-
უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველებასაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
-
-
უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება
„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).
თეოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს მუხლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო მასშტაბით საქმიანობას ეხება. ის მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ამ საქმეს ქრისტიანები უნდა ასრულებდნენ. ამ საქმიანობით, ქადაგებით, ხაზი ესმება მნიშვნელოვან, კარს მომდგარ მოვლენას, რომელსაც იესომ „აღსასრული“ უწოდა.
ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში სრულდება. სასიხარულო ცნობაში მოცემულია მოწოდებაც და გაფრთხილებაც, ამიტომ ის თქვენც გეხებათ. ფაქტობრივად, თქვენი გადასაწყვეტია, დაუჭერთ მხარს ღვთის სამეფოს თუ მისი წინააღმდეგი იქნებით. ამ გადაწყვეტილებაზე თქვენი სიცოცხლეა დამოკიდებული.
დაფიქრდით ამ მუხლის კონტექსტზე. იესოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მოწაფეებმა მას მომავლის შესახებ ჰკითხეს. მათ აინტერესებდათ, როდის დამყარდებოდა ღვთის სამეფო, რომლის შესახებაც იესო ასე ხშირად ლაპარაკობდა. მათ ასევე აინტერესებდათ, რა იქნებოდა „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“, ანუ როგორც ზოგ თარგმანშია აღნიშნული, „წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი“ (მათე 24:3; ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).
პასუხად იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა მსოფლიო მასშტაბის ომები, შიმშილობა, ეპიდემიები და დამანგრეველი მიწისძვრები. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გამრავლდებოდა უკანონობა, ცრუ რელიგიური მასწავლებლები მრავალს შეიყვანდნენ შეცდომაში და ჭეშმარიტი ქრისტიანები მოძულებულნი და დევნილნი იქნებოდნენ (მათე 24:4—13; ლუკა 21:11).
მაგრამ იესოს წინასწარმეტყველებაში სასიხარულო ცნობაც შედიოდა. მან წარმოთქვა ზემოთ მოყვანილი სიტყვები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აფიქრებდა და იმედს უსახავდა ადამიანებს. ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ იესოს სიტყვები მნიშვნელოვანია, მაგრამ მის მნიშვნელობას სხვადასხვაგვარად იგებენ. ზუსტად რას ნიშნავს სასიხარულო ცნობა? რა არის სამეფო? როდის უნდა შესრულებულიყო ეს წინასწარმეტყველება და ვის მიერ? რა არის აღსასრული? მოდი, განვიხილოთ.
-
-
რა არის ღვთის სამეფო?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
-
-
რა არის ღვთის სამეფო?
„სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14).
იესომ მთაზე ქადაგებისას მოგვცა ლოცვის ნიმუში, რომელშიც ასეთი თხოვნაც შედიოდა: „მოვიდეს შენი სამეფო“. მილიონობით ადამიანმა ზეპირად იცის ეს ლოცვა და ხშირად იმეორებს მას. ერთი ენციკლოპედიის თანახმად, ეს არის „ყველა ქრისტიანის თაყვანისცემის განუყოფელი ნაწილი და მთავარი ლოცვა“. მაგრამ მრავალმა არც კი იცის, რა არის სამეფო და რას გააკეთებს ის? (მათე 6:9, 10).
ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები ხშირად ურთიერთსაპირისპირო, ბუნდოვან და რთულ განმარტებას იძლევიან იმის შესახებ, თუ რა არის ღვთის სამეფო. ერთი განმარტების თანახმად, ღვთის სამეფო არის „რაღაც ზებუნებრივი . . . შინაგანი კავშირი ცოცხალ ღმერთთან . . . ღმერთთან დამოკიდებულება, რომელსაც კაცებისა და ქალებისთვის ხსნა მოაქვს“. სხვაგან ნათქვამია, რომ სწავლება სამეფოზე არის „მოძღვრება ეკლესიის შესახებ“. „კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოს“ თანახმად, „ღვთის სასუფეველი [არის] სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდით“.
ამ ჟურნალის მე-2 გვერდზე ეს საკითხი ბევრად უფრო ნათლად არის ახსნილი: „ღვთის სამეფო, ზეცაში დამყარებული რეალური ხელისუფლება, მალე ბოროტებას აღმოფხვრის და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს“. ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ.
დედამიწის მომავალი მმართველები
სამეფო არის ხელისუფლება, რომელსაც მეფე უდგას სათავეში. ღვთის სამეფოს მეფე მკვდრეთით აღდგენილი იესო ქრისტეა. ზეცაში მისი გამეფება წინასწარმეტყველ დანიელის ხილვაში ასეა აღწერილი: „აი, ცის ღრუბლებზე მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის [იესოს] მსგავსი. მას ძველ დღეთასთან [იეჰოვა ღმერთთან] მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს. მას მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს. მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი 7:13, 14).
დანიელის წინასწარმეტყველებიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღმერთმა სამეფო მყარად დააფუძნა. ეს სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანთა ყველა ხელისუფლებას, თავად კი მარადიულად იარსებებს. დანიელის წინასწარმეტყველების მე-2 თავში აღწერილია სიზმარი, რომელიც ღმერთმა ბაბილონის მეფეს ახილვინა. ამ სიზმარში მან ნახა დიდი ქანდაკება, რომლითაც მსოფლიო იმპერიები იყო წარმოდგენილი. დანიელმა ეს სიზმარი ასე ახსნა: „უკანასკნელ დღეებში . . . ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:28, 44).
ღვთის სამეფოს მეფე მარტო არ იმმართველებს. დედამიწაზე მსახურებისას იესომ თავისი ერთგული მოციქულები დაარწმუნა, რომ სხვებთან ერთად ისინიც აღდგებოდნენ მკვდრეთით ზეციერი ცხოვრებისთვის და ტახტებზე დასხდებოდნენ (ლუკა 22:28—30). ის არ გულისხმობდა პირდაპირი გაგებით ტახტებს, რადგან იესოს სიტყვების თანახმად, ეს სამეფო ზეცაში უნდა ყოფილიყო. ბიბლია გვამცნობს, რომ იესოს თანამმართველები იქნებოდნენ „ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან“; ღმერთმა თავის „სამეფოდ და მღვდლებად გახადა ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:9, 10).
რატომ არის ცნობა სამეფოს შესახებ სასიხარულო?
ყურადღება მიაქციეთ, რომ ქრისტე იესოს მიეცემოდა მეფობა ყოველ „ხალხზე, ერზე და ენაზე“ და მისი თანამმართველები იქნებოდნენ მეფეები მთელ დედამიწაზე. მაშინ, ვინ იქნებიან ამ სამეფოს ქვეშევრდომები? ისინი, ვინც დადებითად გამოეხმაურებიან სასიხარულო ცნობას, რომელსაც დღეს ქადაგებენ. სამეფოს ქვეშევრდომებს შორის იქნებიან დედამიწაზე საცხოვრებლად მკვდრეთით აღდგენილნიც, რომელთაც მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ.
ბიბლია ნათლად და გასაგებად აღწერს კურთხევებს, რომლებსაც ღვთის სამეფო ადამიანებს მოუტანს. აი, ზოგიერთი მათგანი:
„ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“ (ფსალმუნი 46:9).
„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“ (ესაია 65:21, 22).
„[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
„მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:5, 6).
„მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29).
„თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).
ეს ნამდვილად სასიხარულო ცნობაა! უფრო მეტიც, შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები ცხადყოფს, რომ ახლოს არის დრო, როდესაც ღვთის სამეფო სამართლიანად იმმართველებს მთელ დედამიწაზე.
-
-
რა არის სასიხარულო ცნობა?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
-
-
რა არის სასიხარულო ცნობა?
„ამ სასიხარულო ცნობას . . .“ (მათე 24:14).
ქრისტიანებმა უნდა იქადაგონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. მათ უნდა აუხსნან სხვებს, რომ ეს სამეფო არის ხელისუფლება, რომელიც მომავალში სამართლიანად იმმართველებს დედამიწაზე. თუმცა ბიბლიაში გამოთქმა „სასიხარულო ცნობა“ მარტო სამეფოსთან დაკავშირებით არ გამოიყენება. მაგალითად, ბიბლიაში მოხსენიებულია: „სასიხარულო ცნობა . . . ხსნის შესახებ“ (ეფესოელები 1:13); „ღვთის სასიხარულო ცნობა“ (რომაელები 15:16); „იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობა“ (მარკოზი 1:1).
მარტივად რომ ვთქვათ, სასიხარულო ცნობაში იგულისხმება ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა და, რაც მოციქულებმა დაწერეს. ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი ქრისტიანები არა მარტო სამეფოს შესახებ უნდა ქადაგებდნენ, არამედ მოწაფეებსაც უნდა ამზადებდნენ.
რას აკეთებენ ეკლესიები ამ მხრივ? ისინი, ვისაც თავად არ ესმით, რა არის სამეფო, — და ასეთები ბევრნი არიან, — ვერც სხვებისთვის შეძლებენ მის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას. სამეფოს შესახებ ქადაგების ნაცვლად, ისინი ქადაგებენ იმას, რისი მოსმენაც ხალხს სურს. მაგალითად, საუბრობენ ცოდვების მიტევებასა და იესოსადმი რწმენაზე. ისინი ხალხის თავიანთ რწმენაზე მოსაქცევად მიმართავენ ქველმოქმედებას — აშენებენ საავადმყოფოებს, სკოლებსა და ღარიბებისთვის სახლებს. ასეთი ძალისხმევის შედეგად შეიძლება გაიზარდოს ეკლესიის წევრთა რაოდენობა, მაგრამ ისინი ვერ გახდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებსაც გულწრფელად სურთ იესოს სწავლების შესაბამისად ცხოვრება.
ერთმა თეოლოგმა დაწერა: „მეცნიერებისა თუ ქრისტიანული რელიგიის წინამძღოლთა უმეტესობა აღიარებს, რომ საჭიროა მოწაფეების მომზადება და მათთვის ყოველივე იმის სწავლება, რაც იესომ თქვა . . . ამ საკითხზე იესოს მითითებები ხომ საკმაოდ ნათელია! ჩვენ, უბრალოდ, არ ვაკეთებთ იმას, რაც მან თქვა და სერიოზულად არ ვეკიდებით მის ნათქვამს. როგორც ჩანს, ჩვენ არც კი ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს“.
მსგავსადვე, შეერთებულ შტატებში გამოკითხულ კათოლიკეთა 95-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მათი მრწამსი მოითხოვს სასიხარულო ცნობის ქადაგებას. მაგრამ მათი უმრავლესობის აზრით, ამის გაკეთების საუკეთესო საშუალებაა არა ლაპარაკი სასიხარულო ცნობის შესახებ, არამედ საკუთარი ცხოვრებით სხვებისთვის მაგალითის მიცემა. ერთ-ერთმა გამოკითხულმა თქვა: „ქრისტიანობის გავრცელება შეუძლებელია მხოლოდ ლაპარაკით; ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სასიხარული ცნობით“. ჟურნალში, რომელმაც ეს გამოკითხვა ჩაატარა, აღნიშნული იყო, რომ მრავალი თავს იკავებს საკუთარ რწმენაზე საუბრისგან, რადგან „ბოლო დროს ეკლესიები სექსუალური ძალადობისა და პრობლემატური სწავლებების გამო ცუდი რეპუტაციით სარგებლობს“.
მეთოდისტური ეკლესიის ერთმა ეპისკოპოსმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ მისი ეკლესიები დაყოფილი და დაბნეულია; მათ გაბედულება არ ჰყოფნით, შეასრულონ თავიანთი მისია და იმავე ფასეულობებით ცხოვრობენ, რა ფასეულობებიც ზოგადად საზოგადოებაშია. ბოლოს, იმედგაცრუებულმა იკითხა: „ვინ უნდა იქადაგოს სამეფოს შესახებ სახარება?“
მართალია, ეპისკოპოსს თავის კითხვაზე პასუხი არ გაუცია, მაგრამ პასუხი არსებობს. მისი პოვნა შემდეგ სტატიაში შეგიძლიათ.
[ჩანართი 6 გვერდზე]
სასიხარულო ცნობა ეხება როგორც ღვთის სამეფოს, ისე ხსნას იესო ქრისტესადმი რწმენის საფუძველზე
-
-
ვინ ქადაგებს სასიხარულო ცნობას?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
-
-
ვინ ქადაგებს სასიხარულო ცნობას?
„იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათე 24:14).
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ქადაგებენ სასიხარულო ცნობას. ისინი ამას სხვადასხვა სახით აკეთებენ:
უშუალო საუბრები. იესოსა და მისი მოწაფეების მსგავსად, იეჰოვას მოწმეები ხალხთან მიდიან და სასიხარულო ცნობას ამცნობენ (ლუკა 8:1; 10:1). ისინი არ ელოდებიან, რომ ვინმე მივა მათთან. ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებაში, ყველა, შვიდ მილიონზე მეტი მოწმე, იღებს მონაწილეობას. ისინი ქადაგებენ კარდაკარ, ქუჩაში, ტელეფონით და სხვა. გასულ წელს მოწმეებმა ამ საქმეს ერთ-ნახევარ მილიარდზე მეტი საათი დაუთმეს.
ისინი სხვებს არა მარტო ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიან, არამედ ყოველივე იმის შესახებაც, რაც იესომ მცნებად დაუდო თავის მოწაფეებს (მათე 28:20). იეჰოვას მოწმეები რეგულარულად ატარებენ ბიბლიის რვა მილიონზე მეტ უფასო შესწავლას.
მოწმეები 236 ქვეყანაში ქადაგებენ და ყველანაირ ადამიანთან მიდიან. ისინი ქადაგებენ სოფლებსა თუ ქალაქებში, ამაზონის ჯუნგლებსა თუ ციმბირის ტაიგაში, აფრიკის უდაბნოებსა თუ ჰიმალაის მთებში. ამ საქმის შესრულებაში მოწმეები არანაირ გასამრჯელოს არ იღებენ; ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღძრულები ამისათვის საკუთარ დროსა და სახსრებს არ იშურებენ.
პუბლიკაციები. ეს ჟურნალი, რომლის სრული სახელწოდებაცაა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“, გამოიცემა 185 ენაზე 42 მილიონზე მეტი ტირაჟით. მისი თანმხლები ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“-იც სამეფოს შესახებ ამცნობს მკითხველს. ის გამოიცემა 83 ენაზე და მისი ყოველი ნომერი დაახლოებით 40 მილიონი იბეჭდება.
წიგნები, ბროშურები, ტრაქტატები, CD/MP3 და DVD დისკები, რომლებშიც ბიბლიური სწავლებებია ახსნილი, დაახლოებით 540 ენაზეა ხელმისაწვდომი. იეჰოვას მოწმეებმა ბოლო ათი წლის განმავლობაში 20 მილიარდზე მეტი პუბლიკაცია გამოსცეს და გაავრცელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწის თითოეულ მოსახლეზე, საშუალოდ სამი პუბლიკაცია მოდის!
იეჰოვას მოწმეებმა დაბეჭდეს ან სხვა გამომცემლებს დააბეჭდვინეს ბიბლიის სხვადასხვა თარგმანი. მათ „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ნაწილობრივ თუ მთლიანად 96 ენაზე თარგმნეს და დაბეჭდეს. დღესდღეობით ამ ბიბლიის 166 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გავრცელებული.
ქრისტიანული შეხვედრები. სამეფო დარბაზებში ყოველკვირეული შეხვედრების მიზანი მხოლოდ რელიგიური მსახურება არ არის. ისინი საგანმანათლებლო საქმესაც ემსახურება. იქ წარმოითქმება ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებები; სწავლობენ ბიბლიას „საგუშაგო კოშკისა“ თუ სხვა პუბლიკაციების დახმარებით. შეხვედრებზე მოწმეები აგრეთვე სწავლობენ, როგორ გახდნენ სასიხარულო ცნობის დახელოვნებული მქადაგებლები.
მთელ დედამიწაზე 107 000-ზე მეტ კრებაში იეჰოვას მოწმეები ერთსა და იმავე მასალას სწავლობენ, რაც მათ ერთიანობას უწყობს ხელს. ამ შეხვედრებზე დასწრება ყველას შეუძლია. იქ არანაირი შესაწირავის შეგროვება არ ხდება. ცხადია, ყოველივე ამას არანაირი აზრი არ ექნებოდა, თუ მოწმეები თავად არ იცხოვრებდნენ იმის შესაბამისად, რასაც სხვებს უქადაგებენ.
პირადი მაგალითი. მოწმეები ცდილობენ სამაგალითო ქრისტიანები იყვნენ და სხვებს ისე მოექცნენ, როგორც უნდათ რომ სხვები მოექცნენ მათ (მათე 7:12). თუმცა არასრულყოფილების გამო ზოგჯერ ცდებიან, გულწრფელად სურთ, ყველას მიმართ სიყვარული არა მხოლოდ სასიხარულო ცნობის ქადაგებით გამოავლინონ, არამედ, შეძლებისდაგვარად, დახმარების ხელიც გაუწოდონ სხვებს.
იეჰოვას მოწმეები არ ცდილობენ ყველას თავიანთი რელიგია მიაღებინონ. იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ქვეყნიერების აღსასრული მხოლოდ მაშინ დადგება, როცა იეჰოვა ჩათვლის, რომ სამქადაგებლო საქმე სათანადოდ შესრულდა. რას ნიშნავს ეს დედამიწისთვის და ხალხისთვის, რომლებიც მასზე ცხოვრობენ?
[სურათი 7 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში ქადაგებენ
-
-
რა არის „აღსასრული“?საგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მარტი
-
-
რა არის „აღსასრული“?
„და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).
წუთისოფლის აღსასრულის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ. კომედიური თუ მეცნიერული ჟანრის წიგნები, ფილმები თუ ჟურნალები სხვადასხვა სახით წარმოგვიდგენს მსოფლიოს განადგურებას. მათში ნაჩვენებია, როგორ ისპობა მსოფლიო ბირთვული ომების, ასტეროიდის შეჯახების, მომაკვდინებელი ვირუსისა და კლიმატური კატაკლიზმების შედეგად ან, როგორ ანადგურებენ დედამიწას უცხოპლანეტელები.
ამ მხრივ მრავალი რელიგიური შეხედულებაც არსებობს; ბევრი ასწავლის, რომ აღსასრულის დროს დედამიწაზე სიცოცხლე მთლიანად მოისპობა. ერთმა თეოლოგმა მათეს 24:14-ის შესახებ დაწერა: „ღვთის სიტყვაში ეს მუხლი ყველაზე მნიშვნელოვანია . . . ჩვენი თაობა სრული განადგურების საშიშროების წინაშე დგას და ამ განადგურების საშინელი რეალობის წარმოდგენა ცოტას თუ შეუძლია“.
მათ, ჩვეულებრივ, მხედველობიდან რჩებათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი — იეჰოვა ღმერთმა დედამიწა „განამტკიცა . . . ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, [არამედ] დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). ასე რომ, როდესაც იესომ აღსასრული მოიხსენია, მას არც დედამიწის განადგურება ჰქონია მხედველობაში და არც — მთლიანად კაცობრიობის. ის გულისხმობდა ბოროტების, ანუ იმ ადამიანების, განადგურებას, რომლებიც ჯიუტად ამბობენ უარს იეჰოვას მითითებების თანახმად ცხოვრებაზე.
წარმოიდგინეთ, გაქვთ მშვენიერი სახლი და სხვებს იქ ცხოვრების უფლება მიეცით. მათგან არანაირ საფასურს არ იღებთ. მობინადრეთაგან ზოგი მშვიდობიანია და სახლზეც ზრუნავს, ზოგი კი გამუდმებით იწვევს პრობლემებს, ჩხუბობს და ავიწროვებს კარგ მეზობლებს. ისინი ანადგურებენ თქვენს ქონებას, ყურსაც არ გიგდებენ და თავისას არ იშლიან.
რას გააკეთებდით მდგომარეობის გამოსასწორებლად? დაანგრევდით თქვენს საკუთარ სახლს? არავითარ შემთხვევაში. ალბათ, გამოასახლებდით ცუდ მობინადრეებს და სახლის პირვანდელ სახეს აღადგენდით.
იეჰოვაც მსგავსად მოიქცევა. მისი შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:9—11).
ამ საკითხს მოციქული პეტრეც შეეხო. ღვთის შთაგონებით მან დაწერა: „ძველთაგანვე იყო ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული და წყლებს შუა მოთავსებული. მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა“ (2 პეტრე 3:5, 6). მოციქული აქ ნოეს დღეებზე ლაპარაკობდა. მაშინ განადგურდნენ უღვთო ადამიანები, და — არა დედამიწა. ღმერთმა მსოფლიო წარღვნით „აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში“ (2 პეტრე 2:6).
შემდეგ პეტრემ დასძინა: „ახლანდელი ცა და დედამიწა . . . იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული“. კითხვა აქ რომ შეგვეწყვიტა, არასწორ დასკვნას გავაკეთებდით. მაგრამ ეს მუხლი გრძელდება: „უღვთოთა . . . დაღუპვის დღისთვის“. ასე რომ, განადგურება ეხება არა დედამიწას, არამედ უღვთო ადამიანებს. შემდეგ პეტრემ დაწერა: „ველით ახალ ცასა [ღვთის მესიანურ სამეფოს] და ახალ დედამიწას [მართალ ადამიანთა საზოგადოებას], სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:7, 13).
ბიბლიური წინასწარმეტყველება აგრეთვე ცხადყოფს, რომ აღსასრული ახლოსაა. ამაში დასარწმუნებლად წაიკითხეთ მათეს 24:3—14 და 2 ტიმოთეს 3:1—5.a
განა გასაკვირი არ არის, რომ ასეთ აზრთა სხვაობას იწვევს მათეს 24:14, რომლის გაგება ბავშვსაც კი შეუძლია? დიახ, მაგრამ არსებობს ამის მიზეზები. სატანამ დაუბრმავა ადამიანებს გონება, რათა ღვთის სიტყვაში მოცემული ძვირფასი ჭეშმარიტება ვერ დაენახათ (2 კორინთელები 4:4). ამასთანავე, ღმერთმა თავისი განზრახვა დაუმალა ამპარტავნებს და გაუმხილა თავმდაბლებს. იესომ თქვა: „მამა, ცისა და მიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (მათე 11:25). რა დიდი პატივია, იყო იმ თავმდაბალ ადამიანთა შორის, რომელთაც ესმით, რა არის სინამდვილეში ღვთის სამეფო და, რა კურთხევებს მოუტანს ყველას, ვინც მას უჭერს მხარს!
-