საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა ადამიანებთან ურთიერთობს
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 დეკემბერი
    • 19. რა მოხდა 2013 წელს და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      19 დროის სვლასთან ერთად ცხადი გახდა, რომ ინგლისურ ენაზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ენაში მომხდარი ცვლილებების გამო განახლებას საჭიროებდა. 2013 წლის 5-6 ოქტომბერს გაიმართა „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ 129-ე ყოველწლიური შეხვედრა. ეს შეხვედრა 31 ქვეყანაში მცხოვრებმა 1 413 676-მა ადამიანმა მოისმინა; მათგან ზოგი უშუალოდ დარბაზში ესწრებოდა პროგრამას, ზოგი კი ტრანსლაციის მეშვეობით ადევნებდა თვალყურს. ყველა აღფრთოვანდა, როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა აუდიტორიას ინგლისურ ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემის გამოსვლა აუწყა. აუდიტორიაში შეკრებილებმა სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავეს, როდესაც ეს ბიბლიები დაურიგდათ. როცა მომხსენებლებმა თავიანთ თემებში ბიბლიური მუხლები გადამუშავებული ბიბლიიდან წაიკითხეს, აუდიტორიაში მსხდომნი დარწმუნდნენ, რომ ეს ინგლისურ ენაზე გამოცემულ ბიბლიებს შორის საუკეთესო თარგმანი იყო. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ გადამუშავებული თარგმანის თავისებურებებზე და აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ხდება მისი თარგმნა სხვადასხვა ენაზე.

  • ღვთის სიტყვის ცოცხალი თარგმანი
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 დეკემბერი
    • გასული საუკუნის 40-იან წლებში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტმა შეიმუშავა თარგმნის პრინციპები, რომლითაც იხელმძღვანელეს მთარგმნელობითმა ჯგუფებმა ბიბლიის 130-ზე მეტ ენაზე თარგმნისას. ეს პრინციპებია: 1) ღვთის სახელის აღდგენა ყველა იმ ადგილას, სადაც მას დედანში ვხვდებით, რაც, თავის მხრივ, ღვთის სახელის განწმენდას ემსახურება (წაიკითხეთ მათეს 6:9); 2) დედნისეული ენიდან სიტყვასიტყვით თარგმნა, თუმცა აზრობრივი თარგმანის შესრულება მაშინ, როცა სიტყვასიტყვითი თარგმანი აზრს აბუნდოვნებს და 3) ადვილად გასაგები ენით თარგმნა, რაც მკითხველს ტექსტის აღქმას უადვილებსa (წაიკითხეთ ნეემიას 8:8, 12). მოდი, ამ სტატიაში ვისაუბროთ, თუ როგორ იხელმძღვანელეს მთარგმნელებმა აღნიშნული პრინციპებით „ახალი ქვეყნიერების თარგმანისა“ და მისი 2013 წლის გადამუშავებული გამოცემის მომზადებისას; ამასთანავე, განვიხილოთ, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ამავე პრინციპებით სხვა მთარგმნელობითი ჯგუფები ბიბლიის თარგმნისას.

      ღვთის სახელის განდიდება

      3, 4. ა) რომელ უძველეს მანუსკრიპტებშია მოხსენიებული ტეტრაგრამატონი? ბ) როგორ გაქრა ბიბლიის ბევრი თარგმანიდან ღვთის სახელი?

      3 ბიბლიის უძველესი მანუსკრიპტების, კერძოდ, მკვდარი ზღვის ხელნაწერების, შემსწავლელთ აოცებთ ის ფაქტი, თუ რამდენად ხშირადაა გამოყენებული მათში ტეტრაგრამატონი — ღვთის სახელის აღმნიშვნელი 4 ებრაული ასო. თუმცა ღვთის სახელს ძველი ებრაული მანუსკრიპტების გარდა ძვ. წ. II — ახ. წ. I საუკუნეებით დათარიღებულ სეპტუაგინტის ზოგ ასლშიც ვხვდებით.

      4 მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სახელი ბიბლიის დედნისეულ ტექსტში არაერთხელ იყო მოყვანილი, ბევრ მთარგმნელს თავის თარგმანში ის ერთხელაც არ მოუხსენიებია. 1950 წელს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოსვლიდან, სულ რაღაც, 2 წელიწადში გამოიცა „გადამუშავებული სტანდარტული თარგმანი“. 1901 წელს დაბეჭდილი „ამერიკული სტანდარტული თარგმანისგან“ განსხვავებით, ამ გამოცემაში ღვთის სახელი არაა მოხსენიებული, რის მიზეზსაც წინასიტყვაობა გვატყობინებს: „ღმერთი ერთადერთია . . . [ამიტომ] ღვთის ნებისმიერი საკუთარი სახელით მოხსენიება სრულიად მიუღებელია ქრისტიანული ეკლესიის საყოველთაო მრწამსით“. სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელა ბევრმა მთარგმნელმა, რომელთაც ბიბლია ინგლისურსა თუ სხვა ენებზე თარგმნეს.

      5. რატომ უნდა შენარჩუნდეს ღვთის სახელი ბიბლიაში?

      5 რატომ არის მეტად მნიშვნელოვანი, იქნება თუ არა ბიბლიის თარგმანში ღვთის სახელი მოხსენიებული? გამოცდილმა მთარგმნელმა უწყის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ჩასწვდეს ავტორის სათქმელს. მას ესმის, რომ ეს უთუოდ დიდ გავლენას იქონიებს თარგმნის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ბიბლიის უამრავი მუხლი ყურადღებას ამახვილებს ღვთის სახელის მნიშვნელოვნებასა და მისი განწმენდის საჭიროებაზე (გამ. 3:15; ფსალმ. 83:18; 148:13; ეს. 42:8; 43:10; იოან. 17:6, 26; საქ. 15:14). ბიბლიის ავტორმა, იეჰოვა ღმერთმა, თავისი სულით შთააგონა ღვთის სიტყვის დამწერთ, რომ თავისუფლად გამოეყენებინათ მისი სახელი (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:23). აქედან გამომდინარე, ათასობით უძველეს ხელნაწერში მოხსენიებული ღვთის სახელის ამოღება ბიბლიის თარგმანებიდან მისი ავტორისადმი აშკარა უპატივცემულობაზე მეტყველებს.

      6. რატომ არის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემაში ღვთის სახელი კიდევ ექვს ადგილას მოხსენიებული?

      6 დღეს უფრო მეტი მტკიცებულება გვაქვს საიმისოდ, რომ ბიბლიის თარგმანში ღვთის სახელი მოვიხსენიოთ. 2013 წლის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემაში ღვთის სახელი 7 216-ჯერ არის მოხსენიებული ანუ 1984 წლის გამოცემისგან განსხვავებით, ამ თარგმანში ღვთის სახელს კიდევ 6 ადგილას ვხვდებით. აქედან ხუთჯერ სამუელის პირველ წიგნში, კერძოდ: 2:25, 6:3, 10:26-სა და 23:14, 16-ში. გადამუშავებულ თარგმანში ღვთის სახელი ბიბლიის ამ მონაკვეთებში იმიტომ აღვადგინეთ, რომ იგი მოხსენიებულია მასორეტულ ტექსტამდე 1 000 წელზე მეტი ხნით ადრე დათარიღებულ მკვდარი ზღვის ხელნაწერებში. მეექვსე ადგილი, სადაც გადამუშავებულ გამოცემაში ღვთის სახელს ვხვდებით, მსაჯულების 19:18-ია. ამ მუხლში ღვთის სახელის აღდგენის მიზეზი ის გახლავთ, რომ უფრო უკეთ იქნა გამოკვლეული უძველესი ხელნაწერები.

      7, 8. რა აზრობრივ დატვირთვას ატარებს ებრაული ზმნის კაუზატიური ფორმა „აქცევინებს“?

      7 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის იეჰოვას სახელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 2013 წლის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემის დანართი ღვთის სახელის მნიშვნელობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას გვაწვდის. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტს ესმის, რომ სახელი იეჰოვა არის ებრაული ზმნის, „ჰავაჰ“, კაუზატიური ფორმა და ნიშნავს: „აქცევინებს“.b უწინ ჩვენს პუბლიკაციებში ამ სახელის მნიშვნელობას გამოსვლის 3:14-ს ვუკავშირებდით, სადაც ნათქვამია: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“. ამ მუხლზე დაყრდნობით, ბიბლიის 1984 წლის გამოცემაში ღვთის სახელის მნიშვნელობა ასე იყო განმარტებული: „იგი თავისი განზრახვის შესასრულებლად იქცევა იმად, რადაც საჭიროა“.c 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში (დანართი 4ა [ინგლ.]) კი ახსნილია: „იეჰოვას შეუძლია არა მხოლოდ თავად იქცეს იმად, რადაც მოინდომებს, არამედ თავისი ქმნილებებიც აქციოს იმად, რადაც საჭიროა თავისი განზრახვების შესასრულებლად“ (იხილეთ აგრეთვე ბროშურა „ბიბლიის გზამკვლევი“, გვ. 5).

      8 ეს რომ ასეა, ამაზე ბიბლიური მაგალითებიც მოწმობს. მაგალითად, ღმერთმა ნოე კიდობნის მშენებლად აქცია, ბეცალელი — დახელოვნებულ ოსტატად, გედეონი — ძლიერ მეომრად, პავლე კი — უცხოტომელთა მოციქულად. დიახ, ღვთის სახელს მისი ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტი არასდროს ამოიღებს ბიბლიის თარგმანიდან ღვთის სახელს და ამგვარად არ დააკნინებს მის მნიშვნელოვნებას.

      9. რატომ ექცევა დიდი ყურადღება ბიბლიის სხვა ენებზე გადათარგმნას?

      9 „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, რომელიც 130-ზე მეტ ენაზეა გამოცემული, ღვთის სახელი აღდგენილია ყველა იმ ადგილას, სადაც იგი დედანში იყო მოხსენიებული, რაც პატივს მიაგებს ღვთის სახელს (წაიკითხეთ მალაქიას 3:16). ამის საპირისპიროდ, დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს ტენდენცია — მთარგმნელები ბიბლიიდან იღებენ ღვთის სახელს და მას „უფლით“ ან რომელიმე ადგილობრივი ღვთის სახელით ანაცვლებენ. ამიტომ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ბიბლიის ისეთ თარგმანზე, რომელიც განადიდებს ღვთის სახელს.

      გასაგები და ზუსტი თარგმანი

      10, 11. რა სირთულეებს შეხვდნენ მთარგმნელები ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ მუშაობისას?

      10 წმინდა წერილების არაერთ ენაზე თარგმნას სირთულეებიც ახლდა. მაგალითად, უწინ ინგლისურ ენაზე გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ მთარგმნელები მიჰყვნენ სხვა ინგლისური თარგმანების ნიმუშს და ზოგიერთ მუხლში ებრაული სიტყვა „შეოლი“ პირდაპირ გადმოიტანეს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მუხლია ეკლესიასტეს 9:10, სადაც ეწერა: „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის . . . [შეოლში], სადაც მიდიხარ“. თუმცა ბევრ მთარგმნელს ამან პრობლემა შეუქმნა: „შეოლი“ მათ ენაზე მოსაუბრე ხალხისთვის სრულიად უცხო სიტყვა იყო, რომლის მნიშვნელობის დადგენა თავიანთ ენაზე გამოცემული ლექსიკონების საშუალებით შეუძლებელი იყო და უფრო მეტიც, ბევრისთვის ეს სიტყვა გეოგრაფიული ადგილის სახელწოდებასავით ჟღერდა. აქედან გამომდინარე, მთარგმნელებმა მიიღეს ნებართვა, რომ ებრაული სიტყვა „შეოლი“ და მისი ბერძნული შესატყვისი „ჰადესი“ თავიანთ თარგმანებში გადმოეტანათ ყველასთვის გასაგები და ზუსტი ეკვივალენტით „სამარე“.

      11 ზოგიერთ ენაზე ბიბლიის თარგმნისას კიდევ ერთი პრობლემა წამოიჭრა. სირთულეს ქმნიდა ის გარემოება, რომ ებრაული სიტყვა „ნეფეშ“ და მისი ბერძნული შესატყვისი „ფსიქე“ ინგლისურ ენაზე „სულად“ იყო ნათარგმნი; სიტყვა „სულს“ კი ამ ენებზე ადამიანის სხეულის არამატერიალური ნაწილის აღსაწერად გამოიყენებენ. ამგვარად ნათარგმნ სიტყვას მკითხველი შესაძლოა შეცდომაში შეეყვანა და ეფიქრა, რომ ამ სიტყვაში იგულისხმებოდა არა თავად „ადამიანი“, არამედ „აჩრდილი“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მთარგმნელებმა მიიღეს ნებართვა, რომ ეს სიტყვა კონტექსტიდან გამომდინარე ეთარგმნათ და მხედველობაში მიეღოთ „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სქოლიოებიანი გამოცემის დანართში მოცემული სულთან დაკავშირებული ინფორმაცია. მაშასადამე, ბიბლიის თარგმანზე მუშაობისას ყურადღება მიექცა იმას, რომ ტექსტი ადვილად გასაგები ყოფილიყო და დამატებითი ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, სქოლიოებში ჩატანილიყო.

      12. რა ცვლილებები შევიდა 2013 წლის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემაში? (იხილეთ მე-14 გვერდი).

      12 მთარგმნელების მიერ დასმულმა კითხვებმა გამოააშკარავა, რომ ბიბლიის სხვა მონაკვეთებსაც შესაძლოა მსგავსი ორაზროვნება გამოეწვია. ამიტომ 2007 წლის სექტემბერში, ხელმძღვანელმა საბჭომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტს ინგლისურენოვანი ტექსტის გადამუშავების ნებართვა მისცა. კომიტეტმა გადამუშავების პროცესში გაითვალისწინა ათასობით კითხვა, რომლებიც ბიბლიის მთარგმნელებისგან ჰქონდათ მიღებული. მათ მოძველებული ინგლისური გამოთქმები ახლით შეცვალეს და ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ტექსტი ადვილად გასაგები ყოფილიყო; თუმცა მათ იმაზეც იზრუნეს, რომ ამ ყველაფერს ტექსტის აზრობრივი სიზუსტე არ შესწირვოდა. ამგვარად, სხვა ენებზე ბიბლიის თარგმნა ინგლისურენოვანი ტექსტის დახვეწასაც მოემსახურა (იგავ. 27:17).

      მადლიერების სიტყვები

      13. როგორ მიიღო მკითხველმა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა ინგლისურ ენაზე?

      13 როგორ მიიღო მკითხველმა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა ინგლისურ ენაზე? იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში ათასობით მადლიერების წერილი შემოვიდა. ერთი და, თავის წერილში, მრავალი ადამიანის სათქმელს ახმოვანებს: „ბიბლიის ეს გამოცემა განძით სავსე სკივრს ჰგავს, საიდანაც უამრავი ძვირფასი თვალი გამოკრთის. 2013 წლის გადამუშავებული გამოცემის კითხვა შეიძლება ამ ძვირფასი თვლების შესწავლას შევადაროთ — ჩვენ ვტკბებით მათი წახნაგებით, ფერითა თუ სინატიფით. მარტივი ენით დაწერილმა ბიბლიამ უკეთ გამაცნო იეჰოვა; ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იგი მშობელი მამაა, რომელსაც გულში ვყავარ ჩახუტებული და თავად მიკითხავს საამურ სიტყვებს“.

      14, 15. რა რეზონანსი მოჰყვა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სხვა ენებზე გამოცემას?

      14 თუმცა ასეთი რეზონანსი მხოლოდ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისურენოვან გადამუშავებულ გამოცემას არ მოჰყოლია. სოფიაში (ბულგარეთი) მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა ბულგარულ ენაზე გამოცემულ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ ასეთი რამ თქვა: „ბიბლიას წლებია ვკითხულობ, მაგრამ ასეთი მარტივი და გულში ჩამწვდომი სიტყვებით ნათარგმნი ბიბლია ჯერ არ წამიკითხავს“. ამ ძმის მსგავსად, ერთმა ალბანელმა დამ თავის მშობლიურ ენაზე გამოცემულ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანზე“ თქვა: „რა ლამაზად ჟღერს ღვთის სიტყვა ალბანურ ენაზე! რაოდენ დიდი პატივია, რომ იეჰოვა მშობლიურ ენაზე გვესაუბრება!“.

      15 ბევრ ქვეყანაში ბიბლია საკმაოდ ძვირი ღირს და მასზე ხელი ყველას არ მიუწვდება. ასეთ ქვეყნებში მცხოვრებთათვის ბიბლია მართლაც უდიდესი საჩუქარია! რუანდიდან მოწოდებულ ანგარიშში ნათქვამი იყო: „დაინტერესებულები, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები შესწავლას დიდი ხნის განმავლობაში უტარებდნენ, სულიერად ვერ იზრდებოდნენ. ამის მიზეზი ბიბლიის უქონლობა გახლდათ. მათ არ ჰქონდათ საშუალება, რომ ადგილობრივი ეკლესიის მიერ გამოცემული ბიბლია შეეძინათ. მათ სულიერ ზრდას ისიც აფერხებდა, რომ უჭირდათ ზოგი ბიბლიური მუხლის გაგება“. როცა რუანდელებმა მშობლიურ ენაზე მიიღეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, შვებით ამოისუნთქეს. რუანდაში მცხოვრებმა ერთმა წყვილმა, რომელსაც ოთხი მოზარდი შვილი ჰყავს, თქვა: «ჩვენს ენაზე გამოცემული ბიბლიისთვის უდიდეს მადლობას ვწირავთ იეჰოვასა და „ერთგულ და გონიერ მონას“. ჩვენ ხელმოკლედ ვცხოვრობთ. ამიტომ ნამდვილად არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ოჯახის თითოეულ წევრს საკუთარი ბიბლია გვქონოდა. მაგრამ ახლა ყველას ჩვენ-ჩვენი ბიბლია გვაქვს. იეჰოვასადმი მადლიერების ნიშნად, მთელი ოჯახი ყოველდღე ერთად ვკითხულობთ წმინდა წერილებს».

      16, 17. ა) რა სურს იეჰოვას თავისი ხალხისთვის? ბ) რა უნდა დავისახოთ მიზნად?

      16 დროთა განმავლობაში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემა უფრო მეტ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. მართალია, ეშმაკი ცდილობს, რომ ღვთის ხალხს ხელი შეუშალოს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვას სურვილია, მისმა ხალხმა მშობლიურ, გასაგებ და ნათელ ენაზე მოუსმინოს მას (წაიკითხეთ ესაიას 30:21). ძალიან მალე დადგება დრო, როცა „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ეს. 11:9).

  • ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 2013 წლის გადამუშავებული გამოცემა
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 დეკემბერი
    • ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული გამოცემის ყდა, წიგნ „კოლოსელების“ შინაარსი და რუკა (დანართი ბ)

      ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 2013 წლის გადამუშავებული გამოცემა

      წლების განმავლობაში ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რამდენიმეჯერ გადამუშავდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები 2013 წლის ინგლისურენოვან გადამუშავებულ გამოცემაში შევიდა. მაგალითად, ამ გამოცემაში დაახლოებით 10%-ით შემცირდა სიტყვების რაოდენობა. შეიცვალა ზოგი საკვანძო ბიბლიური სიტყვა თუ ფრაზა. ბიბლიის ზოგი წიგნიდან ცალკეული თავები ლექსის სახით დაიწერა. გარდა ამისა, სქოლიოებში მოცემული ინფორმაცია ძირითადი ტექსტის ნაწილად იქცა. მართალია, ამ სტატიაში შეუძლებელია ყველა იმ ცვლილებაზე საუბარი, რაც აღნიშნულ გამოცემაში შევიდა, მაგრამ ზოგიერთ მათგანს, მოდი, მაინც შევეხოთ.

      საკვანძო ბიბლიური სიტყვები და ფრაზები, რომლებიც შეიცვალა. როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, „შეოლი“, „ჰადესი“ და „სული“ 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში სხვა სიტყვებით ჩანაცვლდა. შეიცვალა სხვა სიტყვებიცა და ფრაზებიც.

      მაგალითად, ინგლისურ ენაში გამოყენებული სიტყვა, რომელიც „ძელზე გაკვრაზე“ მიუთითებდა, საკმაოდ ორაზროვანი იყო. იგი შესაძლოა „ძელზე ჩამოცმადაც“ გაგებულიყო. ამიტომ, გადამუშავებულ გამოცემაში ეს ფრაზა ითარგმნა, როგორც „ძელზე მილურსმვა“ და „ბოძზე გაკვრა“ (მათ. 20:19; 27:31). ფრაზა „თავაშვებული საქციელი“ შეიცვალა ფრაზით „უტიფარი საქციელი“, რითაც უკეთ გამოიხატა დედნის აზრი, ვინაიდან ბერძნულ ენაზე ეს ფრაზა უპატივცემულო დამოკიდებულებაზე მიუთითებს. წინა თარგმანში გამოყენებული ფრაზა, რომელიც ქართულში „სულგრძელობად“ ითარგმნა, ინგლისურ ენაზე სიტყვასიტყვით „ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტანჯვას“ ნიშნავს. ამ გარემოებას მკითხველი რომ არ დაებნია, ეს ფრაზა გადამუშავებულ გამოცემაში „მოთმინებად“ ითარგმნა, რაც უკეთ გადმოსცემს დედანში ჩადებულ აზრს. რაც შეეხება სიტყვა „ღრეობას“, იგი შეიცვალა თანამედროვე ინგლისურენოვანი მკითხველისთვის უფრო გასაგები ფრაზით: „ზღვარგადასული გართობა“ (გალ. 5:19—22). ფრაზა „სიყვარულით გამოვლენილი სიკეთე“ კი „ერთგული სიყვარულით“ შეიცვალა, რაც უფრო ზუსტად გადმოსცემს დედნისეული ტექსტის აზრს. ამ ფრაზას ხშირად ბიბლიაში სიტყვა „ერთგულებასთან“ ერთად ვხვდებით (ფსალმ. 36:5; 89:1).

      ზოგიერთი სიტყვა თუ ფრაზა, რომელიც წინა გამოცემაში ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვითა თუ ფრაზით ითარგმნებოდა, გადამუშავებულ გამოცემაში კონტექსტის მიხედვით ითარგმნა. მაგალითად, ებრაულ სიტყვა „ოლამს“, რომელიც ძველ გამოცემაში ნათარგმნი იყო როგორც „უხსოვარი დროიდან“, შეიძლება „მარადიულობის“ მნიშვნელობაც ჰქონდეს. მაგალითისთვის იხილეთ ფსალმუნის 90:2 და მიქას 5:2.

      „თესლად“ ნათარგმნ ებრაულ და ბერძნულ სიტყვას წმინდა წერილში ხშირად ორი მნიშვნელობით ვხვდებით: ერთ შემთხვევაში ის პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება და დასათესად განკუთვნილ მარცვალს აღნიშნავს, ხოლო მეორე შემთხვევაში გადატანითი მნიშვნელობით იხმარება და შთამომავალზე მიუთითებს. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში მხოლოდ სიტყვა „თესლი“ იყო გამოყენებული, მათ შორის, დაბადების 3:15-შიც. თუმცა ვინაიდან „შთამომავლის“ მნიშვნელობით გამოყენებული სიტყვა „თესლი“ თანამედროვე ინგლისურენოვანი მკითხველისთვის არცთუ ისე ბუნებრივად ჟღერს, 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში, დაბადების 3:15-სა თუ ბიბლიის სხვა მსგავს მუხლებში სიტყვა „თესლი“ „შთამომავლით“ ჩანაცვლდა (დაბ. 22:17, 18; გამოცხ. 12:17). დანარჩენ შემთხვევებში კი ის კონტექსტიდან გამომდინარე ითარგმნა (დაბ. 1:11; ფსალმ. 22:30; ეს. 57:3).

      ბევრი სიტყვა თუ ფრაზა აზრობრივად ითარგმნა. ბიბლიის 2013 წლის გადამუშავებული გამოცემის დანართში (1ა) ნათქვამია: „კარგ თარგმანში აზრობრივადაა ნათარგმნი ის სიტყვები თუ ფრაზები, რომელთა სიტყვასიტყვითი თარგმანიც აზრს გააბუნდოვნებდა ან შეცვლიდა“. როდესაც დედნისეულ ენაში გამოყენებული იდიომები სხვა ენებზეც მსგავს აზრობრივ დატვირთვას ატარებს, ისინი სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი. ერთ-ერთი ასეთი იდიომია „გულებს ვიკვლევ“, რომელსაც გამოცხადების 2:23-ში ვხვდებით; ეს იდიომი ბევრ ენაზე სიტყვასიტყვით ითარგმნა. თუმცა ამავე მუხლში გამოყენებული სხვა იდიომი, „თირკმელებს . . . ვიკვლევ“, სიტყვასიტყვით რომ თარგმნილიყო, მისი მნიშვნელობა შესაძლოა ბევრ ენაზე გაუგებარი ყოფილიყო; ამიტომ ის აზრობრივად, „ღრმა გრძნობებად“, ითარგმნა, რითაც უკეთ გადმოიცა დედნისეულ ტექსტში ჩადებული აზრი. მსგავსად ამისა, კანონის 32:14-ში გამოყენებული ებრაული იდიომი „ხორბლის თირკმლის ქონი“ ითარგმნა ყველასთვის გასაგებად, „საუკეთესო ხორბლად“. ამავე მიზეზით, მოსეს სიტყვები, „ბაგედაუცვეთელი ვარ“, ითარგმნა აზრობრივად — „ლაპარაკი მიჭირს“ (გამ. 6:12).

      ფრაზები „ისრაელის ვაჟები“, „ისრაელის ძეები“ და „უმამო ვაჟები“ „ისრაელებად“ და „უმამო ბავშვებად“ ითარგმნა. მართალია, ებრაულ ენაში მამრობით და მდედრობით სქესს კონკრეტული სიტყვებით გამოხატავენ, მაგრამ ხანდახან მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვები მდედრობით სქესთან მიმართებითაც გამოიყენება. მაგალითად, ზოგიერთი მუხლის კონტექსტიდან ვხვდებით, რომ ფრაზებში, „ისრაელის ვაჟები“ და „ისრაელის ძეები“, იგულისხმებიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ამიტომაც ეს გამოთქმები გადამუშავებულ გამოცემაში „ისრაელებად“ ითარგმნა (გამ. 1:7; 35:29; 2 მეფ. 8:12).

      ამავე მიზეზით „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში დაბადების 3:16-ში მოხსენიებული მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვა „ვაჟები“ „ბავშვებად“ იყო ნათარგმნი. სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელეს მთარგმნელებმა ბიბლიის გადამუშავებისას და გამოსვლის 22:24-ში მოხსენიებული სიტყვა „ვაჟები“ „ბავშვებით“ ჩაანაცვლეს. ამ თარგმანში ეს მუხლი ასე ჟღერს: „თქვენი ბავშვები [ებრაულად „ვაჟები“] უმამოდ დარჩებიან“. მსგავსად ამისა, ბიბლიის სხვა მონაკვეთებში ფრაზა „უმამო ვაჟი“ შეიცვალა „უმამო ბავშვით“ ან სიტყვით — „ობოლი“ (კან. 10:18; იობ. 6:27). თავის დროზე ამგვარ მეთოდს სეპტუაგინტის მთარგმნელებმაც მიმართეს. კიდევ ერთი ასეთი ცვლილება ეკლესიასტეს 12:1-ს შეეხო — „სიჭაბუკე“ „ახალგაზრდობით“ შეიცვალა.

      გამარტივდა ბევრი ებრაული ზმნა. ებრაულ ზმნას ორგვარი ასპექტი აქვს: სრული და უსრული. სრული ზმნით გამოიხატება დასრულებული მოქმედება, უსრულით კი — განგრძობითი. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში განგრძობითი ანუ მრავალჯერადი მოქმედების აღსანიშნავად ებრაული უსრული ზმნა ყოველთვის ზმნითა და დამხმარე სიტყვით გამოიხატებოდა,a ხოლო სრული ზმნის დასრულებული მოქმედების გამოსახატავად იხმარებოდა ისეთი ხაზგასმითი სიტყვები, როგორიცაა: „უდავოდ“, „უნდა“ და „ნამდვილად“.

      2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში უსრულ ზმნებს ჩამოსცილდა განგრძობითი მოქმედების გამომხატველი დამხმარე სიტყვები იქ, სადაც ამას ტექსტის აზრობრივი სიზუსტე არ შესწირვია. მაგალითად, „დაბადებაში“ მოხსენიებულ ღვთის სიტყვებში „გამოჩნდეს სინათლე“ ერთჯერადი მოქმედება იგულისხმება, ამიტომ გადამუშავებულ თარგმანში ზმნის უსრული ფორმა „ამბობდა“ შეიცვალა ზმნის სრული ფორმით „თქვა“ (დაბ. 1:3). თუმცა, სხვა მონაკვეთში, კერძოდ, დაბადების 3:9-ში განგრძობითი მოქმედების გადმოსაცემად უსრულ ზმნას დამხმარე სიტყვა არ ჩამოსცილებია და ზმნა ითარგმნა უსრული ფორმით „ეძახდა“; მიზეზი ისაა, რომ ზმნას მრავალჯერადი მოქმედება უნდა გამოეხატა, ვინაიდან იეჰოვამ ადამს არაერთხელ დაუძახა. გადამუშავებულ გამოცემაში ზმნები გამარტივდა და ძირითადი ყურადღება იმას კი არ მიექცა, თუ დედნისეულ ტექსტში რომელ ასპექტში იყო ზმნა ჩასმული, არამედ იმას, თუ რა სახის მოქმედებას გამოხატავდა იგი. ამასთანავე, ამ ცვლილებების წყალობით, ინგლისურენოვან მკითხველს შეუძლია შეიქმნას წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რაოდენ ლაკონიურად გადმოსცემდა სათქმელს ებრაული.

      ბიბლიის ერთ-ერთი თავი ახალი ქვეყნიერების გადამუშავებული გამოცემიდან, რომელიც ლექსის სახით დაიწერა

      ბევრი თავი ლექსის სახით დაიწერა, რითაც თარგმანი დედნისეულ ტექსტს დაუახლოვდა

      ბევრი თავი ლექსის სახით დაიწერა. დედნისეულ ენაზე ბიბლიის არაერთი მონაკვეთი ლექსის სახით დაიწერა. ბევრ თანამედროვე ენაში ხშირად ნაწარმოების პოეტურ ხასიათს რითმა განსაზღვრავს, თუმცა საქმე სხვაგვარადაა ებრაულ პოეზიაში; ებრაული ლექსის პოეტიკა უმთავრესად პარალელიზმსა და შედარება-შეპირისპირების მეთოდს ემყარება. ებრაულ პოეზიაში რითმა აზრების ლოგიკური თანმიმდევრობით მიიღწევა და არა — ერთგვარად მჟღერი სიტყვების მონაცვლეობით.

      „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში იობისა და ფსალმუნების წიგნები პოეზიის სახითაა წარმოდგენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი თავდაპირველად სიმღერისთვის განკუთვნილი ლექსები იყო. ამგვარად დაწერილი ტექსტი ხაზს უსვამს ბიბლიის მონაკვეთების პოეტურ ხასიათს და მკითხველს მის დამახსოვრებას უადვილებს. 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში ლექსის სახით დაიწერა აგრეთვე „იგავები“, „ქებათა ქება“ და წინასწარმეტყველური წიგნების არაერთი თავი; მიზანი ის იყო, რომ ამ წიგნებს შენარჩუნებოდა პოეტური სახე და გამოკვეთილიყო ებრაული პოეზიისთვის სახასიათო მხატვრული ხერხები: პარალელიზმი და შედარება-შეპირისპირება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ესაიას 24:2, რომელშიც თითოეული სტრიქონი შეპირისპირების მეთოდზეა აგებული და აზრობრივად ებმის ერთმანეთს იმის ხაზგასასმელად, რომ ღვთის სასჯელს ვერავინ დააღწევს თავს. მსგავსი პოეტური პასაჟების წყალობით მკითხველი ხედავს, რომ ბიბლიის დამწერები უბრალოდ კი არ წერდნენ ღვთის ცნობას, არამედ მას მხატვრული ხერხებითაც ამკობდნენ.

      ბიბლიის სხვადასხვა თარგმანში ერთი და იგივე მონაკვეთი ზოგან პოეზიის სახითაა გადმოცემული, ზოგან კი — პროზის; ამის მიზეზი ისაა, რომ ხშირად ებრაული პოეზიისა და პროზის ერთმანეთისგან გამიჯვნა საკმაოდ რთულია. შესაბამისად, მთარგმნელს უწევს იმის განსაზღვრა, ბიბლიის რომელ ეპიზოდს დაწერს ლექსის სახით და რომელს — პროზაულად. ბიბლიის ზოგი მონაკვეთი, რომელიც პროზის სახითაა დაწერილი, საკმაოდ პოეტურად ჟღერს, ვინაიდან მათში აზრის მკაფიოდ გამოსახატავად ვხვდებით ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორიცაა: კალამბური და პარალელიზმი.

      გადამუშავებული გამოცემის ერთ-ერთი თავისებურება, კერძოდ, ბიბლიის თითოეული წიგნის შესავალში მოცემული მოკლე შინაარსი, გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ ვინ საუბრობს მაშინ, როცა საუბარში არაერთი მოქმედია პირია ჩართული. სწორედ ასეთი წიგნია „ქებათა ქება“, უძველესი პოემა.

      უძველესი ხელნაწერების შესწავლამ ცვლილებები განაპირობა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ თავდაპირველი გამოცემა ებრაულ მასორეტულ ტექსტს და მეტად ავტორიტეტულ უესტკოტისა და ჰორტის ბერძნულენოვან ტექსტს ეფუძნებოდა. ძველი ხელნაწერების სიღრმისეულმა შესწავლამ კიდევ უფრო მეტი ნათელი მოჰფინა ზოგ ბიბლიურ მუხლს. ამასთანავე, ხელმისაწვდომი გახდა მკვდარი ზღვის ხელნაწერების ასლები. გარდა ამისა, შესწავლილ იქნა უფრო მეტი ბერძნულენოვანი ხელნაწერი. საბედნიეროდ, ბოლო დროს აღმოჩენილი მანუსკრიპტები ელექტრონული სახითაც გახდა ხელმისაწვდომი, რამაც მნიშვნელოვანწილად გააადვილა მიკვლეულ ხელნაწერებს შორის სხვაობების დადგენა; ეს ბიბლეისტებს იმის განსაზღვრაში დაეხმარა, თუ რომელი ებრაული და ბერძნული ტექსტები იდგა ყველაზე ახლოს ორიგინალთან. მათ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტს ზოგიერთი მუხლის გამოკვლევაში დიდი სამსახური გაუწია; სწორედ ამან განაპირობა ცვლილებები 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში.

      მაგალითად, სეპტუაგინტაში 2 სამუელის 13:21-ში დაახლოებით ასეთი რამ წერია: „მაგრამ ამონს გული არ ატკინა, ვინაიდან თავისი პირმშო იყო და ძალიან უყვარდა“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა გამოცემებში ამ მუხლში მსგავს სიტყვებს ვერსად ნახავთ, რადგან ეს სიტყვები მასორეტულ ტექსტში არ მოიპოვება. თუმცა ამ წინადადებას მკვდარი ზღვის ხელნაწერებში ვხვდებით, რის გამოც ის 2013 წლის გადამუშავებულ გამოცემაში ზემოხსენებულ მუხლს დაემატა. ამავე მიზეზით სამუელის პირველ წიგნში ღვთის სახელი ხუთ ადგილას აღდგა. ბერძნული ტექსტების შესწავლამ სხვა ცვლილებაც განაპირობა, მაგალითად, მათეს 21:29—31-ში აზრები განსხვავებული თანმიმდევრობით გადმოიცა. აქედან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები მხოლოდ ერთი რომელიმე ბერძნულენოვანი სამეცნიერო ტექსტის გამოკვლევის შედეგად კი არ განხორციელებულა, არამედ — არაერთი ხელნაწერის შესწავლის საფუძველზე.

      ეს გახლავთ მხოლოდ რამდენიმე ცვლილება, რამაც ერთიორად გააადვილა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გაგება მათთვის, ვინც ამ თარგმანს ღვთისგან ბოძებულ საჩუქრად მიიჩნევს.

      a იხილეთ „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“, დანართი 3გ, „განგრძობითი ანუ მრავალჯერადი მოქმედების გამომხატველი ებრაული ზმნები“ (ინგლ.).

      2013 წლის გადამუშავებული გამოცემის ზოგიერთი თავისებურება

      ძირითადი ბიბლიური საკითხები:

      მოიცავს 20 კითხვას და ამ კითხვებზე გაცემულ ბიბლიურ პასუხებს

      ძირითადი ბიბლიური საკითხები

      ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი:

      ბიბლიური სიტყვებისა და ფრაზების მოკლე განმარტებითი ლექსიკონი

      ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი

      დანართი ა:

      ბიბლიის კვლევაში დამხმარე სტატიები, ცხრილები და ისტორიული ცნობები

      დანართი 7ა — დედამიწაზე იესოს ცხოვრების მთავარი მოვლენები

      ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოდგენილი სახარებისეული ცნობები

      დანართი 6ა — ცხრილი: წინასწარმეტყველები და იუდასა და ისრაელის მეფეები

      წინასწარმეტყველები და მეფეები

      დანართი ბ:

      რუკები, სქემები და კვლევაში დამხმარე სხვა საშუალებები

      დანართი 14ბ — ვაჭრობა და სხვა საქმიანობა

      საზომი ერთეულები

      დანართი 15ბ — ებრაული კალენდარი

      ებრაული კალენდარი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება