთ თაყვანს.
7, 8. ა) უმწიკვლობის რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ? ბ) ბიბლიური გაგებით, რას ნიშნავს უმწიკვლობა?
7 შეიძლება გვახსენდება იესოს სიტყვები, რომლებიც მან ერთ მწიგნობარს მიუგო კითხვაზე, რომელი იყო უპირველესი მცნება (წაიკითხეთ მარკოზის 12:28—30). იესოს პასუხი ცარიელი სიტყვები არ ყოფილა; ის ამ სიტყვების თანახმად ცხოვრობდა. მან ღვთის მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით სიყვარულის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. იესომ დაგვანახვა, რომ უმწიკვლობა სიტყვებით კი არა, საქმეებით მტკიცდება, რომელთაც წრფელი მოტივები უდევს საფუძვლად. თუ გვინდა, რომ უმწიკვლოები ვიყოთ, იესოს ნაკვალევს უნდა მივყვეთ (1 პეტ. 2:21).
8 აქედან გამომდინარე, ბიბლიური გაგებით უმწიკვლობა იეჰოვა ღმერთის, მისი ნებისა და განზრახვების მიმართ უანგარო ერთგულებას ნიშნავს. უმწიკვლობას შევინარჩუნებთ, თუ ყოველდღე შევეცდებით, ვასიამოვნოთ იეჰოვას. მისთვის მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს. განვიხილოთ სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა მოვიქცეთ ასე.
1. ჩვენი უმწიკვლობა და იეჰოვას უზენაესობა
9. როგორ უკავშირდება ჩვენი უმწიკვლობა უზენაესობის საკითხს?
9 ჩვენი უმწიკვლობა არ წყვეტს, იქნება თუ არა იეჰოვა უზენაესი ხელისუფალი. მისი უზენაესობა სამართლიანი, მარადიული და ყოვლისმომცველია, და ეს ასე იქნება იმის მიუხედავად, რას იტყვის ან რას გააკეთებს მისი რომელიმე ქმნილება. მაგრამ ღვთის უზენაესობას ზეცაში და დედამიწაზე ცრუბრალდებების გამო ჩრდილი მიადგა. ყველა მოაზროვნე ქმნილების წინაშე უნდა დამტკიცდეს, რომ მის უზენაეს ხელისუფლებას სამართლიანობა და სიყვარული უდევს საფუძვლად. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ვესაუბრებით ხალხს ღვთის უზენაესობის შესახებ. მაგრამ პირადად რით ცხადვყოფთ, ვის მხარეს ვართ? რით ვამტკიცებთ, რომ იეჰოვას უზენაეს მმართველობას ვუჭერთ მხარს? იმით, რომ უმწიკვლობას ვინარჩუნებთ.
10. რაში დასდო ბრალი სატანამ კაცობრიობას და შენ რა პასუხის გაცემა გსურს ამ ბრალდებაზე?
10 განვიხილოთ, რა როლს თამაშობს უზენაესობის საკითხში ჩვენი უმწიკვლობა. სატანა ამტკიცებდა, რომ ღვთის უზენაესობას არც ერთი ადამიანი არ დაუჭერდა მხარს და არავინ ემსახურებოდა იეჰოვას უანგაროდ. უამრავი ანგელოზის წინაშე ეშმაკმა უთხრა იეჰოვას: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობ. 2:4). აქედან გამომდინარე, სატანამ მხოლოდ მართალ კაცს, იობს კი არ დასდო ბრალი, არამედ მთელ კაცობრიობას. ამიტომ უწოდებს ბიბლია სატანას „ჩვენი ძმების ბრალმდებელს“ (გამოცხ. 12:10). ის ცინიკურად ეუბნება იეჰოვას, რომ არც ერთი ქრისტიანი არ დარჩება ერთგული, მათ შორის შენც. ის ამტკიცებს, რომ შენ უღალატებ იეჰოვას საკუთარი თავის გადასარჩენად. როგორია ასეთი ბრალდების მოსმენა? გინდა დაამტკიცო, რომ სატანა მატყუარაა? ამას მხოლოდ უმწიკვლობის შენარჩუნებით შეძლებ.
11, 12. ა) როგორც მაგალითებიდან ჩანს, როგორ უკავშირდება ყოველდღიური გადაწყვეტილებები ჩვენს უმწიკვლობას? ბ) რატომ არის უმწიკვლობის შენარჩუნება დიდი პატივი?
11 აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვიქცევით და რა არჩევანს ვაკეთებთ ყოველდღიურად. გავიხსენოთ ზემოთ მოხსენიებული სამი შემთხვევა. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, რომ თავიანთი უმწიკვლობა დაამტკიცონ? ბიჭს კლასელები მასხარად იგდებენ; ის დიდი ცდუნების წინაშე დგას, რომ სამაგიერო გადაუხადოს, მაგრამ მას ახსენდება რჩევა: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომ. 12:19). ამიტომ ის არ ჩერდება და გზას განაგრძობს. დაქორწინებული მამაკაცი, რომელიც ინტერნეტში რაღაცას ეძებს, ეროტიკული მასალის ყურების ცდუნების წინაშე დგას, მაგრამ მას ახსენდება იობის სიტყვები: „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!“ (იობ. 31:1). ის თვალს არიდებს უხამს გამოსახულებებს, რადგან თვლის, რომ ისინი საწამლავივით მოქმედებს. ქრისტიან ქალს, რომელიც სხვა ქრისტიანებთან საუბრისას ხვდება, რომ მათი საუბარი ერთ-ერთ დაზე ჭორაობაში გადადის, ახსენდება მითითება: „თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად“ (რომ. 15:2). ჭორაობით ის ვერავის აღაშენებს. ჭორი არც იმ ქრისტიანის რეპუტაციაზე იმოქმედებს დადებითად და არც მის ზეციერ მამას მოეწონება. ამიტომ ის ენას კბილს აჭერს და საუბრის თემას ცვლის.
12 ამგვარი გადაწყვეტილებებით ქრისტიანი, ფაქტობრივად, ამბობს: „იეჰოვაა ჩემი მმართველი. ისე მოვიქცევი, როგორც მას მოეწონება“. თუ შენც ასე იქცევი, მაშინ ემორჩილები იგავების 27:11-ში ჩაწერილ გულშიჩამწვდომ სიტყვებს: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“. რამხელა პატივია, რომ იეჰოვას გულის გახარება შეგვიძლია! განა არ ღირს ძალისხმევად უმწიკვლობის შენარჩუნება?!
2. ღმერთი უმწიკვლობის საფუძველზე გვასამართლებს
13. როგორ ცხადყვეს იობმა და დავითმა, რომ იეჰოვა ჩვენი უმწიკვლობის საფუძველზე გვასამართლებს?
13 უმწიკვლობის შენარჩუნებით იეჰოვას უზენაესობას ვუჭერთ მხარს. ღმერთი სწორედ ამის საფუძველზე გვასამართლებს. იობს კარგად ესმოდა ეს (წაიკითხეთ იობის 31:6). მან იცოდა, რომ ღმერთი „ზუსტ სასწორზე“ წონის მთელ კაცობრიობას და თავისი სამართლიანი ნორმების მეშვეობით იგებს, რამდენად უმწიკვლონი ვართ. დავითიც ამბობდა: „იეჰოვა გამოუტანს განაჩენს ხალხებს. იეჰოვა, გამასამართლე ჩემი სიმართლისა და ჩემი უმწიკვლობისამებრ! . . . გულსა და თირკმელებს მართალი ღმერთი იკვლევს“ (ფსალმ. 7:8, 9). ჩვენ ვიცით, რომ ღმერთს შეუძლია ადამიანის შინაგანი პიროვნების ანუ მისი სიმბოლური „გულისა და თირკმელების“ გამოკვლევა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რას ეძებს ის ჩვენში. როგორც დავითმა თქვა, იეჰოვა ჩვენი უმწიკვლობისამებრ გვასამართლებს.
14. რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ არასრულყოფილი, ცოდვილი ბუნების გამო უმწიკვლობას ვერ შევინარჩუნებთ?
14 იეჰოვა ღმერთი მილიარდობით ადამიანის გულს იკვლევს (1 მატ. 28:9). რამდენ უმწიკვლო ადამიანს ნახავს ის? ალბათ, ძალიან ცოტას. მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ არასრულყოფილების გამო უმწიკვლობას ვერ შევინარჩუნებთ. პირიქით, შეგვიძლია დავითივით და იობივით ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა დაინახავს, არასრულყოფილების მიუხედავად როგორ ვინარჩუნებთ უმწიკვლობას. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ სრულყოფილება არ არის უმწიკვლობის გარანტია. დედამიწაზე მხოლოდ სამი სრულყოფილი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ მათგან ორმა, ადამმა და ევამ, უმწიკვლობა ვერ შეინარჩუნა; მილიონობით არასრულყოფილი ადამიანი კი უმწიკვლო დარჩა. ასე მოქცევა თქვენც შეგიძლიათ.
3. ჩვენი იმედი უმწიკვლობაზეა დამოკიდებული
15. როგორ ცხადყო დავითმა, რომ ჩვენი მომავალი უმწიკვლობაზეა დამოკიდებული?
15 ჩვენი მომავალი უმწიკვლობაზეა დამოკიდებული, რადგან იეჰოვა ამის საფუძველზე გვასამართლებს. დავითმა კარგად იცოდა ეს (წაიკითხეთ ფსალმუნის 41:12). ის არასდროს კარგავდა იმედს, რომ ღმერთი მარადიულად გამოავლენდა მისდამი წყალობას. ჭეშმარიტი ქრისტიანების მსგავსად, დავითს იმედი ჰქონდა, რომ მარადიულად ემსახურებოდა ღმერთს და უფრო და უფრო დაუახლოვდებოდა მას. დავითს ესმოდა, რომ იმედი იმ შემთხვევაში გაუმართლდებოდა, თუ უმწიკვლო დარჩებოდა. თუ ჩვენც ვინარჩუნებთ უმწიკვლობას, იეჰოვა მხარში გვიდგას, გვასწავლის, გვხელმძღვანელობს და კურთხევებს არ გვაკლებს.
16, 17. ა) რატომ გადაწყვიტე, რომ არასდროს დათმო უმწიკვლობა? ბ) რომელ კითხვებზე გავიგებთ პასუხს შემდეგი სტატიიდან?
16 იმედი ბედნიერების საწინდარია. სირთულეების დროს ის სიხარულის შენარჩუნებაში გვეხმარება. ის იცავს ჩვენს გონებას. ამიტომ ბიბლიაში იმედი მუზარადთან არის შედარებული (1 თეს. 5:8). როგორც მუზარადი იცავს მეომრის თავს ბრძოლის დროს, ისე იმედი გვიცავს სატანის მომაკვდავ ქვეყნიერებაში გავრცელებული უარყოფითი, პესიმისტური აზროვნებისგან. იმედის გარეშე ცხოვრებას აზრი ეკარგება. ჩვენ გულწრფელად უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი, რამდენად უმწიკვლონი ვართ და რამდენად ძლიერია ჩვენი იმედი. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ უმწიკვლობის შენარჩუნებით მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაესობას და ვუფრთხილდებით მომავლის შესანიშნავ იმედს. მოდი არასდროს დავთმოთ ჩვენი უმწიკვლობა!
17 ვინაიდან ეს თვისება ასე მნიშვნელოვანია, საჭიროა, დავფიქრდეთ: როგორ განვივითაროთ და როგორ შევინარჩუნოთ ის? რა გამოსავალი არსებობს მათთვის, ვინც კონკრეტულ სიტუაციაში ვერ შეინარჩუნა უმწიკვლობა? ამ კითხვებზე პასუხს შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.
[სქოლიო]
a იესომ თქვა: „იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათ. 5:48). როგორც ჩანს, ის იმას გულისხმობდა, რომ არასრულყოფილ ადამიანებსაც შეუძლიათ იყვნენ სრულყოფილები, თუმცა არა პირდაპირი გაგებით. ჩვენ შეგვიძლია მთელი გულით გვიყვარდეს სხვები, რითაც ღმერთს ვასიამოვნებთ. მაგრამ იეჰოვა სრულყოფილია ამ სიტყვის სრული გაგებით. როცა სიტყვა „უმწიკვლობა“ იეჰოვას მიმართ გამოიყენება, ის სრულყოფილებასაც გულისხმობს (ფსალმ. 18:30).
-
-
შეინარჩუნებთ უმწიკვლობას?საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 დეკემბერი
-
-
შეინარჩუნებთ უმწიკვლობას?
„სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობ. 27:5).
1, 2. რომელი თვისება უნდა განვივითაროთ და რა კითხვებს განვიხილავთ?
წარმოიდგინეთ, რომ ათვალიერებთ სახლის გეგმას. თქვენ მოხიბლული ხართ სახლის მოხერხებული დიზაინით. უკვე წარმოდგენილი გაქვთ, რა სიამოვნებით იცხოვრებთ ოჯახთან ერთად ამ სახლში. მაგრამ ამ გეგმას და მასზე ფიქრს აზრი არ ექნება, თუ სახლს არ ააშენებთ, არ გადახვალთ იქ და არ იზრუნებთ მასზე.
2 მსგავსად, შეიძლება უმწიკვლობას ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვის სასურველ თვისებად ვთვლით. მაგრამ უმწიკვლობაზე მხოლოდ დადებითად ფიქრი ბევრს ვერაფერს გვარგებს, თუ არ განვივითარებთ და არ შევინარჩუნებთ ამ ქრისტიანულ თვისებას. ეს რაღაცით სახლის აშენებას ჰგავს. თუ დროსა და ენერგიას არ მოვახმართ გეგმის განხორციელებას, მხოლოდ ფიქრით საქმე არ გაკეთდება (ლუკ. 14:28, 29). ქრისტიანული უმწიკვლობის განვითარებაც დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ის ღირს ძალისხმევად. მოდი განვიხილოთ სამი საკითხი: როგორ განვივითაროთ უმწიკვლობა? როგორ შევინარჩუნოთ ის? და რა გამოსავალი არსებობს მათთვის, ვინც უმწიკვლობა ვერ შეინარჩუნა?
როგორ განვივითაროთ უმწიკვლობა?
3, 4. ა) როგორ გვეხმარება იეჰოვა უმწიკვლობის განვითარებაში? ბ) როგორ შეგვიძლია იესოს მსგავსი უმწიკვლობის განვითარება?
3 როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, იეჰოვა გვაძლევს უფლებას, თავად გადავწყვიტოთ, ვიქნებით თუ არა უმწიკვლონი. საბედნიეროდ, ის მხოლოდ კი არ მოელის ჩვენგან უმწიკვლობას, არამედ გვასწავლის კიდეც, როგორ განვივითაროთ ეს ძვირფასი თვისება და უხვად გვაძლევს წმინდა სულს, რათა ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ (ლუკ. 11:13). ის სულიერადაც იცავს ‘უმწიკვლოდ მავალთ’ (იგავ. 2:7).
4 როგორ გვასწავლის იეჰოვა უმწიკვლოდ სიარულს? იეჰოვამ თავისი ძე, იესო გამოგზავნა დედამიწაზე. იესომ თავისი ცხოვრებით სრულყოფილი მორჩილების მაგალითი დაგვიტოვა. ის „მორჩილი იყო სიკვდილამდე“ (ფილ. 2:8). იესო ზეციერ მამას ემორჩილებოდა მაშინაც კი, როცა ეს ძალიან რთული იყო. „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“, — ეუბნებოდა ის მამას (ლუკ. 22:42). თითოეული უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა იესოსავით მორჩილი გული. თუ სწორი აღძვრებით ვემორჩილებით ღმერთს, ცხადვყოფთ, რომ უმწიკვლოები ვართ. განვიხილოთ, განსაკუთრებით რა შემთხვევებში გვმართებს ღვთის მორჩილება.
5, 6. ა) როგორ გაამახვილა დავითმა ყურადღება უმწიკვლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე მაშინაც კი, როცა სხვები ვერ გვხედავენ? ბ) მარტო ყოფნისას რა ცდუნების წინაშე შეიძლება დადგნენ ქრისტიანები?
5 ჩვენ იეჰოვას მაშინაც უნდა დავემორჩილოთ, როცა ერთი შეხედვით მარტონი ვართ. ფსალმუნმომღერალმა დავითმა აღნიშნა, რომ უმწიკვლობის შენარჩუნება მარტო ყოფნის დროსაც მნიშვნელოვანი იყო (წაიკითხეთ ფსალმუნის 101:2). დავითი მეფე იყო; მას ხშირად უწევდა ხალხთან ურთიერთობა. დროდადრო მას ასი, ათასი თვალი უყურებდა (შეადარეთ ფსალმუნის 26:12). ამ დროს უმწიკვლობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მეფე სამაგალითო უნდა ყოფილიყო თავისი ხალხისთვის (კან. 17:18, 19). მაგრამ დავითმა საკუთარ შეცდომაზე ისწავლა, რომ ‘თავის სახლში’ მარტო მყოფსაც უნდა შეენარჩუნებინა უმწიკვლობა. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?
6 ფსალმუნის 101:3-ში ვკითხულობთ დავითის სიტყვებს: „უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“. დღეს უამრავი საშუალებაა, რომ ადამიანმა თვალწინ უვარგისი რამ დაიყენოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტოა. ბევრს ამ მხრივ სირთულეს ინტერნეტი უქმნის. ადამიანი ადვილად შეიძლება მიიზიდოს უზნეო ან პორნოგრაფიული ხასიათის მასალამ. შეიძლება ამ შემთხვევაში ითქვას, რომ ვემორჩილებით ღმერთს, რომელმაც დავითს შთაგონებით დააწერინა ეს სიტყვები? პორნოგრაფია მავნებელია, რადგან იწვევს არასწორ სურვილებს და სიხარბეს, აუხეშებს სინდისს, ძირს უთხრის ქორწინებას და ხრწნის ადამიანს (იგავ. 4:23; 2 კორ. 7:1; 1 თეს. 4:3—5).
7. რომელი პრინციპი დაგვეხმარება, რომ მარტო ყოფნისას უმწიკვლობა შევინარჩუნოთ?
7 იეჰოვას მსახურები სრულიად მარტო არასდროს ვართ, რადგან მოსიყვარულე მამა გვაკვირდება (წაიკითხეთ ფსალმუნის 11:4). იეჰოვას ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ ვუძლებთ ცდუნებას. ამ დროს ჩვენ ვითვალისწინებთ მათეს 5:28-ში ჩაწერილ პრინციპს. მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ არასდროს ვუყუროთ ისეთ რამეს, რაც არასწორი საქციელისკენ გვიბიძგებს. ნურასდროს გაცვლი ძვირფას უმწიკვლობას ისეთ სამარცხვინო გართობაზე, როგორიცაა პორნოგრაფიული მასალის ყურება და კითხვა!
8, 9. ა) როგორ გამოიცადა დანიელისა და მისი მეგობრების უმწიკვლობა? ბ) როგორ უხარებენ ახალგაზრდა ქრისტიანები გულს იეჰოვასა და თანაქრისტიანებს?
8 უმწიკვლობას მაშინაც შევინარჩუნებთ, თუ ურწმუნოებთან ურთიერთობისას იეჰოვას დავემორჩილებით. გავიხსენოთ დანიელი და მისი სამი მეგობარი. ისინი ჯერ კიდევ ყმაწვილები იყვნენ, როცა ბაბილონში ტყვედ წაიყვანეს. მათ გარშემო ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებმაც თითქმის არაფერი იცოდნენ იეჰოვას შესახებ. ამ ოთხ ებრაელს ისეთ საკვებს აძლევდნენ, რომელიც ღვთის კანონით იკრძალებოდა. მათ შეეძლოთ დაერღვიათ ღვთის კანონი და ვერც ვერავინ დაადანაშაულებდა მათ. ვინ რას გაიგებდა, მათ ხომ ვერც მშობლები, ვერც უხუცესები და ვერც მღვდლები ხედავდნენ? მაგრამ მათ იეჰოვა ხედავდა. ამიტომ ისინი მტკიცედ დადგნენ და წინააღმდეგობისა და საფრთხის მიუხედავად ღვთის კანონს დაემორჩილნენ (დან. 1:3—9).
9 მსგავსად იქცევიან იეჰოვას ახალგაზრდა მოწმეები მთელ მსოფლიოში. ისინი მტკიცედ იცავენ ღვთის ნორმებს და თანატოლებს არ ჰყვებიან ცუდ საქციელში. ახალგაზრდებო, თქვენ იეჰოვას ემორჩილებით, როცა უარს ამბობთ ნარკოტიკებზე, ძალადობაზე, ბილწსიტყვაობაზე, უზნეობასა და სხვა ცუდ საქმეებზე! ამგვარად ამტკიცებთ, რომ უმწიკვლონი ხართ. ეს თქვენივე კეთილდღეობას ემსახურება და გულს უხარებს იეჰოვასა და თანაქრისტიანებს (ფსალმ. 110:3).
10. ა) რა არასწორი შეხედულების გამო დათმო ზოგიერთმა ახალგაზრდამ უმწიკვლობა? ბ) როგორ გვეხმარება უმწიკვლობა, გავექცეთ სიძვას?
10 ღვთის მორჩილება საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობის დროსაც გვმართებს. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის სიტყვა განსჯის სიძვას. მაგრამ ძალიან ადვილია, რომ ერთ დროს მორჩილმა გულმა ყველაფრის ნება დაგვრთოს. მაგალითად, ზოგი ახალგაზრდა უარს არ ამბობს ორალურ ან ანალურ სექსზე, ან პარტნიორის მასტურბაციაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არ არის „ნამდვილი სექსი“. ამ ახალგაზრდებს ავიწყდებათ, ან შეგნებულად ხუჭავენ თვალს იმ ფაქტზე, რომ ბიბლიაში „სიძვად“ ნათარგმნ სიტყვას ფართო მნიშვნელობა აქვს და მოიცავს ყოველივე ზემოხსენებულს, რის გამოც ადამიანი შეიძლება კრებიდან გაირიცხოსa. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს ახალგაზრდები არაფრად აგდებენ უმწიკვლობას. ჩვენ ვეჭიდებით უმწიკვლობას, ამიტომ არ გვინდა, გამართლება მოვუძებნოთ ასეთ საქციელს. ჩვენ არ გვინდა, ცოდვის ზღვართან მივიდეთ იმ იმედით, რომ არ დავისჯებით. ჩვენ მხოლოდ იმაზე არ ვფიქრობთ, დავისჯებით თუ არა ჩვენი საქციელისთვის, ჩვენ ვცდილობთ, ვასიამოვნოთ იეჰოვას და ვერიდებით ყველაფერს, რაც გულს სტკენს მას. ჩვენ არ ვცდით საკუთარ თავს, რამდენად ახლოს მივალთ ცოდვის ზღვართან, არამედ შორს ვიჭერთ თავს და „გავურბივართ სიძვას“ (1 კორ. 6:18). ამგვარად ვამტკიცებთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვინარჩუნებთ უმწიკვლობას.
როგორ შევინარჩუნოთ უმწიკვლობა?
11. მაგალითის მეშვეობით ახსენით, რატომ არის მორჩილების თითოეული გამოვლინება მნიშვნელოვანი.
11 უმწიკვლობის როგორც განვითარებაში, ისე შენარჩუნებაში მორჩილება გვეხმარება. მორჩილების მხოლოდ ერთხელ გამოვლენა შეიძლება უმნიშვნელოდ მიგვაჩნდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთ შემთხვევას მეორე ემატება და, საბოლოო ჯამში, უმწიკვლო ადამიანებად გვაყალიბებს. მაგალითად, ერთი აგური ბევრი არაფერია, მაგრამ ბევრი აგურით მშვენიერი სახლის აშენება შეიძლება. ამგვარად, თუ ყოველთვის გამოვავლენთ მორჩილებას, უმწიკვლოები დავრჩებით (ლუკ. 16:10).
12. უმწიკვლობის რა მაგალითი დაგვიტოვა დავითმა?
12 ჩვენი უმწიკვლობა განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როცა სირთულეებს, ცუდ მოპყრობას ან უსამართლობას ვიტანთ. განვიხილოთ დავით მეფის მაგალითი. დავითს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სდევნიდა მეფე საული, რომელიც იეჰოვამ დანიშნა. მაგრამ მან დაკარგა იეჰოვას კეთილგანწყობა; მას საშინლად შურდა დავითის, რომელსაც ღმერთი იწონებდა. თუმცა გარკვეული ხნის მანძილზე ძალაუფლება ისევ საულის ხელში იყო და დავითს ჯარით დასდევდა შესაპყრობად. იეჰოვა რამდენიმე წლის მანძილზე არ ერეოდა ამ უსამართლობაში. განაწყენდა დავითი ღმერთზე? დაასკვნა, რომ მოთმენას აზრი არ ჰქონდა? რა თქმა უნდა, არა. მან არ დაკარგა საულის, როგორც ღვთის ცხებულის მიმართ ღრმა პატივისცემა და, როცა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა, შური არ იძია მასზე (1 სამ. 24:2—7).
13. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ უმწიკვლობა, თუ ვინმე გვაწყენინებს?
13 დავითის მაგალითიდან ბევრ რამეს ვსწავლობთ. ჩვენ არასრულყოფილი ადამიანებისგან შემდგარ საძმოს მივეკუთვნებით, რომელთაგან ზოგმა შეიძლება გვაწყენინოს ან ჭეშმარიტება დატოვოს. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა იეჰოვას ხალხი მთლიანობაში არ შეიბღალება (ეს. 54:17). მაგრამ როგორ მოვიქცევით, თუ ვინმე იმედს გაგვიცრუებს ან გულს გვატკენს? თუ დავიბოღმებით, ჩვენი უმწიკვლობა დიდი გამოცდის წინაშე დადგება. თავს ვერაფრით გავიმართლებთ, თუ სხვისი საქციელის გამო ღმერთს გავუნაწყენდებით ან ჭეშმარიტებას დავტოვებთ (ფსალმ. 119:165). უმწიკვლობას ჩვენ სწორედ განსაცდელების გადატანით ვინარჩუნებთ.
14. როგორ რეაგირებენ უმწიკვლობის დამცველნი ორგანიზაციულ თუ სხვა ცვლილებებზე?
14 უმწიკვლობას იმ შემთხვევაშიც შევინარჩუნებთ, თუ კრიტიკულად არ მივუდგებით ღვთის ორგანიზაციაში მომხდარ ცვლილებებს. ამგვარად, ვუერთგულებთ იეჰოვას. დღეს ღმერთი ისე აკურთხებს თავის ხალხს, როგორც არასდროს, და წმინდა თაყვანისმცემლობაც არასდროს ყოფილა ასე განდიდებული (ეს. 2:2—4). ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ის სიახლეები, რომლებიც ბიბლიური მუხლების ახსნას თუ ორგანიზაციულ საკითხებს ეხება. ჩვენ გვახარებს იმის დანახვა, რომ სულიერი სინათლე უფრო და უფრო კაშკაშებს (იგავ. 4:18). თუ გვიჭირს იმის გაგება, რატომ მოხდა ესა თუ ის ცვლილება, დახმარებისთვის იეჰოვას მივმართავთ. ამ დროს მოთმინებით ვავლენთ მორჩილებას და ვინარჩუნებთ უმწიკვლობას.
რა გამოსავალი არსებობს მათთვის, ვინც უმწიკვლობა ვერ შეინარჩუნა?
15. მხოლოდ ვის შეუძლია დაგვაკარგვინოს უმწიკვლობა?
15 ეს კითხვა მართლაც დამაფიქრებელია! როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, უმწიკვლობა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. მის გარეშე არც იეჰოვასთან ურთიერთობა გვექნება და არც რეალური იმედი. გახსოვდეს: სამყაროში მხოლოდ ერთ პიროვნებას შეუძლია დაგაკარგვინოს უმწიკვლობა, და ეს შენა ხარ. იობმა კარგად იცოდა ეს. მან თქვა: „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობ. 27:5). თუ შენც მსგავსი სულისკვეთება გაქვს და უფრთხილდები იეჰოვასთან ურთიერთობას, არასდროს დაკარგავ უმწიკვლობას (იაკ. 4:8).
16, 17. ა) რა მცდარ გზას შეიძლება დაადგეს ქრისტიანი, რომელიც სერიოზულად სცოდავს? ბ) რისი გაკეთება იქნებოდა ამ შემთხვევაში მართებული?
16 მიუხედავად ამისა, ზოგმა ვერ შეინარჩუნა უმწიკვლობა. ისევე როგორც მოციქულების დროს, დღესაც ზოგი არაერთხელ სჩადის სერიოზულ ცოდვას. უიმედოა მდგომარეობა, თუ სერიოზულად შესცოდე? რა თქმა უნდა, არა. რის გაკეთება შეგიძლია? მოდი ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რა არ უნდა გააკეთო. ადამიანები მიდრეკილნი არიან, დაუმალონ თავიანთი შეცდომები მშობლებს, თანაქრისტიანებს ან უხუცესებს. მაგრამ ბიბლია შეგვახსენებს: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (იგავ. 28:13). ვინც ცოდვებს მალავს, ძალიან ცდება, რადგან ღმერთს ვერაფერს დაუმალავს (წაიკითხეთ ებრაელების 4:13). ზოგი გაორებულ ცხოვრებას ეწევა — სცოდავს და თან იეჰოვას მსახურად მოაქვს თავი. ასეთი ცხოვრება გამორიცხავს უმწიკვლობას. იეჰოვასთვის მიუღებელია მათი თაყვანისცემა, ვინც სერიოზულ ცოდვებს მალავს. ასეთი თვალთმაქცობა ღვთის რისხვას იწვევს (იგავ. 21:27; ეს. 1:11—16).
17 ბიბლიაში ჩაწერილია ნათელი მითითებები, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, თუ სერიოზულ ცოდვას სჩადის. მან უხუცესებს უნდა მიმართოს დახმარებისთვის. ისინი იმიტომ დანიშნა იეჰოვამ, რომ დაეხმარონ მათ, ვინც სერიოზულად არის დაავადებული სულიერად (წაიკითხეთ იაკობის 5:14). დასჯის ან გამოსწორების შიშით უარი არ უნდა ვთქვათ სულიერი ჯანმრთელობის აღდგენაზე. განა იტყვის გონიერი ადამიანი უარს ნემსის გაკეთების ან ოპერაციის დროს ტკივილის შიშით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მკურნალობაზე? (ებრ. 12:11).
18, 19. ა) როგორ ცხადყოფს დავითის შემთხვევა, რომ უმწიკვლობის დაბრუნება შესაძლებელია? ბ) რა გაქვს გადაწყვეტილი უმწიკვლობის შესანარჩუნებლად?
18 შესაძლებელია სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა? შესაძლებელია დაკარგული უმწიკვლობის დაბრუნება? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დავითი. მან სერიოზული ცოდვა ჩაიდნა. მან თვალი დაადგა სხვის ცოლს, იმრუშა და უდანაშაულო ქმარი მოაკვლევინა. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დავითი ამ დროს უმწიკვლოდ მოიქცა. მიუხედავად ამისა, უიმედო იყო მისი მდგომარეობა? დავითს მკაცრი შეგონება სჭირდებოდა და შეაგონეს კიდეც. გულწრფელი მონანიების გამო იეჰოვამ შეიწყალა ის. დავითისთვის ეს ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა. ის კვლავ ცდილობდა, ყველაფერში დამორჩილებოდა ღმერთს, რის შედეგადაც თავისი უმწიკვლობა დაიბრუნა. მისი ცხოვრება ადასტურებს იგავების 24:16-ში ჩაწერილ სიტყვებს: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“. რა მოჰყვა ამას შედეგად? ვნახოთ, რა უთხრა იეჰოვამ სოლომონს დავითის სიკვდილის შემდეგ (წაიკითხეთ 1 მეფეების 9:4). ის დავითს კვლავ უმწიკვლო ადამიანად თვლიდა. იეჰოვას შეუძლია მომნანიე ცოდვილს სერიოზული ცოდვის ლაქაც კი ჩამორეცხოს (ეს. 1:18).
19 შენ უმწიკვლო ადამიანი იქნები, თუ სიყვარულით დაემორჩილები ღმერთს. ერთგული დარჩი განსაცდელების დროს და სერიოზულ ცოდვას თუ ჩაიდენ, გულწრფელად მოინანიე! უმწიკვლობა ძალიან ძვირფასი თვისებაა. მოდი დავითივით ჩვენც გადაწყვეტილი გვქონდეს: „მე კი უმწიკვლოდ ვივლი“ (ფსალმ. 26:11).
[სქოლიო]
a იხილეთ 2004 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 13, აბზაცი 15.
-