საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • მოდი ვნახოთ, როგორ ინახულებენ სარაიონო ზედამხედველი და მისი მეუღლე იმ კრებებს, რომლებიც ამ უდიდესი „გზატკეცილის“ გასწვრივ მდებარეობს.

      უორენ რენალდსი წერს: „მე და ჩემი ცოლი, ლიანი, დილაადრიან გამოვედით ქალაქ ვევაკიდან. ავტომობილზე ზემოდან სამმეტრ-ნახევრიანი ალუმინის ნავი გვქონდა დამაგრებული. მგზავრობისას ავტომობილს, ძირითადად, ორივე ხიდი ჩართული ჰქონდა. ასე ვიმგზავრეთ სამი საათი. ბოლოს შევჩერდით მდინარესთან და ავტომობილი რამდენიმე დღით იქ დავტოვეთ, ჩვენ კი მდინარეს ავუყევით, რათა სეპიკის შენაკადებთან სოფლებში მცხოვრები 30-მდე მაუწყებელი მოგვენახულებინა.

      დავტვირთეთ ჩვენი ბრტყელძირიანი ნავი, დავქოქეთ ძრავა, რომლის სიმძლავრეც 25 ცხენის ძალა იყო, და ავუყევით მდინარეს. ერთი საათის შემდეგ სეპიკიდან გადავუხვიეთ მის შენაკად იუატზე და სოფელ ბაივატამდე კიდევ ორი საათი ვიმგზავრეთ. იქაურმა ძმებმა და ბიბლიის შემსწავლელებმა თბილად მიგვიღეს. რამდენიმე მათგანმა ჩვენი ნავი წყლიდან ამოათრია და ერთ-ერთის სახლში შეინახა. მას შემდეგ, რაც მივირთვით შაქარა ბანანი და ქოქოსის რძე, ყველანი დავადექით ორ-საათიან გზას, რომელიც ჭაობიან ჯუნგლებში გადიოდა. წინ მაუწყებლები მიგვიძღოდნენ და ბარგის ტარებაში გვეხმარებოდნენ. როგორც იქნა, მივაღწიეთ პატარა სოფელ დიმირიმდე. წყურვილი ქოქოსის რძით მოვიკალით და ადგილობრივი მასალით აშენებულ, ბოძებზე შემოდგმულ სახლში გავშალეთ კოღოებისგან დამცავი ბადე და ლოგინი. ვახშამზე მივირთვით ჩინური კარტოფილისგან მომზადებული კერძი და დასაძინებლად დავწექით.

      იქ, სამ სოფელში 14 მაუწყებელი ცხოვრობდა. რამდენიმე დღეში სამივე სოფელში ვიქადაგეთ და ბევრი დაინტერესდა. ძალიან გაგვეხარდა, როცა ორმა ბიბლიის შემსწავლელმა თავიანთი ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირა და შეძლეს, სამეფოს მაუწყებლები გამხდარიყვნენ. სხვა მაუწყებლებმა საქორწილო ვახშამი გამართეს, მოამზადეს ჩინური კარტოფილი, საგო, საჭმელად ვარგისი ფოთლები და ორი წიწილა.

      ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კვირას საჯარო მოხსენებას 93 ადამიანი დაესწრო. შეხვედრის შემდეგ ჩავალაგეთ ჩანთები და შუადღის პაპანაქება სიცხეში ბაივატისკენ გავწიეთ, იქ ერთი ბიბლიის შემსწავლელის სახლში დავტოვეთ ბარგი და ქადაგება დავიწყეთ. ზოგმა ლიტერატურა აიღო, ზოგმა კი ბიბლიის შესწავლაც დაიწყო. იმ ღამეს ბიბლიის შემსწავლელის სახლში კოცონის ირგვლივ ვივახშმეთ; ცეცხლის კვამლზე კოღოები აღარ მოდიოდნენ, რომლებიც ასე მრავლად იყვნენ ყურეში.

      დილაადრიან დავბრუნდით იქ, სადაც ნავი გვქონდა დატოვებული, ჩავსხედით შიგ და გავცურეთ. მდინარეზე დილის ბურუსი იდო, ფრინველების ჭიკჭიკს ყურთასმენა მიჰქონდა, თევზები კი წყლის ზედაპირზე ხტებოდნენ. გზადაგზა გვხვდებოდნენ გასაყიდი საქონლით დატვირთულ ბამბუკის ტივებზე მსხდომი ოჯახები, რომლებიც ადგილობრივი ბაზრისკენ მიემართებოდნენ.

      როგორც იქნა, ავტომობილამდე მივაღწიეთ, შევავსეთ ნავის საწვავის ავზი და ავიღეთ დასალევი წყალი და სხვა მარაგი. კვლავ შევედით მდინარეში და ახლა უკვე 14 მაუწყებლის მოსანახულებლად გავეშურეთ კამბოტისკენ. გზად ტროპიკულმა წვიმამ მოგვისწრო და ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილზე თავიდან ფეხებამდე გალუმპულები ჩავედით. კამბოტიდან მდინარეს ავუყევით დიდ სოფლამდე, რომელიც მდინარის ორივე მხარეს იყო გაშენებული; ამჯერად ჩვენი ნავი მაუწყებლებით იყო სავსე. იქ საღამომდე ვუქადაგეთ ხალხს. ისინი დიდი ინტერესით გვისმენდნენ. უკანა გზაზე ბამბუკის მოტივტივე ნავსადგომებზე მდგომ ხალხს ვუქადაგეთ. მათ დანახული ვყავდით დილით, როცა ავიარეთ და ჩვენს ჩამოვლას ელოდებოდნენ. რადგან ამ მხარეში უმეტესობას ფული არა აქვს, ჩვენი სტუმრობისა და დატოვებული ტრაქტატებისთვის მადლიერება საკვების — ქოქოსის, გოგრის, შებოლილი თევზისა და ბანანის — შემოწირვით გამოხატეს. მზის ჩასვლისთვის უკვე კამბოტში ვიყავით და ამ პროდუქტებით საჭმელს ვამზადებდით.

      კამბოტში, ისევე როგორც სხვა სახლები ამ მხარეში, შეხვედრების ჩასატარებელი შენობაც ბოძებზე იდგა. წვიმიან სეზონზე, როდესაც არემარე წყალს მიაქვს, ხალხი პირდაპირ კანოეებით მიდის კრების შეხვედრის ადგილზე. ჩვენი სტუმრობის დასასრულს საჯარო მოხსენებას 72 ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც ამ შეხვედრაზე დასასწრებად ხუთი საათი იარა ფეხით.

      დავბრუნდით ჩვენს ავტომობილთან, რომელსაც სარაიონო მსახურებაში ვიყენებდით; სახურავზე ნავი დავამაგრეთ და სამ საათში სახლში ვიყავით. გზადაგზა ვფიქრობდით ჩვენს საყვარელ და-ძმებზე, რომლებიც მდინარე სეპიკზე ცხოვრობდნენ. ვფიქრობდით იმაზეც, თუ როგორ უყვარს იეჰოვას ისინი. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ის თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ზრუნავს მათზე, რათა სულიერად დაპურებულნი იყვნენ. რაოდენ დიდი პატივია, იყო ამ შესანიშნავი ოჯახის წევრი!“

  • პაპუა-ახალი გვინეა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
    • [სურათები 132, 133 გვერდებზე]

      მარცხნივ: სარაიონო ზედამხედველი უორენ რენალდსი თავის ცოლთან, ლიანთან ერთად ინახულებს სოფელ ბაივატს; ზემოთ: უორენი საჯარო მოხსენებას კითხულობს სოფელ დიმირიში

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება