-
„ძვირფასი მარგალიტი“ ვიპოვეთსაგუშაგო კოშკი — 2019 | აპრილი
-
-
1. ჩვენი მარშრუტი სარაიონო მსახურების დროს.
2. ზოგიერთი კუნძულის საფოსტო მარკა. კირიბატის და ტუვალუს ადრე გილბერტისა და ელისის კუნძულები ერქვა.
3. ულამაზესი მარჯნის კუნძული ფუნაფუტი (ტუვალუ), ერთ-ერთია იმ კუნძულებიდან, რომლებიც მისიონერების ჩასვლამდე მოვინახულეთ.
ჩვენც დავიწყეთ პიონერობა და გვქონდა პატივი, რომ ხუთი წელი გაგვეტარებინა ასეთი სახის მსახურებაში. 29 წლის რომ ვიყავი, მე და პამელა სარაიონო მსახურებას შევუდექით წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, რომელსაც მაშინ ფიჯის ფილიალი უწევდა ზედამხედველობას. ჩვენ ვინახულებდით შემდეგ კუნძულებს: ამერიკის სამოა, სამოა, კირიბატი, ნაურუ, ნიუე, ტოკელაუ, ტონგა, ტუვალუ და ვანუატუ.
იმ პერიოდში ზოგ დაშორებულ კუნძულზე ხალხი ეჭვის თვალით უყურებდა იეჰოვას მოწმეებს, ამიტომ ჩვენც სიფრთხილესა და გონიერებას ვიჩენდით (მათ. 10:16). ზოგ კრებაში იმდენად ცოტა მაუწყებელი იყო, რომ უჭირდათ ჩვენი დაბინავება, ამიტომ ღამის გასათევს ადგილობრივებს ვთხოვდით. ჩვენდამი დამოკიდებულების მიუხედავად, ისინი ყოველთვის სიამოვნებით გვიღებდნენ თავიანთი სახლის კარს.
უინსტონ, ვიცით, რომ მთარგმნელობითი საქმიანობით ხარ დაინტერესებული. როდის გაგიჩნდა ამ საქმისადმი ინტერესი?
უხუცესების სკოლა ტარდება სამოაში.
იმ პერიოდში ტონგაში და-ძმებს ძალიან ცოტა ბუკლეტი და ბროშურა ჰქონდათ ტონგურ ენაზე (პოლინეზიური ენა). მსახურებაში იყენებდნენ ინგლისურ ენაზე გამოცემულ წიგნს „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. ამიტომ 4-კვირიანი უხუცესთა სკოლის პერიოდში სამმა ადგილობრივმა უხუცესმა, რომლებმაც არც ისე კარგად იცოდნენ ინგლისური, მზადყოფნა გამოთქვა, რომ ტონგურ ენაზე გვეთარგმნა ეს წიგნი. ნათარგმნი ტექსტი, რომელიც პამელამ აკრიფა, დასაბეჭდად შეერთებული შტატების ფილიალში გავგზავნეთ. ამ ყველაფერს დაახლოებით რვა კვირა დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე კარგი თარგმანი იყო, ეს წიგნი ბევრ ადგილობრივს დაეხმარა ჭეშმარიტების გაგებაში. მე და პამელა მთარგმნელები არა ვართ, მაგრამ ამ შემთხვევამ მთარგმნელობითი საქმისადმი დიდი ინტერესი გაგვიჩინა.
პამელა, რით განსხვავდება კუნძულზე ცხოვრება ავსტრალიაში ცხოვრებისგან?
სარაიონო მსახურების დროს ერთ-ერთი ჩვენი საცხოვრებელი.
ბევრი რამით. გააჩნია, რომელ კუნძულზე ვიყავით. ზოგჯერ კოღოები გვესეოდნენ, ზოგჯერ გაუსაძლისი სიცხისა და ნესტის ატანა გვიწევდა, ხან ვირთხები, ავადმყოფობა ან საკვების უკმარისობა გვიქმნიდა პრობლემებს. თუმცა ყოველი დღის ბოლოს კარგი განტვირთვა იყო ოკეანის ყურება ჩვენი „ფალედან“ (ტიპური პოლინეზიური სახლი, რომელსაც კედლები არა აქვს და ჩალით არის გადახურული). მთვარიან ღამეს პალმის სილუეტები და ოკეანე მოჩანდა, რომელიც მთვარის შუქს ირეკლავდა. ასეთი საოცარი სანახაობა ფიქრისა და ლოცვისკენ აღგვძრავდა და უარყოფით ფიქრებს დადებითით ანაცვლებდა.
ძალიან შეგვიყვარდნენ იქაური ბავშვები, რადგან მხიარულები და ცნობისმოყვარეები იყვნენ თეთრკანიანი უცხოელების მიმართ. როცა კუნძულ ნიუეს ვინახულებდით, პატარა ბიჭმა თმიან მკლავზე ხელი მოჰკიდა უინსტონს და უთხრა: „მომწონს შენი ბუმბულები“. მას არასდროს ენახა ასეთი თმიანი ხელები და არ იცოდა, როგორ აღეწერა.
გული გვეწვოდა იმის დანახვაზე, თუ რა სიღარიბეში ცხოვრობდა ხალხი. ულამაზეს ადგილას ცხოვრობდნენ, მაგრამ სასმელი წყალი არ ჰქონდათ და ვერც ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ სათანადოდ. ჩვენს და-ძმებს ეს დიდად არ აწუხებდათ, რადგან შეჩვეულები იყვნენ ასეთ ყოფას. ისინი ბედნიერები იყვნენ, რომ ჰყავდათ ოჯახი, ჰქონდათ თაყვანისცემის ადგილი და შეეძლოთ იეჰოვა განედიდებინათ. მათი მაგალითი დაგვეხმარა, რომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გადაგვეტანა და უბრალოდ გვეცხოვრა.
პამელა, ზოგჯერ თავად გიწევდა წყლის მოტანა და სრულიად განსხვავებულ პირობებში საჭმლის მომზადება. როგორ ართმევდი თავს?
პამელა ტანსაცმელს რეცხავს (ტონგა).
ამისთვის მამაჩემს ვუმადლი. მან ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის არახელსაყრელ პირობებში ცეცხლის დანთება და მასზე საჭმლის მომზადება. კუნძულ კირიბატიზე ერთ-ერთი ვიზიტის დროს ჩალით გადახურულ პატარა სახლში დავბინავდით, რომელსაც მარჯნის იატაკი და ბამბუკის კედლები ჰქონდა. უბრალო საჭმელი რომ მომემზადებინა, იატაკში პატარა ორმო გავაკეთე და ქოქოსის კაკლის ნაჭუჭით ცეცხლი დავანთე. წყლის მოსატანად ადგილობრივ ქალებთან ერთად ჭასთან რიგში ჩავდექი. წყლის ამოსაღებად ისინი დაახლოებით 2-მეტრიან ჯოხს იყენებენ, რომლის ბოლოზეც წვრილი თოკია მიბმული. ის ანკესს ჰგავს, თუმცა კაუჭის ნაცვლად თოკის ბოლოში ქილა აქვს მიმაგრებული. როცა რიგი მოუწევთ, ქალები ჭაში უშვებენ თოკს და საჭირო დროს ხელის სწრაფი მოძრაობით ქილას გვერდულად აყირავებენ და წყლით ავსებენ. სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდა, მეგონა, რომ ამის გაკეთება ადვილი იყო. რამდენჯერმე ჩავუშვი თოკი ჭაში, მაგრამ ქილა წყალს ეხეთქებოდა და ზემოდან ტივტივებდა. როცა ქალებმა სიცილით გული იჯერეს, ერთმა მათგანმა დახმარება შემომთავაზა. ადგილობრივები ყოველთვის კეთილად გვექცეოდნენ.
ორივეს გიყვარდათ კუნძულებზე მსახურება. რაიმე განსაკუთრებულს ხომ ვერ გაიხსენებდით?
უინსტონი: დრო დაგვჭირდა, რომ ადგილობრივ კულტურას გავცნობოდით. მაგალითად, როცა და-ძმები სადილად გვეპატიჟებოდნენ, მაგიდაზე ყველაფერს აწყობდნენ, რაც კი სახლში ჰქონდათ. თავიდან არ ვიცოდით, რომ მათთვისაც რაღაც უნდა დაგვეტოვებინა. ამიტომ ყველაფერი შევჭამეთ, რაც წინ დაგვიდეს. მაგრამ, როცა გავიგეთ, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, ოჯახსაც ვუტოვებდით ხოლმე საჭმელს. ასეთი შეცდომების მიუხედავად, ძმები გაგებით გვეკიდებოდნენ. მათ ძალიან უხაროდათ, როცა ექვს თვეში ერთხელ მათ კრებას ვინახულებდით. იმ პერიოდში კრების წევრების გარდა და-ძმები იეჰოვას მოწმეებიდან მხოლოდ ჩვენ გვიცნობდნენ.
კუნძულ ნიუეზე ჯგუფი მსახურებაში გადის.
ჩვენი მონახულებები ადგილობრივი ხალხისთვისაც კარგი დამოწმება იყო. სოფელში მცხოვრებლებს ეგონათ, რომ ჩვენი რელიგია ადგილობრივმა მოწმეებმა გამოიგონეს. ამიტომ მოსანახულებლად ჩასული უცხოელი ძმისა და მისი მეუღლის ნახვამ ადგილობრივები არა მხოლოდ იმაში დაარწმუნა, რომ ეს ნამდვილი ორგანიზაცია იყო, არამედ დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა მათზე.
პამელა: ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოგონება კუნძულ კირიბატისთან მაკავშირებს, სადაც ძალიან პატარა კრება იყო. ამ კრების ერთადერთი უხუცესი, სტინეკაი მატერა, ერთხელ ჩვენთან კალათით მოვიდა, რომელშიც მხოლოდ ერთი კვერცხი იდო. „ეს თქვენ“, — გვითხრა მან. მისი მხრიდან ეს დიდი მზრუნველობის მაჩვენებელი იყო. იმ დროს ქათმის კვერცხი ჩვენთვის იშვიათი სიამოვნება იყო, ამიტომ მისმა პატარა, მაგრამ მთელი გულით გაკეთებულმა სიკეთემ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
-