საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სწორმა გადაწყვეტილებამ მრავალი კურთხევა მომიტანა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 იანვარი
    • ერთ დღეს ძმა ნორმა მკითხა, თუ მქონდა ბელგიაში მსახურების სურვილი. რამდენიმე დღის შემდეგ კი ისევ მკითხა, ჰოლანდიაში მსახურებაზე თუ ვიქნებოდი თანახმა. მივიღე დანიშვნის შესახებ წერილი, სადაც ეწერა, რომ „ფილიალის მსახურის მოვალეობა უნდა შემესრულებინა“. გაოგნებული დავრჩი.

      1950 წლის 24 აგვისტოს გემით გავემგზავრე ჰოლანდიაში. მგზავრობას 11 დღე დასჭირდა; ამ დროს წავიკითხე ახალგამოცემული „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. 5 სექტემბერს ჩავედი როტერდამში, სადაც ბეთელის ოჯახმა გულთბილად მიმიღო. თუმცა მეორე მსოფლიო ომმა ქვეყანა გააპარტახა, ძმები მაინც ახერხებდნენ მსახურებას. როცა ვიგებდი, როგორ ინარჩუნებდნენ ძმები ერთგულებას სასტიკი დევნის დროს, ვფიქრობდი, რომ მათთვის ადვილი არ იქნებოდა მსახურება ფილიალის ისეთი გამოუცდელი და ახალგაზრდა მსახურის ხელმძღვანელობით, როგორიც მე ვიყავი. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ჩემი შიში უსაფუძვლო იყო.

      ცხადია, იყო საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა. მე კონგრესის დაწყებამდე ჩავედი და გაოცებული დავრჩი იმით, რომ ათასობით დელეგატი კონგრესის მიმდებარე ტერიტორიაზე ათევდა ღამეს. ძმებს ვურჩიე, რომ მომდევნო კონგრესისთვის დელეგატები სახლებში დაგვებინავებინა. მათ ეს აზრი მოეწონათ, მაგრამ თავიანთ ქვეყანაში შეუძლებლად მიაჩნდათ ამის გაკეთება. მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დელეგატების ნახევარს კონგრესის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეთია ღამე, ნახევარი კი ქალაქში დაგვებინავებინა მათთან, ვინც იეჰოვას მოწმე არ იყო. შედეგებით კმაყოფილმა ყველაფერი ვაცნობე კონგრესზე ჩამოსულ ძმა ნორს. მაგრამ, როდესაც „საგუშაგო კოშკში“ ჩვენი კონგრესის შესახებ ანგარიში წავიკითხე, ეს კმაყოფილების გრძნობა მალევე გამიქრა. იქ ეწერა: „დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგში ძმები რწმენას გამოავლენენ და დელეგატებს საცხოვრებლით უზრუნველყოფენ ისეთ ადგილებში, სადაც დამოწმების კარგი საშუალება იქნება, კერძოდ, მოქალაქეთა სახლებში“. „შემდეგში“ ზუსტად ასე მოვიქეცით.

      1961 წლის ივლისში ჩვენი ფილიალიდან ორი წარმომადგენელი მიიწვიეს ლონდონში შეხვედრაზე, რომელსაც სხვა ფილიალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ძმა ნორმა გამოაცხადა, რომ „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ უნდა გამოცემულიყო სხვა ენებზეც, მათ შორის ჰოლანდიურზე. ამის გაგებამ ძალიან გაგვახარა! ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა, რა დიდ შრომას მოითხოვდა ეს პროექტი. ორი წლის შემდეგ, 1963 წელს, წილად მხვდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ნიუ-იორკში ჩატარებული კონგრესის პროგრამაში, რომლის დროსაც გამოცხადდა ჰოლანდიურ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა.

      სხვა გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლობები

      1961 წელს ცოლად მოვიყვანე ლიდა ვამელინკი. მისმა ოჯახმა ჭეშმარიტება გაიგო 1942 წელს, როცა ნაცისტები დევნიდნენ იეჰოვას მოწმეებს. 1950 წელს ლიდამ პიონერად დაიწყო მსახურება, 1953 წელს კი ბეთელში მიიწვიეს. ბეთელსა თუ კრებაში მისმა გულმოდგინედ მსახურებამ დამარწმუნა, რომ ის ერთგულად დამიჭერდა მხარს მსახურებაში.

      ქორწინებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ბრუკლინში დამატებითი სწავლების ათთვიან კურსზე მიმიწვიეს. მაშინ ქმრებთან ერთად ცოლების იქ ყოფნა არ იყო გათვალისწინებული. ლიდას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ის მეუბნებოდა, რომ ხელიდან არ გამეშვა ეს შესაძლებლობა. მოგვიანებით ლიდას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თუმცა ბეთელში მსახურებას მაინც ვაგრძელებდით. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ უფრო გონივრული იქნებოდა, თუ სრული დროით ბეთელის გარეთ ვიმსახურებდით. ჩვენ მიმოსვლითი მსახურება დავიწყეთ. ცოტა ხნის შემდეგ ჩემმა ცოლმა სერიოზული ოპერაცია გაიკეთა. თანამორწმუნეების მხარდაჭერით ჩვენ გადავიტანეთ ეს რთული პერიოდი და ერთი წლის შემდეგ საოლქო მსახურების დაწყებაც კი შევძელით.

      მიმოსვლით მსახურებაში შვიდი წელი გავატარეთ. შემდეგ კიდევ ერთი სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი — ბეთელში სამეფო მსახურების სკოლის მასწავლებლად მიმიწვიეს. ჩვენ დავთანხმდით მიწვევაზე მიუხედავად იმისა, რომ მიმოსვლითი მსახურების დატოვება ადვილი არ იყო. 47 კლასთან ჩატარებულმა ორკვირიანმა კურსებმა შესანიშნავი შესაძლებლობა მომცა, რომ კრების უხუცესებისთვის სულიერი ძღვენი გამეზიარებინა.

      იმ პერიოდში დედასთან ჩასვლას ვაპირებდი. მაგრამ მოულოდნელად, 1977 წლის 29 აპრილს, მივიღეთ დეპეშა, რომელიც დედის სიკვდილს გვატყობინებდა. სამწუხარო იყო, რომ მეტად ვეღარ გავიგებდი მის თბილ ხმას და ვეღარ ვეტყოდი, თუ რამდენად მადლიერი ვიყავი ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა.

      სამეფო მსახურების სკოლის დასრულების შემდეგ ბეთელის ოჯახის წევრობა შემოგვთავაზეს. მომდევნო ათი წელი ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად ვმსახურობდი. შემდეგ ხელმძღვანელმა საბჭომ ახალი კოორდინატორი დანიშნა, რომელიც უკეთ გაართმევდა თავს ამ მოვალეობას. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.

      ვმსახურობ შესაძლებლობიდან გამომდინარე

      მე და ლიდა ორივენი 83 წლის ვართ. 60 წელზე მეტია, რაც სრული დროით ვმსახურობ, აქედან 45 წელი — ჩემს ერთგულ მეუღლესთან ერთად. ლიდა ყოველთვის თვლიდა, რომ ჩემი მხარდაჭერა ნებისმიერ დანიშნულებაში იეჰოვასადმი მისი მსახურების ნაწილი იყო. ამჟამად ბეთელში და კრებაში იმდენს ვაკეთებთ, რამდენიც შეგვიძლია (ესაია 46:4).

      დროდადრო ვიხსენებთ ჩვენი ცხოვრების დაუვიწყარ მომენტებს. დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს ის, რაც იეჰოვას მსახურებაში გავაკეთეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ახალგაზრდობაში მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესო იყო. დღესაც გვსურს, მთელი ძალით ვემსახუროთ იეჰოვას და განვადიდოთ ის.

  • სწორმა გადაწყვეტილებამ მრავალი კურთხევა მომიტანა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 იანვარი
    • [სურათი 15 გვერდზე]

      ჩვენი ქორწილის დღეს, 1961 წლის აგვისტო.

      [სურათი 15 გვერდზე]

      მე და ლიდა დღეს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება