საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ უნდა ვენდოთ სახარებებს?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მარტი
    • „სახარებებს არნახული წარმატება ხვდა წილად. ეს წიგნები საფუძვლად დაედო მრავალ მაღალბიუჯეტიან ფილმს . . . და არაერთ ბესტსელერს . . . სახარებები სხვადასხვა ქრისტიანულმა სექტებმაც აღიარეს. სახარებისეული სწავლებების შედეგად არაერთი რელიგია თუ დოგმატი ჩამოყალიბდა“ (SUPER INTERESSANTE, ბრაზილიაში გამომავალი საინფორმაციო ჟურნალი).

      რამ გამოიწვია ასეთი ინტერესი? ამ ჟურნალში ყურადღება მახვილდება არაკანონიკურ სახარებებზე, მოციქულთა წერილებსა და აპოკალიფსზე, რომლებიც XX საუკუნის შუა პერიოდში სოფელ ნაგ-ჰამადსა და სხვა ტერიტორიებზე აღმოაჩინეს ეგვიპტეში. ეს და სხვა წიგნები, ძირითადად, გნოსტიკურ და აპოკრიფულ ხელნაწერებს მიეკუთვნება.a

      მიზანმიმართულად გაასაიდუმლოეს?

      დღეს ბევრ ქვეყანაში ხალხი სკეპტიკურად უყურებს ბიბლიას და, შესაბამისად, ორთოდოქსულ რელიგიებს, რადგან როგორც ჩანს, მათ ინტერესი „გნოსტიკურმა“ და „აპოკრიფულმა“, ანუ არაკანონიკურმა წიგნებმა გაუღვივა. ამ წიგნებმა ხალხს სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი ჩამოუყალიბა იესო ქრისტეს სწავლებასა და, ზოგადად, ქრისტიანობაზე. ერთ ჟურნალში აღნიშნული იყო: „თომას სახარება და სხვა აპოკრიფული წერილები დღესაც არ ტოვებს გულგრილს ბევრ ადამიანს, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება. მართალია, ეს ადამიანები სულიერს არიან მოწყურებული, მაგრამ, ამავე დროს, სკეპტიკურად უყურებენ რელიგიას“. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ ბრაზილიაში, „სულ მცირე, 30 მიმდინარეობაა, რომელთა რწმენაც აპოკრიფულ წერილებს ეფუძნება“.

      ამ წიგნების აღმოჩენის შედეგად გავრცელდა შეხედულება, რომ ახ. წ. IV საუკუნეში კათოლიკურმა ეკლესიამ წინასწარგანზრახვით გაასაიდუმლოა სიმართლე იესოს შესახებ, აპოკრიფული წერილებიდან იესოს ცხოვრების ზოგიერთი მონაკვეთი ამოიღო და თანამედროვე ბიბლიებში ოთხი სახარება შეცვალა. რელიგიათმცოდნე, პროფესორი ელეინ პეიგელზი ასეთ კომენტარს აკეთებს: „ერთ რამეს მივხვდით — რასაც ქრისტიანულ მრწამსს ვუწოდებთ და ქრისტიანულ ტრადიციად ვრაცხავთ, სინამდვილეში, ამა თუ იმ წყაროს მწირ ინფორმაციას ეფუძნება, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ ათეულობით სხვა წყაროდანაა აღებული“.

      სხვა სწავლულებიც იზიარებენ პეიგელზის აზრს, რომ ქრისტიანულ მრწამსს მხოლოდ ბიბლია კი არ უდევს საფუძვლად, არამედ სხვა წყაროებიც, მაგალითად, აპოკრიფული წერილები. ბი-ბი-სი-ს ერთ-ერთი გადაცემის, „ბიბლიის საიდუმლოებანი“, მთავარი თემა იყო „ვინ არის მარიამ მაგდალელი სინამდვილეში?“. გადაცემაში აღნიშნეს, რომ აპოკრიფულ წერილებში მარიამი „იესოს მოწაფეების მასწავლებლად და სულიერ წინამძღოლად მოიხსენიება. იგი არა მხოლოდ მოწაფე იყო, არამედ მოციქულთა შორის აღმატებული“. ბრაზილიაში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში ხუან არიასმა აღნიშნა, სავარაუდოდ რა მისია ეკისრათ პირველ საუკუნეში ქალებს, მათ შორის მარიამ მაგდალელს: „დღეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტიანობა, რომელსაც იესომ ჩაუყარა საფუძველი, ძირითადად, ფემინისტურ ხასიათს ატარებდა. მიზეზი ის არის, რომ პირველი ეკლესიების მაგივრობას ქალთა სახლები სწევდა, სადაც ისინი მღვდლებად და ეპისკოპოსებად მსახურობდნენ“ (O Estado de S. Paulo).

      ბევრისთვის აპოკრიფული წერილები უფრო სანდოა, ვიდრე ბიბლია. ასეთმა შეხედულებამ შეიძლება წამოჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა: ნამდვილად ქრისტიანული რწმენის საფუძველია აპოკრიფული წერილები? როცა აპოკრიფული წიგნები ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებებს, ბიბლიას უფრო უნდა ვენდოთ თუ აპოკრიფულ წიგნებს? ნამდვილად მიზანმიმართულად ამოიღეს IV საუკუნეში ბიბლიიდან არაკანონიკური წერილები და იმ მიზნით შეცვალეს სახარებები, რომ იესოს, მარიამ მაგდალელისა და სხვების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაემალათ? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად განვიხილოთ ოთხი სახარებიდან ერთ-ერთი, იოანეს სახარება.

      მტკიცებულება იოანეს სახარებიდან

      ეგვიპტეში XX საუკუნის ბოლოს იოანეს სახარების ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც რაილანდსის პაპირუსის (№457 [P52]) სახელითაა ცნობილი. ეს ფრაგმენტი მოიცავს თანამედროვე ბიბლიის იმ მონაკვეთს, რომელიც იოანეს 18:31—33, 37, 38-ში არის ჩაწერილი. ის ჯონ რაილანდსის ბიბლიოთეკაშია დაცული მანჩესტერში (ინგლისი). ეს არის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველესი ხელნაწერი, რომელმაც დღემდე მოაღწია. ბევრი სწავლულის აზრით, ეს ფრაგმენტი დაიწერა ახ. წ. 125 წელს, იოანეს სიკვდილიდან სულ რაღაც 25 წლის შემდეგ. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ამ ხელნაწერის ტექსტი თითქმის არ განსხვავდება იმ ხელნაწერებისგან, რომლებიც უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის. იოანეს სახარების ფრაგმენტის ეგვიპტეში აღმოჩენა იმას ადასტურებს, რომ ამ სახარების უძველესი ეგზემპლარი ვიღაცამ ჩაიტანა ეგვიპტეში. ამ აღმოჩენას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ იოანეს სახარებაში ჩაწერილი სასიხარულო ცნობა ნამდვილად ახ. წ. პირველ საუკუნეში იოანეს მიერ დაიწერა, რაც ბიბლიიდანაც ჩანს. აქედან გამომდინარე, იოანეს სახარება დაწერა ადამიანმა, რომელმაც თავად იხილა მასში აღწერილი მოვლენები.

      მეორე მხრივ, ყველა აპოკრიფული წიგნი მეორე საუკუნის შემდგომი პერიოდით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წიგნებში, სულ მცირე, ასი წლის წინანდელი მოვლენებია აღწერილი. ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, რომ აპოკრიფული წიგნები უფრო ადრეულ ნაშრომებსა თუ გადმოცემებზეა დაფუძნებული, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. მაშ, ვის უნდა ვენდოთ — თვითმხილველებს თუ იმ ადამიანებს, რომლებიც მომხდარი მოვლენებიდან ასი წლის შემდეგ ცხოვრობდნენ? პასუხი ნათელია.b

  • რატომ უნდა ვენდოთ სახარებებს?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მარტი
    • a ბერძნული სიტყვები „გნოსტიკური“ და „აპოკრიფული“ ნიშნავს „დაფარულ ცოდნას“ და „საგულდაგულოდ დამალულს“. ეს ტერმინები მიუთითებს არაკანონიკურ ხელნაწერებზე, რომლებიც მიმსგავსებული იყო კანონიკურ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში შესულ სახარებებს, „საქმეებს“, მოციქულთა წერილებსა და „გამოცხადებას“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება