იგრძნობენ ოდესმე შვებას ტანჯული ადამიანები?
ისურვებდი, გენახა არა მხოლოდ შენი, არამედ მთელი კაცობრიობის ტანჯვა-წამების ბოლო? განიხილე ეს მაგალითები:
სონია მეტისმეტად იტანჯებოდაa. ჯერ გაიგო, რომ ქმარი ათი წლის მანძილზე ღალატობდა. მოგვიანებით მისი უმცროსი ვაჟი აივ-ით გახდა ინფიცირებული და შიდს-ით მოკვდა. ორი წლის შემდეგ მისი მეორე ვაჟი დაავადდა და ცოტა ხანში ისიც შიდს-მა მოკლა. „მისი ავადმყოფობის ბოლო სტადია ძალიან დიდხანს გაგრძელდა, — იხსენებს სონია. — ის საშინელ დეპრესიაში იყო, თმა გასცვივდა და მხედველობა დაუქვეითდა. ეს საშინელება იყო“.
ფებიანას, ბრაზილიის უნივერსიტეტის სტუდენტს, მსოფლიო საზოგადოებრივი უსამართლობა აწუხებდა. შემდეგ მის ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა. მისმა ძმამ, რომელიც დეპრესიაში იყო, თავი მოიკლა. როცა ფებიანამ სამუშაო დაკარგა, მეგობარმა შესთავაზა „პი-დე-სანტუ“-სთან (გრძნეული) მისვლა, რადგან ფიქრობდა, რომ ფებიანას ასეთი უბედურების მიზეზი ჯადო უნდა ყოფილიყო! მაგრამ „პი-დე-სანტუ“-მ ვერაფერი უშველა. ნაცვლად ამისა, ფებიანა იტანჯებოდა და უბედურებამ ძილი დააკარგვინა.
ანას ცხოვრებაში ტანჯვა ბევრად უფრო ადრე დაიწყო. „ერთი წლის რომ ვიყავი, — ამბობს ის, — დედამ მიმატოვა, ასე რომ ბებიამ მიშვილა“. შემდეგ, როცა ანა სულ მხოლოდ სამი წლის იყო, ბებია დაეღუპა. ის რიო-დე-ჟანეიროში არსებულ ობოლთა თავშესაფარში გააგზავნეს, სადაც 13 წლის ასაკამდე დარჩა. „იქ ძალიან ცუდად გვექცეოდნენ და დაუმორჩილებელი გავხდი, — ამბობს ანა. — რაც უფრო ვიზრდებოდი, თითქმის ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძოდი“.
როგორც ვხედავთ, ცხოვრებაში, ასე თუ ისე, ყველა იტანჯება. მართლაც, ადამიანების ტრაგიკულ შემთხვევებს ყოველდღიურად ვაწყდებით — როცა კი ვუყურებთ, ვკითხულობთ ან ვუსმენთ ახალ ამბებს. „ჩვენმა მასობრივი კომუნიკაციის ხანამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა ცუდი ცნობებით დაბომბვისგან თავის დახსნა, — წერს დოქტორი მერი სიკს უილი. — ომები, სტიქიური უბედურებები, საწარმოო და ავტოკატასტროფები, დამნაშავეობა, ტერორიზმი, სექსუალური შეურაცხყოფა, გაუპატიურება, ძალადობა ოჯახში — ყოველივე ეს ტრავმას XX საუკუნის საშინელ და ყოველდღიურ ლაიტმოტივად ხდის“. ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ რეალურად შეაჯამა ის, რასაც ადამიანი განიცდის: „მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება“ (რომაელთა 8:22).
რა შეიძლება ითქვას შენზე? შენც იტანჯები? რა შვებას შეგიძლია მოელოდე? მიაღწევ ოდესმე ნამდვილ მშვიდობას? სონიამ, ფებიანამ და ანამ ჰპოვეს ჭეშმარიტი ნუგეში და ნამდვილი მშვიდობა! ამის შესახებ შეგიძლია წაიკითხო შემდეგ სტატიაში.
[სქოლიოები]
a ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.