-
ეს არის ჩვენი სულიერი მემკვიდრეობასაგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
-
-
ეს არის ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა
„ეს არის იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა“ (ეს. 54:17).
1. რა შემოუნახა იეჰოვამ ადამიანებს მათ საკეთილდღეოდ?
იეჰოვამ, რომელიც „ცოცხალი და მარადიული“ ღმერთია, ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა შემოუნახა. ეჭვი არ გვეპარება, რომ „იეჰოვას სიტყვა . . . მარადიულად რჩება“ (1 პეტ. 1:23—25). რამდენად მადლიერნი ვართ, რომ ღმერთმა შემოგვინახა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც მის სიტყვაში, ბიბლიაში ვკითხულობთ.
2. რა შემოგვინახა ღმერთმა ბიბლიის მეშვეობით და რა მიზნით?
2 ბიბლიის მეშვეობით ღმერთმა შემოგვინახა თავისი სახელი, რომელიც თვითონ აირჩია, რათა გამოგვეყენებინა ის. წმინდა წერილებში ღვთის სახელი პირველად გვხვდება დაბადების 2:4-ში, სადაც ვკითხულობთ, რომ „იეჰოვა ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა“. ღვთის სახელი რამდენიმეჯერ იყო სასწაულებრივად დაწერილი ქვის ფილებზე, რომლებზეც ათი მცნება ეწერა. მაგალითად, პირველი მცნება იყო: „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი“ (გამ. 20:1—17). ღვთის სახელი არ მიეცა დავიწყებას, რადგან უზენაესმა უფალმა იეჰოვამ ის და თავისი სიტყვა შემოგვინახა, მიუხედავად სატანის ყველა მცდელობისა, გაენადგურებინა ისინი (ფსალმ. 73:28).
3. რა შემოგვინახა ღმერთმა ცრუ რელიგიური სწავლებების გავრცელების მიუხედავად?
3 თავის სიტყვაში იეჰოვამ აგრეთვე შემოგვინახა ჭეშმარიტება. მიუხედავად იმისა, რომ ცრუ რელიგიური სწავლებები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მადლიერნი ვართ, რომ ღმერთმა მოგვცა სულიერი სინათლე და ჭეშმარიტება (წაიკითხეთ ფსალმუნის 43:3, 4 ). მაშინ, როცა ადამიანთა უმეტესობა სიბნელეში დადის, ჩვენ გვიხარია, რომ დავდივართ სინათლეში, რომელიც ღმერთმა მოგვცა (1 იოან. 1:6, 7).
მემკვიდრეობა, რომელსაც უნდა ვაფასებდეთ
4, 5. რა განსაკუთრებული პატივი გვაქვს 1931 წლიდან?
4 ჩვენ, ქრისტიანებს, ძვირფასი მემკვიდრეობა გვაქვს. ერთ ლექსიკონში ნათქვამია: „მემკვიდრეობა არის ამა თუ იმ ქვეყნის მკვიდრთათვის დამახასიათებელი ხასიათის, ტრადიციებისა და ცხოვრების ნირის ერთობლიობა, რომლებიც საუკუნეებს ითვლის და თაობიდან თაობას გადაეცემა“ (Collins Cobuild English Dictionary). ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა ის არის, რომ გვაქვს ღვთის სიტყვის ზუსტი ცოდნა და ვიცით ჭეშმარიტება იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. ეს მემკვიდრეობა სხვა განსაკუთრებულ პატივსაც მოიცავს.
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 1931 წელს კონგრესზე მივიღეთ სახელი „იეჰოვას მოწმეები“
5 ეს პატივი ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის ნაწილი გახდა 1931 წელს კოლუმბუსში (ოჰაიო, აშშ) გამართულ კონგრესზე. კონგრესის პროგრამაზე დაბეჭდილი იყო ასოები „JW“. ერთმა დამ თქვა: «და-ძმები მსჯელობდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს ორი ასო და ზოგი მიხვდა კიდეც, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო „იეჰოვას მოწმეები“» (ინგლისურად Jehovah’s Witnesses). ჩვენ გვერქვა ბიბლიის მკვლევრები, მაგრამ 1931 წლის 26 ივლისს რეზოლუციის შედეგად მივიღეთ სახელი „იეჰოვას მოწმეები“, რომელსაც ბიბლიური საფუძველი ჰქონდა (წაიკითხეთ ესაიას 43:12). „არასდროს დამავიწყდება შეძახილები და მქუხარე აპლოდისმენტები, რომელიც აზანზარებდა შეხვედრის ადგილს“, — გაიხსენა ერთმა ძმამ. მთელი დედამიწის ზურგზე არავის არ უნდოდა ეს სახელი, მაგრამ ღმერთმა გვაკურთხა, რომ ამ სახელს აგერ უკვე 80 წელზე მეტია ვატარებთ. მართლაც, რა განსაკუთრებული პატივია, გვერქვას იეჰოვას მოწმეები!
6. რა სარწმუნო ინფორმაციას მოიცავს ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა?
6 ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა მოიცავს სარწმუნო და ძვირფას ინფორმაციას წარსულის შესახებ. მაგალითად, გავიხსენოთ აბრაამი, ისაკი და იაკობი. ალბათ, ეს პატრიარქები და მათი ოჯახები საუბრობდნენ, თუ როგორ ესიამოვნებინათ იეჰოვასთვის. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ღვთისმოშიში იოსები გაექცა უზნეობას, რათა არ შეეცოდა იეჰოვასთვის (დაბ. 39:7—9). ქრისტიანული ტრადიციები ზეპირად ან პირადი მაგალითითაც გადაიცემოდა. მაგალითად, პავლემ ქრისტიანულ კრებებს მისწერა მითითებები უფლის გახსენების საღამოს შესახებ (1 კორ. 11:2, 23). ჩვენ ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, თუ რა არის საჭირო, რომ ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ ვცეთ თაყვანი (წაიკითხეთ იოანეს 4:23, 24 ). ბიბლია არის სინათლე მთელი კაცობრიობისთვის, მაგრამ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, განსაკუთრებით ვაფასებთ მას.
7. რა გამამხნევებელი დაპირება შედის ჩვენს მემკვიდრეობაში?
7 ჩვენი სულიერი მემკვიდრეობაა აგრეთვე პუბლიკაციებში მოცემული თანამედროვე შემთხვევები, რომლებიც ამტკიცებს, რომ იეჰოვაა ჩვენ გვერდით (ფსალმ. 118:7). ეს გვეხმარება, თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ მაშინაც კი, როცა გვდევნიან. ჩვენს სულიერ მემკვიდრეობაში შედის ღვთის გამამხნევებელი დაპირება: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს. ეს არის იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა, მათი სიმართლე ჩემგან არის“ (ეს. 54:17). სატანის არსენალში არსებული ვერც ერთი იარაღი ვერ მოგვაყენებს სამუდამო ზიანს.
8. რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში?
8 სატანა ცდილობს, გაანადგუროს ღვთის სიტყვა, დაავიწყოს ხალხს იეჰოვას სახელი და დაუმალოს მათ ჭეშმარიტება. მაგრამ ვერც ერთი მისი ჩანაფიქრი ვერ შესრულდება, რადგან იეჰოვა მასზე ბევრად ძლიერია. ამ და მომდევნო სტატიაში ჩვენ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს: 1) როგორ შემოგვინახა ღმერთმა თავისი სიტყვა, 2) როგორ იზრუნა ღმერთმა, რომ მისი სახელი დავიწყებას არ მისცემოდა და 3) როგორ არის ჩვენი ზეციერი მამა ჭეშმარიტების წყარო და როგორ შემოგვინახა მან ის.
იეჰოვამ შემოგვინახა თავისი სიტყვა
9—11. რომელი მაგალითები გვიჩვენებს, რომ ბიბლიამ გაუძლო განადგურების არაერთ მცდელობას?
9 სირთულეების მიუხედავად, იეჰოვამ შემოგვინახა ბიბლია. კათოლიკურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „1229 წელს ტულუზის საეკლესიო კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად უბრალო ადამიანებს ეკრძალებოდათ [მშობლიურ ენაზე ბიბლიის] კითხვა და ამით გაილაშქრეს ალბიგოელებისა და ვალდენსების წინააღმდეგ. . . . ჯეიმზ I-ის ხელმძღვანელობით 1234 წელს მსგავსი დადგენილება მიიღეს ტარაგონის (ესპანეთი) საეკლესიო კრებაზე. . . . ამ საქმეში ვატიკანი პირველად 1559 წელს ჩაერია, როდესაც პავლე IV-ს კატალოგის თანახმად იკრძალებოდა მშობლიურ ენაზე ბიბლიების ბეჭდვა და ქონა ინკვიზიციის ნებართვის გარეშე“ (Enciclopedia Cattolica).
10 ბიბლიამ გაუძლო განადგურების ყველა მცდელობას და ჩვენამდე მოაღწია. დაახლოებით 1382 წელს ჯონ უიკლიფმა და მისმა თანამოაზრეებმა ინგლისურ ენაზე გამოსცეს ბიბლიის პირველი თარგმანი. ბიბლიის სხვა მთარგმნელი იყო უილიამ ტინდალი, რომელიც 1536 წელს სიკვდილით დასაჯეს. ბოძზე გაკრულმა წამოიძახა: „უფალო, აუხილე ინგლისის მეფეს თვალები“. შემდეგ ის დაახრჩვეს და დაწვეს.
11 ბიბლიამ გაუძლო წინააღმდეგობას. მაგალითად, 1535 წელს გამოვიდა მაილზ კოვერდეილის მიერ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ბიბლია. კოვერდეილმა გამოიყენა ტინდალის „ახალი აღთქმისა“ და „ძველი აღთქმის“ თარგმანები დაბადებიდან მატიანეს ჩათვლით. ბიბლიის სხვა წიგნები მან თარგმნა ლათინურიდან და გერმანულ ენაზე შესრულებული მარტინ ლუთერის ბიბლიიდან. დღეს „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ცნობილია იმით, რომ ის არის გასაგები და ზუსტი, და ადვილია მისი გამოყენება მსახურებაში. ჩვენ გვიხარია, რომ ვერც დემონურმა და ვერც ადამიანურმა ძალამ ვერ გაანადგურა იეჰოვას სიტყვა და მან ჩვენამდე მოაღწია.
იეჰოვამ შემოგვინახა თავისი სახელი
ისეთმა ადამიანებმა, როგორიც ტინდალი იყო, საკუთარი სიცოცხლე ღვთის სიტყვის გულისთვის გაიღეს
12. რა წვლილი მიუძღვის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ღვთის სახელის შემონახვაში?
12 იეჰოვა ღმერთმა იზრუნა, რომ თავისი სახელი ბიბლიაში შემოენახა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“. ბიბლიის წინასიტყვაობაში მთარგმნელობითი კომიტეტი ასეთ რამეს წერს: „ამ თარგმანის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა ისაა, რომ ღვთის სახელი აღდგენილია ყველა ადგილას, სადაც ის ბიბლიის ტექსტში უნდა იყოს. ებრაულ წერილებში სახელი იეჰოვა გვხვდება 6 973-ჯერ, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში კი — 237-ჯერ“. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად ან ნაწილობრივ ხელმისაწვდომია 116-ზე მეტ ენაზე და დაბეჭდილია 178 545 862-ზე მეტი ეგზემპლარი.
13. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა ღვთის სახელი იციან კაცობრიობის შექმნიდან?
13 ადამიანებმა ღვთის სახელი იციან კაცობრიობის შექმნიდან. ადამმა და ევამ ზუსტად იცოდნენ, როგორ წარმოითქმებოდა ის. როდესაც წარღვნის შემდეგ ქამმა უპატივცემულობა გამოავლინა მამამისისადმი, ნოემ თქვა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, სემის ღმერთი, ქანაანი კი სემის მონა გახდეს“ (დაბ. 4:1; 9:26). იეჰოვამ თავად განაცხადა: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას“. ღმერთმა აგრეთვე თქვა: „მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის! ჩემ გარდა არავინ არის ღმერთი!“ (ეს. 42:8; 45:5). იეჰოვამ იზრუნა, რომ მისი სახელი შემონახულიყო და დედამიწაზე ყველას გაეგო მის შესახებ. ჩვენ დიდი პატივი გვაქვს, გამოვიყენოთ მისი სახელი და ვიმსახუროთ მის მოწმეებად. ფაქტობრივად, ჩვენ ვამბობთ: „ჩვენი ღვთის სახელით აღვმართავთ დროშებს“ (ფსალმ. 20:5).
14. კიდევ სად ვხვდებით ღვთის სახელს ბიბლიის გარდა?
14 ღვთის სახელი მხოლოდ ბიბლიაში არ არის მოხსენიებული. ამის მაგალითია მოაბური ქვა, რომელიც დიბანში, მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით 21 კილომეტრში იპოვეს. ქვაზე გაკეთებულ წარწერაზე მოხსენიებულია ისრაელის მეფე ომრი და მოაბელი მეფის მეშას ისრაელის წინააღმდეგ აჯანყება (1 მეფ. 16:28; 2 მეფ. 1:1; 3:4, 5). მოაბური ქვა განსაკუთრებით იმით არის საინტერესო, რომ მასზე მოცემულია ღვთის სახელი ტეტრაგრამატონის სახით. ტეტრაგრამატონი არაერთხელ გვხვდება ისრაელში ნაპოვნ თიხის ფირფიტებზეც, რომლებიც დღეს „ლაქიშური წერილების“ სახელწოდებით არის ცნობილი.
15. რა არის „სეპტუაგინტა“ და რატომ გახდა ის საჭირო?
15 ძველ დროში მცხოვრებმა ბიბლიის მთარგმნელებმაც შეიტანეს წვლილი ღვთის სახელის შემონახვაში. ძვ. წ. 607 წელს ბაბილონში გადასახლებული ებრაელები ძვ. წ. 537 წელს გაათავისუფლეს, მაგრამ ბევრი აღარ დაბრუნებულა იუდასა და ისრაელში. ძვ. წ. მე-3 საუკუნისთვის ალექსანდრია (ეგვიპტე) გახდა მრავალი იუდეველის სამშობლო, რომლებსაც სჭირდებოდათ ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი. მაშინ ბერძნული საერთაშორისო ენა იყო. ძვ. წ. მე-2 საუკუნისთვის შეიქმნა ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი „სეპტუაგინტა“. ამ თარგმანის ზოგიერთ ეგზემპლარში ღვთის სახელი იეჰოვა ებრაული ასოებით არის მოცემული.
16. როგორ არის ღვთის სახელი გამოყენებული წიგნში, რომელიც პირველად 1640 წელს დაიბეჭდა?
16 ღვთის სახელი მოხსენიებულია ამერიკაში არსებულ ინგლისის კოლონიებში დაბეჭდილ პირველ წიგნშიც (Bay Psalm Book). ებრაულიდან იმდროინდელ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ფსალმუნების ეს წიგნი გამოიცა 1640 წელს. მასში ღვთის სახელი მოცემულია ფსალმუნის 1:1, 2-ში, სადაც ნათქვამია: „ბედნიერია კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის . . . იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას“. ღვთის სახელთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იხილეთ ბროშურაში „ღვთის მარადიული სახელი“ (გამოცემულია ინგლისურ ენაზე).
იეჰოვამ შემოგვინახა ჭეშმარიტება
17, 18. ა) რა არის ჭეშმარიტება? ბ) რას მოიცავს „სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება“?
17 ჩვენ სიხარულით ვემსახურებით იეჰოვას, ჭეშმარიტების ღმერთს (ფსალმ. 31:5). ერთი ლექსიკონის თანახმად, „ჭეშმარიტება რაღაცის შესახებ არის ყველა ფაქტი მის შესახებ და არა რაიმე, რაც წარმოსახვითი ან მოგონილია“ (Collins Cobuild English Dictionary). ებრაული სიტყვა, რომელიც ძირითადად, „ჭეშმარიტებად“ ითარგმნება, შეიძლება ნიშნავდეს, ნამდვილს, სანდოს, ერთგულსა და რეალურს. „ჭეშმარიტებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა მიუთითებს იმაზე, რაც ფაქტია, ნამდვილი და სწორია.
18 იეჰოვამ შემოინახა ჭეშმარიტება და გვეხმარება, უფრო მეტი ცოდნა მივიღოთ ჭეშმარიტების შესახებ (2 იოან. 1, 2). ჭეშმარიტება ჩვენთვის თანდათან ხდება ნათელი, რადგან ბიბლიაში წერია: „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“ (იგავ. 4:18). რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვეთანხმებით იესოს სიტყვებს, რომლებიც მან იეჰოვას ლოცვაში უთხრა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ღვთის სიტყვა მოიცავს „სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტებას“, რომელიც შედგება ყველა ქრისტიანული სწავლებისგან (გალ. 2:14). ამაში შედის ფაქტები იეჰოვას სახელის, მისი უზენაესობის, გამოსასყიდის, მკვდრეთით აღდგომისა და სამეფოს შესახებ. მოდი, ახლა განვიხილოთ, თუ როგორ შემოგვინახა ღმერთმა ჭეშმარიტება, მიუხედავად სატანის მცდელობებისა, რომ დაემალა ის.
იეჰოვა იცავს ჭეშმარიტებას
19, 20. ვინ იყო ნიმროდი და რის გაკეთება ვერ შეძლეს მის დღეებში?
19 წარღვნის შემდეგ ამბობდნენ: „ნიმროდივით იეჰოვას მოწინააღმდეგე ძლიერი მონადირეაო“ (დაბ. 10:9). იეჰოვა ღმერთის მოწინააღმდეგე ნიმროდი თაყვანს სცემდა სატანას და იმ მოწინააღმდეგეებს ჰგავდა, რომლებზეც იესომ თქვა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ. ის . . . ჭეშმარიტებაში არ დადგა“ (იოან. 8:44).
20 ნიმროდის სამფლობელოში შედიოდა ბაბელი და ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე სხვა ქალაქები (დაბ. 10:10). შესაძლოა, მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს ბაბილონისა და მისი კოშკის აშენება დაახლოებით ძვ. წ. 2269 წელს. იეჰოვას ნება იყო, რომ ადამიანებს მთელ დედამიწაზე ეცხოვრათ, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ მშენებლებმა თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და კოშკი, ცას რომ მისწვდეს, და სახელი გავითქვათ, რათა არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე“. მაგრამ მათი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან „აურია იეჰოვამ მათ ენა“ და გაფანტა ღმერთმა კოშკის მშენებლები (დაბ. 11:1—4, 8, 9). თუ სატანა ფიქრობდა, რომ ამით შექმნიდა ერთ რელიგიას, რათა ყველას მისთვის ეცა თაყვანი, ეს მცდელობა კრახით დასრულდა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყოველთვის იყვნენ იეჰოვას თაყვანისმცემლები და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება.
21, 22. ა) რატომ არ წარმოადგენდა არასდროს ცრუ რელიგია სერიოზულ საფრთხეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
21 ცრუ რელიგია არასდროს წარმოადგენდა სერიოზულ საფრთხეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის, იმიტომ, რომ დიდებულმა მოძღვარმა შემოგვინახა თავისი სიტყვა, გაგვიმჟღავნა თავისი სახელი და ჭეშმარიტება (ეს. 30:20, 21). ჩვენთვის სიხარულის მომტანია ღვთისთვის ჭეშმარიტების თანახმად თაყვანისცემა. მაგრამ ამისათვის საჭიროა, სულიერად ვიფხიზლოთ, სრულად მივენდოთ იეჰოვას და მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას.
22 შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, როგორ მოიკიდა ფეხი ზოგიერთმა ცრუ სწავლებამ. დავინახავთ, რომ ამ სწავლებების სიცრუეს ბიბლიური სინათლე ააშკარავებს. უფრო მეტიც, გავიგებთ, როგორ გვაკურთხა ჭეშმარიტების შეუდარებელმა დამცველმა, იეჰოვამ, ჭეშმარიტი სწავლებებით, რომლებიც ჩვენი ძვირფასი სულიერი მემკვიდრეობის ნაწილია.
-
-
აფასებთ თქვენს სულიერ მემკვიდრეობას?საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
-
-
აფასებთ თქვენს სულიერ მემკვიდრეობას?
„მოხედა ღმერთმა . . . უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქ. 15:14).
1, 2. ა) რა იყო „დავითის კარავი“ და როგორ უნდა აღდგენილიყო ის? ბ) ვინ ემსახურება დღეს იეჰოვას?
იერუსალიმში ახ. წ. 49 წელს ხელმძღვანელი საბჭოს ისტორიულ შეხვედრაზე მოციქულმა იაკობმა თქვა: «სიმონმა ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის. ამას ადასტურებს წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია: „ამის შემდეგ დავბრუნდები და აღვადგენ დავითის დაცემულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და ხელახლა ავაგებ, რათა დარჩენილებმა და ჩემი სახელით წოდებულმა უცხოტომელებმა გულმოდგინედ ეძებონ იეჰოვა, — ამბობს იეჰოვა, ყოველივე იმის მოქმედი, რაც ძველი დროიდან არის ცნობილი“» (საქ. 15:13—18).
2 „დავითის კარავი [ანუ სამეფო სახლი]“ დაეცა, როდესაც მეფე ციდკია ტახტიდან ჩამოაგდეს (ამოს. 9:11). მაგრამ „კარავი“ აღდგებოდა დავითის შთამომავლის იესოს მეშვეობით, რომელიც მარადიული მეფეა (ეზეკ. 21:27; საქ. 2:29—36). როგორც იაკობმა აღნიშნა ამ ისტორიულ შეხვედრაზე, ამოსის წინასწარმეტყველება სრულდებოდა სამეფოს მემკვიდრეების — იუდეველებისა და უცხოტომელების — შეკრებით. დღეს ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი ემსახურება იეჰოვას. იესოს მილიონობით „სხვა ცხვარიც“ ემსახურება ღმერთს და აცხადებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას (იოან. 10:16).
იეჰოვას ხალხი სირთულეების პირისპირ
3, 4. როგორ შეინარჩუნა იეჰოვას ხალხმა რწმენა ბაბილონში?
3 როდესაც იუდეველები ტყვედ წაასხეს ბაბილონში, ცხადი გახდა, რომ „დავითის კარავი“ დაცემული იყო. როგორ შეინარჩუნა იეჰოვას ხალხმა რწმენა ბაბილონში, სადაც ცრუ რელიგია ყვაოდა 70 წლიანი ტყვეობის დროს ძვ. წ. 607—537 წლებში? ისევე, როგორც ჩვენ, იეჰოვას ხალხი, ვინარჩუნებთ რწმენას სატანის ქვეყნიერებაში (1 იოან. 5:19). ეს შესაძლებელია მდიდარი სულიერი მემკვიდრეობის წყალობით.
4 ღვთის სიტყვა ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის ნაწილია. ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს სრულად არ ჰქონდათ წმინდა წერილები, მაგრამ მათ იცოდნენ მოსეს კანონი, რომელშიც მოცემული იყო 10 მცნება. მათ იცოდნენ „სიონის სიმღერები“ და შეეძლოთ გაეხსენებინათ არაერთი იგავი; მათთვის უცხო არ იყო იეჰოვას მსახურების ისტორიები. გადასახლებულები ტიროდნენ, როცა იხსენებდნენ სიონს და მათ არ ავიწყდებოდათ იეჰოვა (წაიკითხეთ ფსალმუნის 137:1—6). ეს მათ დაეხმარა, ბაბილონში გავრცელებული ცრუ სწავლებების მიუხედავად, ერთგულება შეენარჩუნებინათ.
სამება არ არის ახალი სწავლება
5. რომელ ტრიადებს სცემდნენ თაყვანს ბაბილონსა და ეგვიპტეში?
5 ბაბილონში საკმაოდ გავრცელებული იყო ტრიადის ანუ სამების თაყვანისცემა. ერთი ბაბილონური ტრიადა შედგებოდა სინის (მთვარის ღმერთი), შამაშისა (მზის ღმერთი) და იშთარისგან (ნაყოფიერებისა და ომის ქალღმერთი). ძველი ეგვიპტური ტრიადა ანუ სამება შედგებოდა ღმერთისგან, მისი მეუღლე ქალღმერთისგან და მათი ვაჟისგან. „ამ ტრიადაში მამა ყოველთვის არ იყო მთავარი. ის სჯერდებოდა თავის როლს, ყოფილიყო ქალღმერთის მეუღლე, რომელიც მთავარ ღვთაებად რჩებოდა“ (New Larousse Encyclopedia of Mythology). სხვა ეგვიპტური ტრიადა შედგებოდა ღმერთ ოსირისისგან, ქალღმერთ ისისისგან და მათი ვაჟი ჰოროსისგან.
6. რა არის სამება და ჩვენ როგორ ვართ დაცული, არ ვირწმუნოთ ასეთი მცდარი სწავლება?
6 ქრისტიანული სამყარო ასწავლის მოძღვრებას სამების შესახებ. მღვდლები ამბობენ, რომ მამა, ძე და წმინდა სული ერთი ღმერთია. ასეთი სწავლება იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, ვინაიდან გამოდის, რომ ის არის სამების ნაწილი ანუ ღვთის მესამედი. იეჰოვას ხალხი დაცულია, არ ირწმუნოს ასეთი მცდარი სწავლება, რადგან ისინი ეთანხმებიან ღვთივშთაგონებულ სიტყვებს: „მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“ (კან. 6:4). იესომაც გაიმეორა ეს სიტყვები და განა რომელიმე ჭეშმარიტი ქრისტიანი არ დაეთანხმება მას? (მარ. 12:29).
7. რატომ ვერ მოინათლება ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად ვერავინ, ვისაც სამება სწამს?
7 სამების მოძღვრება ეწინააღმდეგება იმას, რაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ (მათ. 28:19). ნამდვილ ქრისტიანად რომ მოინათლოთ და გახდეთ იეჰოვას მოწმე, უნდა აღიაროთ მამის, იეჰოვას, უზენაესობა და ღვთის ძის, იესოს, მდგომარეობა და ძალაუფლება. მას, ვისაც მონათვლა სურს, ასევე უნდა სწამდეს, რომ წმინდა სული არის ღვთის მოქმედი ძალა და არა სამების ნაწილი (დაბ. 1:2). ის, ვისაც სამება სწამს, ვერ მოინათლება იეჰოვა ღმერთისადმი მიძღვნის ნიშნად. მადლიერნი ვართ, რომ ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა გვიცავს, არ ვირწმუნოთ ღვთის შეურაცხმყოფელი სწავლებები.
სპირიტიზმი სარეველასავით ვრცელდება
8. როგორი შეხედულება ჰქონდათ ბაბილონელებს ღმერთებსა და დემონებზე?
8 ბაბილონის სამეფოში უამრავი ცრუ სწავლება იყო გავრცელებული, სწამდათ ღმერთების, დემონების და მისდევდნენ სპირიტიზმს. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ბაბილონის რელიგიაში ღმერთებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ დემონებს, რომლებსაც ჰქონდათ ძალა, სხვადასხვაგვარი გონებრივი თუ ფიზიკური ზიანი მიეყენებინათ ადამიანებისთვის. როგორც ჩანს, უმთავრესი ადგილი ამ რელიგიაში დემონებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეკავა და ღმერთებს ყველგან ლოცვებით მიმართავდნენ, რომ ისინი დახმარებოდნენ ადამიანებს დემონებთან ბრძოლაში“ (The International Standard Bible Encyclopaedia).
9. ა) როგორ გახდა ბევრი იუდეველი ცრუ სწავლებების მსხვერპლი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ? ბ) როგორ ვართ დაცული საფრთხეებისგან, რომლებიც დემონებთან ურთიერთობას მოჰყვება?
9 ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ბევრი იუდეველი ცრუ სწავლებების მსხვერპლი გახდა. ბერძნებს სწამდათ, რომ დემონები იყვნენ ბოროტებიც და კეთილებიც. ბევრმა იუდეველმა გაიზიარა საყოველთაოდ გავრცელებული ეს შეხედულება და ამიტომ მოექცა დემონების გავლენის ქვეშ. ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა გვიცავს იმ საფრთხეებისგან, რომლებიც დემონებთან ურთიერთობას მოჰყვება, რადგან ვიცით, რომ ღმერთი გმობდა სპირიტიზმს, რომელსაც მისდევდნენ ბაბილონელები (ეს. 47:1, 12—15). გარდა ამისა, იეჰოვა გვაძლევს მითითებებს, თუ როგორ დავიცვათ თავი სპირიტიზმისგან (წაიკითხეთ კანონის 18:10—12; გამოცხადების 21:8).
10. რა შეიძლება ითქვას დიდი ბაბილონის საქმეებსა და სწავლებებზე?
10 სპირიტიზმს არა მხოლოდ ბაბილონში მისდევდნენ, არამედ მას დღესაც მიმართავენ დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, მხარდამჭერები (გამოცხ. 18:21—24). ერთ ლექსიკონში წერია: „[დიდი] ბაბილონი მოიცავს ერთზე მეტ იმპერიას ან კულტურას. ის განისაზღვრება გაბატონებული კერპთაყვანისმცემლობით და არა დროებითი თუ გეოგრაფიული საზღვრებით“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible). დიდი ბაბილონი თავისი სპირიტიზმით, კერპთაყვანისმცემლობითა და სხვა ცოდვებით ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მას დიდი დღე არ უწერია (წაიკითხეთ გამოცხადების 18:1—5 ).
11. რა გაფრთხილებებია მოცემული სპირიტიზმთან დაკავშირებით ჩვენს პუბლიკაციებში?
11 იეჰოვამ თქვა: „ვერ ვიტან თქვენს ჯადოქრობას“ (ეს. 1:13). მე-19 საუკუნეში ადამიანების აზროვნებაზე სპირიტიზმმა დიდი გავლენა იქონია. 1885 წლის მაისის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „სწავლება იმის შესახებ, რომ მკვდრები სხვა სამყაროში განაგრძობენ ცხოვრებას ან სხვა მდგომარეობაში არიან, არ არის ახალი. ეს იყო უძველესი რელიგიების ნაწილი და ყველა მითოლოგიის საფუძველი“. სტატიაში აგრეთვე ეწერა, რომ არაბიბლიური სწავლება მკვდრების ცოცხლებთან ურთიერთობის შესახებ „დამაჯერებლობას მატებდა ტყუილებს, რასაც დემონები მიმართავდნენ, როცა თავს გარდაცვლილი ადამიანის სულებად წარმოაჩენდნენ. ამგვარად ისინი საკუთარ ვინაობას მალავდნენ და გავლენას ახდენდნენ უმრავლესობის გონებასა და ცხოვრებაზე“. ბროშურაში „რას ამბობს წმინდა წერილები სპირიტიზმზე“ მოცემული იყო ის გაფრთხილებები, რომლებიც ჩვენს უახლეს პუბლიკაციებში იბეჭდება.
იტანჯებიან სულები ქვესკნელში?
12. რა თქვა სოლომონმა ღვთის შთაგონებით მკვდრების მდგომარეობის შესახებ?
12 „ვინც კი ჭეშმარიტება შეიცნო“, ყველას შეუძლია ამ კითხვას უპასუხოს (2 იოან. 1). ჩვენ რასაკვირველია, ვეთანხმებით სოლომონის სიტყვებს: „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომს სჯობია. ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (ეკლ. 9:4, 5, 10).
13. რა გავლენა მოახდინა იუდეველებზე ელინისტურმა კულტურამ და რელიგიამ?
13 იუდეველებმა იცოდნენ ჭეშმარიტება მკვდრების მდგომარეობის შესახებ. როდესაც საბერძნეთი დაინაწილეს ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრებმა, მათ სცადეს ბერძნული რელიგიისა და ელინისტური კულტურის მეშვეობით იუდასა და სირიის გაერთიანება. შედეგად, იუდეველებმა გაითავისეს ცრუ სწავლებები, რომ ადამიანის სული უკვდავია და არსებობს ქვესკნელი, სადაც იტანჯებიან სულები. სწავლება ქვესკნელში სულების ტანჯვის შესახებ საბერძნეთიდან არ იღებს სათავეს, ვინაიდან მანამდე ბაბილონელებს სწამდათ, რომ „ქვესკნელი . . . იყო საშინელი ადგილი, რომელსაც განაგებდნენ ძლიერი და მრისხანე ღმერთები და დემონები“ (The Religion of Babylonia and Assyria). ნამდვილად, ბაბილონელებს სწამდათ სულის უკვდავება.
14. რა იცოდნენ იობმა და აბრაამმა სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ?
14 მიუხედავად იმისა, რომ მართალ იობს არ ჰქონდა წმინდა წერილები, მან იცოდა ჭეშმარიტება სიკვდილის შესახებ. იობს აგრეთვე ესმოდა, რომ იეჰოვა იყო მოსიყვარულე ღმერთი, რომელსაც მისი მკვდრეთით აღდგომის სურვილი ექნებოდა (იობ. 14:13—15). აბრაამსაც სწამდა მკვდრეთით აღდგომა (წაიკითხეთ ებრაელების 11:17—19). შეუძლებელია მკვდრეთით აღდგეს ის, ვინც არ მომკვდარა. სწორედ ამიტომ არ სჯეროდათ ღვთისმოშიშ ადამიანებს, რომ სული უკვდავია. უდავოდ, ღვთის სული დაეხმარა იობსა და აბრაამს, სცოდნოდათ, რა მდგომარეობაში არიან მკვდრები და ჰქონოდათ მკვდრეთით აღდგომის იმედი. ჭეშმარიტება ამ სწავლებების შესახებ არის აგრეთვე ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილი.
გამოსასყიდი მნიშვნელოვანია ჩვენთვის
15, 16. როგორ გავთავისუფლდით ცოდვისა და სიკვდილისგან?
15 მადლიერნი ვართ, რომ ღმერთმა გაგვიმჟღავნა ჭეშმარიტება, თუ როგორ გვიხსნა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (რომ. 5:12). ჩვენ გვესმის, რომ იესო „არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მარ. 10:45). ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვამ გაგვათავისუფლა გამოსასყიდით, რომელიც იესო ქრისტემ გადაიხადა (რომ. 3:22—24).
16 პირველ საუკუნეში იუდეველებსა და უცხოტომელებს სჭირდებოდათ ცოდვების მონანიება და რწმენის გამოვლენა იესოს გამოსასყიდისადმი. სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ მიიღებდნენ პატიებას. დღესაც იგივე შეიძლება ითქვას (იოან. 3:16, 36). თუ ადამიანს სწამს ისეთი ცრუ სწავლებები, როგორებიცაა სამება და სულის უკვდავება, გამოსასყიდს მისთვის სარგებლობა არ მოაქვს. მაგრამ ჩვენთვის მოაქვს, რადგან ვიცით ჭეშმარიტება ღვთის საყვარელი ძის შესახებ, „ვისი მეშვეობითაც გავთავისუფლდით გამოსასყიდით“ და „მოგვეტევა ჩვენი ცოდვები“ (კოლ. 1:13, 14).
განაგრძეთ მსახურება როგორც იეჰოვას ხალხმა
17, 18. სად შეგვიძლია ვნახოთ ინფორმაცია ჩვენი ისტორიის შესახებ და ჩვენთვის რა სარგებლობა მოაქვს მის სწავლას?
17 ბევრად მეტის თქმა შეიძლება ჭეშმარიტ სწავლებებზე, ღვთისადმი ჩვენს მსახურებასა და სულიერ თუ მატერიალურ კურთხევებზე. ათწლეულებია, რაც წელიწდეულებში იბეჭდება გასაოცარი შემთხვევები მთელ მსოფლიოში ჩვენი საქმიანობის შესახებ. ჩვენი ისტორია ნაჩვენებია ორ ნაწილად გამოცემულ ვიდეოფილმში „იეჰოვას მოწმეები — ცოცხალი რწმენა“ და ისეთ პუბლიკაციებში, როგორიცაა „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“. ჩვენს ჟურნალებში ხშირად იბეჭდება საყვარელი და-ძმების გამამხნევებელი შემთხვევები.
18 ჩვენთვის სასარგებლოა, ვფიქრობდეთ იეჰოვას ორგანიზაციის ისტორიაზე, ისევე როგორც ისრაელებისთვის იყო სასარგებლო, როცა ფიქრობდნენ, თუ როგორ გაათავისუფლა ღმერთმა თავისი ხალხი ეგვიპტის მონობიდან (გამ. 12:26, 27). ხანში შესული მოსე, რომელიც ღვთის საოცარი საქმეების თვითმხილველი იყო, მოუწოდებდა ისრაელებს: „გახსოვდეს ძველი დრო, იფიქრეთ წარსულ თაობათა განვლილ წლებზე. ჰკითხე მამაშენს და ის გეტყვის, მოხუცებს, და ისინი გიპასუხებენ“ (კან. 32:7). როგორც იეჰოვას ხალხი და მისი „საძოვრის ფარა“ სიხარულით ვუძღვნით მას ქებას და სხვებს ღვთის დიდებული საქმეების შესახებ ვუყვებით (ფსალმ. 79:13). გარდა ამისა, ისტორიის შესწავლა მსახურების გაგრძელებაში გვეხმარება.
19. რისკენ აღგვძრავს ჭეშმარიტების ცოდნა?
19 ჩვენ მადლიერი ვართ, რომ არ ვიმყოფებით „წყვდიადში“, არამედ ღვთის სულიერი სინათლე გვინათებს გზას (იგავ. 4:18, 19). მოდი, გულმოდგინედ შევისწავლოთ ღვთის სიტყვა, მთელი შემართებით გავუზიაროთ ჭეშმარიტება სხვებს და მივბაძოთ ფსალმუნმომღერალს, რომელიც განადიდებდა უზენაეს უფალ იეჰოვას: „მხოლოდ შენს სიმართლეზე ვილაპარაკებ. ღმერთო, სიჭაბუკიდანვე მასწავლი და დღემდე შენს საოცარ საქმეებზე ვლაპარაკობ. ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო, სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა“ (ფსალმ. 71:16—18).
20. რა ორი საკითხია ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი?
20 ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, გვესმის, რომ ღვთის უზენაესობა და მისადმი ერთგულება ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მართლაც, ვაცხადებთ უტყუარ ჭეშმარიტებას, რომ იეჰოვაა სამყაროს უზენაესი უფალი და ის იმსახურებს ჩვენგან ერთგულებას (გამოცხ. 4:11). ღვთის წმინდა სულის დახმარებით აგრეთვე ვუცხადებთ სასიხარულო ცნობას თვინიერებს, „ჭრილობებს ვუხვევთ“ გულგატეხილებს და ვანუგეშებთ მგლოვიარეებს (ეს. 61:1, 2). ძალიან ვაფასებთ ჩვენს სულიერ მემკვიდრეობას. ამიტომ სატანის ფუჭი მცდელობების მიუხედავად, იბატონოს როგორც ჩვენზე, ისე მთელ კაცობრიობაზე, გადაწყვეტილი გვაქვს, დავრჩეთ ღვთის ერთგულები და განვადიდოთ უზენაესი უფალი იეჰოვა ახლაც და მარადიულადაც (წაიკითხეთ ფსალმუნის 26:11; 86:12).
-