საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გაჭაღარავების დროსაც კი სულიერად გაფურჩქნულნი
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ივნისი
    • გაჭაღარავების დროსაც კი სულიერად გაფურჩქნულნი

      „გაიფურჩქნებიან იეჰოვას სახლში . . . დანერგილნი. გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი იქნებიან“ (ფსალმუნი 92:13, 14).

      1, 2. ა) როგორ აღწერდით სიბერეს? ბ) რას გვპირდება ბიბლია?

      რა მოგდით აზრად, როდესაც გესმით სიტყვა „სიბერე“? დანაოჭებული კანი? დაქვეითებული ყურთასმენა? ძალაგამოცლილი ფეხები თუ ეკლესიასტეს 12:1—7-ში აღწერილი „დამამწუხრებელი დღეებისთვის“ დამახასიათებელი სხვა თავისებურებები? თუ ასეა, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ის, რაც ეკლესიასტეს მე-12 თავშია აღწერილი, შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, თავდაპირველი განზრახვის შედეგი კი არა, ადამის ცოდვის შედეგია (რომაელები 5:12).

      2 თავად ასაკის მატებაში არაფერია ცუდი, რადგან ადამიანმა სიცოცხლე რომ განაგრძოს, წლები უნდა გავიდეს. წლებს კი მოწიფულობა მოაქვს, რაც ყველასთვის სასურველია. უნდა აღინიშნოს, რომ ის შედეგები, რასაც ექვსი ათასი წლის განმავლობაში ცოდვა და არასრულყოფილება იწვევდა, მალე მოისპობა და ყველა მორჩილი ადამიანი გაიხარებს ისეთი ცხოვრებით, როგორიც თავდაპირველად ღმერთს ჰქონდა განზრახული: ისინი სიბერით გამოწვეული ყოველგვარი ტკივილის გარეშე იცხოვრებენ და აღარ მოკვდებიან (დაბადება 1:28; გამოცხადება 21:4, 5). იმ დროს „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). ხანდაზმულებს „ახალგაზრდული ძლიერება“ დაუბრუნდებათ და „ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად“ განუახლდებათ (იობი 33:25). მაგრამ დღესდღეობით ყველას უწევს ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგებთან ბრძოლა. და მაინც, იეჰოვას მსახურებს ხანდაზმულობის ასაკში განსაკუთრებული კურთხევები აქვთ.

      3. როგორ შეიძლება ქრისტიანები „გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი“ იყვნენ?

      3 ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „გაიფურჩქნებიან იეჰოვას სახლში . . . დანერგილნი. გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი იქნებიან“ (ფსალმუნი 92:13, 14). ფსალმუნმომღერალი ხატოვანი ენით გადმოგვცემს ძირითად ჭეშმარიტებას — ღვთის ერთგული მსახურები მაშინაც კი განაგრძობენ სულიერად წინსვლას, „გაფურჩქვნასა“ და „აყვავებას“, როდესაც ფიზიკურად უძლურდებიან. ამას მრავალი ბიბლიური და თანამედროვე მაგალითი ადასტურებს.

      „ტაძარს არ შორდებოდა“

      4. როგორ ავლენდა ხანდაზმული წინასწარმეტყველი ანა ღვთისადმი ერთგულებას და როგორ დაჯილდოვდა ის?

      4 განვიხილოთ წინასწარმეტყველი ანას შემთხვევა. ეს 84 წლის ქალი „ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას“. ანას არ შეეძლო, პირდაპირი გაგებით, ტაძარში ცხოვრება, რადგან ქალი იყო და თანაც აშერის და არა ლევის ტომიდან. წარმოიდგინეთ, რა ძალისხმევის ფასად დაუჯდებოდა მას ყოველდღიურად დილიდან საღამომდე ტაძარში ყოფნა! ანას ერთგულება დიდად დაჯილდოვდა. მას წილად ხვდა პატივი, ტაძარში ყოფილიყო იმ დროს, როდესაც იოსებმა და მარიამმა, კანონის თანახმად, ჩვილი იესო იეჰოვას წინაშე წარსადგენად მიიყვანეს. იესოს დანახვაზე ანა „ღმერთს მადლობას უხდიდა და ბავშვზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა“ (ლუკა 2:22—24, 36—38; რიცხვები 18:6, 7).

      5, 6. როგორ ავლენს დღეს მრავალი ხანდაზმული ისეთივე სულისკვეთებას, როგორიც ანას ჰქონდა?

      5 დღეს მრავალი ხანდაზმული ანას მოგვაგონებს იმით, რომ რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს, მხურვალედ ლოცულობს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის და სასიხარულო ცნობის ქადაგების დიდი სურვილი აქვს. ერთმა 80 წელს გადაცილებულმა ძმამ, რომელიც თავის ცოლთან ერთად რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს, თქვა: „ჩვევად გვაქვს კრების შეხვედრებზე დასწრება. ჩვენი მიზანია, რომ შეხვედრების დროს შეხვედრებზე ვიყოთ. ჩვენ ღვთის ხალხთან ყოფნა გვსურს. სწორედ კრებაზე ვგრძნობთ თავს კარგად“. რა გამამხნევებელი მაგალითია ყველასათვის! (ებრაელები 10:24, 25).

      6 „როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად რამეა გასაკეთებელი, მინდა, რომ ყოველთვის შევიტანო ჩემი წვლილი“ — ასეთია 80 წლის ჯენის, ქვრივი ქრისტიანი დის, დევიზი. „ცხადია, ზოგჯერ თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ამ დროს ჩემ გარშემო ყველა რატომ უნდა გრძნობდეს თავს ცუდად?“ — დასძენს იგი. ის თვალებგაბრწყინებული უყვება სხვებს, რა სიხარული მოუტანა სხვა ქვეყნებში სულიერ ღონისძიებებში მონაწილეობამ. ერთ-ერთი ბოლო მოგზაურობის დროს მან თავის თანამგზავრებს უთხრა: „აღარ მინდა ციხესიმაგრეების თვალიერება; მინდა მსახურებაში მივიღო მონაწილეობა!“ ჯენიმ არ იცოდა ადგილობრივი ენა, მაგრამ მაინც შეძლო ბიბლიური ცნობისადმი ხალხის ინტერესის გაღვივება. გარდა ამისა, ჯენი რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კრებასთან, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, თუმცა ეს მისთვის ახალი ენის სწავლასა და კრების შეხვედრაზე წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად ორი საათის მგზავრობას ნიშნავდა.

      შეინარჩუნეთ გონებრივი აქტივობა

      7. ხანდაზმულობის ასაკში როგორ გამოხატა მოსემ იეჰოვასთან უფრო მეტად დაახლოების სურვილი?

      7 გამოცდილება წლებს მოაქვს (იობი 12:12). მაგრამ სულიერი წინსვლა ასაკს თავისთავად არ მოჰყვება. ამიტომ ღვთის ერთგული მსახურები ცდილობენ, წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნაზე არ იყვნენ დაიმედებული, არამედ „კიდევ უფრო დაბრძენდნენ“ (იგავები 9:9). მოსე 80 წლის იყო, როდესაც იეჰოვამ დავალება მისცა (გამოსვლა 7:7). იმ დროს კი, როგორც მოსეს სიტყვებიდან ჩანს, ხალხი, ჩვეულებრივ, 80 წლამდეც არ ცოცხლობდა: „ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი“ (ფსალმუნი 90:10). მიუხედავად ამისა, მოსეს არ უფიქრია, ახლა რაღა დროს ჩემი სწავლააო. ღვთის მსახურებაში ათეულობით წლის გატარებისა და მრავალი სერიოზული დავალების შესრულების შემდეგ მოსე იეჰოვას ევედრებოდა: „გამაგებინე შენი გზები, რომ გიცნობდე“ (გამოსვლა 33:13). მოსეს ყოველთვის ჰქონდა იეჰოვასთან უფრო მეტად დაახლოების სურვილი.

      8. როგორ შეინარჩუნა გონებრივი აქტივობა 90 წელს გადაცილებულმა დანიელმა და რა იყო ამის შედეგი?

      8 წინასწარმეტყველი დანიელი, ალბათ, 90 წელს იყო გადაცილებული, როდესაც ჩვეული გულმოდგინებით იკვლევდა წმინდა წერილებს. „წიგნებიდან“, რაშიც შესაძლოა ლევიანების, ესაიას, იერემიას, ოსიასა და ამოსის წიგნები იგულისხმებოდეს, მიღებულმა ცოდნამ აღძრა წინასწარმეტყველი, მხურვალე ლოცვით მიემართა იეჰოვასთვის (დანიელი 9:1, 2). ამ ლოცვას იეჰოვამ იმით უპასუხა, რომ დანიელს მესიის მოსვლასა და წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ცნობა გადასცა (დანიელი 9:20—27).

      9, 10. რა გააკეთა ზოგმა გონებრივი აქტივობის შესანარჩუნებლად?

      9 მოსესა და დანიელის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ვეცადოთ გონებრივი აქტივობის შენარჩუნებას; ამის გაკეთება კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ყურადღების სულიერ საკითხებზე გამახვილებით არის შესაძლებელი. მრავალი ხანდაზმული სწორედ ასე იქცევა. ვერსი, 80 წელს გადაცილებული ქრისტიანი უხუცესი, ცდილობს, ყოველთვის მიიღოს „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული ახალ-ახალ სულიერი საზრდო (მათე 24:45). ის ამბობს: „ძალიან მიყვარს ჭეშმარიტება და დიდი გულმოდგინებით ვადევნებ თვალყურს, როგორ ეფინება ჭეშმარიტებას უფრო და უფრო მეტი ნათელი“ (იგავები 4:18). ფრედისთვის, რომელმაც სრული დროით მსახურებაში 60 წელზე მეტი გაატარა, სულიერად გამომაცოცხლებელია თანაქრისტიანებთან ბიბლიურ თემებზე საუბრის წამოწყება. «ყოველთვის უნდა განვიახლო ბიბლიური ცოდნა, — ამბობს ის. — თუ ცოცხლად წარმოიდგენ იმას, რასაც ბიბლიიდან სწავლობ და დარწმუნდები, რომ ეს „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშის“ ნაწილია, მაშინ არა მხოლოდ ცალკეული დეტალები გეცოდინება, არამედ მთლიან სურათს დაინახავ და მიხვდები, რომ ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს» (2 ტიმოთე 1:13).

      10 ხანში შესვლა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვეღარ ჩასწვდება ახალ და რთულ საკითხებს. ბევრ 60, 70 და 80 წელს გადაცილებულსაც კი უსწავლია წერა-კითხვა თუ ახალი ენები. იეჰოვას ზოგი მოწმე ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ სხვადასხვა ეროვნების ხალხს სასიხარულო ცნობა გაუზიაროს (მარკოზი 13:10). ჰარი და მისი მეუღლე 65 წელს გადაცილებული იყვნენ, როდესაც პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან ქადაგება გადაწყვიტეს. ჰარიმ თქვა: „ერთი რამ უნდა ვაღიაროთ — ასაკთან ერთად ყველაფრის კეთება რთულდება“. და მაინც, მათ ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა პორტუგალიურ ენაზე ბიბლიის შესწავლები ჩაეტარებინათ. გავიდა წლები და დღეს ჰარი საოლქო კონგრესზე პორტუგალიურად წარმოთქვამს მოხსენებებს.

      11. რატომ განვიხილავთ ზოგიერთი ერთგული ხანდაზმული ქრისტიანის მაგალითს?

      11 ცხადია, მდგომარეობა და ჯანმრთელობა ყველას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ასეთ რთულ საქმეს შეეჭიდოს. მაშ, რატომღა განვიხილავთ, რისი გაკეთება შეძლო ზოგმა ხანდაზმულმა? არა იმიტომ, რომ ყველა შეეცადოს იმავეს გაკეთებას. ეს იმ მიზნით იწერება, რა მიზნითაც მოციქული პავლე კრების ერთგულ უხუცესთა შესახებ სწერდა ებრაელ ქრისტიანებს: „დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და მათ მიბაძეთ რწმენაში“ (ებრაელები 13:7). როდესაც ასეთი გულმოდგინების შესახებ ვიგებთ, სტიმული გვეძლევა, მივბაძოთ ხანდაზმულების მტკიცე რწმენას, რაც მათ ღვთისთვის მსახურების ძალას აძლევს. ჰარი, რომელიც დღეს 87 წლისაა, ყვება, რა აძლევს საჭირო ძალებს: „მინდა დარჩენილი წლები გონივრულად გამოვიყენო და იეჰოვას მსახურებაში ბოლომდე დავიხარჯო“. ზემოთ მოხსენიებულ ფრედს დიდ კმაყოფილებას ანიჭებს ბეთელში თავისი დავალების შესრულება. ის ამბობს: „თავად უნდა განსაზღვრო, როგორ შეგიძლია იეჰოვასთვის საუკეთესოდ მსახურება, შემდეგ კი უნდა მიჰყვე აღებულ კურსს“.

      მდგომარეობის მიუხედავად, მათ ერთგულება შეინარჩუნეს

      12, 13. თავისი მდგომარეობის მიუხედავად, როგორ გამოავლინა ბარზილაიმ ღვთისადმი ერთგულება?

      12 ხანდაზმულებისთვის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებთან შეგუება ადვილი არ არის. მაგრამ ასეთი ცვლილებების მიუხედავად, შესაძლებელია ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა. ამის შესანიშნავი მაგალითი გალაადელმა ბარზილაიმ მოგვცა. მან 80 წლის ასაკში დავითისა და მისი მეომრების მიმართ საოცარი სტუმართმოყვარეობა გამოავლინა — აბესალომის აჯანყების პერიოდში ისინი საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყო. როდესაც დავითი იერუსალიმში ბრუნდებოდა, ბარზილაიმ ის და მისი მეომრები მდინარე იორდანემდე მიაცილა. დავითმა ბარზილაის სასახლეში ცხოვრება შესთავაზა. აი, რა უთხრა ბარზილაიმ მეფეს: „ოთხმოცი წლისა ვარ. განა კიდევ გავარჩევ კარგსა და ცუდს ან შეიგრძნობს შენი მსახური საჭმლისა და სასმლის გემოს? განა მოვუსმენ მომღერალ ქალ-ვაჟებს?. . აი შენი მსახური ქიმჰამი, ის გაჰყვეს მეფე-ბატონს და ისე მოექეცი მას, როგორც გენებოს“ (2 სამუელი 17:27—29; 19:31—40).

      13 იეჰოვას მიერ დანიშნული მეფის მხარდასაჭერად ბარზილაიმ თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. ის ხედავდა, რომ საჭმელ-სასმლის გემოს ძველებულად ვეღარ გრძნობდა და სმენაც ღალატობდა, მაგრამ ამას არ გაუბოროტებია. პირიქით, მან შესთავაზა მეფეს, რომ თავის ნაცვლად ქიმჰამი წაეყვანა, რაშიც მისი პიროვნული თვისებები გამოვლინდა. ბარზილაის მსგავსად დღეს მრავალი ხანდაზმული ავლენს გულუხვობას. ისინი მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ შესაძლებლობას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად, რადგან იციან, რომ „ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“. რა დიდი კურთხევაა, როცა ჩვენ შორის ერთგული ადამიანები არიან! (ებრაელები 13:16).

      14. რატომ სძენს მეტ მნიშვნელობას ფსალმუნის 37:23—25-ში ჩაწერილ დავითის სიტყვებს მისი მოხუცებულობა?

      14 დავითს წლების განმავლობაში სხვადასხვაგვარ მდგომარეობაში მოუწია ყოფნა, მაგრამ ის ყოველთვის იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა მზრუნველობის გარეშე არასოდეს დატოვებდა თავის ერთგულ მსახურებს. სიცოცხლის ბოლო წლებში დავითმა დაწერა სიმღერა, რომელიც დღეს 37-ე ფსალმუნად არის ცნობილი. წარმოიდგინეთ, მადლიერი დავითი როგორ უკრავს არფაზე და მღერის: „იეჰოვა განუმტკიცებს ვაჟკაცს ნაბიჯებს; ის იწონებს მის გზას. რომც წაიქცეს, პირქვე არ დაეცემა, რადგან იეჰოვა უდგას მხარში. ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმუნი 37:23—25). იეჰოვამ ამ ფსალმუნში საჭიროდ მიიჩნია იმის აღნიშვნა, რომ დავითი მოხუცი იყო. მართლაც, დავითის სიტყვებში განსაკუთრებით თბილი გრძნობები ჩანს!

      15. მდგომარეობისა და ასაკის მიუხედავად, ერთგულების რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა მოციქულმა იოანემ?

      15 მდგომარეობისა და ხანდაზმულობის მიუხედავად ერთგულების კიდევ ერთ შესანიშნავ მაგალითს მოციქული იოანე გვაძლევს. ღვთისთვის დაახლოებით 70 წლის განმავლობაში ერთგულად მსახურების შემდეგ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს „ღმერთზე ლაპარაკისა და იესოს შესახებ დამოწმების გამო“ (გამოცხადება 1:9). მაგრამ მისი მსახურება ამით არ დასრულებულა. იოანემ თითქმის ყველა წიგნი სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა. პატმოსზე მას ღმერთმა მისცა მოწიწების მომგვრელი ხილვა, გამოცხადება, რაც დიდი ყურადღებით ჩაიწერა (გამოცხადება 1:1, 2). როგორც ფიქრობენ, რომის იმპერატორ ნერვას მმართველობის დროს ის გადასახლებიდან დაბრუნდა. ამის შემდეგ, დაახლოებით ახ. წ. 98 წელს, 90—100 წლის ასაკში, იოანემ დაწერა სახარება და სამი წერილი, რომელიც მისი სახელით არის ცნობილი.

      მოთმინების შესანიშნავი მაგალითები

      16. როგორ შეუძლიათ მათ, ვისაც მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ, იეჰოვასადმი ერთგულება გამოავლინონ?

      16 არსებობს სხვადასხვაგვარი შეზღუდვები, რომლებიც განსხვავებული სიმძაფრით ვლინდება. მაგალითად, ზოგს მეტყველების უნარი წაერთვა და ვეღარ ლაპარაკობს, რის გამოც უჭირს სხვებთან ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, დღემდე ახსოვთ ღვთის მიერ გამოვლენილი სიყვარული და წყალობა. თუმცა შეიძლება სიტყვებით ვერ გამოხატავენ სათქმელს, გულში იეჰოვას ეუბნებიან: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმუნი 119:97). თავის მხრივ, იეჰოვა იცნობს მათ, „ვინც მის სახელზე ფიქრობს“ და იცის, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან უმრავლესობისგან, რომლებსაც არ აღელვებთ ღვთის არსებობა (მალაქია 3:16; ფსალმუნი 10:4). რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას სიამოვნებას ანიჭებს ჩვენი „გულის ზრახვები“ (1 მატიანე 28:9; ფსალმუნი 19:14).

      17. რას მიაღწიეს მათ, ვინც დიდი ხანია იეჰოვას ემსახურებიან?

      17 მხვედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ადამიანებმა, რომლებიც ათეულობით წელია იეჰოვას ერთგულად ემსახურებიან, ნამდვილად მიაღწიეს რაღაც განსაკუთრებულს, რისი სხვაგვარად მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა — ისინი მოთმინების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. იესომ თქვა: „მოთმინებით მოიპოვებთ თქვენს სულებს“ (ლუკა 21:19). მოთმინება აუცილებელია იმისათვის, რომ მარადიულად ვიცხოვროთ. თქვენ, ვინც ‘ასრულებთ ღვთის ნებას’ და თქვენი ცხოვრებით ამტკიცებთ ერთგულებას, შეგიძლიათ ‘დანაპირების მიღების’ იმედი გქონდეთ (ებრაელები 10:36).

      18. ა) რას უფასებს იეჰოვა ხანდაზმულებს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

      18 მიუხედავად იმისა, თუ რამდენის გაკეთება შეგიძლიათ, იეჰოვასთვის ძვირფასია თქვენი გულითადი მსახურება. ხანდაზმულობის ასაკში რაც უნდა მოუვიდეს „გარეგან კაცს“, „შინაგანი“ დღითი დღე შეიძლება განახლდეს (2 კორინთელები 4:16). უეჭველია, იეჰოვა აფასებს ყველაფერს, რაც წარსულში გაგიკეთებიათ, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ის აფასებს იმასაც, რასაც დღეს მისი სახელისთვის აკეთებთ (ებრაელები 6:10). მომდევნო სტატიაში დავინახავთ, თუ რა ნაყოფი გამოაქვს ასეთ ერთგულებას.

  • ხანდაზმულები — კურთხევა ახალგაზრდებისთვის
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 ივნისი
    • ხანდაზმულები — კურთხევა ახალგაზრდებისთვის

      „ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო, სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა“ (ფსალმუნი 71:18).

      1, 2. რაზე უნდა დაფიქრდნენ ღვთის ხანდაზმული მსახურები და რას განვიხილავთ?

      დასავლეთ აფრიკაში უხუცესმა ერთი ხანდაზმული ცხებული ძმა მოინახულა და ჰკითხა: „როგორა ხარ?“ ძმამ უპასუხა: „შემიძლია ვირბინო, ვიხტუნაო ხან ცალი, ხან ორივე ფეხით და ნახტომიც კი გავაკეთო“. ეს ძმა თან იმის გაკეთებას ცდილობდა, რასაც ამბობდა. შემდეგ კი დასძინა: „აი, ფრენა კი არ შემიძლია“. უხუცესი ძმას სათქმელს მიუხვდა. ბოლოს ხანდაზმულმა ძმამ თქვა: „სიამოვნებით ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც შემიძლია, რაც არ შემიძლია, არ ვაკეთებ“. უხუცესი, რომელმაც ცხებული ძმა მოინახულა, ახლა 80 წელს გადაცილებულია და დღესაც დიდი სითბოთი იხსენებს მის იუმორსა და ერთგულებას.

      2 ხანდაზმულების ღვთისმოსაწონმა თვისებებმა შეიძლება სხვებზე წარუშლელი კვალი დატოვოს. ცხადია, წლებს თავისთავად არ მოაქვს სიბრძნე და ისეთივე თვისებები, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (ეკლესიასტე 4:13). ბიბლიაში ნათქვამია: „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგავები 16:31). ხანდაზმულებო, გიფიქრიათ, რა სასიკეთო გავლენა შეიძლება იქონიოს სხვებზე თქვენმა სიტყვებმა და საქმეებმა? განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი, რომლებიც ცხადყოფს, ახალგაზრდებისთვის რა დიდი კურთხევა შეიძლება იყვნენ ხანდაზმულები.

      მათი რწმენა თაობებზე ახდენდა გავლენას

      3. რა გავლენა იქონია ნოეს ერთგულებამ დღეს მცხოვრებ ყველა ადამიანზე?

      3 ნოეს რწმენამ და სიმტკიცემ იმდენად დიდი და დადებითი გავლენა იქონია მომავალ თაობებზე, რომ ეს დღემდე იგრძნობა. ნოე დაახლოებით 600 წლის იყო, როცა კიდობანს აშენებდა, ცხოველებს თავს უყრიდა და ღვთის ცნობას ამცნობდა ადამიანებს (დაბადება 7:6; 2 პეტრე 2:5). ღვთისმოშიშების გამო ნოე და მისი ოჯახი წარღვნას გადაურჩნენ და დღეს მცხოვრები ყველა ხალხის წინაპრები გახდნენ. მართალია, ნოეს დროს ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ნოე საკმაოდ ხანდაზმული იყო, ერთგულებას ინარჩუნებდა და ამას დიდი კურთხევებიც მოჰყვა. როგორ?

      4. რა მხრივ არის ნოეს სიმტკიცე სასარგებლო ღვთის მსახურთათვის დღეს?

      4 ნოე დაახლოებით 800 წლის იყო, როდესაც ნიმროდმა ბაბილონის კოშკის მშენებლობა დაიწყო, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა იეჰოვას მითითებას — „აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 9:1; 11:1—9). მაგრამ ნოეს არაფერი ჰქონდა საერთო ნიმროდის ურჩობასთან. ამგვარად, როდესაც ღმერთმა თავის მოწინააღმდეგეებს ენა აურია, დასაშვებია, რომ ეს ნოეს არ შეეხებოდა. ნოე სამაგალითო რწმენასა და სიმტკიცეს არა მხოლოდ ხანდაზმულობის ასაკში ავლენდა, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც ღვთის ყველა თაობის მსახურთათვის არის მისაბაძი (ებრაელები 11:7).

      გავლენა ოჯახის წევრებზე

      5, 6. ა) რა უთხრა იეჰოვამ 75 წლის აბრაამს? ბ) როგორ გამოეხმაურა აბრაამი ღვთის სიტყვებს?

      5 ხანდაზმულები დიდ გავლენას ახდენენ თავიანთი ოჯახის წევრებზე, რაც კარგად ჩანს ნოეს შემდეგ მცხოვრები პატრიარქების მაგალითებიდან. აბრაამი დაახლოებით 75 წლის იყო, როცა ღმერთმა უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა, სანათესავო, მამაშენის სახლი და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ“ (დაბადება 12:1, 2).

      6 წარმოიდგინეთ თავი იმ კაცის ადგილზე, რომელსაც უთხრეს, დაეტოვებინა თავისი სახლი, ქვეყანა, მეგობრები, უზრუნველყოფილი ცხოვრება, და თავისი დიდი ოჯახით უცხო ქვეყანაში წასულიყო. აბრაამი სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „წავიდა აბრამი, როგორც იეჰოვამ უთხრა“ და სიცოცხლის დარჩენილი წლები ხიზნად ცხოვრობდა კარვებში ქანაანის მიწაზე (დაბადება 12:4; ებრაელები 11:8, 9). იეჰოვამ უთხრა აბრაამს, რომ „დიდ ერად“ აქცევდა, მაგრამ ის იმაზე დიდი ხნით ადრე მოკვდა, ვიდრე მისი შთამომავლობა გამრავლდებოდა. სარამ, მისმა ცოლმა, აბრაამს მხოლოდ ერთი ვაჟი, ისაკი, აღთქმულ ქვეყანაში ჩასვლიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგ უშვა (დაბადება 21:2, 5). მიუხედავად ამისა, აბრაამს ძალა არ გამოლევია და მშობლიურ ქალაქში არ დაბრუნებულა. რწმენისა და მოთმინების რა კარგი მაგალითია!

      7. რა გავლენა მოახდინა აბრაამის მოთმინებამ მის ვაჟზე, ისაკზე, და რა მოუტანა ამან კაცობრიობას?

      7 აბრაამის მოთმინებამ დიდი გავლენა მოახდინა მის ვაჟზე, ისაკზე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება — 180 წელი — ქანაანის მიწაზე ხიზნობდა. ისაკს მოთმინების გამომუშავებაში ღვთის დანაპირებისადმი რწმენა დაეხმარა, რაც მას ხანდაზმულმა მშობლებმა ჩაუნერგეს და მოგვიანებით იეჰოვას სიტყვებმა განუმტკიცა (დაბადება 26:2—5). ისაკის სიმტკიცე მნიშვნელოვან როლს სრულებდა იეჰოვას დანაპირების შესრულებაში, რომ აღთქმული შთამომავალი, რომლის მეშვეობითაც მთელი კაცობრიობა იკურთხებოდა, აბრაამის საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა. საუკუნეების შემდეგ იესო ქრისტემ, ამ შთამომავლის მთავარმა წარმომადგენელმა, ღმერთთან შერიგებისა და მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მისცა ყველას, ვინც მისდამი რწმენას გამოავლენდა (გალატელები 3:16; იოანე 3:16).

      8. როგორ გამოავლინა იაკობმა მტკიცე რწმენა, და რა შედეგი მოჰყვა ამას?

      8 ისაკი, თავის მხრივ, თავის ვაჟს, იაკობს, დაეხმარა მტკიცე რწმენის განვითარებაში; ამ რწმენამ გააძლიერა ის ხანდაზმულობის ასაკში. იაკობი 97 წლის იყო, როდესაც კურთხევის მისაღებად მთელი ღამის განმავლობაში ერკინებოდა ანგელოზს (დაბადება 32:24—28). 147 წლის იაკობმა სიკვდილამდე ძალა მოიკრიბა და თორმეტივე ვაჟი სათითაოდ აკურთხა (დაბადება 47:28). მისი წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებიც დაბადების 49:1—28-შია ჩაწერილი, ნაწილობრივ შესრულდა და დღესაც სრულდება.

      9. რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ ხანდაზმულებს ოჯახის წევრებზე?

      9 ცხადია, ღვთის ერთგულ ხანდაზმულ მსახურებს ოჯახის წევრებზე სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ბიბლიურმა რჩევებმა, გამოცდილების გაზიარებამ და მოთმინების მაგალითებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ახალგაზრდაზე და მას მტკიცე რწმენის განვითარებაში დაეხმაროს (იგავები 22:6). ხანდაზმულებს არ უნდა დაავიწყდეთ, რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ თავიანთი ოჯახის წევრებზე.

      გავლენა თანამორწმუნეებზე

      10. რა ბრძანება გასცა იოსებმა „თავისი ძვლების შესახებ“, და რა გავლენა იქონია ამან ისრაელებზე?

      10 ხანდაზმულებმა შეიძლება კარგი მაგალითი თანამორწმუნეებსაც მისცენ. იაკობის ძემ, იოსებმა, ხანდაზმულობის ასაკში ისეთი რწმენა გამოავლინა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის შემდეგ მცხოვრებ მილიონობით ჭეშმარიტ თაყვანისმცემელზე. ის 110 წლის იყო, როდესაც „ბრძანება გასცა თავისი ძვლების შესახებ“, ანუ იმის შესახებ, რომ ეგვიპტიდან გასვლის შემდეგ ისრაელებს თან წაეღოთ მისი ძვლები (ებრაელები 11:22; დაბადება 50:25). ეს ბრძანება იოსების სიკვდილის შემდეგ ეგვიპტის მონობაში მყოფ ისრაელებს აიმედებდა და იმის რწმენას უნერგავდა, რომ მონობიდან გათავისუფლდებოდნენ.

      11. რა გავლენას მოახდენდა ხანდაზმული მოსე იესო ნავეს ძეზე?

      11 იოსების რწმენამ დიდი გავლენა იქონია მოსეს რწმენაზეც. 80 წლის მოსეს წილად ხვდა პატივი, ეგვიპტიდან წაეღო იოსების ძვლები (გამოსვლა 13:19). იმ დროს მოსემ გაიცნო მასზე ბევრად უმცროსი იესო ნავეს ძე. მომდევნო 40 წლის განმავლობაში იესო ნავეს ძე მოსეს მარჯვენა ხელი იყო (რიცხვები 11:28). ის სინას მთაზე აჰყვა და მოგვიანებით დახვდა კიდეც ქვის ფილებით ხელში მთის წვერიდან ჩამომავალ მოსეს (გამოსვლა 24:12—18; 32:15—17). ხანდაზმული მოსეს სახით რა გონიერი და მოწიფული მრჩეველი ეყოლებოდა იესო ნავეს ძეს!

      12. რა სასიკეთო გავლენას ახდენდა იესო ნავეს ძე ისრაელ ერზე მთელი სიცოცხლის მანძილზე?

      12 თავის მხრივ, იესო ნავეს ძე, სანამ ცოცხალი იყო, ყოველთვის ამხნევებდა ისრაელებს. მსაჯულების 2:7-ში ნათქვამია: „ემსახურებოდა ხალხი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და იმ უხუცესების დროსაც, რომლებიც იესო ნავეს ძის შემდეგ იყვნენ; ნანახი ჰქონდათ მათ იეჰოვას დიდებული საქმეები, რომლებიც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა“. მაგრამ იესო ნავეს ძისა და სხვა ხანდაზმული მამაკაცების სიკვდილის შემდეგ 300 წლის განმავლობაში, წინასწარმეტყველ სამუელის დღეებამდე, ისრაელები ხან ჭეშმარიტი რელიგიის მხარეს იდგნენ და ხანაც ცრუ თაყვანისმცემლობას მისდევდნენ.

      სამუელი „სიმართლეს იქმოდა“

      13. რა გააკეთა სამუელმა იმისთვის, რომ ‘სიმართლე ექმნა’?

      13 ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რამდენ ხანს იცოცხლა სამუელმა, მაგრამ წიგნი „პირველი სამუელი“ მოიცავს დაახლოებით 102 წლიან პერიოდს; სამუელი კი იქ აღწერილ მოვლენათა უმეტესობის მომსწრე იყო. ებრაელების 11:32, 33-ში ვკითხულობთ, რომ მართალი მსაჯულები და წინასწარმეტყველები „სიმართლეს იქმოდნენ“. სამუელმა გავლენა იქონია ზოგ მის თანამედროვეზე, რომელთაც დაეხმარა, თავი აერიდებინათ ცოდვისთვის ან ცოდვილი გზიდან მობრუნებულიყვნენ (1 სამუელი 7:2—4). როგორ? ის მთელი ცხოვრება იეჰოვას ერთგული იყო (1 სამუელი 12:2—5). მას არ ეშინოდა, რომ მეფისთვისაც კი მკაცრად მიეცა რჩევა (1 სამუელი 15:16—29). გარდა ამისა, ‘მოხუცი და ჭაღარა’ სამუელი სხვებისთვის ლოცვის კარგ მაგალითს იძლეოდა. მან თქვა, რომ არ შესცოდავდა იეჰოვას და ისრაელებისთვის ლოცვას არ შეწყვეტდა (1 სამუელი 12:2, 23).

      14, 15. როგორ შეუძლიათ ხანდაზმულებს მიჰბაძონ სამუელს და ილოცონ სხვებისთვის?

      14 ამ მაგალითებიდან აშკარად ჩანს, რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ხანდაზმულებს თანამორწმუნეებზე. ჯანმრთელობის გაუარესების ან სხვა მიზეზების გამო ხანდაზმულებმა შეიძლება ფიზიკურად ბევრი ვერ გააკეთონ, მაგრამ მათ სხვებისთვის ლოცვა შეუძლიათ. ხანდაზმულებო, წარმოგიდგენიათ რა დიდი სარგებლობა შეიძლება მოუტანოს კრებას თქვენმა ლოცვებმა?! იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის გამოვლენით ღვთის მოწონებას იმსახურებთ, ხოლო მოთმინების შედეგად „გამონაცად რწმენას“ იძენთ (იაკობი 1:3; 1 პეტრე 1:7). არასდროს დაგავიწყდეთ: „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს, რადგან სრულდება“ (იაკობი 5:16).

      15 თქვენი ლოცვა მართლაც საჭიროა იეჰოვას სამეფო საქმიანობის წინსვლისთვის. ზოგი ჩვენი ძმა ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ციხეში ზის. ზოგიც სტიქიური უბედურების, ომებისა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე არეულობების მსხვერპლნი ხდებიან. კრებებში ჩვენ გვერდით მყოფი და-ძმები სხვადასხვა განსაცდელსა თუ წინააღმდეგობას ხვდებიან (მათე 10:35, 36). თქვენი ლოცვები სჭირდება მათ, ვინც სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობს და კრებას ზედამხედველობს (ეფესოელები 6:18, 19; კოლოსელები 4:2, 3). რა კარგია, როდესაც ეპაფრას მსგავსად, თქვენც ლოცულობთ თანაქრისტიანებისთვის! (კოლოსელები 4:12).

      ისინი მომავალ თაობებს ასწავლიან

      16, 17. რა იყო ნაწინასწარმეტყველები ფსალმუნის 71:18-ში, და როგორ სრულდება ის?

      16 ზეციერი მოწოდების მქონე ერთგულ „მცირე სამწყოსთან“ ურთიერთობამ ბევრი რამ ასწავლა დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის მქონე „სხვა ცხვარს“ (ლუკა 12:32; იოანე 10:16). ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ფსალმუნის 71:18-ში, სადაც წერია: „ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო, სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა“. ვიდრე იესო ქრისტესთან ერთად განდიდებიან, სულით ცხებულები მოწადინებული არიან, მეტი პასუხისმგებლობებისთვის მოამზადონ სხვა ცხვრები.

      17 ის, რაც ფსალმუნის 71:18-შია ნათქვამი „მომავალი თაობის“ მომზადების შესახებ, შეიძლება ეხებოდეს სხვა ცხვრებსაც, რომლებიც ღვთის ცხებულებისგან განისწავლებიან. იეჰოვამ ხანდაზმულებს მისცა საპატიო დავალება — მის შესახებ დაუმოწმონ ადამიანებს, რომლებიც ახლა ერთიანდებიან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (იოელი 1:2, 3). სხვა ცხვრები კურთხევად მიიჩნევენ ცხებულებისგან განსწავლას და აღძრულნი არიან, ბიბლიური ცოდნა გაუზიარონ იეჰოვასთვის მსახურების მსურველებს (გამოცხადება 7:9, 10).

      18, 19. ა) რა ფასეული ინფორმაცია შეიძლება გადმოგვცენ იეჰოვას ხანდაზმულმა მსახურებმა? ბ) რაში უნდა იყვნენ ხანდაზმული ქრისტიანები დარწმუნებული?

      18 იეჰოვას ხანდაზმული მსახურები, ცხებულები თუ სხვა ცხვრები, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მომსწრენი არიან. დღეს მცხოვრებ ხანდაზმულთაგან ზოგიერთს ჯერ კიდევ ახსოვს, როგორ უყურებდნენ „შემოქმედების ფოტოდრამას“. ზოგი პირადად იცნობდა 1918 წელს დააპატიმრებულ ხელმძღვანელ ძმებს. ზოგიც „საგუშაგო კოშკის“ რადიოსადგურიდან ბიბლიურ თემებს კითხულობდა. მრავალს შეუძლია გაიხსენოს ის დრო, როდესაც იეჰოვას მოწმეები რელიგიური თავისუფლების მოსაპოვებლად უზენაეს სასამართლოებში იბრძოდნენ. სხვები, ვინც დიქტატორულ ქვეყნებში ცხოვრობდნენ, მტკიცედ უჭერდნენ მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ხანდაზმულებს შეუძლიათ მოგვითხრონ, თანდათანობით როგორ ეფინებოდა ნათელი ჭეშმარიტებას. ბიბლია გვირჩევს, ვისარგებლოთ მათი მდიდარი გამოცდილებით (კანონი 32:7).

      19 ხანდაზმულ ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს, კარგი მაგალითი მისცენ ახალგაზრდებს (ტიტე 2:2—4). შესაძლოა, დღეს ვერ ხედავთ, რა გავლენას ახდენს სხვებზე თქვენი მოთმინება, ლოცვები და რჩევები. ალბათ არც ნოემ, აბრაამმა, იოსებმა, მოსემ თუ სხვებმა იცოდნენ ბოლომდე, რა გავლენას მოახდენდა მათი ერთგულება მომავალ თაობებზე. მიუხედავად ამისა, შთამომავლობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ რწმენასა და ერთგულებას. თქვენც ასეთივე გავლენას ახდენთ მომავალ თაობებზე.

      20. რა კურთხევები ელით მათ, ვინც ბოლომდე იმედით იცხოვრებს?

      20 რა სასიამოვნო იქნება „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ ტკბობა ყველასთვის, ვინც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს ან მკვდრეთით აღდგება! (მათე 24:21; 1 ტიმოთე 6:19). წარმოიდგინეთ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდი, როდესაც იეჰოვა მოსპობს ხანდაზმულობულობას და მის შედეგებს. დაჩაჩანაკების ნაცვლად, ყოველდღიურად თავს უკეთესად იგრძნობთ — გექნებათ მეტი ენერგია, უფრო მახვილი მხედველობა, სმენა და უკეთესი გარეგნობა (იობი 33:25; ესაია 35:5, 6). ყველა, ვინც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებს, მარადიულად ახალგაზრდა იქნება (ესაია 65:22). ამიტომ, დაე, ყველამ ბოლომდე შევინარჩუნოთ მტკიცე იმედი და მთელი სულით ვემსახუროთ იეჰოვას! შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა შეასრულებს ყველა თავის დანაპირებს და სინამდვილე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს! (ფსალმუნი 37:4; 145:16).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება