ახალგაზრდები იძლევიან შეკითხვას
უვნებელი გართობაა „რეივი“?
„როცა ხელებაწეული ვცეკვავ და მუსიკა სხეულში მივლის, ვგრძნობ, რომ სხვა მოცეკვავეების აგზნება მეუფლება. თითქოს რაღაცამ აგიტაცაო“ (ჯინა).
ჯინა ასე აღწერს „რეივ“-დისკოთეკებზე დასწრებით გამოწვეულ აღფრთოვანებას. ეს საცეკვაო შეკრებები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მთელი ღამე მიმდინარეობს, პირველად 80-იან წლებში ბრიტანეთში გახდა პოპულარული. ახლა ის ჩნდება ერთმანეთის მიყოლებით მსოფლიოს ყველა კუთხეში, ახალი ზელანდიის, ბელგიის, გერმანიის, ინდოეთის, კანადის, სამხრეთ აფრიკისა და შეერთებული შტატების ჩათვლით.
„რეივები“ იმართება ღამის კლუბებში, მიგდებულ საწყობებში, ტრიალ მინდვრებზე — ყველგან, სადაც კი ხალხს შეუძლია შეკრება და მთელი ღამე შეუჩერებლივ, გაშმაგებულად ცეკვა. «როგორც ახალგაზრდების უპირატესი გასართობი საშუალება, „რეივები“ ნელ-ნელა ცვლის ღამის კლუბებს», — წერდა ადამ ლევინი იოჰანესბურგის (სამხრეთ აფრიკა) ჟურნალში (Sunday Times Magazine). მან დასძინა: „თუ თქვენს მოზარდს არ უხსენებია თქვენთან ამის შესახებ, მაშინ თქვენს ურთიერთობაში რაღაც პრობლემაა“.
შევიხედოთ „რეივის“ სამყაროში
„რეივები“ ზოგჯერ იდუმალებითაა მოცული: ჩატარების დღემდე ადგილს არ აცხადებენ. და მაინც, როცა ნაირფერი მოციმციმე შუქი ირთვება და რიტმული ტექნო-მუსიკა იწყება, შეიძლება შეიკრიბოს რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ათასამდე უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა. „გეჩვენება, თითქოს ხალხის დიდი, ერთიანი მასა ცეკვავს და მუსიკის რიტმზე აგრესიულობისგან განიტვირთება“, — ამბობს კეითი, მეორე კურსის სტუდენტი.
მაგრამ „რეივი“ მხოლოდ საცეკვაო შეკრება არ არის. ეს კულტურაა, ანუ „სამყარო“, როგორც „რეივის“ მომხრეებს უყვართ ამის თქმა. რასის, ეროვნებისა და სექსუალური მიდრეკილების მიუხედავად, საერთო აზრით, „რეივის“ ძირითადი პრინციპებია მშვიდობა, სიყვარული, ერთობა და პატივისცემა. „ჩვენ ამ შეკრებებზე სხვადასხვა კულტურის გაერთიანებას ვცდილობთ“, — ამბობს იმ საწყობის მფლობელი, სადაც საცეკვაო მუსიკას უკრავენ. „ჩვენი მიზანია ერთიანობა, — ამატებს ის, — ხოლო ერთობლივი ცეკვა შესანიშნავი საშუალებაა ამის მისაღწევად“.
ამ, ერთი შეხედვით, კეთილშობილური იდეალების გათვალისწინებით, შეიძლება იკითხო: «რა არის ცუდი „რეივებში“?» მაგრამ „რეივის“ სამყაროს სხვა გასათვალისწინებელი მხარეც აქვს.
„რეივების“ არასასიამოვნო მხარე
ამბობენ, რომ ალკოჰოლურ სასმელებს იშვიათად ნახავ „რეივებზე“. მაგრამ ნარკოტიკები სულ სხვა საქმეა. «ზოგს აინტერესებს, ხალხში ასე ადვილად ჰპოვებდა თუ არა გამოხმაურებას „რეივები“, იქ ამდენი ნარკოტიკი რომ არ ყოფილიყო», — აღიარებს „რეივის“ მომხრე, სახელად ბრაიენი. ის დასძენს: «ზოგს კი ის აინტერესებს, მათ გარეშე საერთოდ თუ იარსებებდა „რეივი“ ».
თუმცა ზოგ „რეივზე“ მარიხუანა და LSD ნარკოტიკია პოპულარული, როგორც ჩანს, „რეივის“ ზოგი დამსწრე უპირატესობას ანიჭებს MDMA ნარკოტიკს, რომელიც, ჩვეულებრივ, ცნობილია როგორც „ექსტაზი“. ვინც მასზეა გადასული, ამბობს, რომ „ექსტაზი“ შედარებით უვნებელია. ისინი ირწმუნებიან, რომ ეს ნარკოტიკი მათ მხოლოდ ენერგიას მატებს მთელი ღამის განმავლობაში საცეკვაოდ და ეიფორიის შეგრძნებას ზრდის. მაგრამ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ სტატიაში, სათაურით „პოპულარულ ნარკოტიკს ტვინის დაზიანება შეუძლია“, ნათქვამია, რომ «„ექსტაზის“ შეუძლია დიდი ხნით მოშალოს მადა, ძილი, ხასიათი, იმპულსურობა და გონების სხვა ფუნქციები“ ». ამით ყველაფერი როდი მთავრდება. დ-რი ჰოვარდ მაკ-კინი აცხადებს: « „ექსტაზიმ“ უკვე გამოიწვია რამდენიმე ადამიანის სიკვდილი და სხვა შემთხვევებში კი, პიროვნებებს, რომლებმაც ნორმალური დოზები მიიღეს, გულის უკმარისობა დაემართათ, დაუზიანდათ ღვიძლი და ზოგი კომაშიც კი ჩავარდა». დ-რ სილვან დე მირანდას უსაფუძვლოდ არ უთქვამს შემდეგი: « „რეივის“ დამსწრეები „ექსტაზის“ მიღებით სიკვდილს ეცეკვებიან».
თვით ორგანული ნარკოტიკებიც კი, როგორიცაა: მცენარეული LSD, ეფედრას შემცველი „აქსელერაცია“ და მცენარეული „ექსტაზი“, შეიძლება საზიანო იყოს. მაგალითად, ამბობენ, რომ გარკვეულ პირობებში, ორგანულ ნარკოტიკს, „აქსელერაციას“, შეუძლია გულის ინფარქტის და თვით სიკვდილის გამოწვევაც.
ვინც დაჟინებით ირწმუნება, რომ „რეივებზე“ ნარკოტიკების გამოყენება უვნებელია, ყურადღება უნდა მიაქციოს სხვა ფაქტორსაც. კანადელი გამომძიებელი იენ ბრიგზი აცხადებს, რომ გაყიდული „ექსტაზის“ 90% სულაც არ არის ნამდვილი. „უმეტესობა არის PCP ან სხვა სახიფათო ნარკოტიკი, — ამატებს ის. — ასეთ ნარკოტიკებს უნამუსო ადამიანები ყიდიან. როცა წამალი მოქმედებას იწყებს, გამყიდველებს ვეღარსად იპოვი“a.
უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგ „რეივზე“ ნარკოტიკები შეიძლება არც კი იქნეს გამოყენებული. მაგრამ „რეივების“ დამსწრეები აღიარებენ, რომ ხშირად შეუძლებელია წინასწარ თქვა, „რეივზე“ მისულებიდან რამდენი იქნება არაკანონიერი ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ: ცოტა, ბევრი თუ უმრავლესობა.
„რეივები“ — ნამდვილად საშენოა?
მუსიკის მოსმენაში, ცეკვასა და დროის კარგად გატარებაში ცუდი და მიუღებელი არაფერია. ბიბლიაც კი ამბობს, რომ არის „ჟამი სიხარულისა“ და „ჟამი ცეკვისა“ (ეკლესიასტე 3:4, „დღევანდელი ინგლისური თარგმანი“ [Today’s English Version]). ბიბლია მოგვიწოდებს კიდეც: „იხარე. . . ვიდრე ნორჩი ხარ“ (ეკლესიასტე 11:9). მაშასადამე, შემოქმედს სურს, რომ ბედნიერი იყო! მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ‘მთელი წუთისოფელი სატანა ეშმაკის ძალაუფლებაშია’ (1 იოანე 5:19). ამიტომ აღარაფერია გასაკვირი იმაში, რომ გართობის სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც განდიდებულია წუთისოფელში, ხშირად მავნებელი ელემენტებითაა შერყვნილი.
მაგალითად, დაფიქრდი მათ შესახებ, ვინც „რეივებზე“ დადის. მიჰყვებიან თუ არა ისინი ბიბლიის მოწოდებას — ‘განიწმიდონ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან’? (2 კორინთელთა 7:1). მართალია, „რეივების“ მომხრეები შეიძლება მშვიდობის, სიყვარულისა და ერთიანობის იდეებს უჭერენ მხარს. „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე“ კი არა მარტო ‘მშვიდობიანია’, არამედ „წმიდაა“ (იაკობი 3:15, 17). შეეკითხე საკუთარ თავს: «ეთანხმება თუ არა მათი მორალი, ვინც ხშირად ესწრება „რეივებს“, ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ნორმებს? მსურს მთელი ღამის გატარება მათთან ერთად, ვისაც ‘ღმერთზე მეტად სიამეები უფრო უყვარს’?» (2 ტიმოთე 3:4; 1 კორინთელთა 6:9, 10; შეადარე ესაია 5:11, 12).
ამ კითხვებზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, რადგან პავლე წერდა, რომ „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33). მათთან ურთიერთობას, ვინც უპატივცემლობას ავლენს ღვთის კანონების მიმართ, საბოლოოდ უბედურება მოაქვს, ვინაიდან ბიბლია აცხადებს: „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება“ (იგავნი 13:20).
ფაქტი კი ის არის, რომ მრავალი „რეივი“, სინამდვილეში, ნარკოტიკების საღამოა და, ვინც მათ ესწრება, მწარე ნაყოფს იმკის. ზოგ „რეივზე“ პოლიცია რეიდებსაც კი აწყობს და შლის მათ უკანონოდ ჩატარების ან ნარკოტიკების გამო. განა მოისურვებდი, კანონის დამრღვევად ჩათვლილიყავი? (რომაელთა 13:1, 2). გინდაც კანონი არ ირღვეოდეს, განა შეძლებ ასეთი შეკრებების დროს „შეურყვნელად“ დარჩენას? (იაკობი 1:27). რადგან ბიბლიაში მსჯავრდადებულია ამგვარი მოვლენები, ანუ „ველური შეკრებები“, როგორც ეს „ბაინგტონის“ (Byington) ბიბლიაშია ნათარგმნი სიტყვა „გაუმაძღრობის“ ნაცვლად, განა „რეივებზე“ დასწრება დაგეხმარებოდა ღვთისა და ადამიანის წინაშე სუფთა სინდისის შენარჩუნებაში? (გალატელთა 5:21; 2 კორინთელთა 4:1, 2; 1 ტიმოთე 1:18, 19).
ნათელია, ქრისტიანები უნდა მოერიდონ „რეივებს“. მაგრამ გულს ნუ გაიტეხ. მრავალი გასართობი საშუალება არსებობს, რამაც შეიძლება სიხარული მოგგვაროს. მაგალითად, იეჰოვას მოწმეების ოჯახები სასარგებლო შეხვედრებს აწყობენ ხოლმეb. რადგან შეხვედრები კარგადაა დაგეგმილი და მათ ზედამხედველობაც ეწევა, ყველა დამსწრე სულიერად და ფიზიკურად წახალისებულად გრძნობს თავს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჯანსაღი საზოგადოება სიამოვნებას ჰგვრის იეჰოვას, ‘ნეტარ ღმერთს’, რომელსაც სურს, რომ მისმა ხალხმა იმხიარულოს (1 ტიმოთე 1:11, სსგ; ეკლესიასტე 8:15).
[სქოლიოები]
a PCP (ფენციკლიდინი) გამაყუჩებელი საშუალებაა, რომელსაც ზოგჯერ უკანონოდ იყენებენ, რათა გონებაში მკვეთრი გამოსახულებები გამოიწვიოს.
b მეტი ინფორმაციისთვის იხილე „საგუშაგო კოშკი“, 1992 წლის 15 აგვისტო, გვ. 15–20 (რუს.) და „გამოიღვიძეთ!“, 1997 წლის 22 მაისი, გვ. 8–10 (რუს.).
[ჩარჩო 29 გვერდზე]
რა არის „ტექნო“?
უბრალოდ რომ ვთქვათ, „ტექნო“ მიეკუთვნება ელექტრონულ საცეკვაო მუსიკას. ის მრავალ სტილად იყოფა. ხალხთა უმრავლესობა იტყოდა, რომ „ტექნო“ რიტმული სტილია, რადგან, ჩვეულებრივ, მას წუთში 115–160 ტაქტი ახასიათებს.
„იუროპიენი“ (The European) ამბობს, რომ «მათთვის, ვინც არ არის გაცნობილი „ტექნოსთან“, ის ბურღის მსგავს ხმაურს გამოსცემს, რომელიც მაშინ შეიძლება მოისმინო, როცა კბილის ექიმთან ზიხარ სავარძელში, ამას დაუმატე ის ხმაური, რომელიც, შენი წარმოდგენით, სოდომისა და გომორის განადგურების ღამეს იქნებოდა». მაგრამ ზოგ მსმენელს ხიბლავს „ტექნოს“ მონოტონური რიტმი. „ეს მუსიკა მგვრის უსაზღვრო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გრძნობას“, — ამბობს 18 წლის კრისტინე. სონიაც იმავე აზრისაა. «თავიდან მე საერთოდ არ მომწონდა „ტექნოს“ სტილის მუსიკა, — აღიარებს ის. — მაგრამ, რაც უფრო მეტს უსმენ, მით უფრო მისაღები ხდება შენთვის. თუ ხმასაც აუწევ, ვეღარსად გაექცევი მის ძლიერ რიტმს. შენდა უნებურად იწყებ მოძრაობას. თუ ფრთხილად არა ხარ, რიტმი შენს სხეულს ეუფლება». შერლი, 19 წლის გოგონა, უფრო ღრმად იხედება „ტექნოში“. „ეს მხოლოდ მუსიკა არ არის, — ამბობს ის. — ეს მთელი ცხოვრებაა, რაც ჩაცმულობასა და მეტყველებაში ვლინდება“.
ქრისტიანებს სურთ, ‘გამოსცადონ, თუ რა არის მოსაწონი უფლისთვის’ (ეფესელთა 5:10). ამიტომ მათ სიფრთხილე მართებთ, როცა საქმე ეხება როგორც „ტექნოს“, ასევე სხვა სტილის მუსიკებს. თუ ხედავ, რომ „ტექნომ“ გაგიტაცა, შეეკითხე საკუთარ თავს: «რა გავლენას ახდენს ამ სტილის მუსიკა ჩემზე? მინერგავს სიხარულს, სიწყნარესა და სიმშვიდეს? თუ მიმონებს და რისხვას ან უზნეო აზრებს იწვევს? მიმაახლოებს ამ სტილის მუსიკით გატაცება მისი მიმდევრების ცხოვრების სტილთან? ცდუნების წინაშე დამაყენებს, რომ დავესწრო „რეივებს“ ამ მუსიკის მოსასმენად ან საცეკვაოდ?»
დასკვნა ასეთია: როგორი გემოვნებაც არ უნდა გქონდეს მუსიკაში, არასოდეს დაუშვა, რომ ის შენსა და შენს ზეციერ მამას შორის ჩადგეს.