საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 9/15 გვ. 21-26
  • რას მოითხოვს ღმერთი დღეს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას მოითხოვს ღმერთი დღეს?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რას მოითხოვს იეჰოვა
  • სიყვარულის მნიშვნელოვნება
  • რით ვამტკიცებთ სიყვარულს
  • რატომ შეიძლება, ეს რთულად მოგვეჩვენოს
  • გულებში ჩაწერილი სიყვარულის კანონი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • სიყვარული და სამართლიანობა ქრისტიანულ კრებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • ხართ თუ არა ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ღმერთმა შეიყვარა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • გიყვარდეთ ღმერთი, რომელსაც უყვარხართ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 9/15 გვ. 21-26

რას მოითხოვს ღმერთი დღეს?

«აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!» (მათე 17:5).

1. როდის შეასრულა რჯულმა თავისი დანიშნულება?

იეჰოვამ ისრაელებს მისცა რჯული, რომელიც ბევრ წესს აერთიანებდა. მოციქული პავლე წერდა: ‘ეს ხორციელი წესები მხოლოდ გამოსწორების დრომდე იყო დადგენილი’ (ებრაელთა 9:10). როდესაც რჯულმა ისრაელები იესოს მესიად ანუ ქრისტედ მისაღებად მოამზადა, ამ კანონთა კრებულმა თავისი დანიშნულება შეასრულა. ამიტომაც თქვა პავლემ, — ‘რჯულის დასასრული ქრისტეა’ (რომაელთა 10:4; გალატელთა 3:19—25; 4:4, 5).

2. ვინ ცხოვრობდა რჯულის ხელმძღვანელობით და როდის გათავისუფლდნენ ისინი მისგან?

2 ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ დღეს რჯული არ გვეხება? ფაქტობრივად, როგორც ფსალმუნმომღერალმა აღნიშნა, კაცობრიობის უმეტესობას არასოდეს უცხოვრია რჯულის ხელმძღვანელობით: „[იეჰოვამ] ამცნო თავისი სიტყვა იაკობს, წესები და სამართალნი თვისნი — ისრაელს. არ უქნია ეს არცერთი სხვა ერისათვის და მისი სამართალნი არ იციან მათ“ (ფსალმუნი 147:8, 9). როდესაც იეჰოვამ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ახალი კავშირი დადო, ისრაელიც კი გათავისუფლდა ამ რჯულის დაცვისგან (გალატელთა 3:13; ეფესელთა 2:15; კოლასელთა 2:13, 14, 16). თუ რჯული არ გვეხება, მაშინ რას მოითხოვს იეჰოვა დღეს მათგან, ვისაც მისადმი მსახურება სურს?

რას მოითხოვს იეჰოვა

3, 4. ა) ფაქტობრივად, რას მოითხოვს იეჰოვა დღეს ჩვენგან? ბ) რატომ უნდა მივყვეთ იესოს კვალს ზუსტად?

3 ერთხელ, მსახურების უკანასკნელ წელს, იესოს მოციქულები, პეტრე, იაკობი და იოანე მაღალ მთაზე გაჰყვნენ თავიანთ მოძღვარს; შესაძლოა ეს მთა ჰერმონის მთა იყო. იქ მათ იესოს დიდების წინასწარმეტყველური ხილვა იხილეს და მოისმინეს ღვთის ხმა, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“ (მათე 17:1—5). ფაქტიურად, სწორედ ამას მოითხოვს ჩვენგან იეჰოვა — მოვუსმინოთ მის ძეს, მივყვეთ მის მაგალითსა და სწავლებებს (მათე 16:24). მოციქული პეტრე წერდა: ‘ქრისტე ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს [„ზუსტად“, აქ] მიჰყვეთ’ (1 პეტრე 2:21).

4 რატომ უნდა მივყვეთ იესოს კვალს ზუსტად? იმიტომ, რომ მისი მიბაძვით იეჰოვა ღმერთს ვბაძავთ. იესო მამას ძალიან ახლოს იცნობდა, რადგან დედამიწაზე მოსვლამდე, ზეცაში, მასთან უთვალავი წელი ჰქონდა გატარებული (იგავნი 8:22—31; იოანე 8:23; 17:5; კოლასელთა 1:15—17). დედამიწაზე ყოფნისას იესო ბოლომდე ერთგული დარჩა მამამისის და სრულყოფილად აირეკლა მისი თვისებები. მან თქვა: „რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ“. იესო იმდენად ზუსტად ბაძავდა იეჰოვას, რომ შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 8:28; 14:9).

5. რომელი რჯული უნდა დაიცვან ქრისტიანებმა და როდის შევიდა ეს რჯული ძალაში?

5 რა შედის იესოს მოსმენასა და მიბაძვაში? ნიშნავს თუ არა ეს რჯულის დაცვას? პავლე წერდა: „თვითონ რჯულის ქვეშ უმყოფელი“ ვარ. აქ ის მიუთითებდა ‘ძველ აღთქმაზე [„კავშირზე“, აქ]’, რჯულის კავშირზე, რომელიც ისრაელებთან დაიდო. პავლე ამბობდა, რომ „ქრისტეს რჯულიერი“ იყო (1 კორინთელთა 9:20, 21; 2 კორინთელთა 3:14). ძველი ანუ რჯულის კავშირის გაუქმებისთანავე ძალაში შევიდა ‘ახალი აღთქმა [„კავშირი“, აქ] და მასთან ერთად ‘ქრისტეს რჯული’, რომლის დაცვაც დღეს იეჰოვას ყველა მსახურს ევალება (ლუკა 22:20; გალატელთა 6:2; ებრაელთა 8:7—13).

6. როგორ აღწერდით ‘ქრისტეს რჯულს’ და როგორ შეგვიძლია მისი დაცვა?

6 ძველი რჯულის კავშირისგან განსხვავებით, იეჰოვას ‘ქრისტეს რჯული’ სხვადასხვა კანონთა კრებულის მსგავსად არ მიუცია. ქრისტეს მიმდევრებისთვის მიცემულ ამ ახალ რჯულში არ არის ჩამოწერილი იმის გრძელი სია, რა უნდა აკეთონ და რა — არა. მაგრამ თავის სიტყვაში იეჰოვამ საკუთარი ძის ცხოვრებისა და სწავლებების შესახებ ოთხი ამომწურავი ცნობა შემოგვინახა. გარდა ამისა, ღმერთმა იესოს ადრინდელი მიმდევრები სულიწმიდით აღძრა იმ მითითებების დასაწერად, რომლებიც პირად საქციელს, კრების საქმეებს, ოჯახურ ურთიერთობებსა და სხვა საკითხებს ეხებოდა (1 კორინთელთა 6:18; 14:26—35; ეფესელთა 5:21—33; ებრაელთა 10:24, 25). როდესაც იესო ქრისტეს მაგალითისა და სწავლების შესაბამისად ვცხოვრობთ და ბიბლიის პირველი საუკუნის მწერლების რჩევებს ვითვალისწინებთ, ‘ქრისტეს რჯულს’ ვემორჩილებით. სწორედ ამას მოითხოვს დღეს იეჰოვა თავისი მსახურებისგან.

სიყვარულის მნიშვნელოვნება

7. მოციქულებთან ერთად უკანასკნელი პასექის აღნიშვნისას, როგორ გაამახვილა ყურადღება იესომ თავისი რჯულის არსზე?

7 რჯულის თანახმად, სიყვარულს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა, მაგრამ ქრისტეს რჯულის — თავიდათავია. იესომ ამას განსაკუთრებული ყურადღება ახ. წ. 33 წლის პასექის დღესასწაულზე მიაქცია, როდესაც ამ ზეიმს თავის მოციქულებთან ერთად აღნიშნავდა. მოციქულ იოანეს მიერ იმ ღამის მოვლენების მოკლედ გადმოცემული ცნობის თანახმად იესომ 28-ჯერ მოიხსენია სიყვარული. ამით ქრისტემ ნათლად უჩვენა მოციქულებს თავისი რჯულის არსი ანუ სული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ მნიშვნელოვანი საღამოს მოვლენების აღწერა იოანემ ასე დაიწყო: „პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი: როგორც შეიყვარა თავისიანები, რომლებიც ამ წუთისოფელში იყვნენ, ისევე ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1).

8. ა) რა მიუთითებდა იმაზე, რომ მოციქულებს შორის გაუთავებელი კამათი მიმდინარეობდა? ბ) როგორ ასწავლა იესომ თავის მოციქულებს თავმდაბლობის გაკვეთილი?

8 იესოს უყვარდა თავისი მოციქულები, თუმცა ხშირად ეხმარებოდა მათ, რომ ძალაუფლებისა და განსაკუთრებული მდგომარეობისკენ მეტისმეტი ლტოლვა დაეძლიათ. იერუსალიმში ჩამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე ‘ისინი გზაში იმაზე მსჯელობდნენ, ვინ იყო მათ შორის უფრო დიდი’. პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად ქალაქში შესვლისას ეს კამათი მათ შორის კვლავ წამოიჭრა (მარკოზი 9:33—37; 10:35—45). ამ პრობლემის ჯერ კიდევ მოუგვარებლობაზე მიუთითებდა ის შემთხვევაც, რომელიც იესოს უკანასკნელი პასექის აღსანიშნავად შეკრებისას ზემოთა ოთახში შესვლიდან ცოტა ხნის შემდეგ მოხდა. მოციქულებიდან არავის უცდია, ესარგებლა შემთხვევით, გამოევლინა ჩვეული სტუმართმოყვარეობა და სხვებისთვის ფეხები დაებანა. იესომ თავად დაბანა ყველას ფეხები, რითაც მათ თავმდაბლობის გაკვეთილი მისცა (იოანე 13:2—15; 1 ტიმოთე 5:9, 10).

9. როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს უკანასკნელი პასექის დღესასწაულის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე?

9 მიუხედავად ამ გაკვეთილისა, ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება მას შემდეგ, რაც პასექის დღესასწაული აღნიშნეს და იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა. ლუკას სახარება გვამცნობს: „იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად“. ნაცვლად იმისა, რომ მოციქულებისთვის ესაყვედურა და გაეკიცხა ისინი, იესომ გულთბილად დაარიგა, რომ არ დამსგავსებოდნენ ამ წუთისოფლის ძალაუფლებაზე დახარბებულ მმართველებს (ლუკა 22:24—27). შემდეგ კი თქვა ის, რასაც შეიძლება ქრისტეს რჯულის ქვაკუთხედი ეწოდოს: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13:34).

10. რომელი მცნება მისცა იესომ მოწაფეებს და რას ნიშნავდა ის?

10 იმავე საღამოს იესომ აღნიშნა, რამდენად დიდი უნდა ყოფილიყო სიყვარული, რომელიც ქრისტეს ჰქონდა: „ესაა ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“ (იოანე 15:12, 13). იესო აქ იმის შესახებ ლაპარაკობდა, რომ, თუ მდგომარეობა მოითხოვდა, მის მიმდევრებს ერთმანეთისთვის სიცოცხლე არ უნდა დაეშურებინათ? ამ მოვლენის თვითმხილველ იოანეს ეს კითხვა არც კი გაუჩნდებოდა, რადგან იგი წერდა: „ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან [იესო ქრისტემ] საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის, და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის“ (1 იოანე 3:16).

11. ა) როგორ ვასრულებთ ქრისტეს რჯულს? ბ) რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

11 ასე რომ, ქრისტეს რჯულის შესრულება მხოლოდ იმით არ ამოიწურება, რომ სხვებს ქრისტეს შესახებ ვასწავლოთ. ჩვენც იესოს მსგავსად უნდა ვიცხოვროთ და მოვიქცეთ. ის საუბრებში ლამაზ, კარგად შერჩეულ ფრაზებს იყენებდა. გარდა ამისა, პირადი მაგალითითაც ასწავლიდა. თუმცა იესო ძლევამოსილი ზეციერი ქმნილება იყო, მას ხელიდან არ გაუშვია მამისადმი მსახურების შესაძლებლობა აქ, დედამიწაზე, მისი ინტერესების დაცვა და იმის ჩვენება, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. იესო თავმდაბალი, კეთილი და გულისხმიერი იყო; ყველა ტვირთმძიმესა და დაჩაგრულს ეხმარებოდა (მათე 11:28—30; 20:28; ფილიპელთა 2:5—8; 1 იოანე 3:8). ის მოწაფეებს მოუწოდებდა, რომ ერთმანეთი ისე ყვარებოდათ, როგორც თვითონ უყვარდა ისინი.

12. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს რჯული არ ამცირებს იეჰოვასადმი სიყვარულის საჭიროებას?

12 რა ადგილი უკავია იეჰოვასადმი სიყვარულს — რჯულის უდიდეს მცნებას — ქრისტეს რჯულში? (მათე 22:37, 38). მეორეხარისხოვანი? არავითარ შემთხვევაში! იეჰოვასა და თანაქრისტიანებისადმი სიყვარული განუყოფელია. შეუძლებელია ვინმეს ნამდვილად უყვარდეს იეჰოვა, თუ თავისი ძმა არ უყვარს; მოციქული იოანე წერდა: „თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 იოანე 4:20; შეადარეთ 1 იოანე 3:17, 18).

13. რა შედეგი გამოიღო მოწაფეების მიერ იესოს ახალი მცნების შესრულებამ?

13 როდესაც იესომ მოწაფეებს ახალი მცნება მისცა, ისე ჰყვარებოდათ ერთმანეთი, როგორც თვითონ უყვარდა ისინი, ისიც აღნიშნა, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს სხვებზე. „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). ტერტულიანეს სიტყვების თანახმად, რომელიც იესოს სიკვდილიდან 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ ცხოვრობდა, ქრისტეს ადრინდელ მიმდევრებს შორის არსებულმა სიყვარულმა სწორედ ასეთი შედეგი გამოიღო. ტერტულიანემ აღნიშნა, რომ არაქრისტიანები ქრისტეს მიმდევრების შესახებ ამბობდნენ: „შეხედეთ, როგორ უყვართ ერთმანეთი და როგორ მზად არიან, ერთმანეთისთვის სიცოცხლეც კი გასწირონ“. კარგი იქნებოდა საკუთარი თავისთვის დაგვესვა კითხვა: „ვავლენ თუ არა თანაქრისტიანების მიმართ ისეთ სიყვარულს, რაც სხვებს იმის საშუალებას მისცემდა, რომ ჩემში იესოს მოწაფე ამოეცნოთ?“

რით ვამტკიცებთ სიყვარულს

14, 15. რამ შეიძლება გაგვიძნელოს ქრისტეს რჯულისადმი მორჩილება, და რა დაგვეხმარება ამ თვისების გამოვლენაში?

14 ძალიან მნიშვნელოვანია, იეჰოვას მსახურებმა ისეთივე სიყვარული გამოავლინონ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. მაგრამ ხომ არ გეძნელებათ იმ თანაქრისტიანის მიმართ სიყვარულის გამოვლენა, რომელიც ეგოისტურად იქცევა? როგორც უკვე დავინახეთ, თვითონ მოციქულებს შორისაც კი იყო დავა და თითოეული მათგანი პირადი ინტერესებისთვის ზრუნავდა (მათე 20:20—24). გალატელებიც ვერ თანხმდებოდნენ ურთიერთშორის. პავლემ მათ ჯერ მიუთითა, რომ მთელ რჯულს მოყვასისადმი სიყვარული მოიცავდა, ხოლო შემდეგ გააფრთხილა: „მაგრამ, თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ“. შემდეგ ხორცის საქმეები ღვთის სულის ნაყოფებს დაუპირისპირა, რასაც დარიგება მოაყოლა: „ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი“. ბოლოს მოციქულმა გალატელებს მოუწოდა: „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით აღასრულებთ ქრისტეს რჯულს“ (გალატელთა 5:14—6:2).

15 მეტისმეტს ითხოვს იეჰოვა, როდესაც ქრისტეს რჯულისადმი მორჩილებას გვთხოვს? თუმცა ძნელია ისეთი ადამიანის მიმართ კეთილმოსურნეობის გამოვლენა, რომელმაც დაგვგესლა და ემოციურად გაგვანადგურა, მაგრამ ვალდებული ვართ ‘მივბაძოთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა და ვიაროთ სიყვარულში’ (ეფესელთა 5:1, 2). აუცილებელია, ყოველთვის იეჰოვას მაგალითს მივყვეთ, რომელიც „თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელთა 5:8). ინიციატივის აღება სხვებისთვის და მათ შორის იმ ადამიანებისთვის დახმარების აღმოსაჩენად, რომლებიც ცუდად მოგვექცნენ, კმაყოფილებას მოგვგვრის, რადგან ვიცით, რომ ასე მოქმედებით ღმერთს ვბაძავთ და ქრისტეს რჯულს ვემორჩილებით.

16. როგორ ვამტკიცებთ ღვთისა და ქრისტეს მიმართ სიყვარულს?

16 უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარულს საქმეებით ვამტკიცებთ და არა მხოლოდ სიტყვებით. ერთხელ ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ იესოსაც კი გაუძნელდა ღვთის ნების შესრულება. „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი“ — ლოცულობდა იესო, თუმცა სწრაფადვე დასძინა: „მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს“ (ლუკა 22:42). ყოველგვარი ტანჯვის მიუხედავად, იესომ ღვთის ნება შეასრულა (ებრაელთა 5:7, 8). მორჩილება ჩვენი სიყვარულის დამადასტურებელია და აჩვენებს, რამდენად გვესმის, რომ ღვთის გზა საუკეთესოა. „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ — ამბობს ბიბლია (1 იოანე 5:3). იესომ მოციქულებს უთხრა: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“ (იოანე 14:15).

17. რა განსაკუთრებული დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს და საიდან ვიცით, რომ ეს დღეს ჩვენც გვეხება?

17 ერთმანეთის სიყვარულის გარდა, კიდევ რა განსაკუთრებული მითითება მისცა ქრისტემ თავის მიმდევრებს? მან მოწაფეებს დაავალა, რომ ექადაგათ, რისთვისაც ისინი წინასწარ მოამზადა კიდეც. პეტრემ თქვა: „[ქრისტემ] გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ“ (საქმეები 10:42). იესომ კონკრეტულად აღნიშნა: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). იესომ ცხადყო, რომ ეს მის დღევანდელ, ‘უკანასკნელ ჟამს’ მცხოვრებ, მიმდევრებსაც შეეხებოდა, რადგან თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). უდავოდ, ღვთის ნებაა, რომ ვიქადაგოთ, მაგრამ შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ამით ღმერთი ჩვენგან მეტისმეტს ითხოვს. დაფიქრდით, არის ეს მეტისმეტის მოთხოვნა?

რატომ შეიძლება, ეს რთულად მოგვეჩვენოს

18. რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც იეჰოვას ნების შესრულებისთვის ვიტანჯებით?

18 როგორც ვნახეთ, იეჰოვა კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ადამიანებისგან სხვადასხვა მოთხოვნის შესრულებას ითხოვდა. და როგორც ეს მოთხოვნები, ისე იცვლებოდა განსაცდელები, რომლებსაც ხალხი ამა თუ იმ დროის მონაკვეთში აწყდებოდა. ღვთის საყვარელმა ძემ მამის მოთხოვნების შესასრულებლად ურთულესი განსაცდელები გადაიტანა, საბოლოოდ კი სასტიკი წამებით მოკლეს. მაგრამ, როდესაც იეჰოვას მოთხოვნების შესასრულებლად ტანჯვის ატანა გვიწევს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი განსაცდელების მიზეზი ღმერთი არ არის (იოანე 15:18—20; იაკობი 1:13—15). ცოდვა, ტანჯვა და სიკვდილი იმას მოყვა, რომ სატანა ღვთის წინააღმდეგ წავიდა; სწორედ ის არის ისეთი სიტუაციების შემქმნელი, რომელიც იეჰოვას მსახურებს ხშირად ძალიან ურთულებს ღვთის მოთხოვნების შესრულებას (იობი 1:6—19; 2:1—8).

19. რატომ არის დიდი პატივი, იესოს მეშვეობით გამოცხადებული, იეჰოვას მოთხოვნების შესრულება?

19 ძის მეშვეობით იეჰოვამ თავის მსახურებს დაავალა, მთელი დედამიწის ზურგზე გამოეცხადებინათ, რომ ადამიანთა ყოველგვარი ტანჯვა-წამებისგან დამხსნელი ერთადერთი საშუალება ღვთის სამეფოა. ღვთის ეს მთავრობა მოსპობს დედამიწაზე არსებულ ყველა პრობლემას — ომს, ბოროტმოქმედებას, სიღარიბეს, სიბერეს, ავადმყოფობასა და სიკვდილს. ამასთანავე, ეს სამეფო დედამიწაზე დააფუძნებს დიდებულ სამოთხეს, რომელშიც მკვდრებიც კი აღდგებიან (მათე 6:9, 10; საქმეები 24:15; გამოცხადება 21:3, 4). რამხელა პატივია ამ კეთილი ცნობის ქადაგება! ცხადია, რთული არ არის იმის შესრულება, რასაც იეჰოვა ითხოვს ჩვენგან. ჩვენ ვიტანთ წინააღმდეგობებს, მაგრამ მათი მიზეზი სატანა ეშმაკი და მისი წუთისოფლის არსებობაა.

20. როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ეშმაკის მიერ წარმოქმნილ ნებისმიერ სირთულეს?

20 როგორ შევძლებთ სატანის ნებისმიერი შემოტევისთვის წინააღმდეგობის გაწევას? შევძლებთ, თუკი ყოველთვის გვემახსოვრება ღვთის სიტყვები: „შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს“ (იგავნი 27:11). იესომ იეჰოვას საშუალება მისცა, პასუხი გაეცა სატანის გესლიანი დაცინვისთვის, როცა მამის ნების შესასრულებლად ზეცაში უსაფრთხო ცხოვრება დატოვა და დედამიწაზე ჩამოვიდა (ესაია 53:12; ებრაელთა 10:7). დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში იესომ თავს დატეხილი ყველა განსაცდელი, მათ შორის წამების ძელზე სიკვდილიც კი, აიტანა. თუ მას მივბაძავთ, ჩვენც შევძლებთ სატანჯველის ატანასა და იეჰოვას მოთხოვნების შესრულებას (ებრაელთა 12:1—3).

21. რა გრძნობა გეუფლებათ იეჰოვასა და მისი ძის მიერ გამოვლენილი სიყვარულისთვის?

21 რამხელა სიყვარული გამოავლინეს ჩვენს მიმართ ღმერთმა და მისმა ძემ! იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე, მორჩილ კაცობრიობას დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა. ამიტომ არაფრით არ დავუშვათ, რომ რამემ დაგვაკარგვინოს ეს იმედი. ნაცვლად ამისა, პავლეს მსგავსად გულთან ახლოს მივიტანოთ ის, რაც იესომ ჩვენთვის გააკეთა, პავლესი, რომელმაც თქვა: ‘ღვთის ძემ შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის’ (გალატელთა 2:20). მოდი გულწრფელი მადლიერება გამოვავლინოთ ჩვენი მოსიყვარულე ღმერთის, იეჰოვას მიმართ, რომელიც არასდროს ითხოვს ჩვენგან მეტისმეტს.

როგორ უპასუხებდით?

◻ რას მოითხოვს ჩვენგან იეჰოვა დღეს?

◻ როგორ გაამახვილა ქრისტემ ყურადღება სიყვარულის მნიშვნელოვნებაზე მოციქულებთან ერთად გატარებულ უკანასკნელ საღამოს?

◻ როგორ შეგვიძლია დავამტკიცოთ ღვთისადმი სიყვარული?

◻ რატომ არის დიდი პატივი იეჰოვას მოთხოვნების შესრულება?

[სურათი 23 გვერდზე]

რა ასწავლა იესომ მოციქულებს ფეხების დაბანით?

[სურათი 25 გვერდზე]

წინააღმდეგობის მიუხედავად, კეთილი ცნობის ქადაგება უდიდესი პატივია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება