რა ხდება მსოფლიოში
ახალშობილები და ტკივილი
ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ახალშობილები დიდებზე უფრო ძლიერ და ხანგრძლივად გრძნობენ ტკივილს. „მხოლოდ გასული ათი წლის განმავლობაში გაირკვა, რომ ახალშობილები და ჩვილები ტკივილს გრძნობენ“, — აღნიშნულია ლონდონის გაზეთში (The Sunday Telegraph). ამ ფაქტის დადგენამდე დღენაკლულ ბავშვებს მტკივნეულ სამკურნალო პროცედურებს უტარებდნენ და ქირურგიულ ოპერაციებს უკეთებდნენ გამაყუჩებლის გარეშე. დღეს ექიმებს სჯერათ, რომ ასეთი მიდგომით ბავშვები შემდგომშიაც უფრო მწვავედ აღიქვამენ ტკივილს. ეს გამოწვეულია იმიტომ, რომ ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც ანელებს ტკივილის შეგრძნებას მოზრდილებსა და ზრდასრულებში, დღენაკლულ ბავშვებში სხვაგვარად მოქმედებს. ისინი უფრო მეტად აღიქვამენ ტკივილს და კანზე უმნიშვნელო განაკაწრიც კი შეხორცების შემდეგაც არაჩვეულებრივად მტკივნეულია მათთვის, როგორც იუწყება ზემოხსენებული გაზეთი.
სტუდენტის წინადადებას დიდი აღმოჩენა მოჰყვა
უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტის რჩევის გათვალისწინებით ასტრონომებმა კიდევ ერთი პლანეტა შეჰმატეს იმ პლანეტების რიცხვს, რომლებიც მზის გარშემო კი არა, სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრაობენ თავიანთ ორბიტებზე. კევინ აპზმა, ინგლისის სასექსის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ასტრონომებს დოქტორ ჯეფრი უ. მარსის და დოქტორ რ. პოლ ბატლერს, რომლებმაც უკვე აღმოაჩინეს ცხრა ასეთი პლანეტა, შესთავაზა, რომ ეძებათ მზის მსგავსი 30 გამორჩენილი ვარსკვლავი. ისინი სტუდენტის რჩევის თანახმად მოიქცნენ და აღმოაჩინეს იუპიტერის ზომის პლანეტა, რომელიც ერთ-ერთი ვარსკვლავის გარშემო თავის ორბიტაზე მოძრაობდა. კვლევა-ძიებისთვის შეთავაზებული ვარსკვლავების შერჩევისთვის აპზმა „გამოიყენა უახლესი ხელოვნური თანამგზავრის მონაცემები და ვარსკვლავები შეარჩია იმის მიხედვით, რომ მეტი ალბათობის შემთხვევაში მათ გარშემო იბრუნებდნენ პლანეტები“, — თქვა დოქტორმა მარსიმ. ეს აღმოჩენა ორი ასტრონომის მიერ შემჩნეულ პლანეტასთან ერთად დაერთო მზის სისტემის იქით აღმოჩენილი პლანეტების საერთო რიცხვს; ამ პლანეტების რიცხვმა სამ წელიწადში უკვე 12-ს მიაღწია, როგორც იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმზი“.
ხანშიშესულობის იმიტატორი
იმ დროს, როდესაც ყველას სურს თავს გრძნობდეს ახალგაზრდულად და ენერგიულად, გერმანული გაზეთის თანახმად, გამოიგონეს ისეთი „აღჭურვილობა“, რომელიც აგრძნობინებს ადამიანს, რას ნიშნავს ხანდაზმულობა და ჯანმრთელობის შერყევა (Die Zeit). ტანსაცმლის წარმოების საკონსულტაციო ფირმამ სამედიცინო პერსონალთან ერთად შეიმუშავა ისეთი საშუალება, რომ დახმარებოდა მედდებსა და მწარმოებლებს, გაეგოთ, „როგორ გრძნობს ხანშიშესული თავს“. ამ „აღჭურვილობაში შედის“: სახვევები მოძრაობის გასაძნელებლად, 14 კილოგრამი სიმძიმე, დასუსტებული კუნთების იმიტაციის შესაქმნელად, უხეში ხელთათმანი, თითების მოძრაობის გასართულებლად, ყურების საცობი, ნათქვამის გაგების გასართულებლად და სათვალე, მხედველობის არის გასანახევრებლად და დანახულის გასაბუნდოვანებლად. აღნიშნული გაზეთი იძლევა რჩევას: «ყველამ, ვისაც ჯერ არ შესრულებია 60 წელი, რამდენიმე საათით უნდა მოსინჯოს ეს „აღჭურვილობა“, რომ უკეთესი ურთიერთგაგება იყოს თაობებს შორის».
ამოტივტივებული ისტორია
„ბრიტანეთის იმპერიის დაპყრობის იმედების დამსხვრევიდან, ისტორიული ბრძოლიდან, ორი საუკუნის გასვლის შემდეგ ნაპოლეონის ფლოტი აღმოაჩინეს ხმელთაშუა ზღვის ყურის წყალმარჩხ ტერიტორიაზე“, — იუწყება „ტორონტო სტარი“ (The Toronto Star). ნილოსის ბრძოლის დროს, 1798 წელს, ფლაგმანი „ლ’ორიენი“ და გემები „ლა სირიუზი“ და „ლა არტემისი“ ადმირალ ჰორაციო ნელსონის ხელმძღვანელობით ბრიტანეთის სამხედრო ფლოტმა ჩაძირა. ფრანგმა წყალქვეშა არქეოლოგმა ფრანკ გოდიომ ალექსანდრიის სანაპიროდან 2 კილომეტრის დაშორებით 11 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინა ფლოტი. „სწორედ აქ გადაწყდა ევროპის ბედი“, — აღნიშნა კომენტარში გოდიომ.
მიმომფრენი ფრინველები ზედმეტ ტვირთს იცილებენ
როგორც „ნიუ საიენტისტი“ იუწყება, ზოგი ფრინველის თირკმელები, ღვიძლი და სხვა შინაგანი ორგანოები დიდ გადაფრენამდე იკუმშება. გრძელნისკარტა, თოლიას ზომის ჭაობის ფრინველი, რომლის მიგრაციის ტერიტორია შემოიფარგლება ალიასკითა და ახალი ზელანდიით, ძალიან ბევრს ჭამს 11 000-კილომეტრიან ფრენამდე, რომლის დროსაც ერთხელაც არ ისვენებს. მკვლევარები თენას პირსმა (ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტიდან) და რობერტ გილი (აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ინსტიტუტიდან) მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩიტები მომატებული წონის კომპენსაციას ახერხებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლამის 25 პროცენტით შეკუმშვით. გილი აღნიშნავს: „ფრინველები ორგანოებს კუმშავენ და გადაფრენის დასრულების შემდეგ შეკუმშული ორგანოები უბრუნდება პირვანდელ სახეს და კვლავაც შეუძლია საჭმლის გადამუშავება“.