-
რატომ იზიდავს ხალხს ოკულტიზმი?გამოიღვიძეთ! — 2011 | თებერვალი
-
-
რატომ იზიდავს ხალხს ოკულტიზმი?
ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობს ადამიანი და რომელი კულტურისა თუ რელიგიის წარმომადგენელია. რატომ იზიდავს ხალხს ოკულტიზმი თქვენს ქვეყანაში? შესაძლოა მათზე ქვემოთ მოცემული რომელიმე ფაქტორი ახდენს გავლენას.
● ცნობისმოყვარეობა. ადამიანები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან. ოკულტიზმი კი ყოველთვის რაღაც იდუმალს უკავშირდება. ბევრის აზრით ოკულტიზმის მიღმა რაღაც ფარული ძალა დგას. ზოგი ჰოროსკოპით, სამკითხაო დაფითა და ყავის ჭიქით ცდილობს გაიგოს, რა ელის მომავალში, ზოგი სპირიტულ სეანსებს ესწრება ან მკითხავებთან დადის.
● გართობა. ბოლო წლებში მომრავლდა ოკულტური შინაარსის წიგნები, ფილმები და კომპიუტერული თამაშები, რომლებშიც ძველი წარმართული რელიგიური ცრურწმენებია ასახული. ხშირად ამ ფილმებსა თუ თამაშებში ძალადობა და სექსია წარმოდგენილი.
● მომავლის შიში. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა (2 ტიმოთე 3:1). ჩვენს დღეებს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს მძიმე და ძნელად ასატანი, ამიტომ ბევრი დახმარებისთვის ოკულტიზმის მიმდევრებს — ასტროლოგებს, ნათელმხილველებს, ქირომანტებსა და მკითხავებს მიმართავს. „ეს არის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება, — ამბობს ერთი მკითხავი. — ჩვეულებრივ ხალხი მაშინ მოდის ჩვენთან, როცა რაღაც უჭირთ“. ერთმა კანადელმა ნათელმხილველმა აღნიშნა: „ზოგჯერ ზარები ბიზნესმენებისგანაც შემოდის, რომლებიც ოფისის ტელეფონით ან დერეფნიდან მობილური ტელეფონით ჩურჩულით მელაპარაკებიან. ეს ის ხალხია, რომელიც ერთ დროს სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ კადრულობდა მკითხავთან მისვლას“.
● ავადმყოფობა. ზოგ ქვეყანაში ავადმყოფები დახმარებისთვის ექიმების ნაცვლად ადგილობრივ ექიმბაშებს მიმართავენ, რომლებიც ოკულტური მეთოდებით მკურნალობენ. ზოგან ავადმყოფობის მიზეზად ჯადოს ან წყევლას მიიჩნევენ. ჯადოს მოსახსნელად ავადმყოფის მეგობრები და ახლობლები შემლოცველებთან მიდიან, რომლებიც მომსახურებისთვის დიდ თანხას ითხოვენ.
● დაცვა და იღბალი. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ხალხი ზოგჯერ კარებზე ცხენის ნალს აჭედებს იმ იმედით, რომ ეს მათ ოჯახსა და ქონებას ბოროტი სულებისგან დაიცავს. ზოგი თან ამულეტს ან თილისმას ატარებს, რადგან სჯერათ, რომ ეს მათ ავადმყოფობისგან, „ავი თვალისგან“ ან სხვა უბედურებისგან დაიცავს და წარმატებას მოუტანს ცხოვრებაში.
● ბავშვების დაცვა საფრთხისგან. პაპუა-ახალ გვინეაში დედები ჩვილ ბავშვთან ერთად ღამით გარეთ არ გადიან, რადგან ჰგონიათ, რომ ბოროტი სულები ბავშვს რამეს დაუშავებენ. უგანდაში დედები ბურთებს ან ნიჟარებს ძაფზე ასხამენ და თავიანთ ჩვილებს მაჯასა და კოჭებზე აბამენ, რომ ბავშვი ზიანისგან დაიცვან.
● ახლობლის სიკვდილი. ინგლისელ მწერალს, ართურ კონან დოილს პირველი მსოფლიო ომის დროს ვაჟი, ძმა, დისშვილი და ცოლისძმა დაეღუპა. სასოწარკვეთილმა დოილმა და მისმა მეუღლემ სპირიტულ სეანსებზე დაიწყეს სიარული იმ იმედით, რომ თავიანთ დაღუპულ ვაჟთან შეძლებდნენ საუბარს. დღესაც ბევრი აკითხავს მედიუმებს იმ იმედით, რომ თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს დაუკავშირდებიან. ზოგიერთ ქვეყანაში ტრადიციულ რელიგიათა ან ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები ხალხს ასწავლიან, რომ სიკვდილს განრისხებული სულები იწვევენ. ამიტომ ხალხი იძულებულია ფული გადაიხადოს საკმაოდ ძვირადღირებულ რიტუალებში, რათა სიკვდილს სიკვდილი არ მოჰყვეს.
● მიცვალებულთა შიში. სიკვდილთან და მიცვალებულებთან დაკავშირებული სხვადასხვა რელიგიური შეხედულებები დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. მრავალ ქვეყანაში ხალხი ათასნაირ რიტუალს ასრულებს, ზოგი თავსაც კი ისახიჩრებს მიცვალებულთა სულების დასამშვიდებლად და მათთვის თავიანთი სიყვარულის დასამტკიცებლად. წყნარი ოკეანის კუნძულელთა შორის გავრცელებული ტრადიციისამებრ, ქვრივმა ქალმა ან კაცმა შავი ტანსაცმელი უნდა ატაროს და თვეობით იგლოვოს მეუღლე, თან სახლში უნდა იყოს გამოკეტილი და მოერიდოს იმ საჭმელს, რომელიც მის მეუღლეს უყვარდა. ამ წესის შესრულების გამო ზოგი შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს, შიმშილისგან დაუძლურდეს ან დაიღუპოს კიდეც.
ფაქტია, რომ ადამიანებს ოკულტიზმი ბევრი რამის გამო იზიდავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა დგას ოკულტიზმის მიღმა. მოდი ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია, ერთადერთი წიგნი, რომელიც ამ საკითხზე ყველაზე ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის.
-
-
სინამდვილეში ვინ დგას ოკულტიზმის მიღმა?გამოიღვიძეთ! — 2011 | თებერვალი
-
-
სინამდვილეში ვინ დგას ოკულტიზმის მიღმა?
ჩვენი შემოქმედის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი სინათლეა და არანაირი სიბნელე არ არის მასში“ (1 იოანე 1:5). ეს სიტყვები სულიერი გაგებით არის ნათქვამი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ჭეშმარიტ ღმერთს რაიმე საერთო ჰქონდეს ოკულტიზმთან? იქნებ ოკულტიზმის მიღმა ბნელი ძალები დგანან?
ოკულტიზმში შედის სპირიტიზმი და მკითხაობა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, ქირომანტიასა და ჯადოქრობას, აგრეთვე მიცვალებულთა „სულებთან“ კავშირსა და ჯადოთი შეკვრას. ოკულტიზმს დიდი ხნის ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ძველი ბაბილონიდან იღებს, რომლის ნანგრევებიც დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზეა (ესაია 47:1, 12, 13). ეს რიტუალები ბაბილონიდან ძველ მსოფლიოში გავრცელდა და მათ მრავალ კულტურასა და ცივილიზაციაში შეაღწია.
განვიხილოთ ერთი შემთხვევა, რომელიც ძველი მაკედონიის ქალაქ ფილიპეში მოხდა. რამდენიმე ქრისტიანი, მათ შორის მოციქული პავლე და ექიმი ლუკა, შეხვდნენ გოგონას, რომელიც ზებუნებრივ ძალას ფლობდა. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ლუკა ბიბლიაში ამ გოგონას შესახებ: „შეგვხვდა ერთი მოახლე გოგონა. ის შეპყრობილი იყო სულით, დემონით, რომელიც მკითხაობის ძალას აძლევდა. წინასწარმეტყველებით გოგონა დიდ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს“ (საქმეები 16:16—18).
გოგონას ძალას ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა კი არ აძლევდა, არამედ დემონი, ანუ ბოროტი სული. ამიტომ პავლემ და მისმა თანმხლებმა პირებმა ყური არ დაუგდეს მის ლაპარაკს. შესაძლოა გაინტერესებთ, ვინ არიან დემონები და საიდან გაჩნდნენ. მოდით ვნახოთ, რა პასუხს გვცემს ბიბლია.
ვინ არიან დემონები?
ვიდრე იეჰოვა ღმერთი ადამიანებს შექმნიდა, მან ზეცაში უამრავი გონიერი სულიერი ქმნილება შექმნა, რომლებსაც ბიბლიაში „ღვთის ძეები“ ეწოდებათ (იობი 38:4, 7). ადამიანების მსგავსად ისინიც ნების თავისუფლებით არიან შექმნილნი. მრავალი წლის მანძილზე ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს, მაგრამ ერთხელაც ყველაფერი შეიცვალა.
მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამიანები შექმნა, ერთმა სულიერმა ქმნილებამ მოინდომა ის, რაც მას არ ეკუთვნოდა, კერძოდ თაყვანისცემა. როგორც მუცლით მეზღაპრე იყენებს თოჯინას, ამ ბოროტმა ანგელოზმაც გველი გამოიყენა და პირველი ქალი, ევა აღძრა, რომ ღვთის ნების წინააღმდეგ წასულიყო (დაბადება 3:1—6). ბიბლია ამ მოჯანყე ანგელოზს ასე მოიხსენიებს: „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ (გამოცხადება 12:9). იესომ მას კაცისმკვლელი უწოდა, რომელიც „ჭეშმარიტებაში არ დადგა . . . როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44).
დროთა განმავლობაში სატანას ჭეშმარიტი ღვთის სხვა ძეებიც შეუერთდნენ (დაბადება 6:1, 2). ბიბლიაში მათ „შემცოდველი ანგელოზები“ ეწოდებათ, „რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“, ანუ თავიანთი ზეციერი სამყოფელი (2 პეტრე 2:4; იუდა 6). მათ დემონები ეწოდათ (იაკობი 2:19). მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოაშორონ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ისევე, როგორც ეს ბიბლიურ დროს მრავალი ებრაელის შემთხვევაში გააკეთეს (კანონი 32:16, 17). როგორც წარსულში, სატანა და მისი დემონები დღესაც მოხერხებულად აღწევენ ამ მიზანს რელიგიური სიცრუის მეშვეობით (2 კორინთელები 11:14, 15).
თავი დაიცავით!
მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი სულები ზეადამიანურ ძალას ფლობენ, ჩვენ ღვთის დახმარებით შეგვიძლია წინ აღვუდგეთ მათ და გავიმარჯვოთ (1 პეტრე 5:9). მაგრამ ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვეხმარება, თუ გვეცოდინება ღვთის მოთხოვნები და მათ თანახმად ვიცხოვრებთ. თავის თანამედროვე ქრისტიანებს მოციქულმა პავლემ მისწერა: „არ შეგვიწყვეტია თქვენთვის ლოცვა და იმის თხოვნა, რომ აღივსოთ მისი ნების საფუძვლიანი ცოდნით, ყოველი სიბრძნითა და სულიერი გაგებით, რათა იეჰოვას ღირსად იაროთ იმ მიზნით, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ მას“ (კოლოსელები 1:9, 10).
მათ შორის, ვინც „საფუძვლიანი ცოდნა“ მიიღო, იყვნენ ეფესოელები, რომლებიც ოკულტიზმს მისდევდნენ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ იმოქმედა მათზე ჭეშმარიტების გაგებამ. ბიბლიაში ნათქვამია: „ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა“. წიგნების „ღირებულება ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა“, რაც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა (საქმეები 19:17—19). მათ მიერ გადადგმული გაბედული ნაბიჯი ჩვენს სასწავლებლად ჩაიწერა (2 ტიმოთე 3:16).
დამცავი პრინციპები
დემონებისგან თავდასაცავად სხვა საშუალებებიც არსებობს. მოდით ვიმსჯელოთ ზოგიერთ ბიბლიურ პრინციპზე.
„ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“ (1 იოანე 4:1). ჩვენ ნებისმიერი რელიგიური შეხედულება ბიბლიას უნდა შევადაროთ (საქმეები 17:11). ზოგჯერ ასტროლოგების, მკითხავების, მედიუმებისა და ექიმბაშების სიტყვები მართლდება. მაგალითად, ფილიპეში მცხოვრები დემონით შეპყრობილი გოგონაც სიმართლეს ამბობდა პავლესა და მის თანამგზავრებზე: „ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან, რომლებიც ხსნის გზას გაუწყებენ“ (საქმეები 16:17). მიუხედავად ამისა, პავლემ ის თან კი არ წაიყვანა, არამედ უბრძანა ბოროტ სულს, მისგან გამოსულიყო.
„დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7). დემონები არა მარტო ღვთის, არამედ თქვენი მტრებიც არიან. არც კი დაინტერესდეთ მათი ბნელი გზებით. ნაცვლად ამისა დაემორჩილეთ ღმერთს და სიყვარულით მოცემულ მის მცნებებს, რომლებიც დამამძიმებელი არ არის (1 იოანე 5:3). ძველ ისრაელს ღმერთმა უთხრა: „არ იყოს შენში . . . არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). ღმერთი დღესაც იმავეს ფიქრობს (გალატელები 5:19, 20).
„არც ჯადო არსებობს [იეჰოვას მსახურთა] წინააღმდეგ“ (რიცხვები 23:23). ვისაც სურს ღმერთს ასიამოვნოს, დემონების არ უნდა ეშინოდეს. ბოროტი სულები კანკალებენ ღვთის წინაშე, რადგან იციან, რომ ღმერთი თავის უსაზღვრო ძალას საბოლოოდ მათ გასანადგურებლად გამოიყენებს (იაკობი 2:19). ღმერთი თავისი ძალით დაეხმარება „მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ და „არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (2 მატიანე 16:9; ფსალმუნი 55:22).
„ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ მკვდრები უმოქმედო მდგომარეობაში არიან. ისინი ვერავის ვერაფერს ავნებენ, ამიტომ მათი შიში უსაფუძვლოა (ესაია 26:14). ხალხის მოსატყუებლად დემონები თავს მიცვალებულთა სულებად ასაღებენ. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ იმ ადამიანის „სული“, რომელიც სიცოცხლეში კეთილი იყო, სიკვდილის სხვანაირი ხდება.
„შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც“ (1 კორინთელები 10:21, 22). ვისაც გულწრფელად უყვარს იეჰოვა, თავს შორს იჭერს ისეთი წიგნებისგან, ფილმებისა და კომპიუტერული თამაშებისგან, რომლებსაც საფუძვლად ოკულტიზმი უდევს ან ოკულტურ პროპაგანდაზეა გათვლილი.a „უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“, — ნათქვამია ფსალმუნის 101:3-ში. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი შინაარსის გასართობი საშუალებები ხშირად მოიცავს ძალადობასა და უზნეობას, რაც იეჰოვას მოყვარულებს უნდა სძულდეთ (ფსალმუნი 97:10).
დემონები ყოველთვის ცდილობენ დამალონ თავიანთი ნამდვილი სახე, თუმცა ეს მათ ბოლომდე არ გამოსდით. ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა ამხელს მათ და გვიხსნის, რომ სინამდვილეში ისინი ბოროტი მატყუარები და ადამიანთა დაუძინებელი მტრები არიან. რამხელა სხვაობაა მათსა და ჩვენ შემოქმედ იეჰოვა ღმერთს შორის! მომდევნო სტატიიდან გავიგებთ, რომ მას ვუყვარვართ, ყოველთვის სიმართლეს გვეუბნება და ჩვენს მარადიულ კეთილდღეობაზე ზრუნავს (იოანე 3:16; 17:17).
[სქოლიო]
a ყველას განსხვავებულად მგრძნობიარე სინდისი აქვს, რაც დამოკიდებულია ადამიანის რელიგიურ წარსულსა და სულიერ მოწიფულობაზე. მთავარია ქრისტიანს სუფთა სინდისი ჰქონდეს ღვთის წინაშე და არავინ დააბრკოლოს, თუნდაც ოჯახის წევრები. „ყველანი წარვდგებით ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე“, — ნათქვამია რომაელების 14:10, 12-ში.
-
-
ხელმძღვანელობისა და იმედის სანდო წყაროგამოიღვიძეთ! — 2011 | თებერვალი
-
-
ხელმძღვანელობისა და იმედის სანდო წყარო
დემონებისგან განსხვავებით, იეჰოვა ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენია. ის სიყვარულის განსახიერებაა (1 იოანე 4:8). მისი რჩევები ყოველთვის სასარგებლოა, ის ამ რჩევებისთვის საფასურს არ გვთხოვს და მას ყოველთვის საუკეთესო სურს ჩვენთვის. მისი რჩევები სავსებით არ ჰგავს ოკულტიზმის მიმდევართა რჩევებს. ღმერთი მოგვიწოდებს: „ჰეი, [სულიერად] მწყურვალნო, მოდით წყალთან! უფულოებო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ! მოდით, უსასყიდლოდ და უფასოდ აიღეთ ღვინო და რძე! რატომ იხდით ფულს იმაში, რაც პური არ არის და რატომ შრომობთ იმისთვის, რაც არ აძღებს? ყურადღებით მომისმინეთ, ჭამეთ კარგი საჭმელი და ნეტარება პოვოს თქვენმა სულმა ნოყიერებაში!“ (ესაია 55:1, 2).
ბიბლია, ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის შთაგონებით დაწერილი წიგნი გვიცავს სულიერად, გვაძლევს იმედს, სიცოცხლის აზრს და საუკეთესო და პრაქტიკულ პრინციპებს. კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით ქვემოთ მოცემულ კითხვებზე და ამ კითხვებთან დაკავშირებულ ბიბლიურ პასუხებზე.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
● როგორ ვპოვოთ სულის სიმშვიდე? ბიბლიაში წერია: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:17, 18).
● ყოველთვის იარსებებს ბოროტება? „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22). ბოროტი ადამიანები და ანგელოზები სამუდამოდ განადგურდებიან, თითქოსდა ცეცხლმა გაანადგურაო (გამოცხადება 20:10, 14).
● მოეღება ოდესმე ბოლო ავადმყოფობასა და ტანჯვას? „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი [დღევანდელი პრობლემები] ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
დემონებისგან განსხვავებით ღმერთი არასდროს ცრუობს, რადგან შეუძლებელია მან იცრუოს (ტიტე 1:2). გარდა ამისა, როგორც ბოლო სტატიიდანაც გავიგებთ, მისგან მომდინარე ჭეშმარიტება ადამიანს ათავისუფლებს და სიცოცხლეს ანიჭებს (იოანე 8:32; 17:3).
-
-
ისინი ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გაათავისუფლაგამოიღვიძეთ! — 2011 | თებერვალი
-
-
ისინი ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ გაათავისუფლა
ერთხელ იესო ქრისტემ თავის მსმენელებს უთხრა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). როგორც ქვემოთ მოცემული მაგალითებიდან ვიგებთ, ეს თავისუფლება მატყუარა დემონებისგან გათავისუფლებასაც გულისხმობს, რომლებიც ოკულტიზმის მიღმა დგანან (იოანე 8:44).
თითოეული ეს შემთხვევა კარგად გვანახვებს, რამხელა ძალა აქვს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მხოლოდ მას შეუძლია ადამიანების გათავისუფლება. იქნებ ღირს გამოიკვლიოთ ბიბლია და თავად დარწმუნდეთ ამაში.
[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]
სურათები იმიტირებულია.
● სუზანა ბრაზილიაში ცხოვრობს. ის ერთ დროს ქურუმი იყო. მას უნდოდა, რომ ზებუნებრივი ძალები გაჭირვებულთა დასახმარებლად გამოეყენებინა. გარდა ამისა, ის სიამოვნებით ესაუბრებოდა თავის „გარდაცვლილ დედას“. გავიდა დრო და „დედამ“ ხვეწნა დაუწყო, რომ თავი მოეკლა, რათა მასთან ერთად ყოფილიყო სულიერ სამყაროში. ამის გამო სუზანამ მოსვენება დაკარგა. მას ღამით კოშმარებიც კი ესიზმრებოდა. მოგვიანებით მეუღლესთან ერთად მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ისინი ეშმაკისგან დიდ წინააღმდეგობას შეხვდნენ, მაგრამ საბოლოოდ ის „გაიქცა“ მათგან (იაკობი 4:7). ახლა ისინი მშვიდად ცხოვრობენ და სუზანას კოშმარები აღარ სტანჯავს. ის წერს: „იეჰოვამ ბევრი სიკეთე გამიკეთა, მაგრამ განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მან სულიერი სიბნელიდან დამიხსნა“.
● ტიმოთი დასავლეთ აფრიკაში ცხოვრობს.a ის ყრუ-მუნჯია. მას ექიმებმა ვერაფერი უშველეს, ამიტომ მან დახმარებისთვის შემლოცველებს მიმართა, მაგრამ ისინიც ვერაფრით დაეხმარნენ. „გულგატეხილი და იმედგაცრუებული ვიყავი“, — წერს ის. მოგვიანებით ტიმოთიმ ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. მათ ტიმოთის აუხსნეს, რომ მალე ღვთის განზრახვისამებრ ყოველგვარ ავადმყოფობას და უძლურებას ბოლო მოეღება. ის ამბობს: «მოუთმენლად ველოდები ღვთის ახალ ქვეყნიერებას, სადაც „ყრუებს ყურები გაეხსნებათ . . . და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“» (ესაია 35:1—6). მანამ კი, პორტატიული DVD-პლეიერის მეშვეობით ის სიხარულით უზიარებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას სმენადაქვეითებულებს და ნამდვილი თავისუფლების პოვნაში ეხმარება მათ.
[სქოლიო]
a ზოგი სახელი შეცვლილია.
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
● ეველენი ესტონეთში ცხოვრობს. ის ერთ დროს ოკულტიზმით იყო გატაცებული. მას სურდა, იესოს მსგავსად ხალხი განეკურნა, განსაკუთრებით დედა, რომელსაც ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მან შეისწავლა ქანქარის მეშვეობით დიაგნოზის დასმისა და სერიოზული დაავადებების მკურნალობის მეთოდი. მოგვიანებით მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის ამბობს: „მივხვდი, რომ მოტყუებული ვიყავი. ამიტომ სპირიტული ლიტერატურა და ქანქარა დავწვი“. ის ახლა სხვებს ასწავლის ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომელიც ათავისუფლებს.
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
● მერი პაპუა-ახალი გვინეის ერთ-ერთ კუნძულზე გაიზარდა, სადაც ხალხს მკვდრების ეშინია. როცა მის სოფელში ვინმე კვდებოდა, მერი სხვისი ლოგინის ქვეშ ძვრებოდა და იქ იძინებდა, რადგან ფიქრობდა, რომ თუ მარტო დარჩებოდა, მიცვალებულის სული არ მოასვენებდა. შემდეგ მან ბიბლიიდან გაიგო, რომ მკვდრებს, ასე ვთქვათ, სძინავთ და ელოდებიან იმ დროს, როცა დედამიწაზე სამოთხეში აღდგებიან (ლუკა 23:43; იოანე 11:11—14). ახლა მას მკვდრების აღარ ეშინია.
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
● ალისია, რომელიც შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების ოჯახში გაიზარდა, ოკულტური ლიტერატურითა და ფილმებით იყო დაინტერესებული. ერთხელაც ის სერიოზულად დაფიქრდა ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა ნასწავლი. ის მიხვდა, რომ სინამდვილეში იეჰოვას სუფრიდანაც ჭამდა და დემონების სუფრიდანაც. ამიტომ მან შეიცვალა დამოკიდებულება და ახლა სუფთა სინდისით ემსახურება ღმერთს (1 კორინთელები 10:21).
-