საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მოტირალებთან იტირეთ“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | ივლისი
    • კრება — უდიდესი ნუგეშის წყარო

      12. როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ სხვები?

      12 მგლოვიარეთათვის ნუგეშის კიდევ ერთი წყარო ქრისტიანული კრებაა (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:11). როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ და ვანუგეშოთ დამწუხრებულები? (იგავ. 17:22). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:7). დალინი, რომელსაც ქმარი მოუკვდა, ამბობს: „მგლოვიარეებს სჭირდებათ ვინმესთვის თავიანთი გრძნობებისა და ფიქრების გაზიარება. ამიტომ ყველაზე დიდი რამ, რისი გაკეთებაც მათთვის შეგიძლიათ, გულისყურით მოსმენაა“. იუნია, რომლის ძმამაც თავი მოიკლა, ამბობს: „შეიძლება ბოლომდე ვერ იგრძნოთ მათი ტკივილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გინდათ გაიგოთ, რას გრძნობენ ისინი“.

      13. რა უნდა გვახსოვდეს წუხილთან დაკავშირებით?

      13 გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა სხვადასხვანაირად განიცდის და გამოხატავს წუხილს. ზოგჯერ მგლოვიარემ შეიძლება სიტყვებით ვერ გადმოსცეს ის ემოციური ტკივილი, რასაც განიცდის. „გული გრძნობს სულის სიმწარეს; მის სიხარულს უცხო ვერ გაიზიარებს“, — ნათქვამია ღვთის სიტყვაში (იგავ. 14:10). მაშინაც კი, თუ ვინმე გამოხატავს თავის გრძნობებს, ყოველთვის ადვილი არ არის იმის გაგება, თუ რისი თქმა სურს მას.

      14. როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ მგლოვიარეები?

      14 გასაკვირი არ არის, რატომ გვიჭირს დამწუხრებული ადამიანისთვის რაიმეს თქმა. მიუხედავად ამისა, ბიბლია ამბობს, რომ „ბრძენის ენა კურნავს“ (იგავ. 12:18). ბევრმა სხვების სანუგეშებლად გამამხნევებელი აზრები ნახა ბროშურაში „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი“.c თუმცა ხშირად ყველაზე მანუგეშებელი ის არის, როცა მოტირალებთან ერთად ვტირით (რომ. 12:15). „ჩემს გულს ყველაზე მეტად ცრემლების ენა ესმის, — ამბობს გაბი, რომელსაც ქმარი მოუკვდა. — ამიტომ შვებას ვგრძნობ, როცა ჩემი მეგობრები ჩემთან ერთად ტირიან. ამ დროს მარტოს აღარ მიწევს ჩემს ტკივილთან გამკლავება“.

      15. როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ მგლოვიარენი, თუ პირისპირ გვიჭირს რამის თქმა? (იხილეთ ჩარჩო „მანუგეშებელი სიტყვები“)

      15 თუ მგლოვიარისთვის პირისპირ გიჭირთ რამის თქმა, შეიძლება გაგიადვილდეთ მისი ნუგეშისცემა ღია ბარათით, წერილით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით. შეგიძლიათ მანუგეშებელი ბიბლიური მუხლი მისწეროთ, გარდაცვლილის რომელიმე გამორჩეული თვისება გაიხსენოთ ან მასთან დაკავშირებული სასიამოვნო მოგონება გაუზიაროთ. „სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მეხმარება პატარა გამამხნევებელი წერილები და ის, რომ თანაქრისტიანები თავისთან მეპატიჟებიან, — ამბობს იუნია. — ამით ისინი მაგრძნობინებენ, რომ ვუყვარვარ და ზრუნავენ ჩემზე“.

      16. რომელია ნუგეშისცემის ერთ-ერთი კარგი საშუალება?

      16 გახსოვდეთ, რომ მგლოვიარე თანაქრისტიანთან ერთად ლოცვას ან მისთვის ლოცვას დიდი ძალა აქვს. შეიძლება ასეთ სტრესულ სიტუაციაში რთული იყოს აზრებისთვის თავის მოყრა, მაგრამ გულითად ვედრებას, რომელსაც შეიძლება ცრემლებითა და ათრთოლებული ხმით წარმოთქვამთ, მგლოვიარეთა ტკივილის დაამება შეუძლია. დალინი იხსენებს: „როცა დები ჩემ სანუგეშებლად მოდიოდნენ, ზოგჯერ ვთხოვდი, რომ ჩემთან ერთად ელოცათ. თავიდან ხშირად სიტყვების მოძებნა უჭირდათ, მაგრამ რამდენიმე წინადადების შემდეგ ხმა აღარ უკანკალებდათ და გულში ჩამწვდომ ლოცვას წარმოთქვამდნენ. მათმა ძლიერმა რწმენამ, სიყვარულმა და მზრუნველობამ რწმენა განმიმტკიცა“.

