საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w96 4/1 გვ. 25-30
  • „ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო!“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო!“
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • დაინახე მესია მეფე!
  • როგორ დადგება ‘აღსასრული’?
  • დრო, ვადიდოთ იაჰ
  • ადიდეთ იაჰი მისი სამართლისთვის!
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • განადიდე მარადისობის მეფე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • ხსნა იესო ქრისტეს გამოცხადებისას
    „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები-2
  • ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“
    „ნახე! მე ვქმნი ყოველივეს ახალს“
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
w96 4/1 გვ. 25-30

„ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო!“

„ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი [იაჰ, აქ]“ (ფსალმუნი 150:6).

1, 2. ა) რა მასშტაბით აყვავდა ჭეშმარიტი ქრისტიანობა პირველ საუკუნეში? ბ) რის შესახებ იძლეოდნენ გაფრთხილებას მოციქულები? გ) როგორ განვითარდა განდგომილება?

იესომ მოწაფეები ჩამოაყალიბა ქრისტიანულ კრებად, რომელიც პირველ საუკუნეშივე აყვავდა. ძლიერი რელიგიური ოპოზიციის მიუხედავად, ‘სახარება [კეთილი ცნობა, აქ] ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში’ (კოლასელთა 1:23). მაგრამ იესო ქრისტეს მოწაფეების სიკვდილის შემდეგ სატანამ მზაკვრულად გააღვივა განდგომილება.

2 მოწაფეები ამის შესახებ წინასწარ იძლეოდნენ გაფრთხილებას. მაგალითად, პავლემ ეფესელ უხუცესებს უთხრა: „გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ“ (საქმეები 20:28–30; იხილე აგრეთვე 2 პეტრე 2:1–3; 1 იოანე 2:18, 19). ამგვარად, მეოთხე საუკუნეში განდგომილმა ქრისტიანობამ დაიწყო ძალების გაერთიანება რომის იმპერიასთან. საუკუნეების შემდეგ წმინდა რომის იმპერია რომის პაპის მმართველობით ხელმძღვანელობას უწევდა კაცობრიობის უდიდეს ნაწილს. დროთა განმავლობაში პროტესტანტული რეფორმაცია აღდგა კათოლიკური ეკლესიის ბოროტებით აღსავსე ექსცესის წინააღმდეგ, მაგრამ მან ვერ შეძლო ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღდგენა.

3. ა) როდის და როგორ ექადაგა ყველა ქმნილებას კეთილი ცნობა? ბ) ბიბლიაზე დაფუძნებული რომელი მოლოდინი გახდა ნათელი 1914 წელს?

3 მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს ბიბლიის გულმოდგინე მკვლევართა ჯგუფმა კვლავ იწყო ქადაგება და ამცნობდა ‘სახარებას [კეთილ ცნობას, აქ] ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში’. ბიბლიის წინასწარმეტყველებათა გამოკვლევების საფუძველზე, ეს ჯგუფი 30 წელზე მეტი ხნით ადრე მიუთითებდა 1914 წელზე, როგორც ‘ხალხებისთვის განსაზღვრული დროის’ დასასრულზე, რომელიც მოიცავდა ‘შვიდ დროს’, ანუ 2 520 წელს, ამ წლის ათვლა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 607 წლიდან, იერუსალიმის განადგურების დროიდან (ლუკა 21:24, აქ; დანიელი 4:16, აქ [4:13]). მათი მოლოდინი გამართლდა და მართლაც დამტკიცდა, რომ მსოფლიოს ხალხთა მოღვაწეობის გარდამტეხი წელი არის 1914 წელი. ისტორიული მოვლენები მოხდა ზეცაშიც. ეს იყო მაშინ, როდესაც მარადისობის მეფემ ზეციერ ტახტზე დასვა თავისი მოკავშირე მეფე, იესო ქრისტე, რომ დედამიწის პირისაგან აღგავოს ბოროტება და აღადგინოს სამოთხე (ფსალმუნი 2:6, 8, 9; 109:1, 2, 5).

დაინახე მესია მეფე!

4. როგორ შეასრულა იესომ თავისი სახელის „მიქაელის“ მნიშვნელობა?

4 მესია მეფემ, იესო ქრისტემ, მოქმედება დაიწყო 1914 წლიდან. რადგანაც იესოს განზრახული აქვს იეჰოვას უზენაესობის გამართლება, ბიბლიაში მას მიქაელიც ეწოდება, რაც ნიშნავს „ვინ არის ღვთის მსგავსი?“ გამოცხადების 12:7–12-ში იოანე მოციქული აღწერს იმ ხილვას, რომელიც შესრულდებოდა: „შეიქნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები, მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში. გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია, მთელი წუთისოფლის მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად“. მართლაცდა ძლიერი ძალით იყო მათი დაცემა!

5, 6. ა) რომელი სასიხარულო ცნობა გაცხადდა 1914 წლის შემდეგ ზეციდან? ბ) როგორ არის დაკავშირებული ყოველივე ამასთან მათეს 24:3–13?

5 მქუხარე ხმამ ზეცაში განაცხადა: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე. გაიმარჯვეს [ერთგულმა ქრისტიანებმა] მასზე კრავის [იესო ქრისტეს] სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი სული, თვით სიკვდილამდე“. ეს არის ხსნა უმწიკვლოების შემნარჩუნებლებისთვის, რომლებმაც გამოავლინეს რწმენა იესოს ძვირფასი გამომსყიდველური მსხვერპლის მიმართ (იგავნი 10:2; 2 პეტრე 2:9).

6 ძლიერი ხმა ზეცაში ამბობდა: „აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“. წინასწარმეტყველება — „ვაი“ — დედამიწასთან დაკავშირებით შესრულდა, როდესაც ჩვენს საუკუნეში იფეთქა მსოფლიო ომებმა, შიმშილმა, ეპიდემიებმა, მიწისძვრებმა, უკანონობამ და წალეკა მთელი დედამიწა. როგორც მათეს 24:3–13 იუწყება, იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს იქნებოდა ‘ამ სისტემის აღსასრულის ნიშნის შემადგენელი ნაწილი’, (აქ). ეს წინასწარმეტყველება ჭეშმარიტია, ვინაიდან 1914 წლიდან კაცობრიობამ ისეთი საშინელებები იწვნია, რომელიც კაცობრიობის ისტორიის არც ერთ ეპოქას არ შეედრება.

7. რატომ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები დაჟინებით?

7 სატანური საშინელებების ეპოქაში შესაძლებელია თუ არა ადამიანმა მომავლისთვის ჰპოვოს რაიმე იმედი? დიახ, შესაძლებელია, რადგან მათეს 12:21-ში იესო ამბობს: „მის სახელს მიენდობიან ხალხები“! ადამიანთა ყოფნა საშინელ პირობებში არა მხოლოდ ‘წუთისოფლის აღსასრულის ნიშნის’ მაჩვენებელია, არამედ მესიანური სამეფოს ზეციერი მეფის, ‘იესოს თანდასწრების ნიშნისაც’. ამ სამეფოს შესახებ იესომ მოგვიანებით თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [სამეფოს შესახებ, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). რომელი ხალხი ქადაგებს დღეს დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დიდებული იმედის შესახებ? იეჰოვას მოწმეები! ისინი დაჟინებით ქადაგებენ სახალხოდ და კარდაკარ იმის შესახებ, რომ სამართლიანობისა და მშვიდობის ღვთის სამეფო ძალიან მალე თავად უხელმძღვანელებს მსოფლიოს საქმეებს. მონაწილეობ თუ არა ამ მსახურებაში? ამაზე დიდი უპირატესობა არ არსებობს! (2 ტიმოთე 4:2, 5).

როგორ დადგება ‘აღსასრული’?

8, 9. ა) როგორ დაიწყო განკითხვა „ღვთის სახლიდან“? ბ) როგორ შეურაცხყო ქრისტიანულმა სამყარომ ღვთის სიტყვა?

8 კაცობრიობამ შეაბიჯა განკითხვის ეპოქაში. როგორც 1 პეტრეს 4:17-შია ნათქვამი, განკითხვა „ღვთის სახლიდან“ დაიწყო — ეგრეთწოდებული ქრისტიანული ორგანიზაციების განკითხვა, რაც ცხადი გახდა ‘უკანასკნელი დღეებიდან’, პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914–1918 წლებში, ხოცვა-ჟლეტით დაიწყო. როგორი მდგომარეობა უკავია ქრისტიანულ სამყაროს ამ განკითხვისას? განვიხილოთ ეკლესიების პოზიცია, რომლებიც 1914 წლიდან მხარს უჭერენ ომებს. არის თუ არა სამღვდელოება დასვრილი იმ ‘უდანაშაულო ბეჩავთა სისხლით’, რომლებსაც ისინი ბრძოლის ველზე მოძღვრავდნენ? (იერემია 2:34).

9 მათეს 26:52-ის თანახმად, იესომ თქვა: „ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“. რა ჭეშმარიტია ეს სიტყვები ამ საუკუნის ომებთან დაკავშირებით! სამღვდელოება მოუწოდებს ახალგაზრდა მამაკაცებს ამოხოცონ სხვა ახალგაზრდები, თვით ისინიც, რომლებიც მათი საკუთარი რელიგიის წარმომადგენლები არიან — კათოლიკეები კლავენ კათოლიკეებს, და პროტესტანტები პროტესტანტებს. ნაციონალიზმი ღმერთსა და ქრისტეზე მეტად არის განდიდებული. ბოლო დროს აფრიკის ზოგიერთ ერებში ეთნიკური მდგომარეობა ბიბლიის პრინციპებზე მაღლა დააყენეს. რუანდაში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კათოლიკეა, სულ მცირე, ნახევარი მილიონი იქნა მოკლული ეთნიკური ხოცვა-ჟლეტის დროს. რომის პაპმა ვატიკანის გაზეთში „ოსსერვატორე რომანო“ (L’Osservatore Romano) აღიარა, რომ „ეს არის სრული გენოციდი, რისთვისაც, სამწუხაროდ, თვით კათოლიკეებიც პასუხისმგებელნი არიან“ (შეადარე ესაია 59:2, 3; მიქა 4:3, 5).

10. როგორ განაჩენს აღასრულებს იეჰოვა ცრუ რელიგიის წინააღმდეგ?

10 რა თვალსაზრისი აქვს მარადისობის მეფეს იმ რელიგიებთან დაკავშირებით, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს, ამოხოცონ ერთმანეთი ან არავითარ ზომებს ღებულობენ, თუ მათი სამწყსოს წევრები ერთმანეთს ხოცავენ? დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო სისტემის შესახებ გამოცხადების 18:21, 24-ში ნათქვამია: «ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება. მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და დედამიწაზე ყველა მოკლულის სისხლი“».

11. რომელი საშინელებები ხდება ქრისტიანულ სამყაროში?

11 სრულდება ბიბლიის წინასწარმეტყველება და შემაძრწუნებელი ამბავი ხდება ქრისტიანულ სამყაროში (შეადარე იერემია 5:30, 31; 23:14). უმეტესად სამღვდელოების ყოველივეს ნების დამრთველი მოქმედებების გამო, სამწყსოც უზნეობაში გადაეშვა. შეერთებულ შტატებში, რომლის მოსახლეობაც ქრისტიანულად ითვლება, ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. მოზარდთა ფეხმძიმობა და ჰომოსექსუალიზმი მძვინვარებს ეკლესიის წევრთა შორის. მღვდლები აუპატიურებენ პატარა ბავშვებს და ასეთი შემთხვევები იშვიათი არაა. ცნობილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით ასეთი შემთხვევების გამო შეერთებული შტატების კათოლიკურ ეკლესიებს ყოველ დეკადაში მილიარდობით დოლარის გადახდა უწევთ. ქრისტიანულ სამყაროს მხედველობიდან გამორჩა პავლე მოციქულის გაფრთხილება, რომელსაც 1 კორინთელთა 6:9, 10-ში ვკითხულობთ: „ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“.

12. ა) როგორ იმოქმედებს მარადისობის მეფე დიდი ბაბილონის წინააღმდეგ? ბ) ქრისტიანული სამყაროსგან განსხვავებით, რა მიზნით მღერის ღვთის ხალხი გუნდურად ‘ალილუიას’?

12 მალე, მარადისობის მეფე, იეჰოვა, იმოქმედებს თავისი ზეციერი მთავარსარდლის, იესო ქრისტეს მეშვეობით და დაუშვებს დიდ გასაჭირს. უპირველესად ქრისტიანული სამყარო და დიდი ბაბილონის სხვა ნაწილები დაისჯებიან იეჰოვას განაჩენით (გამოცხადება 17:16, 17). მათ ცხადყვეს, რომ არ არიან გადარჩენის ღირსი, რომელიც იეჰოვამ შესთავაზა მათ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლით. მათ აბუჩად აიგდეს ღვთის წმინდა სახელი (შეადარე ეზეკიელი 39:7). რამდენად სასაცილოა, რომ ისინი გალობენ ‘ალილუიას’ თავიანთ მდიდრულ რელიგიურ ნაგებობებში! მათ ამოიღეს იეჰოვას ძვირფასი სახელი ბიბლიის თავიათნი თარგმანებიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაავიწყდათ ის ფაქტი, რომ „ალილუია“ ნიშნავს „ადიდეთ იაჰ“ — „იაჰ“ არის სახელი „იეჰოვას“ შემოკლებული ფორმა. გამოცხადების 19:1–6 შესაფერისად აღწერს, რომ მალე მრავალი გუნდი იმღერებს ‘ალილუიას’ დიდ ბაბილონზე ღვთის განაჩენის შესრულების დღესასწაულისას.

13, 14. ა) რომელი მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება შემდეგ? ბ) რომელ ბედნიერებას მიაღწევენ ღვთის მოშიში ადამიანები?

13 შემდეგ იქნება იესოს ‘მოსვლა’, რომ განაცხადოს და განახორციელოს ერებსა და ხალხებზე განაჩენი. მან თავად იწინასწარმეტყველა: „ხოლო, როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს — მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი’ “ (მათე 25:31–34). შემდეგ 46-ე მუხლში თხების შესახებ ნათქვამია, რომ „წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში“.

14 ბიბლიურ წიგნში „გამოცხადება“ აღწერილია, თუ „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“, ჩვენი ზეციერი უფალი, იესო ქრისტე არმაგედონის ბრძოლაში როგორ იქნება ცხენზე ამხედრებული, რომ გაანადგუროს სატანის სისტემის პოლიტიკური და კომერციული ელემენტები. ამგვარად გადმოაფრქვევს ქრისტე ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარებას’ სატანის მთელ მიწიერ სამფლობელოზე. როდესაც ‘წინანდელნი გარდახდებიან’, ღვთისმოშიში ადამიანები იქნებიან დიდებულ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან“ (გამოცხადება 19:11–16; 21:3–5).

დრო, ვადიდოთ იაჰ

15, 16. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვის დაცვა? ბ) რა მითითებებს იძლეოდნენ წინასწარმეტყველები და მოციქულები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ვაკეთოთ რომ გადავრჩეთ და რას ნიშნავს ეს დღეს მრავალი ადამიანისთვის?

15 განაჩენის სისრულეში მოყვანის დღე ახლოსაა! ჩვენ კარგს ვაკეთებთ, თუ ყურადღებას ვამახვილებთ მარადისობის მეფის წინასწარმეტყველურ სიტყვაზე. მათ, რომლებიც ჯერ კიდევ ჩაბმული არიან ცრუ რელიგიის სწავლებებსა და ადათ-წესებში, ზეციერი ხმა მოუწოდებს: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან“. მაგრამ სად უნდა წავიდნენ გამოსულები? არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება, ასევე მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია არსებობს (გამოცხადება 18:4; იოანე 8:31, 32; 14:6; 17:3). მარადიული სიცოცხლის მიღწევა დამოკიდებულია ამ რელიგიის პოვნასა და ამ რელიგიის ღვთისადმი მორჩილებაზე. ფსალმუნის 83:18-ში („მეფე იაკობის თარგმანი“ [King James Version]) [82:19] ბიბლია ყურადღებას გვამახვილებინებს მასზე, ‘რომლის, ერთადერთის, სახელიც არის იეჰოვა — უზენაესი მთელ დედამიწაზე’.

16 როგორც ჩანს, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო და არა მხოლოდ მარადისობის მეფის სახელის ცოდნა. აუცილებელია ვისწავლოთ ბიბლია და ვიცოდეთ მისი დიდებული თვისებები და განზრახვები. ასევე აუცილებელია ყოველთვის შევასრულოთ მისი ნება, ისე, როგორც ნაჩვენებია რომაელთა 10:9–13-ში. პავლე მოციქულმა მოიყვანა ღვთის მიერ შთაგონებული წინასწარმეტყველებიდან ციტატა და დაასკვნა: „ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება“ (იოველი 3:5; სოფონია 3:9). გადარჩება? დიახ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს რწმენას ავლენენ იეჰოვას ძვირფასი მზრუნველობის მიმართ, რაც ქრისტეს მეშვეობით გაღებული გამოსასყიდით განახორციელა, გადარჩებიან მომავალი დიდი გასაჭირის დროს, როდესაც აღსრულდება სატანის გახრწნილ ქვეყნიერებაზე გამოტანილი განაჩენი (გამოცხადება 7:9, 10, 14).

17. რომელმა დიდებულმა იმედმა უნდა წაგვახალისოს, რომ ახლავე შევუერთდეთ სხვებს მოსესა და კრავის სიმღერის გალობაში?

17 რა უნდა აკეთონ ღვთის ნებასთან შეთანხმებულად მათ, რომლებიც დაიმედებული არიან, რომ გადარჩებიან? ჩვენ ახლავე უნდა შევუერთდეთ მოსესა და კრავის სიმღერას, მარადისობის მეფის განმადიდებელ სიმღერას მისი დიდებული გამარჯვების მოლოდინით. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმით, რომ სხვებს ვეუბნებით მისი დიდებული განზრახვების შესახებ. როდესაც ბიბლიის შესწავლაში წინ მივიწევთ, ჩვენს სიცოცხლეს ვუძღვნით მარადისობის მეფეს. ეს კი წაგვიძღვება მარადიული სიცოცხლისკენ, ისეთი ღონისძიებების მეშვეობით, რასაც ეს ყოვლისშემძლე მეფე აღწერს და რის შესახებაც ლაპარაკია ესაიას 65:17, 18-ში: „აჰა, შევქმნი ახალ ცას [ქრისტეს მესიანურ სამეფოს] და ახალ მიწას [ადამიანთა სამართლიან საზოგადოებას], აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე“.

18, 19. ა) როგორი მოქმედებისკენ უნდა წაგვახალისოს დავითის 144-ე ფსალმუნში ჩაწერილმა სიტყვებმა? ბ) რას უნდა მოველოდეთ მტკიცედ იეჰოვას ხელიდან?

18 ფსალმუნმომღერალი დავითი მარადისობის მეფეს შემდეგი სიტყვებით აღწერს: „დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია“ (ფსალმუნი 144:3). მისი სიდიადე ისევე შეუცნობელია, როგორც უსაზღვრო სივრცე და მარადიულობა! (რომაელთა 11:33). თუ ჩვენ კვლავაც ვიძენთ შემეცნებას ჩვენი შემოქმედისა და მისი მზრუნველობის შესახებ, რაც მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით გაღებული მსხვერპლით გამოვლინდა, გვექნება სურვილი, რომ უფრო მეტად და მეტად ვადიდოთ მარადისობის მეფე. ჩვენ გვსურს ისე მოვიქცეთ, როგორც ფსალმუნის 144:11–13-შია ნათქვამი: „შენი მეფობის დიდებას იტყვიან და შენს სიძლიერეზე ილაპარაკებენ. რათა აცნობონ ადამის ძეთ შენი სიძლიერე, და ბრწყინვალე დიდება შენი მეფობისა. შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში“.

19 ჩვენ შეგვიძლია მტკიცედ ველოდოთ, რომ ჩვენი ღმერთი შეასრულებს თავის აღთქმას: „აღაპრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს“. მარადისობის მეფე მზრუნველობით წაგვიძღვება ამ სისტემის ბოლო დღეების გადასალახავად, რადგან დავითი გვარწმუნებს: „იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს“ (ფსალმუნი 144:16, 20).

20. როგორ ეხმაურები მარადისობის მეფის იმ მოწვევას, რომელიც ბოლო ხუთ ფსალმუნშია?

20 ბიბლიაში ბოლო ხუთი ფსალმუნი იწყება და მთავრდება სიტყვით „ალილუია“. ამგვარად, 145-ე ფსალმუნი მოგვიწოდებს: „ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო! ადიდე იეჰოვა, ო, სულო ჩემო. ვადიდებ იეჰოვას მთელი სიცოცხლე. ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ“ (აქ). გამოეხმაურები თუ არა ამ მოწოდებას? უეჭველია, შენ გაქვს სურვილი ადიდო ღმერთი! დაე, შენც იყავი მათ შორის, რომლებიც აღწერილი არიან ფსალმუნის 148:12, 13-ში: „ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად, ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში“. დაე, მთელი გულით გამოვეხმაუროთ მოწვევას: „ადიდეთ იაჰ, თქვენ, ხალხო!“ დაე, გაერთიანებულად ვადიდოთ მარადისობის მეფე!

როგორია შენი კომენტარი?

◻ რის შესახებ იძლეოდნენ გაფრთხილებას იესოს მოციქულები?

◻ რომელი გადამწყვეტი მოქმედება დაიწყო 1914 წლიდან?

◻ რა განაჩენს აღასრულებს მალე იეჰოვა?

◻ რატომ არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მარადისობის მეფის განსადიდებლად?

[ჩარჩო 29-ე გვერდზე]

კატასტროფების მშფოთვარე ეპოქა

მრავალი აღიარებს, რომ მე-20 საუკუნე პირველი დღეებიდანვე მშფოთვარე ეპოქას წარმოადგენს. მაგალითად, შეერთებული შტატების სენატორის, დანიელ პატრიკ მოინიჰანის, 1993 წელს გამოქვეყნებული წიგნის „პანდაემონიუმის“ (Pandaemonium) წინასიტყვაობაში, სადაც კომენტარია გაკეთებული „1914 წლის კატასტროფაზე“, ნათქვამია: „დაიწყო ომი და მსოფლიო უკიდურესად შეიცვალა. ჯერჯერობით მხოლოდ რვა სახელმწიფოა დედამიწაზე, რომლებიც 1914 წელს არსებობდა და დღემდე იარაღის ძალით არ შეუცვლია მთავრობა. . . დარჩენილი დაახლოებით 170 თანამედროვე სახელმწიფოდან, ზოგიერთი ახლახანს ჩამოყალიბდა და ჯერ კიდევ არ განუცდია ბოლო დროის მშფოთვარება“. ფაქტია, რომ 1914 წლის შემდეგ ჩვენი ერა უამრავი კატასტროფის მოწმეა!

აგრეთვე 1993 წელს გამოქვეყნდა წიგნი „კონტროლს არ ექვემდებარება — ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისისას გამეფებული გლობალური მშფოთვარება“ (Out of Control—Global Turmoil on the Eve of the Twenty first Century). ავტორია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ზბიგნიევ ბრჟეზინსკი. ის წერს: „მეოცე საუკუნის დასაწყისში მრავალი კომენტარით გამოცხადდა საჯაროდ, რომ იწყებოდა საღი აზროვნების ერა . . დანაპირების საპირისპიროდ, მეოცე საუკუნე ადამიანებისთვის იქცა ყველაზე სისხლისმღვრელ და სიძულვილით აღსავსე საუკუნედ, საუკუნედ, სადაც გამეფებულია პოლიტიკური ილუზიები და საზარელი მკვლელობები. უპრეცედენტო მასშტაბით ეწევა ორგანიზება ულმობლობას, აგრეთვე ორგანიზება ეწევა მასობრივ მკვლელობებს. სასიკეთო მეცნიერულ პოტენციალსა და თავისუფალ პოლიტიკურ ბოროტებას შორის არსებული კონტრასტი გამაოგნებელია. ისტორიას არ ახსოვს ასეთი გლობალური მკვლელობებით გაჟღენთილი ეპოქა, ადრე არც ერთ საუკუნეს არ შთაუნთქავს ამდენი სიცოცხლე, ადრე არასოდეს ისწრაფოდნენ ადამიანის ჟლეტა-განადგურებისკენ ასეთ მედიდურ ირაციონალურ მიზნებზე დაფუძნებული ასეთი კონცენტრირებული და განუწყვეტელი ძალისხმევით“. რამდენად მართალია ეს სიტყვები!

[სურათი 26-ე გვერდზე]

მიქაელმა 1914 წელს, სამეფოს დამყარების შემდეგ ზეციდან გადმოყარა სატანა და მისი ურდოები.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება