-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
დიდი განდგომილება
10. როგორ დაკარგეს ახ. წ. 70 წელს მოუნანიებელმა იუდეველებმა სახელმწიფოებრიობა?
10 როდესაც იოანემ „გამოცხადება“ დაწერა, ქრისტიანობა უკვე 60 წელზე მეტ ხანს არსებობდა. პირველ 40 წელს იუდაიზმი გაუთავებელ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას. ახ. წ. 70 წელს კი რომაელებმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს მოუნანიებელ იუდეველებსა და იერუსალიმის ტაძარს, და იუდეველებმა სახელმწიფოებრიობა დაკარგეს. განადგურდა მათთვის კერპად ქცეული იერუსალიმის ტაძარი.
11. რატომ იყო დროული მთავარი მწყემსის გაფრთხილება, რომ კრებებში მოსალოდნელი იქნებოდა განდგომილება?
11 მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ ცხებულ ქრისტიანებს შორის გამოჩნდებოდნენ განდგომილები. როგორც იესოს სიტყვებიდან ჩანს, იოანეს სიცოცხლის ბოლოს განდგომილება უკვე იკიდებდა ფეხს. სატანა ყველანაირად ცდილობდა, გაერყვნა ქალის შთამომავლობა; იოანე ბოლო იყო, ვინც აკავებდა სატანის თავდასხმას (2 თესალონიკელები 2:3—12; 2 პეტრე 2:1—3; 2 იოანე 7—11). ამიტომ მისწერა დროულად იეჰოვას დაყენებულმა მთავარმა მწყემსმა კრების უხუცესებს, რომ მოსალოდნელი იყო განდგომილება, და წაახალისა გულწრფელი ადამიანები, ბოლომდე დაეცვათ სიმართლე.
12. ა) როგორ ვრცელდებოდა განდგომილება იოანეს სიკვდილის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში? ბ) როგორ წარმოიშვა ქრისტიანული სამყარო?
12 ჩვენ არ ვიცით, ყურად იღეს თუ არა კრებებმა იესოს სიტყვები ახ. წ. 96 წელს, მაგრამ ცნობილია, რომ იოანეს სიკვდილის შემდეგ განდგომილება სწრაფად გავრცელდა. „ქრისტიანები“ ბიბლიის გადაწერისას ღვთის სახელის, იეჰოვას, ნაცვლად იყენებდნენ წოდებებს „უფალი“ და „ღმერთი“. IV საუკუნეში კრებებში შეაღწია სამების შესახებ ცრუ სწავლებამ, იმავე პერიოდში დამკვიდრდა მოძღვრება სულის უკვდავების შესახებ, ბოლოს კი, რომის იმპერატორმა კონსტანტინემ „ქრისტიანობას“ მხარდაჭერა გამოუცხადა, რითაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სამყაროს განვითარებას. შედეგად ეკლესიას და სახელმწიფოს ერთად უნდა ემმართველათ ათასი წლის განმავლობაში. რთული არ იყო ასეთ „ქრისტიანად“ გახდომა. წარმართული წეს-ჩვეულებები შეერწყა ამ ახალ რელიგიას. ქრისტიანული სამყაროს მრავალი წინამძღოლი გახდა დესპოტი პოლიტიკური მმართველი, რომლებიც მახვილით ამკვიდრებდნენ განდგომილებას.
13. იესოს გაფრთხილების მიუხედავად როგორ მოიქცნენ განდგომილი ქრისტიანები?
13 განდგომილმა ქრისტიანებმა სრულიად უგულებელყვეს შვიდი კრებისადმი მიწერილი იესოს სიტყვები. იესომ ეფესოელ ქრისტიანებს მოუწოდა, განეახლებინათ თავდაპირველი სიყვარული, მაგრამ „ქრისტიანული“ სამყაროს წევრებს იეჰოვას სიყვარული აღარ აერთიანებდათ (გამოცხადება 2:4). ისინი სისხლისმღვრელ ომებში მონაწილეობდნენ და სასტიკად დევნიდნენ ერთმანეთს (1 იოანე 4:20). იესომ პერგამონის კრება გააფრთხილა, რომ გავრცელდებოდა სექტანტობა. სექტები II საუკუნეშივე გამოჩნდა და ქრისტიანული სამყარო დღესაც ერთმანეთის მოწინააღმდეგე ათასობით სექტასა და მიმდინარეობას ითვლის (გამოცხადება 2:15).
14. ა) იესოს გაფრთხილების მიუხედავად როგორ იქცეოდნენ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები? ბ) როგორ ცხადყვეს ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა, რომ უგულებელყვეს იესოს გაფრთხილება კერპთაყვანისმცემლობასა და უზნეობაზე?
14 იესომ სარდისის კრებას მისწერა, რომ ისინი სულიერად მკვდრები იყვნენ (გამოცხადება 3:1). როგორც სარდისელმა, ისე ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა მალევე დაივიწყეს ქრისტიანული საქმეები. მათ უმნიშვნელოვანესი დავალება, ქადაგება, სასულიერო პირთა მცირე ჯგუფს მიანდეს, რომელსაც გასამრჯელოს აძლევდნენ. იესომ თიატირის კრება გააფრთხილა, რომ არ დაეშვათ კერპთაყვანისმცემლობა და მეძაობა, ქრისტიანულმა სამყარომ კი გამოსახულებების თაყვანისცემა შემოიღო (გამოცხადება 2:20). გარდა ამისა, ხელს უწყობდა კერპთაყვანისმცემლობის ფარულ ფორმებს — ნაციონალიზმსა და მატერიალიზმს. მართალია, ზოგჯერ გმობდა უზნეობას, მაგრამ მაინც ყოველთვის აშკარად იწყნარებდა.
15. რაზე მეტყველებს იესოს სიტყვები და სინამდვილეში რას წარმოადგენს ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება?
15 შვიდი კრებისადმი მიწერილი იესოს სიტყვები გვიჩვენებს, რომ ქრისტიანული სამყაროს რელიგიების მიმდევრებს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ იეჰოვას რჩეულ ხალხს. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება მართლაც სატანის შთამომავლობის მთავარი ნაწილია. მოციქულმა პავლემ ამ რელიგიებს „უკანონობის მოქმედი“ უწოდა და იწინასწარმეტყველა, რომ მათ „თან ახლავს სატანის მოქმედება ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით“ (2 თესალონიკელები 2:9, 10).
16. ა) ვის უსწორდებოდნენ განსაკუთრებული სიძულვილით ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები? ბ) რა ხდებოდა შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში? გ) მოუღო ბოლო განდგომილებას პროტესტანტულმა აჯანყებამ ანუ რეფორმაციამ?
16 თუმცა თავი ღვთის სამწყსოს მწყემსებად მოჰქონდათ, ქრისტიანული სამყაროს სასულიერო და საერო პირები განსაკუთრებული სიძულვილით უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ხალხს ბიბლიის კითხვისკენ მოუწოდებდა ან მათ არაბიბლიურ საქციელს ამხელდა. ისინი დევნიდნენ იან ჰუსსა და ბიბლიის მთარგმნელ უილიამ ტინდალს და ბოლოს წამებით მოკლეს კიდეც. სიბნელით მოცულ შუა საუკუნეებში, კათოლიკური ინკვიზიციის დროს, განდგომილებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა ეკლესიის მოძღვრებებსა და უფლებამოსილებას; ათასობით ეგრეთ წოდებული ერეტიკოსი წამებით მოკლეს, ბევრი მათგანი ბოძზე დაწვეს. ასე ცდილობდა სატანა, დაუყოვნებლივ გაენადგურებინა ნებისმიერი, ვინც ქალით წარმოდგენილი ღვთის ორგანიზაციის შთამომავლობას მიეკუთვნებოდა. პროტესტანტების აჯანყების ანუ რეფორმაციის დროს, რომელიც 1517 წლიდან დაიწყო, მრავალი პროტესტანტული ეკლესია მსგავსი შეუწყნარებლობის სულს ავლენდა. მათაც მიუძღოდათ ბრალი სისხლის ღვრაში, რადგან აწამებდნენ ღვთისა და ქრისტეს ერთგულ მსახურებს. მათ მართლაც „დაღვარეს წმინდათა. . . სისხლი“ (გამოცხადება 16:6; შეადარეთ მათეს 23:33—36).
-
-
წმინდა საიდუმლო ცხადდებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
[სურათი 31 გვერდზე]
ქრისტიანული სამყარო დამნაშავეა საშინელ სისხლის ღვრაში, რადგან დევნიდა და ხოცავდა ყველას, ვინც თარგმნიდა, კითხულობდა ან ვისაც უბრალოდ ჰქონდა ბიბლია.
-