-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
დონისა და შერლის ქადაგებამ ადგილობრივი გაერთიანებული ეკლესიის მსახური განარისხა. მან წააქეზა იმ ადგილის მეპატრონე, რომლის ნაკვეთზეც დონისა და შერლის ქოხი ჰქონდა აგებული, რომ გაეძევებინა ისინი იქიდან. „როდესაც ეს ამბავი მეზობელი სოფლის მაცხოვრებლებმა შეიტყვეს, ძალიან გაბრაზდნენ, რადგან ჩვენი იქიდან გაშვება არ უნდოდათ, — იხსენებს დონი. — დაახლოებით 20 ადამიანი მოვიდა ჩვენ დასახმარებლად, რომ ჩვენი ქოხი, თავის საძირკვლიანად, მათ სოფელში გადაგვეტანა“.
განრისხებული ეკლესიის მსახური ამას არ დასჯერდა. ის ყველანაირად შეეცადა, დაეყოლიებინა პორტ-მორზბის მთავრობის წარმომადგენლები, რათა ფილდერებისთვის იმ ოლქში ქოხის დადგმის უფლება არ მიეცათ. „ნაცვლად იმისა, რომ დაგვეტოვებინა იქაურობა, — გვიყვება დონი, — გამოცდილ დურგალს, ალფ გრინს ვთხოვეთ, ჩვენი ქოხის მასალისგან ჩვენივე ორგარსიან კანოეზე პატარა ოთახი დაედგა. ერთ-ერთი მდინარის შესართავთან მანგროს ხეებით დაფარულ ჭაობში ჩავუშვით ღუზა. მომდევნო ორ-წელიწად ნახევარი ვცხოვრობდით ამ კოღოების ბუდეში, სადაც ნიანგებიც მრავლად იყო და თანაც პიონერებად ვმსახურობდით“.
-
-
პაპუა-ახალი გვინეაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
როდესაც ახალგაზრდები შვებულების დროს თავიანთ სოფელში დაბრუნდნენ, ლანსმა და ჯიმ ჩამბლისმა გადაწყვიტეს, ორი კვირით მათთან წასულიყვნენ და კერემაში მცხოვრები ხალხისთვისაც გაეცნოთ სასიხარულო ცნობა.
ლანსი წერს: «მთელი სოფელი ჩვენ მოსასმენად შეიკრიბა. შუა საუბარში ვიყავით, ლონდონის მისიონერული საზოგადოების ადგილობრივი მსახური რომ შემოვარდა და თარჯიმანს ეცა, მანამ ურტყამდა მუშტებს, სანამ სოფლელებმა არ შეაჩერეს. ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იქაური ხალხი ჩვენი იქ ყოფნის წინააღმდეგი იყო და მოითხოვდა, რომ „მისი“ ტერიტორია დაგვეტოვებინა. ამის საპასუხოდ შეკრებილ ხალხს ვუთხარით, რომ, ვისაც ჩვენი მოსმენა სურდა, ჩვენთან ერთად სოფლის მეორე მხარეს წამოსულიყო, ვისაც არ სურდა — მასთან დარჩენილიყო. მთელი სოფელი ჩვენ გამოგვყვა.
მეორე დილას ოლქის გამგებელთან წავედით, რომ მომხდარის შესახებ გვეცნობებინა. გზაში ერთ ქალს შევხვდით, რომელიც ძალიან ავად იყო; საავადმყოფოში წაყვანა შევთავაზეთ, მაგრამ მას საავადმყოფოსი ძალიან ეშინოდა. ბოლოს, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა, გამოგვყვა. ჩავაბარეთ ეს ქალი ექიმს და გამგებელთან წავედით, რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა ჩვენი დანახვა. გაბრაზებული გველაპარაკებოდა და იმას გვეუბნებოდა, რომ ხალხს სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდებდით. სწორედ ამ დროს მის კაბინეტში ექიმი შემოვიდა და მოისმინა მისი ბრალდება. მან გამგებელს უთხრა, რომ ეს-ეს იყო, რაც ჩვენ ერთი ქალი დავარწმუნეთ, სამედიცინო დახმარების მისაღებად საავადმყოფოსთვის მიემართა. გამგებელმა მაშინვე ბოდიში მოიხადა. მან გვითხრა, რომ ცოტა ხნის წინ მასთან კათოლიკე მღვდელი მისულიყო და ჩვენი რწმენის შესახებ ათასგვარი ტყუილი ეთქვა. გამგებელმა ორ შეიარაღებულ პოლიციელს ჩვენი დაცვა დაავალა. ცოტა არ იყოს, თავს უხერხულად ვგრძნობდით, როცა ჩვენს ბიბლიის შესწავლებს შეიარაღებული პოლიციელები ესწრებოდნენ!».
-