ისინი მტკიცედ იდგნენ ნაცისტური დევნის დროს
ნაცისტურ გერმანიაში იეჰოვას მოწმეთა უშიშარი პირდაპირობა მკვეთრად გამოირჩევა პოზიციისგან, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა დაიკავეს. ამას აღნიშნავს ისტორიის პროფესორი ჯონ ვაისი თავის წიგნში „სიკვდილის იდეოლოგია“ (Ideology of Death). ის წერს:
«ევანგელისტური ეკლესია 1934 წელს დაჟინებით მოითხოვდა, რომ „ლუთერანობა მისალმებოდა“ ნაციზმს, და მადლობას უხდიდა „უფალ ღმერთს“ გერმანელებისთვის „ღვთისმოსავი და სანდო უზენაესი მმართველის“ ბოძებისთვის. . . პროტესტანტმა ეპისკოპოსმა სამღვდელოებას მისწერა, „[ჰიტლერი] ღმერთმა გამოგვიგზავნა“-ო». ვაისი განაგრძობს: „გერმანიის მეთოდისტების ეკლესია. . . დაეთანხმა ეპისკოპოს დიბელიუსს, რომ ჰიტლერმა გარდაუვალი ბოლშევიკური რევოლუციისგან იხსნა გერმანია და მოიტანა მშვიდობა და სტაბილურობა. . . მორმონების ეკლესიამ თავის მორწმუნეებს შეატყობინა, რომ ჰიტლერისთვის წინააღმდეგობის გაწევა მორმონების კანონის დარღვევა იყო“. შემდეგ უმატებს: „კათოლიკეებს ეთქვათ, რომ ახალი წყობილებისადმი მორჩილება წმინდა მოვალეობა იყო, და ეს მოვალეობა არასოდეს გაუქმებულა მას შემდეგაც კი, რაც სამღვდელოებისთვის ცნობილი გახდა აღმოსავლეთში მომხდარი მთელი საშინელებები“.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას იეჰოვას მოწმეებზე? პროფესორი ვაისი აღნიშნავს, რომ, „როგორც ჯგუფმა, მხოლოდ იეჰოვას მოწმეებმა გაუწიეს წინააღმდეგობა ნაციზმს“. ის განაგრძობს, რომ ათასობით მათგანი დააპატიმრეს, „თუმცა საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსებულ ნებისმიერ მოწმეს შეეძლო გათავისუფლებულიყო, თუ, უბრალოდ, ხელს მოაწერდა საბუთზე, რომ უარს ამბობდა თავის რწმენაზე“.
იეჰოვას მოწმეთა უმწიკვლოებაზე პროფესორი ვაისი შენიშნავს: «მათი მაგალითიდან ჩანს უბადლოდ შეუპოვარი და გმირული სიძლიერე, რომელიც ადრინდელ ქრისტიანობას ჰქონდა ოფიციალურ აღიარებამდე და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ ვალდებულებების გრძნობამდე, რომელმაც სძლია უკომპრომისო ცხოვრების სურვილს. როგორც პროტესტანტმა მოძღვარმა დაწერა მათზე, „დიდი ეკლესიები კი არა, არამედ ეს ხალხი, რომელსაც ცილს სწამებდნენ და დასცინოდნენ, იყო ის, ვინც პირველად აღუდგა წინ ნაცისტი დემონის რისხვას და ვინც საკუთარი რწმენით ნაკარნახევი წინააღმდეგობის გაწევა გაბედა“».