-
პრაქტიკული ღირებულების ჩვენებამიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
-
-
გაკვეთილი 23
პრაქტიკული ღირებულების ჩვენება
ერთ კაცს ელაპარაკები თუ მრავალრიცხოვან აუდიტორიას, ნებისმიერ შემთხვევაში, არაგონივრული იქნება იფიქრო, რომ თუ შენთვის საინტერესოა შენი მსჯელობის საგანი, მსმენელიც აუცილებლად დაინტერესდება. ინფორმაცია მნიშვნელოვანიც რომ იყოს, ადამიანმა შეიძლება დიდხანს არ მოგისმინოს, თუ ვერ დაანახვებ პრაქტიკულ ღირებულებას.
გამონაკლისი არც სამეფო დარბაზში მოსული მსმენელია. ალბათ, ყველა მოგისმენს, როდესაც ისეთ მაგალითს ან შემთხვევას მოიყვან, რომელიც არასდროს გაუგიათ. მაგრამ ზოგს შეიძლება ყურადღება გაეფანტოს, როდესაც კარგად ნაცნობ თემაზე ილაპარაკებ, მით უმეტეს, თუ ამ თემას ახალს არაფერს შემატებ. მსმენელს იმის დანახვაში უნდა დაეხმარო, თუ რატომ და რა მხრივ არის მისთვის ნამდვილად სარგებლობის მომტანი ის, რის შესახებაც ლაპარაკობ.
ბიბლია პრაქტიკული აზროვნებისკენ ანუ სიბრძნის გამოვლენისკენ მოგვიწოდებს (იგავ. 3:21). იეჰოვამ იოანე ნათლისმცემლის საშუალებით ადამიანები ‘მართალთა სიბრძნისკენ მოაბრუნა’ (ლუკ. 1:17). ასეთი სიბრძნის სათავე იეჰოვასადმი ჯანსაღი შიშია (ფსალმ. 111:10). სიბრძნე ადამიანს დღესვე ეხმარება პრობლემების გადაჭრაში, სამომავლოდ კი ჭეშმარიტი, მარადიული სიცოცხლის მიღწევის შესაძლებლობასაც აძლევს (1 ტიმ. 4:8; 6:19).
როგორ უნდა გახადო პრაქტიკული შენი გამოსვლა. შენი გამოსვლა პრაქტიკული რომ იყოს, მომზადებისას მხოლოდ მასალაზე კი არა, მსმენელზეც უნდა იფიქრო. მსმენელს მთლიან ჯგუფად ნუ აღიქვამ. ეს ჯგუფი ცალკეული ადამიანებისგან და ოჯახებისგან შედგება. მსმენელთა შორის იქნებიან ბავშვები, მოზარდები, უფროსი ასაკის ადამიანები და ხანდაზმულები. მათ შორის იქნებიან ახალი დაინტერესებულებიც და ისინიც, ვინც იეჰოვას მსახურება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც შენ დაბადებულიც არ იყავი. მსმენელთა შორის ზოგი სულიერად მოწიფული იქნება, ზოგი კი შეიძლება კვლავაც ამ ქვეყნიერების ძლიერი გავლენის ქვეშ იყოს. დაფიქრდი: „რა სარგებლობას მოუტანს მსმენელებს ის, რის განხილვასაც ვაპირებ? როგორ დავანახვო, რომ ეს მათთვის სასარგებლო იქნება?“ შეიძლება საჭიროდ მიიჩნიო მსმენელთა რომელიმე ჯგუფისთვის ან ჯგუფებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა, მაგრამ კარგი იქნება, სხვებიც არ დაივიწყო.
რა უნდა გააკეთო, თუ კრებაში ბიბლიის რომელიმე ძირითადი სწავლება გაქვს განსახილველი? როგორ უნდა გახადო მასალა პრაქტიკული იმ მსმენელისთვის, რომელსაც ისედაც სწამს ეს სწავლება? შეეცადე უფრო მეტად განამტკიცო მათი რწმენა. როგორ? იმსჯელე იმ ბიბლიური მუხლების საფუძველზე, რომლებზეც ეს სწავლებაა დაფუძნებული. აგრეთვე შეგიძლია მსმენელს დაეხმარო, უფრო ღრმად ჩასწვდეს ამ სწავლებას. ამისათვის დაანახვე, როგორ შეესაბამება ის სხვა ბიბლიურ სწავლებებს და თავად იეჰოვას თვისებებს. მოიყვანე მაგალითები, თუ როგორ დაეხმარა ეს სწავლება სხვებს და რა გავლენა მოახდინა მან მომავლის შესახებ მათ თვალსაზრისზე.
ნუ მოიტოვებ მასალის პრაქტიკული ღირებულების ჩვენებას გამოსვლის ბოლოსთვის. თითოეულმა მსმენელმა თავიდანვე უნდა იფიქროს: „ეს მე მეხება“. შესავალში ასეთი საფუძვლის ჩაყრის შემდეგ ყურადღება გაამახვილე იმაზე, თუ როგორ შეიძლება მასალის გამოყენება. ეს გააკეთე როგორც ძირითად ნაწილში თითოეულ მთავარ აზრზე მსჯელობისას, ისე დასკვნის დროს.
როდესაც ბიბლიური მუხლის პრაქტიკულ ღირებულებას ხსნი, ბიბლიური პრინციპები უნდა გაითვალისწინო. რა იგულისხმება ამაში? უნდა ილაპარაკო სიყვარულით და თანაგრძნობით (1 პეტ. 3:8; 1 იოან. 4:8). პავლე მოციქული თესალონიკეს კრებაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე ლაპარაკის დროსაც კი აღნიშნავდა იმ კრების წევრთა სულიერ წინსვლასთან დაკავშირებულ დადებით მხარეებს. აგრეთვე, როგორც მისი სიტყვებიდან ვხედავთ, პავლეს სჯეროდა, რომ ისინი მოინდომებდნენ იმის კეთებას, რაც სწორია (1 თეს. 4:1—12). პავლე ნამდვილად შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს!
რა არის შენი გამოსვლის მიზანი? თუ გინდა, რომ მსმენელი სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და სხვების სწავლებისკენ აღძრა, დაეხმარე ამ შესაძლებლობის დაფასებაში და ენთუზიაზმის გაღვივებაში. ამავე დროს, გაითვალისწინე, რომ ყველას სხვადასხვა მდგომარეობა აქვს, რის გამოც ზოგი მეტს გააკეთებს და ზოგი ნაკლებს, რაც ბიბლიაშიც არის აღნიშნული (მათ. 13:23). ძმებს თავს დამნაშავედ ნუ აგრძნობინებ. ებრაელების 10:24 მოგვიწოდებს, რომ „წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“. წახალისება ადამიანს კარგი საქმეების კეთების სურვილს აღუძრავს. გახსოვდეს, რომ იეჰოვა არ გვაიძულებს მორჩილებას; მას სურს, რომ ‘რწმენით დავემორჩილოთ’ (რომ. 16:26). სწორედ ამიტომ უნდა შევეცადოთ როგორც საკუთარი, ისე სულიერი ძმების რწმენის განმტკიცებას.
-