-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის მცდელობა
ჩვენი წარმატებები მოწინააღმდეგეებს არ ახარებდა. 1960 წლიდან მოყოლებული ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა, ვეტერანთა და სამხედრო პირთა ერთ-ერთმა გაერთიანებამ (RSL) და ადგილობრივმა მასმედიამ არაერთხელ გაილაშქრა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, რათა მათთვის სახელი გაეტეხათ და მათი საქმიანობა აეკრძალათ.
მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ზოგიერთ ექიმს, სასულიერო პირსა და მთავრობის წარმომადგენელს დაურიგეს პროპაგანდისტული პამფლეტი, სადაც განხილული იყო იეჰოვას მოწმეების შეხედულება სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. ამას პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, სამღვდელოება გამოეხმაურა. 1960 წლის 30 აგვისტოს ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა სტატია სათაურით „ეკლესიები აღაშფოთა სისხლზე დისკუსიამ“ (South Pacific Post). ამ სტატიაში ეკლესიების წინამძღოლებმა იეჰოვას მოწმეებს „ანტიქრისტე [და] ეკლესიის მტრები“ უწოდეს.
ამას მოჰყვა ცილისმწამებლური სტატიები, რომ თითქოს იეჰოვას მოწმეები ხელისუფლების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდნენ და, რომ მათი სწავლებები მხარს უჭერდა გაკვეთილების გაცდენას, გადასახადების გადაუხდელობას, სამრეწველო საქონლის კულტს და ანტისანიტარიასაც კი უწყობდა ხელს. ასევე გავრცელდა სხვა ცრუ ბრალდებები, თითქოს მოწმეები მოახლოებულ მზის დაბნელებას ხალხის დასაშინებლად და „უსწავლელი ხალხის გასაკონტროლებლად“ იყენებდნენ. ერთ-ერთი საგაზეთო სტატია მათ იმაშიც კი ადანაშაულებდა, რომ ისინი „ცხოვრობდნენ, ჭამდნენ და მუშაობდნენ გლეხებთან ერთად“. ზემოთ მოყვანილმა გაზეთმა მოწმეები იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მათი სწავლების თანახმად „ყველა ადამიანი თანასწორია“ და განაცხადა, რომ ისინი „კომუნისტებზე საშიშები იყვნენ“.
ბოლოს, 1962 წლის 25 მარტს ზემოხსენებულმა გაერთიანებამ (RSL) კოლონიურ მთავრობას მოუწოდა, რომ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აეკრძალა. მაგრამ ავსტრალიის მთავრობამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ეს საჯაროდ განაცხადა. „ამ განცხადებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დადებითი შედეგები მოჰყვა, — ამბობს დონ ფილდერი. — გონიერი ადამიანები ხედავდნენ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეების ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო იყო“.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ოქროსმაძიებელთა კვალდაკვალ იქ ქრისტიანული სამყაროს მისიონერებიც ჩავიდნენ. „შეიტყვეს თუ არა ამ მისიონერებმა ჩვენი ჩასვლის ამბავი, სოფლის მაცხოვრებლები გააფრთხილეს, არ მოესმინათ ჩვენთვის, — იხსენებს როვენა. — მაგრამ მათ ამით კარგი რეკლამა გაგვიწიეს. იქაურები, რომლებიც ძალიან ცნობისმოყვარენი იყვნენ, მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს ჩასვლას“.
ტომმა და როვენამ პატარა მაღაზია გახსნეს ვაბაგში, ქალაქ მაუნტ-ჰაგენიდან ჩრდილო-დასავლეთით 80 კილომეტრში. „მღვდლებმა თავიანთ მრევლს აუკრძალეს ჩვენთან ლაპარაკი, ჩვენგან რაიმეს ყიდვა ან ჩვენთვის რაიმეს მოყიდვა და ისიც კი მოითხოვეს, რომ ჩვენთვის გაეუქმებინათ იჯარის ხელშეკრულება, — ამბობს ტომი. — მაგრამ დროთა განმავლობაში ხალხი მიხვდა, რომ ჩვენ ძალიან განვსხვავდებოდით სხვა თეთრკანიანებისგან. მათთვის ყველაზე უფრო შესამჩნევი ის იყო, რომ კარგად ვექცეოდით. ჩვენი კარგი საქციელის დამნახველთ, ხშირად თვალზე ცრემლიც კი ადგებოდათ ხოლმე და გვეუბნებოდნენ, რომ არ უნდოდათ ჩვენი არსად გაშვება“.
-