თავი მეთოთხმეტე
როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ორგანიზაციას?
1. რას ვიგებთ ბიბლიაში იეჰოვას ორგანიზაციის შესახებ და რატომ არის ამის ცოდნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
აქვს ღმერთს ორგანიზაცია? წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ მას აქვს ორგანიზაცია. ღმერთი თავის სიტყვაში საერთო წარმოდგენას გვიქმნის თავისი, შიშისა და მოწიწების შთამნერგავი, ორგანიზაციის ზეციერ ნაწილზე (ეზეკიელი 1:1, 4—14; დანიელი 7:9, 10, 13, 14). თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ორგანიზაციის ამ უხილავი ნაწილის დანახვა, ის დღეს დიდ გავლენას ახდენს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე (მეოთხე მეფეთა 6:15—17). იეჰოვას ორგანიზაცია ხილული ნაწილისგანაც შედგება, რომელიც დედამიწაზე არსებობს. ბიბლიის საშუალებით ვგებულობთ, თუ რა ორგანიზაციაა ეს და როგორ ხელმძღვანელობს მას იეჰოვა.
ორგანიზაციის ხილული ნაწილი
2. რომელი ახალი კრება ჩამოაყალიბა ღმერთმა?
2 ღვთის კრებად 1545 წლის განმავლობაში ისრაელი ერი ითვლებოდა (საქმეები 7:38). მაგრამ, ისრაელებმა მიატოვეს ღვთის კანონების დაცვა და უარყვეს მისი ძე. შედეგად, იეჰოვამაც უარყო და მიატოვა ისრაელიანთა კრება. იესომ იუდეველებს უთხრა: „აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“ (მათე 23:38). მოგვიანებით ღმერთმა ახალი კრება ჩამოაყალიბა, რომელთანაც ახალი შეთანხმება დადო. ეს კრება 144000 ადამიანისგან შედგება, რომლებიც ღმერთმა იმ მიზნით ამოირჩია, რომ მის ძეს შეერთებოდნენ ზეცაში (გამოცხადება 14:1—4).
3. რა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, რამაც აშკარად ცხადყო, რომ ამჯერად ღმერთი ახალ კრებას იყენებდა?
3 ამ ახალი კრების პირველი წევრები ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვამ თავისი სულიწმიდით სცხო. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შესახებ ვკითხულობთ: „ორმოცდამეათე დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. მოულოდნელად იყო ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით“ (საქმეები 2:1—4). ამგვარად, მათზე გადმოსული ღვთის სულიწმიდა აშკარად მოწმობდა, რომ ამჯერად ღმერთი თავის განზრახვას ზეცაში მყოფი იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით სწორედ ამ ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფის მეშვეობით შეასრულებდა.
4. ვისგან შედგება დღეს იეჰოვას ხილული ორგანიზაცია?
4 დღეს 144000 სულითცხებულის მხოლოდ დარჩენილი ნაწილი იმყოფება დედამიწაზე. მაგრამ ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, მილიონობით ადამიანი, „უამრავი ხალხი“, რომლებიც „სხვა ცხვრებში“ შედიან, გაერთიანდა სულითცხებულთა დარჩენილ ნაწილთან. კეთილი მწყემსი, იესო, სხვა ცხვრებს სულითცხებულთა დარჩენილ ნაწილთან აერთიანებს და ისინი მისი, როგორც ერთი მწყემსის, ხელმძღვანელობით ერთ ფარას შეადგენენ (გამოცხადება 7:9; იოანე 10:11, 16). ყველანი ერთ გაერთიანებულ კრებას — იეჰოვას ხილულ ორგანიზაციას — ქმნიან.
თეოკრატიული ორგანიზაცია
5. ვინ ხელმძღვანელობს ღვთის ორგანიზაციას და როგორ?
5 წმინდა წერილებში მოცემული გამოთქმა «ცოცხალი ღვთის ეკლესია [„კრება“, აქ]», მიანიშნებს, თუ ვინ ხელმძღვანელობს მას. ეს ორგანიზაცია „თეოკრატიულია“, ანუ ისეთი ორგანიზაციაა, რომელსაც ღმერთი მართავს. იეჰოვა თავის ხალხს მის მიერვე კრების უხილავ თავად დანიშნული ძისა და თავისი შთაგონებული სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით ხელმძღვანელობს (1 ტიმოთე 3:14, 15; ეფესელთა 1:22, 23; 2 ტიმოთე 3:16, 17).
6. ა) რამ ცხადყო, რომ პირველ საუკუნეში კრებას ღმერთი ხელმძღვანელობდა? ბ) რა აჩვენებს, რომ იესო დღესაც კრების თავია?
6 ღვთიური ხელმძღვანელობა აშკარა იყო ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს (საქმეები 2:14—18, 32, 33). ეს მაშინაც გამოვლინდა, როცა იეჰოვას ანგელოზის ხელმძღვანელობით აფრიკაშიც დაიწყო სასიხარულო ცნობის გავრცელება, როცა იესოს ხმის გაგონებამ ტარსუსელი სავლე ქრისტიანობაზე მოაქცია და, როცა პეტრემ არაებრაელებს შორის დაიწყო ქადაგება (საქმეები 8:26, 27; 9:3—7; 10:9—16, 19—22). დროთა განმავლობაში, ღმერთმა შეწყვიტა ადამიანებთან პირდაპირ დაკავშირება, არც ანგელოზები ეცხადებოდნენ ვინმეს და არც ზებუნებრივი სულიერი ძღვენი ეძლეოდათ ღვთის მსახურებს. მაგრამ იესო თავის მიმდევრებს დაჰპირდა: „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 28:20, აქ; 1 კორინთელთა 13:8). დღეს იეჰოვას მოწმეები იესოს ხელმძღვანელობას მიჰყვებიან. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ძლიერი წინააღმდეგობის გამო სამეფოს შესახებ ქადაგება.
7. ა) ვინ იგულისხმება „ერთგულ და გონიერ მონაში“ და რატომ? ბ) რის შესრულება დაევალა ამ „მონას“?
7 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მოწაფეებს „ერთგული და გონიერი მონის“ შესახებ ამცნო, რომელსაც ის, როგორც ბატონი, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მიანდობდა. ეს „მონა“ უფლის ზეცად ამაღლების დროსაც იარსებებდა და სამეფო ძალაუფლებით ქრისტეს უხილავი დაბრუნებისასაც გულმოდგინედ იშრომებდა. ამ აღწერილობის თანახმად, შეუძლებელია, „მონაში“ მხოლოდ ერთი ადამიანი იგულისხმებოდეს. მასში ქრისტეს სულითცხებულთა კრება იგულისხმება. იესომ, რომელმაც ეს კრება საკუთარი სისხლით გამოისყიდა, თავის „მონად“ მოიხსენია. მან ამ კრების წევრებს დაავალა, მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი და ყოველთვის „დროული [სულიერი] საზრდო“ მიეცათ მათთვის (მათე 24:45—47; 28:19; ესაია 43:10; ლუკა 12:42; 1 პეტრე 4:10).
8. ა) რა პასუხისმგებლობები აკისრია დღეს „მონას“? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი „მონის“ მეშვეობით მოცემული ღვთის მითითებების დაცვა?
8 რადგან „მონა“ ერთგულად ასრულებდა ბატონის დავალებას 1914 წელს, მისი უხილავი დაბრუნების დროს, ნათელი გახდა, რომ 1919 წელს მას უფრო დიდი პასუხისმგებლობები მიენდო. ამ დროიდან სამეფოს შესახებ გლობალური ქადაგება დაიწყო, რის შედეგადაც თავი ეყრება იეჰოვას თაყვანისმცემელ უამრავ ხალხს, რომელთაც დიდ გასაჭირში გადარჩენის იმედი აქვთ (მათე 24:14, 21, 22; გამოცხადება 7:9, 10). ეს ხალხიც საჭიროებს სულიერ კვებას და ამიტომ, „მონა“ მათაც აძლევს სულიერ საზრდოს. აქედან გამომდინარე, იეჰოვას კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად საჭიროა, დავიცვათ და ვიმოქმედოთ იმ მითითებების თანახმად, რომელსაც ღმერთი „მონის“ მეშვეობით გვაძლევს.
9, 10. ა) როგორ გვარდებოდა პირველ საუკუნეში სწავლებების შესახებ წამოჭრილი საკითხები და როგორ ეწეოდა კოორდინირება სასიხარულო ცნობის ქადაგებას? ბ) როგორ ეწევა კოორდინირება იეჰოვას ხალხის საქმიანობას დღეს?
9 დროდადრო კითხვები წამოიჭრება სწავლებებისა და ამა თუ იმ საკითხის თაობაზე. როგორ შეიძლება მათზე პასუხების მიღება? წიგნ „საქმეების“ მე-15 თავში მოთხრობილია, თუ როგორ მოგვარდა არაებრაელი ქრისტიანების საქმე. ამ საკითხის გადასაჭრელად იერუსალიმში მყოფ მოციქულებსა და უხუცესებს მიმართეს, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოს შეადგენდნენ. ისინი უცოდველები არ იყვნენ, მაგრამ ღმერთი იყენებდა მათ. ამ მამაკაცებმა განიხილეს, თუ რას ამბობდა წმინდა წერილები ამ საკითხზე და, ამავე დროს, იმაზეც იმსჯელეს, თუ როგორ უხელმძღვანელა ღმერთმა თავისი სულით არაებრაელებს შორის ქადაგების დაწყებას. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ღმერთმა აკურთხა (საქმეები 15:1—29; 16:4, 5). იმდროინდელი ხელმძღვანელი საბჭო წარმომადგენლებს აგზავნიდა სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად.
10 ჩვენს დროში იეჰოვას ხილული ორგანიზაციის ხელმძღვანელი საბჭო სხვადასხვა ეროვნების სულითცხებული ძმებისგან შედგება, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში იმყოფებიან. იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით ხელმძღვანელი საბჭო წმინდა თაყვანისმცემლობის წინ წაწევას ემსახურება მთელ მსოფლიოში და კოორდინირებას უწევს იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობას ათი ათასობით კრებაში. დღევანდელი ხელმძღვანელი საბჭოს წევრები იზიარებენ პავლე მოციქულის თვალსაზრისს, რომელმაც თანაქრისტიანებს მისწერა: „არა იმიტომ, რომ ვიუფლოთ თქვენს რწმენაზე, არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ“ (2 კორინთელთა 1:24).
11. ა) როგორ ინიშნებიან უხუცესები და თანაშემწეები? ბ) რატომ უნდა გვქონდეს ახლო თანამშრომლობა დანიშნულ ძმებთან?
11 ხელმძღვანელი საბჭო ირჩევს შესაფერის ძმებს, რომლებსაც უხუცესებისა და თანაშემწეების დანიშვნას აკისრებს, რათა ამ უკანასკნელებმა კრების მოთხოვნილებებზე იზრუნონ. უხუცესობისა და თანაშემწეობისთვის საჭირო მოთხოვნები ბიბლიაშია მოცემული; მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ისინი სრულყოფილები და უშეცდომოები არ არიან. უხუცესებს, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ და რომლებიც ნიშნავენ ამ მამაკაცებს, ღვთის წინაშე სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ (1 ტიმოთე 3:1—10, 12, 13; ტიტე 1:5—9). ამიტომ, ისინი ღმერთს მიმართავენ ლოცვით, რომ სულიწმიდით დაეხმაროს და თავის შთაგონებულ სიტყვაში ხელმძღვანელობა აპოვნინოს მათ (საქმეები 6:2—4, 6; 14:23). მოდი მადლიერება გამოვავლინოთ ამ „ძღვენისთვის ადამიანების სახით“ (აქ), რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვეხმარებიან „რწმენის ერთიანობის“ მიღწევაში (ეფესელთა 4:8, 11—16).
12. როგორ იყენებს იეჰოვა ქალებს თეოკრატიულ სტრუქტურაში?
12 საღვთო წერილში ნაჩვენებია, რომ კრებაზე ზედამხედველობა მამაკაცებს ეკისრებათ. მაგრამ ეს არ ამცირებს ქალებს, რომელთაგანაც ზოგი ზეციერი სამეფოს მემკვიდრეები არიან და, ამავე დროს, სამქადაგებლო საქმიანობის ძირითად ნაწილს ისინი ასრულებენ (ფსალმუნი 68:11, აქ [67:12]). აღსანიშნავია ისიც, რომ მანდილოსნები ოჯახური მოვალეობების ერთგულად შესრულებით კრებას კარგ სახელს უქმნიან (ტიტე 2:3—5). მაგრამ კრებას მამაკაცები მოძღვრავენ, რომლებიც ამ მოვალეობის შესასრულებლად ინიშნებიან (1 ტიმოთე 2:12, 13).
13. ა) ბიბლიური რჩევის გათვალისწინებით, რა თვალსაზრისი უნდა ჰქონდათ უხუცესებს თავიანთ მდგომარეობაზე? ბ) რა შესანიშნავი შესაძლებლობით შეგვიძლია ვისარგებლოთ თითოეულმა ჩვენგანმა?
13 ვისაც ქვეყნიერებაში მაღალი მდგომარეობა უკავია, გავლენიან ადამიანად მიიჩნევენ, მაგრამ ღვთის ორგანიზაციაში შემდეგი პრინციპი მოქმედებს: „ვინც თქვენს შორის ყველაზე უმცირესია, ის იქნება დიდი“ (ლუკა 9:46—48; 22:24—26). საღვთო წერილი უხუცესებს ურჩევს, რომ ღვთის სამკვიდრებელზე კი არ იბატონონ, არამედ მაგალითი იყვნენ სამწყსოსთვის (1 პეტრე 5:2, 3). მხოლოდ რჩეულ უმცირესობას კი არა, იეჰოვას ყველა მოწმეს, მამაკაცსა თუ ქალს, აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, სამყაროს უზენაესი ხელისუფლის წარმომადგენლად იმსახუროს, თავმდაბლად ილაპარაკოს მის სახელზე და ყველგან მოუთხროს ადამიანებს მის სამეფოზე.
14. საღვთო წერილიდან მოყვანილი ადგილების გამოყენებით განიხილე ამ აბზაცის ბოლოში მოცემული კითხვები.
14 კარგია, თუ საკუთარ თავს ვეკითხებით: ნამდვილად მესმის, როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხილულ ორგანიზაციას და მადლიერებას ვავლენ ამისთვის? ცხადვყოფ ამას ჩემი აზროვნებით, საუბრითა და ქცევით? ქვემოთ მოცემულ აზრებზე დაფიქრება დაგვეხმარება ამ საკითხების გაანალიზებაში.
თუ ნამდვილად ვემორჩილები ქრისტეს, როგორც კრების თავს, რას გავაკეთებ საღვთო წერილიდან ქვემოთ მოყვანილი მუხლების საფუძველზე? (მათე 24:14; 28:19, 20; იოანე 13:34, 35).
როდესაც მადლიერებას ვავლენ ერთგული „მონისა“ და მისი წარმომადგენელი ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით გადმოცემული სულიერი ძღვენისთვის და განხორციელებული ღონისძიებებისთვის, ვის მიმართ ვავლენ პატივისცემას? (ლუკა 10:16).
როგორ უნდა მოეპყრონ კრების წევრები, განსაკუთრებით კი უხუცესები, ერთმანეთს? (რომაელთა 12:10).
15. ა) რას აჩვენებს იეჰოვას ხილული ორგანიზაციისადმი ჩვენი დამოკიდებულება? ბ) როგორ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეშმაკი მატყურაა და, ამავე დროს, გული გავუხაროთ იეჰოვას?
15 დღეს იეჰოვა ქრისტეს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი თავისი ხილული ორგანიზაციის საშუალებით გვხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციისადმი ჩვენი დამოკიდებულება აჩვენებს, თუ რას ვფიქრობთ უზენაესი ხელისუფლების თაობაზე წამოჭრილ საკამათო საკითხზე (ებრაელთა 13:17). სატანა ამტკიცებს, რომ ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავით ვართ დაინტერესებული. მაგრამ, თუ მზად ვართ, შევასრულოთ ნებისმიერი დავალება და ვცდილობთ, რომ არ მივიქციოთ სხვების ყურადღება, ვამტკიცებთ, რომ ეშმაკი ცრუა. თუ სიყვარულსა და პატივისცემას ვავლენთ მათ მიმართ, ვინც ჩვენ შორის ხელმძღვანელის როლს ასრულებს და თავს ვარიდებთ ‘ანგარების გამო პირფერობას’, იეჰოვას ვუხარებთ გულს (იუდა 16; ებრაელთა 13:7). იეჰოვას ორგანიზაციისადმი ერთგულებით ცხადვყოფთ, რომ ჩვენი ღმერთი იეჰოვაა და მისადმი თაყვანისმცემლობისთვის ვართ გაერთიანებული (1 კორინთელთა 15:58).
გამეორება
• ვისგან შედგება დღეს იეჰოვას ხილული ორგანიზაცია? რა მიზანს ემსახურება ეს ორგანიზაცია?
• ვინ არის კრების თავი და რა ხილული საშუალებებით გვხელმძღვანელობს?
• როგორი ჯანსაღი თვალსაზრისი უნდა განვავითაროთ იეჰოვას ორგანიზაციის წევრების მიმართ?
[სურათები 133 გვერდზე]
იეჰოვა ქრისტეს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი თავისი ხილული ორგანიზაციის საშუალებით გვხელმძღვანელობს.