რა დაემართა მოყვასისადმი სიყვარულს?
მილიონობით ადამიანი დაბნეულობასა და შიშშია, თავს უბედურად გრძნობს და არ იცის, ვის მიმართოს დახმარებისთვის. „ვჭამ მარტო, ვსეირნობ მარტო, მძინავს მარტო და საკუთარ თავს ვესაუბრები“, — გულისტკივილით თქვა ერთმა ქალმა. ცოტანი თუ არიან მოწადინებული, ხელი გაუწოდონ და სიყვარული გამოავლინონ ასეთების მიმართ.
ერთმა პენსიონერმა ქალმა, ყოფილმა კომერსანტმა, თქვა: „ერთ საღამოს კარზე მეზობელმა ქვრივმა ქალმა დამიკაკუნა და შემომჩივლა, რომ მარტოობას გრძნობდა. თავაზიანად, მაგრამ პირდაპირ ვუთხარი, რომ არ მეცალა. მან შეწუხებისთვის მომიბოდიშა და წავიდა“.
ის განაგრძობს: „მეამაყა, რომ არ გავები ასეთი აბეზარი ადამიანის მახეში. მომდევნო საღამოს მეგობარმა დამირეკა და მკითხა, ხომ არ ვიცნობდი ჩემს მეზობლად მცხოვრებ ქალს, რომელმაც თავი მოიკლა წინა ღამეს. ალბათ, მიხვდით; ეს ის მეზობელი ქალი იყო“. მოგვიანებით ამ კომერსანტმა ქალმა აღიარა, რომ ეს „მწარე გაკვეთილი“ იყო მისთვის.
ცნობილია, რომ ბავშვი სიყვარულის გარეშე შეიძლება მოკვდეს. იგივე შეიძლება მოუვიდეს ხანდაზმულსაც. თვითმკვლელობამდე ერთმა სასიამოვნო გარეგნობის 15 წლის გოგონამ დაწერა: „სადაც სიყვარულია, იქ მარტოობა არ არის“.
დღევანდელი ტრაგედია
ეთნიკური სიძულვილის შესახებ ჟურნალ „ნიუსუიკში“ რამდენიმე წლის წინ ნათქვამი იყო: „როგორც ჩანს, სიტყვები — ‘შეიძულე მოყვასი შენი’ — ამ წლის დევიზია“. ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, რომლებიც ადრე იუგოსლავიაში შედიოდა, მომხდარი შეტაკებებისას მილიონზე მეტი ადამიანი იქნა გაძევებული საკუთარი სახლიდან და ათობით ათასი — დახოცილი. ვინ ჩაიდინა ყოველივე ეს? „ჩვენმა მეზობლებმა, — მოთქვამდა თავისი სოფლიდან გამოძევებული გოგონა. — ჩვენ ვიცნობდით მათ“.
„ჩვენ მშვიდობიანად ვცხოვრობდით“, — თქვა ერთმა ქალმა სოფელ რუგანდაში მცხოვრებ 3 000 ხუტუსა და ტუტსის შესახებ. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ ნათქვამი იყო: „ამ სოფელში ის მოხდა, რაც მთელ რუანდაში: ხუტუ და ტუტსი ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთს უმოყვრდებოდნენ, არ აინტერესებდათ და არც კი იცოდნენ, ვინ იყო ხუტუ და ვინ — ტუტსი. შემდეგ უეცრად რაღაც შეიცვალა“ და „ხოცვა-ჟლეტა დაიწყო“.
ამის მსგავსად, ისრაელში ებრაელები და არაბები გვერდიგვერდ ცხოვრობენ, მაგრამ ბევრს სძულს ერთმანეთი. მთელი XX საუკუნის განმავლობაში მსგავსი სიტუაციაა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ინდოეთში, პაკისტანში, მცირე აზიაში, ინდონეზიასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ხალხებს შორის — დიახ, მთელ მსოფლიოში.
ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის მთელი რიგი მაგალითების მოყვანა შეიძლება. მსოფლიო ყველაზე მეტად დღეს განიცდის სიყვარულის უკმარისობას.
ვინ არის პასუხისმგებელი?
სიძულვილს, ისევე როგორც სიყვარულს, სწავლობენ. ერთ სიმღერაში ნათქვამია, რომ ბავშვებს ‘ასწავლიან, სანამ დაგვიანდება, სანამ ისინი ექვსის, შვიდის ან რვა წლისები არიან, რომ სძულდეთ ყველა, ვინც მათს ნათესავებს სძულთ’. სიძულვილს დღეს ყველაზე მეტად ასწავლიან. განსაკუთრებით ეკლესიებს არ შეუძლიათ, თავიანთ მრევლს სიყვარული ასწავლონ.
ფრანგულ გაზეთ „მონდში“ დასმული იყო კითხვა: „როგორ შეიძლება არ იფიქრო იმაზე, რომ ტუტსის და ხუტუს, რომლებიც ბურუნდსა და რუანდაში ერთმანეთს ებრძვიან, ერთი და იმავე ქრისტიანი მისიონერები ასწავლიდნენ და ერთსა და იმავე ეკლესიაში დადიოდნენ? გაზეთ „ნეიშენელ კათოლიკ რეპორტერის“ (National Catholic Reporter) თანახმად, რუანდა „70 პროცენტით კათოლიკური ქვეყანაა“.
ამ საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ათეისტური კომუნიზმისკენ აიღეს გეზი. რატომ? 1960 წელს პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) რელიგიური ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა: „ჩვენ, მხოლოდ ჩვენ, ქრისტიანებს, მიგვიძღვის ბრალი კომუნიზმში. გაიხსენეთ, რომ კომუნისტები ერთ დროს ქრისტიანები იყვნენ. ვისი ბრალია, თუ მათ არ სწამთ სამართლიანი ღმერთი?“
დაფიქრდით იმაზე, რასაც ეკლესიები პირველი მსოფლიო ომის დროს აკეთებდნენ. ბრიტანელმა გენერალმა ფრენკ კროჟერმა ამ ომის შესახებ თქვა: „ქრისტიანული ეკლესიები არიან სისხლისღვრისკენ შესანიშნავი წამქეზებლები, რომლებიც მაქსიმალურად გამოვიყენეთ“. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, „ნიუ-იორკ ტაიმზში“ ნათქვამი იყო: „წარსულში ადგილობრივი კათოლიკური იერარქიები თითქმის ყოველთვის მხარს უჭერდნენ თავიანთი ქვეყნების ბრძოლებს, ისინი აკურთხებდნენ ჯარებს და ლოცულობდნენ, რომ გაემარჯვათ, მაშინ როცა ეპისკოპოსების სხვა ჯგუფი სახალხოდ ლოცულობდა საწინააღმდეგო შედეგზე“.
იესო ქრისტე კი ყველაფერში, რასაც აკეთებდა, სიყვარულს ავლენდა; მოციქულმა პავლემ დაწერა: „თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში“ (1 თესალონიკელთა 4:9). „ჭეშმარიტი ქრისტიანები ძმები და დები არიან იესო ქრისტეში; ისინი არასოდეს, არასოდეს აწყენინებენ ერმანეთს განზრახ“, — თქვა ვანკუვერის ერთ-ერთი გაზეთის თანამშრომელმა (Sun).
ნათელია, რომ ეკლესიებს ბრალი მიუძღვით დღეს სიყვარულის ნაკლებობაში. ჟურნალში „ინდია ტუდეი“ (India Today) გამოქვეყნებულ ერთ სტატიაში ნათქვამი იყო: „რელიგია არის ნიღაბი, რომლის მიღმაც ყველაზე საზარელი დანაშაულობები ხდება“. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი თაობა გამოირჩევა ადამიანების ასეთი სასტიკი უგულებელყოფით.
რატომ განელდა სიყვარული
ამ კითხვაზე ჩვენი შემოქმედი გვპასუხობს. მისი სიტყვა, ბიბლია, დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ‘უკანასკნელ დღეებს’ უწოდებს. ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ეს ის დროა, როდესაც ადამიანები არიან „მოძულენი“. ამ ‘საზარელი ჟამის’ შესახებ, რომელსაც საღვთო წერილი ‘წუთისოფლის აღსასრულსაც’ უწოდებს, იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ ‘მრავალს გაუნელდებოდა სიყვარული’ (2 ტიმოთე 3:1–5; მათე 24:3, 12).
ასე რომ, დღეს არსებული სიყვარულის ნაკლებობა იმის ერთ-ერთი მტკიცებაა, რომ ამ სისტემის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. საბედნიეროდ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მალე ეს უღვთო წუთისოფელი შეიცვლება სამართლიანი ახალი ქვეყნიერებით, რომელშიც სიყვარული იმეფებს (მათე 24:3–14; 2 პეტრე 3:7, 13).
ნამდვილად გვაქვს საფუძველი, გვწამდეს, რომ ასეთი ცვლილება შესაძლებელია — რომ ჩვენ შევძლებთ ისეთ ქვეყნიერებაში ცხოვრებას, სადაც ყველას ეყვარება ერთმანეთი და სადაც ყველა მშვიდობიანად იცხოვრებს ერთად?