იესოს მოსვლა თუ იესოს თანდასწრება — რომელი?
„რა იქნება შენი მოსვლისა [თანდასწრებისა, აქ] და წუთისოფლის [ამ სისტემის, აქ] აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3).
1. რა როლს თამაშობდა კითხვები იესოს მსახურებაში?
იესოს მიერ მარჯვედ დასმული კითხვები მის მსმენელებს აფიქრებდა, საკითხებს ახალი კუთხით ანახვებდა (მარკოზი 12:35–37; ლუკა 6:9; 9:20; 20:3, 4). ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ იესო პასუხობდა კიდეც დასმულ შეკითხვებს. მისი პასუხები ასხივებდა ჭეშმარიტებას, რაც სხვაგვარად, შესაძლოა, არც გვცოდნოდა და ვერც გაგვეგო (მარკოზი 7:17–23; 9:11–13; 10:10–12; 12:18–27).
2. რომელ კითხვაზე გავამახვილებთ ახლა ყურადღებას?
2 მათეს 24:3-ში ვნახულობთ ერთ-ერთ უაღრესად მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელზეც ოდესმე უპასუხია იესოს. მიწიერი სიცოცხლის აღსასრულის მოახლოების დროს, იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ იერუსალიმის ტაძარი განადგურდებოდა, რაც იუდეველთა სისტემის აღსასრულის ნიშანი იქნებოდა. მათეს ჩანაწერში გრძელდება: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3).
3, 4. რა მნიშვნელოვანი სხვაობაა იმაში, თუ როგორ გვთავაზობს ბიბლიის სხვადასხვა თარგმანები ძირითადი მნიშვნელობის მქონე სიტყვას მათეს 24:3-ში?
3 ბიბლიის მილიონობით მკითხველს აინტერესებს: „რატომ დაუსვეს მოწაფეებმა იესოს ეს შეკითხვა და როგორ უნდა იმოქმედოს იესოს პასუხმა ჩემზე?“ პასუხში იესომ ისაუბრა ხის გაფოთვლაზე, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ზაფხული „ახლოა“ (მათე 24:32, 33). ამიტომ, მრავალი ეკლესია ასწავლის, რომ მოციქულები იესოს ეკითხებოდნენ მისი ‘მოსვლის’ ნიშნის შესახებ, იმ ნიშნის შესახებ, რომელიც ნათელყოფდა, რომ მისი დაბრუნება ახლოს იყო. მათ სწამთ, რომ ‘მოსვლა’ იქნება იმ დროს, როცა ის ქრისტიანებს ზეცაში წარიტაცებს და მსოფლიოს გაანადგურებს. გჯერა თუ არა ამ სწავლების სისწორე?
4 ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი, მათ შორის, „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, სიტყვა ‘მოსვლის’ ნაცვლად, იყენებს სიტყვა — ‘თანდასწრებას’. შესაძლებელია თუ არა, რომ მოციქულების შეკითხვა და იესოს პასუხი განსხვავდებოდეს ეკლესიების სწავლებისგან? სინამდვილეში, რა კითხვა იყო დასმული? და რა თქვა იესომ პასუხად?
რას ეკითხებოდნენ ისინი?
5, 6. რა შეგვიძლია დავასკვნათ მოციქულთა ფიქრზე, როდესაც იესოს დაუსვეს მათეს 24:3-ში მოცემული კითხვა?
5 თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც იესომ ტაძრის შესახებ თქვა, როგორც ჩანს, მოციქულები ფიქრობდნენ იუდეველთა სისტემაზე, როდესაც ჰკითხეს ‘მისი მოსვლისა [ან თანდასწრების] და წუთისოფლის [ამ სისტემის, აქ; სიტყვასიტყვით, „ეპოქის“] აღსასრულის ნიშანი’ (შეადარე სიტყვა „წუთისოფელი“ 1-ლი კორინთელთა 10:11-სა და გალატელთა 1:4-თან).
6 იმ დროისთვის მოციქულებს ბოლომდე არ ესმოდათ იესოს სწავლებები. უფრო ადრე მათ ეგონათ, რომ „უცბად გამოჩნდებოდა ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 19:11; მათე 16:21–23; მარკოზი 10:35–40). ზეთისხილის მთაზე საუბრის შემდეგაც, ვიდრე სულიწმიდით იქნებოდნენ ცხებული, ისინი შეეკითხნენ იესოს, იმ დროისთვის თუ აღუდგენდა ისრაელს სამეფოს (საქმეები 1:6).
7. რატომ შეეკითხებოდნენ მოციქულები იესოს მისი მომავალი როლის შესახებ?
7 მაგრამ მათ იცოდნენ, რომ იესოს უნდა დაეტოვებინა ისინი, რადგან, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, უთხრა: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენ შორის ნათელი. იარეთ სანამ ნათელი გაქვთ“ (იოანე 12:35; ლუკა 19:12–27). ამგვარად, მათ, როგორც ჩანს, აინტერესებდათ: „თუ იესო წასვლას აპირებს, როგორ ამოვიცნობთ მის დაბრუნებას?“ როდესაც ის გამოჩნდა, როგორც მესია, უმრავლესობამ არ აღიარა იგი. და ერთი წლის შემდეგაც კი კვლავ რჩებოდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, შეასრულებდა თუ არა იესო ყოველივეს, რაც მესიას უნდა გაეკეთებინა (მათე 11:2, 3). ასე რომ, მოციქულებს მიზეზი ჰქონდათ, ეკითხათ მისთვის მომავლის შესახებ. მაგრამ, კვლავ ვუბრუნდებით ზემოხსენებულ შეკითხვას, ეკითხებოდნენ თუ არა მისი მალე მოსვლის ნიშნის, თუ რაღაც სხვა რამის შესახებ?
8. რომელ ენაზე ესაუბრებოდნენ მოციქულები იესოს?
8 წარმოიდგინე, რომ ჩიტი იყავი და ზეთისხილის მთაზე ისმენდი საუბარს (შეადარე ეკლესიასტე 10:20). ალბათ, იესოსა და მისი მოციქულების საუბარს ებრაულ ენაზე მოისმენდი (მარკოზი 14:70; იოანე 5:2; 19:17, 20; საქმეები 21:40). მაგრამ, როგორც ჩანს, მათ ბერძნულიც იცოდნენ.
რა დაწერა მათემ — ბერძნულად
9. რაზეა დაფუძნებული „მათეს“ უახლესი თარგმანების უმრავლესობა?
9 ახალი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნის ძველი წყაროები გვამცნობს, რომ პირველად მათემ თავისი სახარება ებრაულ ენაზე დაწერა. როგორც ჩანს, მოგვიანებით მან ის ბერძნულადაც დაწერა. მრავალი ბერძნული ხელნაწერი დღემდე შემორჩა და დღევანდელ ენებზე მისი სახარების თარგმნის საყრდენს წარმოადგენს. რა დაწერა მათემ ბერძნულად ზეთისხილის მთაზე საუბართან დაკავშირებით? რა დაწერა „მოსვლისა“ თუ „თანდასწრების“ შესახებ, რასაც მოციქულები ეკითხებოდნენ იესოს და, რაც იესომ განმარტა?
10. ა) რომელ ბერძნულ სიტყვას იყენებდა მათე ხშირად ‘მოსვლის’ გადმოსაცემად და რა მნიშვნელობები შეიძლება, ჰქონდეს მას? ბ) რომელი სხვა ბერძნული სიტყვაა ჩვენთვის საინტერესო?
10 მათეს პირველ 23 თავში 80-ზე მეტჯერ გვხვდება საზოგადო ბერძნული ზმნა „ერʹკჰო·მაი“ ‘მოსვლასთან’ დაკავშირებით. ხშირად, ეს სიტყვა ნიშნავს მოახლოებას ან ახლო მოსვლას, როგორც იოანეს 1:48-ში (სსგ; 1:47, კს) ვკითხულობთ: „მისკენ მომავალი ნათანაელი. . . დაინახა, იესომ“. გამოყენების მიხედვით, ზმნა „ერʹკჰო·მაი“ შეიძლება ნიშნავდეს: „მოსვლას“, „წასვლას“, „მისვლას“, „შესვლას“ ან „გზაზე დადგომას“ (მათე 2:8, 11; 8:28; იოანე 4:25, 27, 45; 20:4, 8; საქმეები 8:40; 13:51). მაგრამ მათეს 24:3, 27, 37, 39-ში მათემ გამოიყენა სხვა სიტყვა, არსებითი სახელი, „პა·როუ·სიʹა“, რომელიც სხვა სახარებებში არ გვხვდება. რადგანაც ბიბლიის წერა ღვთის მიერ იყო შთაგონებული, რატომ აღძრა მან მათე, რომ სახარების ბერძნულად წერის დროს სწორედ ეს ბერძრული სიტყვა ჩაეწერა ამ მუხლებში? რას ნიშნავს ეს და რატომ უნდა გვსურდეს ამის გაგება?
11. ა) რას ნიშნავს „პა·როუ·სიʹა“? ბ) რომელი მაგალითები გვეხმარება იოსებ ფლავიუსის ნაწერებიდან, რომ გავიგოთ „პა·როუ·სიʹა“-ს მნიშვნელობა? (იხილე სქოლიო).
11 სიტყვა „პა·როუ·სიʹა“-ს ზუსტი მნიშვნელობა არის „თანდასწრება“. ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონი“ ამბობს: „პაროუსია, . . . სიტ[ყვასიტყვით], თანდასწრება, „პარა“ — „თან“ და „ოუსია“ — „არის“ (ნაწარმოებია ზმნიდან, „ეიმი“ — ყოფნა), მიუთითებს როგორც მოსვლაზე, აგრეთვე ამის შედეგად თან დასწრებაზე. მაგალითად, პაპირუსის წერილში ქალბატონი საუბრობს თავისი „პაროუსიის“ აუცილებლობის შესახებ გარკვეულ ადგილზე, რათა იზრუნოს საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“. სხვა ლექსიკონები განმარტავს, რომ „პა·როუ·სიʹა“ მიუთითებს ‘მმართველის ვიზიტზე’. ამიტომ, ეს მხოლოდ მოსვლას არ შეეხება, არამედ თანდასწრებასაც, რომელიც მოსვლიდან მოყოლებული გრძელდება. საინტერესოა, რომ მოციქულების თანამედროვე ებრაელმა ისტორიკოსმა, იოსებ ფლავიუსმა, სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენა „პა·როუ·სიʹა“a.
12. თავად ბიბლიის რომელი მაგალითები გვეხმარება, რომ დავრწმუნდეთ „პა·როუ·სიʹა“-ს მნიშვნელობაში?
12 „თანდასწრების“ მნიშვნელობას ნათელს ჰფენს უძველესი ლიტერატურა, მაგრამ ქრისტიანებს განსაკუთრებით აინტერესებთ, თუ ღვთის სიტყვა როგორ იყენებს სიტყვა „პა·როუ·სიʹა“-ს. პასუხი იგივეა — თანდასწრება. ამას პავლეს წერილებიდან ვხედავთ. მაგალითად, ფილიპელებს მან მისწერა: „როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი, არა მარტო ჩემი ყოფნისას [თანდასწრებისას, აქ], არამედ უფრო მეტად ახლა, ჩემი არყოფნის დროს. . . იღვაწეთ თქვენს სახსნელად“. ის აგრეთვე ლაპარაკობს მათთან ყოფნის შესახებ, რომ, შესაძლოა, პავლეს ‘კვლავ მისვლით [თანდასწრებით (პა·როუ·სიʹა), აქ]’ ისინი ხარობდნენ (ფილიპელთა 1:25, 26; 2:12). სხვა თარგმანებში ვკითხულობთ „კვლავ თქვენთან ყოფნით“ (Weymouth; New International Version); „როცა კვლავ თქვენთან ვარ“ (Jerusalem Bible; New English Bible); და „როცა კვლავ თქვენს შორის გეყოლებით“ (Twentieth Century New Testament). მეორე კორინთელთა 10:10, 11-ში პავლემ ‘პირადად ყოფნა [თანდასწრება, აქ]’ დაუპირისპირა ‘არყოფნას’. ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ის არ საუბრობდა თავის მიახლოებასა და მისვლაზე; მან სიტყვა „პა·როუ·სიʹა“ თანდასწრების მნიშვნელობით გამოიყენაb (შეადარე 1-ლი კორინთელთა 16:17, აქ). მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იესოს „პა·როუ·სიʹა“-ს მითითებებზე? აქვს თუ არა მათ მისი ‘მოსვლის’ მნიშვნელობა, თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თანდასწრებას ნიშნავს?
13, 14. ა) საიდან ვასკვნით, რომ „პა·როუ·სიʹა“ გრძელდება დროის განმავლობაში? ბ) რა შეიძლება, ითქვას იესოს „პა·როუ·სიʹა“-ს ხანგრძლივობაზე?
13 პავლეს დროს მცხოვრებ სულითცხებულ ქრისტიანებს აინტერესებდათ იესოს „პა·როუ·სიʹა“. მაგრამ პავლე აფრთხილებდა, რომ ‘არ შეძრულიყო მათი გონება’. პირველად უნდა გამოჩენილიყო „ურჯულოების კაცი“, რომელიც, როგორც დამტკიცდა, არის ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება. პავლე წერდა, რომ ‘მისი მოსვლა [თანდასწრება, აქ] იქნებოდა სატანის მოქმედებით, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით’ (2 თესალონიკელთა 2:2, 3, 9). ცხადია, რომ ‘ურჯულოების კაცის’ „პა·როუ·სიʹა“, ანუ თანდასწრება, არ ყოფილა წამიერი მოსვლა; ის უნდა გაგრძელებულიყო მთელი დროის მანძილზე, რომლის დროსაც ყალბი ნიშნები წარმოიშვებოდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
14 განვიხილოთ ამ მუხლის წინამდებარე მუხლი: „გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავისი მოსვლის [თანდასწრების, აქ] გამოცხადებით“. როგორც ‘ურჯულოების კაცის’ თანდასწრება უნდა ყოფილიყო გარკვეული დროის მანძილზე, მსგავსად იესოს თანდასწრება განსაზღვრული დროის განმავლობაში იქნებოდა და ამის აპოგეა ურჯულო ‘დაღუპვის ძის’ განადგურება უნდა ყოფილიყო (2 თესალონიკელთა 2:8).
ებრაული — ენის თავისებურებები
15, 16. რომელი სპეციფიკური სიტყვაა გამოყენებული „მათეს“ ებრაულ თარგმანებში? ბ) როგორ არის გამოყენებული „ბოჰ’“-ი საღვთო წერილში?
15 ზემოთქმულის თანახმად, როგორც ჩანს, მათემ თავისი სახარება პირველად ებრაულ ენაზე დაწერა. რომელი ებრაული სიტყვა გამოიყენა მან მათეს 24:3, 27, 37, 39-ში? თანამედროვე ებრაულ ენაზე „მათეს“ სხვადასხვა თარგმანებში, როგორც მოციქულების შეკითხვაში, აგრეთვე იესოს პასუხში, გამოყენებულია ზმნის ფორმა „ბოჰ’“-ი. ამიტომ ამ მუხლებს ასე წავიკითხავდით: „რა იქნება შენი [ბოჰ’]-ისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ და „როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის [ბოჰ’]-იც“. კი მაგრამ, რას ნიშნავს „ბოჰ’“-ი?
16 მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მნიშვნელობა აქვს, ებრაული ზმნა „ბოჰ’“-ი, ძირითადად, ნიშნავს „მოსვლას“. ერთ-ერთი ლექსიკონი (Theological Dictionary of the old Testament) ამბობს: „ებრაულ წერილებში ყველაზე ხშირად, 2 532-ჯერ, გამოიყენება ზმნა „ბოჰ’“-ი და ძირითადად მოძრაობის გამოსახატავად იხმარება“ (დაბადება 7:1, 13; გამოსვლა 12:25; 28:35; მეორე მეფეთა 19:30; მეოთხე მეფეთა 10:21; ფსალმუნი 64:2; ესაია 1:23; ეზეკიელი 11:16; დანიელი 9:13; ამოსი 8:11). გამოიყენეს თუ არა ასეთი ფართო მნიშვნელობის სიტყვა იესომ და მისმა მოციქულებმა, შესაძლოა, საკამათო იყოს. მაგრამ გამოიყენეს თუ არა საერთოდ?
17. ა) რატომ არის დასაშვები, რომ თანამედროვე ებრაული თარგმანები ზუსტად ვერ გადმოსცემდეს იმას, რაც იესომ და მისმა მოციქულებმა თქვეს? ბ) კიდევ რომელ წყაროებში ვპოულობთ იმ ძაფს, რომელიც გვახვედრებს, თუ რომელი სიტყვა გამოიყენეს იესომ და მისმა მოციქულებმა და კიდევ რა მიზეზით არის ეს წყარო ჩვენთვის საინტერესო? (იხილე სქოლიო).
17 გახსოვდეს, რომ თანამედროვე ებრაული ვერსიებიც თარგმანებია, რომლებიც, შესაძლოა, ზუსტად ვერ გადმოსცემს იმას, რაც მათემ ებრაულ ენაზე დაწერა. ფაქტია, რომ იესოს თავისუფლად შეეძლო „ბოჰ’“-ის ნაცვლად გამოეყენებინა სხვა სიტყვა, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა სიტყვა „პა·როუ·სიʹა“-ს. ზმნის ეს ფორმა გვხვდება 1995 წელს გამოცემულ წიგნში: „მათეს ებრაული სახარება“, ავტორი — პროფესორი ჯორჯ ჰოუარდი. წიგნი ყურადღებას ამახვილებს მე-14 საუკუნის, ქრისტიანობის საწინააღმდეგო, პოლემიკურ ტრაქტატზე, რომლის ავტორი იყო ებრაელი ექიმი შემ-ტობ ბენ ისააკ იბნ შარფუტი. ეს დოკუმენტი გვთავაზობს მათეს სახარების ებრაულ ტექსტს. არსებობს მტკიცება, რომ მათეს ეს ტექსტი შემ-ტობის დროს, იმის ნაცვლად ლათინურიდან ან ბერძნულიდან გადათარგმნილიყო, წარმოადგენდა უძველესს და თავდაპირველად, ებრაულ ენაზე იყო შედგენილიc. ამან, შეიძლება, უფრო ახლოს მიგვიყვანოს იმასთან, რაც ზეთისხილის მთაზე ითქვა.
18. რომელი საინტერესო ებრაული სიტყვა გამოიყენა შემ-ტობმა, და რას ნიშნავს ის?
18 მათეს 24:3, 27, 39-ში შემ-ტობის „მათე“ არ იყენებს ზმნა „ბოჰ’“-ს. ამის ნაცვლად გამოყენებულია მონათესავე არსებითი სახელი „ბი·ʼაჰʹ“. ეს არსებითი სახელი ებრაულ წერილებში მხოლოდ ეზეკიელის 8:5-ში გამოიყენება, სადაც მისი მნიშვნელობაა ‘შესასვლელი’. იმის ნაცვლად, რომ გამოხატოს მოსვლასთან დაკავშირებული მოქმედება, „ბი·ʼაჰʹ“ ნიშნავს შენობის დასაწყისს; როდესაც ხარ შესასვლელში ან ზღურბლზე, უკვე შენობაში ხარ. აგრეთვე, „მკვდარი ზღვის ხელნაწერებს“ შორის არაბიბლიური რელიგიური საბუთები, ხშირად „ბი·ʼაჰʹ“-ს მოსვლასთან ან მღვდლობის დაწყებასთან დაკავშირებით იყენებს (იხილე პირველი ნეშტთა 24:3–19; ლუკა 1:5, 8, 23). ძველი სირიული (ანუ არამეული) „ფეშიტა“, რომელიც 1986 წელს ებრაულ ენაზე გადაითარგმნა, მათეს 24:3, 27, 37, 39-ში იყენებს „ბი·ʼაჰʹ“-ს. ამგვარად, არსებობს მტკიცება, რომ ძველ დროში არსებით სახელ — „ბი·ʼაჰʹ“-ს, შესაძლოა, ჰქონდა ბიბლიაში გამოყენებული „ბოჰ’“-ისგან განსხვავებული მნიშვნელობა. რატომ არის ეს საინტერესო?
19. რა შეგვიძლია დავასკვნათ, თუ იესომ და მისმა მოციქულებმა გამოიყენეს სიტყვა „ბი·ʼაჰʹ“?
19 მოციქულებმა თავიანთი შეკითხვისას და იესომ თავის პასუხში, შესაძლოა, გამოიყენეს არსებითი სახელი — „ბი·ʼაჰʹ“. თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოციქულები შეკითხვაში მხოლოდ იესოს მომავალ მოსვლას გულისხმობდნენ, იესომ, შესაძლოა, გამოიყენა სიტყვა „ბი·ʼაჰʹ“ და ამ სიტყვაში უფრო მეტი მნიშვნელობა ჩააქსოვა, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ. იესომ, შესაძლოა, მიუთითა ახალ დანიშნულებასთან დაკავშირებულ მოსვლაზე; მისთვის მოსვლა ახალი როლის შესრულების დასაწყისი იქნებოდა. ეს უნდა მიანიშნებდეს სიტყვა „პა·როუ·სიʹა“-ს მნიშვნელობაზე, რომელიც შემდეგ გამოიყენა მათემ. „ბი·ʼაჰʹ“-ის ასეთი გამოყენება, უეჭველია, რომ ეთანხმება იმას, რასაც იეჰოვას მოწმეები დიდი ხნის მანძილზე ასწავლიან, რომ იესოს მიერ მოცემული შედგენილი „ნიშანი“ მის თანდასწრებას ასახავდა.
ველით მისი თანდასწრების აპოგეას
20, 21. რა შეგვიძლია, ვისწავლოთ იესოს სიტყვებიდან, რომლებიც ნოეს დროსთან დაკავშირებით თქვა?
20 იესოს თანდასწრებასთან დაკავშირებულმა შესწავლამ ჩვენს ცხოვრებასა და მოლოდინზე უდიდესი გავლენა უნდა იქონიოს. იესო თავის მიმდევრებს სიფხიზლისაკენ მოუწოდებდა. მან ისე მოგვცა ნიშანი, რომ მისი თანდასწრების ამოცნობა შესაძლებელი ყოფილიყო, მაგრამ უმეტესობა მას ყურადღებას არ მიაქცევდა: „როგორც იყო ნოეს დღეები, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან, როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა — ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც [თანდასწრებაც, აქ]“ (მათე 24:37–39).
21 ნოეს დროს იმ თაობის ადამიანთა უმრავლესობა ყოველდღიურ საქმიანობას აგრძელებდა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ასევე იქნებოდა ‘კაცის ძის მოსვლის [თანდასწრების, აქ]’ დროსაც. ნოეს დროინდელ ხალხს, შესაძლოა, ეგონა, არაფერი მოხდებოდა. შენ კი სხვანაირად იცი. იმ დღეების აპოგეა, რომლებიც დროის განმავლობაში გაგრძელდა, იყო ‘წარღვნა, რომელმაც ყველა წალეკა’. ლუკაც მსგავსად წერდა, რომ იესომ ‘ნოეს დღეები’ შეადარა ‘კაცის ძის დღეებს’. იესომ გაგვაფრთხილა: „ასევე იქნება იმ დღესაც, როცა კაცის ძე გამოჩნდება“ (ლუკა 17:26–30).
22. რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად დაინტერესებული იესოს მიერ მათეს 24-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველებით?
22 ყოველივე ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც შეგვიძლია ამოვიცნოთ იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები — ომები, მიწისძვრები, ეპიდემიები, შიმშილობა და მისი მოწაფეების დევნა (მათე 24:7–9; ლუკა 21:10–12). ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ისტორიაში გარდამტეხი კონფლიქტი მოხდა, რომელსაც პირველ მსოფლიო ომს ვუწოდებთ, მაგრამ დღეს ადამიანთა უმრავლესობა ამას ისტორიის ჩვეულებრივ ნაწილად მიიჩნევს. ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ საყურადღებო მოვლენებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ისევე, როგორც ფხიზელ ადამიანს ესმის ლეღვის გაფოთვლისას ზაფხულის მოახლოება. იესო იძლეოდა რჩევას: „ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 21:31).
23. ვისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა მათეს 24-ე თავში ჩაწერილ სიტყვებს და რატომ?
23 ზეთისხილის მთაზე იესოს ნათქვამიდან მრავალი მისი მიმდევრების გასაგონად იყო ნათქვამი. ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას სიცოცხლის გადამრჩენ საქმიანობაში — კეთილი ცნობის გავრცელებაში მთელ დედამიწაზე, ვიდრე აღსასრული დადგებოდა. ისინი შეძლებდნენ ‘წმიდა ადგილზე მდგომი გატიალების სიბილწის’ გარჩევას. ისინი, რომლებიც გამოეხმაურებოდნენ იმით, რომ „მიაშურებდნენ“ მთებს დიდი გასაჭირის დადგომამდე. და მათზე მოახდენდა განსაკუთრებულ ზემოქმედებას დამატებული სიტყვები: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ძე ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები“ (მათე 24:9, 14–22). მაგრამ რას ნიშნავს ეს გამომაფხიზლებელი სიტყვები და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჩვენი უფრო დიდი ბედნიერების, დარწმუნებისა და გულმოდგინების საწინდარია? შემდეგი შეხვედრისას მათეს 24:22-ის შესწავლა გაგვცემს პასუხს.
[სქოლიოები]
a იოსებ ფლავიუსის მაგალითები: სინაის მთასთან ელვა და ქუხილი „გვამცნობდა, რომ ღმერთი იყო თანდამსწრე [პა·როუ·სიʹა]“. სასწაულებრივი გამოცხადება კარავში „გვიჩვენებდა ღვთის თანდასწრებას [პა·როუ·სიʹა]“. როდესაც ელისეს მსახურს მოძრავი ეტლები უჩვენა, ღმერთმა „თავის მსახურს უჩვენა თავისი ძალა და თანდასწრება [პა·როუ·სიʹა]“. როდესაც რომაელი მოხელე პეტრონიუსი ცდილობდა ებრაელების დამშვიდებას, იოსებ ფლავიუსი ირწმუნებოდა, რომ ‘ღმერთმა ცხადყო თანდასწრება [პა·როუ·სიʹა]’ პეტრონიუსის წინაშე იმით, რომ წვიმა მოავლინა. იოსებ ფლავიუსმა არ გამოიყენა „პა·როუ·სიʹა“ როგორც მოახლოება ან მომენტალური მოსვლა. ეს ნიშნავდა სვლის უწყვეტ პროცესს, თვით უხილავ თანდასწრებას (გამოსვლა 20:18–21; 25:22; ლევიანნი 16:2; მეოთხე მეფეთა 6:15–17 — შეადარე [Antiquities of the Jews]), წიგნი 3, თავი 5, აბზაცი 2 [80]; თავი 8, აბზაცი 5 [202]; წიგნი 9, თავი 4, აბზაცი 3 [55]; წიგნი 18, თავი 8, აბზაცი 6 [284].
b ნაშრომში, „ინგლისური და ბერძნული ახალი აღთქმის კრიტიკული ლექსიკონი და კონკორდანსი“ (A Critical Lexicon and Concordance to the English and Greek New Testament), ავტორი ი. უ. ბულინგერი აღნიშნავს, რომ „პა·როუ·სიʹა“ ნიშნავს ‘იყო ან გახდე თანდამსწრე, მაშასადამე, ნიშნავს თანდასწრებას, მოსვლას; მოსვლას, რაც მუდმივი ყოფნის მნიშვნელობას შეიცავს’.
c ერთ-ერთი მტკიცება ისიცაა, რომ ის შეიცავს ებრაულ გამოთქმას „სახელი“, რაც 19-ჯერ გვხვდება სრული ან შემოკლებული სახით. პროფესორი ჰოუვარდი წერს: „ებრაელი პოლემისტის ქრისტიანულ საბუთში ღვთიური სახელის წაკითხვა აღსანიშნავია. ეს რომ ებრაული თარგმანი ყოფილიყო ბერძნული ან ლათინური ქრისტიანული საბუთიდან, მოსალოდნელი იქნებოდა, ტექსტში შევხვედროდით სიტყვას ადონაი [უფალი], და არა გამოუთქმელი ღვთიური სახელის სიმბოლოებს ჲჰვჰ. . . მის მიერ გამოუთქმელი სახელის ჩამატება ამოუხსნელი იქნებოდა. ფაქტები მტკიცედ გვარწმუნებს, რომ შემ-ტობმა „მათეს“ ტექსტი მიიღო ისეთი, სადაც ღვთიური სახელი ეწერა და, როგორც ჩანს, მან დატოვა ის, იმის ნაცვლად, თავი საფრთხეში ჩაეგდო, რომ მის ამოგდებაში დამნაშავე გამხდარიყო“. „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“ შემ-ტობის „მათეს“ (J2) იყენებს, როგორც „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“ ღვთიური სახელის გამოყენების საყრდენს.
როგორ უპასუხებდი?
◻ რატომ არის მნიშვნელოვანი, დავინახოთ მათეს 24:3-ის სხვადასხვა თარგმანს შორის სხვაობა?
◻ რას ნიშნავს სიტყვა „პა·როუ·სიʹა“ და რატომ იწვევს ეს სიტყვა ინტერესს?
◻ რა დასაშვები პარალელი შეიძლება არსებობდეს მათეს 24:3-ის ბერძნულ და ებრაულ ვერსიებში?
◻ დროსთან დაკავშირებით, რა ფაქტორის ცოდნაა ჩვენთვის აუცილებელი მათეს 24-ე თავის გასაგებად?
[სურათი 8 გვერდზე]
ზეთისხილის მთა, რომელიც იერუსალიმს გადაჰყურებს.