საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ახალი კავშირით მიღებული უფრო დიდი კურთხევები
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 თებერვალი
    • ახალი კავშირით მიღებული უფრო დიდი კურთხევები

      «[იესო] უმჯობესი აღთქმის [„კავშირის“, აქ] შუამავალია» (ებრაელთა 8:6).

      1. ვინ აღმოჩნდა ედემის ბაღში დანაპირები ‘დედაკაცის თესლი’ და როგორ იქნა ის ‘ქუსლში დაგესლილი’?

      მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ შესცოდეს, იეჰოვამ განაჩენი გამოუცხადა სატანას, რომელმაც ევა აცდუნა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (დაბადება 3:15). ახ. წ. 29 წელს მდინარე იორდანეში იესოს მონათვლისას საბოლოოდ გამოჩნდა ედემში დაპირებული თესლი. ახ. წ. 33 წელს წამების ძელზე სიკვდილით შესრულდა იმ ძველი წინასწარმეტყველების გარკვეული ნაწილი. სატანამ ‘ქუსლში დაგესლა’ თესლი.

      2. იესოს სიტყვების თანახმად, რა სარგებლობა მოაქვს კაცობრიობისთვის მის სიკვდილს?

      2 საბედნიეროდ, ეს ჭრილობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივნეული იყო, არ იყო სამუდამო. იესო აღდგენილ იქნა უკვდავ სულიერ ქმნილებად და ზეციერ მამასთან ავიდა, სადაც „მრავალთა გამოსასყიდად“ წარადგინა თავისი დაღვრილი სისხლის ფასი. ამგვარად, გამართლდა მისი სიტყვები: „უნდა ამაღლდეს კაცის ძე. რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (მათე 20:28; იოანე 3:14–16; ებრაელთა 9:12–14). ახალი კავშირი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იესოს წინასწარმეტყველების შესრულებაში.

      ახალი კავშირი

      3. პირველად როდის გახდა ცხადი ახალი კავშირის ძალაში შესვლა?

      3 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ მის მიერ დაღვრილი სისხლი ‘ახალი კავშირის სისხლი’ იყო (მათე 26:28, აქ; ლუკა 22:20). ზეცად ამაღლებიდან ათი დღის შემდეგ იერუსალიმში ზემოთა ოთახში შეკრებილ 120 მოწაფეზე სულიწმიდის გადმოსვლისას ცხადი გახდა, რომ ახალი კავშირი ძალაში შევიდა (საქმეები 1:15; 2:1–4). ამ 120 მოწაფის ახალ კავშირში შეყვანით ნაჩვენები იქნა, რომ მან დააძველა „პირველი“ კავშირი, რჯულის კავშირი (ებრაელთა 8:13).

      4. ჰქონდა თუ არა ძველ კავშირს ნაკლი? ახსენი.

      4 ჰქონდა თუ არა ძველ კავშირს ნაკლი? არა. მართალია, მისი ახლით შეცვლას მოყვა ის, რომ ხორციელი ისრაელი უკვე აღარ იყო ღვთის განსაკუთრებული ხალხი (მათე 23:38). მაგრამ ამის მიზეზი ისრაელების დაუმორჩილებლობა და იეჰოვას ცხებულის უარყოფა იყო (გამოსვლა 19:5; საქმეები 2:22, 23). მიუხედავად ამისა, გაუქმებამდე რჯულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. საუკუნეების განმავლობაში ის ღმერთთან მიახლოებისა და ცრუ რელიგიისგან დაცვის საშუალება იყო. რჯულში ახალი კავშირის აჩრდილი შეინიშნებოდა, ხოლო მასში მოცემული მსხვერპლშეწირვის მრავალგზისობა ადამიანის ცოდვისა და სიკვდილისგან გამოსყიდვის უკიდურეს საჭიროებაზე მიუთითებდა. მართლაც, რჯული ‘ქრისტესკენ წარმმართველი’ იყო (გალატელთა 3:19, 24; რომაელთა 3:20; 4:15; 5:12; ებრაელთა 10:1, 2). მაგრამ აბრაამისთვის დაპირებული კურთხევები ბოლომდე ახალი კავშირის საშუალებით უნდა შესრულებულიყო.

      აბრაამის თესლის მეშვეობით ერების კურთხევა

      5, 6. აბრაამთან დადებული კავშირის სულიერი გაგებით შესრულებაში, ძირითადად, ვინ არის აბრაამის თესლი და მისი მეშვეობით პირველად რომელმა ერმა მიიღო კურთხევა?

      5 იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა: „იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა“ (დაბადება 22:18). ძველი კავშირის დაცვით მრავალმა თვინიერი გულის მქონე არაისრაელმა მიიღო კურთხევები ისრაელთან, აბრაამის ეროვნულ თესლთან ურთიერთობის შედეგად. მაგრამ, ძირითადად, ამ დანაპირების სულიერი გაგებით შესრულებაში აბრაამის თესლი ერთი სრულყოფილი მამაკაცი იყო. პავლემ ამის ახსნისას თქვა: «აბრაამს ეთქვა ეს აღთქმანი და მის თესლს [„აბრაამთან დადო ეს კავშირი და მის თესლთან“, აქ]. არ თქმულა: „შენს თესლთ“ — როგორც მრავალზე, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს“, რომელიც არის ქრისტე» (გალატელთა 3:16).

      6 დიახ, იესო არის აბრაამის თესლი და მისი მეშვეობით ღებულობენ ერები იმაზე ბევრად უკეთეს კურთხევებს, რომლებიც ხორციელი ისრაელის მეშვეობით იყო შესაძლებელი. მართლაც, პირველი ერი, რომელმაც ეს კურთხევა მიიღო, ისრაელი იყო. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ცოტა ხნის შემდეგ მოციქულმა პეტრემ იუდეველთა ჯგუფს უთხრა: «თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და იმ აღთქმისა [„კავშირისა“, აქ], რომელიც აღუთქვა ღმერთმა ჩვენს მამებს, როცა უთხრა აბრაამს: შენს თესლში იკურთხებაო დედამიწის ყოველი მოდგმა! ღმერთმა, აღადგინა რა თავისი მსახური, პირველად თქვენ მოგივლინათ თქვენს საკურთხევლად, რათა მოგაქციოთ ყოველი თქვენი ბოროტი საქმიდან» (საქმეები 3:25, 26).

      7. რომელმა ერებმა მიიღო კურთხევა იესოს, აბრაამის თესლის, მეშვეობით?

      7 მალე ეს კურთხევა სამარიელებზე გავრცელდა, ხოლო შემდეგ წარმართებზეც (საქმეები 8:14–17; 10:34–48). დაახლოებით ახ. წ. 50–52 წლებში პავლემ გალატელ და მცირე აზიელ ქრისტიანებს მისწერა: «წერილმა, როცა წინასწარ განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებს წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაამს: „და იკურთხება შენში ყველა ერი“. ამიტომ ისინი, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან» (გალატელთა 3:8, 9; დაბადება 12:3). მიუხედავად იმისა, რომ გალატიაში მრავალი ქრისტიანი ‘წარმართი’ იყო, თავიანთი რწმენის საფუძველზე იესოს მეშვეობით ისინი კურთხეულნი იყვნენ. როგორ?

      8. რა შედიოდა პავლეს დროინდელი ქრისტიანებისთვის აბრაამის თესლის მეშვეობით კურთხევაში და საბოლოოდ რამდენმა მიიღო ასეთი კურთხევა?

      8 პავლე მიმართავდა ნებისმიერი წარმოშობის გალატელ ქრისტიანს: „თუ ქრისტესნი ხართ, მაშ, აბრაამის თესლი ხართ და აღთქმით მემკვიდრენი“ (გალატელთა 3:29). იმ გალატელებისთვის აბრაამის თესლის მეშვეობით მიღებულ კურთხევებში ახალ კავშირში შესვლაც შედიოდა, მასში შედიოდა აგრეთვე იესოს თანამემკვიდრეებად, იესოსთან ერთად აბრაამის თესლად, ყოფნა. ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენი იყო ძველი ისრაელის მოსახლეობა. ვიცით მხოლოდ ის, რომ ისინი „ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი“ გახდნენ (მესამე მეფეთა 4:20). მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იმ პიროვნებათა საბოლოო რიცხვი, ვინც იესოსთან ერთად შეადგენს სულიერი გაგებით თესლს, 144 000-ია (გამოცხადება 7:4; 14:1, აფ). ეს 144 000 გამოსულია „ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან“ და მონაწილეობას ღებულობენ იმის ხელმძღვანელობაში, რომ აბრაამთან დადებული კავშირის კურთხევები სხვებმაც მიიღონ (გამოცხადება 5:9).

      წინასწარმეტყველება შესრულდა

      9. როგორ აქვთ ახალ კავშირში მყოფებს წიაღში ჩადებული იეჰოვას კანონი?

      9 ახალი კავშირის შესახებ წინასწარმეტყველებისას იერემია წერდა: «ეს არის ის აღთქმა [„კავშირი“, აქ], რომელიც უნდა დავუდო ისრაელის სახლს იმ დროის შემდეგ, ამბობს უფალი. წიაღში ჩავუდებ მათ ჩემს რჯულს და გულზე დავაწერ» (იერემია 31:32). ახალ კავშირში შემავალი პიროვნებებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებას იეჰოვასადმი სიყვარულით მსახურება წარმოადგენს (იოანე 13:35; ებრაელთა 1:9). იეჰოვას რჯული მათ გულებზე აწერიათ და დიდი სურვილი აქვთ, შეასრულონ მისი ნება. მართალია, ძველ ისრაელშიც ზოგ ერთგულ პიროვნებას მთელი გულით უყვარდა იეჰოვას კანონი (ფსალმუნი 118:97). მაგრამ მრავალს არ უყვარდა. მიუხედავად ამისა, ისინი ამ ერის წარმომადგენლებად რჩებოდნენ. ახალ კავშირში კი ვერავინ დარჩება, თუ ღვთის კანონი გულზე არა აქვს დაწერილი.

      10, 11. ახალ კავშირში მყოფთათვის როგორ ხდება იეჰოვა „მათი ღმერთი“ და როგორ ეყოლება ყველას ის შეცნობილი?

      10 შემდეგ იეჰოვამ ახალ კავშირში მყოფებთან დაკავშირებით თქვა: „მათი ღმერთი ვიქნები მე და ისინი ჩემი ერი იქნებიან“ (იერემია 31:32). ძველ ისრაელში, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ეთაყვანებოდა სხვა ხალხების ღმერთებს, მაინც ისრაელებად რჩებოდნენ. ახალი კავშირის საფუძველზე ხორციელი ისრაელი იეჰოვამ სულიერი ერით, ‘ღვთის ისრაელით’, შეცვალა (გალატელთა 6:16; მათე 21:43; რომაელთა 9:6–8). მაგრამ არავინ დარჩება ახალი სულიერი ერის შემადგენლობაში, თუ ის შეწყვეტს მხოლოდ იეჰოვასადმი თაყვანისცემას.

      11 იეჰოვამ აგრეთვე თქვა: „ყველას შეცნობილი ვეყოლები დიდიდან პატარამდე“ (იერემია 31:33). ისრაელში მრავალი, უბრალოდ, უგულებელყოფდა იეჰოვას და, ფაქტობრივად, ამბობდა: „არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო“ (სოფონია 1:12). არავინ დარჩება ღვთის ისრაელს შორის, თუ იეჰოვას უგულებელყოფს ან წმინდა თაყვანისმცემლობას ბილწავს (მათე 6:24; კოლასელთა 3:5). სულიერი ისრაელი ‘ღვთის მცოდნე ხალხია’ (დანიელი 11:32). ისინი დიდი სიამოვნებით ‘იღებენ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ შემეცნებას’ (იოანე 17:3). იესოს შესახებ ცოდნა აღრმავებს მათ შემეცნებას ღვთის შესახებ, ვინაიდან იესო საუკეთესოდ ‘აცხადებს’ ღმერთზე (იოანე 1:18; 14:9–11).

      12, 13. ა) რის საფუძველზე პატიობს ცოდვებს იეჰოვა ახალ კავშირში მყოფებს? ბ) რით აღემატება ცოდვების მიტევებაში ახალი კავშირი ძველს?

      12 ბოლოს იეჰოვა იძლევა დაპირებას: „ვაპატიებ დანაშაულს და აღარ გავუხსენებ ცოდვებს“ (იერემია 31:33ბ). მოსეს რჯულში მოცემული იყო ასობით დაწერილი კანონი, რომლის შესრულებისკენაც ისრაელებს მოუწოდებდნენ (მეორე რჯული 28:1, 2, 15). რჯულის ყველა დამრღვევი ცოდვების გამოსასყიდად მსხვერპლს სწირავდა (ლევიანნი 4:1–7; 16:1–31). მრავალ იუდეველს იმის რწმენა გაუჩნდა, რომ რჯულის თანახმად ცხოვრებით შეძლებდნენ ღვთის წინაშე მართლად წარდგომას. მაგრამ ქრისტიანებს ესმით, რომ ისინი თავიანთი საქმეებით ვერასოდეს დაიმსახურებენ ღვთის წინაშე მართლად წარდგომას. მათ ესმით, რომ შეუძლებელია არ შესცოდონ (რომაელთა 5:12). ახალი კავშირის საშუალებით ღვთის წინაშე მართლად წარდგომა მხოლოდ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზეა შესაძლებელი. და მაინც, მართლად წარდგომა ჯილდო, ღვთისგან ბოძებული მადლია (რომაელთა 3:20, 23, 24). იეჰოვა თავის მსახურებისგან კვლავ მორჩილებას მოითხოვს. პავლე ამბობს, რომ ახალ კავშირში ‘ქრისტეს რჯულიერები’ არიან (1 კორინთელთა 9:21).

      13 მაშასადამე, ქრისტიანების ცოდვებისთვისაც შეწირულ იქნა მსხვერპლი, მაგრამ ეს უკანასკნელი ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე რჯულის კავშირის მოთხოვნის თანახმად შეწირული შესაწირავები. პავლე წერდა: „ყოველი მღვდელი [რჯულის კავშირში მყოფი] ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლთ, რომელთაც არასოდეს არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა. [იესომ] კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ“ (ებრაელთა 10:11, 12). რადგან ახალ კავშირში მყოფი ქრისტიანები იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას ავლენენ, იეჰოვა მათ მართლებად, უცოდველებად აცხადებს და ამგვარად, მათ სულიერ ძეებად ცხების ღირსად მიიჩნევს (რომაელთა 5:1; 8:33, 34; ებრაელთა 10:14–18). როდესაც არასრულყოფილების გამო სცოდავენ, მათ შეუძლიათ ღვთისგან მიტევება ითხოვონ და იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე, იეჰოვაც პატიობს მათ (1 იოანე 2:1, 2). მაგრამ, თუ ისინი შეგნებულად სცოდავენ, კარგავენ ღვთის წინაშე მართლად წარდგომის პოზიციასა და ახალ კავშირში ყოფნის შესაძლებლობას (ებრაელთა 2:2, 3; 6:4–8; 10:26–31).

      ძველი და ახალი კავშირი

      14. რა წინადაცვეთა მოითხოვებოდა რჯულის კავშირის თანახმად? ახალი კავშირის თანახმად?

      14 ძველ კავშირში მყოფი მამაკაცები რჯულის ქვეშევრდომობის ნიშნად წინადაცვეთილები იყვნენ (ლევიანნი 12:2, 3; გალატელთა 5:3). ქრისტიანული კრების დაფუძნების შემდეგ ზოგს ეგონა, რომ არაიუდეველ ქრისტიანებსაც უნდა წინადაეცვითათ. მაგრამ მოციქულებმა და იერუსალიმში მყოფმა უხუცესებმა ღვთის სიტყვისა და სულიწმიდის ხელმძღვანელობით გაიგეს, რომ ეს არ იყო აუცილებელი (საქმეები 15:1, 5, 28, 29). რამდენიმე წლის შემდეგ პავლემ თქვა: „იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე. არამედ იუდეველია ის, ვინც დაფარულად არის, და წინადაცვეთილობაა ის, რაც გულით არის, სულში და არა ასოში“ (რომაელთა 2:28, 29). ხორციელ წინადაცვეთას, წარმოშობით იუდეველებისთვისაც კი უკვე არ ჰქონდა იეჰოვას თვალში სულიერი ღირებულება. ახალ კავშირში მყოფებმა გულები უნდა წინადაიცვითონ და არა ხორცი. მათი აზროვნებიდან, სურვილებიდან თუ აღძვრებიდან ყველაფერი, რაც არასასიამოვნო ან უწმინდურია იეჰოვას თვალში, მოშორებულ უნდა იქნესa. დღეს მრავალი წარმოადგენს იმის ცოცხალ მაგალითს, რომ სულიწმიდის ძალით შესაძლებელია ამგვარი ცვლილებების მოხდენა (1 კორინთელთა 6:9–11; გალატელთა 5:22–24; ეფესელთა 4:22–24).

      15. რა მსგავსება არსებობს ხორციელი ისრაელისა და სულიერი ისრაელის სამეფო მმართველობებს შორის?

      15 რჯულის კავშირით იეჰოვა იყო ისრაელის მეფე, გარკვეული დროის შემდეგ კი ის თავის უზენაესობას იერუსალიმში მმართველი მეფეების მეშვეობით ახორციელებდა (ესაია 33:22). იეჰოვაა ღვთის ისრაელის, სულიერი ისრაელის, ღმერთიც და ახ. წ. 33 წლიდან ის იესო ქრისტეს მეშვეობით მმართველობს, რომელსაც მისცა „მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18; ეფესელთა 1:19–23; კოლასელთა 1:13, 14). დღეს ღვთის ისრაელი იესოს 1914 წელს დამყარებული ღვთის ზეციერი სამეფოს მეფედ აღიარებს. იესო ხიზკიაზე, იოშიასა და ძველი ისრაელის სხვა ერთგულ მეფეებზეც კი ბევრად უკეთესი მეფეა (ებრაელთა 1:8, 9; გამოცხადება 11:15).

      16. რა სახის სამღვდელოებას წარმოადგენს ღვთის ისრაელი?

      16 ისრაელი არა მარტო სამეფო იყო, არამედ ცხებული სამღვდელოებაც ჰყავდა. ახ. წ. 33 წელს ღვთის ისრაელმა შეცვალა ხორციელი ისრაელი და იეჰოვას ‘მორჩილი’, მისი ‘მოწმე’ გახდა (ესაია 43:10). ისრაელის მიმართ იეჰოვას სიტყვები, რომლებიც ესაიას 43:21-სა და გამოსვლის 19:5, 6-შია მოცემული, ამ დროიდან უკვე ღვთის სულიერ ისრაელს ეხებოდა. ღვთის ახალი სულიერი ერი გახდა ‘რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადონ [იეჰოვას] სათნოებანი’ (1 პეტრე 2:9). ღვთის ისრაელის ყველა წარმომადგენელი, როგორც კაცები, ისე ქალები, ერთიან სამღვდელოებას ქმნიან (გალატელთა 3:28, 29). როგორც აბრაამის თესლის მეორეხარისხოვანი ნაწილი, ისინი ამბობენ: „იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა“ (მეორე რჯული 32:43, მცხ). იმ სულიერი ისრაელიდან ჯერ კიდევ არიან დედამიწაზე დარჩენილები, რომლებიც ‘ერთგული და გონიერი მონის’ შემადგენლობაში არიან (მათე 24:45–47). მხოლოდ მათთან ურთიერთობითაა შესაძლებელი ღვთისათვის მისაღები წმინდა მსახურება.

      ღვთის სამეფო — საბოლოო შესრულება

      17. რომელ შობაზეა ლაპარაკი ახალ კავშირში მყოფებთან დაკავშირებით?

      17 ძვ. წ. 1513 წლის შემდეგ დაბადებული ისრაელები დაბადებიდანვე რჯულის კავშირში იყვნენ. იეჰოვას მიერ ახალ კავშირში მიღებულებიც იბადებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში — სულიერად. იესომ ეს ფარისეველ ნიკოდემოსთან საუბრისას მოიხსენია: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3:3). ახ. წ. 33 წელს 120 მოწაფე გახდა არასრულყოფილი ადამიანებიდან პირველი ახლად შობილი. ახალი კავშირის მეშვეობით ისინი მართლებად არიან გამოცხადებული და სამეფო მემკვიდრეობის ‘საწინდარად’ სულიწმიდა აქვთ მიღებული (ეფესელთა 1:14). ისინი ‘სულის მიერ იყვნენ შობილი’, რათა ღვთის შვილობილები გამხდარიყვნენ, რამაც ისინი იესოს ძმებად და ამგვარად ‘ქრისტეს თანამემკვიდრეებად’ გახადა (იოანე 3:6; რომაელთა 8:16, 17). ‘ხელახლა შობამ’ მათ შესანიშნავი მომავლისკენ გაუხსნა გზა.

      18. რა შესანიშნავი მომავლისკენ ხსნის გზას ახალ კავშირში მყოფთათვის ხელახლა შობა?

      18 ახალი კავშირისთვის შუამავლობისას, იესომ კიდევ ერთი კავშირი შეკრა თავის მიმდევრებთან: „მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა მამაჩემმა სასუფეველი“ (ლუკა 22:29). ეს სამეფოსთან დაკავშირებით დადებული კავშირი გზას უხსნის დანიელის 7:13, 14, 22, 27-ში მოცემული ღირსშესანიშნავი ხილვის შესრულებას. დანიელმა იხილა ვიღაც „კაცის ძის მსგავსი“, რომელსაც ‘ძველი დღეთასგან’, იეჰოვა ღმერთისგან, სამეფო ძალაუფლება მიეცა. შემდეგ დანიელმა იხილა, რომ „სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ“. აქ აღწერილი „კაცის ძის მსგავსი“ პიროვნება არის იესო, რომელმაც 1914 წელს იეჰოვა ღმერთისგან ზეციერი სამეფო მიიღო. სულით ცხებული მოწაფეები კი „წმიდანები“, სამეფოში მისი თანამმართველები არიან (1 თესალონიკელთა 2:12). როგორ?

      19, 20. ა) იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული, რომელი დანაპირები შესრულდება ბრწყინვალედ საბოლოოდ ახალ კავშირში მყოფებზე? ბ) რომელი შემდგომი საკითხი უნდა განვიხილოთ?

      19 მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ეს ცხებულები, იესოს მსგავსად, უკვდავი სულიერი ქმნილებები ხდებიან, რათა მასთან ერთად ზეციერ მეფეებად და მღვდლებად იმსახურონ (1 კორინთელთა 15:50–53; გამოცხადება 20:4, 6). რა დიდებული იმედია! ისინი „იმეფებენ [მთელ] დედამიწაზე“ და არა მხოლოდ ქანაანზე (გამოცხადება 5:10). დაიმკვიდრებენ ისინი ‘თავიანთ მტერთა ქალაქებს’? (დაბადება 22:17). დიახ, უეჭველია, ისინი ამას მაშინ გააკეთებენ, როდესაც მტრულად განწყობილი რელიგიური მეძავის, დიდი ბაბილონის, განადგურების მოწმეები გახდებიან, როდესაც, როგორც აღდგენილი ცხებულები, ქრისტესთან ერთად ერებს „რკინის კვერთხით“ დამწყემსავენ და როდესაც სატანას თავს გაუჭეჭყავენ. ამგვარად ისინი მონაწილეობას მიიღებენ დაბადების 3:15-ში მოცემული წინასწარმეტყველების საბოლოო დეტალის შესრულებაში (გამოცხადება 2:26, 27; 17:14; 18:20, 21; რომაელთა 16:20).

      20 და მაინც შეიძლება ვიკითხოთ, შედის თუ არა აბრაამთან დადებულ კავშირსა და ახალ კავშირში მხოლოდ 144 000 ერთგული პიროვნება? არა, როგორც მომდევნო სტატიაში იქნება ნაჩვენები, მათი მეშვეობით იკურთხებიან ის სხვა პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ არ იმყოფებიან ამ კავშირში.

  • სხვა ცხვრები და ახალი კავშირი
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 თებერვალი
    • სხვა ცხვრები და ახალი კავშირი

      «უცხოთა შვილებს. . . ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის [„კავშირის“, აქ] მტკიცედ დამჭერს, მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე» (ესაია 56:6, 7).

      1. ა) რა ხდება იოანეს ხილვის თანახმად მანამ, სანამ იეჰოვას განაჩენის სისრულეში მომყვანი ქარები შეჩერებულია? ბ) რით გამოირჩეოდა იოანეს მიერ ხილვაში ნანახი უამრავი ხალხი?

      წიგნ „გამოცხადების“ მეოთხე ხილვაში მოციქულმა იოანემ ნახა, რომ იეჰოვას განაჩენის სისრულეში მომყვანი გამანადგურებელი ქარები კავდებოდა მანამ, სანამ ‘ღვთის ისრაელის’ ყველა წევრი არ იქნა ბეჭედდასმული. ესენი პირველები არიან მათ შორის, ვინც იესო ქრისტეს, აბრაამის მთავარი თესლის, მეშვეობით ღებულობენ კურთხევებს (გალატელთა 6:16; დაბადება 22:18; გამოცხადება 7:1–4). იმავე ხილვაში იოანემ ნახა «უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. . . იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს [«ხსნას ღმერთს ტახტზე მჯდომარესა, და კრავს უნდა ვუმადლოდეთ», აქ]!“ » (გამოცხადება 7:9, 10). სიტყვებით: „ხსნას. . . კრავს უნდა ვუმადლოდეთ“ უამრავი ხალხი აჩვენებს, რომ აბრაამის თესლის მეშვეობით ისინიც ღებულობენ კურთხევას.

      2. როდის გამოჩნდა უამრავი ხალხი და როგორ ხდება მათი ამოცნობა?

      2 ეს უამრავი ხალხი 1935 წელს გამოჩნდა და დღეს მასში ხუთ მილიონზე მეტი პიროვნება შედის. დიდი გასაჭირის დროს გადასარჩენად აღბეჭდილ მის წევრებს მარადიული სიცოცხლის დასამკვიდრებლად გამოაცალკევებენ და ეს მაშინ მოხდება, როდესაც იესო „თხებს ცხვრებისაგან“ გამოარჩევს. უამრავი ხალხის შემადგენლობაში შემავალი ქრისტიანები ფარეხების შესახებ იესოს მიერ მოყვანილი იგავის ‘სხვა ცხვრებს’ შორის არიან. ისინი იმედოვნებენ, მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე (მათე 25:31–46; იოანე 10:16; გამოცხადება 21:3, 4).

      3. რა განსხვავებული მდგომარეობა უჭირავთ ახალ კავშირში ცხებულ ქრისტიანებსა და სხვა ცხვრებს?

      3 ას ორმოცდაოთხი ათასის წევრები აბრაამთან დადებული კავშირიდან გამომდინარე კურთხევებს ახალი კავშირის მეშვეობით ღებულობენ. როგორც ამ კავშირში მონაწილეები, ისინი ‘მადლისა’ და ‘ქრისტეს რჯულის’ ქვეშ არიან (რომაელთა 6:15; 1 კორინთელთა 9:21). მაშასადამე, ღვთის ისრაელი, მხოლოდ 144 000-ის წევრები, ღებულობენ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე სიმბოლოებს და მხოლოდ მათთან დადო იესომ სამეფოს კავშირი (ლუკა 22:19, 20, 29). უამრავი ხალხის წარმომადგენლები ახალ კავშირში მონაწილეობას არ ღებულობენ. მაგრამ, ისინი ღვთის ისრაელთან ერთად არიან და მათთან ერთად სახლობენ მათ ‘მიწაზე’ (ესაია 66:8). ამიტომ საფუძვლიანია იმის თქმა, რომ იეჰოვას მადლი და ქრისტეს რჯული მათაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ კავშირში არ მონაწილეობენ, ისინიც ღებულობენ სარგებლობას ამ კავშირიდან.

      ‘უცხოთა შვილები’ და ‘ღვთის ისრაელი’

      4, 5. ა) ხალხის რომელი ჯგუფი მოემსახურებოდა იეჰოვას, ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად? ბ) როგორ შესრულდა ესაიას 56:6, 7 უამრავ ხალხზე?

      4 წინასწარმეტყველმა ესაიამ დაწერა: «უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს, რომ ემსახურონ უფალს და უყვარდეთ მისი სახელი, რომ იყვნენ მისი მორჩილნი, ყველას, შაბათის უმწიკვლოდ შემნახველს და ჩემი აღთქმის [„კავშირის“, აქ] მტკიცედ დამჭერს, მივიყვან ჩემს წმიდა მთაზე და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ. მათი აღსავლენნი და მათი მსხვერპლნი სასურველი იქნება ჩემს სამსხვერპლოზე» (ესაია 56:6, 7). ეს ნიშნავდა, რომ ისრაელში არაისრაელებიც სცემდნენ თაყვანს იეჰოვას — უყვარდათ მისი სახელი, ემორჩილებოდნენ რჯულის კავშირის პირობებს, იცავდნენ შაბათებს და ტაძარში, ღვთის ‘სამლოცველო სახლში’, მსხვერპლს სწირავდნენ (მათე 21:13).

      5 დღეს უამრავი ხალხი წარმოადგენს „უცხოთა შვილებს, რომლებიც მიეკრნენ უფალს“. ისინი ღვთის ისრაელთან ერთად ემსახურებიან იეჰოვას (ზაქარია 8:23). სწირავენ ისეთსავე მისაღებ მსხვერპლს, როგორსაც ღვთის ისრაელი (ებრაელთა 13:15, 16). თაყვანს სცემენ ღმერთს მის სულიერ ტაძარში, მის ‘სამლოცველო სახლში’ (შეადარე გამოცხადება 7:15). იცავენ თუ არა ისინი ყოველკვირეულ შაბათებს? არც ცხებულებისთვის და არც სხვა ცხვრებისთვის არ მიუციათ მითითება, დაეცვათ ის (კოლასელთა 2:16, 17). მაგრამ მოციქულმა პავლემ ცხებულ ებრაელ ქრისტიანებს უთხრა: „კიდევ რჩება შაბათის სიმშვიდე ღვთის ხალხისათვის. ვინაიდან, ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან, როგორც ღმერთმა თავისისაგან“ (ებრაელთა 4:9, 10). ის ებრაელები ‘შაბათის სიმშვიდეში’ შევიდნენ, როდესაც „ღვთის სიმართლეს“ დაემორჩილნენ, და რჯულის საქმეებით საკუთარი თავის გამართლების მცდელობისგან დაისვენეს (რომაელთა 10:3, 4). იმავე სიმშვიდეს ღებულობენ ცხებული წარმართი ქრისტიანები იეჰოვას სიმართლის ქვეშევრდომობით. უამრავი ხალხიც იზიარებს ამ სიმშვიდეს.

      6. როგორ ემორჩილებიან დღეს სხვა ცხვრები ახალ კავშირს?

      6 გარდა ამისა, სხვა ცხვრები ემორჩილებიან ახალ კავშირს, სწორედ ისე, როგორც უცხოთა შვილები ემორჩილებოდნენ რჯულის კავშირს. როგორ? არა მასში მონაწილეობით, არამედ მასთან დაკავშირებული კანონების დაცვითა და მისი ღონისძიებებიდან სარგებლობის მიღებით (შეადარე იერემია 31:32, 33). თავიანთი ცხებული თანამოაზრეების მსგავსად, სხვა ცხვრებსაც იეჰოვას რჯული ‘გულზე’ აქვთ დაწერილი. მათ ძალიან უყვართ იეჰოვას მითითებები და პრინციპები, რის გამოც მთელი გულით ემორჩილებიან მათ (ფსალმუნი 36:31; 118:97). ცხებული ქრისტიანების მსგავსად, ისინიც იცნობენ იეჰოვას (იოანე 17:3). რა შეიძლება ითქვას წინადაცვეთის შესახებ? ახალი კავშირის დადებამდე დაახლოებით 1 500 წლის წინათ, მოსემ ისრაელებს მოუწოდა: „დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა“ (მეორე რჯული 10:16; იერემია 4:4). ვინაიდან ხორცის სავალდებულო წინადაცვეთა რჯულთან ერთად გაუქმდა, როგორც ცხებულმა ქრისტიანებმა, ისე სხვა ცხვრებმა თავიანთი გულები უნდა ‘დაიცვითონ’ (კოლასელთა 2:11). და ბოლოს, იეჰოვა სხვა ცხვრებს იესოს მიერ დაღვრილი ‘ახალი კავშირის სისხლის’ საფუძველზე პატიობს შეცოდებებს (მათე 26:28, აქ; 1 იოანე 1:9; 2:2). ღმერთს სულიერ ძეებად არ უშვილებია ისინი, როგორც ეს 144 000-ის შემთხვევაში გააკეთა. მაგრამ იეჰოვა სხვა ცხვრებს მართლებად აცხადებს იმ გაგებით, რა გაგებითაც აბრაამს აცხადებდა მართლად და ღვთის მეგობრად (მათე 25:46; რომაელთა 4:2, 3; იაკობი 2:23).

      7. რა პერსპექტივა აქვთ დღეს სხვა ცხვრებს, რომლებიც აბრაამის მსგავსად მართლებად არიან გამოცხადებული?

      7 ას ორმოცდაოთხი ათასის წევრებს მართლებად გამოცხადება იესოსთან ერთად ზეციერ სამეფოში მმართველობის იმედს აძლევს (რომაელთა 8:16, 17; გალატელთა 2:16). სხვა ცხვრებს მართლებად, ღვთის მეგობრებად გამოცხადება დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედს აძლევს და ეს იმედი უამრავი ხალხის რიგებში არმაგედონის გადატანით ან ‘მართალთა აღდგომის’ საშუალებით განხორციელდება (საქმეები 24:15). რა სასიამოვნოა, გქონდეს ასეთი იმედი, იყო სამყაროს უზენაესის მეგობარი და ‘მის კარვებში დამკვიდრდე’! (ფსალმუნი 14:1, 2). დიახ, როგორც ცხებულები, ისე სხვა ცხვრები კურთხეულნი არიან შესანიშნავი სახით, იესო ქრისტეს, აბრაამის თესლის, მეშვეობით.

      უფრო დიდი გამოსყიდვის დღე

      8. რის წინასახეობა იყო რჯულით გათვალისწინებული გამოსყიდვის დღის შესაწირავი?

      8 ახალ კავშირზე საუბრისას პავლემ მკითხველებს რჯულის კავშირით გათვალისწინებული ყოველწლიური გამოსყიდვის დღის შესახებ შეახსენა. იმ დღეს შესაწირავად ორი სხვადასხვაგვარი მსხვერპლი მოჰქონდათ: ერთი ლევიანთა სამღვდელო შტოსთვის და მეორე — იმ თორმეტი შტოსთვის, რომლებიც მღვდლები არ იყვნენ. დიდი ხანია, რაც ეს უკვე განიმარტა როგორც იესოს დიდი მსხვერპლის წინასახეობა, რომელიც სარგებლობას მოუტანდა როგორც 144 000 ზეციერი იმედის მქონეებს, ისე მილიონობით დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეებსa. პავლემ ცხადყო, რომ იესოს მსხვერპლმა სარგებლობა ახალი კავშირით გათვალისწინებული უფრო დიდი გამოსყიდვის დღის მეშვეობით მოიტანა. ამ უფრო დიდ დღეს იესომ, როგორც მღვდელმთავარმა, გამოსასყიდად თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო, რათა ადამიანთათვის ‘საუკუნო გამოსყიდვა მოეპოვა’ (ებრაელთა 9:11–24).

      9. რის მიღება შეეძლოთ ცხებულ ქრისტიანებს ახალ კავშირში ყოფნით?

      9 პირველი საუკუნის მრავალი ქრისტიანი ჯერაც ‘[მოსეს] რჯულის მოშურნე’ იყო (საქმეები 21:20). ამიტომ მართებული იყო პავლეს შეხსენება: «[იესო] არის ახალი აღთქმის [„კავშირის“, აქ] შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის [„კავშირის“, აქ] დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან მარადიული მემკვიდრეობისათვის, მიიღონ აღთქმული» (ებრაელთა 9:15). ახალი კავშირი ებრაელ ქრისტიანებს მათი ცოდვების მამხილებელი ძველი კავშირისგან ათავისუფლებდა. ახალი კავშირის წყალობით მათ ‘აღთქმული მარადიული [ზეციერი] მემკვიდრეობის’ მიღება შეეძლოთ.

      10. რისთვის არიან ცხებულები და სხვა ცხვრები ღვთის მადლიერნი?

      10 გამომსყიდველური მსხვერპლიდან „ყოველი მისი [ძის] მორწმუნე“ მიიღებს სარგებლობას (იოანე 3:16, 36). პავლემ თქვა: ‘ქრისტე, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმედად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად’ (ებრაელთა 9:28). დღეს მათ შორის, ვინც გულწრფელად ქრისტეს შეჰყურებს, ღვთის ისრაელის დარჩენილი ნაწილის წევრების გარდა არის უამრავი ხალხის რიგებში მყოფი მილიონობით ადამიანიც, რომლებიც მარადიულ მემკვიდრეობას მიიღებენ. ორივე კლასი ღვთის მადლიერია ახალი კავშირისა და მასთან დაკავშირებული სიცოცხლის მომტანი კურთხევებისთვის, რომელშიც უფრო დიდი გამოსყიდვის დღე და ზეციერ წმიდათა წმინდაში მღვდელმთავრის, იესოს, მსახურებაც შედის.

      წმინდა მსახურებით დაკავებულნი

      11. რას აკეთებენ დიდი სიამოვნებით როგორც ცხებულები, ისე სხვა ცხვრები, რომლებსაც იესოს მსხვერპლის საფუძველზე სინდისი გაწმინდავებული აქვთ?

      11 ებრაელთა მიმართ თავის წერილში პავლემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალი კავშირით გათვალისწინებული იესოს მსხვერპლის ფასი აღემატებოდა ძველი კავშირის მოთხოვნის შესაბამისად მოტანილ ცოდვების გამოსასყიდს (ებრაელთა 9:13–15). იესოს უკეთესი მსხვერპლი „განწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის“. ებრაელი ქრისტიანებისთვის ‘მკვდარ საქმეებში პირველი კავშირის დროს ჩადენილი დანაშაული’ შედიოდა. დღეს ქრისტიანებისთვის მკვდარ საქმეებში წარსულში ჩადენილი ის ცოდვები შედის, რომლებიც მათ მოინანიეს და ღმერთმაც უკვე მიუტევა (1 კორინთელთა 6:9–11). ცხებული ქრისტიანები განწმენდილი სინდისით ‘ემსახურებიან ცოცხალ ღმერთს’. ამასვე აკეთებს უამრავი ხალხიც. „კრავის სისხლით“ გაწმენდილი სინდისით ისინი ღვთის დიდ სულიერ ტაძარში ‘დღე და ღამე ემსახურებიან მას’ (გამოცხადება 7:14, 15).

      12. როგორ ვაჩვენებთ, რომ ‘სრული რწმენა’ გვაქვს?

      12 შემდეგ პავლემ დაამატა: „მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგაბანილნი“ (ებრაელთა 10:22). როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ‘სრული რწმენა’ გვაქს? პავლე ებრაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „მტკიცედ მივყვეთ [ზეციერი] იმედის აღსარებას, ვინაიდან აღმთქმელი სარწმუნოა. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:23–25). თუ რწმენას ვინარჩუნებთ, ჩვენც არ „მივატოვებთ. . . შესაკრებელს“. სიამოვნებით წავახალისებთ ძმებს და ისინიც წაგვახალისებენ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის, აგრეთვე განვამტკიცებთ ერთმანეთს მნიშვნელოვანი საქმისთვის, ჩვენი იმედის (დედამიწაზე თუ ზეცაში ცხოვრების) საჯაროდ გამოცხადებისთვის (იოანე 13:35).

      ‘საუკუნო აღთქმა [„კავშირი“, აქ]’

      13, 14. რა გაგებით არის ახალი კავშირი საუკუნო?

      13 რა მოხდება, როდესაც 144 000-ის უკანასკნელი წევრების ზეციერი იმედი შესრულდება? შეწყვეტს მოქმედებას ახალი კავშირი? იმ დროისთვის დედამიწაზე უკვე არ იქნება ღვთის ისრაელის დარჩენილი ნაწილი. კავშირში მყოფი ყველა პიროვნება იესოსთან ერთად იქნება ‘მამამისის სასუფეველში’ (მათე 26:29). მაგრამ ჩვენ გვახსოვს ებრაელთა მიმართ წერილში პავლეს სიტყვები: „მშვიდობის ღმერთმა. . . საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი“ (ებრაელთა 13:20; ესაია 55:3). რა გაგებით არის ახალი კავშირი საუკუნო?

      14 პირველი, რჯულის აღთქმისგან განსხვავებით, ის არასოდეს შეიცვლება. მეორე, მისი მოქმედების შედეგი ისევე მარადიულია, როგორც იესოს მეფობა (შეადარე ლუკას 1:33 1 კორინთელთა 15:27, 28-თან). ზეციერი სამეფო იეჰოვას განზრახვების მარადიული შემადგენელი ნაწილია (გამოცხადება 22:5). მესამე, სხვა ცხვრები კვლავაც განაგრძობენ ახალი კავშირიდან სარგებლობის მიღებას. იესოს ათასწლიანი მეფობის დროს ერთგული ადამიანები ‘მოემსახურებიან [იეჰოვას] დღე და ღამე მის ტაძარში’, სწორედ ისე, როგორც ამას დღეს აკეთებენ. იეჰოვა არ გაუხსენებს მათ წარსულ ცოდვებს, რომლებიც იესოს ‘ახალი კავშირის სისხლის’ საფუძველზე უკვე მიუტევა. ისინი კვლავ მართლები იქნებიან იეჰოვას თვალში, როგორც მისი მეგობრები, და რჯული კვლავაც გულებზე ექნებათ დაწერილი.

      15. აღწერე ახალ ქვეყნიერებაში თავის მიწიერ თაყვანისმცემლებთან იეჰოვას ურთიერთობა.

      15 ექნება იეჰოვას იმის შესაძლებლობა, რომ ამ მსახურებზე თქვას: „მე ვარ მათი ღმერთი და ისინი ჩემი ერი“? დიახ. „ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან“ (გამოცხადება 21:3). ისინი ‘წმიდათა ბანაკი’, ‘საყვარელი ქალაქის’, ანუ იესოს ზეციერი პატარძლის მიწიერი წარმომადგენლები გახდებიან (გამოცხადება 14:1, აფ; 20:9; 21:2). ყოველივე ეს შესაძლებელი იქნება იესოს მიერ დაღვრილი ‘კავშირის სისხლისადმი’ მათი რწმენისა და იმ ზეციერი მეფეებისა და იმ მღვდლებისადმი მორჩილებით, რომლებიც დედამიწაზე ყოფნისას ღვთის ისრაელს წარმოადგენდნენ (გამოცხადება 5:10).

      16. ა) რა ელით დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგენილებს? ბ) რა კურთხევები მოჰყვება ათასწლიანი პერიოდის დასასრულს?

      16 რა შეიძლება ითქვას მკვდრების შესახებ, რომლებიც დედამიწაზე საცხოვრებლად იქნებიან აღდგენილი? (იოანე 5:28, 29). მათაც აბრაამის თესლის, იესოს, მეშვეობით ‘კურთხევის’ მისაღებად მიიწვევენ (დაბადება 22:18). მათაც უნდა შეიყვარონ იეჰოვას სახელი, — ემსახურონ მას, შესწირონ მისაღები მსხვერპლი და მის სამლოცველო სახლში წმინდა მსახურება გასწიონ. ასე მოქმედნი ღვთის სიმშვიდეში შევლენ (ესაია 56:6, 7). ათასი წლის დასასრულისთვის ყველა ერთგული პიროვნება, იესო ქრისტესა და 144 000 თანამმართველი მღვდლის მეშვეობით, სრულყოფილებას მიაღწევს. როგორც ღვთის მეგობრები, ისინი არა მხოლოდ გამოცხადდებიან მართლებად, არამედ მართლები იქნებიან. ისინი „გაცოცხლდებიან“, მთლიანად გათავისუფლდებიან ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისგან (გამოცხადება 20:5; 22:2). რა შესანიშნავი კურთხევაა! დღევანდელი ჩვენი გაგების თანახმად, იესოსა და 144 000-ის სამღვდელო მსახურება მაშინ დასრულდება. ბოლომდე შესრულდება უფრო დიდი გამოსყიდვის დღის კურთხევები. გარდა ამისა, იესო ‘თავის მამას და ღმერთს გადასცემს სამეფოს’ (1 კორინთელთა 15:24). მაშინ იქნება კაცობრიობის საბოლოო გამოცდა, რის შემდეგაც სატანა და დემონები სამუდამოდ განადგურდებიან (გამოცხადება 20:7, 10).

      17. რის გაკეთების გადაწყვეტილებით უნდა იყოს აღსავსე თითოეული ჩვენგანი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ სიხარულს, რომელიც მომავალში გველის?

      17 მაშ, რა როლს შეასრულებს, თუ საერთოდ შეასრულებს, ‘საუკუნო კავშირი’ იმ მშვენიერი პერიოდის დაწყების შემდეგ? ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ის, რაც უკვე გაგვიცხადა იეჰოვამ, დღეისთვის საკმარისია. ეს ჩვენ მოკრძალებით გვავსებს. წარმოიდგინე მარადიული სიცოცხლე ‘ახალი ცისა და ახალი მიწის’ დამყარების შემდეგ (2 პეტრე 3:13). დაე ნურაფერი გაანელებს ჩვენს ძლიერ სურვილს, მივიღოთ ეს დანაპირები. სიმტკიცის შენარჩუნება შეიძლება ადვილი არ იყოს. პავლემ თქვა: „მოთმინება გმართებთ თქვენ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული“ (ებრაელთა 10:36). მაგრამ გახსოვდეს, რომ ნებისმიერი სირთულე, რომელიც უნდა გადალახო, წინააღმდეგობა, რომელიც უნდა დაძლიო, არაფერია იმ სიხარულთან შედარებით, რომელიც მომავალში გველის (2 კორინთელთა 4:17). ამიტომ დაე ნურავინ ‘მივიქცევით’ უკან, დასაღუპავად’. ნაცვლად ამისა, ისეთი პიროვნებები ვიყოთ, რომლებიც ‘მორწმუნეები არიან სულის სახსნელად’ (ებრაელთა 10:39). ბოლომდე მივენდოთ იეჰოვას, კავშირების დამდებ ღმერთს, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მარადიული კურთხევა მიიღოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება