-
„სამახსოვროდ გქონდეთ ეს დღე“საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 დეკემბერი
-
-
9. გამოსვლის 12:6-ის თანახმად, როდის უნდა დაეკლათ საპასექო ცხვარი? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „დღის რომელ მონაკვეთში?“)
9 „ხუთწიგნეულისა“ და „ჰაფტორის“ თანახმად, გამოსვლის 12:6-ში წერია, რომ ცხვარი უნდა დაკლულიყო „ორ საღამოს შორის“. ამავე გამოთქმას ვხვდებით ბიბლიის სხვა თარგმანებშიც. ზოგიერთი თარგმანი, მათ შორის, იუდაური „ტანაკი“, ამ ადგილას მოიხსენიებს სიტყვას, „შებინდებისას“, ზოგი კი — „მწუხრის ჟამს“, „საღამოს შებინდების ჟამს“ ან „მზის ჩასვლის შემდეგ“. ასე რომ, ცხვარი უნდა დაკლულიყო მზის ჩასვლის შემდეგ, სანამ ჯერ ისევ დღე იყო ანუ 14 ნისანის დასაწყისში.
10. ზოგიერთის აზრით, როდის უნდა დაკლულიყო ცხვარი და რა კითხვა წამოიჭრება ამ საკითხთან დაკავშირებით?
10 წლების შემდეგ იუდეველებს შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ ვინაიდან ტაძარში მიყვანილი ცხვრების დაკვლას რამდენიმე საათი სჭირდებოდა, გამოსვლის 12:6-ში მოხსენიებული პროცესი უნდა განხორციელებულიყო 14 ნისანის ბოლოს; ანუ პროცესი (ცხვრის დაკვლა) უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც შუადღის მზე დაიწყებდა გადასვლას და უნდა დასრულებულიყო მზის ჩასვლამდე. მაგრამ თუ ეს ასე იყო, მაშინ ჩნდება კითხვა, როდისღა უნდა ეჭამათ პასექი? უძველესი იუდაიზმის სპეციალისტი პროფესორი ჯონათან კლავანსი აღნიშნავს: «ახალი დღე იწყებოდა მზის ჩასვლით, ასე რომ მსხვერპლი იწირებოდა 14 ნისანს, მაგრამ პასექის აღნიშვნა და საპასექო ვახშმის ჭამა ხდებოდა 15 ნისანს; თუმცა წიგნ „გამოსვლაში“ მოვლენათა თანმიმდევრობა არ არის კონკრეტულად აღწერილი».კლავანსი აგრეთვე წერს: „რაბინთა ლიტერატურა . . . საერთოდ არ მოიხსენიებს იმას, თუ ტაძრის განადგურებამდე [ახ. წ. 70 წლამდე] როგორ აღინიშნებოდა სედერი [საპასექო ვახშამი]“ (კურსივი ჩვენია).
11. ა) რა მოხდა ახ. წ. 33 წელს პასექის დღეს? ბ) რატომ ეწოდება ახ. წ. 33 წლის 15 ნისანს „დიდი“ შაბათი? (იხილეთ სქოლიო)
11 ახ. წ. 33 წლის რომელ დღეს აღნიშნეს პასექი? პასექის წინა დღეს, როცა ახლოვდებოდა საპასექო მსხვერპლის შეწირვა, იესომ პეტრესა და იოანეს უთხრა: „წადით და მოგვიმზადეთ პასექი, რომ ვჭამოთ“ (ლუკა 22:7, 8). 14 ნისანს, რომელიც დაიწყო ხუთშაბათს მზის ჩასვლის შემდეგ, „დადგა [საპასექო ვახშმის] . . . საათი“. იესომ ჭამა მოციქულებთან ერთად საპასექო ვახშამი და ამის შემდეგ დააფუძნა უფლის გახსენების საღამო (ლუკა 22:14, 15). ამავე საღამოს ის დააპატიმრეს და გაასამართლეს. გათენდა, ჯერ ისევ 14 ნისანი იყო, შუადღე ახლოვდებოდა, იესო ძელზე გააკრეს; ცოტა ხანში, უკვე შუადღეს, ის ძელზე გარდაიცვალა (იოანე 19:14). ასე რომ, „ქრისტე, ჩვენი პასექი“, შეწირულ იქნა იმავე დღეს, რა დღესაც საპასექო ცხვარი იკვლებოდა (1 კორ. 5:7; 11:23; მათ. 26:2).
-