საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „იცოდე, ვის როგორი პასუხი გასცე“
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • „იცოდე, ვის როგორი პასუხი გასცე“

      ზოგი შეკითხვა ჰგავს აისბერგს, რომლის მთავარი ნაწილი წყლითაა დაფარული. ხშირად შეკითხვაზე მნიშვნელოვანი ის საკითხია, რომელიც მას უდევს საფუძვლად ანუ მის მიღმა იმალება.

      უნდა განსაზღვრო, რის თქმაა საჭირო და რა კუთხით მიუდგე საკითხს მაშინაც კი, თუ მოუთმენლად ელიან პასუხს (იოან. 16:12). იესოსა და მისი მოციქულების საუბრიდან ჩანს, რომ ადამიანი ზოგჯერ შეიძლება იმითაც დაინტერესდეს, რაც მას არ ეხება ან სულაც არ არის მისთვის სასარგებლო (საქ. 1:6, 7).

      ბიბლია გვირჩევს: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლ. 4:6). ამიტომაც, პასუხის გაცემამდე მხოლოდ იმაზე კი არ უნდა დავფიქრდეთ, თუ რა ვთქვათ, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვთქვათ.

      განსაზღვრე, რატომ წამოიჭრა შეკითხვა

      სადუკეველებმა სიტყვაში დაჭერის მიზნით იესოს ჰკითხეს, როგორ გადაწყდებოდა რამდენიმეჯერ გათხოვილი ქალის საკითხი აღდგომისას. იესომ იცოდა, რომ, სინამდვილეში, მათ არ სწამდათ აღდგომა. ამიტომ პასუხის გაცემისას ის შეეხო სწორედ იმ მცდარ თვალსაზრისს, რომლის გამოც შეკითხვა წამოიჭრა. მიზანმიმართული მსჯელობითა და წმინდა წერილებიდან კარგად ცნობილი შემთხვევის მოყვანით იესომ მათ დაანახვა ის, რაზეც მანამდე არასდროს დაფიქრებულან. მან დაასაბუთა, რომ ღმერთს ნამდვილად აქვს განზრახული მკვდრების აღდგენა. მისმა პასუხმა იმდენად განაცვიფრა სადუკეველები, რომ ვეღარ გაბედეს სხვა შეკითხვის დასმა (ლუკ. 20:27—40).

      იმისათვის, რომ იცოდე, ვის როგორი პასუხი გასცე, შენც უნდა განსაზღვრო, რატომ წამოიჭრა საკითხი და რა აინტერესებს ადამიანს. მაგალითად, შეიძლება თანაკლასელმა ან თანამშრომელმა გკითხოს, რატომ არ აღნიშნავ ახალ წელს. რატომ დაგისვა ეს შეკითხვა? მართლა მიზეზი აინტერესებს თუ უბრალოდ იმის გაგება უნდა, ნებადართულია თუ არა შენთვის გართობა? ამის გამოსარკვევად შეგიძლია ჰკითხო, რატომ გეკითხება ამას. შემდეგ კი შესაბამისად უპასუხე. შეგიძლია ისარგებლო შემთხვევით და ისიც აუხსნა, თუ როგორ გვიცავს ბიბლიური რჩევები იმედგაცრუებისგან, რომლის მიზეზიც ხალხისთვის ტვირთად ქცეული დღესასწაულებია.

      ვთქვათ გაკვეთილზე ან ლექციაზე თანაკლასელების ან თანაკურსელების წინაშე უნდა ილაპარაკო იეჰოვას მოწმეებზე. ბოლოს ისინი ალბათ შეკითხვებს დაგისვამენ. თუ შეკითხვა გულწრფელი და პირდაპირია, საუკეთესო იქნება მოკლე და კონკრეტული პასუხი. იმ შემთხვევაში კი, თუ შეკითხვაში ამჩნევ საზოგადოებაში შექმნილი არასწორი აზრების გავლენას, უკეთესი იქნება, პასუხის გაცემამდე მოკლედ ისაუბრო იმაზე, თუ რა აყალიბებს ასეთი საკითხების შესახებ საზოგადოებრივ აზრს. შემდეგ კი ახსენი, რატომ მიმართავენ იეჰოვას მოწმეები ბიბლიას. ხშირად უმჯობესია, შეკითხვაში მსმენელისთვის საჭირბოროტო საკითხი დაინახო და არ აღიქვა ის დაპირისპირებად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნამდვილად დაპირისპირების მიზნით არის დასმული. პასუხის გაცემით შესაძლებლობა გეძლევა, მსმენელს სრული სურათი დაანახვო, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდო და აუხსნა, რომ ჩვენი რწმენა ბიბლიაზეა დაფუძნებული.

  • „იცოდე, ვის როგორი პასუხი გასცე“
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • გაითვალისწინე, რა თვალსაზრისი აქვს მოსაუბრეს ბიბლიის შესახებ

      როდესაც პასუხზე ფიქრობ, კარგი იქნება, მხედველობაში მიიღო, რას ფიქრობს წმინდა წერილებზე შენი მოსაუბრე. იესო სწორედ ასე მოიქცა, როდესაც სადუკეველებმა მკვდრეთით აღდგომის თაობაზე ჰკითხეს. მან იცოდა, რომ სადუკეველები მხოლოდ მოსეს წიგნებს აღიარებდნენ, ამიტომაც მსჯელობის საფუძვლად ხუთწიგნეული აიღო და პასუხის გაცემა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა“ (ლუკ. 20:37). მსგავსად ამისა, უმჯობესია, ბიბლიის იმ წიგნებიდან მოიყვანო მუხლები, რომლებსაც შენი მსმენელი აღიარებს და იცნობს.

      როგორ უნდა მოიქცე, თუ მოსაუბრე ბიბლიას არ აღიარებს? დააკვირდი, როგორ მოიქცა პავლე მოციქული არეოპაგში, საქმეების 17:22—31-ში გადმოცემული შემთხვევის დროს. თუმცა ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე საუბრობდა, პირდაპირ ბიბლიიდან არ მოჰყავდა მუხლები. საჭიროების შემთხვევაში, შენც შეგიძლია ამის გაკეთება. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე საუბრის შემდეგ მოგეცემა ბიბლიის გადაშლის შესაძლებლობა. ამ დროს გონივრული იქნება, უბრალოდ ის კი არ აღნიშნო, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა, არამედ მოიხსენიო ზოგიერთი მიზეზი, თუ რატომ იმსახურებს ბიბლია ჩვენს ყურადღებას. ნებისმიერ შემთხვევაში, შენი მიზანია, ადამიანს ღვთის განზრახვები აუწყო და დაანახვო, რა არის ბიბლიაში ნათქვამი. ბიბლიის სიტყვები ჩვენს სიტყვებზე ბევრად უფრო დამაჯერებელია (ებრ. 4:12).

      „ყოველთვის მადლიანი“

      თუ გავითვალისწინებთ იეჰოვას დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ, ბიბლია მართლაც რომ საფუძვლიანად მოგვიწოდებს მის მსახურებს: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული“ (კოლ. 4:6; გამ. 34:6). ეს იმას ნიშნავს, რომ საუბრის დროს ყველას მიმართ უნდა გამოვავლინოთ სიკეთე, მაშინაც კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ მოსაუბრე ამას არ იმსახურებს. ყოველთვის თავაზიანები უნდა ვიყოთ და არასდროს უნდა ვილაპარაკოთ უხეშად ან უტაქტოდ.

      ადამიანებს უამრავი საზრუნავი აქვთ და საკუთარი თავის მისამართით ყოველდღიურად ესმით უხეში სიტყვები. როდესაც კარდაკარ ვქადაგებთ, შეიძლება მათ თავადაც უხეშად მოგვმართონ. ჩვენ როგორღა უნდა ვუპასუხოთ? ბიბლიაში ნათქვამია: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“. მშვიდმა პასუხმა შეიძლება მოწინააღმდეგეც კი დაამშვიდოს (იგავ. 15:1; 25:15). უხეშ სიტყვებს მიჩვეული ხალხი შესაძლოა სწორედ ჩვენმა თავაზიანმა მოპყრობამ და საუბარმა აღძრას სასიხარულო ცნობის მოსასმენად.

      ჩვენი მიზანი არ არის კამათი იმ ადამიანებთან, რომელთაც არ აინტერესებთ ჭეშმარიტება. ჩვენ მათთან გვსურს ბიბლიის საფუძველზე მსჯელობა, ვისაც აქვს ამის სურვილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას თავაზიანად უნდა ვუპასუხოთ და ჩვენს პასუხებში უნდა იგრძნობოდეს დამაჯერებლობა, რომ ღვთის ფასდაუდებელი აღთქმები სანდოა (1 თეს. 1:5).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება