საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვაზე სრულად მინდობა ვისწავლეთ
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 იანვარი
    • ბიოგრაფია

      იეჰოვაზე სრულად მინდობა ვისწავლეთ

      მოგვითხრო ნატალი ჰოლტორფმა

      იყო 1945 წლის ივნისი. ერთ დღეს ფერმიხდილი მამაკაცი მოადგა ჩვენს სახლს. ჩემმა პატარა გოგონამ, რუთმა, შეშინებულმა წამოიძახა: „დედა, კართან კაცი დგას!“ პატარამ არ იცოდა, რომ უცნობი მამამისი იყო, ჩემი ძვირფასი მეუღლე ფერდინანდი. ორი წლით ადრე, რუთის დაბადებიდან სამი დღის შემდეგ, ფერდინანდი დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ახლა რუთმა პირველად ნახა მამამისი. ოჯახი კვლავ გაერთიანდა. მე და ფერდინანდს ერთმანეთისთვის ბევრი რამ გვქონდა მოსაყოლი.

  • იეჰოვაზე სრულად მინდობა ვისწავლეთ
    საგუშაგო კოშკი — 2005 | 1 იანვარი
    • არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ევროპაში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. ჩვენ გავიგეთ, თუ როგორ დევნიდნენ იეჰოვას მოწმეებს გერმანიაში და ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ჯერიც დადგებოდა; საინტერესო იყო, როგორ გადავიტანდით სასტიკ დევნას. 1938 წელს ნიდერლანდის მთავრობამ ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც, უცხოელებს რელიგიური ლიტერატურის გავრცელება აეკრძალათ. მსახურებაში ჰოლანდიელი მოწმეები დაგვეხმარნენ. ისინი გვაძლევდნენ იმ ადამიანების მისამართებს, რომლებიც ჩვენი საქმიანობით დაინტერესდნენ და რომლებთანაც შეგვეძლო ბიბლიის შესწავლა ჩაგვეტარებინა.

      იეჰოვას მოწმეების კონგრესი ახლოვდებოდა. საშუალება არ გვქონდა მატარებლის ბილეთები გვეყიდა, მაგრამ ძალიან გვინდოდა კონგრესზე დასწრება. ამიტომ ველოსიპედით მგზავრობას სამი დღე მოვანდომეთ, პატარა ესთერიც თან გვყავდა. ღამით თანამორწმუნეებთან ვრჩებოდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან ეს ჩვენი პირველი კონგრესი იყო, რომელზეც მთელი ნიდერლანდის მოწმეები იყვნენ მოწვეულები. კონგრესის პროგრამამ გაგვაძლიერა და მოსალოდნელი სირთულეების გადასალახავად მოგვამზადა. გარდა ამისა, კონგრესმა შეგვახსენა, რომ ღმერთზე უნდა ვყოფილიყავით მინდობილები. ჩვენი ოჯახის მიზანი გახდა ფსალმუნების 30:7-ში [31:6, აქ] ჩაწერილი სიტყვები: „მე კი იეჰოვაზე ვარ მინდობილი“.

      ნაცისტები ჩვენს დევნასაც იწყებენ

      1940 წლის მაისში ნაცისტები ჰოლანდიაში შემოვიდნენ. მოულოდნელად გესტაპო ანუ საიდუმლო პოლიცია დაგვესხა თავს, როცა ბიბლიურ ლიტერატურას ვახარისხებდით. ფერდინანდი გესტაპოს მთავარ განყოფილებაში წაიყვანეს. მე და ესთერი ხშირად დავდიოდით მის სანახავად. ფერდინანდს ზოგჯერ ჩვენი თანდასწრებით დაკითხვას უწყობდნენ და სასტიკად სცემდნენ. დეკემბერში ის მოულოდნელად გაათავისუფლეს, მაგრამ ეს თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთ საღამოს, როდესაც სახლში დავბრუნდით, დავინახეთ, რომ სახლთან გესტაპოს მანქანა იდგა. ფერდინანდმა შეძლო გაქცევა, მე და ესთერი სახლში შევედით. გესტაპო ჩვენ გვიცდიდა, მათ ფერდინანდის დაკავება უნდოდათ. იმავე საღამოს, როცა გესტაპო წავიდა, ჰოლანდიის პოლიციამ დაკითხვაზე წამიყვანა. მეორე დღეს ესთერი და მე ვიმალებოდით ახალ მონათლულ წყვილთან, ნორდერებთან, რომლებმაც თავშესაფარი მოგვცეს.

      1941 წლის იანვრის ბოლოს პიონერი წყვილი, რომელიც საკუთარ იახტაზე ცხოვრობდა, დააპატიმრეს. მეორე დღეს, სარაიონო ზედამხედველი (მიმომსვლელი მსახური) და ჩემი მეუღლე იახტაზე ავიდნენ იმ ცოლ-ქმრის პირადი ნივთების წამოსაღებად. მათ გესტაპოს თანამშრომლები დაადგნენ თავზე. ფერდინანდმა მოახერხა თავის დაღწევა და ველოსიპედით გაიქცა, ხოლო სარაიონო ზედამხედველი დააპატიმრეს.

      პასუხისმგებელმა ძმებმა ფერდინანდს სთხოვეს, სარაიონო ზედამხედველად ემსახურა. ეს იმას გულისხმობდა, რომ ის თვეში მხოლოდ სამი დღე იქნებოდა სახლში. ეს კიდევ ერთი სირთულე იყო ჩვენთვის, მაგრამ მე ვაგრძელებდი პიონერად მსახურებას. გესტაპომ გააძლიერა იეჰოვას მოწმეების ძებნა. ასე რომ, ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელ ადგილს. 1942 წელს სამჯერ მოგვიწია ადგილმდებარეობის შეცვლა. ბოლოს გავჩერდით ქალაქ როტერდამში, რომელიც საკმაოდ შორს იყო იმ ტერიტორიისგან, სადაც ფერდინანდი საიდუმლო მსახურებას ეწეოდა. ამ დროს მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ. კემპების ოჯახმა, ცოლ-ქმარმა, რომელსაც ორი ვაჟი საკონცენტრაციო ბანაკში ჰყავდა, თავიანთ სახლში შეგვიფარა.

      გესტაპოს ვერ გავექეცით

      ჩვენი მეორე ქალიშვილი, რუთი, 1943 წლის ივლისში დაიბადა. რუთის დაბადების შემდეგ ფერდინანდი სამი დღე დარჩა ჩვენთან. ამის შემდეგ ის დიდი ხნის განმავლობაში აღარ გვინახავს. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, რაც სახლიდან წავიდა, ფერდინანდი ამსტერდამში დააპატიმრეს. ის წაიყვანეს გესტაპოს განყოფილებაში, სადაც მისი ვინაობა დაადგინეს. გესტაპომ მკაცრად დაკითხა, რომ სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიეღო. ფერდინანდმა მათ მხოლოდ ის უთხრა, რომ იეჰოვას მოწმე იყო და არ მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმეებში. გესტაპოს აგენტები გააფთრებულნი იყვნენ, რადგან ფერდინანდი, გერმანელი მოქალაქე, უარს ამბობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურზე. ამიტომ ემუქრებოდნენ, რომ, როგორც მოღალატეს, დასჯიდნენ.

      ხუთი თვის განმავლობაში ფერდინანდი ციხის საკანში ჰყავდათ, სადაც მუდმივად ემუქრებოდა დახვრეტა. მიუხედავად ამისა, ფერდინანდს იეჰოვასადმი ერთგულება არ შერყევია. რა დაეხმარა მას, სულიერად ძლიერი დარჩენილიყო? ღვთის სიტყვა — ბიბლია. როგორც იეჰოვას მოწმეს, ეკრძალებოდა, ბიბლია ჰქონოდა. თუმცა, სხვა პატიმრებს შეეძლოთ მოეთხოვათ ის. ფერდინანდმა საკანში მყოფ პატიმარს სთხოვა, ოჯახს მისთვის ბიბლია გამოეგზავნა. წლების შემდეგ, როდესაც ფერდინანდი ამ ეპიზოდს იხსენებდა, თვალებგაბრწყინებული ამბობდა: „რომ იცოდეთ, როგორი მანუგეშებელი იყო ის ბიბლია!“

      1944 წლის იანვრის დასაწყისში ფერდინანდი ვიუგტის (ნიდერლანდი) საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ეს კურთხევა აღმოჩნდა მისთვის, რადგან იქ 46 სხვა მოწმეს შეხვდა. მისი გადაყვანის შესახებ რომ გავიგე, გამიხარდა, რადგან ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო!

      საკონცენტრაციო ბანაკში შეუპოვრად ქადაგება

      ბანაკში ცხოვრება აუტანელი იყო არასაკმარისი საკვების, თბილი ტანსაცმლის უქონლობის და საშინელი სიცივის გამო. ფერდინანდი მძიმედ დაავადდა ტონზილიტით (ნუშისებრი ჯირკვლების ანთება). ერთხელ, როცა პატიმართა ვრცელი სიის ამოკითხვა გარეთ, ცივ ამინდში დიდხანს გაგრძელდა, ფერდინანდმა ჰოსპიტალში გადაყვანა მოითხოვა. პატიმრებს, რომლებსაც 40°C სიცხე ჰქონდათ, საავადმყოფოში დარჩენის ნებას რთავდნენ; ფერდინანდს 39°C ჰქონდა სიცხე, ამიტომ ის სამუშაოზე დააბრუნეს. პატიმრები თანაგრძნობას ავლენდნენ და დროდადრო მას მცირე ხნით თბილ ადგილას მალავდნენ. ყველამ შვება იგრძნო, როცა დათბა. ამასთანავე, ზოგიერთი ძმა ამანათის მიღებისას საკვებს სხვებსაც უნაწილებდა; ასე რომ, ფერდინანდმა ძალები მოიკრიბა.

      დაპატიმრებამდე ჩემი მეუღლისთვის ქადაგება ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო და, ამიტომ ბანაკშიც აგრძელებდა რწმენის შესახებ სხვებთან საუბარს. ბანაკის მცველები ხშირად დამცინავად ლაპარაკობდნენ იისფერ სამკუთხედზე, რომელიც იმაზე მოწმობდა, რომ პატიმარი იეჰოვას მოწმე იყო. ფერდინანდს ასეთ დროს მათთან საუბრის შესაძლებლობა ეძლეოდა. თავდაპირველად ძმების სამქადაგებლო ტერიტორია ბარაკებით შემოიფარგლებოდა, სადაც ძირითადად იეჰოვას მოწმეები ცხოვრობდნენ. ძმები ფიქრობდნენ, თუ როგორ ექადაგათ, რაც შეიძლება მეტი პატიმრისთვის. ამაში მათ უნებლიეთ ბანაკის ადმინისტრაცია დაეხმარა. როგორ?

      ძმები საიდუმლოდ ინახავდნენ ბიბლიურ ლიტერატურას და 12 ბიბლიას. ერთ დღეს მცველებმა იპოვეს რამდენიმე პუბლიკაცია, მაგრამ ვერ გაიგეს, თუ ვის ეკუთვნოდა. ასე რომ, ბანაკის ოფიცრებმა გადაწყვიტეს, მოწმეები დაეცალკევებინათ. ამიტომ ძმები ისეთ ბარაკებში გადაიყვანეს, სადაც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები. მათ ჭამის დროს არ შეეძლოთ ერთად დამსხდარიყვნენ. ასეთი ცვლილებები სასარგებლო აღმოჩნდა. ძმებს საშუალება მიეცათ, რომ გაეკეთებინათ ის, რაც მათ ძალიან სურდათ — უფრო მეტ პატიმართან ექადაგათ.

      მარტო ვზრდიდი ორ გოგონას

      ამ დროს ჩემს ორ გოგონასთან ერთად როტერდამში ვცხოვრობდი. 1943—1944 წლებში განსაკუთრებით მკაცრი ზამთარი იყო. ჩვენი სახლის უკან გერმანელი ჯარისკაცების საარტილერიო ქვედანაყოფი დაბანაკდა, რომელიც თვითმფრინავებს აგდებდა. ჩვენ წინ კი იყო ვაალ ჰარბორი — მოკავშირეთა ბომბდამშენების მთავარი სამიზნე. ასე რომ, ჩვენი სახლი უსაფრთხო ადგილად ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა. გარდა ამისა, საკვებიც გვაკლდა. ჩვენ იეჰოვაზე სრულად მინდობა ვისწავლეთ (იგავები 3:5, 6).

      რვა წლის ასაკში ესთერი დახმარებას უწევდა ჩვენს პატარა ოჯახს; ის საჭმლის რიგში დგებოდა. ხშირად, როცა მისი რიგი მოდიოდა, აღარაფერი რჩებოდა. ერთხელაც რიგში დგომისას საჰაერო თავდასხმა დაიწყო. აფეთქების ხმაზე თავზარი დამეცა. აფორიაქებულს სიხარულის ცრემლები წამომცვივდა, როცა ესთერი უვნებელი დაბრუნდა, თანაც მცირეოდენი შაქრის ჭარხალი მოიტანა. „რა მოხდა?“ — ვკითხე მაშინვე. მან მშვიდად მიპასუხა: «როდესაც ბომბები ვარდებოდა, ის გავაკეთე, რაც მამამ მითხრა: „დაწექი მიწაზე, არ გაინძრე და ილოცე“, და ასე გადავრჩი!»

      რადგან გერმანული აქცენტით ვლაპარაკობდი, უფრო უსაფრთხო იყო, ესთერს ევლო საყიდლებზე. ეს შეუმჩნეველი არ რჩებოდათ გერმანელ ჯარისკაცებს და ესთერს კითხვებს უსვამდნენ. ბავშვი ყოველთვის ინახავდა საიდუმლოს. ესთერს მე ვასწავლიდი ბიბლიას და, რადგან მას არ შეეძლო სკოლაში სიარული, ვასწავლე წერა-კითხვა და სხვადასხვა ხელსაქმე.

      ესთერი სამქადაგებლო მსახურებაშიც მეხმარებოდა. როცა ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მივდიოდით, ესთერი წინ მირბოდა და აკვირდებოდა, ვინმე ხომ არ გვიყურებდა და იყო თუ არა თავის ადგილას ნიშანი, რომელზედაც მე და ბიბლიის შემსწავლელი შევთანხმდით. მაგალითად, პიროვნება, ვისთანაც უნდა მივსულიყავით, ფანჯრის რაფაზე ყვავილის ქოთნის მდებარეობით გვანიშნებდა, რომ შეგვეძლო მასთან მისვლა. ბიბლიის შესწავლის დროს ესთერი გარეთ იყო, რომ საფრთხე დაენახა. ამ დროს კი საბავშვო ეტლით სეირნობდა ქუჩის გასწვრივ.

      ზაქსენჰაუზენისაკენ

      რა მდგომარეობაში იყო ამ დროს ფერდინანდი? 1944 წლის სექტემბერში ის სხვა პატიმრებთან ერთად რკინიგზის სადგურზე წაიყვანეს, სადაც თითოეულ ვაგონში 80 პატიმარი ერთად შეჰყარეს. ვაგონში ორი ვედრო იდგა: ერთი ტუალეტის მაგივრობას ასრულებდა, მეორეში კი სასმელი წყალი ესხა. სამი დღეღამე გაგრძელდა მგზავრობა. ვაგონი ხალხით იყო გადავსებული, რის გამოც სუნთქვა უჭირდათ. ვაგონებს ფანჯრების ნაცვლად აქა-იქ პატარა ნახვრეტები ჰქონდა. სიცხე, შიმშილი და წყურვილი ძნელი ასატანი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მყრალ სუნზე.

      მატარებელი გაჩერდა ზაქსენჰაუზენში, სადაც საკონცენტრაციო ბანაკი იყო. ყველა პატიმარს ჩამოართვეს პირადი ნივთები, იეჰოვას მოწმეებმა კი შეძლეს თან წაეღოთ 12 პატარა ბიბლია.

      ფერდინანდი და რვა ძმა გადაგზავნეს ქალაქ რათენოვის ბანაკში სამუშაოდ, სადაც საომარ იარაღებს ამზადებდნენ. დასჯის მუქარის მიუხედავად ძმები უარს ამბობდნენ ასეთ სამუშაოზე. დილაობით ისინი გასამხნევებლად ერთმანეთს ბიბლიურ მუხლებს უზიარებდნენ, მაგალითად ფსალმუნების 17:3-ს, რათა მთელი დღის განმავლობაში ეფიქრათ მასზე.

      ერთ დღესაც ცეცხლსასროლი იარაღების გრუხუნმა ცხადყო მოკავშირეთა და რუსეთის ჯარების მოახლოება. პირველად რუსეთის ჯარები შევიდნენ ბანაკში, სადაც ფერდინანდი და მისი მეგობრები იყვნენ. საკვები დაურიგეს პატიმრებს და უბრძანეს ბანაკის დატოვება. 1945 წლის აპრილში ყველას სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.

      საბოლოოდ ოჯახის ერთად შეკრება

      15 ივნისს ფერდინანდი ნიდერლანდებში დაბრუნდა. გრონინგენში ძმები მას ძალიან თბილად შეხვდნენ. მალე გაიგო, რომ ჩვენ ცოცხლები ვიყავით და ქვეყნის რომელიღაც კუთხეში ვცხოვრობდით; ჩვენც შევიტყვეთ მისი დაბრუნება. მას მოუთმენლად ველოდით, თითქოს ეს საუკუნეები გრძელდებოდა. ერთ დღეს კი პატარა რუთმა წამოიძახა: „დედა, კართან კაცი დგას!“ კართან მამამისი, ჩემი ძვირფასი მეუღლე, იდგა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება