საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საწუხარი ყოველი ფეხის ნაბიჯზეა
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ივლისი
    • მთავარი თემა | როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს

      საწუხარი ყოველი ფეხის ნაბიჯზეა

      „მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავედი, მაგრამ ორცხობილების მეტი ვერაფერი ვიპოვე, თანაც ცეცხლის ფასი ედო! მეორე დღეს კი მაღაზიაში საერთოდ აღარაფერი დამხვდა“ (პოლი, ზიმბაბვე).

      „ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ჩვენ მიტოვებას აპირებდა. როგორ უნდა ამეტანა ღალატი? რა ბედი ეწეოდათ ჩემს შვილებს?“ (ჯანეტი, შეერთებული შტატები).

      „როგორც კი სირენის ხმას გავიგონებ, მაშინვე თავშესაფრისკენ გავრბივარ და იატაკზე ვწვები. რეაქტიული ჭურვების აფეთქების შემდეგ ისეთი შეშინებული ვარ, რომ ხელები საათობით მიკანკალებს“ (ალიონა, ისრაელი).

      კაცს აწუხებს ომები, სიღარიბე, დაავადებები და სხვა ცხოვრებისეული პრობლემები

      დღეს საწუხარით აღსავსე, „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ გვიწევს ცხოვრება (2 ტიმოთე 3:1). მრავალ ადამიანს ფინანსური კრიზისი, ოჯახის დანგრევა, ომი, მომაკვდინებელი ეპიდემიები და სტიქიური თუ ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურებები დიდ დარტყმას აყენებს. ამას გარდა, ბევრს პირადი საწუხარიც აქვს. მაგალითად, ზოგს ასეთი ფიქრები ტანჯავს: „კიბოდ ხომ არ გადამექცევა კანზე წანაზარდი?“ ან „როგორ მსოფლიოში მოუწევთ ცხოვრება ჩემს შვილიშვილებს?“.

      წუხილი ყოველთვის არ არის ცუდი. ბუნებრივია, რომ გამოცდაზე გასვლამდე, აუდიტორიის წინაშე წარდგომამდე ან დამსაქმებელთან გასაუბრებამდე სტრესს განვიცდით. მართალია, საფრთხისადმი ჯანსაღი შიში ზიანის თავიდან არიდებაში გვეხმარება, მაგრამ გადაჭარბებული და გამუდმებული წუხილი დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ახლახან ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ, რომელშიც 68 000-ზე მეტმა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ცხადყო, რომ უმნიშვნელო საწუხარიც კი ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს. სწორედ ამიტომ დასვა იესომ შემდეგი კითხვა: „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“. ნამდვილად, წუხილი ვერავის გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ ურჩია იესომ მსმენელებს: „ნუღარ წუხხართ“ (მათე 6:25, 27). მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი?

      წუხილის შემსუბუქებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ შევიძენთ სიბრძნეს, განვივითარებთ ღვთისადმი ძლიერ რწმენას და გვექნება მომავლის უტყუარი იმედი. შეიძლება დღეს არ გვიწევს დიდ საწუხართან ბრძოლა, მაგრამ მომავალში ამისგან არავინაა დაზღვეული. მომდევნო სტატიებიდან გავიგებთ, როგორ დაეხმარა ამ რჩევების გამოყენება პოლს, ჯანეტსა და ალიონას საწუხართან გამკლავებაში.

  • წუხილი ფულზე
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ივლისი
    • მთავარი თემა | როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს

      წუხილი ფულზე

      „მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფლაცია დაიწყო, პროდუქტები დეფიციტური და ძალიან ძვირი გახდა, — იხსენებს პოლი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. — საკვების საყიდლად რიგში საათობით ვიდექით; ხშირად, სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, აღარაფერი რჩებოდა. ხალხი შიმშილისგან ძალიან გახდა, ზოგს ქუჩაში გულიც კი მისდიოდა. ძირითადი პროდუქტების ღირებულება მილიონებს და მილიარდებსაც კი აღწევდა. ბოლოს ეროვნული ვალუტა საერთოდ გაუფასურდა. დავკარგე ბანკში შენახული თანხა, დაზღვევა და პენსია“.

      მაღაზიის გამოცარიელებულ თაროებთან მდგომი პოლი ფიქრობს, როგორ გამოკვებოს ოჯახი

      პოლი

      პოლს ესმოდა, რომ ოჯახის გადასარჩენად ბრძნულად მოქმედება მართებდა (იგავები 3:21). ის გვიყვება: „მართალია, პროფესიით ელექტრიკოსი ვარ, მაგრამ მაშინ ყველა სამუშაოს ვთანხმდებოდი, თუნდაც ძალიან დაბალი ანაზღაურებით. ზოგი გასამრჯელოდ ფულის მაგივრად საჭმელს ან ოჯახისთვის საჭირო ნივთებს მაძლევდა. მაგალითად, თუ გასამრჯელოდ ოთხ საპონს ვიღებდი, ორი ოჯახში მიმქონდა, ორს კი ვყიდდი. ასეთი ანაზღაურებით 40 წიწილა მოვაგროვე. როცა გაიზარდნენ გავყიდე და 300 წიწილა ვიყიდე. მოგვიანებით 50 ქათამი 100 კილოგრამ სიმინდის ფქვილზე გადავცვალე. ეს ფქვილი ჩვენ და კიდევ რამდენიმე ოჯახს, რომელსაც ვეხმარებოდით, კარგა ხანს გვეყო“.

      პოლს ისიც კარგად ესმოდა, რომ ყველაზე ბრძნული მოქმედება ღმერთზე მინდობა იყო. ღმერთი გვეხმარება, თუ იმას ვაკეთებთ, რასაც ის მოითხოვს ჩვენგან. ყოველდღიურ საზრუნავთან დაკავშირებით იესომ თქვა: „ნუღარ წუხხართ, რადგან . . . თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე“ (ლუკა 12:29—31).

      სამწუხაროდ, ღვთის მტერმა სატანამ ადამიანთა უმრავლესობას მთელი ყურადღება მატერიალურ საზრუნავზე გადაატანინა. ადამიანები თავიანთი საჭიროებებისა თუ სურვილების დასაკმაყოფილებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ და არასაჭირო ნივთების შესაძენად ყველაფერს აკეთებენ. ბევრიც ვალებში ჩავარდა და მწარე გამოცდილებიდან ისწავლა, რომ „მოვალე მევალის მსახურია“ (იგავები 22:7).

      ზოგმა არასწორი გადაწყვეტილების მიღებით საკუთარ თავს ავნო. პოლი ამბობს: „ბევრმა ჩემმა მეზობელმა დატოვა ოჯახი, მეგობრები და ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ წავიდა. თუმცა ზოგმა სამუშაო იქაც ვერ იშოვა, რადგან საბუთები წესრიგში არ ჰქონდა. ისინი პოლიციას ემალებოდნენ და ხშირად ქუჩაშიც კი ათევდნენ ღამეს. მათ ღმერთს არ მისცეს დახმარების საშუალება. ჩვენ კი გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მთელი ოჯახი ღვთის დახმარებით ერთად გავმკლავებოდით ფინანსურ პრობლემებს“.

      იესოს რჩევის გათვალისწინება

      პოლი განაგრძობს: «იესომ გვირჩია: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება; ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“. ამიტომ ღმერთს ლოცვაში მხოლოდ იმ დღის სამყოფ პურს ვთხოვდი, რომ როგორმე თავი გაგვეტანა. იესოს დაპირებისამებრ ის გვეხმარებოდა კიდეც. საჭმელად ყოველთვის ის არ გვქონდა, რაც გვინდოდა. მაგალითად, ერთხელ ისე ჩავდექი საჭმლის რიგში, რომ არ ვიცოდი, რა იყიდებოდა. როცა ჩემი რიგი მოვიდა, ვნახე, რომ იოგურტს ყიდდნენ. მართალია, იოგურტი არ მიყვარს, მაგრამ ის ერთადერთი საჭმელი იყო, ამიტომ იმ საღამოს მთელი ოჯახი იოგურტს გეახელით. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ იმ საშინელი პერიოდის განმავლობაში ჩემი ოჯახი არასოდეს დარჩენილა ლუკმა-პურის გარეშე».a

      ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს იმ დღისთვის „სამყოფ პურს“ აძლევს (ებრაელები 13:5)

      «დღეს ფინანსურად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა გამოცდილებიდან ვისწავლეთ, რომ საწუხართან გასამკლავებლად ყველაზე კარგი წამალი ღმერთზე მინდობაა. ვიცით, რომ იეჰოვაb ყოველთვის დაგვეხმარება, თუ მის ნებას შევასრულებთ. საკუთარ თავზე გამოვცადეთ ფსალმუნის 34:8-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას“. ასე რომ, თუ კიდევ აღმოვჩნდებით ეკონომიკური პრობლემის პირისპირ, მზად ვართ, გავუმკლავდეთ მას».

      უბრალო საჭმლის მირთმევამდე, მამაკაცი ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ლოცულობს

      ღმერთი თავის ერთგულ მსახურებს იმ დღისთვის „სამყოფ პურს“ აძლევს

      «დღეს კარგად გვესმის, რომ ადამიანს არსებობისთვის ფული და სამსახური კი არა, საკვები სჭირდება. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა შესრულდება ღვთის დანაპირები: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე“. მანამდე კი, „თუ გვაქვს საჭმელი და ტანსაცმელი“ ამით ვკმაყოფილდებით. ჩვენ გვაძლიერებს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. ეს გვამხნევებს და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“».c

      პოლისა და მისი ოჯახის მსგავსად ღმერთთან ერთად სიარული რომ შევძლოთ, ძლიერი რწმენაა საჭირო (დაბადება 6:9). არა აქვს მნიშვნელობა, დღეს ვებრძვით ფინანსურ პრობლემას, თუ მომავალში შევხვდებით მას, პოლის მიერ გამოვლენილი რწმენა და სიბრძნე მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის.

      მაგრამ რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ საწუხარს ოჯახური პრობლემები გვიჩენს?

      a იხილეთ მათეს 6:11, 34.

      b ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.

      c იხილეთ ფსალმუნის 72:16; 1 ტიმოთეს 6:8; ებრაელების 13:5, 6.

  • წუხილი ოჯახზე
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ივლისი
    • მთავარი თემა | როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს

      წუხილი ოჯახზე

      „მამაჩემის გარდაცვალებიდან მალევე, ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ სხვა ქალს ხვდებოდა, — გვიყვება ჯანეტი. — მალე ყოველგვარი გაფრთხილებისა და დამშვიდობების გარეშე მან ჩემოდანი ჩაალაგა და ორ შვილთან ერთად მარტო დამტოვა“. ჯანეტმა მუშაობა დაიწყო, თუმცა მისი ანაზღაურება ოჯახს ვერ სწვდებოდა. მისი სადარდებელი მხოლოდ ფული როდი იყო. ჯანეტი განაგრძობს: „საშინლად დათრგუნული ვიყავი, რადგან ძალიან ვწუხდი იმ ახალ პასუხისმგებლობებზე, რომლებსაც მარტო უნდა გავმკლავებოდი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ იმდენს ვერ ვაკეთებდი ჩემი შვილებისთვის, რამდენსაც სხვა მშობლები. დღემდე მადარდებს, რას ფიქრობენ სხვები ჩემზე და ჩემს შვილებზე, ხომ არ ფიქრობენ, რომ ოჯახის გადასარჩენად ყველაფერი არ ვიღონე?!“.

      ჯანეტი ფიქრობს ოჯახურ პრობლემებზე, რომელთან გამკლავებაც უწევს

      ჯანეტი

      ჯანეტს ლოცვა ეხმარება, რომ თავი ხელში აიყვანოს და ღმერთთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოს. ის განაგრძობს: «ყველაზე მეტად ღამე მიჭირს, როცა სიჩუმე ჩამოწვება და მწუხარე ფიქრები სულს მიფორიაქებს. ლოცვა და ბიბლიის კითხვა დაძინებაში ძალიან მეხმარება. განსაკუთრებით მიყვარს ფილიპელების 4:6, 7 მუხლებში ჩაწერილი სიტყვები: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“. ლოცვაში არაერთი ღამე გამითენებია და არაერთხელ მიგრძნია იეჰოვასგან ნუგეში».

      ლოცვასთან დაკავშირებით მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული იესოს სიტყვები, ნებისმიერი საწუხარის დროს გვამხნევებს. იესომ თქვა: „თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ“ (მათე 6:8). ჩვენ უბრალოდ უნდა ვთხოვოთ ღმერთს დახმარება. ლოცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით მხოლოდ ჩვენ კი არ ვუახლოვდებით ღმერთს, არამედ ისიც გვიახლოვდება (იაკობი 4:8).

      მართლაც, ლოცვა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ გრძნობების გადმოღვრა და საწუხარისგან გათავისუფლება. იეჰოვა, ლოცვების მომსმენი ღმერთი, მათ სასიკეთოთ მოქმედებს, ვინც რწმენით მიმართავს მას (ფსალმუნი 65:2). ამიტომაც მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს, რომ ყოველთვის ელოცათ და სულით არ დაცემულიყვნენ (ლუკა 18:1). მუდამ უნდა ვთხოვოთ ღმერთს ხელმძღვანელობა და დახმარება იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის გვაკურთხებს. არასოდეს უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ იეჰოვას ჩვენი დახმარების სურვილიც აქვს და ძალაც. რწმენით აღვლენილი და განუწყვეტელი ლოცვებით ცხადვყოფთ, რომ ძლიერი რწმენა გვაქვს (1 თესალონიკელები 5:17).

      რას ნიშნავს ნამდვილი რწმენა?

      სინამდვილეში რა არის რწმენა? რწმენაში ღვთის გაცნობა იგულისხმება (იოანე 17:3). ღვთის გაცნობა ბიბლიის მეშვეობით შეგვიძლია, რადგან მასში ღვთის აზრებია ჩაწერილი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი თითოეულ ჩვენგანს გვაკვირდება და სურს, დაგვეხმაროს. ნამდვილი რწმენა ღმერთთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებას ნიშნავს და არა მხოლოდ მის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიღებას. რა თქმა უნდა, როგორც ადამიანთან დამეგობრებას, ისე ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებას გარკვეული დრო სჭირდება. რაც უფრო მეტს ვიგებთ ღვთის შესახებ, მის მოსაწონად ვიქცევით და ვგრძნობთ მის დახმარებას, მით უფრო გვიძლიერდება მისადმი რწმენა (2 კორინთელები 10:15; იოანე 8:29). სწორედ ასეთი რწმენა ეხმარება ჯანეტს საწუხართან გამკლავებაში.

      „ყველაზე მეტად რწმენა იმან გამიძლიერა, რომ იეჰოვას დახმარებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი, — ამბობს ჯანეტი. — მე და ჩემი შვილები ხშირად ისეთ უსამართლობას ვაწყდებოდით, რომელთან გამკლავებაც შეუძლებლად მიგვაჩნდა. მაგრამ გამუდმებული ლოცვების მეშვეობით იეჰოვა ისეთ გამოსავალს გვანახვებდა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი. როცა ლოცვაში მადლობას ვუხდი იეჰოვას, კიდევ ერთხელ ვფიქრდები იმაზე, თუ რამდენი რამ გაუკეთებია მას ჩემთვის. ღმერთი ყოველთვის საჭირო დროს გვიწვდიდა დახმარების ხელს. მან აგრეთვე ძვირფასი მეგობრები, ნამდვილი ქრისტიანი და-ძმები, მაჩუქა, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ჩემ დასახმარებლად და ჩემს შვილებსაც კარგ მაგალითს აძლევენ“.a

      დედა შვილებთან ატარებს დროს

      „საკუთარი გამოცდილებიდან დავინახე, თუ რატომ ამბობს იეჰოვა მალაქიას 2:16-ში: „მძულს გაყრა“. მეუღლის ღალატი ძალიან მტკივნეულია. მას შემდეგ, რაც ქმარმა მიმატოვა, არა ერთმა წელმა განვლო, თუმცა დროდადრო კვლავ მეუფლება მარტოობისა და უღირსობის გრძნობა. როცა ასეთი უარყოფითი გრძნობები შემომაწვება, ვცდილობ, ისეთი რამ გავაკეთო, რითაც სხვებს დავეხმარები. ამის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ“. ჯანეტი ითვალისწინებს ბიბლიურ პრინციპს და ცდილობს, არ განმარტოვდეს, რითაც საწუხარს იმსუბუქებსb (იგავები 18:1).

      ღმერთი „უმამო ბავშვების მამა და ქვრივების მოსამართლეა“ (ფსალმუნი 68:5)

      ჯანეტი განაგრძობს: «ყველაზე მეტად იმის ცოდნა მანუგეშებს, რომ ღმერთი „უმამო ბავშვების მამა და ქვრივების მოსამართლეა“. ჩემი ქმრისგან განსხვავებით ის არასოდეს მიგვატოვებს» (ფსალმუნი 68:5). ჯანეტი დარწმუნებულია, რომ ღმერთი არავის სცდის ბოროტებით. პირიქით, ის საწუხართან გასამკლავებლად „ყველას უხვად . . . აძლევს“ სიბრძნეს და ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (იაკობი 1:5, 13; 2 კორინთელები 4:7).

      მაგრამ რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ საწუხარს მოსალოდნელი საშიშროება გვიჩენს?

      a იხილეთ 1 კორინთელების 10:13; ებრაელების 4:16.

      b საწუხართან გამკლავებაში დამხმარე სხვა რჩევები იხილეთ 2015 წლის ივლისის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ სათაურით „მართავთ თქვენს ცხოვრებას?“. წაიკითხეთ ამ ჟურნალის შესავალი სტატიები. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.pr2711.com.

  • წუხილი მოსალოდნელ საშიშროებაზე
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 1 ივლისი
    • მთავარი თემა | როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს

      წუხილი მოსალოდნელ საშიშროებაზე

      „როცა სირენის ხმას ვიგებ გული მიჩქროლდება და თავშესაფრისკენ გავრბივარ, თუმცა იქაც ვერ ვმშიდდები — ამბობს ალიონა. — ყველაზე საშინლად კი თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ამ დროს ქუჩაში ვარ და დასამალ ადგილს ვერსად ვპოულობ. ერთხელ ქუჩაში ისე შევშინდი, რომ ტირილი დავიწყე და სუნთქვა შემეკრა. როცა რამდენიმე საათის შემდეგ ძლივს დავმშვიდდი, სირენის ხმა კვლავ გაისმა“.

      ალიონას აწუხებს მოსალოდნელ აფეთქებაზე ფიქრი

      ალიონა

      ომის გარდა ჩვენს სიცოცხლეს არაერთი საშიშროება უქმნის საფრთხეს. მაგალითად, თქვენთვის ან საყვარელი ადამიანისთვის მომაკვდინებელი დაავადების დიაგნოზის დასმა შესაძლოა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყოს. ზოგს მომავალზე ფიქრი აშფოთებს, რადგან შიშის თვალით უყურებს მას. ისინი ფიქრობენ: „ხომ არ მოუწევთ ჩვენს შვილებს ან შვილიშვილებს ომებითა და დამნაშავეობით სავსე მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ეპიდემიები, დაბინძურებული გარემო და შეცვლილი კლიმატი საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს?“ როგორ დავაღწიოთ თავი მსგავს მშფოთვარე ფიქრებს?

      წინდახედულ ადამიანს ესმის, რომ საფრთხისგან დაცული არ არის, ამიტომ ის „ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 27:12). როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას რომ გავუფრთხილდეთ, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს. ძალადობის შემცველი გართობა და შემაძრწუნებელი კადრებით სავსე ახალი ამბები საწუხარს გვმატებს როგორც ჩვენ, ისე ჩვენს შვილებს. ძალადობრივი სცენებისთვის თვალის არიდება სულაც არ ნიშნავს, რომ რეალობას თვალს არ ვუსწორებთ. ღმერთმა ჩვენი გონება იმისთვის კი არ შექმნა, რომ ბოროტებით ავავსოთ, არამედ იმისთვის, რომ ვიფიქროთ იმაზე, „რაც ჭეშმარიტია . . . რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია“. თუ ასე მოვიქცევით, „მშვიდობის ღმერთი“ შინაგან სიმშვიდეს მოგვცემს (ფილიპელები 4:8, 9).

      ლოცვის ძალა

      ნამდვილი რწმენა წუხილის დაძლევაში გვეხმარება. ბიბლია მოგვიწოდებს: „ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“ (1 პეტრე 4:7). სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი რომ ვიპოვოთ, ღმერთს დახმარება, სიბრძნე და გაბედულება უნდა ვთხოვოთ იმაში დარწმუნებულებმა, რომ „რასაც უნდა ვთხოვდეთ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:15).

      ავი და ალიონა დახმარებისთვის ღმერთს მიმართავენ ლოცვით

      მეუღლესთან, ავისთან ერთად

      ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ამ ქვეყნიერების მმართველი“ ღმერთი კი არა, სატანაა. ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (იოანე 12:31; 1 იოანე 5:19). ამიტომაც ასწავლა იესომ თავის მიმდევრებს, რომ ლოცვისას ღვთისთვის ეთხოვათ: „გვიხსენი ბოროტისგან“ (მათე 6:13). „როცა სირენის ხმა მესმის, იეჰოვას ვთხოვ, რომ დამშვიდებაში დამეხმაროს. ამ დროს მეუღლე მირეკავს და ჩემთან ერთად ლოცულობს. ლოცვა ძალიან მეხმარება“, — გვიზიარებს ალიონა. ბიბლია სწორედ ამას ამბობს: „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყველასთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას“ (ფსალმუნი 145:18).

      მომავლის იმედი

      მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, ლოცვისას ღვთისთვის ეთხოვათ: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:10). ღვთის სამეფო სამუდამოდ აღმოფხვრის ყოველგვარ საწუხარს. „მშვიდობის მთავრის“, იესოს, მეშვეობით ღმერთი შეწყვეტს „ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ესაია 9:6; ფსალმუნი 46:9). „ის [ღმერთი] სამართლიან განაჩენს გამოიტანს ხალხებისთვის . . . ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს . . . არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:3, 4). ბედნიერი ოჯახები „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს“ (ესაია 65:21). „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

      რაც არ უნდა ვიფრთხილოთ, ჩვენზე „დრო და შემთხვევა“ ყოველთვის მოქმედებს და სავსებით შესაძლებელია, რომ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოვჩნდეთ (ეკლესიასტე 9:11). საუკუნეებია, რაც ომები, ძალადობა და დაავადებები მრავალ კარგ ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს. რა იმედი არსებობს ამ უდანაშაულო მსხვერპლთათვის?

      მილიონობით ადამიანს, რომელთა ზუსტი რაოდენობაც მხოლოდ ღმერთმა უწყის, სიცოცხლე კვლავ დაუბრუნდება. დღეს კი ამ ადამიანებს სიკვდილის ძილით სძინავთ და მათ ხსოვნას ღვთის სრულყოფილი მეხსიერება ინახავს იმ დრომდე, სანამ „ყველანი, ვინც სამარხებში არიან . . . გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). ბიბლია საუბრობს მკვდრეთით აღდგომის იმედზე და გვარწმუნებს, რომ „ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის“ (ებრაელები 6:19). ღმერთმა კი „ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი [იესო]“ (საქმეები 17:31).

      საწუხარი შესაძლოა მათაც გაუჩნდეთ, ვინც ღვთისმოსაწონად ცხოვრებას ცდილობს. ბრძნულად მოქმედებით, ლოცვის მეშვეობით ღმერთთან დაახლოებითა და ბიბლიური იმედისადმი რწმენის გაძლიერებით პოლმა, ჯანეტმა და ალიონამ შეძლეს გამკლავებოდნენ თავიანთ საწუხარს. დაე, მათ მსგავსად „იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით თქვენი რწმენის მეშვეობით“ (რომაელები 15:13).

      როდის შეიძლება დაგვჭირდეს ექიმის დახმარება?

      თუ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად საწუხარს ვერ უმკლავდებით, შესაძლოა ექიმთან კონსულტაცია დაგჭირდეთ. თუკი სტრესისა და პრობლემების დროს იმაზე მეტად წუხხართ, ვიდრე უნდა წუხდეთ, ეს შესაძლოა სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებდეს. თავიდან ექიმმა შეიძლება თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს, რადგან წუხილის გამომწვევი მიზეზი ზოგჯერ ესა თუ ის დაავადებაა. ასეთ დროს ექიმმა შესაძლოა მიზანშეწონილად მიიჩნიოს, დაგინიშნოთ მკურნალობა.a

      a ეს ჟურნალი რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე მეთოდს. ქრისტიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ მკურნალობის მეთოდით, რომელსაც ისინი შეარჩევენ, არ ირღვევა ბიბლიური პრინციპები. იხილეთ 2012 წლის მარტის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატია, სათაურით „როგორ დავეხმაროთ მას, ვისაც ნერვული აშლილობა აქვს?“. ხელმისაწვდომია აგრეთვე ვებ-გვერდზე www.pr2711.com

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება