ასწავლეთ შვილებს
მათ „ქუხილის ძეები“ ეწოდათ
წვიმიან ამინდში ჭექა-ქუხილის ხმის გაგონებაზე ხომ არ გეშინია? ~a იესომ თავის ორ მოწაფეს „ქუხილის ძეები“ უწოდა. მოდი, გავიგოთ რატომ.
ამ მოწაფეებს იაკობი და იოანე ერქვათ. ისინი ძმები იყვნენ, ზებედესა და სალომეს ვაჟები. შესაძლოა სალომე მარიამის, იესოს დედის, და იყო. იესო, იაკობი და იოანე შეიძლება ბიძაშვილები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ.
ზებედე და მისი ვაჟები, იაკობი და იოანე, მეთევზეები იყვნენ. ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებიც იესოს მოწაფეები გახდნენ. როდესაც იესომ მოუხმო მათ, უმალვე მიატოვეს თევზაობა და გაყვნენ მას. ისინი იესოს 12 მოციქულს შორის იყვნენ.
იესომ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე თავის მოციქულებთან ერთად სამარიის მთიან მხარეში გაიარა. უკვე გვიანი იყო და ისინი ძალიან დაღლილები იყვნენ. მაგრამ სამარიელებს არ სურდათ, რომ იესოსა და მის მოციქულებს მათ ქალაქში გაეთიათ ღამე. იცი, რატომ? ~
იესო და მისი მოციქულები იუდეველები იყვნენ. იუდეველთა უმეტესობა უხეშად ექცეოდა სამარიელებს. რასაკვირველია, იესო ასე არასდროს მოქცეულა. პირიქით, ის კეთილი იყო მათ მიმართ; მისი მოციქულებიც, იაკობი და იოანეც, მსგავსად უნდა მოქცეოდნენ მათ. მაგრამ ისინი გაბრაზდნენ სამარიელებზე იმის გამო, რომ უარი თქვეს მათ მიღებაზე, და იესოს ჰკითხეს: „გინდა ვთქვათ, რომ ციდან ცეცხლი ჩამოვიდეს და მოსპოს ისინი?“. როგორ ფიქრობ, რა უპასუხა იესომ? ~ ის გაუწყრა მათ და უთხრა, რომ ასეთი რამ არ უნდა ეთქვათ. იაკობსა და იოანეს გულმოწყალების გამოვლენა უნდა ესწავლათ.
იაკობსა და იოანეს კიდევ ერთი ნაკლი ჰქონდათ — მათ პირველობა უნდოდათ. ცოტა ხნით ადრე, სანამ იესოს მოკლავდნენ, იაკობმა და იოანემ დედამისი გააგზავნეს იესოსთან ამ სიტყვების სათქმელად: „სიტყვა თქვი, რომ ჩემი ერთი ვაჟი შენს სამეფოში შენ მარჯვნივ დაჯდეს, მეორე კი — შენ მარცხნივ“. როდესაც სხვა მოციქულებმა გაიგეს, რა გააკეთეს იაკობმა და იოანემ, გაბრაზდნენ. შენც გაბრაზდებოდი? ~
შესაძლოა. ჩვენ არ მოგვწონს, როცა სხვებს პირველობა სურთ. მოგვიანებით იაკობი და იოანე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და შეიცვალნენ. ისინი გახდნენ მოსიყვარულე და კეთილი მოციქულები. რისი სწავლა შეგიძლია აქედან? ~
ჩვენ უნდა მივბაძოთ იესოს და მასავით კეთილად მოვექცეთ ერთმანეთს. იესო ყველას, კაცებს, ქალებსა თუ ბავშვებს, კარგად ექცეოდა. ყოველთვის გემახსოვრება მისი მაგალითი და შეეცდები მის მიბაძვას? ~
წაიკითხე შენს ბიბლიაში
a ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.