-
იეჰოვა აკურთხებს და იცავს მორჩილებსსაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ოქტომბერი
-
-
იეჰოვა აკურთხებს და იცავს მორჩილებს
„ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება“ (იგავნი 1:33).
1, 2. რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთისადმი მორჩილება? ახსენით მაგალითის გამოყენებით.
ფუმფულა ყვითელი წიწილები ბალახში საჭმელს დაეძებენ და არ იციან, რომ ცაში მოლივლივე ქორი თავზე დასტრიალებთ. უცბად, კრუხი გამკივანი ხმით გამაფრთხილებელ კრიახს იწყებს და ფრთებს ფართოდ შლის. წიწილები მისკენ გარბიან და დედის ფრთებქვეშ აფარებენ თავს. ქორი თავს ანებებს წიწილებსa. რას ვსწავლობთ აქედან? მორჩილება სიცოცხლის გადამრჩენია!
2 ეს მაგალითი განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს დროში მცხოვრები ქრისტიანებისთვის, რადგან სატანა ყოველ ღონეს ხმარობს ღვთის ხალხის მოსანადირებლად (გამოცხადება 12:9, 12, 17). მისი მიზანი ჩვენი რწმენის შერყევაა, რაც, საბოლოოდ, იეჰოვას კეთილგანწყობასა და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივას დაგვაკარგვინებს (1 პეტრე 5:8). მიუხედავად ამისა, თუ ღმერთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს და სწრაფად ვრეაგირებთ იმ რჩევებზე, რომლებიც მისი სიტყვისა თუ ორგანიზაციის მეშვეობით გვეძლევა, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი დაგვიცავს სატანის კლანჭებისგან. „თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს“, — წერდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 90:4).
დაუმორჩილებელი ერი მტრის მსხვერპლი ხდება
3. რა შედეგი მოჰყვა ისრაელი ერის მიერ არაერთხელ გამოვლენილ ურჩობას?
3 როდესაც ისრაელი ერი იეჰოვას ემორჩილებოდა, ღმერთი მზრუნველობას არ აკლებდა მათ. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ისინი ივიწყებდნენ შემოქმედს და ეთაყვანებოდნენ ხისა თუ ქვის ღმერთებს, რომლებიც ‘ფუჭნი არიან, არ იფარავენ და არ იხსნიან’ (პირველი მეფეთა 12:21). ასე გრძელდებოდა საუკუნეები; შედეგად კი ერი, მთლიანობაში, ისე ღრმად ჩაეფლო განდგომილებაში, რომ შეუძლებელი გახდა იქიდან თავის დაღწევა. ამიტომაც მოთქვამდა იესო: „იერუსალიმო, იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“ (მათე 23:37, 38).
4. როგორ დადასტურდა ახ. წ. 70 წელს, რომ იეჰოვამ ხელი აიღო იერუსალიმის დაცვაზე?
4 ახ. წ. 70 წელს შექმნილმა სავალალო მდგომარეობამ დაადასტურა, რომ იეჰოვამ შეწყვიტა განდგომილი ისრაელის დაცვა. იმ წელს რომაელთა ჯარი, დროშებით ხელში, რომლებზედაც არწივი იყო გამოსახული, ქორივით დააცხრა იერუსალიმს, რათა ერთიანად ამოეჟლიტა მისი მკვიდრნი. ხალხი პასექს დღესასწაულობდა, რის გამოც ქალაქი გადაჭედილი იყო. მათ უხვად გაღებული შესაწირავებითაც კი ვერ შეძლეს ღვთის გულის მოგება. ეს ტრაგიკული მოვლენები სამუელის სიტყვებს გვახსენებს, რომელმაც ურჩ მეფეს, საულს, უთხრა: „განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება — ცხვრების ლურთებზე“ (პირველი მეფეთა 15:22).
5. როგორ მორჩილებას მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან და საიდან ვიცით, რომ ასეთი მორჩილება შესაძლებელია?
5 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა მტკიცედ მოითხოვს ჩვენგან მისადმი მორჩილებას, მან ისიც შესანიშნავად იცის, რომ არასრულყოფილი ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია (ფსალმუნი 129:3, 4). ჩვენ მოგვეთხოვება წრფელი გული და მორჩილება, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, სიყვარულზე და იმის ჯანსაღ შიშზე, რომ ღმერთი არ გავანაწყენოთ (მეორე რჯული 10:12, 13; იგავნი 16:6; ესაია 43:10; მიქა 6:8; რომაელთა 6:17). იმას, რომ ასეთი მორჩილება შესაძლებელია, ქრისტიანობამდე მცხოვრები „მოწმეთა ღრუბელი“ ადასტურებს. მათ მძიმე განსაცდელებისა და თვით სიკვდილის პირისპირაც კი ერთგულება შეინარჩუნეს (ებრაელთა 11:36, 37; 12:1). მათ ნამდვილად გაუხარეს გული იეჰოვას! (იგავნი 27:11). მაგრამ სხვებმა, რომლებიც ერთ დროს ღვთის ერთგულები იყვნენ, ბოლომდე არ გამოავლინეს მორჩილების სული. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ძველი იუდას მეფე, იოაში, იყო.
მეფე, რომელიც ცუდმა საზოგადოებამ დაღუპა
6, 7. როგორი მეფე იყო იოაში იეჰოიადაყის სიცოცხლეში?
6 მეფე იოაში ბავშვობაში სიკვდილს ძლივს გადაურჩა. როდესაც შვიდი წლის გახდა, მღვდელმთავარმა იეჰოიადაყმა გაბედულება გამოავლინა და გადამალული ბავშვი სამეფო ტახტზე დასვა. ღვთისმოშიში იეჰოიადაყი მამობრივ მზრუნველობას უწევდა იოაშს და მის მრჩევლადაც ითვლებოდა. ამის შედეგი ის იყო, რომ ახალგაზრდა მეფე „სწორად იქცეოდა უფლის თვალში ... იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში“ (მეორე ნეშტთა 22:10—23:1, 11; 24:1, 2).
7 იოაშის მიერ გაკეთებულ კარგ საქმეებში იეჰოვას ტაძრის შეკეთებაც შედიოდა; ეს საქმე „იოაშმა გულით მოიწადინა“. ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად მან მღვდელმთავარ იეჰოიადაყს შეახსენა, რომ საჭირო იყო იუდადან და, მათ შორის, იერუსალიმიდან ტაძრის გადასახადის შეგროვება, რაც მოსეს მიერ იყო დადგენილი. როგორც ჩანს, იეჰოიადაყის მცდელობას — ყმაწვილი მეფისთვის ღვთის რჯული გაეცნო და მისადმი მორჩილება ესწავლებინა — უშედეგოდ არ ჩაუვლია. ამიტომაც, ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები და ტაძრისთვის განკუთვნილი ჭურჭლის დამზადება მალე დასრულდა (მეორე ნეშტთა 24:4, 6, 13, 14; მეორე რჯული 17:18).
8. ა) ძირითადად, რამ განაპირობა იოაშის სულიერი დაცემა? ბ) სადამდე მიიყვანა დაუმორჩილებლობამ იოაში?
8 სამწუხაროდ, იოაშმა ბოლომდე არ გამოავლინა იეჰოვასადმი მორჩილება. რატომ? ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ. მიატოვეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო“. იუდას მთავრებმა იმდენად უარყოფითად იმოქმედეს მეფეზე, რომ მან ღვთის წინასწარმეტყველებსაც კი არ მოუსმინა, რომელთა შორის იეჰოიადაყის ძე, ზაქარიაც, იყო. მან გაბედულად ამხილა იოაში და ხალხი დაუმორჩილებლობის გამო. მონანიების ნაცვლად, იოაშმა ზაქარიას ჩაქოლვა ბრძანა. რამ გაუქვავა გული იოაშს და რამ უბიძგა მას დაუმორჩილებლობისკენ? ცუდმა საზოგადოებამ, რომლის გავლენაშიც ადვილად მოექცა! (მეორე ნეშტთა 24:17—22; 1 კორინთელთა 15:33).
9. როგორ დამტკიცდა იოაშისა და მთავრების შემთხვევაში, რომ დაუმორჩილებლობა უგუნურობაა?
9 რა დაემართათ იოაშსა და იუდას ბოროტ მთავრებს იმის გამო, რომ იეჰოვას განუდგნენ? არამის „მცირეოდენი“ ლაშქარი შეესია იუდას და „გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი“. დამპყრობლებმა აიძულეს მეფე, მათთვის მიეცა მთელი ქონება, ტაძრისთვის განკუთვნილი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ იოაში სიკვდილს გადაურჩა, ის ფიზიკურად დაუძლურდა და დაავადმყოფდა. მალე მისმა მსახურებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს და იოაში სიცოცხლეს გამოასალმეს (მეორე ნეშტთა 24:23—25; მეოთხე მეფეთა 12:18, 19). რა ზუსტად შესრულდა ისრაელზე იეჰოვას სიტყვები: „თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს ... გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა“! (მეორე რჯული 28:15).
მორჩილებამ ბარუქს სიცოცხლე შეუნარჩუნა
10, 11. ა) რატომ არის სასარგებლო, დავფიქრდეთ იმ რჩევაზე, რომელიც იეჰოვამ ბარუქს მისცა? ბ) რა რჩევა მისცა იეჰოვამ ბარუქს?
10 ხანდახან გული ხომ არ გწყდებათ იმის გამო, რომ იმ ადამიანებიდან, რომლებსაც მსახურებაში ხვდებით, ბევრი არანაირ ინტერესს არ ავლენს სასიხარულო ცნობისადმი? ან დროდადრო ხომ არ გშურთ ხოლმე მათი, ვინც მდიდარია და ყველანაირი სურვილის დაკმაყოფილება შეუძლია? თუ ასეა, იფიქრეთ ბარუქზე, იერემიას დამხმარეზე, და იმ რჩევაზე, რომელიც იეჰოვამ მას სიყვარულით მისცა.
11 ბარუქი წინასწარმეტყველების ჩაწერის პროცესში იყო, როდესაც იეჰოვამ თავად მასზე გაამახვილა ყურადღება. რატომ? იმიტომ, რომ ბარუქი უკმაყოფილო იყო თავისი ხვედრით და თავის განსაკუთრებულ დავალებაზე რაღაც უფრო უკეთესი სურდა. როდესაც იეჰოვამ დაინახა ბარუქის ასეთი აზროვნება, მას პირდაპირი და, ამავე დროს, კეთილი რჩევა მისცა: „შენ კი დიდ რასმე მოითხოვ! ნუ მოითხოვ, რადგან აჰა, უბედურება უნდა დავათიო ყოველ ხორციელს ... შენ კი საკუთარ სიცოცხლეს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ“ (იერემია 36:4; 45:5).
12. რატომ უნდა მოვერიდოთ ამ წუთისოფელში „დიდი რამისკენ“ სწრაფვას?
12 ხედავთ იეჰოვას მიერ ბარუქის მისამართით ნათქვამი სიტყვებიდან, როგორ ზრუნავდა იეჰოვა ამ კარგ ადამიანზე, რომელიც იერემიას გვერდით ერთგულად და გაბედულად ემსახურებოდა ღმერთს? იეჰოვა დღესაც ცდილობს დაეხმაროს მათ, რომლებსაც ამ წუთისოფელში უკეთესი ცხოვრების მოწყობის ცდუნება იტაცებთ. საბედნიეროდ, ბარუქის მსგავსად, ბევრმა ყურად იღო სულიერად მოწიფული ძმებისგან მიცემული კეთილი რჩევა (ლუკა 15:4—7). დიახ, მოდი ყველამ გავითავისოთ, რომ მათთვის, რომლებიც ამ სისტემაში „დიდ რამეს“ ეძებენ, მომავალი არ არსებობს. ისინი არა მარტო ვერ იპოვიან ნამდვილ ბედნიერებას, უფრო მეტიც, მალე ამ წუთისოფელსა და მის გულისთქმებთან ერთად განადგურდებიან (მათე 6:19, 20; 1 იოანე 2:15—17).
13. თავმდაბლობის გამოვლენის რა მაგალითს გვაძლევს ბარუქი?
13 ბარუქის შემთხვევა თავმდაბლობის გამოვლენის კარგ მაგალითს გვაძლევს. ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვა პირდაპირ კი არ ელაპარაკა ბარუქს, არამედ რჩევა იერემიას მეშვეობით მისცა, რომლის ნაკლოვანებებიცა და ხასიათის თავისებურებებიც, თავისთავად ცხადია, ბარუქისთვის ცნობილი იქნებოდა (იერემია 45:1, 2). მაგრამ ბარუქი სიამაყეს არ დაუბრმავებია. მან დაინახა, რომ სინამდვილეში იეჰოვასგან მომდინარეობდა რჩევა და თავმდაბლურად მიიღო ის (მეორე ნეშტთა 26:3, 4, 16; იგავნი 18:12; 19:20). ასე რომ, თუ შეუგნებლად ვდგამთ არასწორ ნაბიჯს და ღვთის სიტყვიდან საჭირო რჩევას გვაძლევენ, მოდი ბარუქის მსგავსად, მოწიფულობა, სულიერი გამჭრიახობა და თავმდაბლობა გამოვავლინოთ (გალატელთა 6:1).
14. რატომ არის ჩვენთვის სასარგებლო, დავემორჩილოთ უხუცესებს?
14 ჩვენი მხრიდან თავმდაბლობის გამოვლენა იმათაც ეხმარება, ვინც რჩევებს გვაძლევს. ებრაელთა 13:17 ამბობს: „მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის“. უხუცესები ხშირად მთელი გულით ლოცულობენ და იეჰოვას გაბედულებას, სიბრძნესა და ტაქტიანობას სთხოვენ, რომ მწყემსის მოვალეობის ეს რთული ნაწილი შეასრულონ. ამიტომ, მოდი ‘ვცნოთ ასეთები’ (1 კორინთელთა 16:18).
15. ა) როგორ დაამტკიცა იერემიამ, რომ ენდობოდა ბარუქს? ბ) რით დაჯილდოვდა ბარუქი მორჩილების თავმდაბლურად გამოვლენისთვის?
15 აშკარაა, რომ ბარუქმა შეიცვალა აზროვნება, რაც იქიდან ჩანს, რომ იერემიამ შემდგომში ძალიან რთული დავალება მისცა; კერძოდ, წასულიყო ტაძარში და ხმამაღლა წაეკითხა ის განაჩენი, რომელიც თავად ჩაწერა იერემიას კარნახით. დაემორჩილა ბარუქი იერემიას? დიახ, მან ყველაფერი ისე გააკეთა, „როგორც დაავალა მას იერემია წინასწარმეტყველმა“. იგივე ცნობა მან იერუსალიმის მთავრებსაც კი წაუკითხა, რაც, ეჭვგარეშეა, დიდ გაბედულებას მოითხოვდა (იერემია 36:1—6, 8, 14, 15). როდესაც 18 წლის შემდეგ ბაბილონელებმა იერუსალიმი აიღეს, წარმოიდგინეთ, რა მადლიერი იქნებოდა ბარუქი გადარჩენისთვის, რაც იმის შედეგი იყო, რომ მან ყურად იღო იეჰოვას გაფრთხილება და შეწყვიტა „დიდი რამისკენ“ სწრაფვა (იერემია 39:1, 2, 11, 12; 43:6).
გადარჩენა, რომელიც ალყის დროს გამოვლენილ მორჩილებას მოჰყვა
16. როგორ გამოავლინა იეჰოვამ თანაგრძნობა იუდეველებისადმი ძვ. წ. 607 წელს, როდესაც ბაბილონელებმა იერუსალიმი ალყაში მოაქციეს?
16 ღვთის თანაგრძნობა მორჩილი ადამიანებისადმი კიდევ ერთხელ გამოვლინდა იერუსალიმის განადგურებისას, ძვ. წ. 607 წელს. როდესაც იერუსალიმი ალყაში იყო მოქცეული, იეჰოვამ უთხრა იუდეველებს: „აჰა, დამიდევს თქვენს წინაშე სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა. ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება. ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომელთაც ალყაში ვყავართ, გადარჩება და ნადავლად ექნება საკუთარი სიცოცხლე“ (იერემია 21:8, 9). მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმის მკვიდრნი განადგურებას იმსახურებდნენ, იეჰოვამ ამ კრიტიკულ მომენტშიც კი თანაგრძნობა გამოავლინა მათ მიმართ, ვინც დაემორჩილა ამ მოწოდებასb.
17. ა) რომელ ორ საკითხში გამოიცადა იერემია მორჩილებასთან დაკავშირებით? ბ) რა მხრივ არის ჩვენთვის სასარგებლო იერემიას ვაჟკაცური მორჩილების მაგალითი?
17 ეჭვგარეშეა, იუდეველებისთვის იმის თქმით, რომ მტერს ჩაჰბარებოდნენ, იერემიას მორჩილებაც იცდებოდა. დავიწყოთ იმით, რომ იერემია ღვთის სახელის გულმოდგინე დამცველი იყო. მას არ უნდოდა, რომ მტრებს, რომლებიც გამარჯვებას უსიცოცხლო კერპებს მიაწერდნენ, ღვთის სახელი შეელახათ (იერემია 50:2, 11; გოდება იერემიასი 2:16). გარდა ამისა, იერემიამ იცოდა, რომ თუ ხალხს ეტყოდა, მტერს ჩაჰბარებოდნენ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ჩაიგდებდა; ბევრი მის სიტყვებს არასწორად გაიგებდა და მეამბოხედ შერაცხავდა. მაგრამ მას არ შეშინებია და მორჩილად აუწყებდა იეჰოვას სიტყვებს (იერემია 38:4, 17, 18). იერემიას მსგავსად, ჩვენც ისეთ ცნობას ვქადაგებთ, რომელიც ხალხს ნაკლებად სიამოვნებს. ზუსტად ამ ცნობის გამო შეიძულეს იესო (ესაია 53:3; მათე 24:9). ასე რომ, მოდი ნუ ‘შეგვეშინდება ხალხის’. იერემიას მსგავსად, ვაჟკაცურად დავემორჩილოთ იეჰოვას და მთლიანად მივენდოთ მას (იგავნი 29:25).
მორჩილება „გოგის“ თავდასხმისას
18. როგორ გამოიცდება იეჰოვას მსახურების მორჩილება?
18 მალე სატანის ბოროტი სისტემა მთლიანად განადგურდება არნახულ „დიდ გასაჭირში“ (მათე 24:21). უდავოა, რომ ღვთის ხალხის რწმენასა და მორჩილებას მანამდეც და „დიდი გასაჭირის“ პერიოდშიც დიდი გამოცდა ელის. მაგალითად, ბიბლია გვეუბნება, რომ სატანა, „გოგ მაგოგელი“, „ურიცხვი ლაშქრით“ ანუ მთელი ძალით, „როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი“, იეჰოვას მსახურების წინააღმდეგ გაილაშქრებს (ეზეკიელი 38:2, 14—16). ეს რიცხობრივად მცირე და შეუიარაღებელი ხალხი თავშესაფარს იეჰოვას „ფრთებქვეშ“ დაუწყებს ძებნას; ის კი შეიფარებს თავის მორჩილებს და გადაარჩენს.
19, 20. ა) რატომ იყო მორჩილების გამოვლენა ისრაელებისთვის მნიშვნელოვანი მეწამულ ზღვასთან? ბ) რა მხრივ არის დღეს ჩვენთვის სასარგებლო ამ მოვლენებზე ლოცვით დაფიქრება?
19 ეს სიტუაცია ეგვიპტიდან ისრაელების გამოსვლას მოგვაგონებს. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ეგვიპტელებს ათი გამანადგურებელი სასჯელი დაატეხა თავს, თავისი ხალხი მოკლე გზით კი არ წაიყვანა აღთქმული მიწისკენ, არამედ — მეწამული ზღვის მიმართულებით, სადაც მდევარს ადვილად შეეძლო ჩიხში მოექცია ისინი. სტრატეგიული თვალსაზრისით, ამ გზით წასვლა დამღუპველი ჩანდა. იმ დროს იქ რომ ყოფილიყავით, ბოლომდე დაემორჩილებოდით იეჰოვას სიტყვას, რომელიც მან მოსეს მეშვეობით განაცხადა? დაადგებოდით მეწამული ზღვისკენ მიმავალ გზას, თუ გეცოდინებოდათ, რომ აღთქმული მიწა სულ სხვა მხარეს იყო? (გამოსვლა 14:1—4).
20 როდესაც გამოსვლის მე-14 თავს ვკითხულობთ, ვხედავთ, რა შიშისმომგვრელი ძალით იხსნა იეჰოვამ თავისი ერი. როგორ გვიმტკიცებს რწმენას ასეთი შემთხვევების კითხვა და მათზე დაფიქრება! (2 პეტრე 2:9). ძლიერი რწმენა იეჰოვასადმი მორჩილების გამოვლენაში მაშინაც გვეხმარება, როდესაც მისი მოთხოვნები ადამიანური თვალსაზრისით უცნაური გვეჩვენება. ასე რომ, ჰკითხე საკუთარ თავს: „ვცდილობ რწმენაში გაძლიერებას ბიბლიის გულმოდგინე შესწავლით, ლოცვითა და წაკითხულზე დაფიქრებით?“ (ებრაელთა 10:24, 25; 12:1—3).
მორჩილება იმედს გვინერგავს
21. რა ჯილდო მოელით იეჰოვას მორჩილებს ახლაც და მომავალშიც?
21 იეჰოვას მორჩილები დღესვე გრძნობენ იგავნის 1:33-ში ჩაწერილი სიტყვების შესრულებას, სადაც ნათქვამია: „ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება“. რა შესანიშნავად მიესადაგება ეს მანუგეშებელი სიტყვები იეჰოვას მომავალ შურისგების დღეს! სინამდვილეში, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:28). ნათელია, ამ სიტყვებს სრული ნდობით ყურადღებას მხოლოდ ღვთის მორჩილნი მიაქცევენ (მათე 7:21).
22. ა) ნდობის რა მიზეზი აქვს იეჰოვას ხალხს? ბ) რა საკითხს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
22 ნდობას ისიც გვიმტკიცებს, რომ „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3:7). დღესდღეობით იეჰოვა აღარ იყენებს წინასწარმეტყველებს, როგორც ამას წარსულში აკეთებდა. მაგრამ მან „ერთგულ მონას“ დაავალა, დროულად მიეწოდებინა სულიერი საკვები თავისი სახლეულისთვის (მათე 24:45—47). ამიტომ, რამდენად მნიშვნელოვანია, სწორი განწყობა გვქონდეს ამ „მონის“ მიმართ და ვემორჩილებოდეთ მას! როგორც მეორე სტატიიდან გავიგებთ, ასეთი მორჩილება იმაზეც ახდენს გავლენას, თუ რა განწყობა გვაქვს იესოსადმი — „მონის“ ბატონისადმი. იესო კი ის არის, ვისაც „დაემორჩილებიან ... ხალხები“ (დაბადება 49:10, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა [ბსგ]).
[სქოლიოები]
a მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ქათამს მშიშარა ფრინველად მიიჩნევენ, „კრუხი სიკვდილამდე იბრძვის თავისი წიწილების დასაცავად“, — ნათქვამია ცხოველთა დაცვის საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პუბლიკაციაში.
b იერემიას 38:19 გვიჩვენებს, რომ ზოგი იუდეველი „ქალდეველთა მხარეზე“ გადავიდა. ამით მათ ტყვეობას თავი ვერ დააღწიეს, მაგრამ სიცოცხლე შეინარჩუნეს. ჩვენთვის უცნობია, რატომ ჩაჰბარდნენ ისინი მტერს — იერემიას სიტყვების თუ სხვა მიზეზის გამო. მიუხედავად ამისა, მათი გადარჩენა წინასწარმეტყველის სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს.
-
-
ისწავლეთ მორჩილება იმ დროს, როცა აღსასრული ახლოვდებასაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 ოქტომბერი
-
-
ისწავლეთ მორჩილება იმ დროს, როცა აღსასრული ახლოვდება
«დაემორჩილებიან მას [„შილოს“, აქ] ხალხები» (დაბადება 49:10, ბსგ).
1. ა) ხშირად რა იგულისხმებოდა იეჰოვასადმი მორჩილებაში წარსულში? ბ) რა წინასწარმეტყველება წარმოთქვა იაკობმა მორჩილებასთან დაკავშირებით?
იეჰოვასადმი მორჩილებაში ხშირად მისი წარმომადგენლებისადმი მორჩილება იგულისხმებოდა. წარმომადგენლებში შედიოდნენ ანგელოზები, პატრიარქები, მსაჯულები, მღვდლები, წინასწარმეტყველები და მეფეები. ისრაელის მეფეების ტახტს იეჰოვას ტახტიც კი ეწოდებოდა (პირველი ნეშტთა 29:23). მაგრამ, სამწუხაროდ, ისრაელის ბევრი მმართველი ღმერთს არ ემორჩილებოდა, რასაც უბედურება მოჰქონდა როგორც მათთვის, ისე მათი ქვეშევრდომებისთვის. მიუხედავად ამისა, იეჰოვას უიმედოდ არასოდეს დაუტოვებია თავისი ერთგული მსახურები; ის მათ ანუგეშებდა დანაპირებით, რომ მოუვლენდა მართალ მეფეს, რომელსაც ღვთის მსახურები სიხარულით დაემორჩილებოდნენ (ესაია 9:5, 6). პატრიარქი იაკობი სიკვდილის პირას იყო, როდესაც ამ მომავალი მმართველის შესახებ იწინასწარმეტყველა: «არ მოსცილდება კვერთხი იუდას და მბრძანებელს არგანი დარჩება მის ფეხთა შორის, ვიდრე არ მოვა ვისაც ის ეკუთვნის [„შილო“, აქ] და დაემორჩილებიან მას ხალხები!» (დაბადება 49:10, ბსგ).
2. რას ნიშნავს სიტყვა „შილო“ და ვისზე გავრცელდებოდა მისი სამეფო მმართველობა?
2 „შილო“ ებრაული სიტყვაა და ნიშნავს: „ის, ვისიც არის“ ან „ის, ვისაც ეკუთვნის“. დიახ, „შილო“ მმართველობის სრულ უფლებას მიიღებდა, რასაც კვერთხი ასიმბოლოებს და იქნებოდა მბრძანებელი, როგორც ამაზე არგანი მიუთითებს. უფრო მეტიც, მისი სამეფო მმართველობა არა მარტო იაკობის შთამომავლებზე, არამედ მთელი მსოფლიოს „ხალხებზე“ გავრცელდებოდა. ეს სიტყვები შეესაბამება იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემულ აღთქმას: „დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს; იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი“ (დაბადება 22:17, 18). ახ. წ. 29 წელს იეჰოვამ ნათელი გახადა, ვინ იყო „თესლი“, როდესაც იესო ნაზარეველი სულიწმიდით სცხო (ლუკა 3:21—23, 34; გალატელთა 3:16).
იესოს პირველი სამეფო
3. რა გაგებით დაიწყო იესომ მმართველობა ზეცად ამაღლების შემდეგ?
3 ზეცად ამაღლების შემდეგ იესოს მაშინვე არ აუღია ხელში მსოფლიოს ხალხებზე მმართველობის კვერთხი (ფსალმუნი 109:1). მაგრამ მან მიიღო „სამეფო“ და თავის მორჩილ ქვეშევრდომებზე დაიწყო მმართველობა. მოციქულმა პავლემ დააკონკრეტა რომელ სამეფოზე იყო ლაპარაკი, როცა დაწერა: „[ღმერთმა] გვიხსნა [სულით ცხებული ქრისტიანები] სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლასელთა 1:13). ეს დახსნა ახ. წ. 33 წელს პასექის დღესასწაულზე დაიწყო, როდესაც სულიწმიდა იესოს ერთგულ მიმდევრებზე გადავიდა (საქმეები 2:1—4; 1 პეტრე 2:9).
4. რა მხრივ ავლენდნენ მორჩილებას იესოს პირველი მოწაფეები და რომელი სახელით მოიხსენია იესომ ეს ჯგუფი?
4 სულითცხებულმა მოწაფეებმა, როგორც „ქრისტესმიერმა ელჩებმა“, მორჩილად დაიწყეს მათი თავმოყრა, რომლებიც იმავე სულიერი სამეფოს „თანამოქალაქენი“ გახდებოდნენ (2 კორინთელთა 5:20; ეფესელთა 2:19; საქმეები 1:8). ამასთანავე, ისინი ბოლომდე უნდა ყოფილიყვნენ „გაერთიანებული ... გონებით და აზრით“, რათა თავიანთი მეფის, იესო ქრისტეს, მოწონება დაემსახურებინათ (1 კორინთელთა 1:10). როგორც ჯგუფი, ისინი შეადგენდნენ „ერთგული და გონიერი მონის“ ანუ ერთგული „განმგებლის“ კლასს (მათე 24:45; ლუკა 12:42).
კურთხევები ღვთის „განმგებლის“ მორჩილთათვის
5. როგორ ასწავლიდა იეჰოვა თავის ხალხს უძველესი დროიდან მოყოლებული?
5 იეჰოვა ყოველთვის უზრუნველყოფდა თავის ხალხს მასწავლებლებით. მაგალითად, იუდეველების ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ, ეზრა და რჯულის მცოდნე სხვა მამაკაცები არა მარტო უკითხავდნენ ხალხს ღვთის რჯულს, არამედ „განმარტავდნენ“ მას (ნეემია 8:8).
6, 7. როგორ გვაძლევს „მონა“ ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით დროულ სულიერ საზრდოს და რატომ არის მართებული „მონისადმი“ მორჩილება?
6 ახ. წ. 49 წელს, როდესაც წინადაცვეთის საკითხი წამოიჭრა, მონის კლასის იმდროინდელმა წარმომადგენელმა ხელმძღვანელმა საბჭომ ლოცვით იმსჯელა მასზე და საღვთო წერილის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც ის კრებებს წერილობითი სახით აცნობეს, ყველა დაემორჩილა მას; შედეგად კი უხვად მიიღეს ღვთის კურთხევები (საქმეები 15:6—15, 22—29; 16:4, 5). მსგავსად ამისა, ჩვენს დღეებშიც ერთგულმა მონამ ხელმძღვანელი საბჭოს მეშვეობით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოჰფინა ნათელი, როგორიცაა: ქრისტიანული ნეიტრალიტეტი, სისხლის სიწმინდე, ნარკოტიკებისა და თამბაქოს გამოყენება (ესაია 2:4; საქმეები 21:25; 2 კორინთელთა 7:1). ღვთის სიტყვისა და ერთგული მონისადმი მორჩილების გამო, იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი.
7 „მონისადმი“ მორჩილება, თავისთავად, იმაზეც მეტყველებს, რომ ღვთის ხალხი თავის ბატონს, იესო ქრისტეს, ემორჩილება. ასეთი მორჩილება დღეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იესოს ამჟამად უფრო დიდი ძალაუფლება აქვს, როგორც ეს სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა იწინასწარმეტყველა.
„შილო“ დედამიწის სრულუფლებიანი მმართველი ხდება
8. როგორ და როდის მიიღო ქრისტემ უფრო მეტი ძალაუფლება?
8 იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ „შილოს“ ‘ხალხები დაემორჩილებოდნენ’. უდავოა, რომ ქრისტეს მმართველობა მხოლოდ სულიერი ისრაელით არ უნდა შემოფარგლულიყო. რამდენად ყოვლისმომცველი იქნებოდა ის? გამოცხადების 11:15 ამბობს: «წუთისოფლის [„ქვეყნიერების“, აქ] სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე». ბიბლია გვიმჟღავნებს, რომ იესომ ძალაუფლება ნაწინასწარმეტყველები „შვიდი დროის“ ანუ „წარმართთა ჟამის“ დასასრულს, 1914 წელს მიიღოa (დანიელი 4:13, 14; ლუკა 21:24). იმ წელს, როდესაც მოვიდა მისი დრო, ‘ებატონა მტერთა შორის’, ქრისტე უხილავად მოვიდა, როგორც მესიანური მეფე (მათე 24:3; ფსალმუნი 109:2).
9. რა გააკეთა იესომ სამეფოს მიღებისთანავე და როგორ იმოქმედა ამან კაცობრიობაზე, განსაკუთრებით კი ქრისტეს მოწაფეებზე?
9 სამეფო ძალაუფლების მიღებისთანავე იესომ სატანა — ყველაზე ურჩი ქმნილება — თავის დემონებთან ერთად ზეციდან დედამიწაზე გადმოყარა. მას შემდეგ ამ ბოროტმა სულებმა კაცობრიობას არნახული უბედურებები დაატეხეს თავს; ამასთან, ისინი ისეთ გარემოს ქმნიან, რომელიც სულ უფრო და უფრო ართულებს იეჰოვასადმი მორჩილებას (გამოცხადება 12:7—12; 2 ტიმოთე 3:1—5). ფაქტობრივად, ამ სულიერ ომში სატანის ძირითადი სამიზნეები არიან იეჰოვას ცხებულები, „რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა“, და მათი თანამოაზრე „სხვა ცხვრები“ (გამოცხადება 12:17; იოანე 10:16).
10. ბიბლიის რომელი წინასწარმეტყველების შესრულება იძლევა იმის გარანტიას, რომ სატანა ვერ მიაღწევს წარმატებას ჭეშმარიტ ქრისტიანებთან ბრძოლაში?
10 სატანა განწირულია დასაღუპავად, რადგან „უფლის დღეს“ იესოს ხელს ვერაფერი შეუშლის ‘გამარჯვებაში’ (გამოცხადება 1:10; 6:2). ის საბოლოოდ დაასვამს ბეჭედს სულიერი ისრაელის 144000 წევრს და დაიცავს ‘უამრავ ხალხს, რომლის დათვლა არავის შეუძლია, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან’ (გამოცხადება 7:1—4, 9, 14—16). მაგრამ ცხებულებისგან განსხვავებით, ეს უამრავი ხალხი იესოს მიწიერი მორჩილი ქვეშევრდომი გახდება (დანიელი 7:13, 14). მათი არსებობა აშკარად ამტკიცებს, რომ „შილო“ ნამდვილად „ქვეყნიერების სამეფოს“ მმართველია (გამოცხადება 11:5).
ახლაა დრო ‘დავემორჩილოთ სასიხარულო ცნობას’
11, 12. ა) ვინ გადარჩება ამ სისტემის აღსასრულისას? ბ) როგორი პიროვნული თვისებები უვითარდებათ მათ, რომლებიც „წუთისოფლის სულით“ არიან გაჟღენთილი?
11 ყველამ, ვისაც მარადიული სიცოცხლე სურს, უნდა ისწავლოს მორჩილება, რადგან ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ ისინი, «ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას [„სასიხარულო ცნობას“, აქ]», ვერ გადარჩებიან ღვთის შურისგების დღეს (2 თესალონიკელთა 1:8). მაგრამ ბოროტი ქვეყნიერება და ღვთის კანონებისა და პრინციპებისადმი მისთვის დამახასიათებელი დაუმორჩილებლობის სული ართულებს სასიხარულო ცნობისადმი მორჩილებას.
12 ბიბლია ღვთისადმი დაუმორჩილებლობის სულს „წუთისოფლის სულს“ უწოდებს (1 კორინთელთა 2:12). მოციქულმა პავლემ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ეფესელებს წერილში აუხსნა, როგორ მოქმედებდა წუთისოფლის სული ადამიანებზე: „ოდესღაც იარებოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრის, იმ სულის ნებით, ამჟამად ურჩ შვილებში რომ მოქმედებს. ჩვენც ყველანი მათ შორის ვცხოვრობდით ოდესღაც ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გონების ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით სხვების მსგავსად“ (ეფესელთა 2:2, 3).
13. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს, შეეწინააღმდეგონ წუთისოფლის სულს და რა დადებითი შედეგი მოჰყვება ამას?
13 საბედნიეროდ, ეფესელი ქრისტიანები არ დარჩენილან დაუმორჩილებლობის სულის მონობაში. პირიქით, ღვთის სულისადმი დაქვემდებარებით ღვთის მორჩილი შვილები გახდნენ და შედეგად უხვ და სასარგებლო ნაყოფს იმკიდნენ (გალატელთა 5:22, 23). ღვთის სული — სამყაროში არსებული უძლიერესი ძალა — დღესაც ეხმარება მილიონებს, დაემორჩილონ იეჰოვას, რათა „სრულიად და ბოლომდე დარწმუნებული იყვნენ იმედში“ (ებრაელთა 6:11, აქ; ზაქარია 4:6).
14. როგორ გააფრთხილა იესომ უკანასკნელ დღეებში მცხოვრები ქრისტიანები იმ განსაკუთრებული პრობლემების შესახებ, რომლებითაც მათი მორჩილება გამოიცდებოდა?
14 ნურც იმას დავივიწყებთ, რომ „შილოს“ სახით ძლიერი მფარველი გვყავს, რომელიც თავის მამასთან ერთად ნებას არ მისცემს მტერს — დემონი იქნება ეს თუ ადამიანი — ჩვენს შესაძლებლობებზე მეტად გამოსცადოს ჩვენი მორჩილება (1 კორინთელთა 10:13). აღსანიშნავია, რომ ამ სულიერ ბრძოლაში დასახმარებლად, იესომ აღწერა ის ძირითადი პრობლემები, რომლებთანაც ამ ბოლო დღეებში მოგვიწევდა გამკლავება. მან ეს ინფორმაცია შვიდი წერილის სახით ხილვაში მისცა იოანეს (გამოცხადება 1:10, 11). რა თქმა უნდა, წერილებში ჩაწერილი მნიშვნელოვანი რჩევები იმდროინდელ ქრისტიანებს ეხებოდა, მაგრამ მასში, ძირითადად, ყურადღება მახვილდებოდა „უფლის დღეზე“, რომელიც 1914 წლიდან დაიწყო. მაშ, რამდენად მართებულია, რომ ყურად ვიღოთ ეს რჩევებიb!
ნუ იქნებით გულგრილი, უზნეო და სიმდიდრის მოყვარული
15. რატომ უნდა დავიცვათ თავი იმ პრობლემისგან, რომელმაც პირველი საუკუნის ეფესოს კრებაზე მოახდინა ზეგავლენა და როგორ შეიძლება ამის გაკეთება? (2 პეტრე 1:5—8).
15 იესოს პირველი წერილი ეფესოს კრებისთვის იყო დაწერილი. იესომ ჯერ შეაქო კრება ამტანობისა და მოთმინებისთვის, შემდეგ კი უთხრა: „მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული“ (გამოცხადება 2:1—4). დღესაც ზოგ, ოდესღაც გულმოდგინე, ქრისტიანს გაუნელდა ის მგზნებარე სიყვარული, რომელიც ერთ დროს ღვთისადმი ჰქონდა. ამას კი შეუძლია შეასუსტოს ღმერთთან მათი ურთიერთობა. ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა გამოსწორდეს მდგომარეობა. როგორ შეიძლება ამ სიყვარულის კვლავ გაღვივება? ბიბლიის რეგულარული შესწავლითა და წაკითხულზე ფიქრით, შეხვედრებზე დასწრებითა და ლოცვით (1 იოანე 5:3). მართალია, ეს ყველაფერი „ყოველ ღონეს“ მოითხოვს, მაგრამ ნამდვილად ღირს ამის გაკეთება (2 პეტრე 1:5—8). თუ საკუთარი თავის გულწრფელი გამოკვლევის შედეგად დაასკვნით, რომ თქვენი პირველი სიყვარული განელდა, დაემორჩილეთ იესოს მოწოდებას: „გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე, და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები“. ასე რომ, სასწრაფოდ გამოასწორეთ სიტუაცია (გამოცხადება 2:5).
16. სულიერობისთვის რა საშიში ზეგავლენა არსებობდა პერგამოსა და თიატირის კრებებში და რატომ არის იესოს მიერ მათი მისამართით ნათქვამი სიტყვები სათანადო დღესაც?
16 იესომ პერგამოსა და თიატირაში მცხოვრები ქრისტიანებიც შეაქო მათი უმწიკვლობის, მოთმინებისა და გულმოდგინების გამო (გამოცხადება 2:12, 13, 18, 19). მაგრამ ისინი იმათ გავლენაში მოექცნენ, ვინც ბალაამისა და იზებელისთვის დამახასიათებელ უზნეო სულს ირეკლავდა. ბალაამმა და იზებელმა ძველი ისრაელის გასახრწნელად უზნეობა და ბაალის თაყვანისცემა გამოიყენეს (რიცხვნი 31:16; მესამე მეფეთა 16:30, 31; გამოცხადება 2:14, 16, 20—23). რა შეიძლება ითქვას იმ დროზე — „უფლის დღეზე“ — რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? შეიმჩნევა მსგავსი გამხრწნელი ზეგავლენა? დიახ, რადგან უმეტეს შემთხვევაში ქრისტიანები უზნეობის გამო ირიცხებიან კრებიდან. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ისეთ ადამიანებს — იქნება ეს კრების შიგნით თუ გარეთ — რომლებიც ზნეობრივად გამხრწნელ ზეგავლენას ახდენენ ჩვენზე! (1 კორინთელთა 5:9—11; 15:33). ისინი, რომლებსაც სურთ „შილოს“ მორჩილი ქვეშევრდომები იყვნენ, უნდა მოერიდონ საეჭვო გართობებსა და პორნოგრაფიას ინტერნეტსა თუ ჟურნალ-გაზეთებში (ამოსი 5:15; მათე 5:28, 29).
17. რით განსხვავდებოდა სარდისა და ლაოდიკიის კრებების წევრთა თვალსაზრისი თავიანთ სულიერ მდგომარეობასთან დაკავშირებით იესოს თვალსაზრისისგან?
17 რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სარდის კრების წევრებს, მთლიანობაში, ქება არ დაუმსახურებიათ. მათ ჰქონდათ „სახელი“, ანუ ერთი შეხედვით ცოცხლების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, მაგრამ სულიერად იმდენად იყვნენ მოდუნებული, რომ იესოსთვის „მკვდრებად“ ითვლებოდნენ. ისინი ფორმალურად ემორჩილებოდნენ სასიხარულო ცნობას. როგორი მხილებაა! (გამოცხადება 3:1—3). ლაოდიკიის კრებაშიც იგივე მდგომარეობა იყო. ის მატერიალური სიმდიდრით იკვეხნიდა და ამბობდა: „მე მდიდარი ვარ“, თუმცა ქრისტესთვის „უბედური ... საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი“ იყო (გამოცხადება 3:14—17).
18. როგორ დავაღწევთ თავს სულიერ მოდუნებას?
18 დღესაც ზოგი, ერთ დროს ღვთის ერთგული ქრისტიანი, ასეთივე დაუმორჩილებლობას ავლენს. შეიძლება წუთისოფლის სულმა მათ დაავიწყა გადაუდებელი მოქმედების აუცილებლობა და, აქედან გამომდინარე, ბიბლიის შესწავლას, ლოცვას, ქრისტიანულ შეხვედრებსა და მსახურებას უხალისოდ ეკიდებიან (2 პეტრე 3:3, 4, 11, 12). რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთები დაემორჩილონ ქრისტეს და ქრისტესგან ‘იყიდონ ცეცხლით განწმენდილი ოქრო’ ანუ დააგროვონ სულიერი სიმდიდრე (გამოცხადება 3:18). ამ ნამდვილ სიმდიდრეში ისიც შედის, რომ ‘გავმდიდრდეთ კეთილი საქმეებით, ვიყოთ გულუხვნი და გამზიარებელნი’. ასეთი, მართლაც ძვირფასი, სულიერი ქონების დაგროვებით, ჩვენ ‘დავიუნჯებთ საუნჯეს მტკიცე საფუძვლად მომავლისათვის, რათა მივაღწიოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ (1 ტიმოთე 6:17—19).
მორჩილთა შექება
19. როგორ შეაქო იესომ სმირნელი და ფილადელფიელი ქრისტიანები და რისკენ მოუწოდა მათ?
19 სმირნისა და ფილადელფიის კრებები მორჩილების ჩინებულ მაგალითს იძლეოდნენ, რადგან იესოს არ გაუკიცხავს ისინი. სმირნის კრების მისამართით იესომ თქვა: „ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, — თუმცა შენ მდიდარი ხარ“ (გამოცხადება 2:9). როგორ განსხვავდებოდნენ ისინი ლაოდიკიის კრების წევრებისგან, რომლებიც ქვეყნიური სიმდიდრით იკვეხნიდნენ, სინამდვილეში კი ღარიბ-ღატაკნი იყვნენ! ცხადია, ეშმაკს არ უხაროდა, როდესაც ვინმე ერთგულებასა და მორჩილებას ავლენდა ქრისტესადმი. ამიტომ იესო აფრთხილებდა მათ: „ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10). მსგავსად, იესომ ფილადელფიელებიც შეაქო: „შეინახე ჩემი სიტყვა [ანუ დამემორჩილე] და არ უარყავი ჩემი სახელი. აჰა, მოვალ მალე; გეპყრას, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი“ (გამოცხადება 3:8, 11).
20. როგორ დაიცვა ჩვენს დღეებში ბევრმა იესოს სიტყვა და რა განსაცდელებს გაუძლეს მათ?
20 „უფლის დღესაც“, რომელიც 1914 წლიდან დაიწყო, ერთგულ ცხებულთა დარჩენილმა ნაწილმა და მათმა თანამსახურმა სხვა ცხვრებმა, რომელთა რიცხვიც დღეს რამდენიმე მილიონს შეადგენს, გულმოდგინე მსახურებითა და უმწიკვლობის შენარჩუნებით დაიცვეს იესოს სიტყვა. პირველ საუკუნეში მცხოვრები ძმების მსგავსად, ზოგმა მძიმე განსაცდელი გადაიტანა ქრისტესადმი მორჩილების გამო. მათ ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებშიც კი მოუწიათ ყოფნა. სხვებმა იესოს სიტყვა ‘თვალის სუფთად’ შენახვით დაიცვეს მიუხედავად იმისა, რომ ფუფუნების მოყვარული და გაუმაძღარი საზოგადოების გარემოცვაში ცხოვრობდნენ (მათე 6:22, 23). დიახ, ჭეშმარიტი ქრისტიანები ნებისმიერ პირობებსა და ვითარებაში ავლენენ მორჩილებას და გულს უხარებენ იეჰოვას (იგავნი 27:11).
21. ა) რომელი სულიერი ვალდებულების შესრულებას განაგრძობს მონის კლასი? ბ) როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად გვსურს, დავემორჩილოთ „შილოს“?
21 დიდი გასაჭირი სულ უფრო და უფრო გვიახლოვდება. „ერთგულ და გონიერ მონას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ბოლომდე დაემორჩილოს ქრისტეს — თავის ბატონს. ამაში ღვთის სახლეულისთვის დროული სულიერი საზრდოს მომზადებაც შედის. მაშ, მოდი მადლიერება გამოვავლინოთ იეჰოვას საოცარი თეოკრატიული ორგანიზაციისა და მის მიერ მოწოდებული სულიერი საკვებისადმი. ამგვარად დავემორჩილებით „შილოს“, რომელიც ყველა მის მორჩილ ქვეშევრდომს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (მათე 24:45—47; 25:40; იოანე 5:22—24).
[სქოლიოები]
a „შვიდი დროის“ დაწვრილებითი ახსნა იხილეთ წიგნ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნების“ მეათე თავში; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
b შვიდივე წერილის დეტალურად განსახილველად იხილეთ წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ [რუს.], 33-ე გვერდიდან დაწყებული; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
-