თავი მეთორმეტე
შენი ნათლობის მნიშვნელობა
1. რატომ უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი პირადად დაინტერესებული მონათვლით?
იესო ახ. წ. 29 წელს მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა მონათლა წყალში სრული ჩაძირვით. იეჰოვამ, რომელიც თავად ადევნებდა თვალყურს ამ მოვლენას, თავისი მოწონება გამოთქვა (მათე 3:16, 17). ამგვარად, იესომ მაგალითი დაუტოვა თავის ყველა მოწაფეს. სამწელიწად-ნახევრის გასვლის შემდეგ იესომ ასეთი მითითება მისცა მათ: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28:18, 19). ხარ იესოს მითითების თანახმად მონათლული? თუ არა, ემზადები ამ ნაბიჯის გადასადგმელად?
2. რა კითხვები მოითხოვს პასუხებს ნათლობასთან დაკავშირებით?
2 ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც გვსურს იეჰოვასთვის მსახურება და მის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება, სწორად გვესმოდეს ნათლობის მნიშვნელობა. ქვემოთ მოცემულ კითხვებზე ნამდვილად ღირს პასუხების გაცემა: ისეთივე მნიშვნელობას ატარებს დღეს ქრისტიანული ნათლობა, როგორსაც იესოს ნათლობა ატარებდა? რას ნიშნავს „მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ მონათვლა? რა იგულისხმება ქრისტიანულად წყალში ნათლობის თანახმად ცხოვრებაში?
იოანეს ნათლობა
3. ვისთვის იყო განკუთვნილი იოანეს ნათლობა?
3 იესოს მონათვლამდე ექვსი თვით ადრე იოანე ნათლისმცემელი იუდეას უდაბნოში ქადაგებდა: «მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი [„ზეციერი სამეფო“, აქ]» (მათე 3:1, 2). ხალხმა მოისმინა იოანეს სიტყვები და ყურად იღო მისი მოწოდება. ისინი გულახდილად აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს, ინანიებდნენ მათ და იოანეს მიერ მდინარე იორდანეში ინათლებოდნენ. ეს ნათლობა მხოლოდ იუდეველებისთვის იყო განკუთვნილი (ლუკა 1:13—16; საქმეები 13:23, 24).
4. განსაკუთრებით რატომ ესაჭიროებოდათ პირველ საუკუნეში მცხოვრებ იუდეველებს მონანიება?
4 იუდეველებისთვის მეტად აუცილებელი იყო ცოდვების მონანიება. ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვამ მათ მამა-პაპასთან, მთელ ერთან, ოფიციალური შეთანხმება დადო. მაგრამ ისინი სერიოზულად სცოდავდნენ და არ ასრულებდნენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რის გამოც მსჯავრდადებულნი გახდნენ. იესოს დროს მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო. მალაქიას მიერ ნაწინასწარმეტყველები „უფლის დიდი და საშინელი დღე“ ახლოვდებოდა. ეს „დღე“ ახ. წ. 70 წელს დადგა, როცა რომაელთა ჯარმა იერუსალიმი, მისი ტაძარი და მილიონზე მეტი იუდეველი გაანადგურა. იოანე ნათლისმცემელი, რომელიც ერთგული, ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი იყო, ღმერთმა ამ განადგურებამდე გაგზავნა იუდეაში, რათა ‘უფლისთვის წარედგინა მომზადებული ხალხი’. მათ უნდა მოენანიებინათ მოსეს რჯულის დარღვევის შედეგად ჩადენილი ცოდვები და მიეღოთ ღვთის ძე, იესო, რომელიც იეჰოვამ მათთან გამოაგზავნა (მალაქია 3:22—24; ლუკა 1:17; საქმეები 19:4).
5. ა) როდესაც იესო იოანესთან მივიდა მოსანათლავად, რატომ არ უნდოდა თავიდან იოანეს მისი მონათვლა? ბ) რის სიმბოლო იყო იესოს ნათლობა?
5 იოანესთან მოსანათლავად მისულებს შორის თავად იესოც იყო. რატომ? იოანემ, რომელმაც იცოდა, რომ იესო უცოდველი იყო, უთხრა მას: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“. მაგრამ იესოს ნათლობა სხვა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა. ამიტომ მან პასუხად მიუგო: „ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება“ (მათე 3:13—15). რადგან იესო უცოდველი იყო, მისი ნათლობა ცოდვების მონანიების სიმბოლო არ იყო; მას არც ღვთისთვის თავის მიძღვნა ესაჭიროებოდა, რადგან უშუალოდ იმ ერის წარმომადგენელი იყო, რომელსაც უკვე მიძღვნილი ჰქონდა თავი იეჰოვასთვის. იესოს ნათლობა 30 წლის ასაკში განსაკუთრებული იყო — ის ზეციერი მამისთვის მისი ნების შესასრულებლად თავის წარდგენის სიმბოლო იყო.
6. რამდენად სერიოზულად ეკიდებოდა იესო ღვთის ნების შესრულებას?
6 იესოსთვის ღვთის ნება სამეფოს საქმეში მონაწილეობას ნიშნავდა (ლუკა 8:1). ამავე დროს, მისთვის ღვთის ნება გულისხმობდა საკუთარი სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლის გამომსყიდველურ მსხვერპლად შეწირვას, რაც საფუძვლად დაედებოდა ახალ შეთანხმებას (მათე 20:28; 26:26—28; ებრაელთა 10:5—10). იესო დიდი სერიოზულობით მოეკიდა თავისი ნათლობის მნიშვნელობას. მან არ დაუშვა, რომ მისი ყურადღება სხვა რამეზე გადატანილიყო. მიწიერი სიცოცხლის ბოლომდე მან ერთგულად შეასრულა ღვთის ნება, რადგან, ძირითადად, ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებით იყო დაკავებული (იოანე 4:34).
ქრისტიანი მოწაფეების წყალში ნათლობა
7. ახ. წ. 33 წლიდან, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ, როგორ უნდა მოენათლათ ქრისტიანებს ადამიანები?
7 იესოს პირველი მოწაფეები იოანემ მონათლა, რომელმაც შემდგომში ისინი, როგორც ზეციერი სამეფოს შესაძლო წევრები, იესოსთან წარგზავნა (იოანე 3:25—30). იესოს ხელმძღვანელობით, ამ მოწაფეებმაც მონათლეს სხვები და ამ ნათლობას იოანეს ნათლობის მსგავსი მნიშვნელობა ჰქონდა (იოანე 4:1, 2). მაგრამ ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, ისინი შეუდგნენ ახალი დავალების შესრულებას, კერძოდ, „მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ ადამიანთა მონათვლას (მათე 28:19). შენთვის ძალიან სასარგებლო იქნება ამ ნათლობის მნიშვნელობის განხილვა.
8. რას ნიშნავს „მამის სახელით“ მონათვლა?
8 რას ნიშნავს „მამის სახელით“ მონათვლა? ეს ნიშნავს მისი სახელის, მდგომარეობის, უფლებამოსილების, განზრახვებისა და კანონების აღიარებას. მოდი განვიხილოთ, თუ რა იგულისხმება ამაში: 1) ფსალმუნის 82:19-ში მის სახელზე ნათქვამია: «შენი სახელია უფალი [„იეჰოვა“, აქ], მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე». 2) მისი მდგომარეობის შესახებ მეოთხე მეფეთა 19:15-ში ნათქვამია: «უფალო [„იეჰოვა“, აქ]... შენა ხარ ერთადერთი ღმერთი». 3) მისი უფლებამოსილების შესახებ გამოცხადების 4:11-ში აღნიშნულია: „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“. 4) ჩვენ აგრეთვე უნდა ვაღიაროთ, რომ იეჰოვაა სიცოცხლის მბოძებელი, რომელსაც განზრახული აქვს, დაგვიხსნას ცოდვისა და სიკვდილისგან: „უფლისაგან არის ხსნა“ (ფსალმუნი 3:9; 35:10). 5) უნდა ვაღიარებდეთ, რომ იეჰოვა უზენაესი კანონმდებელია: „უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე“ (ესაია 33:22). რადგან იეჰოვას ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მდგომარეობა უკავია, ბიბლია მოგვიწოდებს: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22:37).
9. რას ნიშნავს „ძის სახელით“ მონათვლა?
9 რას ნიშნავს „ძის სახელით“ მონათვლა? ეს ნიშნავს იესო ქრისტეს სახელის, მდგომარეობისა და უფლებამოსილების აღიარებას. მისი სახელი, იესო, ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. მისი მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ ის არის ღვთის მხოლოდშობილი ძე, ღვთის პირველი ქმნილება (მათე 16:16; კოლასელთა 1:15, 16, სსგ). იოანეს 3:16-ში ღვთის ძეზე ნათქვამია: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი [კაცობრიობა, რომელსაც ესაჭიროებოდა გამოსყიდვა], რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. რადგან იესო სიკვდილამდე ერთგული დარჩა, ღმერთმა აღადგინა ის და სხვა უფლებამოსილებითაც აღჭურვა. როგორც პავლე მოციქულმა აღნიშნა, ღმერთმა „აღამაღლა იგი“ სამყაროში და იესო იეჰოვას მერე მეორე პიროვნება გახდა. ამიტომ „იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა... ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღვთის სადიდებლად“ (ფილიპელთა 2:9—11). ეს ნიშნავს იესოს მცნებების დაცვას, რომლებიც თავად იეჰოვასგან მომდინარეობს (იოანე 15:10).
10. რას ნიშნავს „სულიწმიდის სახელით“ მონათვლა?
10 რას ნიშნავს „სულიწმიდის სახელით“ მონათვლა? ეს ნიშნავს, ვაღიაროთ სულიწმიდის როლი და მისი მოქმედება. რა არის სულიწმიდა? ის არის იეჰოვას მოქმედი ძალა, რომლის მეშვეობითაც ღმერთს სისრულეში მოჰყავს თავისი განზრახვები. იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: «მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს [„დამხმარეს“, აქ] მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ — ჭეშმარიტების სულს» (იოანე 14:16, 17). რის გაკეთებას შეაძლებინებდა მათ სულიწმიდა? იესომ მოგვიანებით უთხრა მათ: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). იეჰოვამ აგრეთვე სულიწმიდის მეშვეობით დააწერინა ადამიანებს ბიბლია: „წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (2 პეტრე 1:21). ამიტომ, ბიბლიის შესწავლით ცხადვყოფთ, რომ ვაღიარებთ სულიწმიდის როლს. სხვა მხრივ კი, იმით ვაღიარებთ სულიწმიდის როლს, თუ ვთხოვთ იეჰოვას, დაგვეხმაროს „სულის ნაყოფის: სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის, სულგრძელობის, სახიერების, სიკეთის, ერთგულების, სიმშვიდისა და თავშეკავების“ გამომუშავებაში (გალატელთა 5:22, 23).
11. ა) რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს დღეებში ნათლობას? ბ) რით ჰგავს ნათლობა სიკვდილსა და აღდგომას?
11 პირველი მოწაფეები, რომლებიც ახ. წ. 33 წლიდან იესოს მითითებების თანახმად ინათლებოდნენ, იუდეველები და ებრაელი პროზელიტები იყვნენ. ცოტა ხანში ქრისტიან მოწაფედ გახდომის შესანიშნავი შესაძლებლობა სამარიელებსაც მიეცათ. შემდეგ, ახ. წ. 36 წელს მათ რიგებს წინდაუცვეთელი არაებრაელებიც შეუერთდნენ. მონათვლამდე სამარიელებსა და არაებრაელებს პირადად უნდა მიეძღვნათ თავი იეჰოვასთვის იმ მიზნით, რომ ემსახურათ მისთვის, როგორც მისი ძის მოწაფეებს. დღემდე ქრისტიანულ ნათლობას ეს მნიშვნელობა ენიჭება. წყალში სრული ჩაძირვა თავის მიძღვნის სათანადო სიმბოლოა, რადგან ნათლობა სიმბოლურ სიკვდილს ნიშნავს. წყალში ჩაძირვით ცხადყოფ, რომ კვდები წარსული ცხოვრებისთვის. წყლიდან ამოსვლა კი ასიმბოლოებს შენს მზადყოფნას, იცხოვრო ღვთის ნების შესასრულებლად. ეს „ერთი ნათლობა“ არსებობს ყველასთვის, ვინც ჭეშმარიტი ქრისტიანი ხდება. ნათლობისას ისინი იეჰოვას ქრისტიანი მოწმეები ხდებიან და ღმერთი თავად ნიშნავს მათ თავის მსახურებად (ეფესელთა 4:5, აფ; 2 კორინთელთა 6:3, 4).
12. რის ანალოგიაა ქრისტიანული წყალში ნათლობა და რატომ?
12 ასეთ ნათლობას ღმერთი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ის აუცილებელია გადასარჩენად. მაგალითად, მას შემდეგ, რაც პეტრე მოციქულმა ნოეს აგებული კიდობანი მოიხსენია, რომელშიც წარღვნის დროს ის და მისი ოჯახი იყვნენ შეფარებულნი, დაწერა: „რაც იყო ხატება ნათლისღებისა, რომელიც ამჟამად თქვენ გიხსნით (იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირება) იესო ქრისტეს აღდგომით“ (1 პეტრე 3:21). აგებული კიდობანი აშკარად ცხადყოფდა, რომ ნოემ ერთგულად შეასრულა ღვთის მიერ დავალებული საქმე. კიდობნის მშენებლობის დამთავრების შემდეგ „მაშინდელი წუთისოფელი წარღვნის წყლით მოისპო“ (2 პეტრე 3:6). მაგრამ ნოე და მისი ოჯახი, „რვა სული გადაურჩა წყალს“ (1 პეტრე 3:20).
13. რისგან იხსნის ქრისტიანებს წყალში ნათლობა?
13 დღეს, ვინც თავს უძღვნის იეჰოვას აღდგენილი ქრისტესადმი რწმენის საფუძველზე, ამ მიძღვნის ნიშნად ინათლება. ისინი განაგრძობენ ღვთის ნების შესრულებას ჩვენს დღეებში, რის შედეგადაც დახსნილი არიან ამ ბოროტი ქვეყნიერებისგან (გალატელთა 1:3, 4). ეს ადამიანები დღევანდელ ბოროტ სისტემასთან ერთად არ განადგურდებიან. ისინი დახსნილი არიან და ღვთის მიერ სუფთა სინდისით არიან დაჯილდოებული. იოანე მოციქული არწმუნებს ღვთის მსახურებს: „გადადის წუთისოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე“ (1 იოანე 2:17).
ჩვენი ვალდებულებების შესრულება
14. რატომ არ იძლევა გადარჩენის გარანტიას მხოლოდ ნათლობა?
14 არასწორი იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ ნათლობა გადარჩენის გარანტიას იძლევა. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ფასი, თუ ადამიანი ნამდვილად უძღვნის თავს იეჰოვას იესო ქრისტეს მეშვეობით და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად განაგრძობს ღვთის ნების შესრულებას, ვინაიდან „ბოლომდის დამთმენი გადარჩება“ (მათე 24:13).
15. ა) რა მოეთხოვებათ დღეს ღვთის ნების შესასრულებლად მონათლულ ქრისტიანებს? ბ) რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქრისტიანული მოწაფეობა ჩვენს ცხოვრებაში?
15 ღვთის ნების შესრულება იესოსთვის იმასაც ნიშნავდა, თუ როგორ გამოიყენებდა თავის ადამიანურ სიცოცხლეს. მას საკუთარი სიცოცხლე გამომსყიდველურ მსხვერპლად უნდა შეეწირა. ჩვენ შემთხვევაში, საკუთარი სხეული ღმერთს უნდა მივუძღვნათ და თავგანწირული სულისკვეთებით განვაგრძოთ ღვთის ნების შესრულება (რომაელთა 12:1, 2). რასაკვირველია, ჩვენ არ ვიქნებით ღვთის ნების შემსრულებლები, თუ დროდადრო განზრახ ვავლენთ ამ წუთისოფლისთვის დამახასიათებელ სულს ან უპირველესად საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისკენ ვისწრაფვით და მხოლოდ ფორმალურად ვემსახურებით ღმერთს (1 პეტრე 4:1—3; 1 იოანე 2:15, 16). როდესაც ერთმა იუდეველმა ჰკითხა იესოს, თუ რა უნდა გაეკეთებინა, რომ მარადიულად ეცხოვრა, იესომ ყურადღება გაამახვილა ზნეობრივად სუფთა ცხოვრების აუცილებლობაზე. მაგრამ შემდეგ ხაზი გაუსვა უფრო მნიშვნელოვანს: ქრისტიან მოწაფედ, იესოს მიმდევრად, გახდომის აუცილებლობას, რაც მთავარი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ქონების დაგროვების სურვილის გამო ამან მეორე ადგილი არ უნდა დაიკავოს (მათე 19:16—21).
16. ა) სამეფოსთან დაკავშირებული რა მოვალეობის შესრულება აკისრია ყველა ქრისტიანს? ბ) როგორც 116-ე და 117-ე გვედებზეა ნაჩვენები, რომელი ეფექტური საშუალებებით სრულდება სამეფო საქმე? გ) რის მაჩვენებელია მთელი გულით სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობა?
16 კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ იესოსთვის ღვთის ნების შესრულება ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას ნიშნავდა. იესო თავად იქნა მეფედ ცხებული. მაგრამ, სანამ ის დედამიწაზე იმყოფებოდა, გულმოდგინედ ქადაგებდა ამ სამეფოს შესახებ. ჩვენც იგივე სამქადაგებლო საქმიანობაში ვმონაწილეობთ და ამიტომ მთელი გულით უნდა ვიქადაგოთ. ამგვარი მოქმედებით მადლიერებას გამოვხატავთ იეჰოვას უზენაესი ძალაუფლებისადმი და, ამავე დროს, სიყვარულს ვავლენთ მოყვასისადმი (მათე 22:36—40). აგრეთვე ვაჩვენებთ, რომ მთელ მსოფლიოში სამეფოს ყველა მაუწყებელთან ერთად ვართ გაერთიანებული, რომლებიც ჩვენთან ერთად სცემენ ღმერთს თაყვანს. ჩვენ, როგორც მსოფლიო მასშტაბით გაერთიანებულნი, ვისწრაფვით, რომ მარადიულად ვიცხოვროთ ამ სამეფოს ქვეშევრდომებად დედამიწაზე.
გამეორება
• რა მსგავსება და სხვაობა არსებობს იესოს ნათლობასა და დღევანდელ ნათლობას შორის?
• რას ნიშნავს „მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით“ მონათვლა?
• რა იგულისხმება ქრისტიანული ნათლობის შედეგად დაკისრებული მოვალეობების თანახმად ცხოვრებაში?
[სურათები 116, 117 გვერდებზე]
სამეფოს შესახებ ქადაგების ზოგი საშუალება
კარდაკარ
ნათესავებთან
თანამშრომლებთან
თანაკლასელებთან
ქუჩაში
დაინტერესებული ადამიანის განმეორებით მონახულება
ბიბლიის საშინაო შესწავლა