      განაგრძეთ ნუგეშისცემა

      17—19. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ მგლოვიარეთა ნუგეშისცემა?

      17 ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გლოვობს. ამიტომ მგლოვიარეს გვერდით მხოლოდ პირველ ხანებში არ უნდა ედგეთ, როცა ისედაც ბევრი ადამიანი ახვევია გარს. მას მომდევნო თვეებშიც დასჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როცა სხვები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან. „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავ. 17:17). რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, თანაქრისტიანები ბოლომდე უნდა დაეხმარონ მგლოვიარეს, გაუმკლავდეს თავის საწუხარს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 3:7).

      18 გახსოვდეთ ისიც, რომ ასეთ ადამიანებს შეიძლება განსაკუთრებით შემოაწვეთ ნაღველი ქორწინების ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალების წლისთავზე, მუსიკის მოსმენის, სურათების თვალიერების ან რაიმე საქმიანობის დროს; ეს შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სუნმა, ხმამ ან წელიწადის დრომაც კი. შეიძლება უდიდეს ემოციურ ტკივილთან იყოს დაკავშირებული ბევრი რამ, რის გაკეთებაც დაქვრივებულ ადამიანს პირველად მოუწევს მარტო, მაგალითად კონგრესზე ან გახსენების საღამოზე დასწრება. „მეგონა, რომ მეუღლის გარეშე ქორწინების პირველი წლისთავი ჩემთვის ძალიან მძიმე იქნებოდა. მაშინ მართლა ძალიან გამიჭირდა. იმ დღეს უახლოესმა მეგობრებმა პატარა შეკრება მომიწყვეს, რომ მარტო არ ვყოფილიყავი“, — იხსენებს ერთი ძმა.

      19 თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მგლოვიარეებს განსაკუთრებული დღეების გარდა სხვა დროსაც სჭირდებათ გვერდში დგომა. იუნია ამბობს: „ძალიან მანუგეშებს და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ დახმარებას და მეგობრულ წრეში ყოფნას მაშინაც მთავაზობენ, როცა განსაკუთრებული არაფერი ხდება“. მართალია, მწუხარების გაქარწყლებას და საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული სიცარიელის შევსებას ბოლომდე ვერ შევძლებთ, მაგრამ პრაქტიკული დახმარებით ცოტათი მაინც შეგვიძლია მგლოვიარეთა ნუგეშისცემა და მათთვის ტკივილის შემსუბუქება (1 იოან. 3:18). გაბი ამბობს: „მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ გვყავს მოსიყვარულე უხუცესები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ უმძიმეს წუთებში. ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს იეჰოვა გულში მიკრავდა“.

  • „მოტირალებთან იტირეთ“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | ივლისი
    • ერთი ქრისტიანი ბარათზე მანუგეშებელ ბიბლიურ მუხლს წერს

      მანუგეშებელი სიტყვები

      ქვემოთ მოყვანილი სიტყვები მგლოვიარეებს მეგობრებმა მისწერეს სანუგეშებლად:

      • „ძალიან გვიჭირს რამის თქმა. გვინდა, ჩვენს სიყვარულში დაგარწმუნოთ. მართალია, ბოლომდე არ გვესმის, რას გრძნობ, მაგრამ იეჰოვას ესმის ეს და მხარში დაგიდგება. იმედია, ჩვენი ლოცვები ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებს მწუხარებას“.

      • „იეჰოვას ვთხოვთ, რომ გაგაძლიეროს ამ უდიდესი დანაკარგის დროს“.

      • „შეიძლება განუგეშოს იმაზე ფიქრმა, რომ შენი საყვარელი ადამიანი ღვთის მეხსიერებაშია. ღმერთს ყველაფერი ახსოვს მასზე და სიცოცხლეს დაუბრუნებს მას“.

      • „შენს საყვარელ ადამიანს მეტად აღარ მოუწევს უკანასკნელ მტერთან, სიკვდილთან შეხვედრა. მისი რწმენის საქმეები ჩვენს გულებში იცოცხლებს, ვიდრე ღმერთი მას არ აღადგენს სამოთხეში“.

      • „რამდენადაც დღეს შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცეთ საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, იმდენად შეუძლებელი იქნება სიტყვებით იმ სიხარულის გადმოცემა, რომელსაც მაშინ განვიცდით, როცა ჩვენი ზეციერი მამა მკვდრეთით აღადგენს ჩვენს საყვარელ ადამიანებს“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება