-
ხანდაზმულები — ქრისტიანული საძმოს ძვირფასი წევრებისაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 მაისი
-
-
[ჩარჩო 13 გვერდზე]
როგორ ინარჩუნებენ ისინი ჯანსაღ რწმენას?
რა ეხმარება დიდი ხნის ქრისტიანებს, შეინარჩუნონ ჯანსაღი რწმენა და სულიერი სიმხნევე? ქვემოთ მოყვანილია ზოგი მათგანის სიტყვები:
„ბიბლიიდან ისეთი მუხლების კითხვა, რომლებიც ყურადღებას ამახვილებს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. თითქმის ყოველ ღამე ვიხსენებ 22-ე და 90-ე ფსალმუნებში ჩაწერილ სიტყვებს“ (ალივი, მოინათლა 1930 წელს).
„მიზნად მაქვს დასახული, არ გამოვტოვო არც ერთი მოხსენება მოსანათლავებისთვის და ისე ყურადღებით მოვისმინო, თითქოს თავად ვიყო მოსანათლი. როდესაც ყოველთვის ნათლად გვახსოვს იეჰოვასადმი ჩვენი მიძღვნა, ეს მნიშვნელოვნად გვიწყობს ხელს ერთგულების შენარჩუნებაში“ (ჰარი, მოინათლა 1946 წელს).
«ყოველდღიურად ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ დაგვეხმაროს, მფარველობა გაგვიწიოს და გვაკურთხოს, რათა ‘ყველა ჩვენ გზაზე შევიცნოთ ის’» (იგავები 3:5, 6) (ანტონიო, მოინათლა 1951 წელს).
„მრავალი წლის მანძილზე იეჰოვას მსახურებაში მყოფი და-ძმების შემთხვევების მოსმენა უფრო მიმტკიცებს გადაწყვეტილებას, ბოლომდე ღვთის ერთგული დავრჩე“ (ჯოანი, მოინათლა 1954 წელს).
„მნიშვნელოვანია, რომ დიდი წარმოდგენა არ გვქონდეს საკუთარ თავზე. ყველაფერი, რაც გვაქვს, ღვთის წყალობის შედეგია. ასეთი თვალსაზრისი გვეხმარება, სწორად შევაფასოთ სულიერი საზრდო, რომლის მიღებაც აუცილებელია ბოლომდე მოსათმენად“ (არლინი, მოინათლა 1954 წელს).
-
-
ხანდაზმულები — ქრისტიანული საძმოს ძვირფასი წევრებისაგუშაგო კოშკი — 2004 | 15 მაისი
-
-
„გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას“
9, 10. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს შეინარჩუნონ ჯანსაღი რწმენა და სულიერი სიმხნევე? (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 13).
9 ფსალმუნმომღერალი, რომელიც იეჰოვას ხანდაზმულ მსახურთა ნაყოფიერ საქმიანობაზე ამახვილებდა ყურადღებას, გალობდა: „წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება . . . სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას (ფსალმუნები 91:13, 15).
10 როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სულიერი სიმხნევე ასაკის მიუხედავად? პალმის ხეების მრავალწლოვანი სილამაზის საიდუმლო გამოულეველი წყლის მარაგია. მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ ბიბლიური ჭეშმარიტების წყლებით ისაზრდოოთ — შეისწავლოთ ღვთის სიტყვა და ურთიერთობა იქონიოთ მის ორგანიზაციასთან (ფსალმუნები 1:1—3; იერემია 17:7, 8). სულიერი სიმხნევის შედეგად, ფასდაუდებელ დახმარებას აღმოუჩენთ თანამორწმუნეებს. განვიხილოთ, როგორ გამართლდა ეს ხანდაზმული მღვდელმთავრის, იეჰოიადაყის, შემთხვევაში.
11, 12. ა) რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იეჰოიადაყმა ისრაელის სამეფოს ისტორიაში? ბ) როგორ გამოიყენა იეჰოიადაყმა თავისი გავლენიანობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად?
11 იეჰოიადაყი, ალბათ, ას წელს იყო გადაცილებული, როდესაც პატივმოყვარე დედოფალმა ღოთოლიამ ისრაელში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საკუთარი შვილიშვილები დახოცა. როგორ მოიქცა მოხუცი იეჰოიადაყი? ექვსი წლის მანძილზე ის და მისი ცოლი ტაძარში მალავდნენ ტახტის ერთადერთ მემკვიდრეს, იოაშს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. მოგვიანებით მოულოდნელი რამ მოხდა — იეჰოიადაყმა შვიდი წლის იოაში მეფედ გამოაცხადა და ღოთოლია სიკვდილით დაასჯევინა (2 ნეშტთა 22:10—12; 23:1—3, 15, 21).
12 იეჰოიადაყმა, როგორც მეფის მეურვემ, თავისი გავლენიანობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად გამოიყენა. „დადო იეჰოიადაყმა აღთქმა თავისთავსა, მთელ ერსა და მეფეს შორის, რათა ისინი უფლის ერი გამხდარიყვნენ“. იეჰოიადაყის განკარგულებით ხალხმა დაანგრია და დალეწა ცრუ ღმერთისთვის, ბაალისთვის, აშენებული სახლი მასში მოთავსებული სამსხვერპლოებითა და გამოსახულებებით; მოკლულ იქნა ბაალის ქურუმიც. აგრეთვე, იეჰოიადაყის ხელმძღვანელობით იოშიამ აღადგინა ტაძარში მსახურება და იზრუნა, რომ ტაძარი შეკეთებულიყო. „სწორეს აკეთებდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას“ (2 ნეშტთა 23:11, 16—19; 24:11—14; 4 მეფეთა 12:2). როდესაც იეჰოიადაყი 130 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის დიდი პატივით დამარხეს მეფეთა გვერდით, რადგან „სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისათვის“ (2 ნეშტთა 24:15, 16).
13. როგორ შეუძლიათ ხანდაზმულ ქრისტიანებს ‘სიკეთე აკეთონ ღვთისთვის და მისი სახლისთვის’?
13 ჯანმრთელობის გაუარესებისა თუ სხვა მდგომარეობის გამო შესაძლოა ვერ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც გსურთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად. ასეთ შემთხვევაშიც კი თქვენ ჯერ კიდევ ძალგიძთ, ‘სიკეთე აკეთოთ ღვთისთვის და მისი სახლისთვის’. თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ გულმოდგინება იეჰოვას სულიერი სახლისთვის კრების შეხვედრებზე დასწრებითა და მათში მონაწილეობით, აგრეთვე შეძლებისდაგვარად ქადაგებით. ბიბლიური რჩევების მისაღებად თქვენ მიერ გამოვლენილი მზადყოფნა და „ერთგული და გონიერი მონისა“ და კრების ერთგულად მხარდაჭერა ქრისტიანულ საძმოზე ძალიან დადებით გავლენას მოახდენს (მათე 24:45—47). აგრეთვე, შეგიძლიათ წაახალისოთ თანამორწმუნეები „სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“ (ებრაელთა 10:24, 25; ფილიმონი 8, 9). თქვენ სარგებლობას მოუტანთ სხვებს, თუ იმოქმედებთ პავლე მოციქულის რჩევის თანახმად: „ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში. ასევე მოხუცი დედაკაცებიც — ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი“ (ტიტე 2:2—4).
14. რისი გაკეთება შეუძლიათ დიდი ხნის ქრისტიან ზედამხედველებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად?
14 უკვე არაერთი წელია, რაც კრების უხუცესად მსახურობ? „უანგაროდ გამოიყენეთ წლების მანძილზე შეძენილი სიბრძნე, — გვირჩევს ერთი გამოცდილი უხუცესი. — გაუნაწილეთ სხვებს მოვალეობები და გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება მათ, რომლებსაც მზადყოფნის სული აქვთ . . . შეეცადეთ, დაინახოთ სხვების პოტენციალი და დაეხმაროთ მათ ამ პოტენციალის დახვეწასა და გამოვლენაში. ჩაუყარეთ საფუძველი მომავალს“ (მეორე რჯული 3:27, 28). თქვენ მიერ უდიდესი მასშტაბების მომცველი სამქადაგებლო საქმიანობისადმი გამოვლენილი გულწრფელი ინტერესი უამრავ კურთხევას მოუტანს ქრისტიანული საძმოს სხვა წევრებს.
-